ავტორი: დონალდ ბარი
The New York Times-ის რეცენზია, პირველად გამოქვეყნდა 1957 წლის 13 ოქტომბერს
ამბები მდიდარი ოჯახის კარზე მომდგარ სიდუხჭირეზე, დების გათხოვებაზე, სოციალურ კლასებსა და მოქიშპე საზოგადოებაში მარტოსულ სათნოებაზე – უცხო არაა დასავლური ლიტერატურული ტრადიციისთვის. შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან იაპონურ რომანად აღიარებულ „ნაზი თოვის“ კითხვისას ბევრს გონებაში კარგად ნაცნობი სიუჟეტები ამოუტივტივდება და სოციალური ინტერაქციათა ნაზი რეკონსტრუქციით, ყოველდღიურობის ხელშესახები ასახვით, ნოსტალგიური დიალოგებითა და პირდაპირობით ჩვენი კულტურის ნაყოფიერი თუმცა კონსერვანტი მწერლები მოაგონდება. მაგრამ, ამავდროულად, წიგნის ფურცლებზე თავისებურ იაპონურ აღქმასაც ეზიარება.
რომანი ერთ დროს შეძლებული ოსაკელი ვაჭრების, მაკიოკების ოჯახის ოთხ დაზეა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ოჯახის მართვა უფროსმა ქალიშვილმა, ცურუკომ, ბანკირ ქმართან ერთად ითავა. გულთბილ ცურუკოს უჭირს ახალ გარემოსთან ადაპტირება, რის გამოც მისი ქცევა ხშირად საღ აზრს მოკლებულია. ოსაკას გარეუბანში ემოციურ ბუღალტერზე გათხოვილი მეორე და, საჩიკო რეალობისთვის თვალის გასწორებას ცდილობს, მაგრამ მოსვენებას არ აძლევს უზრუნველი დღეების ხსოვნა. 30-ს გადაცილებული გაუთხოვარი იუკიკო კვლავ ინარჩუნებს თანდაყოლილ გრაციოზულობას, თუმცა ვერ ახერხებს საკუთარი ცხოვრების მსგავსი მოხდენილობით წარმართვას. ნაბოლარა ტაეკო კი მოუთმენლად ელის თავის რიგს გასათხოვებლად და სულ არ ანაღვლებს ოჯახის დაკარგული დიდებულება.
რთულია, რომანმა „სიამაყე და ცრურწმენა“ არ გაგახსენოს, მაგრამ მათ შორის სამი მნიშვნელოვანი განსხვავებაც მალევე შეიმჩნევა: პირველ რიგში, მართალია, დარსი და ელიზაბეთი ძირითადად ყველაფერზე საუბრობენ რომანტიკული სიყვარულის გარდა, მაგრამ მკითხველმა იცის, რომ ზნეობასა და გემოვნებაზე ბაასის მიღმა დიდი ვნება იმალება. დები მაკიოკების შემთხვევაში კი არ არსებობს შემალული გრძნობები ფორმალურ საუბართა მიღმა. შესაძლოა, ამ განსხვავებას განაპირობებს დასავლეთის მიერ რომანტიკული სიყვარულის ინტიმური ურთიერთობის საბოლოო წერტილად მოაზრება და რწმენა, რომ თითოეული ინდივიდი თავისებურად ერთი დიდი თავგადასავალია, რისი გამოხატულებაც აღმოსავლურ ლიტერატურაში იშვიათად თუ შეგვხვდება.
მეორე, თუ ოსტინის ყურადღების ცენტრში ახალი კლასების წარმოშობაა და არა ძველის კვდომა, ტანიძაკის განწყობა სევდიანია. მის ჰეროიზმისგან დაცლილი სცენები ტოვებს უმწეობის განცდას – რაღაც სამუდამოდ გაქრა. მსგავსი სენტიმენტი დასავლეთის რომანებისთვის უცხოა, თუ არ გამოვარჩევთ რაიმე სპეციფიკურ ჟანრს.
საბოლოოდ, ჯეინ ოსტინი დაჯილდოებულია შესანიშნავი, დასავლეთისათვის სახასიათო იუმორის გრძნობით. მისი, ან შექსპირის, დანტეს, დიკენსისა და დოსტოევსკის მსგავს იუმორს თანამედროვე ავტორებთან ისევე ვერ წავაწყდებით, როგორც „ნაზ თოვაში“. ოსტინი წერისას ახერხებდა ჯეინთან და ელიზაბეთთან მჭიდრო კავშირი დაამყაროს, ხოლო ლიდიასა და მისტერ ბენეტისთან საჭიროების შემთხვევაში დაიჭიროს ემოციური დისტანცია. ხოლო ტაეკოს, იუკუკოს, საჩეკოსა და ცურუკოს არსებობა ერთმანეთში იმდენადაა გადახლართული, რომ ავტორსაც არ ძალუძს რომელიმესგან დისტანცირება.
„სიამაყე და ცრურწმენის“ მსგავსად, თუმცა თავისებური გრძელი და მონოტონური გზით, „ნაზ თოვაშიც“ სიმართლისა და პატიოსნების განუზომელი ძალა ირეკლება – მოშინაურებული სანდომიანობა, რომელშიც ლოკალურ ჭეშმარიტება ვლინდება.
© არილი