რამდენიმე წლის წინ ჩემი გერმანელი მთარგმნელი ბერლინში მანქანით მასეირნებდა. გროსერ-შტერნს რომ შემოვუარეთ, მოედნის შუაგულში მდგარი გრანდიოზული მონუმენტის შესახებ ვკითხე. მონუმენტი შედგება ბაზისისგან, რომელზეც დგას კოლონადა, კოლონადაზე დგას კანელურებიანი სვეტი, ხოლო სვეტის წვერზე – რვა მეტრის სიგრძის ფრთოსანი ოქროს ქალღმერთი.
– ეს გამარჯვების სვეტია, – მიპასუხა ქალმა. – ერთადერთ ომში მოვიპოვეთ გამარჯვება და ამის აღსანიშნავად აღმართეს.
ჩემმა მთარგმნელმა, ალბათ, ერთადერთი დიდი გამარჯვება იგულისხა. 1860-იან წლებში დანიისა და ავსტრიის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები ევროპის თასის მოგებას ჰგავდა, ხოლო 1870 წელს ომში საფრანგეთის დამარცხება მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების ტოლფასი იყო. როგორც ინგლისელებმა 1966 წელს „უემბლიზე“ ტრიუმფი, გერმანელებმაც ეს ერთადერთი დიდი გამარჯვება გააფეტიშეს. ამჟამინდელ ადგილას სვეტი 1938 წელს ნაცისტებმა დადგეს და მუქარის ნიშნად, განგებ დასავლეთით, საფრანგეთისკენ მიუქციეს პირი.
– ორი მსოფლიო ომი, ერთი მსოფლიო თასი, – გამომწვევად უმღერიან ჩვენი ყველაზე დეკლასირებული გულშემატკივრები მოპირდაპირე იარუსებზე მსხდარ გერმანელ ფანებს.
– სამი მსოფლიო თასი, ერთი საფრანგეთ-პრუსიის ომი, – ისმის პასუხად.
არა, ამის თარგმანში გადმოცემა რთულია.
ფეხბურთი, როგორც ჰელმუთ ფონ მოლტკემ[1] შეგვახსენა, ერთგვარი ომია და აი, კვლავ დაგვიდგა სულელური პატრიოტიზმის დრო. ამჯერად საბრძოლველად თეთრი სამწყობრო ცხენით კი არა, თეთრი ავტოფურგონით მივემართებით. წმ. გიორგის დროშა ნეონაცისტებისგან დავიბრუნეთ, ხოლო ჯანდაცვის სამსახური ორივე შედეგისთვის – გამარჯვებისთვისაც და დამარცხებისთვისაც (განსაკუთრებით პენალტებით წაგებისთვის) ემზადება, რადგან ამას მოჰყვება ინფარქტები, ოჯახური ძალადობები, საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობები (არ იფიქროთ, თითქოს დეივიდ ჯეიმსზე მიგანიშნებდეთ) და ავტოავარიებში მიღებული ტრავმები. ამასობაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 1863 წელს შექმნილი „ფეხბურთის წესები“ ხელახლა გამოსცა, რათა ეროვნული გუნდის საგულშემატკივროდ მიმავალმა ქომაგმა პრეზერვატივებთან და ოპტიმიზთან ერთად თან წაიღოს.
სპორტული თამაშების მოძულეები ამ ციებ-ცხელებაში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება (ან, ყოველ ორ წელიწადში, თუ ევროპის ჩემპიონატსაც დავამატებთ) მხოლოდ დროშების აგრესიულ ქნევას ხედავენ. სინამდვილეში ამ ყოველივეს საფუძვლად იმდენად გულუბრყვილო მოლოდინი უდევს, რომ გული აგიჩუყდება კაცს. ილუზიები სავარაუდო წარმატებაზე ერწყმის სამართლიანობისთვის ბრძოლის გულწრფელ რწმენას და იმედს იმისას, რომ სამართლიანობისთვის აუცილებლად დაჯილდოვდები. 1870 წელს ფრანგი რეზერვისტები პარიზის რკინიგზის სადგურიდან დაიძრნენ შეძახილებით “à Berlin!”. მათ ეგონათ, ბერლინამდე რამდენიმე კვირაში მიაღწევდნენ. Plus ça change: დღესაც ინგლისელი გულშემატკივრები წინასწარ ემზადებიან (და ფრანგებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ, ტრინიდადი და ტობაგოელებზე) 9 ივლისს ამ ქალაქში შესაკრებად.
შტეფან ცვაიგი (ბოლოს და ბოლოს, ეს ზოგადი მიმოხილვის რუბრიკაა და არა – სპორტული განყოფილება) ორი მსოფლიო ომის წამოწყებას მოესწრო, ორივეჯერ სხვადასხვა მხარეს იდგა. იგი წერს, რომ 1914 წელს პატრიოტიზმის შესახებ ერთობ გულუბრყვილოდ, ბავშვურად მსჯელობდნენ, ეროვნულ ლიდერებს ბრმად ენდობოდნენ და ომის იდეალიზებული ხედვა არსებობდა. მეორედ, როცა პირველი ომის იარები ჯერაც არ იყო მოშუშებული, ბევრად ჯანსაღი გარემო იყო: მსოფლიო ხვდებოდა რომ ეს ზნეობრივი მნიშვნელობის ომი იქნებოდა. „აი, 1914 წლის ომს კი რეალობასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა, – წერს ცვაიგი, – არსებობდა მხოლოდ ილუზია, ოცნება უკეთეს, სამართლიან და მშვიდობიან მსოფლიოზე. ბედნიერებას კი სწორედ ილუზია განიჭებს და არა – ცოდნა.“ გულის სიღრმეში ეს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის.
ამგვარად, ფეხბურთსა და ომს შორის მითიურ კავშირს სწორედ პირველი მსოფლიო ომი წარმოქმნის და არა – მეორე მსოფლიო ომი. ამის დასტურია ნეიტრალურ ტერიტორიაზე საშობაო ზავისას გამართული საფეხბურთო მატჩებიც – „ტომები“ და „ფრიცები“[2] მოპირდაპირე სანგრიდან ამომავალი, ხრინწიანი ხმით ნამღერი „Stille Nacht“-ის აკომპანემენტით თამაშობდნენ. მელვინ ბრეგი „ფეხბურთის წესების“ შესავალში გვახსენებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში სახელმწიფო საფეხბურთო მატჩებს მოხალისეთა რეკრუტირებისთვის იყენებდა. Time-ის მიხედვით, 1914 წლის ნოემბრისთვის საფეხბურთო ასოციაციების დახმარებით 100 000 მოხალისე შეგროვდა, ხოლო „5000“ პროფესიონალი ფეხბურთელიდან 2000 არმიაში ჩაეწერა. ორი საფეხბურთო ბატალიონის ფორმირება მართლაც მოხერხდა, მაგრამ მეომარ ფეხბურთელა რიცხვი, სავარაუდოდ, გაზვიადებულია. ამ ამბავს ბრწყინვალე მამაცობის მაგალითად ვერ მოვიყვანთ. 1914-15 წლების საფეხბურთო სეზონი არ ჩაშლილა, რაც საყოველთაო კრიტიკის საგნად იქცა და ფეხბურთელებს მოღალატის იარლიყი მიაკერეს, მაშინ როცა რაგბისტებმა პატრიოტიზმი გამოიჩინეს და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდეს. რედიარდ კიპლინგმა, აქტიურმა გამწვევმა და მხდალებისა და სამხედრო სამსახურზე ამა თუ იმ მიზეზით უარის მთქმელთა მდევნელმა, ომის დასაწყისში „1800“ პროფესიონალი ფეხბურთელისგან ბატალიონის ფორმირების გეგმა შეიმუშავა (ზუსტად რამდენი ჯარისკაცი ფეხბურთელი ირიცხებოდა ზემოთ ხსენებულ ბატალიონებში, უცნობია, რადგან მეორე მსოფლიო ომში სამხედრო არქივების უდიდესი ნაწილი განადგურდა). როგორც ჩანს, მხოლოდ „რამდენიმე ათეული“ მოხალისე გამოჩნდა და გეგმა ვერ განხორციელდა. კიპლინგმა ზიზღით განაცხადა: „რა ცუდი თამაშია ეს ფებურთი!“
1863 წელს ოქსბრიჯის კურსდამთავრებულთა ჯგუფის მიერ პაბ „ლინკოლნს ინში“ საფეხბურთო წესების შედგენა ბევრს ფეხბურთის დაბადების მომენტად მიაჩნია. ბრეგმა „ფეხბურთის წესები“ იმ თორმეტი წიგნის ნუსხაში შეიტანა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. თუმცა მასში აღწერილი თამაში, ანუ „დაარტყი-დაიჭირეთი“ უხარიხო კარამდე მიღწევა და გოლის გატანა, რაგბისთან – ან, ავსტრალიურ ფეხბურთთან – უფრო ახლოს დგას, ვიდრე იმასთან, რასაც უახლოესი კვირების განმავლობაში გერმანიის სტადიონებზე ვნახავთ. სერ ბობი ჩარლტონი შესავალში აღნიშნავს, რომ ეს ელემენტარული წესები განასახიერებს „არსსა და სულს“ თამაშისა და მონაწილეებს „პატიოსნებისა“ და „სიმამაცის“ გრძნობას აღუძრავს. საინტერესოა, ამის თქმის საფუძველს რა აძლევს. ალბათ მე-9 წესი: „იკრძალება ფეხის დადება და ჩარტყმა, არცერთმა მოთამაშემ მეტოქეს ხელი არ უნდა ჰკრას და არც დაიჭიროს იგი“. ან მე-13 წესი: „არცერთი მოთამაშის ფეხსაცმლის ლანჩზე ან ქუსლზე არ უნდა იყოს გადაკრული გუტაპერჩი ან რკინის ფურცელი და ფეხსაცმლიდან არც ლურსმანი არ უნდა იყოს გამოშვერილი“. სხვათა შორის, არც ფრჩხილები უნდა გქონდეს წვეტიანი!
ჩემი გერმანელი მთარგმნელი მეუბნება, რომ „გამარჯვების სვეტის“ უკან მდებარე ქუჩა ტურნირის განმავლობაში დაიკეტება და „ფანების ქუჩად“ გადაკეთდება.
– იქ დიდ ეკრანებზე ფეხბურთის ყურებას, ჭამას-სმას, სიმღერების მღერას, ერთმანეთისთვის თავპირის დამტვრევას და თავის მობეზრებას შეძლებთ, – მხიარულად ამატებს იგი.
გარდა ამისა, იგი ინგლისელ ქომაგებს გაუგებრობის თავიდან აცილებას ურჩევს: ბოლო წლებში „გამარჯვების სვეტი“ ბერლინის გეი მოსახლეობას თავის ტოტემად აურჩევია. ამ სახელწოდებითვე გამოიცემა გერმანიაში ყველაზე დიდტირაჟიანი ჟურნალი გეებისა და ლესბოსელებისთვის. სიმბოლოს დაბრუნებაც ამას ჰქვია!
© Guardian, 2006
© “არილი”, თარგმანი
[1] პრუსიის გენერალური შტაბის უფროსი და ფელდმარშალი ზემოხსენებულ ომებში.
[2] მეტსახელები, რომლითაც ინგლისელი და გერმანელი ჯარისკაცები ერთმანეთს მოიხსენიებდნენ განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომში.