ესე (თარგმანი),  კრიტიკა

ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი – ნულოვანი მედია

enzensberger

ანუ რატომ არის უსაგნო

ტელევიზიის მიმართ გამოთქმული ყოველგვარი საყვედური

ტელევიზია აშტერებს: ამ მარტივ თეზისამდე მიდის ერთხმად ამ ქვეყანაში გავრცელებული ყველა მედიათეორია და არა აქვს მნიშვნელობა, დახვეწილად ხდება ეს თუ უხეშად. როგორც წესი, დიაგნოზი ყოველთვის მწუხარე იერით ცხადდება. აქ გამოიყოფა ოთხი სხვადასხვა ვარიანტი.
მანიპულაციის თეზისის სამიზნეა ის იდეოლოგიური დატვირთვა, რომელიც მედიებს მიეწერება. ეს თეზისი მედიებში ხედავს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ბატონობის ინსტრუმენტს და უკვე საპატიო ასაკსაც მოითვლის; ტრადიციულად, მემარცხენეების უძველესი იარაღია, თუმცა, მემარჯვენეების მხრიდანაც სიამოვნებით გამოიყენება ხოლმე საჭიროების შემთხვევაში. იგი მთლიანად მიმართულია იმ შინაარსების წინააღმდეგ, რომლებიც სავარაუდოდ განსაზღვრავენ დიდი მედიების პროგრამებს. მის კრიტიკას საფუძვლად უდევს პროპაგანდისა და აგიტაციის შესახებ ადრეული წლებიდან გადმოყოლილი წარმოდგენები. მედია გაგებულია, როგორც რაღაც ინდეფერენტული ჭურჭელი, რომლიდანაც პასიურად ჩაფიქრებულ პუბლიკას თავზე აზრები გადმოეფრქვევა ხოლმე. კრიტიკოსის აზრით, ეს მცდარი აზრებია; მათ უნდა შექმნან ზემოქმედების ამგვარი მოდელისთვის საჭირო მცდარი ცნობიერება. იდეოლოგიური კრიტიკის დახვეწილი მეთოდები აფართოებენ “დაბრიყვების ამ კონტექსტს”, რომლის დროსაც ისინი მოწინააღმდეგეს სულ უფრო და უფრო ჩახლართული და ვერაგული ზრახვებით აიარაღებენ. პირდაპირი აგიტაციის ადგილს იჭერს ძნელად გასაშიფრი ცდუნება; ტელევიზიის უჩინარი მესვეურები ისე გადაიბირებენ ხოლმე გულუბრყვილო მომხმარებლს, რომ საბრალო ვერც კი ხვდება, რა დაემართა.
იმიტაციის თეზისი, ამის საპირისპიროდ, იძლევა მორალურ არგუმენტაციას. მისთვის მედიების მოხმარებას თან სდევს პირველ რიგში, ტრადიციებთან დაკავშირებული საფრთხეები. ვინც მას აჰყვება, მიეჩვევა თავაშვებულობას, უპასუხისმგებლობას, დანაშაულს და ძალადობას. ამის სუბიექტური შედეგი იქნება დაჩლუნგებული, გაუხეშებული და დამყაყებული ინდივიდი, ობიექტური კი – სოციალური ღირებულებების მოშლა და საყოველთაო მორალური დეგრადაცია. ერთი შეხედვითაც კი ცხადია, რომ მედიის კრიტიკის ეს ფორმა იკვებება ძირითადად ბურჟუაზიული წყაროებიდან. ის მოტივები, რომლებიც მასში კვლავ და კვლავ მეორდება, ცნობილია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იმ ამაო გაფრთხილებების სახით, რომლებსაც უხვად გასცემდა კულტურის მაშინდელი კრიტიკა რომანების კითხვასთან დაკავშირებულ საფრთხეთა შესახებ.
შედარებით ახალია სიმულაციის თეზისი, რომელიც შთაგონებულია ერთი შემეცნებით-თეორიული ეჭვით. ისიც მხოლოდ იმიტომაა უფრო თანამედროვე, რომ ცნობს მედიათა ტექნიკურ განვითარებას, მაშასადამე, ტელევიზიის არსებობასაც უკვე სერიოზულად აღიქვამს, რასაც ვერ ვიტყოდით მის წინამორბედებზე. ამ თეზისის თანახმად, ტელევიზია მაყურებელს ართმევს სინამდვილესა და ფიქციას შორის განსხვავების პოვნის უნარს. მაშასადამე, პირველი რეალობა შეცვალა ან ჩაანაცვლა მეორემ, მოჩვენებითმა რეალობამ. ამ თეზისის შემდგომი ვერსია, რომელიც ხანდახან პოზიტიურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ამ დამოკიდებულებას ყირაზე აყენებს და ამტკიცებს, რომ სინამდვილესა და სიმულაციას შორის განსხვავებამ უკვე აზრი დაკარგა არსებული საზოგადოებრივი კავშირების პირობებში.
ყველა აქამდე ჩამოთვლილი თეზისი კონვერგირდება მეოთხეში, დაშტერების თეზისში, რომელიც მყარ ანთროპოლოგიურ გამონათქვამად დამკვიდრდა. თუკი მას დავუჯერებთ, მედიები უტევენ არა მარტო მომხმარებელთა კრიტიკისა თუ განსხვავებადობის უნარს, არა მარტო მათ მორალურ თუ პოლიტიკურ სუბსტანციას, არამედ მათი აღქმის უნარს და თვით ფსიქოლოგიური იდენტურობასაც კი. ამის შედეგი იქნება, თუ დასცალდათ, ახალი ადამიანის გამოყვანა, რომელიც ზომბადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და მუტანტადაც.
სინამდვილეში, ყველა ეს თეორია თითიდანაა გამოწოვილი; მათ შემოქმედთ დამამტკიცებელი საბუთების მოტანითაც არ შეუწუხებიათ თავი. მათ არ აინტერესებთ სარწმუნოობის თვით ყველაზე მინიმალური კრიტერიუმიც კი. მაგალითად, ჯერ არავის მოუხერხებია, რომ წარმოედგინა თუნდაც ერთი ისეთი “ტელევიზიის მონაწილე”, ოღონდ არა ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი, რომელიც ვერ შესძლებდა ერთმანეთისგან განესხვავებინა, საუზმეზე კინკლაობა სატელევიზიო სერიალში მოხდა თუ მის სამზარეულოში. მაგრამ სიმულაციის თეორიის ავტორებს ეს, როგორც ჩანს, ნაკლებად აინტერესებთ.
ასეთივე კურიოზული, თუმცა ალბათ უფრო მძიმე შედეგის მომტანია ზემოთ დასახელებულ თეორიათა მეორე მსგავსება. მედიამომხმარებელი ყველა მათგანში წარმოდგენილია ძირითადად უმწეო მსხვერპლის, ორგანიზატორები კი – გაქნილ დამნაშავეთა სახით. ეს ოპოზიცია ნარჩუნდება სრული სერიოზულობისა და საკმაოდ დიდი სიმყარის დაცვით: ერთმანეთის პირისპირ დგანან მანიპულატორები და მანიპულიაციის მსხვერპლნი, მომტყუებლები და მოტყუებულები, სიმულანტები და სიმულაციის ობიექტები, დამშტერებლები და დაშტერებულები და ყველანი ერთობლივად ჰქმნიან მშვენიერ სიმეტრიას.
ამ დროს უპასუხოდ რჩება ერთი კითხვა, კერძოდ, რომელ მხარეზე უნდა ვიგულისხმოთ მოცემული თეორეტიკოსი. პირველი ვარიანტია, რომ იგი საერთოდ არ სარგებლობს მედიასაშუალებებით, მაშინ მან არ იცის, რაზე ლაპარაკობს; ან ისიც მათ კლანჭებშია მოქცეული; მაშინ ისმის კითხვა, თუ რა სასწაულით დააღწია თავი მათ გავლენას. რადგან ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, იგი მორალურად სრულიად უვნებლადაა გადარჩენილი, სრულიად დამოუკიდებლად ასხვავებს ერთმანეთისგან ილუზიას და რეალობას და გააჩნია სრული იმუნიტეტი იმ იდიოტობის წინააღმდეგ, რასაც ასე მზრუნველად აფიქსირებს სხვებთან მიმართებაში. ან, იქნებ (და ეს იქნებოდა ამ დილემის ფატალური ახსნა), მისი თეორიები სხვა არაფერია, თუ არა ამ უნივერსალური გამოშტერების სიმპტომები?
როგორც არ უნდა იყოს, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს თეორეტიკოსები მათ ზეგავლენას მთლიანად დაუსხლტდნენ ხელიდან. შეიძლება მათზე ყოველგვარი ტრანსლაციის გავლენა შედარებით ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული, რაც, განწყობის მიხედვით, შეიძლება სამწუხაროდაც ჩაითვალოს და მადლიერებითაც აღინიშნოს, მაგრამ სადავო ნამდვილად არ არის. ამის საპირისპიროდ, მათ მადლიერი მსმენელი ჰპოვეს ე. წ. მედიაპოლიტიკაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რწმენა იმისა, რომ ““მთელი გარესამყარო” იდიოტებით არის სავსე”, მიეკუთვნება პროფესიონალი პოლიტიკოსის ძირითად აღკაზმულობას. ეს გაუკუღმართებული შთაბეჭდილება კიდევ უფრო გვიმყარდება ხოლმე, როცა ვხედავთ, როგორ ეჭიდავებიან ამ საგნის ვეტერანები ერთმანეთსა თუ მედიაფუნქციონერებს ყოველი საეთერო წუთისთვის, და ეს – მაშინ, როცა საქმე ეხება მათი ლიმუზინების, საპატიო ყარაულის წინაშე ისტორიული გამოსვლების, ყვავილების ფონზე საკუთარი ვარცხნილობის, პირველ რიგში კი საკუთარი სამეტყველო აპარატის დემონსტრირებას. როგორი ამაღელვებელია ის გულმოდგინება, რითაც ხდება საეთერო წუთების, კამერის კუთხის, რეპორტიორისადმი მორჩილების ხარისხის, დამათრობელი აპლოდისმენტების სიხშირის რეგისტრაცია! მანიპულაციის ძველმა, კეთილმა თეზისმა მათ საბოლოოდ აუბნია თავგზა. ამით აიხსნება ის გაცხარებული შეხლა-შემოხლა სხვადასხვა “ბორდისა” თუ სამეთვალყურეო საბჭოს გარშემო და მწველი სურვილი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიპოვონ კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ინდუსტრია არც ამ მგზნებარე მისწრაფებას იზიარებს და არც ამ წყალწყალა თეორიებს. მისი მოსაზრებანი გამოირჩევა ასკეტური გულცივობით. ეს მოსაზრებანი უტრიალებს ერთი მხრივ, სიხშირეებს, არხებს, ნორმებს, კაბელებს, პარაბოლურ ანტენებსა თუ მიმართულებათა დიაგრამებს, მეორე მხრივ კი – ინვესტიციებს, ქვოტებს, სარეკლამო შემოსავლებს. ამ პერსპექტივიდან მართლაც სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ახალ მედიასთან დაკავშირებული ის ფაქტი, რომ არც ერთ მის ორგანიზატორს არასდროს გასჩენია თუნდაც ერთი მოსაზრებაც კი რაიმე შინაარსთან დაკავშირებით. დაწვრილებით და გაცხარებით განიხილება მათი ქცევის ყოველი სამეურნეო, ტექნიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ასპექტი. მხოლოდ ერთი ფაქტორი არ თამაშობს არავითარ როლს ინდუსტრიის მოსაზრებებსა და სურვილებში: პროგრამა. დებატების თემა ყოველთვის არის ის, თუ ვინ იხდის და ვინ იჯიბავს ფულს, როდის, სად, როგორ და ვისი დახმარებით, მაგრამ არასდროს ის, თუ რა გადაიცემა. ასეთი მიდგომა წარმოუდგენელი იქნებოდა ადრეული მედიისთვის.
მას შეეძლო განსაკუთრებულად, დიახ, მამაცურადაც კი თავის წარმოჩენა. მილიარდები იხარჯება კოსმოსში სატელიტების გასატყორცნად, მთელი ევროპა საკაბელო ქსელშია გახვეული; მიმდინარეობს “საკომუნიკაციო საშუალებების” უმაგალითო აღჭურვა და ამ დროს შეკითხვასაც კი არავინ სვამს, თუ რა უნდა გადაიცეს ყოველივე ამის საშუალებით. ამ გამოცანის პასუხი ხომ ისედაც აშკარაა. ინდუსტრიას კარგად ეხერხება, რომ დაეთანხმოს სწორედაც რომ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ფიგურას თავის თამაშში: “ტელევიზიის მონაწილის” ფიგურას. სწორედ იგი იწვევს ასე ენერგიულად, თანაც არა საკუთარი სურვილის გარეშე, ისეთ მდგომარეობას, რომელსაც მხოლოდ უპროგრამობა შეიძლება ეწოდოს. ამ მიზანთან უფრო მისაახლოებლად იგი ვირტუოზულად იყენებს დინსტანციური მართვის ყველა შესაძლო ღილაკს.
კლიენტებისა და მომწოდებლების ამ შინაგან ალიანსს აწი, ალბათ, აღარაფერი ეშველება. გაბოროტებულ კრიტიკოსთა უმცირესობას უჭირს ამგვარი მასობრივი თანხმობის ახსნა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის თვითგაგებას. რა მოხდება, თუკი უმრავლესობას ექნება თავისი ახსნა, თანაც ისეთი, რომელიც იოლად გამომდინარეობს იმ იდიოტობისგან, რაც მას მიეწერება? რა მოხდება, თუკი პროგრამები მართლაც აღარ იქნება აუცილებელი და თუკი თვით მედიის ცნებაც სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება და მხოლოდ მისტიფიკაციად დარჩება? ალბათ, მაინც ღირს, რომ უფრო ჩავეძიოთ ამგვარ ვარაუდებს.

მედია-მედიუმის ცნება უძველესი დროიდან მომდინარეობს; თავიდან ამაში იგულისხმებოდა რაღაც შუალედური, საშუამავლო, საშუალება; ბერძნულ გრამატიკაში ეს არის ზმნის საკუთარი გვარი, რომელიც საჭიროა “ქმედების მეშვეობით მოქმედი სუბიექტის ინტერესისა თუ მისი მონაწილეობის წინ წამოსაწევად”; შემდგომში კი, “სპირიტისტულ მსოფლმხედველობაში მედიუმი იყო ის, ვინც ხელს უწყობდა სულების ურთიერთობას ცოცხალთა სამყაროსთან” (!). ბოლოს, ფიზიკური თვალსაზრისით, მედიუმი არის ჰაერის მაგვარი გამტარი, რომლითაც შეიძლება სინათლისა თუ ბგერის ტალღების გადატანა; აქედან ეს ცნება გადავიდა საზოგადოებრივ კომუნიკაციებზე და მის ერთ-ერთ ტექნიკურ საშუალებაზე, კერძოდ კი წიგნის ბეჭდვაზე.
პროგრამის ცნებაც დაწერილობაზეა ორიენტირებული. ეს სიტყვა ხომ დასაბამიდან სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა საჩვენებლად დაწერილს, ან წინასწარ დაწერილს; “საკუთრივ საჯარო, წერილობით განცხადებას, საჯარო გამოცხადებას, ამჟამად (1895) კი – განცხადებასა თუ მოსაწვევს, რომელიც გაიცემა უნივერსიტეტებისა თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ლაპარაკი არის ხოლმე რომელიმე პარტიის, გაზეთის, რაიმე მიზნით შექმნილი საზოგადოებისა თუ მთავრობის პროგრამაზე, რომელშიც მეტ-ნაკლებად სავალდებულო ფორმით წინასწარ ცხადდება განზრახული ქმედების ძირითადი მომენტები”.
ხოლო ის, რაც ცხადდება ხდება ტელევიზიის პროგრამაში, იკითხება შემდეგნაირად[*]: ”Budenzauber – მხიარული წვეულება. Mini-ZiB – მინი საინფორმაციო გადაცემა ORF-ზე, Hei elei, Kuck elei. Du schon wieder – ისევ შენ და ისევ შენ (8.). Wenn abends die Heide träumt – როცა საღამოობით უდაბნო ოცნებობს. Almerisch g’suna und g’schpuit – Weltcup-Super G der Herren. Helmi. X-Large. Die Goldene Eins. Betthupferl. საწოლის თეთრეული. Bis die Falle zuschnappt. ვიდრე ხაფანგი დაიწკაპუნებდეს. Einfach tierisch. უბრალოდ მხეცური. Wetten, dass…? მოდი ნიძლავი, რომ . . . Es lebe die Liebe. გაუმარჯოს სიცოცხლეს. Ohne Krimi geht die Mimi nie ins Bett. დეტექტივის გარეშე მიმი არ დაიძინებს. Just another pretty face. Tintifax und Max. Ich will, dass du mich liebst. მინდა, გიყვარდე. Also ääährlich. Hulk )31. Musi mit Metty. Heute mit uns. დღეს ჩვენთან ერთად. Hart wie Diamant. ალმასივით მაგარი. Am, dam, des. Barbapapa. Texas Jack (12). Schau hin und gewinn. შეხედე და ისწავლე. Superflio. Sie – er – es. Liebe international. სიყვარული ინტერნაციონალურად. Hart aber herzlich. მაგარი, თუმცა გულითადი. 1 – 2- X. Wer bietet mehr? ვინ შემოგვთავაზებს მეტს?“
ახსნას აღარ საჭიროებს ის, რომ ამგვარი მოვლენები უკვე ვეღარ აღიქმება იმგვარი ანაქრონისტული ცნებების მეშვეობით, როგორიცაა “მედია”, ან “პროგრამა”. ახალ მედიაში ახალი არის ის ფაქტი, რომ იგი უკვე აღარ არის დამოკიდებული პროგრამებზე. თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას იგი ასრულებს იმ დოზით, რა დოზითაც უახლოვდება მედიის ნულოვან მდგომარეობას.
აღნიშნული ტენდენცია, როგორც ეს ამ გადასახედიდან ჩანს, უცხო არ იყო ძველი მედიებისთვისაც. არც წიგნს დაუკლია მცდელობა, გათავისუფლებულიყო სულ უფრო და უფრო მომაბეზრებელი შინაარსისგან. პირველი წარმატება ამ მძიმე გზაზე მოპოვებულ იქნა ტრივიალურ რომანში. შემდეგი მიჯნები აიღო ბულვარულმა პრესამ, “ბლოკნოტის ლიტერატურამ” და ე. წ. ილუსტრირებულმა. ხოლო ის ტრიუმფალური რეკორდი, რომელიც ბეჭდვით ინდუსტრიაში დღემდე გადაულახავი რჩება და წერა-კითხვის უცოდინართა საოცნებო ზღვარს უახლოვდება, ეკუთვნის Bild-გაზეთებს.

თუმცა გადამწყვეტი პროგრესი ამ გზაზე მაინც ელექტრონულ მედიას უკავშირდება. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ნაბეჭდი ნულოვანი მედიის შექმნის გზაზე უამრავი დაბრკოლება არსებობს. ვისაც ყოველგვარი მნიშვნელობისგან წერილობის გათავისუფლება უნდა, მან უნდა მიმართოს ექსტრემალურ ზომებს. ავანგარდის (დადა, ლეტრიზმი, ვიზუალური პოეზია) გმირულმა შემოთავაზებებმა ვერ ჰპოვეს გამოძახილი ინდუსტრიაში. ეს, ალბათ, იმის გამო მოხდა, რომ ნულოვანი კითხვის იდეა თავის თავში მოიცავს წინააღმდეგობრიობას. მკითხველს, თანაც ყოველ მკითხველს, გააჩნია ფატალური მოთხოვნილება შესაბამისობების დადგენისა და ასოთა თვით ყველაზე ამღვრეული მორევიდან რაიმე ისეთის ამოქექვისა, რაც აზრთან იქნება მიახლოებული.
შედარებით ახალგაზრდა მედიას, მაგალითად რადიოს, უნდა დასცდენოდა უფრო ნაკლები, რაც ამ კონტექსტში ნიშნავდა უფრო მეტს. დამწერლობის ემანსიპაციამ ხომ ახალი პერსპექტივები მაინც გააჩინა. თუმცა პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ რადიოში უფრო მეტად ხმამაღლა კითხულობენ. მაგრამ იქაც კი, სადაც თავისუფალი მეტყველება იკვლევდა გზას, კერძოდ საუბრებსა და და დისკუსიებში, ზოგჯერ ყოვლად უაზრო ქაქანშიც სიტყვები მაინც ახერხებდნენ რაღაც ისეთის ჩადენას, რასაც მნიშვნელობა ერქვა. როგორც ცნობილია, უაღრესად ძნელია და მოითხოვს დიდ ვარჯიშსა თუ კონცენტრაციას, რომ დიდი ხნის განმავლობაში აწარმოო აბსოლუტურად უაზრო წინადადებები, რომლებიც არანაირ ახსნას არ ემორჩილებიან. აქ თავად ენა აწარმოებს რაღაცას, მინიმალური პროგრამის მსგავსს. ამ ხელისშემშლელი ფაქტორის თავიდან ასაცილებლად უფრო ახალმა თაობებმა, რომლებიც უკვე დიდი ხანია რადიოში მუშაობენ, თანმიმდევრულად შეამცირეს სიტყვების გადაცემა. თუმცა ჯერ კიდევ შემორჩენილია რაღაცა, ბავშვურ ტიტინს რომ წააგავს: სათაყვანებელ პირთა თუ სამარკო ბრენდების სახელების გატყორცნა ეთერში გარკვეული პერიოდულობით ხომ ყველა შემთხვევაში გარდაუვალია, გაიხსენეთ ეკონომიკა.
მარტოოდენ ვიზუალურ ტექნიკას, უპირველეს ყოვლისა კი ტელევიზიას შეუძლია ენის ტვირთისგან გათავისუფლება და იმ ყველაფრის განადგურება, რასაც ერთ დროს პროგრამა, ანუ მნიშვნელობა, ანუ “შინაარსი” ერქვა. ნულოვანი მედიის ჯერ კიდევ განუჭვრეტელ შესაძლებლობათა მტკიცებულებას ერთი უბრალო ექსპერიმენტი წარმოაჩენს. დავსვათ ექვსი თვის ბავშვი ჩართულ ტელევიზორთან. ჩვილის ტვინის ფიზიოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან ერთმანეთისგან განასხვავოს სურათები და მოახდინოს მათი დეკოდირება, ამიტომ არ შეიძლება დაისვას კითხვა მათი “მნიშვნელობების” შესახებ. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ეკრანზე, ეს ჭრელაჭრულა, ციმციმა ლაქები უშეცდომოდ და უწყვეტად იწვევს ბავშვის შინაგან, თუ შეიძლება ითქვას, ავხორცულ დაინტერესებას. ბავშვის აღქმის აპარატი საოცრად აღგზნებულია; ზემოქმედება – ჰიპნოზური. შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ხდება მასში, მაგრამ ჩვილის თვალები, რომლებშიც ტელევიზორის ეკრანი ირეკლება, ღებულობს ისეთ თავდავიწყებულ, გატაცებულ გამომეტყველებას, რომ ცდუნება გიპყრობს, ბედნიერიც კი უწოდო.
ალბათ, ფილანტროპს არ მოუწევს დიდხანს ბრძოლა საკუთარ თავთან იმისათვის, რომ ცდუნების ამგვარი მცდელობა ბარბაროსულ თავხედობად მონათლოს. მან არა მხოლოდ ის უნდა გაიაზროს, რომ ეს ექსპერიმენტი მილიონგზის რუტინულია და ყოველდღიურობას განეკუთვნება; თანაც ძალიან კარგს იზამდა, თუკი საკუთარ თავს იმასაც შეეკითხებოდა, თუ რამდენად ეხება მისი შეფასება იმ კულტურას, რისი ფასიც მან, ალბათ, იცის. თანამედროვე ხელოვნების პიონერთა მიღწევების გარეშე ნულოვანი მედია წარმოუდგენელი იქნებოდა. ის ფერადი ლაქები და კონფიგურაციები, რომლებმაც ასე მიიპყრეს ჩვენი ექვსი თვის ასაკის საცდელი ობიექტის მზერა, შემთხვევით აბსტრაქტულ მხატვრობას ხომ არ წააგავს? დაწყებული კანდინსკიდან action painting-ი იქნება თუ კონსტრუქტივიზმი, პოპ-არტისა თუ კომპიუტერული გრაფიკის სიღრმეები – მხატვრებმა ხომ ყველაფერი იღონეს თავიანთ ნაწარმოებთა “შინაარსისგან” გასაწმენდად. იმდენად რამდენადაც ეს მინიმალიზაცია წარმატებით გამოუვიდათ, ამიტომაც სამართლიანად ითვლებიან ნულოვანი მედიის გზამკვლევებად. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს როლი ვიდეოხელოვნებაში, რომლის საუკეთესო პროდუქციაში უკვე სრულიად შეუძლებელია რამის ამოცნობა.
ბუნებრივია, ასეთი ხელოვნების შემოქმედნი და აპოლოგეტები შორს არიან იმ აზრისგან, რომ თავი ინდუსტრიის თანამონაწილეებად მიიჩნიონ. თავიანთი სტატუსისა და ფასის განსამტკიცებლად მათ გამოიმუშავეს საკუთარი “ფილოსოფია”, რომელიც უფრო მეტად შამანურ შელოცვებს ემყარება, ვიდრე არგუმენტებს და რომლისაც ალბათ მხოლოდ თვითონ თუ სჯერათ. ეს დაგვიანებული ავანგარდი ჯიუტად მიაკუთვნებს თავს უმცირესობას და არ უნდა გააცნობიეროს, რომ მან უკვე დიდი ხანია დაიპყრო მასობრივი პუბლიკა ნულოვანი მედიის სახით.
სხვათა შორის, სრულყოფილებისადმი სწრაფვა ყოველთვის მტანჯველი და ხანგრძლივი პროცესია. ეს ეხება ტელევიზიასაც. საქმეს ისიც ართულებს, რომ ნულოვანი მედია იძულებულია, თავი დაიმკვიდროს მცირე, მაგრამ გავლენიან უმცირესობათა წინაშე, რომლებიც სულ იმას ცდილობენ, რომ როგორმე დაიცვან ისტორიული ნარჩენები თუ გამტკბარი იმედები. ერთ მხარეზე დგანან პარტიული პოლიტიკით დაინტერესებულები თუ მედია-ფუნქციონრები და თავგამოდებით ებღაუჭებიან იმ რწმენას, რომ მათ შეუძლიათ ჩაითრიონ ტელევიზია საკუთარი პოზიციების სტაბილიზაციის პროცესში; მეორე მხრივ, არ იგრძნობა იმ პედაგოგთა თუ კრიტიკულად განწყობილ თეორეტიკოსთა ნაკლებობა, რომლებიც ელექტრონულ მედიებში მუდმივად გრძნობენ იმგვარი ნაყოფიერი ძალების არსებობას, რომლებსაც მხოლოდ საშუალება უნდა მიეცეს, რომ დაიწყონ გაუთვალისწინებელი საზოგადოებრივ-სასწავლო პროცესები (ფრიად სასიხარულო ცნობაა, რომლის აწყობაც შეიძლება რომელიმე ძველი მედია-“კონსტრუქტორისგან”).
ამ წარმოდგენათა გარშემო, დროთა განმავლობაში, ჩამოყალიბდა მტრულად განწყობილ საძმოთა უაღრესად თავისებური კოალიცია, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო, კერძოდ ის, რასაც პროგრამა-ილუზია შეიძლება ეწოდოს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამ ილუზიას კანონის სახეც კი აქვს მიღებული; იგი დაფიქსირებულია სახელმწიფო ხელშეკრულებებში, შეთანხმებებში, რადიოკანონებში, წესდებებსა და სამართლებრივ დირექტივებში, თანაც, როგორც ჩანს, ყოველი პასუხისმგებელი პირი დიდის ამბით იცავს მას. გადაცემები, თურმე, როგორც იქ წერია, “გამსჭვალული უნდა იყოს დემოკრატიული სულისკვეთებითა და კონსტიტუციისადმი ერთგულებით…, კულტურული პასუხისმგებლობის გრძნობით და ობიექტურობის სურვილით. მათი მუშაობა უნდა ემსახურებოდეს თავისუფლებას, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას”, “უნდა მოუწოდებდეს მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისკენ”, “უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ და მშვიდობიან პირობებში გერმანიის ხელახალ გაერთიანებას და ხალხთა ურთიერთგაგებას”. სხვა რაღა გრჩება სასოწარკვეთილს, თავზე თუ არ წაივლე ხელები! შოუებისა და ფსიქო-ტრილერების, კლიპებისა და სარეკლამო რგოლების შემქმნელებმა, თურმე, არა მარტო “განათლება, სწავლება და გართობა” უნდა შესთავაზონ მაყურებელს, არამედ – “ადამიანურობა და ობიექტურობა”, “ინფორმაციული მრავალფეროვნება”, “ვრცელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება” და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფართო “კულტურული ასორტიმენტი”.
კანონშემოქმედთა ეს ფანტასტიკური გეგმიური დავალება უკავშირდება ამ დაწესებულებათა დაარსების ისტორიას. ის სათავეს იღებს იმ დროში, როცა ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო იმის განჭვრეტა, თუ რა შეეძლო სრულყოფილად განვითარებულ ნულოვან მედიას”. “პროგრამის შემდგენლები, რომლებიც მეტ-ნაკლები მონდომებით ასრულებენ წინაპართაგან დატოვებულ “დავალებას”, უაღრესად მელანქოლიურ სანახაობას წარმოადგენენ. საშტატო ერთეული მათთვის არის ის დაკარგული თანამდებობა, რომლიდანაც ისინი იბრძვიან ტელევიზიისთვის, როგორც პედაგოგიური პროვინციისთვის.
პროგრამის ილუზია მარტოდენ იურიდიულ თუ ინსტიტუციურ მიზეზთა დამსახურება როდია; იგი პირდაპირ ეყრდნობა მედიათა ფილოგენეზისს. მათ ევოლუციაში ძალიან ფასობს ასეთი ფრაზა, რომ ყოველი ახალი მედია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენამდე, ანუ “თვითგამორკვევამდე” ორიენტაციას უნდა იღებდეს ძველ მედიაზე. ამგვარი “დისტანციური დამტვერვა” ტელევიზიებშიც შეიმჩნევა. ძნელად ამოსაძირკვია ის წარმოდგენები, თითქოს ეს ხდება ფორმებისა და შინაარსების, ანუ “პროგრამების” იმგვარად ტრანსპორტირებისათვის, როგორც ამას ადრეული მედიები აკეთებდნენ. ტექნიკურად ეს გამორიცხული არ არის, არავითარ შემთხვევაში! მაგალითად, არც ის არის შეუძლებელი, რომ შენობის საძირკველი გაითხაროს ჩაის კოვზით, ან ბიბლია გამრავლდეს ტელეტაიპის მეშვეობით; ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ ეგ არის, რომ ჩაის კოვზისა თუ ტელეტაიპის დანიშნულება არ ეთანხმება ამგვარ ღონისძიებებს.
ევოლუციური კვერცხის ის ნაჭუჭები, რომლებიც ტელევიზიას ფეხებში ედებიან, განსაკუთრებით თვალში საცემია იმ რელიქვიების მაგალითზე, უხსოვარი დროიდან რომ დამკვიდრებულან გადაცემათა ბადეში. ყოვლად უაზროდ, მოჩვენებებივით დაფარფატებენ ნულოვან მედიაში, ანუ იქ, სადაც მათ არაფერი ესაქმებათ ისეთი გაუცხოებული ფორმები, როგორიცაა ქადაგება, ოპერა, კამერული კონცერტი, საზოგადოებრივი კომედია, მოკლე კომენტარი. ამასთანავე ხდება კონსერვაცია ისეთი რადიოფორმებისა, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტენი, დისკუსია და რადიოპიესა, რომლებზეც კამერის დასწრება ზედმეტ ფუფუნებად არის მიჩნეული.
ტელევიზიის ზოგიერთი ვეტერანი, რომელმაც ვერ ამოიცნო დროის ნიშანი, კვლავ იმყოფება იმ წარმოდგენათა ტყვეობაში, რომ მათ შეიძლება ხელიდან გამოეცალოთ მასალა. ამ აკვიატებულ იდეას, რომ საჭიროა რაიმეს და არა არაფრის გადაცემა, ისინი მიჰყავს ძველ მედიათა კანიბალიზაციამდე. ამას შედეგად მოჰყვა პირველ რიგში იმ მედიის განადგურება, რომლის შესახებაც არსებობს რწმენა, რომ იგი არის ტელევიზიის მონათესავე, კერძოდ, ლაპარაკია ფილმზე. ბუნებრივია, მალევე გაირკვა, რომ აქ საქმე გვაქვს აღრევასთან. კინოს ესთეტიკური მომხიბვლელობა არ ნარჩუნდება ტელევიზორის ეკრანზე. იგი ნადგურდება სასაცილო ფორმატით, სარეკლამო წყვეტებით და ინდიფერენტული, გაუთავებელი გამეორებებით; ამას აგვირგვინებს მაყურებლის საიდუმლო იარაღი – გადასართველი პულტი.

ოჰ, ეს მაყურებელი! მან ზუსტად იცის, თუ რასთან აქვს საქმე. იგი დაცულია ყოველგვარი პროგრამა-ილუზიონისგან. კანონმდებელთა დირექტივები მის პრაქტიკას ეჯახება და საპნის ბუშტებივით სკდება. შორს არის რა იმისგან, რომ ვინმეს საკუთარ თავზე ჩაატარებინოს რაიმე სახის მანიპულაცია (როგორიცაა აღზრდა, ინფორმირება, განვითარება, ახსნა, გაფრთხილება), იგი თავად ახდენს მედიის მანიპულირებას საკუთარი სურვილის შესაბამისად. იმას, რაც არ შეესაბამება მის სურვილებს, მიესჯება ხოლმე სიცოცხლის აღკვეთა ღილაკზე თითის დაჭერით, ხოლო ის, ვინც მის ყველა სურვილს ასრულებს, ჯილდოვდება შესანიშნავი ქვოტებით. მაყურებელი მშვენივრად აცნობიერებს, რომ მას საქმე აქვს არა საკომუნიკაციო საშუალებასთან, არამედ კომუნიკაციის უარყოფის საშუალებასთან, და ეს მისი ურყევი რწმენაა. სწორედ ის, რასაც ნულოვან მედიას ნაკლად უთვლიან, ანიჭებს მას მაყურებლის თვალში წარუშლელ ხიბლს.
ასე აიხსნება ტელევიზიის კიდევ ერთი თავისებურებაც, რაც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ამოუცნობი იქნებოდა, კერძოდ – მისი ტრანსკულტურული არეალი. ერთი და იგივე სერიალი, ერთი და იგივე კლიპი, ერთი და იგივე შოუ, მიუხედავად საზოგადოებრივი შეხედულებებისა, ერთნაირი მიზიდულობის ძალით სარგებლობს როგორც ლუდენშაიდში, ასევე – ჰონკგონგსა თუ მოგადიშუში. შეუძლებელია, რომ რომელიმე შინაარსი იყოს კონტექსტისგან ასე დამოუკიდებელი, ამავე დროს ასეთი თვალისმომჭრელი და უნივერსალური.
მაშასადამე, ნულოვან მდგომარეობაში ყოფნა ტელევიზიის სისუსტე კი არ არის, არამედ მისი სიძლიერეა. ამით იგი იქმნის საკუთარ სამომხმარებლო ღირებულებას. ტელევიზორს რთავენ იმისთვის, რომ თვითონ გაითიშონ. (სწორედ ამის გამო არის, სხვათა შორის, აბსოლუტურად მორგებული ტელევიზიაზე ის, რასაც პოლიტიკოსები პოლიტიკას ეძახიან. როდესაც რომელიმე საცოდავი მინისტრი ფიქრობს, რომ მაყურებელთა მოსაზრებებსა და ქმედებებზე ახდენს გავლენას, ამ დროს მისი წყალ-წყალა გამონათქვამები აკმაყოფილებს მაყურებელთა მოთხოვნილებას, რომ როგორმე თავი აარიდონ რაიმე მნიშვნელობას).
ამის საპირისპიროდ, ხანდახან, ისეთი რაღაცეებიც გამოერევა, როგორიცაა მაგალითად, ხარვეზი. ეს მაშინ, თუკი გადაცემათა ერთფეროვან დინებაში უეცრად თავს წამოყოფს ხოლმე რაღაც ისეთი, რაც შორეულად მაინც წააგავს შინაარსს თუ ნამდვილ ინფორმაციას, ან – რამე ისეთი არგუმენტი, რაც მაყურებელს მის გარემომცველ სამყაროს გაახსენებს. იგი მაშინვე წამოჯდება, თვალებს მოიფშვნეტს, ხასიათი გაუფუჭდება და გადასართველ პულტს ეცემა ხოლმე.
ბოლოს და ბოლოს, ტელევიზიის ეს უაღრესად მიზანმიმართული გამოყენება ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ტელევიზია ძირითადად გამოიყენება, როგორც ტვინების გამორეცხვის მეთოდი, ოღონდ – სასიამოვნო; იგი ემსახურება ინდივიდუალურ ჰიგიენას, თვითმწამლობას. ნულოვანი მედია არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უნივერსალური და მასობრივად გავრცელებული ფორმა. ამდენად, აბსურდია, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მისი საზოგადოებრივი საჭიროება. ვისაც მისი თავიდან მოშორება უნდა, ჯერ ის ალტერნატივები უნდა მოინიშნოს, რომლებიც მას სავარაუდოდ გააჩნია. პირველ რიგში, აქ უნდა ვიფიქროთ განარკომანებულ მომხმარებელზე, რომელიც მოიხმარს ყველაფერს, – საძილე აბებიდან კოკაინამდე, ალკოჰოლიდან – ბეტა-პრეპარატებამდე, ტრანკვილიზატორებიდან – ჰეროინამდე. ქიმიის სანაცვლოდ ტელევიზიის შემოთავაზება ნამდვილად უფრო ელეგანტურ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. როცა სოციალურ ხარჯებსა თუ ე. წ. გვერდით მოვლენებზე ვფიქრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნულოვანი მედიის მომხმარებელმა, ალბათ, მაინც ბრძნული არჩევანი გააკეთა – მით უმეტეს იმ შესაძლებლობებს თუ გვითვალისწინებთ, რაც მის განკარგულებაში იყო – მანქანომანია, ძალადობა, ფსიქოზი, სიშმაგე და თვითმკვლელობა.
ვისთვისაც ამგვარი არგუმენტაცია ex negativo პირქუშია, მისთვის გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მან მზერა უსიამოვნო ფაქტებიდან უნდა გადაიტანოს უფრო მაღალ მატერიებზე და რჩევისთვის მიმართოს კაცობრიობისთვის ოდესღაც ესოდენ საყვარელ, უძველეს სიბრძნეებს. როდესაც ჩვენი თვითკონცენტრაცია თავის მაქსიმუმს მიაღწევს და ეს დაუბრკოლებლად მოხდება ნებისმიერი ეზოთერული ბლოკნოტის მეშვეობით, მაშინ იგი უკვე აღარ იქნება გამორჩეულია სხვებისგან თავისი სულიერი გაუცხოებით, პირიქით – თვით ყველაზე ექსტრემალური გართობაც კი ხშირად დამთავრდება ჰიპნოზურ თვითჩაღრმავებაში მკვეთრი გადასვლით. თუკი ასე მივუდგებით, მაშინ თვალებზე აფარებული ბამბის ქულა უკვე ახლოს დგას ტრანსცენდენტურ მედიტაციასთან. ასევე თავისუფლად აიხსნება ის კვაზი-რელიგიური მოწიწება, რომლითაც სარგებლობს ნულოვანი მედია: იგი მაყურებელს ტექნიკის მეშვეობით აახლოებს ნირვანასთან. ტელევიზორი წარმოადგენს ნამდვილ ბუდისტურ მანქანას.
ვაღიარებთ, რომ აქ საქმე ეხება იმგვარ უტოპიურ პროექტს, რომელსაც ყველა სხვა უტოპიების მსგავსად, განხორციელება არ უწერია. ის, რაც დასაშვებია თოთო ასაკის ბავშვისთვის, კერძოდ – სრული თავდავიწყება, უაღრესად რთული მისაღწევია მოზრდილი ადამიანისთვის. იგი ხომ გადაჩვეულია თავისი აღქმის აპარატის იმგვარად ამუშავებას, რომ ინტერპრეტაციას არ დაუქვემდებაროს ის, რასაც იგი დაინახავს. უნდა თუ არ უნდა, იგი სულ ცდილობს, რომ იქაც კი რაიმე აზრი აღმოაჩინოს, სადაც მისი სახსენებელიც კი არ არის. მნიშვნელობაზე ეს ძალაუნებური ფოკუსირება ხელისშემშლელად მოქმედებს ნულოვანი მედიით სარგებლობის დროს. ორჭოფულ სიტუაციებში შემიძლია ყოველთვის ვამტკიცო, რომ მართლა ზომბი კი არა ვარ და რამე მაინც ხომ უნდა იყოს იმაში, რასაც ვუყურებ, რამე კონკრეტული, თუნდაც ერთი ბეწო შინაარსიის მსგავსი. ამიტომაც არის გარდაუვალი, რომ თვით ყველაზე გავარჯიშებული მაყურებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი მისტიფიკაციის ტყვეობაში.
ამრიგად, შეუძლებელია იდეალური მდგომარეობის მიღწევა. შეიძლება მიუახლოვდე სრულყოფილ სიცარიელეს, ანუ აბსოლუტურად ნულოვან წერტილს. ეს სიძნელე ყველა მისტიკოსისთვის ნაცნობია: მედიტაციას არ შევყავართ ნირვანაში, ჩაღრმავება ყველა შემთხვევაში გამოგვდის წერტილოვანი, მაგრამ არა საბოლოო, მცირე სიკვდილი არ გადადის დიდში. მინიმალური სიგნალი მაინც ყოველთვის მოდულირებს, ეს არის რეალობის შრიალი, „სუფთა უსაგნობის გამოცდილება“ (კაზიმირ მალევიჩი).
ფაქტია, რომ მაინც უაღრესად მნიშვნელოვანია უკნასკნელი ათწლეულების გამოცდილება, და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ეკრანი ვერასდროს მიუახლოვდება თავის დიად ნიმუშს, 1915 წლის დროინდელ იმ შავ კვადრატს, რომელთან შედარებითაც ნულოვანი მედიის ყველა გადაცემა აბსოლუტურად უსაგნოა.

გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

[*] აქ ჩამოთვლილია გერმანიის ტელევიზიათა ცნობილი პროგრამები და მათი პირდაპირი თარგმანი (მთარგმნ. შენიშვნა)

Facebook Comments Box