ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

ჰარუკი მურაკამის Dance, Dance, Dance


ჰერბერტ მიტგენგი
ეს ამერიკაა თუ იაპონია?
ჰარუკი მურაკამის “Dance, Dance, Dance”

ყველაზე პოპულარული იაპონელი რომანისტის, ჰარუკი მურაკამის შემოქმედება გამსჭვალულია აღმოსავლური მეტაფიზიკით. მეორე მხრივ, მასში დასავლური რიტმებიც ხმიანობს. მწერლის ლაკონიური, ამერიკული ლიტერატურის ზეგავლენით აღბეჭდილი სტილი თითქოს საგანგებოდ უპირისპირდება იაპონური ლიტერატურული ტრადიციების ერთგული რომანისტების, მაგალითად, კობო აბეს, იუკიო მიშიმას ან იასუნარი კავაბატას (ნობელის პრემიის ერთადერთი იაპონელი ლაურეატის) მხატვრულ მანერას. უფრო ზუსტად, ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებებში აირეკლა რეიმონდ ჩანდლერის, ჯონ ირვინგისა და რეიმონდ კარვერის ქმნილებათა ზოგიერთი სტილური ნიშან-თვისება, მაგრამ იდუმალებით აღსავსე სიუჟეტები და ორიგინალური გმირები ამ თვითმყოფადი მწერლის დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძალისხმევის ნაყოფს წარმოადგენს.
“”Dance, Dance, Dance” მურაკამის უკანასკნელი და ყველაზე შთამბეჭდავი რომანია. ჩვეულებრივ, მისი გმირები გამუდმებით სადღაც მიისწრაფიან. მკითხველი ავტორთან ერთად მოგზაურობს იაპონიიდან ჰავაის კუნძულებზე, შემდეგ კი კვლავ იაპონიაში ბრუნდება. ნაწარმოების მთავარი გმირია 34 წლის ჟურნალისტი, რომელსაც მუდმივი სამსახური არ გააჩნია. ის თავს არ იტკივებს მატერიალურ საჭიროებებზე ფიქრით და ყოველთვის მზადაა ახალი თავგადასავლებისთვის.
მოგზაურობისას ჟურნალისტი ხვდება სხვადასხვა ტიპის ქალებს: საოცნებო, მომხიბვლელ ქალიშვილებს, მეძავებს და, ბოლოს, 13 წლის თავდაჯერებულ გოგონას, სახელად – იუკის. მარჯვე და ენაკვიმატი იუკი ხშირად ჩრდილავს კიდეც რომანის ცენტრალურ პერსონაჟს. ქცევით ის ელოიზას წააგავს, აზროვნებით კი – უტიფარ ლოლიტას. ჰარუკი მურაკამის, როგორც გამოცდილი მწერლის ოსტატობა იმაშიც გამოიხატება, რომ მისი რომანების (“ნადირობა გარეულ ცხვრებზე”, “ნორვეგიული ტყე”, “საოცრებათა ულმობელი ქვეყანა და სამყაროს დასასრული”) პერსონაჟი ქალები მიმზიდველობითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან.
“Dance, Dance, Dance”-ს უსახელო გმირი, რომელმაც მძაფრი სულიერი კრიზისი განიცადა განქორწინებასთან დაკავშირებით, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, დეპრესიული და ნიჰილისტურად განწყობილი პიროვნებაა. შემთხვევითი გასამრჯელოს მოსაპოვებლად ის უმნიშვნელო თემებზე მდარე სტატიების გამოქვეყნებასაც კი არ თაკილობს და თვითონვე დასცინის თავის ნაწერებს: “თელილი გზა. ხომ გაგიგონიათ? ფართო შარა”.
რომანის გმირი კიცხავს გიგანტურ იაპონურ ფირმებს, რომლებიც ნთქავენ პატარა კომპანიებს. ის აკრიტიკებს ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას. “განვითარებულმა კაპიტალიზმმა გადააბიჯა თავის საზღვრებს”, ამბობს ჟურნალისტი. “შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური საქმიანობა იქცა რელიგიურ ქმედებად. ახალი მისტიციზმი. ადამიანები ეთაყვანებიან კაპიტალს, მუხლს იყრიან სიმდიდრის წინაშე, აღმერთებენ ყველაფერს, რაც სიმბოლიზებულია სიმდიდრეში. ესაა ერთადერთი მითი, რომელიც შემორჩათ ადამიანებს”. საერთოდ, მურაკამის რომანები საკმაოდ აპოლიტიკურია, მაგრამ ამჯერად მისი გმირის შენიშვნები 1980-იანი წლების კაპიტალიზმის შესახებ სავსებით დამაჯერებელია.
ჟურნალისტი ცდილობს, იპოვოს ახალგაზრდა ქალი, რომელთან ერთადაც ის ოდესღაც ცხოვრობდა საპოროს ძველ, მაგრამ მყუდრო Hotel Dolphin-ში. ქალი გაქრა. ამასთან, იგივე დაემართა სასტუმროს. მის ადგილას ახლა წამოჭიმულია ვეება ცათამბჯენი, რომლის წინ ფრიალებენ სხვადასხვა სახელმწიფოთა დროშები. Hotel Dolphin-ის ნაცვლად ამ ახალ შენობას პრეტენზიული სახელწოდება – I` Hotel Dolphin – დაერქვა.
ნაწარმოებში გვხვდება მეცხვარე, რომელიც მურაკამის სხვა რომანის (“ნადირობა გარეულ ცხვრებზე”) პერსონაჟიცაა. ვინაა ის? რას აკეთებს მეცხვარე Dolphin-ის ბნელ დერეფნებში (რომლებსაც ადამიანი მიაგნებს, თუ თითს დააჭერს ლიფტის შესაბამის ღილაკს)? რატომ ხდება, რომ ის დაუბრკოლებლად აღწევს Dolphin-ის კედლებში? მეცხვარე შეიძლება გავიაზროთ, როგორც, მაგალითად, აჩრდილი; სინდისი; ბრძენი ბერიკაცი; ფანტასტიკური გამონაგონი, სიკეთის სიმბოლო ჩვენს უხამს სამყაროში… ან, იქნებ, ყველა მათგანი ერთად. ვინც არ უნდა იყოს მეცხვარე, ის მხოლოდ ერთ ფილოსოფიურ რჩევას სთავაზობს ჟურნალისტს: “იცეკვე. იმდენ ხანს იცეკვე, სანამ მუსიკა გაისმის”.
გაოგნებული მკითხველი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს: “Dance, Dance, Dance” იქცევა მკვლელობის მისტერიად – ჟურნალისტის რამდენიმე ნაცნობი უკვალოდ ქრება. ამავე დროს, რომანში ცენტრალური ადგილი განეკუთვნება სიყვარულის წარმავლობის თემას: ლამაზყურებიანი სატრფოს ადგილს იკავებს ლამაზსათვალიანი ქალი.
ყველაზე მიმზიდველ გმირად მიმაჩნია 13 წლის ბრძენი გოგონა იუკი. ჟურნალისტი მას მფარველობს, რადგან იუკის მშობლები საკუთარი სასიყვარულო თავგადასავლებით და სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. იუკი სინანულით საუბრობს დედამისის გარდაცვლილი ამერიკელი საყვარლის შესახებ, რომელსაც მან ერთხელ “ყეყეჩი” უწოდა, და შენიშნავს: “უგერგილო ადამიანი პერანგზე დაჩნეულ ლაქას წააგავს – მისი მოშორება ძნელი საქმეა”.
რომანი გაჯერებულია ამერიკანიზმებით. გარდა ამისა, წიგნში მოხსენიებული არიან ტრუმენ კაპოტე, ქაუნთ ბეისი, ქეით ჰარინგი, დართ ვეიდერი, კლინტ ისტვუდი, უოლტ დისნეი, ჯერი მალიგენი და ჯოდი ფოსტერი. ჟურნალისტი ძველ სუბარუში უსმენს ხოლმე როკს და თან ჯეკ ლონდონის ბიოგრაფიას კითხულობს.
მურაკამის რომანების თაყვანისმცემელი და მთარგმნელი ალფრედ ბირნბაუმი ინარჩუნებს ავტორისეულ სტილს და გაბედულად გადმოაქვს ინგლისურ ტექსტში ავტორის მიერ მრავალჯერ მოხსენიებული ამერიკული მუსიკალური ნაწარმოებების, წიგნებისა და ფილმების სახელწოდებები. შესაძლოა, ის ზედმეტად ხშირად მიმართავს ჟარგონს. მაგალითად, ჟურნალისტი ამბობს: “დილას რაღაც-რაღაცები ვიყიდე კინოკუნიას ხოშიან სუპერმარკეტში”.
საინტერესოა, როგორ თარგმნიდით “ხოშიანს” იაპონურ ენაზე?

The New York Times Book Review
1994, 3 იანვარი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box

One Comment