გერმანულიდან თარგმნა
რუსუდან შამელაშვილ-ზექალაშვილმა
ნავსადგურთან ვიდექი და თოლიებს გავყურებდი; ჩემი ნაღვლიანი სახე თვალში ეცა ერთ პოლიციელს, რომელიც, ეტყობა, უბანში შემოვლაზე ბრძანდებოდა. მე მზერაგაშტერებული ავყურებდი მოლივლივე ჩიტებს, ხან ცაში რომ აიჭრებოდნენ, ხან კი ისარივით დაეშვებოდნენ ნადავლს დახარბებულები. ნავსადგური უკაცრიელი იყო: მომწვანო, ჭუჭყიან, მაზუთით მოზიმზიმე წყლის თავზე ათასნაირი ნაყარნუყარი ტივტივებდა; გემები არ ჩანდა, ამწეები დაჟანგულიყო, საწყობებს კედლები ჩამორღვეოდა. ეტყობა, სანაპიროს შავ ნანგრევებში ვირთხებიც კი აღარ ბუდობდნენ. როგორც ჩანდა, მრავალი წლის წინათ გაწყვეტილიყო გარესამყაროსთან ყოველგვარი კავშირი.
თვალი ერთ თოლიას დავადგი და მის ფრენას ვაკვირდებოდი. წყლის ზედაპირთან ახლოს დაბორიალებდა მერცხალივით, გაავდრებას ალღოთი რომ გრძნობს; თოლია მხოლოდ ზოგჯერ ბედავდა ზევით ჭყივილით აფრენას მეგობრებთან შესაერთებლად. სურვილის სიტყვიერად გამოხატვა რომ შემძლებოდა, ყველაზე მეტად თოლიებისთვის, ალბათ პურს ვინატრებდი, დავფხვნიდი და ფრინველთა უაზრო მოძრაობას სამიზნე წერტილს დავუსვამდი, მისამართს გავუჩენდი. პურის ნატეხი ბოლოს მოუღებდა აჭყივლებული თოლიების უთავბოლო სრბოლას; მე კი თითქოს მათზე გამობმულ უხილავ თასმებს ჩემსკენ მოვქაჩავდი, თოლიები პურისკენ გამოეშურებოდნენ და მათ ამ უმიზნო ფარფატს გავაერთიანებდი, მაგრამ რა? მეც მათსავით მშიერი ვიყავი, დაღლილი, თუმცა კი ბედნიერი, ჩემი ნაღვლიანობის მიუხედავად, რადგან კარგი იყო აქ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგომა, თოლიების ცქერა და საკუთარ ნაღველში ჩაძირვა.
უცებ, მხარზე ოფიციალური პირის ხელი დაეშვა. ვიღაცის ხმამ მითხრა: “წამობრძანდით!” – თან ცდილობდა, მხრებში ჩამბღაუჭებოდა და უხეშად შემოვებრუნებინე. მე შევყოვნდი, ხელი მოვიცილე და მშვიდად ვუთხარი:
– თქვენ გიჟი ხართ!
– ამხანაგო, – მითხრა ჯერ კიდევ უჩინარმა, – მე გაფრთხილებთ!
– ბატონო ჩემო… – მივუგე.
– ბატონები აღარ არსებობენ, – წამოიძახა გაბრაზებით, – ჩვენ ყველანი ამხანაგები ვართ.
შემდეგ უფრო მომიახლოვდა, გვერდიდან ამომხედა, იძულებული გავხდი, თოლიებისთვის მომეწყვიტა ბედნიერი მზერა და მისთვის ჩამეხედა ყოჩაღ თვალებში: კამეჩივით სერიოზული ჩანდა, ჯიუტი, მოვალეობის მეტი წლების განმავლობაში არაფერი გაეგებოდა.
– რა მიზეზით… – მინდოდა დამეწყო.
– მიზეზი საკმარისია, – მითხრა, – თქვენი ნაღვლიანი სახე.
გამეცინა.
– ნუ იცინით! – მართლა გაბრაზდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ მოწყენილობისაგან ჩამაჯინდა-მეთქი, რადგან ირგვლივ დასაჭერი და კანონდარმღვევი არავინ ჩანდა: არც არარეგისტრირებული მეძავი, არც გამობრუჟული მეზღვაური და არც ქურდი ან ციხიდან გამოპარული პატიმარი. მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ საქმე არც ისე სასაცილოდ მქონდა: მართლა დაპატიმრებას მიპირებდა.
– წამომყევით!
– კი მაგრამ, რატომ?! – ვკითხე მშვიდად.
სანამ აზრზე მოვიდოდი, მარცხენა მაჯაზე წვრილი ჯაჭვი შემომახვია და მივხვდი, ჩემი საქმე უკვე წასული იყო. უკანასკნელად გავხედე მოფარფატე თოლიებს, თვალი მოვავლე მშვენიერ რუხ ცას და უცებ წყალში გადასახტომად გავიწიე, რადგან მეჩვენა, ამ ბლანტ, ჭუჭყიან წყალში ჯობდა დამეხრჩო თავი, ვიდრე ვიღაც სერჟანტს სადმე მივეძაღლებინე, ან ისევ სატუსაღოში ჩავეგდე. მაგრამ პოლიციელმა ისე მაგრად მომქაჩა, რომ თავი ვეღარ დავიძვრინე.
– რატომ! – კიდევ ერთხელ ვკითხე.
– არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ვალდებული ხართ, რომ ბედნიერი იყოთ.
– მე ბედნიერი ვარ! – წამოვიძახე.
– მაგრამ თქვენი ნაღვლიანი სახე… – გადააქნია თავი.
– მერედა ეს კანონი ხომ სულ ახალია, – ვცადე შეპასუხება.
– ოცდათექვსმეტი საათისაა და ალბათ იცით, რომ ყოველი კანონი ძალაში შედის გამოცხადებიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ.
– მაგრამ ამ კანონის შესახებ ჯერ არაფერი გამიგია.
– სასჯელისაგან ეს ვერ დაგიცავთ. გუშინწინ გამოაცხადეს რეპროდუქტორებით, ყველა გაზეთში გამოქვეყნდა ინფორმაცია და ისეთებს, – ამ სიტყვებზე აგდებით გადმომხედა, – ისეთებს, რომლებიც ყურს არ უგდებენ რადიოს და არც განცხადებებს კითხულობენ პრესაში, რაიხის ქუჩებში ჩამოყრილი პროკლამაციებით გააგებინეს. მაშასადამე, უკვე ნათელია ამხანაგო, თუ სად გაატარეთ ბოლო ოცდაოთხი საათი!
წამათრია. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ციოდა – მე კი პალტო არ მეცვა; მხოლოდ ახლა შემაწუხა ნამდვილმა შიმშილმა და კუჭი ამიწრიალდა; ახლაღა მივხვდი, რომ დაუბანელი ვიყავი, გაუპარსავი, ჩამობრენძილი, და რომ არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც, ყველა ამხანაგი უნდა ყოფილიყო სუფთა, გაპარსული, ბედნიერი და მაძღარი. მან იმ საფრთხობელასავით გამიგდო წინ, ქურდობაზე რომ წაასწრეს და თავისი ოცნებებისა და ფიქრების ადგილი – მინდვრისპირი დაატოვებინეს. ქუჩები ცარიელი იყო; პოლიციის განყოფილებამდე არც ისე შორი გზა გვედო. თუმცა ვიცოდი, დასაპატიმრებელ მიზეზს ისინი შემდეგშიც გამომიძებნიდნენ, მაგრამ გული მაინც დამიმძიმდა, როცა პოლიციელმა მომატარა ჩემი სიჭაბუკისდროინდელი ადგილები, რომელთა მონახულებასაც თავად ვაპირებდი ნავსადგურის შემდეგ: ერთ დროს ლამაზი, მაგრამ მოუვლელი, ბუჩქნარიანი ბაღები, ბალახით დაფარული გზები, ახლა ისევ დაგეგმილ-მოწესრიგებული, დასუფთავებული და უჯრედებად დაყოფილი იყო სამამულო ჯარის ნაწილებისათვის, რომლებიც აქ ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და შაბათობით სამწყობრო სიარულში ვარჯიშობდნენ.
მხოლოდ ცა და ჰაერი იყო იმდროინდელი, როცა გული ოცნებებით მევსებოდა. გზაში, აქა-იქ, ზოგიერთ ყაზარმის ტიპის საროსკიპოს სახელმწიფო ნიშანი გამოეფინა იმათთვის, ვისაც ოთხშაბათობით უწევდა რიგი ჰიგიენურ სიხარულთან ზიარებისა. ეტყობა, ზოგიერთ ლუდხანასაც დაავალეს დასალევის აღმნიშვნელი სიმბოლოს – თუნუქის ლუდის კათხის გამოკიდება რაიხის ფერებში – ღია და მუქ ხაკისფერ ზოლებში. ცხადია, სიხარულით აევსებოდათ გული მათ, ვინც ოთხშაბათის მსმელთა სახელმწიფო სიაში შეიყვანეს და ამ დღეს მოუწევდათ ლუდის დალევა. ყველას, ვინც ქუჩებში გვხვდებოდა, სახეზე აშკარად გადამეტებული დოზით აეფარებინა მუყაითობისა და გულმოდგინების უტყუარი იერი, რაც, ალბათ, პოლიციელის გამოჩენით იყო გამოწვეული. ყველა ნაბიჯს უჩქარებდა და მოვალეობით აღსავსე გამომეტყველებას იღებდა; ქალები კი, რომლებიც მაღაზიებიდან გამოდიოდნენ, ცდილობდნენ, სახეზე იმდენი სიხარული აღებეჭდათ, რამდენსაც მათგან ითხოვდნენ. ზედმეტი სიხარულის გამომჟღავნებაც, შეიძლება, ირონიად და დაცინვად ჩაეთვალათ დიასახლისის მოვალეობების მიმართ, რომელიც საღამოობით სახელმწიფო დაწესებულების მუშაკს კარგი ვახშმით უნდა გამასპინძლებოდა. ეგ იყო, ყველა მოხერხებულად გვიქცევდა გვერდს, რომ პირისპირ არ შეგვფეთებოდა. თუკი ქუჩაში სადმე სიცოცხლის ნიშან-წყალი ჩანდა, ჩვენამდე ოც ნაბიჯში უკვე ქრებოდა. ყველა ცდილობდა, ჩქარა შესულიყო მაღაზიაში ან გვერდზე გადაეხვია, ზოგი ალბათ უცხო სახლსაც არ ერიდებოდა და შიშით იცდიდა კარს უკან, სანამ ჩვენი ნაბიჯების ხმა მიწყდებოდა.
მხოლოდ ერთხელ, როცა გზაჯვარედინს მივუახლოვდით, შემოგვხვდა ხნიერი კაცი, რომელშიც მაშინვე შევიცანი სკოლის პედაგოგი; ის გვერდს ვეღარ აგვივლიდა და მას შედეგ, რაც დებულების თანახმად, პოლიციელს მიესალმა, სრული მორჩილების ნიშნად თვითონ დაირტყა თავზე სამჯერ ხელისგული, სცადა შეესრულებინა საკუთარი მოვალეობა – ანუ სამჯერ შემაფურთხა სახეში და შემამკო აუცილებელი შეძახილით: “მოღალატე ღორო!” კარგად დამიმიზნა, მაგრამ ცხელი დღე იყო, ეტყობა ყელი გაუშრა, რადგან მხოლოდ რამდენიმე წყალწყალა შხეფი მომწვდა, რისი მოწმენდაც – დებულების დარღვევით – უნებურად ვცადე სახელოთი; ამის გამო პოლიციელმა პანღური ამომარტყა და მუშტიც მომაყოლა ზურგში, თან მშვიდი ხმით დაამატა:
– პირველი საფეხური! – რაც იმას ნიშნავდა, რომ შეეძლო ესარგებლა პოლიციელის უფლებით და გამოეყენებინა დასჯის პირველი მსუბუქი ფორმა. სკოლის პედაგოგი ჩქარა გაგვეცალა. ისე კი ყველა ახერხებდა ჩვენთვის გზის აქცევას. მხოლოდ ერთმა ქალმა, რომელიც დადგენილების მიხედვით საღამოს ტკბობამდე, ყაზარმის ტიპის საროსკიპოსთან სუფთა ჰაერზე გრილდებოდა, ფერმკრთალმა, ფუმფულა, ქერა ქალმა ნაჩქარევად გამომიგზავნა ჰაეროვანი კოცნა, მეც მადლიერად გავუღიმე. პოლიციელმა თავი მოიკატუნა, ვითომ ვერაფერი შევნიშნეო: მათი მოვალეობაც კი იყო, ასეთი ქალებისთვის თავისუფლად ქცევის უფლება მიეცათ, მაშინ, როცა ყველა სხვა ამხანაგს მსგავსი საქციელისთვის, უეჭველად მძიმე სასჯელს აჰკიდებდნენ; ამ ქალებს დიდი წვლილი შეჰქონდათ ხალისიანი შრომითი განწყობილების შექმნაში, ამიტომ მათ თითქმის ხელშეუხებლად თვლიდნენ. ეს იყო დათმობა, რომლის მნიშვნელობა სახელმწიფო ფილოსოფოსმა, დოქტ. დოქტ. დოქტ. ბლაიგოთმა სახელმწიფო ფილოსოფიურ ჟურნალში ლიბერალიზაციის ნიშნად მონათლა. ეს გზაში, დედაქალაქში წამოსვლამდე ერთი დღით ადრე წავიკითხე, ვიღაც გლეხის ეზოში, საპირფარეშოში ვიპოვე ჟურნალის რამდენიმე გვერდი, რომელიც ერთ სტუდენტს – ალბათ გლეხის ვაჟს – ენაკვიმატი მინაწერებით აეჭრელებინა.
საბედნიეროდ, მივაღწიეთ განყოფილებამდე და გაისმა კიდეც სირენების ხმა, რაც ნიშნავდა, რომ ქუჩები აივსებოდა ათასობით ადამიანით, ზომიერი ბედნიერების გამომხატველი სახეებით, რადგან ნაბრძანები იყო, სამუშაოს დამთავრების ძალიან დიდი სიხარული არ გამოემჟღანებინათ, ემანდ ვინმეს არ ეფიქრა, მუშაობა მძიმე ტვირთად აწევთო; სამაგიეროდ, სამსახურის დაწყების წინ, საყოველთაო აღტაცება და სიხარული უნდა გაბატონებულიყო.
ახლა კი ათასობით ადამიანს ჩემთვის უნდა ჩაეფურთხებინა სახეში. ყოველ შემთხვევაში, სირენის ხმა ნიშნავდა, რომ სამუშაოს დამთავრებამდე ათი წუთიღა რჩებოდა, სახელმწიფოს იმდროინდელი მეთაურის ლოზუნგის თანახმად ყველა ვალდებული იყო, ბოლო ათი წუთი საფუძვლიიანი დაბანისათვის დაეთმო – ბედნიერება და საპონი!
ამ უბნის პოლიციის განყოფილების ბეტონის ერთადერთი უბრალო შენობის კარებს ორი ჯარისკაცი იცავდა, რომელთაც ჩემთვის, როცა ჩავივლიდი, ჩვეულებრივი, “დამსჯელი ფიზიკური ღონისძიება” უნდა ჩაეტარებინათ: მათაც მაგრად ჩამცხეს საფეთქელში მუშტები და ბარძაყში მხეთქეს პისტოლეტების ლულები, სახელმწიფო კანონის (1) პრეამბულის თანახმად: “ყოველი პოლიციელი ვალდებულია ყოველ აყვანილს (იგულისხმება დაპატიმრებული) დაუმტკიცოს საკუთარი ძალაუფლება, გარდა ამყვანი პოლიციელისა, რადგან მას წილად ერგო ბედნიერება, დაკითხვისას ჩაატაროს აუცილებელი ფიზიკური დამსჯელი ღონისძიება”. თვით სახელმწიფო კანონი N1 კი ასე ჟღერდა: “ყოველ პოლიციელს შეუძლია და უნდა დასაჯოს ის, ვინც ჩაიდინა რაიმე დანაშაული. არც ერთი ამხანაგი არ თავისუფლდება სასჯელისაგან, თუმცა არსებობს ამნისტიის შესაძლებლობა”. ჩვენ გავიარეთ გრძელი ცარიელი დერეფანი, რომელსაც დიდი ფანჯარა ჰქონდა; შემდეგ ავტომატურად გაიღო კარი, ეტყობა, ამასობაში გუშაგებმა რაციით უპატაკეს ჩვენი მოსვლის შესახებ, და იმ დღეებში, როცა ყველა ბედნიერი იყო, ყოჩაღი და მოწესრიგებული, თითოეული ცდილობდა, ხეხვა-დაბანაში დაეხარჯა დღიურად მისთვის გამოყოფილი საპნის წილი, დაპატიმრებულის მიყვანა ნამდვილი მოვლენა იყო.
შევედით თითქმის ცარიელ ოთახში, სადაც იდგა მხოლოდ საწერი მაგიდა ტელეფონით და ორი სავარძელი. მე შუა ოთახში დამაყუდეს; პოლიციელმა ჩაფხუტი მოიხადა და დაჯდა. ჯერ ხმას არავინ იღებდა, არაფერი ხდებოდა; ისინი ყოველთვის ასე იქცევიან; ეს ყველაზე საშინელია; ვგრძნობდი, თანდათან როგორ ჩამიცვივდა ლოყები, დაღლილი ვიყავი და მშიერი, იმ ნაღვლიანი ბედნიერების უკანასკნელი კვალიც კი გამიქრა, რადგან ვიცოდი, ჩემი საქმე წასული იყო.
რამდენიმე წამის შემდეგ უსიტყვოდ შემოვიდა უფერული აყლაყუდა კაცი, ხაკისფორმიანი უფროსი დამკითხველი; ის უხმოდ დაჯდა და შემომხედა.
– პროფესია!
– უბრალოდ, ამხანაგი.
– დაბადების თარიღი!
– პირველი, პირველი, ცხრაასერთი, – ვთქვი.
– ბოლო საქმიანობა!
– პატიმარი.
ორივემ ერთმანეთს გადახედა.
– როდის და სად გათავისუფლდი?
– გუშინ, სახლი N12, საკანი 13.
– სად გაგიშვეს?
– დედაქალაქში.
– მოწმობა!
ჯიბიდან გათავისუფლების მოწმობა ამოვიღე და მივაწოდე. მან ის მიამაგრა მწვანე ბარათზე, რომელზეც დაიწყო ჩემი მონაცემების ჩამოწერა.
– მაშინდელი ბრალდება!
– ბედნიერი სახე.
ერთმანეთს გადახედეს.
– აგვიხსენით, – მითხრა უფროსმა.
– მაშინ, – ვუთხარი, – ერთ პოლიციელს თვალში ეცა ჩემი ბედნიერი სახე, იმ დღეს, როცა ნაბრძანები იყო საყოველთაო გლოვა – შეფის გარდაცვალების დღეს.
– სასჯელის ხანგრძლივობა!
– ხუთი.
– როგორ იქცეოდით?
– ცუდად.
– მიზეზი?
– არადამაკმაყოფილებელი მუშაობა.
– მორჩა!
შემდეგ უფროსი დამკითხველი ადგა, ჩემსკენ წამოვიდა და სამი წინა კბილი ჩამიმტვრია: ეს იყო ნიშანი იმისა, რომ რეციდივისტის იარლიყი უნდა მოეკრათ, გამკაცრებული ზომა, რასაც არ ველოდი. შემდეგ უფროსმა დამკითხველმა ოთახი დატოვა, შემოვიდა მსუქანი ყმაწვილი მუქ ხაკისფერ ფორმაში: ყველამ ცემა დამიწყო: დამკითხველმა, მთავარმა დამკითხველმა, დამკითხველის უფროსმა, ბრალმდებელმა და განაჩენის გამომტანმა. ამას გარდა, ამყვანმა პოლიციელმა ჩამიტარა ყველა დამსჯელი ღონისძიება, რასაც კანონი ითვალისწინებდა… და მათ მომისაჯეს ათი წელი ჩემი ნაღვლიანი სახის გამო. ახლა კი უნდა ვეცადო, საერთოდ აღარ მქონდეს სახე, თუ გავუძელი ათი წელი ამ საყოველთაო ბედნიერებისა და საპნის ხანას…
© ”არილი”