Uncategorized

ჰილდე დომინი – ლექსები

hilde domin 9999

გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

ჰილდე დომინი – „პოეტი კუნძულის სახელით“

ჰილდე დომინი გერმანიის ომისშემდგომი ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, გერმანული პოეზიის Grande Dame, როგორც მას დღეს მოიხსენიებენ.

მისი პირველი კრებული „მხოლოდ ერთი ვარდი საყრდენად“ 1959 წელს გამოვიდა და მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამ დროს თითქმის 50 წლის იყო, 22-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გერმანიაში რამდენიმე წლის დაბრუნებული. მისი სამეცნიერო და მთარგმნელობითი წარსულის მიუხედავად, გამომცემელს  მაინც ეუხერხულა დებიუტანტის ასაკი და უთხოვია, იქნებ დაბადების თარიღი შეგვეცვალაო.

ლექსების წერა 39 წლისამ დაიწყო და ეს იყო ერთგვარი თერაპია მოძალებულ დეპრესიასთან საბრძოლველად. წერდა, რათა როგორმე თვითმკვლელობაზე ფიქრს გაჰქცეოდა. ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ ჰგავდა „მომაკვდავს, რომელიც სიკვდილის წინააღმდეგ წერს“. თავის ცხოვრებას კი აღწერდა როგორც „ენის ოდისეას“ და თავს უწოდებდა მოგზაურს, რომელიც ერთი ენიდან მეორეში დაეხეტება.

1909 წელს კიოლნში, ებრაულ ოჯახში დაბადებული ჰილდე ლიოვენშტაინი, იურისტი მამის პროფესიით აღფრთოვანებული, ჯერ იურისპრუდენციას დაეწაფა, შემდეგ კი ფილოსოფიასა და პოლიტოლოგიას  კიოლნის, ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1932 წელს იტალიაში გაჰყვა თავის მომავალ ქმარს, მოგვიანებით ცნობილ კულტურის ისტორიკოსს ერვინ ვალტერ პალმს. მისი ენიდან ენაში მოგზაურობაც იტალიაში დაიწყო. მომავალი პოეტი თავს მასწავლებლობით ირჩენდა და ერთგულად თარგმნიდა ქმრის სამეცნიერო ნაშრომებს სხვადასხვა ენებზე. 1939 წელს წყვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა იტალია და ჯერ საფრანგეთსა და ინგლისში, შემდეგ, კანადაში გადასულიყვნენ, საიდანაც დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოს მიაღწიეს. იმ დროს ტრუხილიოს დიქტატორული რეჟიმი ებრაელებს თავშესაფარს აძლევდა.

გერმანული, ინგლისური, იტალიური, ესპანური – ის ენები იყო, რომელზეც ჰილდე პალმს თარგმნა და გაკვეთილების ჩატარება უწევდა. ემიგრაციაში გატარებული 22 წლის მიუხედავად, მისთვის მშობლიურ ენად გერმანული დარჩა, უფრო მეტიც, მას მიმართავდა როგორც თავშესაფარს, განსაკუთრებით, ცხოვრების მძიმე წუთებში. სხვა ენაზე წერა არც უცდია, მისი პირველივე ლექსები გერმანულ ენაზე დაიწერა, როცა პოეტი უკვე 39 წლის იყო. მოგვიანებით, შემოქმედებით ფსევდონიმად იმ ადგილის სახელი აიღო, სადაც მისი პოეტური ნათლობა შედგა. ასე იქცა ჰილდე პალმი ჰილდე დომინად – „კუნძულისსახელიან პოეტად“, როგორც შემდეგ ეძახდნენ. მის კალამს უამრავი პოეტური კრებული, ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომანი და ესე ეკუთვნის.

ჰილდე დომინი პოლიტიკურად ანგაჟირებული, დიალოგური პოეზიის კონცეპტს იზიარებდა, რომლის მაგია უბრალოებაში მდგომარეობდა.

მის ლექსებში ხშირად ჩნდება გამოთქმა „მიუხედავად ყველაფრისა“ და როგორც ინტერვიუებში აღნიშნავდა, თვითონ იყო ადამიანი, რომელიც ცოცხლობდა და იბრძოდა ამ სიცოცხლისათვის „მიუხედავად ყველაფრისა“.

ჰილდე დომინის ლექსები 26 ენაზე ითარგმნა და არაერთი პრიზით აღინიშნა.

პოეტი გარდაიცვალა 2006 წელს, 96 წლის ასაკში. საფლავის ქვაზე, ჰაიდელბერგში, ამოკვეთილია მისივე ლექსის სტრიქონი : „ჰაერს ვადგამდი ფეხს და ის მიჭერდა“.

 

დათვლა წვიმის წვეთების მძივზე

წვიმის წვეთებს ვითვლი ტოტებზე,

ბრწყინავენ, მაგრამ არ ცვივიან,

მძივად ასხმული, ბრჭყვიალა წვეთები

შიშველ ტოტებზე.

წყლიდან კი მდელო შემომცქერის

დიდი თვალებით.

ტირიფის ოქროსფერმწვანე ციცუნიებს

ბუსუსები დასველებიათ.

მათ ფუტკრები აღარ სტუმრობენ.

მინდა, ჩემთან მოვიწვიო,

რომ ცეცხლთან გაშრნენ.

 

ჩემსას უკვე მივაღწიე,

ყველაფერი მაქვს,

ჭერი, კედლები,

საწოლი, მაგიდა,

ცხელი წვიმა აბაზანაში

და ღუმელი ლომისფერ ფაფრით,

რომელიც ისე სუნთქავს,

თითქოს სახლში ცხოველი მყავდეს,

ან სახლიკაცი.

მყავს ფოსტალიონიც,

რომელიც ბარათს ამომიტანს

ჩემს მწვერვალზე.

 

მაგრამ ტირიფის ციცები

სახლში არ შემოდიან,

არც ბარათს ვიღებ,

რადგანაც დათვლას არ მანებებენ

წვიმის წვეთები.

ლექსის ჩაწერის სამი მეთოდი

1.

მდინარის დამშრალი კალაპოტი

შორიდან დანახული

რიყის კენჭების თეთრი გროვა

მათზე მინდა რომ დავწერო

გამოკვეთილი ასოებით

ანდა ღორღზე

ხვინჭაზე

ჩემი ნაწერის ქვეშ რომ ცოცავენ

მისრიალებენ

რითაც ჩემი სიტყვების მძიმე ცხოვრება

მათ გარეშეც

თითოეულ ასონიშანს ისედაც ექნებოდა.

 

2.

პატარა ასოები

სარგოა

მათგან სიტყვები ჩუმად მოდიან,

მათგან სიტყვები მოძვრებიან,

მათგან უნდა მიხვიდე იქ

სიტყვებთან

ისინი თეთრ ქაღალდზე ეძებენ

ჩუმად

ვერავინ ამჩნევს როგორ შემოდიან

ფორებიდან

ოფლი რომელიც მათ შემდეგ წვეთავს

შიში

ჩემი

ჩვენი

და ასევე თითოეული ასონიშანის

 

3.

ქაღალდის ერთი გრაგნილი მინდა

მე რომ ვარ იმხელა

მეტრი და სამოცი

და მასზე ერთი ლექსი

რომელიც ყვირის

ანდა ვიღაცა

შავი ასოების ყვირილით მიდის

რაღაც შეუძლებელს ითხოვს

სამოქალაქო გამბედაობას მაგალითად

ამგვარი გამბედაობა ცხოველებს არ აქვთ

თანა-ტკივილის მაგალითად

სოლიდარობას ჯოგურობის ნაცვლად

უცხო სიტყვების მშობლიურად ქცევას

 

ადამიანი

ცხოველი რომელსაც სამოქალაქო გამბედაობა აქვს

ადამიანი

ცხოველი

რომელსაც შეუძლია თანა-ტკივილი

ადამიანი უცხო სიტყვა-ცხოველი სიტყვა-ცხოველი

ცხოველი

რომელიც ლექსებს წერს

ლექსი

რომელიც შეუძლებელს ითხოვს

ყველა გამვლელისგან

სასწრაფოდ

დაჟინებით

თითქოსდა იძახდეს

„დალიე კოკა-კოლა“

შეუჩერებელი

ვინ წაიღებს უკან,

საკუთარ სიტყვას,

ცოცხალ,

ჯერაც არ წარმოთქმულ

სიტყვას?

 

იქ სადაც სიტყვა გადაიფრენს,

ბალახი ხმება,

ფოთლებს ყვითელი ფერი ედება,

იწყება თოვა.

უმალ ჩიტი დაგიბრუნდება,

ვიდრე სიტყვა,

შენს ბაგეს ჯერ რომ

არ წარმოუთქვამს.

შენ მას სხვა სიტყვებს მიადევნებ

ფერად, რბილბუმბულიან სიტყვებს.

სიტყვა სწრაფია,

შავი სიტყვა – უფრორე სწრაფი,

ის მუდამ აღწევს,

არასოდეს არ ჩერდება.

არასოდეს ამბობს უარს

მისვლაზე.

 

სჯობს დანა იყოს, ვიდრე სიტყვა.

დანა ბლაგვიც შეიძლება.

ხშირად დანა

გულს ცერად უვლის,

სიტყვა – არა.

სიტყვა ამთავრებს.

ბოლოს

ყოველთვის

არის სიტყვა.

აბელ წამოდექი

აბელ წამოდექი

უნდა ხელახლა გათამაშდეს

უნდა ყოველდღიურად ხელახლა გათამაშდეს

უნდა ყოველდღიურად გვქონდეს პასუხი

დიახ უნდა იყოს პასუხი

აბელ შენ თუ არ ადგები

როგორ შეიცვლება პასუხი

ერთადერთი მნიშვნელოვანი პასუხი

როდესმე მაინც

ჩვენ შეგვიძლია ყველა ეკლესია დავკეტოთ

და კანონთა ყველა წიგნი გავაუქმოთ

დედამიწის ყველა ენაზე

თუკი შენ ადგები

და გააბათილებ

პირველ არასწორ პასუხს

ერთადერთ კითხვაზე

ასეთი მნიშვნელოვანი რომ გახდა

წამოდექი

ამით კაენი იტყვის

ამით შეეძლება რომ თქვას

მე შენი მწყემსი ვარ

ძმაო

როგორ შემიძლია შენი მწყემსი არ ვიყო

ყოველდღიურად წამოდექი

რომ გვქონდეს ეს

დიახ მე აქ ვარ

მე

შენი ძმა

 

ამით აბელის შვილებს

მეტად აღარ შეეშინდებათ

რადგან კაენი კაენად აღარ იქცევა

ამას მე ვწერ

აბელის შვილი

და ყოველ დღე მაშინებს

პასუხი

ჰაერი ცოტავდება ჩემს ფილტვებში

პასუხის მოლოდინში

 

აბელ წამოდექი

ამით სულ სხვა რამ დაიწყება

ყოველ ჩვენგანს შორის.

 

ყველა ცეცხლი, რაც კი ანთია

დედამიწაზე რომ ცეცხლი გიზგიზებს

იყოს აბელის ცეცხლი

 

და ცეცხლი რაკეტათა კუდებზეც

იყოს აბელის ცეცხლი

რთული გზები

ეძღვნება რ. ჰ. -ს

ყველაზე რთული გზები მარტომ გამოვიარეთ.

მარტო არიან

გულისგატეხა,

ზარალი,

მსხვერპლი.

გარდაცვლილიც კი,

ძახილზე რომ ყველას სცემს პასუხს

და თხოვნაზე არვის აწბილებს,

არ გვეხმარება

და გვიყურებს,

აბა, თუ შევძლებთ.

ცოცხლები ხელებს იწვდიან ჩვენსკენ,

ვერ გვეხებიან

და  დგანან ასე, ზამთრის ხეების ტოტებივით.

გაჩუმებულა ყველა ჩიტი,

მხოლოდ საკუთარ ფეხის ხმას თუ გაარჩევს კაცი,

და იმ ნაბიჯის, ჯერ კიდევ რომ არ გადადგმულა,

მაგრამ უთუოდ გადაიდგმება.

გაჩერება და შემობრუნება

ვერ გიშველის.

ეს გზა შენი გასავლელია.

 

დაიჭირე სანთელი ხელში,

თითქოს კატაკომბს მიუყვებოდე.

პატარა შუქი სულ ოდნავ

და მაინც, თუკი დიდხანს ივლი,

რაღაც მოხდება

რადგან სასწაული ყოველთვის ხდება,

რადგან უფლის მადლის გარეშე

ვერ ვიცოცხლებდით:

დღის შუქი სანთლის ალსაც ააბრიალებს

მას ღიმილით ჩააქრობ უკვე

როცა მზეში გადააბიჯებ

და აყვავებულ ბაღებში ჩაფლულ ქალაქს იხილავ,

ხოლო შენს სახლში,

მაგიდაზე,

თეთრი სუფრა გხვდება გაშლილი

და დაკარგული  ცოცხლები

და გადარჩენილი მკვდრები

პურს გიტეხენ და ღვინოს გაწვდიან

და მათი ხმები კვლავ ჩაგესმის

სულ ახლოს,

გულთან.

მხოლოდ ერთი ვარდი საყრდენად

ოთახს ვიწყობ ჩემთვის ჰაერში,

აკრობატებს და ფრინველებს შორის:

ლოგინს გრძნობების ტრაპეციაზე დავაგებ,

როგორც ბუდე დგას ქარში გაწვდილ

ტოტის წვერებზე.

 

უნაზესი მატყლის საბანს ვყიდულობ

ცხვრის ტანზე რომ იტალღება, ისე ფაქიზად,

როგორც ღრუბელი,

მთვარის შუქზე მოელვარე

დედამიწის გადამცურავი.

 

თვალებს დავხუჭავ და გავეხვევი

საიმედო ცხოველის ბეწვში.

მინდა პატარა ჩლიქების ქვეშ შევიგრძნო ქვიშა

და ვუსმინო ურდულის წკარუნს

ფარეხის კარს რომ გადაკეტავს საღამოჟამს.

 

მაგრამ ფრინველის ფრთებზე ვწევარ,

ზევით, ჰაერში დარწეული,

ვერ ვიძინებ, თავბრუ მეხვევა.

ჩემი ხელი საყრდენს დაეძებს,  რომ მოეჭიდოს

და რასაც პოულობს, ერთადერთი,

მხოლოდ ვარდია.

მუქარა

დღეების არეული რიგი

ჩამომდგარა ჩემი კარის წინ

მევალეები

როგორც ვატყობ

ყველას რაღაცა უნდა ჩემგან

ყოველი მათგანი თავისი ნუსხით

უკვე დღეიდან ითხოვს

ხვალისას

 

მე ვიკეტები დღესთან ერთად

საათთან ერთად

ამ მოკლე

მარადიულ წუთთან ერთად

გამწარებული ვიკრავ გულში

ყვითელფარდებიან კედლებს

რომელიც მე აღარ მეკუთვნის.

 

ნეტავ დარჩენა შემეძლოს

ამ წუთში

ამ ფუჭად ჩამოვარდნილ

უსინდისო წუთში

თავის თავსაც რომ ძლივს იკავებს.

 

დღეები გარეთ

ხმამაღლა გაიძახიან

რას მოითხოვენ

საქმის გადაბარება უნდათ ჩემგან

პირობას პირობაზე მიყენებენ

და არაფერს არ მპირდებიან.

შენ არსებობ

შენ იქ ხარ,

სადაც თვალებს შეუძლია რომ დაგინახონ.

სადაც მზერა ერთმანეთს ხვდება,

შენ ჩნდები.

 

ძახილი

მუდამ ერთი ხმაზე ჟღერს,

თითქოს ყოველი დაძახილი

მხოლოდ ერთს უხმობს.

 

იქცევი,

მაგრამ არ ეცემი,

თვალები გიჭირენ.

 

შენ არსებობ,

რადგან თვალებს სურთ,

შემოგხედონ და გითხრან,

რომ შენ არსებობ.

ერთი დღის წინ

ჯერ კიდევ ნორჩი, პატარა,

ფაფუკი ფურცლების კოცნა,

ვარდის ფურცლების,

კოკრიდან რომ ახლა გამოდის,

ცოტა არ არის იმ სამყაროსგან,

რომ ჩამომდგარა

მიღებისა და გაცემის სურვილებს შორის.

 

შენ საბანს ისე სათუთად მხდი,

ასე ბავშვსაც არ აღვიძებენ,

თითქოს ისეთი სუსტი ვიყო,

როგორც მართლა ვარ.

 

მე ვერ ვიქნები უფრო ნამდვილი

ვიდრე ლექსი

ანდა სიზმარი

ან ღრუბელი

ღრუბლებს შორის.

 

და მაინც, შენი წასვლის შემდეგ

ეჭვად ეს მრჩება:

ნუთუ მამაკაცს

ასე ამხნევებს

ღრუბელთან წოლა?

მწირი საკვები

ვწვები,

არ მძინავს,

არ ვჭამ,

არ ვრწყავ ყვავილებს.

თითის განძრევად არაფერი ღირს.

არაფერს ველი.

 

შენმა ხმამ, გულში რომ მიკრავდა,

უკვე მრავალი დღეა დამტოვა.

მას ლუკმა-ლუკმა ვიზოგებდი

ყოველდღიურად,

მრავალი დღე ამით ვიკვებე,

გამოზომილად,

ღარიბი კაცის ცხოველთა მსგავსად,

გზისპირას რომ წასწვდებიან

ლორთქო ღეროებს

და ნამცეცსაც არ კარგავენ.

 

ასე ცოტა და ასე ბევრი,

ეს ხმა რომ არის,

მე რომ მეხვევა,

დამიტოვე,

ამ ხმის გარეშე

სუნთქვა არ ძალმიძს.

უცხო ხელი

უცხო, ძლიერმა ხელმა

სახნისივით გადამიაროს

და დაგლიჯოს შენი ფესვები.

ჩემი სხეული

მინდა უცხო ოფლით დავზილო,

მსგავსად მწველი ნელსაცხებლების,

რომ შენი სუნი

ყველა უჯრედს გადაავიწყდეს.

თმა

ისე უსახელოდ ეფინოს ჩემს კანს

როგორც ტყის ნეშოს – ნაძვის წიწვები.

სხვა ტუჩებმა დაკოცნონ თვალი

შენზე მტირალი.

 

ჩემი სული კი,

დაგეძებს ისე გულუბრყვილოდ,

როგორც ზღვის თავზე საღამოჟამს მიფრინავს ჩიტი,

ექცევა მხარი

და ხმელეთზე არასოდეს აღარ ბრუნდება.

© არილი

Facebook Comments Box