“ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია – ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ”
მიმართვა ბრიტანეთის თემთა პალატას, 21 იანვარი 2003
2002 წლის ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი სურათი – შობა დღეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი მუხლებზე დაჩოქილი დგას ეკლესიაში, ლოცულობს მშვიდობისათვის დედამიწაზე, ღმერთს შესთხოვს, რომ სიკეთე მოუტანოს მთელ კაცობრიობას და ამავდროულად, ერაყში დიდი სისხლისღვრისათვის ემზადება, სისხლისღვრისათვის, რომელიც ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.
ამასწინათ ამერიკის ელჩმა ბრიტანეთში ბრალი დამდო – მე ხომ აშშ-ის ადმინისტრაციას სისხლს მოწყურებული მხეცი ვუწოდე. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: შეხედეთ დონალდ რამსფელდის სახეს და თქვენ თვითონ დარწმუნდებით.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ არის მხოლოდ წინასწარ გამიზნული კრიმინალური და ბარბაროსული შურისძიების აქტი, ის ნგრევის სიხარულითაა გაჟღენთილი. ძალა დიდ ვნებებს აღძრავს – ეს არაერთხელ აღუნიშნავთ და როგორც ჩანს, ასეთივე ვნებიანი სიხარულითაა აღსავსე სხვათა მოკვდინებაც.
ამერიკელები “საერთაშორისო საზოგადოების” მოჩვენებითი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს მხარდაჭერა მუქარის სხვადასხვა საიმედო მეთოდებით გამოიხატება: ძალის გამოყენება, ქრთამი, შანტაჟი, აბსურდი. “საერთაშორისო საზოგადოება” დეგრადირებულ ერთეულად გადაიქცა, რომელიც ულმობელმა მილიტარისტულმა ძალამ თავის სამსახურში ჩაითრია, ძალამ, რომლის მოქმედება უკვე ყველა ზღვარს სცილდება. ყველაზე უბადრუკ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაა, რომელიც თითქოსდა თავისი დიდი მოკავშირის მხარდამხარ დგას, სინამდვილეში კი გამათრახებულ ძაღლს უფრო ემსგავსება. ჩვენ დამცირებულნი ვართ, შეურაცხყოფილნი და პატივაყრილნი იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა აშშ-ს ურცხვად ელაქუცება.
დაგეგმილი ომი მხოლოდდამხოლოდ ერაყის დარჩენილი ინფრასტრუქტურის კოლაფსს, დიდ სისხლისღვრას, სიმახინჯესა და სნეულებას თუ მოიტანს, დაგეგმილი ომი – ეს ნიშნავს მილიონ ლტოლვილს და ძალადობის აღზევებას მთელ მსოფლიოში; ამავე დროს, ეს ერთგვარ მასკარადს დაემსგავსება – “წმინდა ომის”, ან “უბრალოდ ომის” ნიღბით, რომელსაც აწარმოებენ “თავისუფლებისმოყვარე დემოკრატები” ერაყში “დემოკრატიის” დასამკვიდრებლად.
მლიქვნელობის სუნი გვახრჩობს.
სინამდვილეში ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და უბრალო რამეს გულისხმობს – სუვერენული ტერიტორიის დაპყრობას, სამხედრო ოკუპაციასა და ნავთობის ხელში ჩაგდებას.
ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია – ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ.
© “ლიტერატურა _ 24 საათი”