• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2008 – ივნისი

    ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო, “უდაბნო”. მთარგმნელი სოფიო ბედნიაშვილი. თბ. “დიოგენე” 2007.

    აღმოსავლეთისა და დასავლეთის უცნაური სინქრონიზაცია – როდის კარგავს ფუნქციებს ერთი, და იძენს მეორე, ან კი რამდენად ავსებენ ერთმანეთს, შეუძლია თუ არა ერთს არსებობა მეორის გარეშე… ამჯერად ეს ყველაფერი ლე კლეზიოს რომანის პერსონაჟის, მშვენიერი ქალის – ლალას გადასაწყვეტია. ლე კლეზიო დღემდე 30-მდე რომანის ავტორია, წიგნისათვის “უდაბნო” კი მას 1980 წელს საფრანგეთის აკადემიამ პოლ მორანის პრემია მიანიჭა. ამჯერად ქართველ მკითხველსაც ეძლევა საშუალება, გაეცნოს თანამედროვე ფრანგი კლასიკოსის შემოქმედებას.

    შან სა, “ციური მშვიდობის კარიბჭე”. მთარგმნელი ქეთევან კვანტალიანი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.

    “ციური მშვიდობის კარიბჭე” ფრანკოფონი ჩინელი მწერლის, შან სას პირველი რომანია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. რომანისათვის მწერალი 1977 წელს გონკურის პირველი პრემიით დაჯილდოვდა. წიგნი პეკინში ტიანანმენის ტრაგიკული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც შან სას ცხოვრებასა და შემდგომ შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. რომანი სიყვარულზე, სევდაზე, თანაგრძნობასა და სილამაზეზე – ეს შან სას ესთეთიკაა, ასე ხედავს მწერალი სამყაროს, მაშინაც კი, როდესაც ომსა და მის სისასტიკეზე წერს.

    მეგრული ხალხური პოეზია, “100 ლექსი”. შემდგენელი გივი ბოჯგუა. თბ. “ინტელექტი” 2007.

    ქართული ფოლკლორის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, ამჯერად კი უმწერლობო ქართველური ენების ხალხურ შემოქმედებაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. “100 ლექსის” მორიგ სერიაში მეგრული ფოლკლორის ნიმუშებია თავმოყრილი, რომლებიც როგორც ფორმით, ისევე შინაარსითა და თემატიკით არანაკლებ საინტერესოა. მეგრული ხალხური პოეზიის ნიმუშებს გივი ბოჯგუამ მოუყარა თავი, მანვე დაურთო ვრცელი შესავალი წიგნს და ლექსების რედაქტირებაზეც იზრუნა. ამჯერად, მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს წიგნს, სადაც ქართველური ენების ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ნიმუშებია თავმოყრილი.

    თამარ ბეროზაშვილი, “ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი”. სამეცნიერო რედაქტორი ავთანდილ არაბული. თბ. “დიოგენე” 2007.

    ენის შესწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ლექსიკოლოგია, და შესაბამისად, დიდი დატვირთვა გააჩნიათ ლექსიკონებსაც, როგორც ამა თუ იმ სიტყვის განმარტების ზუსტი და ადეკვატური აუცილებლობით გამოწვეულ შედეგს. ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი ამჯერად მოსწავლეებისთვისაა და მათ მშობლიური ენის უკეთ, სიღრმისეულ გაცნობა-შესწავლაში დაეხმარება. მუშაობას გაუადვილებს მასწავლებლებსაც, რომლებიც არაერთ სირთულეს აწყდებიან ქართული ლიტერატურის ენობრივად მრავალმხრივი პროგრამის ახსნა-სწავლებისას. ახალი ლექსიკონი ყველა მოსწავლის საუკეთესო სამაგიდო წიგნია.

    თომას მანი, “ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”. მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე. თბ. “ინტელექტი” 2008.

    არის შემთხვევები, არიან ავტორები, წიგნების ყდებზე იკითხებიან სახელები, რომელთა გაგონების ან დანახვის შემდეგაც უბრალოდ უნდა გაჩუმდე და მათი ტექსტებისგან მიღებული ტკბობა გაიხსენო. “ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება” თომას მანმა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაწერა, და მათ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ ახალგაზრდა კრულის ფათერაკებითა და სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე თავგადასავალი, წინ დიდი სიამოვნება ელით. რომანი ხელმეორედ გამოიცა, ამჯერად ნობელის პრემიის ლაურეატთა სერიით.

    მარიანა ნანობაშვილი, “ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი”. (მოთხრობები). თბ. “დიოგენე” 2007.

    ყველა წიგნს ჰყავს თავისი მკითხველი, ისე, როგორც ყველა მკითხველს – თავისი ავტორი. თუ თქვენ მარიანა ნანობაშვილის პროზის მკითხველი ხართ, მაშინ კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება, ავტორის მოთხრობები ახლა უკვე ერთ წიგნად თავმოყრილი გადაიკითხოთ. კრებული “ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი” მარიანას მეორე წიგნია და მასში ბოლო წლებში დაწერილი ტექსტებია შესული. “ჩრდილების როკვა”, “მთვარის მეხუთე ფაზა”, “ლამაზი გოგო”, “მესიჯი არსაით”, “იდენტიფიკაცია” და სხვა მოთხრობები ალბათ უკვე ეცნობა მკითხველს სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდიკიდან თუ ელექტრონული გამოცემებიდან.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ზაზა თვარაძე – ლექსები

    * * *
    მ. და ზ.

    ჯერ თოვლი მოთოვს,
    მერე კი მიწას
    დაეწვეთება თვალების ნამი.
    თუ შეედრება გარანდულ ფიცარს –
    ცამდე ასული ლარიქსის ტანი.
    თუ შეედრება სინათლე ლოდინს,
    შეხვედრა დუმილს,
    სინაზე საფლავს,
    შავი და მძიმე საფლავის ლოდი –
    ჩვენი მსუბუქი ცხოვრების ამბავს…

    * * *

    გარეთ გამოდი ხელში
    იმ შენი ძველი გიტარით,
    რამე იმღერე ეშხით
    რამე ამბავი გვითხარი
    სადაც ანთია ცეცხლი,
    სადაც გელიან ძველები,
    სადაც ყველაფერს შეცვლი
    ამ დალურსმული ხელებით.
    დავრჩი მარტოკა სახლში,
    გარეთ ლოთები კივიან
    და ვარსკვლავები ცაში
    მკვდარ ბავშვებივით მტკივიან.

    * * *

    გამომეცხადა ზაზა თვარაძე
    მე – ჩაძინებულს – დამცა თავზარი.
    დაიწყო როშვა ქარზე, მთვარეზე,
    დავემორჩილე, ხმაც ვერ დავძარი.

    მოისხა მხრებზე ჩემი სამოსი,
    გაუყვა ჩემი ხსოვნის სანახებს,
    ხეტიალობდა იმ მიდამოში,
    რომელიც სიზმრად მევე ვანახე,

    გაპაპაჯორდა ჩემს საბრძანისში,
    აღარ დატოვა ჩემი მისხალიც,
    ვეჭვობ – ქირასაც არ გადამიხდის
    დავიღუპები ალბათ მის ხელით.

    ალმასხან

    და ჩემს თავსზემოთ მოჩანდა
    ცივი ფუტურო ცა.
    ვიდექი მეტროს ჩასასვლელთან –
    ეს არის გვირაბი,
    არა, ჯურღმული,
    ქვევით დამრეცად მიმავალი
    თავისი ხოდით,
    გოგირდოვანი ქარით სავსე,
    უცნაური, შეუძლებელი,
    სრული აბსურდი.
    მე იქ ვიდექი.
    ცივი ფუტურო ცა.
    ცა ცარიელი.
    არ ხარხარებდა ველური ღმერთი,
    მეძავებსაც ჩასძინებოდათ,
    ზამბახიც ისევ
    თავს უხრიდა ნაბიჭვარ ნიავს.
    ცივი ფუტურო ცა.
    ცარიელი.
    ვდგავარ მეტროსთან.
    ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
    ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
    თვით ბილიკიც კი –
    მიაგავს ბილიკს.
    ცარიელი ცა.
    ფუტურო, ცივი.
    დაკარგული სინათლით სავსე,
    გამობრუჟული ტრაკებით სავსე –
    ცა ცარიელი.
    და მეტროს ხარო,
    პირდაფჩენილი,
    ხან ამომძახებს: გარყვნილი ხარო.
    რადგან ფუტურო, ცარიელი,
    ვდგავარ მეტროსთან,
    ცივი ნიავით შუბლდანაქროლი,
    გოგირდოვანი სუნთქვით სავსე
    როგორც ზღაპრის ელექტროდეპო..
    არა – ურჩხული,
    ცივი, ფუტურო,
    გადანგრეული.
    ცა – დანგრეული,
    იქ ღრუბლები კორპუსებივით
    უმოწყალოდ ეხეთქებიან
    და ხალხი კივის,
    კივის უღმერთოდ:
    მიწისძვრა, ზემლეტრესენიე!
    იქ ის ინგრევა,
    მე აქ, მეტროსთან
    ვდგავარ მყარი და მონამორჩილი
    პარლამენტივით,
    ბულგარეთის პარლამენტივით
    სანზონასავით ცივი, ფუტურო,
    ცარიელი,
    ამქვეყანაზე მოვლენილი, როგორც ალმასხან.

    პოეტის ჩონჩხი

    მთელი ზამთარი ვიჯექი მარტო,
    წინ მედგა ვისკი, არ მქონდა ძალა
    არც სიცოცხლისთვის, არც სიკვდილისთვის,
    არც ოცნებისთვის, სული რომ მალავს.
    თავზე მეხურა, რაღაც გლეხურად,
    მეზობლისაგან ნათქერი ჭერი,
    ვგავდი მტრებისგან ნაკორტნ ბეღურას,
    თუმცა ამქვეყნად არა მყავს მტერი,
    ვერ ვგრძნობ ამხანაგს, მხოლოდ ხანდახან
    როგორც ქარხანა, წარმოშობს შეშლილს
    ეს ბრმა ქალაქი, და ასამარებს
    საკუთარ იმედს გიჟური თესლით,
    მხოლოდ ხანდახან, ერთ დროს მამაცი,
    პირზე შერჩენილ სინაღდის მისხლით,
    მოდის ძმაკაცი ლოთურ ბარბაცით,
    და ღრანჭებიდან ნიჰილიზმს ისვრის..
    ზღვიდან მოტანილ ფერად ნიჟარებს
    ვალაგებ, როგორც ბარტყების გვამებს,
    ვეღარ ვიშორებ მლაშე სიზმარეთს,
    სასტიკ აკორდებს, შემპარავ გამებს,
    რაღაც ციფრებად იქცა სინათლე,
    სულიც იქცევა სისხლიან წყალად,
    მივდივარ სადღაც, ძლივსღა მივათრევ
    შერჩენილ ბოდვებს სულ უფრო მკრთალად,
    ხელს მიქნევს ჩონჩხი ძმური სინაზით:
    “წამო, ძამიკო, გავცდეთ ამ ქალაქს,
    ზურგი ვაქციოთ ჩამქრალ მირაჟებს,
    წამო, ძამიკო!
    გავიქცეთ ჩქარა!”

    * * *

    ცარიელია ღამე და დღე და
    საღამო, დილა და ყველა წამი,
    და ყოველ საგანს, რომელსაც ვხედავ
    ედება ჩუმი სიკვდილის ნამი,
    და შხამი შიშის, და თრთვილი წასვლის,
    და სიცოცხლიდან დაძრული აზრი,
    რომ ყველა იმედს სიბნელე წაშლის
    და კაპიკია სიცოცხლის ფასი,
    რომ ყველა გრძნობა, არსებობს რაც კი,
    არარსებობის მემკვიდრე არის,
    ქვეყნად მყოფნიც კი ერთმანეთს ავცდით
    და უკვე სადღაც მიგვრეკავს ქარი,
    არის სინათლე, მაგრამ სინათლეც
    დაბადებითვე არაფერს მალავს,
    ცარიელია ღამე და დღე, და
    თვით სინამდვილეს აკლია ძალა.
    მაგრამ შემხედავს დაცინვით ვინმე:
    მაშ, ასე მწყობრად რატომღა როშავ?
    ეს არის მხოლოდ უაზრო ჰიმნი,
    და ნარცისების კეკლუცი დროშა.

    გაზაფხული

    დღეს მერცხალი შემოფრინდა
    ფრთა შემოჰკრა ფანჯარას,
    ჭიკჭიკითა გადმომძახა:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ვკითხე: ჩიტო, ჩიტუნია,
    ვის უგალობ? ანდა – რას?
    მან კვლავ ცივად გადმომჭყივლა:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ჩემს თავს ვუთხარ: ადე, კაცო!
    რას უზიხარ მანდა, რას?!
    რა თავს ქინდრავ, გამოცოცხლდი:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ჰოდა, აწი რას დაგაკლებს
    ავაზაკთა ბანდა, რას?!
    გაზაფხულდა! გაზაფხულდა!
    კოკოითი ფანდარასტ!

    მივდექ სარკმელს… რას ვნახავდი:
    არაფერი ჩანდა, რას…
    მხოლოდ ჩიტი გაჰკიოდა:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ეეჰ…
    კვლავ ჩემს ფიქრს დავუბრუნდი,
    ვით ქათამი ქანდარას,
    ჩემს თავს, როგორც ვიღაც უცხოს,
    ჩიას და კაფანდარას,

    ნეტა დედამ მშობა რისთვის,
    ეს ცხოვრება ჰგვანდა რას…
    კოკოითი, ბოკოითი,
    გოკოითი ფანდარასტ!

    * * *

    ავი გრძნობები მაწუხებს
    უკვე რამდენი წელია,
    გულში ვგრძნობ მწარე მარწუხებს,
    ჩემი ცხოვრება ძნელია,

    დავწექი, თვალი დავხუჭე,
    სიზმრებშიც ნათელ-ბნელია,
    იქაც არავინ არ არის,
    აღარსად აღარ მელიან.

    სიზმრის და ცხადის გარჩევით
    მე გული გადამელია.

    * * *

    დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
    გავხდი სრულიად პოსლიკა,
    ბებერ ხარივით დავეცი,
    ვერ გამოვდივარ ბოსლიდან,

    ვერ გამოვდივარ ბოსლიდან,
    ვერ გამოვდივარ ბაგიდან,
    რად მინდა – კაცი არ კაცობს,
    ქართლის სიგლახემ დამბრიდა.

    გრძელი როქი

    სიტყვა მხოლოდ კონტექსტში იძენს
    ელფერს და წონას:
    “ქიშის” გარეშე რა იქნებოდა
    სახელი “ნონა”?!

    “ლექსის” გარეშე რას მოასწავებს
    გვარი “თვარაძე”?
    და თუ არა “შენ”,
    “ყველაფერი” – ნიშნავს “არაფერს”.

    იფნები

    მე დავიღალე. მე მეძინება.
    ბინდით ივსება ჩემი გონება.
    სახეზე ბინდი დამეფინება.
    გული მიწისკენ დაიწონება.

    შენც დაიღალე. შენც გეძინება.
    შენ გინდა იგრძნო მეტი სინათლე,
    ბინდი გიკარგავს შენ მოთმინებას
    დაუყოვნებლივ და მაშინათვე,

    მაგრამ სად ვნახავთ ჩვენ სხვა სიხარულს,
    უერთმანეთოდ, ამ მურტალ ქვეყნად,
    წავალ და წახვალ, სულ გვეხსომება
    რომ ერთდროს კაცი და ქალი გვერქვა,

    და ყველაფერი ისევ იქნება
    თუ ისევ შევხვდით სადმე და ოდეს
    მოვალთ ხეებად, თუნდა იფნებად
    ისევ ერთმანეთს გავუწვდით ტოტებს

    და ვიგრძნობთ ვარჯში გაცრილ სინათლეს,
    ჭკნობაშეპარულ ფოთლების ცვენას
    და რაღაც ძველ და მარტივ სიმართლეს
    რამაც ამქვეყნად აღმოგვაცენა.


    * * *

    კვერცხივით თოხლო მზე, გორაკები. ქვემოთ დაბლობზე – დიდ სივრცეზე გადაჭიმული ქვის კორპუსები. სასახლეები, რუხ გორაკებზე მიმავალი ხვეული შარა. იქ ავდიოდით ავტობუსებით – სასაფლაოსკენ. წინ და შორს, რწევით, მიცვალებულს მიასვენებდნენ. ჰა მუხათგვერდიც. ისმოდა მკვდრების მკვახე ყიჟინა: აქ ნუ მოდიხართ, აქ ნუ მოდიხართ! თქვენი ადგილი აქ აღარ არის! ზემოთ ზეგანზე ტბა გამოჩნდა. ჯვრის მონასტერი ხელისგულივით. მაგრამ არსად არ ჩანდა ღმერთი. არც მიწაზე და არც ზეცაში. რადგან ცაც ხომ ამ პლანეტის ელემენტია. მივედით ქვების სამყოფელში. კვიპაროსებში. მაგიდებზე ჩიტის სკინტლები. აქ ნუ მოდიხართ! – ყვიროდნენ მკვდრები. მიწა ჩავთხარეთ, ჩავეჭერით, პირი ტალახით ამოვუვსეთ. ფიცხლად ვეკვეთეთ გაშიშვლებული ტისაკებით. ჩავეცით თითო, ჩამპალ ღვიძლებში გავუყარეთ ცივი მეტალი. ვაოტნეთ ორგზის დაბრედილნი. ჩავჭერით მიწა. ჩავაწვინეთ ჩვენი დათო. იდგნენ მდელოზე კვიპაროსები მდუმარებაში. ცა, მდუმარება, როგორც სურათი უშფოთველი, რომელზეც არცერთ დეტალში მოჩანს თვით შემოქმედი. როგორც ფოტო – ვრცელი, ფერადი – რომლის მიღმა იმალებიან შემზარავი ნეგატივები. ღამე უმზეო, ღამე მზიანი. მე ამ ღამეს კარგა ხანია, მთელი არსებით ასე მივები – ასე მივები, უკიდეგანოდ. ამოვქოლეთ მერე საფლავი. წამოვედით მოქელეხენი, დარბაზის ბუნკერს მივაშურეთ, როგორც აკლდამას.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ინტერვიუ

    ინტელექტუალები და ძალაუფლება

    ინტელექტუალები და ძალაუფლება
    დიალოგი მიშელ ფუკოსა და ჟილ დელიოზს შორის

    მიშელ ფუკო: ერთი მაოისტი მეუბნებოდა: “მესმის, სარტრი რატომაა ჩვენ მხარეს და ისიც მესმის, პილიტიკაში რატომაა ჩართული; შენიც, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მესმის, რადგან ყოველთვის სვამდი ჩაკეტვის საკითხს. აი დელიოზისა კი ნამდვილად არ მესმის.” ამ კითხვამ საოცრად გამაკვირვა, რადგან მგონია, რომ შენ შემთხვევაში ყველაფერი ძალზედ ნათელია.
    ჟილ დელიოზი: ეს შეიძლება იმითაა გამოწვეული, რომ თეორიისა და პრაქტიკის მიმართებები დღეს ახლებური სახით წარმოგვიდგება. პრაქტიკას ხან თეორიის გამოყენებად მიიჩნევდნენ, ხანაც, პირიქით, თეორიის შთამაგონებლად, თითქოს იგი თავადაა თეორიის მომავალი ფორმის შემოქმედი. ყოველ შემთხვევაში, მათი მიმართებები გაგებული იყო, როგორც ამა თუ იმ სახის ტოტალიზაციის პროცესი. ჩვენთვის, შესაძლოა, საკითხი სხვაგვარად დგება. (…) ჩვენთვის თეორეტიკოსი ინტელექტუალი აღარ არის სუბიექტი, წარმომდგენელი თუ წარმომადგენლობითი ცნობიერება. ისინი, ვინც მოქმედებენ და იბრძვიან, აღარ არიან წარმოდგენილნი ვიღაცის მიერ, იქნება ეს რომელიმე პარტია თუ სინდიკატი, რომლებიც თავის მხრივ ითვისებდნენ უფლებას, ყოფილიყვნენ ამ ხალხის შეგნება. ვინ ლაპარაკობს და ვინ მოქმედებს? ყოველთვის რაღაც სიმრავლე, თუნდაც იმ პიროვნების პირით, რომელიც ლაპარაკობს ან მოქმედებს. ჩვენ ყველანი ნამცეცა ჯგუფები ვართ. აღარ არსებობს წარმომადგენლობითობა; აღარაფერია გარდა მოქმედებისა, თეორიის მოქმედებისა, პრაქტიკის მოქმედებისა, გარკვეული ტრანსფორმაციებისა და ქსელების ურთიერთკავშირში.

    მ.ფ.: ჩემი აზრით, ინტელექტუალის პოლიტიზება ტრადიციულად ორი რამიდან გამომდინარე ხდებოდა: მისი როგორც ინტელექტუალის პოზიცია ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, კაპიტალისტური პროდუქციის სისტემაში, მის მიერ შექმნილ თუ თავსმოხვეულ იდეოლოგიაში (იგი ექსპლუატირებულია, სიღატაკემდეა მიყვანილი, უარყოფილია, “შეჩვენებულია”, დადანაშაულებულია სუბვერსიულობაში, ამორალურობაში და ა.შ.); და მისი საკუთარი დისკურსი, როგორც გარკვეული ჭეშმარიტების გამომმჟღავნებელი, რომელმაც პოლიტიკური კავშირები დაინახა იქ, სადაც მათ ვერ ამჩნევდნენ. პოლიტიზების ეს ორი ფორმა არ იყო ერთი-მეორისთვის უცხო, მაგრამ არც მათი დამთხვევა იყო აუცილებელი. არსებობდა “შეჩვენებულის” ტიპი და “სოციალისტის” ტიპი. ეს ორგვარი პოლიტიზებულობა ადვილად ირეოდა ერთმანეთში ძალაუფლების მხრიდან აგრესიული რეაქციის მომენტში – 1848 წლის შემდეგ, კომუნის შემდეგ, 1940 წლის შემდეგ: ინტელექტუალი უარყოფილი და დევნილი იყო სწორედ იმ მომენტში, როცა საგნები თავიანთ “ჭეშმარიტებაში” ჩნდებოდა; როცა არ იყო საჭირო იმის თქმა, რომ მეფე შიშველია. ინტელექტუალი სიმართლეს ეუბნებოდა იმათ, ვინც მას ჯერ კიდევ ვერ ხედავდა და ლაპარაკობდა მათი სახელით, ვისაც არ შესწევდა სიმართლის თქმის უნარი: ინტელექტუალობა უდრიდა სინდისზე დამყარებულ შეგნებულობასაც და მჭევრმეტყველებასაც.
    არადა, რაც ახლახანს მომხდარი ჯანყის მერე აღმოაჩინეს ინტელექტუალებმა (1968 წელს), იყო ის, რომ მასებს ისინი არ სჭირდებოდათ, რათა რაიმე სცოდნოდათ; მათ ყველაფერი შესანიშნავად, ზუსტად, ინტელექტუალებზე ბევრად უკეთესად იციან და ამას მშვენივრადაც გამოთქვამენ. მაგრამ, ამავე დროს, არსებობს ძალაუფლების რაღაც სისტემა, რომელიც აბრკოლებს, კრძალავს და აუძლურებს მათ ამგვარ მეტყველებასა და ცოდნას; ძალაუფლება, რომელიც არა მარტო ცენზურის მაღალ ინსტანციებშია, არამედ საზოგადოების მთელ ქსელში იჭრება ღრმად და ძალზედ ეშმაკურად. თავად ინტელექტუალებიც ძალაუფლების ამ სისტემის ნაწილს შეადგენენ; იდეა, რომ ისინი სინდისის, შეგნებისა და დისკურსის რწმუნებულნი არიან, მათ თავად აქცევს ამ სისტემის ნაწილად. ინტელექტუალის როლი იმაში კი აღარ მდგომარეობს, რომ “ოდნავ უფრო წინ ან ოდნავ უფრო განზე” დადგეს საყოველთაო მუნჯი სიმართლის გამოსათქმელად, არამედ უფრო იმაში, რომ ძალაუფლების ფორმებს ებრძოლოს იქ, სადაც იგი – ინტელექტუალი – ერთდროულად ამ ძალაუფლების ობიექტიცაა და იარაღიც: “ცოდნის”, “ჭეშმარიტების”, “სინდისიერების” და “დისკურსის” სფეროში.
    ამიტომაცაა, რომ თეორია ვერასოდეს გამოხატავს, გადათარგმნის ან გამოიყენებს რაიმე პრაქტიკას; იგი თავადაა პრაქტიკა, ოღონდ ლოკალური და რეგიონალური, ანუ თქვენი თქმისა არ იყოს: არა ყოვლისმომცველი. ბრძოლა ძალაუფლების წინააღმდეგ, ბრძოლა მის გამოსავლენად და შესარყევად იქ, სადაც ის ყველაზე უხილავი და ცბიერია. არა ბრძოლა რაიმის “შესაგნებად” (უკვე კარგა ხანია, რაც შეგნება როგორც ცოდნა მასების მიერაა ათვისებული, შეგნება როგორც სუბიექტი კი – ბურჟუაზიის მიერაა მითვისებული), არამედ ბრძოლა ძალაუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად და მის ასაღებად – ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამისთვის იბრძვის, და არა განზე დგომით, მათთვის ჭკუის დასარიგებლად. “თეორია” სხვა არაფერია, თუ არა ამ ბრძოლის რეგიონალური სისტემა.
    ჟ. დ.: (…) თეორია არასდროს ეწევა საკუთარი თავის ტოტალიზებას, არამედ გამრავლებასა და თვითგამრავლებას ახდენს. ეს სწორედ ძალაუფლებაა, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ტოტალიზებით ოპერირებს; თუმცა თეორია– თქვენ ზუსტად შენიშნეთ – თავისი ბუნებით ძალაუფლების წინააღმდეგიცაა. მიეჯაჭვება თუ არა თეორია ამა თუ იმ საკითხს, იგი იმთავითვე ეჯახება თუნდაც უმცირესი პრაქტიკული შედეგის გამოღების შეუძლებლობას, თუ მაინცდამაინც რაიმე აფეთქება არ მოხდა, ისიც სრულიად სხვა სფეროდან მომდინარე. ამის გამოა, რომ რეფორმის ცნება ასეთი უაზრო და ფარისევლურია. რეფორმის შემუშავება ან იმ ხალხის მიერ ხდება, ვისაც რეპრეზანტატიულობის პრეტენზია აქვს და სხვების მაგივრად, სხვების სახელით საუბრის უფლებას იჩემებს, რაც ძალაუფლების მითვისებას, ძალაუფლების გადანაწილებას ნიშნავს, მზარდი რეპრესიით რომ ორმაგდება; ან ეს იმათ მიერ დაბეჯითებით მოთხოვნილი რეფორმაა, ვისაც იგი უშუალოდ ეხება, და ამით ის უკვე არა რეფორმა, არამედ რევოლუციური ქმედებაა, რომელიც, თავისი არატოტალური ხასიათიდან გამომდინარე, მიმართულია იმაზე, რომ ძალაუფლება და მისი იერარქიის ტოტალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ეს ძალზედ ცხადია ციხეებში: პატიმრების ყველაზე მცირე და მოკრძალებული მოთხოვნაც კი საკმარისია პლევენის ფსევდო-რეფორმის სამხილებლად. საბავშვო ბაღში პატარა ბავშვებს რომ შეეძლოთ ვინმესთვის თავიანთი პროტესტის ან, თუნდაც, კითხვების გაგებინება, ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა განათლების მთელი სისტემის ასაფეთქებლად. მართლაც, სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვერაფერს ვერ იტანს: საიდანაც გამომდინარეობს მისი უკიდურესი სიმყიფე ნებისმიერ საკითხში, და, იმავდროულად, მისი საყოველთვაო რეპრესიის ძალა. ჩემი აზრით, თქვენ იყავით პირველი, ვინც თავის წიგნებშიც და პრაქტიკულ სფეროშიც რაღაც სრულიად ფუნდამენტური გვასწავლა: ის, რომ სხვების მაგივრად საუბარი უზნეობაა. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ კი დავცინოდით რეპრეზენტატიულობას, ვამბობდით, რომ ეს დამთავრდა, მაგრამ ჩვენ არ გამოგვიტანია ამ “თეორიული” გარდაქმნიდან დასკვნები, არ გაგვიცნობიერებია თეორიის მოთხოვნა, რომ იმ ხალხმა, ვისაც ეს ეხება, ერთხელ და სამუდამოდ თავად უნდა დაიწყოს ლაპარაკი თავისი ინტერესების დასაცავად.
    მ.ფ.: და როცა პატიმრები ალაპარაკდნენ, მათ ციხის, სასჯელაღსრულების და სამართლიანობის შესახებ საკუთარი თეორია აღმოაჩნდათ. ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართული ამ სახის დისკურსი, პატიმრების თუ დამნაშავეებად წოდებულთა ეს კონტრ-დისკურსი არის სწორედ მთავარი, და არა დამნაშავეობის შესახებ თეორია. ციხეების ეს პრობლემა ლოკალური და მარგინალურია, რადგან ყოველწლიურად ციხეებში 100 000 ადამიანზე მეტი არ ხვდება; მთლიანობაში დღეს საფრანგეთში შეიძლება 300 000 ან 400 000 ადამიანია, ვინც ოდესმე ციხეში მოხვედრილა. და მაინც, ეს მარგინალური პრობლემა თავზარს სცემს ხალხს. ძალიან მიკვირდა, როცა ვხედავდი, რომ ციხეების პრობლემით ამდენი ადამიანი ინტერესდებოდა, რომელიც თვითონ არ იყო ციხეში; და როგორ ისმენდნენ ისინი პატიმართა იმ დისკურსს, რომელიც არ იყო მათზე გათვლილი. რითი აიხსნება ეს? იქნებ იმით, რომ, ზოგადად, სასჯელაღსრულების სისტემა ის ფორმაა, რომელშიც ძალაუფლება, როგორც ძალაუფლება, ყველაზე აშკარად ავლენს თავს? ვიღაცის ციხეში ჩასმა და დატოვება, მისთვის საკვების, გათბობის მოკლება, გარეთ გასვლის, სიყვარულის უფლების წართმევა და ა.შ., ეს ყველაფერი ძალაუფლების ყველაზე მძვინვარე სახის გამოვლინებაა, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ერთხელ, ერთ პატიმარ ქალს ველაპარაკებოდი, და მან თქვა: “წარმოგიდგენიათ, მე, ორმოცი წლის ქალი, ერთ მშვენიერ დღეს ციხეში იმით დამსაჯეს, რომ ცარიელ პურზე დამსვეს.” რაც ამ ამბავში გამაოგნებელია, არის არა მარტო ძალაუფლების განხორციელების ბავშვურობა, არამედ ის ცინიზმიც, რომლითაც იგი ახორციელებს თავს, როგორც ძალაუფლება, ყველაზე არქაული, მიამიტური და ინფანტილური ფორმით. ცარიელ წყალზე და პურზე ჯდომა რაცაა, ბავშვობაში ვსწავლობთ. ციხე ერთადერთი ადგილია, სადაც ძალაუფლებას უკიდურეს განზომილებებში, შიშველ მდგომარეობაში შეუძლია თავის გამოვლენა და, ამავე დროს, თავის გამართლება, როგორც მორალური ძალის. “დიახაც, მე მაქვს მიზეზი დასასჯელად, რადგან, მოგეხსენებათ, ცუდია ქურდობა, კაცისკვლა…” ციხეებში განსაცვიფრებელი სწორედ ისაა, რომ, აქ მაინც, ძალაუფლება არ იმალება, არ ინიღბება; რომ იგი, სრულიად ცინიკურად, თავს ავლენს, როგორც უმცირეს დეტალებში გაწერილი ტირანია, და რომ, ამავე დროს, იგი სუფთაა, სრულიად “გამართლებულია”, რამდენადაც მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი თავის ფორმულირება მისი არსებობის მომცველი მორალის ფარგლებში: ამგვარად, მისი უხეში ტირანია წარმოგვიდგება როგორც სიკეთის გასხივოსნებული ბატონობა ბოროტებაზე, წესრიგისა ქაოსზე. (…)
    ეს სირთულე, ჩვენი უძლურება, ვიპოვოთ ბრძოლის ადეკვატური ფორმები, იმით ხომ არაა გამოწვეული, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის ძალაუფლება? ბოლოსდაბოლოს, XIX საუკუნემდე მოგვიწია დაცდა, რათა შეგვეტყო, თუ რას წარმოადგენდა ექსპლუატაცია, მაგრამ ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა არის ძალაუფლება. და ალბათ ვერც მარქსი და ვერც ფროიდი ვერ დაგვეხმარება იმ ყოვლად იდუმალი, ხან ხილული და ხანაც უხილავი, ერთდროულად ჩვენს წინაშე არსებული და დამალული ფენომენის სრულად გასაგებად, რასაც ძალაუფლება ეწოდება. სახელმწიფოს შესახებ თეორიით, სახელმწიფო აპარატის ტრადიციული ანალიზით ნამდვილად არ ამოიწურება ძალაუფლების განხორციელებისა და ფუნქციონირების სფერო. დღესდღეობით ყველაზე დიდი გამოცანაა: ვინ ახორციელებს ძალაუფლებას და სად ხორციელდება იგი? ამჟამად, ჩვენ მიახლოებით მაინც ვიცით, ვინ ეწევა ექსპლუატაციას, სად მიდის მოგება, ვის ხელში გადის ის და სად ხდება მისი რეინვესტირება, მაშინ როცა ძალაუფლება… მშვენივრად ვიცით, რომ ხელისუფალნი არ არიან ისინი, ვინც ფლობენ ძალაუფლებას. მაგრამ “მმართველი კლასის” ცნება არც საკმარისად ნათელი და არც საკმარისად დამუშავებულია. “ბატონობა”, “ხელმძღვანელობა”, “მართვა”, “სახელისუფლებო ჯგუფი”, “სახელმწიფო აპარატი” და ა.შ., ეს ხომ ცნებათა მთელი თამაშია, რაც ჯერ კიდევ გასაანალიზებელია. ამასთავე, საჭიროა იმის ცოდნა, თუ სადამდე მიდის ძალაუფლება, რა ფორმებით და იერარქიის, კონტროლის, ზედამხედველობის, აკრძალვების, იძულების რომელ, ხშირად უმცირეს, ინსტანციებამდე წვდება იგი. ყველგან, სადაც არის ძალაუფლება, ხორციელდება ძალაუფლება. საკუთრივ პიროვნულად მისი მფლობელი არავინაა; და მაინც, იგი ყოველთვის ხორციელდება რაღაც მიმართულებით და ხალხის ერთ ნაწილს აქეთ მხარეს ტოვებს, მეორე ნაწილს კი – იქით; არ ვიცით, ზუსტად ვის აქვს ძალაუფლება, მაგრამ ყოველთვის ძალიან კარგად ვიცით, ვის არ აქვს იგი.
    ჟ. დ.: რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ ამ პრობლემას: კარგად ვხედავთ, ვინ ეწევა ექსპლუატაციას, ვინ იღებს მოგებას, ვინ მართავს, მაგრამ ძალაუფლება ისევ რჩება რაღაც ძალიან ბუნდოვან მოვლენად. მე შემდეგ ჰიპოთეზას წამოვაყენებდი: თვით მარქსიზმმაც კი და, პირველ რიგში სწორედ მან, განსაზღვრა ეს პრობლემა ინტერესის კუთხით (ძალაუფლება უპყრია საკუთარი გამორჩენის ინტერესებით განსაზღვრულ გაბატონებულ კლასს). ამავე დროს, ვაწყდებით შემდეგ შეკითხვას: როგორ ხდება, რომ ხალხი, ვისაც არ აქვს ძალაუფლების მიმართ გამოკვეთილი ინტერესი, მიყვება, ეტმასნება ძალაუფლებას და მისი პატარა ნაგლეჯისთვის მათხოვრობს? შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ, როგორც ეკონომიკური, ისე არაცნობიერი ინვესტიციების კუთხით, გამორჩენის ინტერესი არ არის საბოლოო სიტყვა; რომ არსებობს სურვილის ინვესტიციებიც, რომლებიც ნათელს ხდიან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გვსურდეს არა ჩვენი ინტერესის საწინააღმდეგოდ (რადგან ინტერესი ყოველთვის თანმდევია და იქ იმყოფება, სადაც მას სურვილი ადგილს მიუჩენს), არამედ უფრო ღრმად და ბუნდოვნად, ვიდრე ეს ამ ინტერესს შეესაბამება. ჩვენ ვერ წავუყრუებთ ვილჰელმ რაიხის ყვირილს: არა, მასები არ შეუყვანიათ შეცდომაში, იმ მომენტში მათ სურდათ ფაშიზმი! არსებობს სურვილის ინვესტიციები, რომლებიც ან აყალიბებენ ან ფანტავენ ძალაუფლებას, და რომლებიც ახერხებენ, რომ ძალაუფლება ერთდროულად მოიპოვებოდეს როგორც ერთი ჩვეულებრივი პოლიციელის, ისე პრემიერ-მინისტრის დონეზეც, და რომ, არსებითად, თითქმის არანაირი განსხვავება არ არსებობდეს იმ ძალაუფლებას შორის, რომელსაც ერთი პატარა პოლიციელი ახორციელებს და, იმას შორის, რომელსაც მინისტრი ახორციელებს. სწორედ სოციალურ კორპუსთან მიმართებაში სურვილის ინვესტირების ბუნებით აიხსნება, თუ რატომ შეუძლიათ პარტიებს ან სინდიკატებს, რომლებიც წესით იმთავითვე, კლასის ინტერესების სახელით, რევოლუციურ ინვესტიციებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი, სურვილის დონეზე რეფორმისტული ან პირწმინდად რეაქციული ინვესტიციები ჰქონდეთ.
    მ.ფ.: როგორც თქვენ ამბობთ, სურვილს, ძალაუფლებასა და ინტერესს შორის ურთიერთკავშირი იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გვგონია, და სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ იმათ არ ჰქონდეთ ძალაუფლების განხორციელების ინტერესი, ვინც მას ახორციელებს; ის, ვისაც აქვს ძალაუფლებისადმი ინტერესი, მას არ ახორციელებს, და, საერთოდაც, ძალაუფლების სურვილი ძალაუფლებასა და ინტერესს შორის ისეთ კავშირს აბამს, რომელიც ახლაც სრულიად უნიკალურია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მასებს, ფაშიზმის რაღაც მომენტში, სურთ, რომ ვიღაცებმა განახორციელონ ძალაუფლება, ვიღაცებმა, ვინც მათი მსგავსნი არ არიან, რადგან ეს ძალაუფლება მათზე და მათ ხარჯზე განხორციელდება, მათ სიკვდილამდე, მათ მსხვერპლად შეწირვამდე, მათ ამოჟლეტვამდე, და მაინც, მათ სურთ ეს ძალაუფლება, მათ სურთ, რომ ეს ძალაუფლება განხორციელდეს. სურვილის, ძალაუფლების და ინტერესის ეს თამაში ჯერ კიდევ შეუცნობია. დიდი ხანი დაგვჭირდა იმის გასაგებად, თუ რა არის ექსპლუატაცია. სურვილის გაგებას კი ჯერ კიდევ კარგა ხანი დაჭირდება. შესაძლებელია, ის ბრძოლები, ამჟამად რომ მიმდინარეობს, ისევე, როგორც ეს ლოკალური, რეგიონალური, წყვეტილი თეორიები, რომლებიც გზადაგზა ყალიბდება ამ ბრძოლებში და მათთან კავშირში ერთ მთლიანობას წარმოადგენს, აღმოჩნდეს დასაბამი იმის გაგებისა, თუ რა სახით ხორციელდება ძალაუფლება.
    4 მარტი, 1972; L’Arc, no. 49

    ფრანგულიდან თარგმნა ლუკა ნახუცრიშვილმა

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2002-მარტი

    გრემ სვიფტი, “დღის სინათლე”
    The Light of Day
    By Graham Swift
    Hamish Hamilton, 256 გვ.

    რომანის ეპიგრაფიდანვე მიხვდებით, რომ ამ წიგნის მკითხველს მტკიცე ნერვები სჭირდება: “სიყვარულსა და ომში ყველაფერი მიმზიდველია”. თავად მწერალი კი ნებისყოფის სიმტკიცეს ნამდვილად არ უჩივის. ეს რომანი, საინტერესო სიუჟეტის გარდა, მწერლის – გრემ სვიფტის ერთგვარ პორტრეტსაც წარმოგვიდგენს, რადგანაც აქ ავტორის სიმტკიცესთან ერთად მისი ხასიათის სხვა თვისებებიც ეკვეთება.
    ახალი რომანი “დღის სინათლე” მოგვითხრობს გამომძიებელზე, სახელად ჯორჯ ვებზე, რომელიც უიმბლდონში დასახლდება, ნოემბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს მისტერ ვები ყვავილებს ყიდულობს და საფლავზე მიდის. ცოტა ხნის შემდეგ კი იმ ქალს მოინახულებს ციხეში, რომელსაც მკვლელობა ედება ბრალად. რაშია საქმე? – მკითხველს პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე ცნობისმოყვარეობა იპყრობს. გამომძიებელი ერთი უიღბლო კაცია, ქორწინებამ არ გაუმართლა და აი, გაიცნო ქალი – მასწავლებელი და მთარგმნელი, რომელმაც ის კერძო დეტექტივად დაიქირავა. ამიერიდან, ვები სარა ნეშის აგენტია და მის ქმარს უთვალთვალებს. ნეშს აგენტის დაქირავების მიზეზი აქვს: მის ქმარს, პროფესიით ექიმს თავისი პაციენტი – ახალგაზრდა ხორვატი ქალი შეუყვარდება. თუმცა მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდება, კრისტინა უკვე შინ აპირებს დაბრუნებას და რომ არა სარას გადამეტებული ეჭვიანობა, ტრაგედიაც არ დატრიალდებოდა. მაგრამ სარა მანამდე არ მოეშვება თავის გამოძიებას, სანამ არ დარწმუნდება, ნამდვილად ავა თუ არა კრისტინა თვითმფრინავში. გამოძიების ამ ჯაჭვს მკვლელობამდე მივყავართ. ახლა, ორი წლის შემდეგ, ჯორჯ ვები ყვავილებს აწყობს უდროოდ დაღუპული ექიმის საფლავზე და სარას სანახავად მიდის. ფაქტობრივად, ისიც დაღუპული ადამიანია, რომელიც საკუთარი გამოძიების მსხვერპლი ხდება.
    ეს ეპიზოდი ჰგავს გრემ გრინის რომანს “სიყვარულის დასასრული” (The End of the Affair); ორივე რომანის მთავარ გმირ ქალებს ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ. სვიფტის ნაწარმოებშიც იგრძნობა გრინის მელანქოლია, ელეგიურობა, გრინის რომანის მსგავსად, აქაც რეტროსპექტული თხრობაა, რომელსაც აწმყოსკენ მოვყავართ.
    სვიფტი იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას მომხდარ ტრაგედიაზე, რამდენადაც ადამიანის ფსიქოლოგიურ შრეებზე. ბევრ რამეს არც კი ეფინება ნათელი…
    “დღის სინათლე” მკითხველისგან გონების დიდ დაძაბულობას მოითხოვს, ეს არის სიყვარულის სამკუთხედის ტრაგიკული ისტორია, ეს სამკუთხედი მხოლოდ მკვლელობის შემდეგ იხსნება, თანაც ამ მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ.
    რომანის მთელი პათოსი ერთი ფრაზით შეიძლება გამოიხატოს: “ბევრს ნურაფერს ელოდები”. და რომანის გმირები მაინც ელოდებიან რაღაცას და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ძალიან შორსაა, თუმცა Terra Incognita შესაძლოა ძალიან ახლოს, სადღაც აქ, კუთხეში იყოს.
    სვიფტის 23 წლის წინ დაწერილ რომანში “ტკბილეულობის მაღაზიის მეპატრონე” (The Sweet Shop Owner) ვკითხულობთ: “ადამიანის ცხოვრება რუკასავით არის გადაშლილი”. ახალი რომანიც ადამიანის ფსიქოლოგიურ რუკას წარმოგვიდგენს. გმირების შინაგანი მდგომარეობის წვდომა სენტიმენტალურ განწყობას გვიქმნის და სოფისტური მსჯელობის გუნებაზეც გვაყენებს: სიყვარული სრულყოფილია, რადგანაც მიუწვდომელია, და რეალურია, რადგან არარეალურია.
    რომანს აქვს საოცრად დახვეწილი სტრუქტურა, აქ გათვლილია ყოველი დეტალი, ყოველი წინადადება, ყოველი წუთი, ყოველი საათი.
    “დღის სინათლეში” პერიოდულად მეორდება ასეთი სცენა, ერთი ადამიანი მიდის მეორე სნეული ადამიანის სანახავად. ვაჟები მამას ეწვევიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს საავადმყოფო მათთვის უცხო ქვეყანასავითაა, ციხეში სტუმრობაც უცხო მხარეში ჩასვლას ემსგავსება. ადამიანები ილტვიან უცხო სამყაროსაკენ, რომანში მარტო კრისტინა არ არის ლტოლვილი, აქ ყველა გმირი ლტოლვილია, ზოგი ერთმანეთს გაურბის, ზოგიც საკუთარ თავს.
    “ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით და ერთმანეთს ვშორდებით, ჩვენ მივდივართ, მაგრამ არავითარი კანონი და წესი არ გვაქვს იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ,” – ნათქვამია რომანში. ეს ნათქვამი ჭეშმარიტებაა სწორედ ამიტომ არის ტრაგედია.

    იოზეფ როთი, “რა ვნახე – ამბები ბერლინიდან, 1920-1933”
    What I Saw: Reports from Berlin, 1920-1933
    By Joseph Roth,
    Translated by Michael Hofmann
    Norton, 2002

    ამ წიგნის ანოტაცია ძალიან ლაკონურად, სულ რაღაც ორი სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ: ფაშიზმის დაბადება. მისი ავტორი იოზეფ როთი გერმანულენოვან ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი იყო.
    როთი 1894 წელს დაიბადა ებრაულ ოჯახში გალიციაში, ჰაბსბურგის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ავსტრო-უნგრეთის არმიაში მსახურობდა და აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა. შემდგომში თავის სტატიაში წერდა კიდეც: მე წავაგე ბრძოლა, როგორც გენერალმა ლუდენდორფმა, მაგრამ, ლუდენდორფისგან განსხვავებით, ჩემთვის ჩინ-მედლები არავის მოუციაო”. ჟურნალისტური საქმიანობა როთმა ვენაში დაიწყო, მემარცხენეთა გაზეთისთვის წერდა. 1920 წელს ის ბერლინში გადავიდა და ადგილობრივ გაზეთში – Berliner Boersen-Courier-ში მუშაობდა კორესპონდენტად. სამი წლის შემდეგ ფელეტონების წერა დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გაზეთში Frankfurter Zeitung-ში (ახლა Frankfurter Algemeiner Zeitung) დაიდო ბინა. ამ ფელეტონებს თავის სახელს ასეთნაირად აწერდა: rth. ამასთან ერთად, იოზეფ როთი წერდა ჩანახატებს, ამზადებდა სასამართლოდან რეპორტაჟებს და რეცენზიებს კინოზე, თეატრსა და ლიტერატურაზე. სწორედ ამ წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი Das Spinnennetz (“ობობას ქსელი”), რომელშიც მწერლის მემარჯვენე განწყობა იყო ასახული.
    1925 წელს, როცა გენერალი ჰინდენბურგი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, მან გაღიზიანებულმა განაცხადა, რომ როთის რომანს არასოდეს წაიკითხავდა. როთმა ბერლინი მიატოვა და ისევ ფელეტონების წერას მიუბრუნდა, ამ პერიოდში მწერალს მთლიანად გაუქარწყლდა მემარცხენე ილუზიები. როცა 1933 წელს გერმანიის სათავეში ჰიტლერი მოვიდა, როთმა საერთოდ მიატოვა სამშობლო და პარიზში, ამსტერდამსა და ოსტენდში ცხოვრობდა. სასოწარკვეთილი იყო და ამ სასოწარკვეთილებაში მყოფი 1939 წლის მაისში გარდაიცვალა კიდეც.
    აღნიშნულ კრებულში ჯოზეფ როთის ბერლინური მიმოხილვებია შეკრებილი. ეს სტატიები 1996 წელს შეკრიბა მაიკლ ბინერტმა და თარგმნა ჰოფმანმა. “რა ვნახე” მცირე ზომის სკეჩების კრებულია, ეს არ არის წმინდა დოკუმენტური წყარო, მაგრამ დოკუმენტურ მასალაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავია. როგორია როთის ბერლინი? – ქალაქი, რომელიც სირცხვილისა და ნოსტალგიის ჭაობში ჩაფლულა და თან მოდერნიზაციისაკენ მიისწრაფის. ეს არის ქალაქი, რომლის გზაც არსად არ მიდის, გარდა ბერლინისა.
    როგორც კრიტიკოსები ამბობენ, თუ შეიძლება, რომ როთის ნაწერებს რამე ნაკლი გამოვუძებნოთ, ეს ხასიათის სწორხაზოვნებაა, როთის გმირები არ არსებობენ უნიფორმის გარეშე. სხვათა შორის, ეს სწორხაზოვნება – იგივე Einseitigkeit, როგორც გერმანულ ჟურნალისტიკასა და მწერლობაში მიღებულია, როთის დიდ ნიჭზე მეტყველებს. ქალაქის მცხოვრებთა პორტრეტები თვალის ერთი შევლებით არის დახატული.
    იოზეფ როთის ახალი კრებული საინტერესო მასალაა ლიტერატურით, პოლიტიკით, მასმედიის მუშაობით, სამყაროში მიმდინარე კატაკლიზმებით, გერმანიის პოლიტიკური პროცესებითა და ფაშიზმის ფენომენით დაინტერესებული მკითხველისთვის.
    1933 წლის 10 მარტს ფაშისტებმა ოპერნპოლატცში საჯაროდ დაწვეს წიგნები, მათ შორის “ობობას ქსელიც” იყო. “ჩვენ ვუმღეროდით გერმანიას, ნამდვილ გერმანიას, სწორედ ამიტომაც დაგვწვეს დღეს ჩვენ” – ასე გამოეხმაურა გულგატეხილი მწერალი ამ ფაქტს.

    ნიკ ჰორნბი, “31 სიმღერა”
    31 Songs
    By Nick Hornby
    Viking, 208 გვ.

    წიგნმა, რომელიც თანამედროვე მუსიკაზე და შემსრულებლებზე იწერება, ორ გამოცდას მაინც უნდა გაუძლოს. პირველ რიგში, ავტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მკითხველს ეს სიმღერა შესაძლოა მოსმენილიც კი არ ჰქონდეს; ამასთან, წიგნმა მკითხველი თანამედროვე მუსიკალური პროცესებით მეტნაკლებად უნდა დააინტერესოს. დანარჩენი კი უკვე მწერლის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული. ლიტერატურულ ალღოსა და გემოვნებას კი ისეთ ცნობილ ბრიტანელ მწერალს, როგორიც ნიკ ჰორნბია, ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. ახალი კრებული, რომელშიც 31 თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციაა მიმოხილული, ზემოაღნიშნულ ფუნქციებს ნამდვილად ასრულებს. წიგნი უდავოდ დააინტერესებს მუსიკის, და არამარტო მუსიკის, მოყვარულებს. აქ შეხვდებით ძველი თაობის ვარსკვლავებს – ბრუს სპრინგტინს, ბობ დილანს, როდ სტიუარტს, სანტანას, “ლედ ზეპელინს”, “ბითლზს”, ვან მორისონსა და სხვებს, ახალი თაობის პოპულარულ შემსრულებლებს და ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს.
    ნიკ ჰორნბის ახალი წიგნი ესეების კრებულია: ეს არის წიგნი მუსიკაზე, – ამბობს ავტორი. თუმცა ამ ესეებს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მუსიკალურ რეცენზიებად არ განიხილავს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წიგნის მხატვრული ღირსებებს არაფერს აკლებს. ესაა ავტორისეული ინტერპრეტაციაა იმ 31 სიმღერისა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, შეცვალეს მწერლის ცხოვრება, ესაა წიგნი ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ნიკ ჰორნბის მსგავსად აზროვნებენ.
    მუსიკის ავანტურა იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს იცი, სად მიგიყვანს იგი. როდ სტიუარტმა ჰორნბი ბობი ბლანდთან მიიყვანა, ბობი ბლანდის მუსიკამ ბიბი კინგი ამოატივტივა და ასე დაიბადა ესეების კრებულიც, რომელიც მუსიკალურ თემებთან ერთად მრავალ სხვადასხვა ასპექტსაც შეიცავს.
    თანამედროვე შემსრულებელთა შეფასებისას ნიკ ჰორნბი არასოდეს გაურბის სიტყვას “სრულყოფილი” (perfect), ერთ-ერთი ასეთი perfect-ის ნიმუშია ყველსასათვის ცნობილი მომხიბლავი ნელი ფურტადო და მისი სიმღერა I am Like a Bird, ასე ხშირად რომ ტრიალებს MTV-ის ჰიტ-აღლუმში.
    თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰორნბის ესეები მუსიკალური კრიტიკის სფეროს არ მიეკუთვნება, ხშირად ისინი უბრალოდ ავტორის ემოციებსა და გრძნობებს გადმოგვცემს. ამასთან, სიმღერები – მათი ტექსტი, მუსიკა, შესრულების სტილი გამოყენებულია ამა თუ იმ სოციალური მოვლენისა ან ცალკეული ადამიანის ფსიქოლოგიის ამოსახსნელად.
    კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ წიგნის რეცენზიის დაწერა ძალიან რთულია. მიზეზი მარტივია – როგორც უკვე ვთქვით, ეს ხომ არც წმინდა წყლის მუსიკალური კრიტიკაა, არც მსჯელობა სოციალურ თემებზე და და არც სხვა რამ. კრებული მრავალი ასპექტის ნაზავს წარმოადგენს, ბოლოსდაბოლოს წიგნში ხომ ის 31 სიმღერაა შესული, რომლებმაც შეძრა ნიკ ჰორნბი. კრებული ბევრს გვეუბნება თვით მწერლის პიროვნებაზე, იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს მუსიკა ადამიანის სულზე…
    წიგნში ხუმრობანარევ თერაპიულ რჩევებსაც შეხვდებით, რომლებიც თანამედროვე მსმენელთან ერთად დიჯეებსაც გამოადგებოდათ, მაგალითად ასეთს: “მოუსმინეთ ამ კომპოზიციას და გახდებით ისეთივე ბედნიერი, ბრძენი და მაგარი, როგორიც მე ვარ.”
    დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ კრებული ნიკ ჰორნბიმ მას შემდეგ დაწერა, რაც, თავისი ანგარიშით, 1500-ჯერ მოისმინა ბრუს სპრინგსტინის Thunder Road-ს, ხოლო ლეგენდარული “ბითლზი” უკვე იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი, რომ ვერც კი დაითვალა.
    ნიკ ჰორნბი თავის დროზე მკითხველმა პოპულარული საფეხბურთო წიგნით შეიყვარა: But It’s About Arsenal.

    კლინტონ ჰეილინი, “გრძნობთ სიჩუმეს? ვან მორისონი: ახალი ბიოგრაფია”
    Can You Feel the Silence? Van Morrison: A New Biography
    By Clinton Heylin
    Penguin Viking, 505 გვ.

    ვან მორისონის ახალი ბიოგრაფიით იმედგაცრუებას კრიტიკოსები ვერ მალავენ. ეს არ არის ბიოგრაფიული ხასიათის თხზულებაა, არც დოკუმენტურ წყაროდ გამოდგება და არც მხატვრული ღირებულება აქვს, – გამანადგურებელი ეპითეტებით უმალ შეამკეს ახალი წიგნი ლიტერატურული რეცენზიების ავტორებმა და იქვე დააზუსტეს: ეს არის სიტყვების თამაში, გრძელი, გაწელილი ამბავი, თანაც იუმორს მოკლებული; არადა, იუმორი პრინციპში აუცილებელი ატრიბუტია შოუ-ბიზნესის სამყაროს ცხოვრების აღწერისასო.
    თავისი მკითხველი ამ წიგნს მაინც გამოუჩნდა, თუმცა ძნელია იმის თქმა, რამ განაპირობა მკითხველის ინტერესი – ავტორის ლიტერატურულმა ალღომ თუ თავად მორისონის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ: ვან მორისონი ხომ სწორედ ის მუსიკოსია, რომელიც როკ-ენ-როლის უცენზო სამყაროშიც კი გამოირჩეოდა მძიმე ხასიათითა და უცნაური ქცევით და როკ-ენ-როლის უსაზღვრო სტანდარტებშიც კი არ ჯდებოდა. თანამედროვეთა გადმოცემით, მისი მოქმედების პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვან მორისონის პიროვნება იდუმალებით მოცულიც იყო და ერთგვარად შემაძრწუნებელიც.
    მაინც სამწუხაროა, – თავისას არ იშლიან კრიტიკოსები, – ეს ყველაფერი ბევრად უფრო კარგად შეიძლებოდა დაწერილიყო. არსებობს მდიდარი მასალა, მომღერლის ბიოგრაფიული დეტალები, ურთიერთობები და შეხლა-შემოხლა სხვა მუსიკოსებთან, ბოჰემური ცხოვრება. თანაც არიან ავტორები, რომლებიც უფრო მეტ დროს გაატარებდნენ არქივებსა და წიგნებში თავჩარგულნი, და ნაკლებ დროს დაუთმობდნენ ფუჭ ლაპარაკს. 505 გვერდის დაწერა ნამდვილად არ არის საჭირო იმისათვის, რომ თქვა ის, რაც დიდი ხანია ნათქვამია და რომც არ იყოს ნათქვამი, ისედაც ყველამ კარგად იცის: დიახ, ვან მორისონი ძალინ რთული ტიპი იყო, მაგრამ ძალიან კარგი მუსიკოსი. თუ მწერალი ასეთ სქელტანიან წიგნში მხოლოდ ამის თქმას შეძლებს და სხვას ვერაფერს იტყვის, ესე იგი, ავტორს ლიტერატურაში ბევრი არაფერი გაეგება.
    ამ წიგნის გმირი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო, ასეთივე წინააღმდეგობებითაა სავსე რომანიც, რომელიც მის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. განსხვავება ისაა, რომ მძიმე ხასიათს ვან მორისონის შემოქმედებითი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია, წიგნში გაპარული უზუსტობები კი მწერლის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს…
    აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კრიტიკოსების შენიშვნები სხვა ავტორებსაც დაუჯდეთ ჭკუაში, და ვან მორისონის ცხოვრება კვლავაც მოექცეს ლიტერატურის ყურადღების ცენტრში, რადგან მწერალიც და მკითხველიც შემოქმედებაში ჭეშმარიტებას ეძიებს, ვან მორისონის თავზეხელაღებულ ცხოვრებაში კი იდო ერთი უდავო ჭეშმარიტება – მუსიკა.

    იტალო კალვინო, “განდეგილი პარიზში”
    Hermit in Paris
    By Italo Calvino
    Jonathan Cape, 276 გვ.

    ცნობილ მწერალს – იტალო კალვინოს (1923-1985) ანტისემიტიზმში ბრალს ნამდვილად ვერ დასდებთ. თუმცა მკითხველთა და კრიტიკოსთა ერთი ნაწილი ასე არ ფიქრობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მწერლის ახლად გამოცემულ წიგნში, რომლის სახელწოდებაა “განდეგილი პარიზში”, დიდი ადგილი ეთმობა ებრაელების თემას. უნდა ითქვას, რომ კალვინო ძალზედ საინტერესოდ და ორიგინალურად წერს ებრაელების შესახებ და, რაც მთავარია, მისი მსჯელობა ყოველთვის თამამია და არც დაკვირვებებია ბანალური. ეს კალვინოს შემოქმედების დიდი ღირსებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს შიში – არ გაიმეოროს ის, რაც უკვე ნათქვამია, თავი არ შეაწყინოს მკითხველს.
    “ნიუ იორკის ბეჭდვითი გამოცემების 75% ებრაელების ხელშია, თეატრალური სამყაროს 90% ებრაელები შეადგენენ, ნიუ იორკის წამყვან ინდუსტრიაში – ფეშენის ინდუსტრიაში ებრაელები ბატონობენ, ამერიკულ ბანკებსა და უნივერსიტეტებზეც ებრაელებს აქვთ მონოპოლია,” – წერს კალვინო. სწორედ ამდაგვარი ციტატების გამო მიიჩნევენ კალვინოს მსჯელობას ანტისემიტურად, თუმცა მწერალი უბრალოდ სემიტური რასის ფენომენით არის დაინტერესებული და სხვა არაფერი. და თუ მის დაინტერესებას მაინცდამაინც ანტისემიტიზმის სახელით მოვნათლავთ, კალვინოს ანტისემიტიზმი სწორედ იმავე მიზეზით არის საყურადღებო, რითიც ელიოტის ანტისემიტიზმი.
    იტალო კალვინოს “განდეგილიòპარიზში” ქალაქურ ცხოვრებაზე გვიამბობს. ნაწარმოების კითხვისას მკითხველს აუცილებლად გაახსენდება ერთი ეპიზოდი მისი რომანიდან “უხილავი ქალაქები”: ყუბლაი ხანი მარკო პოლოს უბრძანებს, აღწეროს თავისი მოგზაურობა. და მარკო პოლოც იწყებს ერთიმეორის მიყოლებით ქალაქების ჩამოთვლას, ყოველი ახალი ქალაქის ნახვით მიღებული შთაბეჭდილება ძველზე უფრო მძაფრი და ფანტასტიკურია. მაგრამ უეცრად აღმოჩნდება, რომ მარკო პოლო, რომელიც სამშობლოს მოშორებული ენაწყლიანად გვიამბობს თავის ხანგრძლივ მოგზაურობაზე, უცხო ქვეყნის ქალაქებს კი არ აღწერს, არამედ თავის მშობლიურ ქალაქზე – ვენეციაზე გვიამბობს. “მშობლიური ქალაქის მიტოვება, – უხსნის მარკო მბრძანებელს, – ეს წარმოსახვაში მშობლიურ ქალაქთან დაბრუნებაა. რაც უფრო ბევრს ხედავ, მით უფრო შეიცნობ იმ მცირეს, რაც შენია, შენი საკუთრებაა.”
    პრინციპში მწერალი მარკო პოლოს ათქმევინებს იმას, რასაც თავად ფიქრობს. მშობლიურობის შეგრძნება იტალო კალვინოს ყოველთვის თან სდევდა და ეს განცდა, გნებავთ ინტუიტიური წვდომა თუ წარმოსახვა კარგად აისახა რომანში “განდეგილი პარიზში”, რომელიც მისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერების პატარა კოლექციას წარმოადგენს. აქ თავმოყრილია 19 სკეჩი და ესე. ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, როგორ გაიარა კალვინოს ბავშვობამ ჩრდილო იტალიაში, რა გავლენა მოახდინა მასზე ფაშიზმის წლებმა, როგორ უარყო კომუნისტური იდეალები და სხვა. “მეც სტალინისტი ვიყავი? – სვამს ერთგან შეკითხვას, რომელიც რელიგიური კონფესიის მსგავსად ჟღერს და იქვე უპასუხებს: ცოტათი ახლაც ვარ სტალინისტი”.
    წიგნის ძირითადი თემა მაინც “გლობალური კულტურისკენ ლტოლვაა”. კალვინოს ყურადღების ცენტრში მსოფლიოს ორი მნიშვნელოვანი ქალაქი ექცევა: პარიზი და ნიუ იორკი. კალვინო ფაქტობრივად ორივე ქალაქის მოქალაქედ მიიჩნევს თავს.
    წიგნის შესავალში, რომელიც კალვინოს ქვრივს ეკუთვნის, წერია: “როგორც ავტობიოგრაფიული დოკუმენტი, ჩემთვის ეს წიგნი ძალიან არსებითია. ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ყველაზე უფრო სტიქიური ხასიათისა და უშუალო ბიოგრაფია.”
    ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ნაშრომის არსებობა იტალიური ლიტერატურისთვის განასაკუთრებით მნიშვნელოვანია. იტალო კალვინო ხომ თავისი ხალხისთვის მხოლოდ მწერალი არ იყო. 1985 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ის გარდაიცვალა, იტალიელები მიხვდნენ, რომ მათ საუკეთესო მეგობარი დაკარგეს. უმბერტო ეკოს ნეკროლოგმა, რომელიც გაზეთ Corriere della Sera-ში გამოქვეყნდა, თითქმის დაჩრდილა თავზარდამცემი ინფორმაცია მექსიკაში მომხდარი დიდი მიწისძვრის შესახებ. ამავე გაზეთში ჯონ აპდაიკი წერდა: “მსოფლიო ლიტერატურას აღარა აქვს ყველაზე თავისუფალი სამოქალაქო ხმაო.” მისი ქვრივის ცნობით, კალვინო, რომელიც 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, კიდევ 14 წიგნის დაწერას აპირებდა.

    ნორმან მეილერი, “საშინელი ხელოვნება”
    The Spooky Art
    Some Thoughts on Writing
    By Norman Mailer
    New York: Random House, 330 გვ.

    გენიოსი ნორმან მეილერი – ასე მოიხსენიებენ კრიტიკოსები ამ ახალი წიგნის ავტორს, რომლის სახელწოდებაა “საშინელი ხელოვნება” (The Spooky Art). მწერალი წერს იმაზე, თუ რას წერენ სხვები, იმაზე, თუ როგორ წერენ და იმაზეც, თუ საერთოდ როგორ და რატომ უნდა ვწეროთ. “საშინელი ხელოვნება” საკმაოდ თავშესაქცევი წასაკითხია, სერიოზულ დაკვირვებებთან ერთად ასეთ სახალისო რჩევებსაც ამოიკითხავთ. თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ. ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგაზეთო მიმოხილვებსა და რეცენზიებს და თვლის, რომ მათი გაცნობა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. არგუმენტი კი ასეთია: “მიმოხილვებს სისტემატურად ვკითხულობ, მათი იგნორირება აზრადაც არ გამივლია. არ წაიკითხო მიმოხილვა, ეს იგივეა, არ შეხედო შიშველ ქალს, რომელიც ღია ფანჯარაში დგას. დამეთანხმებით, სულ ერთია, ლამაზია ის თუ არა, ამ ქალისკენ მაინც გააპარებთ თვალს.”
    ნორმან მეილერი საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებებს უშურველად გვიზიარებს. იმასაც ეუბნება მკითხველს, თუ როგორ გამოიმუშავა სამუშაო ჩვევები. ამას, როგორც ავტორი ამტკიცებს, დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: “უთხარით თქვენ თავს, რომ ხვალ, ამა და ამ საათზე, საწერ მაგიდას მიუჯდებით და დაწერთ, მერე კი უბრალოდ თქვენი ნათქვამი შეასრულეთ. ეს კანონი წლების განმავლობაში აღმოვაჩინე.”
    კრებულში მკითხველი შეხვდება ლიტერატურულ წერილებს ჰემინგუეიზე, ჰენრი მილერზე, ჰენრი ჯეიმსზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკისა თუ ფოლკნერზე. განსაკუთრებით საინტერესო და ორიგინალურია ესე ჰეკლბერი ფინზე – პერსონაჟზე, რომელსაც ლამის აღმერთებს წიგნის ავტორი. ისე, მარტო ამ ესეს გულისთვის ღირს აღნიშნული კრებულის წაკითხვა.
    უნდა ითქვას ისიც, რომ ნორმან მეილერის ნაწერები ობიექტურობით გამოირჩევა, ეს ობიექტურობა მხოლოდ საკუთარი თავის შეფასებისას ირღვევა, ოღონდ მწერალი ამ შემთხვევაში სუბიექტურობისაკენ კი არ იხრება, არამედ პირიქით, ის ზედმეტად პრეტენზიულად უყურებს და აფასებს საკუთარ შემოქმედებას.
    დიდი ადგილი ეთმობა წიგნში კინოს თემას. კინემატოგრაფზე საუბრისას წარმოდგენილია ავტორისეული დაკვირვებები და კინოს ფენომენის ამოხსნის მცდელობა: “ფილმის ერთ-ერთი საიდუმლო კინოვარსკვლავის ამოუხსნელ ფენომენში უნდა ვეძიოთ,” – ამბობს ავტორი. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, კინოსექციაში ბევრი მოსაზრება მცდარია, ბევრს შეცდომაში შევყავართ, ბევრია განყენებული მსჯელობაც. მაგალითად განყენებული მსჯელობის დიდი ნაკადი გადაფარავს მკითხველს ესეს – “უკანასკნელი ტანგო პარიზში” კითხვისას. ეს სტატია სასიამოვნო საკითხავი კია, მაგრამ ძალიან აბსტრაქტულია. სხვათა შორის, კრებულში მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმების ხოტბასაც შეხვდებით – ზოგი ჩანაწერი სარეკლამო სტატიასაც ემსგავსება.
    შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ერთი-ორი ლაფსუსის გამო ნორმან მეილერის წიგნის კრიტიკა ნამდვილად არ იქნება მისაღები. მეილერი, ლიტერატურათმცოდნეების შეფასებით, ამერიკული საგანძურის ნაწილია და ამ ახალ კრებულში ის ამჯერადაც შეუდარებელია.

    მოამზადა თამარ სუხიშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ინტერვიუ

    თამრიკო ლებანიძე: კითხვა გოიმობაა, ოღონდ – ელიტარული

    მწერლების გარდა, “დიოგენე” კონკურსს ჟურნალისტებისთვისაც გამართავს
    ნანა კობაიძე
    დღეს გამომცემელ თამრიკო ლებანიძეს წარმოგიდგენთ, გამომცემლობა “დიოგენეს” პატრონესას (როგორც ვახუშტი კოტეტიშვილმა უწოდა). ვფიქრობ, ეს სახელი ლიტერატურის მოყვარულთათვის ნამდვილად არ არის უცხო, რადგან მის მიერ გამოცემული წიგნები, გარდა იმისა, რომ გემოვნებით არის შერჩეული, პრეზენტაციათა ორიგინალობითაც გამოირჩევა (მაგალითად ბორის ვიანის “დღეთა ქაფისა” და ვახუშტი კოტეტიშვილის “აღმოსავლურ-დასავლური დივანიც” კმარა, რომელიც იქ მყოფთ დიდხანს დაამახსოვრდებათ). თამრიკო ასეთივე საინტერესო მოსაუბრეა. მას გამომცემლობა “დიოგენეს” ახალ ოფისში შევხვდი და ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.
    დავიწყოთ სულ თავიდან. ეს ნამდვილად არ ყოფილა “მაშინ, პეტერბურგში”, ეს იყო 1995 წლის არეულ-დარეულ საქართველოში, როდესაც მეგობრებთან ერთად
    თამრიკო ლებანიძემ პირველი წიგნი – კარლ გუსტავ იუნგის “სიზმრები” გამოსცა. იმ დროს საგამომცემლო საქმიანობა ახალი ხილი იყო და გამომცემლებს თავიანთი წიგნების, ასე ვთქვათ, დევნა უწევდათ. გამომცემელი იხსენებს, რომ დღეში რამდენჯერმე მიდიოდა სტამბაში და ბოლოს იქაურ ვირთხებსაც დაუმეგობრდა, თუმცა, ამ ყველაფერს უშედეგოდ არ ჩაუვლია. იმ პერიოდის კვალობაზე საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოცემა გამოვიდა და კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული აღმოჩნდა. ასე “რბილად” (როგორც თავად ამბობს) გადავიდა პროფესიით ფსიქოლოგი თამრიკო ლებანიძე საგამომცემლო საქმიანობაში. თუმცა ძველ პროფესიას არ ღალატობს და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, ფსიქოლოგიური ლიტერატურის გამოცემაზე ზრუნავს. მაგალითად, ერთ თვეში გამოვა იუნგის “სიზმრების” ხელახალი გამოცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება იუნგის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაშრომზე – “ფსიქოლოგია და ალქიმია,” რომელსაც ქართველი მკითხველი წელიწადნახევარში იხილავს.
    თამრიკოს გამომცემლობაზე არასოდეს უოცნებია (ანკი შეიძლება ვინმე ბავშობაში ოცნებობდეს, რომ ოდესმე გახდება გამომცემელი?), თუმცა, დღეს ამ საქმიანობის გარეშე საკუთარი არსებობა ვერ წარმოუდგენია. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ დღესდღეობით საგამომცემლო ბიზნესმა შედარებით “ამოიწია”. განსაკუთრებით კი საბავშვო ლიტერატურისადმი გაჩნდა ძველებური ინტერესი, აი ისეთი, ჩვენს ბავშვობაში რომ იყო, როდესაც კვირაში ერთხელ მაინც დედაჩემი წიგნებით დატვირთული მოდიოდა მაღაზია “ნაკადულიდან” (სხვათა შორის, ეს ადგილი დღესაც სასიამოვნო ასოციაციას იწვევს ჩემში). დღეს უკვე მე ვცდილობ ჩემს შვილს შეძლებისდაგვარად ხშირად მივუტანო ახალი წიგნები და როგორც თამრიკო ამბობს, ჩემნაირთა რიცხვმა იმატა. თუმცა, ალბათ, ეს მოვლენა კარგა ხანს ვერ გახდება ისეთი მასობრივი, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, რადგან წიგნი საკმაოდ ძვირფასიანი სიამოვნებაა, რის უფლებასაც საკუთარ თავს ყველა ვერ აძლევს. თუმცა, თამრიკო ლებანიძე აქაც გვთავაზობს გამოსავალს. მისი აზრით, აუცილებელია ამოქმედდეს დღეისათვის მივიწყებული საბიბლიოთეკო ქსელი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო – არამედ თანამედროვე, კომპიუტერიზებული, სადაც ბავშვებს უამრავი “სატყუარათი” მიიზიდავენ. ვერ გეტყვით, დადგება თუ არა ეს საკითხი ოდესმე ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტთა შორის, რადგან დღესდღეობით არათუ ბიბლიოთეკების განახლებაზეა საუბარი, რაც არის, ისინიც იხურება. როგორც ჩანს, ამ პრობლემას ისევ მეცენატებმა უნდა მიხედონ. ეს გადაუდებელი საკითხია, რადგან ქართველი მოზარდები კითხვას უკვე თაკილობენ. ამას წინათ ერთ-ერთ საბავშვო ტელეგადაცემაში მოვისმინე პატარა ქართველის პოზიცია, რომელიც ამბობდა, დღეს ახალგაზრდები აღარ ვკითხულობთ, რადგან ეს გოიმობააო. ამ მოსაზრებას თამრიკო ლებანიძეც იზიარებს, ოღონდ მცირე ინტერპრეტაციით – “კითხვა გოიმობაა, ოღონდ ელიტარული გოიმობაო”.
    მისთვის წარმოუდგენელია, რამ შეიძლება შეცვალოს ის სიამოვნება, რასაც წიგნთან ურთიერთობა გვანიჭებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ვითარება მთელს მსოფლიოში უარესობისკენ შეიცვალა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები თავისას შვრება. ჩვენი სტუმარი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ადამიანების ვიზუალური ველი ძალზე დანაგვიანებულია, რაც მათი პიროვნული თავისუფლების ხარისხს აქვეითებს. გარდა ამისა, თითქმის მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა საკმაოდ არასასიამოვნო ტენდენცია – ანუ ერთჯერადი, ვაგზლის ლიტერატურის მომძლავრება. რამდენიმე ხნის წინათ თამრიკო გაეცნო ირანელი მწერალი ქალის, გოლი თარაყის ინტერვიუს, პარალელურად წაუკითხავს მიმოხილვითი სტატია თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შესახებ და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც აღმოაჩინა, რომ ირანში, იტალიასა და საქართველოში მსგავსი პროცესები ხდება. ერთჯერადობის ცნება, რაც XX საუკუნემ მოიტანა, ძალზე მძიმედ დაეტყო ლიტერატურას – კერძოდ კი ის, რომ ქრება მაღალი საზომის ცნება – და არა მხოლოდ ლიტერატურაში. თუმცა, თამრიკო ამას ვერ ურიგდება. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება დასწიოს ქვევით თამასა და მიეძალოს “ჰამბურგერულ” ლიტერატურას, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი კარგი ავტორი. იგი ცდილობს, მისმა გამოცემლობამ კარგი წიგნები გამოსცეს, რათა მკითხველი ჭეშმარიტ ღირებულებებთან დააბრუნოს.
    რადგან საბავშვო ლიტერატურას შევეხეთ, გაუწყებთ, რომ მალე გამოვა ასტრიდ ლიდგრენის “ძირითადი” ნაწარმოებების ხელახალი გამოცემა – 4 წიგნი: “სახურავის ბინადარი კარლსონი,” “პეპი გრძელი წინდა,” “ჩვენ სალტკროკელები ვართ” და “ძმები ლომგულები” (ეს ყველაფერი ორიგინალის ილუსტრაციებით). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ახლა ითარგმნება შვედურიდან და პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. ეს არის ძალზე საინტერესო წიგნი, რომელსაც, თურმე, მაშინ უკითხავენ ბავშვებს, როდესაც ისინი პირველად აღნოაჩენენ სიკვდილის ცნებას. გარდა ამისა, “დიოგენე” აქტიურად ზრუნავს ახალი სახელების წარმოსაჩენად ქართულ ლიტერატურაში. თამრიკო ლებანიძე მიიჩნევს, რომ ქართული ლიტერატურა არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე აღიარებული ავტორით, ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც დამკვიდრების უფლება აქვს ყველა ახალ სახელს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი ობიექტური შემფასებელია. ამ თვალსაზრისით გამომცემელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლიტერატურულ კონკურსებს. შარშან “დიოგენეს” მიერ ორგანიზებულ “პენ-მარათონზე”, მისი აზრით, რამდენიმე საინტერესო სახელი წარმოჩინდა. ერთ-ერთი მათგანია გელა ჩქვანავა, რომლის წიგნის პრეზენტაციაც გაზფხულზე, “პენ-მარათონ-2003”-ზე იგეგმება. სხვათა შორის, თამრიკო ლებანიძე კონკურსების ფორმას მიესალმება და სხვა გამომცემლებსაც ურჩევს, აქტიურად გამოიყენონ იგი რეკლამისთვის. თავად კი, გარდა “პენ-მარათონისა,” კიდევ ერთ ლიტერატურულ კონკურსს გვპირდება – რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამ სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის. თამრიკოს აზრით, საზოგადოება ძირითადად იმ ჟურნალისტებს იცნობს, რომელნიც პოლიტიკას აშუქებენ, კულტურა ნაკლებ პრიორიტეტულია. დროა, ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს, ამიტომ სულ მალე “დიოგენეს” პატრონესა გვიწვევს კონკურსზე, რომელიც მეტად საინტერესო ფორმატით გაიმართება. ეს იქნება მედია-წვეულება, სადაც მოეწყობა ვიქტორინა, ფურშეტი, გათამაშდება პრიზები, და ამ ყველაფერს საკმაოდ მხიარული სახე ექნება. თქვენი არ ვიცი, მე კი ამ წამოწყებამ ძალზე გამახარა. კარგი იქნება, თუ თამრიკოს სხვებიც აჰყვებიან. მანამდე კი ისევ “დიოგენეს” და მის პრიორიტეტებს დავუბრუნდეთ. თამრიკო ლებანიძისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტად რჩება თარგმანები. “თარგმანის ხელოვნება ცალკე პრობლემაა. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ ამ სფეროს, თუმცა, უმჯობესია, ენასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე განიხილებოდეს” – მიიჩნევს იგი, თუმცა სახელმწიფოს იმედად მაინც არ რჩება და მაღალხარისხოვანი თარგმანების გამოცემაზე თავად ზრუნავს. უახლოეს მომავალში რამდენიმე საინტერესო თარგმანი გველის. კერძოდ, ისეთივე ფორმატით, როგორც ედგარ ალან პო, გამოვა ემილი დიკინსონი. ანუ წიგნი ორენოვანი იქნება, ავტორის ბიოგრაფიითა და კომენტარებით. მსგავსი გამოცემები, რომელიც არა მხოლოდ საკითხავია, არამედ შემეცნებით-სასწავლო ფუნქციასაც ასრულებს, ძალზე მნიშვნელოვანია.
    ერთი სიტყვით, თამრიკო ლებანიძე უქმად ნამდვილად არ ცდება. თუმცა, ძალიან აწუხებს ის, რომ მისი “ახალი” კოლეგა-გამომცემლები “ძველი” კოლეგა-ფსიქოთერაპევტებისგან განსხვავებით, ერთად არ იკრიბებიან და პრობლემების გაზიარების მეთოდით არ თავისუფლდებიან იმ “ჭუჭყისგან,” რაც თანაბრად ახლავს როგორც ფსიქოთერაპევტის, ასევე გამომცემლის საქმიანობას. “როგორც ჩანს, კონკურენცია უკვე საკმაოდ მძიმეა” – ასე ხსნის თამრიკო ამ საკითხს და ჯანსაღ კონკურენციას მიესალმება. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი გამომცემლები მაინც ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას – ამის დასტურია “დიოგენესა” და მაღაზია “პარნასის” ერთობლივი აქცია, რომელსაც თამრიკო “პიკს” უწოდებს. “ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა – იმ დღეს ქალაქში დამყარდა რეკორდი და ვფიქრობ, ეს ერთხანს არ განმეორდება. არ არის აუცილებელი, რომ მსგავსი ზეიმი ყოველდღე გვქონდეს, მთავარია, პერიოდულობა შევინარჩუნოთ და ტემპი, რომელიც ქართულმა წიგნმა “აკრიფა”, იყოს მზარდი” – გვითხრა თამრიკომ.
    P.S. და ბოლოს, რამდენიმე თვის წინათ მან მითხრა, რომ ოცნებობს საკუთარ საგამომცემლო სახლზე, თუმცა ამისთვის მხოლოდ 2 მილიონი დოლარი სჭირდება. დავინტერესდი, რა შეიცვალა მას შემდეგ. “არაფერი – მითხრა თამრიკომ, ოღონდ ახლა 4 მილიონი მჭირდება”. რა ცოტა კმარა ადამიანის ბედნიერებისთვის!

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა

    მო­რის კლა­ვე­ლი – ნუ ეძ­ებთ არ­ამ­ზა­დებს ქუ­ჩებ­ში

    ეს რე­ვო­ლუ­ცია სუ­ლის რე­ვო­ლუ­ციაა, აი, რას უნ­და გავ­ყ­ვი­რო­დეთ მთე­ლი ძა­ლით, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე, ყვე­ლა კუთხე­ში. გო­ნე­ბა შურს იძ­ი­ებს ძვე­ლი წყე­ნე­ბის გა­მო. უკ­ვე დად­გა დრო. ეს ჩვე­ნი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი იმ­ე­დია, იგი ახ­ალ­გაზ­რ­და სტუ­დენ­ტებ­სა და მუ­შებს უპყ­რი­ათ ხელთ. მათ არ სჭირ­დე­ბათ ზედ­მე­ტი ხუ­თი ათ­ა­სი ფრან­კი თვე­ში, მათ ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა სურთ. ას­ეთ ცვლი­ლე­ბა­თა რე­ცეპ­ტი უბ­რა­ლოა, რო­გორც გა­მოცხა­დე­ბა, რო­გორც მე­ხის და­ცე­მა. ეს უბ­რა­ლო­ე­ბა გა­დამ­დე­ბია და ჩვენს თვალ­წინ ვრცელ­დე­ბა. მი­სი არ უნ­და შეგ­ვე­შინ­დეს – იგი ჩვე­უ­ლი, წმი­და­თაწ­მი­და სას­წა­უ­ლი­ვი­თაა.
    ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა უკ­ვე აღ­არ შე­იძ­ლე­ბა და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ამგ­ვა­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ად­ა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პ­ლის გა­რე­შე უნ­და მოხ­დეს! დამ­ნა­შა­ვე­თა დიდ­ხანს ძებ­ნა არ მოგ­ვი­წევს, ეს არ­ამ­ზა­დე­ბი მა­ღალ­ჭე­რი­ან კა­ბი­ნე­ტებ­ში სხე­დან, აი, რა მინ­და შე­ვაგ­ნე­ბი­ნო ჩვენს წე­სი­ერ ბურ­ჟუ­ებს.
    მარ­თ­ლაც, ორ­ი­დან ერ­თი: ყვე­ლა ის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დათ­მო­ბა მუ­შე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ – რა­ზეც გუ­შინ ჩვე­ნი სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი მთავ­რო­ბა წა­ვი­და – ან ის­ე­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ან არა. თუ მთავ­რო­ბას ეს შე­ეძ­ლო, მა­შინ გა­მო­დის, რომ მთე­ლი ეს წლე­ბი იგი, უბ­რა­ლოდ, ექს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ას უწ­ევ­და და ძარ­ც­ვავ­და მუ­შებს, ით­ვი­სებ­და მა­თი შრო­მის ნა­ყოფს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთავ­რო­ბა ხალ­ხის მტე­რი გა­მო­დის. თუ­კი არ შე­ეძ­ლო დათ­მო­ბებ­ზე წას­ვ­ლა, ე.ი. ახ­ლა იგი მხო­ლოდ სა­კუ­თარ კრახს გა­ურ­ბის და უფს­კ­რუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს მთელ საფ­რან­გეთს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი საქ­მე გვაქვს სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­თან.
    რაც არ უნ­და მოხ­დეს – ყვე­ლა­ზე უარ­ე­სიც კი – მა­ინც ყვე­ლა­ფერს გა­ა­მარ­თ­ლე­ბენ; ამ­ა­ში ად­ვი­ლად დარ­წ­მუნ­დე­ბით, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ და­აკ­ვირ­დე, შე­ხე­დო ამ არ­ამ­ზა­დებს. დღე­ვან­დელ ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბას არ­ა­ფე­რი აქვს სა­ლა­პა­რა­კო ას­ეთ ად­ა­მი­ა­ნებ­თან.

    Combat, 28 მა­ი­სი 1968

    იმ­ა­ვე დღეს ჟან-ჟაკ პო­ვე­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ეს მი­მარ­თ­ვა პროკ­ლა­მა­ცი­ის სა­ხით და­ბეჭ­და და ლა­თი­ნურ კვარ­ტალ­ში გა­მო­აკ­რა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ესე

    ფრან­სუა ტრი­უ­ფო – კა­ნი, 1968 წლის მა­ი­სი

    ჩემ­თ­ვის მა­შინ­დე­ლი სი­ნე­მა­თე­კის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი (1) მა­ი­სის მღელ­ვა­რე­ბა­თა თა­ვი­სე­ბურ პრო­ლოგს წარ­მო­ად­გენ­და… თუ­კი საგ­ნებს ცო­ტა­თი ცი­ნი­კუ­რად შევ­ხე­დავთ, კი­დევ ერთხელ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ თუ­კი არ­ა­ფე­რი გა­მოგ­ვ­დის კა­ბი­ნე­ტებ­სა და თათ­ბი­რებ­ზე, ქუ­ჩებ­ში უნ­და გა­მო­ვი­დეთ.
    და­ვუბ­რუნ­დეთ 1968 წლის მა­ი­სის კანს…
    მოვ­ლე­ნებს რა­დი­ო­თი ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს; ეს ხდე­ბო­და 17 მა­ი­სამ­დე, ამ დღეს კან­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი და სი­ნე­მა­თე­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში უნ­და მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ორ­ლი­დან თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი უკ­ვე აღ­არ დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, ასე რომ, მან­ქა­ნა ვი­ქი­რა­ვე და მთე­ლი საფ­რან­გე­თი ისე გა­დავ­ჭე­რი, ყუ­რი არ მო­მი­ცი­ლე­ბია რა­დი­ოს­თ­ვის. მახ­სოვს, ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ახ­ა­ლი ამ­ბე­ბი ახ­ალ-ახ­ალ გა­ფიც­ვებ­სა და ფაბ­რი­კე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა­ზე გვა­უწყებ­და. სი­მარ­თ­ლე ითქ­ვას, სწო­რედ იმ დღეს და­იწყო წარ­მო­ე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რას, 19-ში ქვეყ­ნის სრუ­ლი პა­რა­ლი­ჩით დამ­თავ­რ­და. რო­ცა სას­ტუმ­რო­ში მი­ვე­დი, გად­მომ­ცეს, რომ ჟაკ რი­ვე­ტი მე­ძებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კავს კი­დეც. იგი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე იყო, ვო­ჟი­რარ­ში, სა­დაც არ წა­ვე­დი. ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დი – ზუს­ტად არ მახ­სოვს, მას­თან დავ­რე­კე თუ რო­მე­ლი­მე მის მე­გო­ბარ­თან – და მეს­მის: “იცი რა, ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გა­ვა­ჩე­როთ კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი”. უეც­რად ძალ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად მო­მეჩ­ვე­ნა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თით­ქოს თა­ვის­თა­ვად ცხა­დი იყო, რომ ას­ეც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო; გა­და­ვუ­რე­კე კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს და გა­ვაფ­რ­თხი­ლე ამ­ის შე­სა­ხებ. სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ხალ­ხი. შევ­ხ­ვ­დი ლუი მალს – იგი ჟი­უ­რის წევ­რი იყო – და მან თა­ვის მხრივ, სხვე­ბის აგ­ი­ტი­რე­ბა და­იწყო (მო­ნი­კა ვი­ტის, ტე­რენს იან­გის (2), რო­მან პო­ლან­ს­კის), მო­უ­წო­დებ­და, უარი ეთქ­ვათ ჟი­უ­რის წევ­რო­ბა­ზე. შემ­დეგ რე­ჟი­სო­რებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, ვცდი­ლობ­დით გაგ­ვე­გო, ვინ იყო მზად იმ­ის­თ­ვის, რომ თა­ვი­სი ფილ­მი მო­ეხ­ს­ნა კონ­კურ­სი­დან.
    მე­ო­რე დღეს, თერ­თ­მე­ტი სა­ა­თის­თ­ვის, გო­და­რი მო­ვი­და; მზა­დე­ბის დრო აღ­არ იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­თა და კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბით გა­და­ჭე­დილ ჟან კოკ­ტოს დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და. მე გა­მო­ვე­დი და ტექ­ს­ტი წა­ვი­კითხე, სულ რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნი, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მი იყო, რომ ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის შე­ჩე­რე­ბას მო­ითხო­ვენ და მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ ამ სა­ერ­თო აქ­ცი­ას. ძი­რი­თა­დი აზ­რი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის­თ­ვის. სა­ფეს­ტი­ვა­ლო კა­ნი, სა­ერ­თოდ ძალ­ზე ჩა­კე­ტი­ლი ად­გი­ლია, ყვე­ლა მხო­ლოდ კი­ნო­ზე ლა­პა­რა­კობს. არ­ა­ვინ უს­მენს ახ­ალ ამ­ბებს რა­დი­ო­თი, გა­ზე­თებ­საც იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ, მხო­ლოდ “კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ მაც­ნეს” კითხუ­ლო­ბენ. ხალ­ხი საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და მორ­ჩა. რა­ღაც გა­ფიც­ვე­ბი ამ ხალხს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­და და წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, თუ რი­თი ცხოვ­რობ­და ამ დროს ქვე­ყა­ნა; აიღ­ეთ, მა­გა­ლი­თად, 1958 წლის 13 მა­ი­სი (3); ფეს­ტი­ვა­ლი გრძელ­დე­ბო­და, თით­ქოს არ­ა­ფე­რი მომ­ხ­და­რი­ყოს. უნ­და ითქ­ვას, ჩვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ ყვე­ლა გა­ნაც­ვიფ­რა, ამგ­ვა­რი რამ არ­ა­ვის მო­უ­ვი­დო­და თავ­ში. მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, პრო­ტეს­ტი არ­ა­ვის გა­მო­უთ­ქ­ვამს. ვცდი­ლობ­დი ამ­ეხ­ს­ნა ხალ­ხის­თ­ვის, რომ ფეს­ტი­ვა­ლი მა­ინც და­ი­ხუ­რე­ბო­და, იმ­ი­ტომ, რომ რე­ჟი­სო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უკ­ვე მო­ეხ­ს­ნა თა­ვი­სი ფილ­მე­ბი ჩვე­ნე­ბი­დან (ასე მო­იქ­ც­ნენ რე­ნე, ლე­ლუ­ში და კურ­ნო (4)), ჟი­უ­რის წევ­რე­ბი კი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ტო­ვებ­დ­ნენ ფეს­ტი­ვალს, უარს ამ­ბობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე. გო­დარ­მა, – რო­მე­ლიც პირ­და­პირ პა­რი­ზი­დან ჩა­მო­ვი­და და ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უშ­უ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და იქ­ა­ურ მოვ­ლე­ნებ­ში – უეც­რად შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა: “წა­ვი­დეთ დიდ დარ­ბაზ­ში და დის­კუ­სია გავ­მარ­თოთ”. აქ და­იწყო მთე­ლი ეს სორ­ბო­ნუ­ლი ალ­ი­ა­ქო­თი. უკ­ვე შუ­ად­ღე იქ­ნე­ბო­და, ჩვენ დიდ დარ­ბაზ­ში მი­ვე­დით. იქ უკ­ვე იყვ­ნენ კლოდ ბე­რი (5), კლოდ რი­ში (6), ლე­ლუ­ში და რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ბლო­მად ჟურ­ნა­ლის­ტი ირ­ე­ო­და. ყვე­ლა ერთ­დ­რო­უ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, ერთ­მა­ნეთს აწყ­ვე­ტი­ნებ­დ­ნენ, გა­მოჩ­ნ­დ­ნენ უც­ხო­ე­ლე­ბიც – რი­ჩარდ ლეს­ტერ­მა (7) გა­ნაცხა­და, რომ მოხ­ს­ნა ფილ­მი პროგ­რა­მი­დან, შემ­დეგ სა­უ­რაც მო­ვი­და. ფავრ-ლებ­რე შე­ე­ცა­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით გა­დაგ­ვეწყ­ვი­ტა პრობ­ლე­მა და ჩვე­ნი გა­მოყ­რაც და­ა­პი­რეს დარ­ბა­ზი­დან. ყვე­ლა­ფე­რი ეს დრო­ში გა­ი­წე­ლა, სი­ტუ­ა­ცია ამ­ჟავ­და და აუტ­ა­ნე­ლი გახ­და. შემ­დეგ კი, ხომ იც­ით, ცე­ლი რომ ქვას მოხ­ვ­დე­ბა… სად­მე რომ მო­ნა­წი­ლე­ობ და უც­ბად გა­ძე­ვე­ბენ იქ­ი­დან, რა­ღაც მა­ინც გა­ი­ძუ­ლებს დარ­ჩე. სრუ­ლი აბ­სურ­დი იყო, მაგ­რამ უკ­ვე ვე­ღა­რა­ფერს იზ­ამ­დი, ვერ უშ­ვე­ლი­დი სი­ტუ­ა­ცი­ას. მიკ­რო­ფო­ნი­დან ახ­ალ-ახ­ა­ლი, უთ­ავ­ბო­ლო კინ­კ­ლა­ო­ბე­ბის უზ­არ­მა­ზა­რი ნა­კა­დე­ბი იღვ­რე­ბო­და. სა­მის ნა­ხევ­რის­თ­ვის დარ­ბაზ­ში ნემ­სი ვერ ჩა­ვარ­დე­ბო­და. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ად­ა­მი­ა­ნი სცე­ნა­ზე ვი­ყა­ვით; პარ­ტე­რის რი­გე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი… უნ­და ითქ­ვას, რომ აუდ­ი­ტო­რი­ას ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ; ცო­ტა ვინ­მეს თუ ახ­სოვს, მაგ­რამ ად­რე ფეს­ტი­ვალ­ზე სწო­რედ რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი და­დი­ო­და, თა­ვად კა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა – “პრო­ფებს”, რო­გორც წე­სი, უკ­ვე ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ ფილ­მე­ბი. აქ კი კი­ნო­ში ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლი პუბ­ლი­კა იყო, მაგ­რამ მათ კარ­გად ჰქონ­დათ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლის პრეს­ტიჟ­საც უფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ მთე­ლი ეს ბა­ლა­გა­ნი და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნ­დათ და ამ­ი­ტო­მაც ჩვე­ნი ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა და­იწყეს, ორ­ი­ო­დე ად­გი­ლობ­რი­ვი “სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი” სცე­ნა­ზე ამ­ო­ვარ­და და სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით შე­მოგ­ვღ­რი­ა­ლა მე და ლე­ლუშს: “რას გავს ეს, ჩვენ ხომ უც­ხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი გვყავს… თქვენ კი­დევ ფეს­ტი­ვა­ლის გა­რე­შე არ­ა­რა­ო­ბა ხარ­თო” და ა.შ. ხალ­ხი აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და; სამ სა­ათ­ზე ად­მი­ნის­ტ­რა­ცია გა­მოჩ­ნ­და. ფავრ-ლებ­რე აშ­კა­რად ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და სე­ან­სის დაწყე­ბა უბრ­ძა­ნა ხელ­ქ­ვე­ი­თებს. ეკ­რან­ზე სა­უ­რას ფილ­მის (9) ტიტ­რე­ბი გა­მოჩ­ნ­და და ამ დროს და­იწყო სა­ში­ნე­ლი, ვე­ლუ­რი ღრი­ან­ცე­ლი. უკ­უნ სიბ­ნე­ლეს პრო­ჟექ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი სხი­ვი ჭრი­და და ეკ­რა­ნი­დან კარ­გად ჩან­და, რომ სცე­ნა­ზე ნამ­დ­ვი­ლი ალ­ი­ა­ქო­თი ამტყ­და­რი­ყო. ჩე­მი აზ­რით, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ეს ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მენ­ტი იყო მთელ ამ უაზ­რო აბ­და­უბ­და­ში.
    ვი­ღა­ცამ იყ­ვი­რა: “ფარ­და და­ით­რი­ეთ!” და ჩვენ, თხუთ­მე­ტი-ოცი კა­ცი ვცდი­ლობ­დით ხე­ლი შეგ­ვე­შა­ლა, რა­თა ფარ­და არ­ა­ვის აეწია. ჩვენ­თან იყვ­ნენ სა­უ­რა და ჯე­რალ­დი­ნა ჩაპ­ლი­ნი, მათ ფილმს აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ – უკ­ვე კად­რე­ბი წა­ვი­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­და­პირ ჩვე­ნი სხე­უ­ლე­ბი­დან “უყ­უ­რებ­და” ფილმს – ის­ი­ნი იბრ­ძოდ­ნენ, რა­თა ჩვე­ნე­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ! მა­გა­რი რა­მე იყო; სწო­რედ იმ წამს, ზუს­ტად იმ მო­მენ­ტ­ში ვიგ­რ­ძე­ნი ყვე­ლა­ფე­რი… ვი­ღა­ცამ, რო­გორც ჩანს, ხმა გა­მორ­თო, არ­ა­ფე­რი ის­მო­და, მხო­ლოდ კად­რე­ბი ჩან­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, შუ­ქი აან­თეს, პრო­ექ­ტო­რი გა­ა­ჩე­რეს და და­იწყო წე­წა-გლე­ჯა, უფ­რო სწო­რად, ცე­მა-ტყე­პა. ნი­ცე­ლი და კა­ნე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბი სცე­ნა­ზე ამ­ო­ვარ­დ­ნენ, ვი­ღა­ცამ სა­ხე­ში გა­მარ­ტყა და რო­ცა აზრ­ზე მო­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რო­გორ და­ით­რია ერთ­მა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ეს ტი­პი და პირ­და­პირ თა­ი­გუ­ლე­ბის ზღვა­ში გა­და­უშ­ვა. მა­გა­რი სა­სა­ცი­ლო რა­მე იყო… აურ­ზა­უ­რი მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მურ­და­ლი სიტყ­ვე­ბი და ბრალ­დე­ბე­ბი გა­ვი­გო­ნეთ ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით; ვი­ღა­ცა ამტ­კი­ცებ­და, რომ ფეს­ტი­ვა­ლი აუც­ი­ლებ­ლად უნ­და გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სა­სახ­ლი­დან სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, უეც­რად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რო­გორ ვერ გვი­ტან­დ­ნენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი… სულ მუშ­ტებს გვიქ­ნევ­დ­ნენ…
    რო­გორც ჩანს, არ­ა­ვის სურ­და გა­ე­გო, რომ ქვე­ყა­ნა სულს ღა­ფავ­და და ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ვარ­დ­ნა ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი და უბ­რა­ლოდ, ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და ამგ­ვარ ვი­თა­რე­ბა­ში. იმ­ა­ვე დღეს პა­რიზს გა­ვემ­გ­ზავ­რე… დამ­ღა­ლა ყვე­ლა­ფერ­მა ამ­ან. კლოდ ბე­რიმ და­მი­რე­კა და ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი სა­უბ­რი­დან ორი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე მახ­სოვს: მან თქვა: “წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა სა­ში­ნელ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ!” – რო­გორც ჩანს, ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზე, საქ­მე­ებ­ზე და ა.შ. უნ­დო­და ლა­პა­რა­კი, შემ­დეგ კი დას­ძი­ნა: “ჩვენ, ალ­ბათ ვერ გვი­ტა­ნენ”. თა­ვი­დან გა­მე­ცი­ნა და ვუ­პა­სუ­ხე: “ჰო, რა თქმა უნ­და”-მეთ­ქი, მან კი შე­მაწყ­ვე­ტი­ნა: “არა, ჩვენ სა-ერ-თა-შო-რი-სო მას­შ­ტა­ბით ვერ გვი­ტა­ნენ!”
    თუ­კი დავ­ფიქ­რ­დე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ მა­შინ სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დით. შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი იდ­ე­ა­ლუ­რად ვერ გა­კეთ­და, მაგ­რამ მა­ინც ხომ გა­კეთ­და. ჩემ­თ­ვის ეს ფან­ტას­ტი­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო – არა იმ­დე­ნად თა­ვად ფეს­ტი­ვა­ლი, რამ­დე­ნა­დაც ყვე­ლა­ფე­რი, რაც მა­შინ ხდე­ბო­და, პა­რიზ­სა და მთელ საფ­რან­გეთ­ში. უბ­რა­ლოდ, არ­ის მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტო, ვის მხა­რეს ხარ. იმ­ა­ვე 1968 წელს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვიძ­ლე­ო­დი, რომ­ლებ­შიც ვრცლად გან­ვ­მარ­ტავ­დი, რომ არც ერთ ბა­ნაკს არ ვე­კუთ­ვ­ნო­დი, არ­ა­ვი­სი მჯე­რო­და და სა­ერ­თო­დაც, ცი­ნი­კუ­რი და ას­ო­ცი­ა­ლუ­რი ტი­პი ვი­ყა­ვი… ნელ-ნე­ლა ჩა­მით­რია ამ ამ­ბავ­მა; კა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, 1 ივ­ნი­სის დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ა­შიც კი მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ად­რე არ­ა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში). მე­ო­რე მხრივ, სორ­ბო­ნა­ში არ წავ­სულ­ვარ, არ მინ­დო­და ვი­ღაც უქ­ნა­რას დავ­მ­ს­გავ­სე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღაც ინ­ტი­მურ, ღრმად პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე უც­ბად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე – სტუ­დენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით – რომ ჩე­მი ცი­ნიზ­მი კა­პი­კად არ ღირ­და; ად­ა­მი­ა­ნუ­რი სიბ­რიყ­ვის, მო­უთ­მენ­ლო­ბი­სა და შეზ­ღუ­დუ­ლო­ბის (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, პო­ლი­ტი­კუ­რია იგი თუ არა) პა­სუ­ხად, რო­გორც წე­სი, მხრებს ვი­ჩე­ჩავ­დი: “ღირს კი თა­ვის გა­წირ­ვა”. ასე რომ, ამ ამ­ბოხ­მა თით­ქოს მაჩ­ვე­ნა, რომ უბ­რა­ლოდ, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არა მაქვს, სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცე: თა­ვის გა­წირ­ვას ყო­ველ­თ­ვის აქვს აზ­რი…
    ახ­ალ­გაზ­რ­დე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ გა­და­კე­ტონ ელ­ი­სეს მინ­დ­ვ­რე­ბი სკან­დი­რე­ბით: “ისე გვექ­ცე­ვი­ან, რო­გორც ებ­რა­ე­ლებს გერ­მა­ნი­ა­ში” (10), მხო­ლოდ უს­აზ­ღ­ვ­რო აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბის გრძნო­ბა თუ გა­გიჩ­ნ­დე­ბა. ვე­რას­დ­როს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ქუ­ჩა­ში ერთ­დ­რო­უ­ლად ერთ­მა­ნეთს შე­ერ­წყ­მო­და გო­ნე­ბა, იუმ­ო­რი, ძა­ლა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ამ­ან შემ­ძ­რა და აშ­კა­რა იყო, თუ რა არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებ­დი მათ ლო­ზუნ­გ­სა და სამ­სა­ხურ­ში მოჩ­ქა­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის­ტე­ბის ის­ტე­რი­ულ პი­პინს შო­რის…
    (1) იგულისხმება ანრი ლანგლუას, პარიზის სინემათეკის დირექტორის გათავისუფლება.
    (2) ტე­რენს იან­გი (1915-1994) – ინგ­ლი­სე­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი.
    (3) ალ­ჟი­რის კრი­ზი­სის პი­კი.
    (4) მი­შელ კურ­ნო – ფრან­გი სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი.
    (5) კლოდ ბე­რი (დ.1934) – ფრან­გი სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი.
    (6) კლოდ რი­ში (დ.1929) – ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი.
    (7) რი­ჩარდ ლეს­ტე­რი (დ.1932) – ინგ­ლი­სე­ლი რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი, მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი და ოპ­ე­რა­ტო­რი.
    (8) რო­ბერ ფავრ-ლებ­რე – ფრან­გი კი­ნოს მოღ­ვა­წე, კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის პრე­ზი­დენ­ტი (1952-1971).
    (9) სა­უ­ბა­რია კარ­ლოს სა­უ­რას ფილ­მ­ზე “პე­პერ­მინტ ფრა­პე”.
    (10) ლო­ზუნ­გ­ში გა­თა­მა­შე­ბუ­ლია და­ნი­ელ კონ-ბენ­დი­ტის გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბაც, რო­მელ­ზეც რე­ვან­შის­ტულ ტო­ნებ­ში მი­ა­ნიშ­ნებ­და ჟორჟ მარ­შე თა­ვის მო­წი­ნა­ვე სტა­ტი­ა­ში “იუმ­ა­ნი­ტე”-სთვის (1968, 3 მა­ი­სი). იგი მას “გერ­მა­ნელ ან­არ­ქისტ კონ-ბენ­დიტს” უწ­ო­დებ­და.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    თამაზ ჩხენკელი – სარკითა და სახითა.

    ანდრო ბუაჩიძე
    ზამთრის მზიანი დღე


    თამაზ ჩხენკელი. სარკითა და სახითა. რედაქტორი იზა ორჯონიკიძე. “მერანი”, 2002.

    თამაზ ჩხენკელთან ვართ, ხილიანზე. მე მომწონს თვალშისაცემი უბრალოება და სისადავე, რომელიც მის ოთახში სუფევს. თამაზი არ არის “ნივთომანიით” შეპყრობილი კაცი. მისი “კომფორტი” მინიმალურია: სარწეველა, საწერი მაგიდა, თაროებზე და პირდაპირ იატაკზე დაწყობილი წიგნები.
    ტახტზე შევასწარი თვალი ახალახან გამოცემულ ლექსების წიგნს “სარკითა და სახითა”. ამ წიგნში შესული თითქმის ყველა ლექსი ვიცი. ოთახში მყოფს მახსენდება ერთი პატარა ლირიკული ოპუსი: “ყველაფერი არის ძველი, / გაცრეცილი ბარათივით, / იგივ ძველი სავარძელი, / მტვერი წიგნის კარადების. / იგივეა, რაც რომ იყო / ულმობელი დროის ხელი… / სავარძელში მარტო ვზივარ / და ირწევა სავარძელი”.
    ეს მარტოობაში დაწერილი ლექსია. თუმცა სჯობს ასე ვთქვა – მარტოობაზე დაწერილი, იმიტომ, რომ ყველა ლექსი მარტოობაში იქმნება. აი, ამ ოთახში წერდა დროის გარკვეულ მონაკვეთში თამაზ ჩხენკელი თავის ლექსებს. ახლაც აქ წერს. ლექსებს ეტყობა ზამთრის მიმცხრალი მზის ანარეკლი, რაღაცნაირი ინტიმის ნიშანი, თითქოს ვიღაცას ელი, უნდა შემოვიდეს ოთახში, შეიშმუშნოს, კაშნე მოიხსნას, პალტო უცერემონიოდ გადაფინოს სკამის საზურგეზე, მოიყოლოს თავის საფიქრალი და სათქმელი.
    ვინ იქნება ეს კაცი? სიყრმის მეგობარი, უცნობი, კარგახნის უნახავი და მონატრებული ამხანაგი… მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღარასოდეს გადმოაბიჯებენ კარის გაცვეთილ ზღურბლს: “მე საქმე არა მაქვს არავითარი, / მარტო ვარ, მომსვლელიც არავინ არი, / ხანდახან შემოივლის ანზორ სალუქვაძე, / ფხიზელი, ანდა არაყით მთვრალი. / ვაკიდან დაბერავს ზოგჯერ არაგვი, / ზოგჯერ ისიც მოდის, მეტი არავინ”.
    სიტყვა “მარტოობას” მრავალგვარი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა საუბარი პოეზიას ეხება. მაგრამ ახლა მე სხვა რამეს ვფიქრობ: როგორია თამაზ ჩხენკელის მარტოობა?
    მე და ზაზა თვარაძე დღეს დილით შევხვდით ერთმანეთს. ზამთრის საკმაოდ უხალისო დღე იყო. ერთი “პატარა საქმეც” გვქონდა. მერე კი უკვე ნაშუადღევს ვაჟა-ფშაველას პროსპექტი გავიარეთ და განვიზრახეთ თამაზ ჩხენკელთან ავსულიყავით.
    ახლა აქ ვართ. ამ ოთახიდან თრიალეთის ქედის ულამაზესი ნაწილი მოჩანს. აივანზე გავდივართ – გაცრეცილი და გაძარცვული პეიზაჟია. ჩამავალი მზის ნათელი ბჟუტავს ზოოპარკის და “მზიურის”, ვერეს ხეობაში.
    მე ვფიქრობ, თამაზ ჩხენკელის ლექსებზე განსხვავებული აზრი არსებობს (ისევე როგორც ყველაფერზე ამქვეყნად), მაგრამ გასაკვირია, რომ ხშირად ის პოეტები არიან კრიტიკულად განწყობილნი, რომელთა ლექსებიც “სტილის ანემიურობითაა” აღბეჭდილი.
    მე მიმაჩნია, რომ როგორც რილკე ამბობდა, ლექსები მართლაც გამოცდილებანია და ისეთ კონცენტრირებულ მასალაში, როგორიც პოეტური ქმნილებებია, არ შეიძლება ადამიანური ტანჯვის ყოველმა წვეთმა არ მოიყაროს თავი. ამასთანავე მე თვალნათლივ ვხედავ იმას, რომ თამაზ ჩხენკელი არა მარტო ფრაზის ოსტატია, არამედ ანალიტიკოსიც, არა მარტო ირაციონალურ საწყისს ენდობა, არამედ ამ საწყისის გონებრივ, ცნობიერ ნაწილად გარდასახვას ცდილობს.
    თამაზ ჩხენკელმა გარკვეული კულტურული, ენობრივი, თემატური ტრადიციაც კი აითვისა და მოარგო თავის სათქმელს. იქნებ ეს ტრადიცია ერთგვარად სათქმელსაც ქმნის შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ პიროვნულ-ინდივიდუალური ნიშნები, კონკრეტული გარემო, სახლი, ხელი, მეგობრები მაინც განმსაზღვრელია: და ამიტომაც ვართ ალბათ თამაზის ოთახში.
    არის ერთი ლექსი, რომელიც არა მარტო თამაზ ჩხენკელის აივნიდან გადაშლილ ხედს აღბეჭდავს გრაფიკული სიცხადით, არამედ მის მსოფლმხედველობასაც ამჟღავნებს: “მდინარე ვერე, რომელსაც ვახუშტის თქმით,/ ძველად სკვირეთი რქმევია,/ ბეტონის კალაპოტით შედის ზოოპარკის ბაღში,/ მარჯვენა მხრიდან გულმოდგინედ მოკირწყლული/ “მზიური” ეკვრის,/ მარცხენა მხრიდან/ ნაყარნუყარით და ნაგვით სავსე ფერდობი./ ხიდზე თუ გაივლი შეგზარავს:/ მდინარე ყარს – “ღვარი ბილწებისაი”/ ის – მაშინ იყო: “არამედ არს ხეობა ესე/ ნაყოფიერი ყოვლითავე,/ ვენახოვან-ხილიანი, ნადირ-ფრინველიანი”./ – და მერე მოულოდნელი გადასვლა: “ყველაფერი მკვდარია ირგვლივ,/ არც წიქარა ჩანს, არც ნაცარქექია, არც მზეჭაბუკი/ მხოლოდ ქვა და ბეტონი/ მარადიული დაუნგრევლობაა/ ჩვენი დისნეილენდის უპირატესობა…/ აქ დაიზრდებიან მომავალი ნაძირალები”.
    ამ ლექსში აღბეჭდილი ლანდშაფტი, აივნიდან შეთვალიერებული ხედი მოულოდნელად საქართველოს ავისმომასწავებელ პანორამად გადაიქცევა. თამაზ ჩხენკელი ვნებათა ლირიკული განფენის, ზომიერი ხატვის გზას ირჩევს ხოლმე. ამ ლექსის ფინალში კი ისეთი მძლავრი პუბლიცისტური ტალღა შემოიჭრა, რომ ერთიანად წალეკა ყველაფერი. ეს უკვე არც ძახილია, არც მოწოდება, ეს არის ყვირილი: “დროა – დავიძრათ სათავისაკენ,/ დროა – ავიდეთ იქ, დიდგორის მთაზე,/ დროა, განვწმინდოთ გული ნათლისღების წმინდა ემბაზით!”/.
    რასაკვირველია, ლექსსაც თავს თავის აკუსტიკური ველი და ამ “გამაყრუებელ” ლექსებთან ერთად თამაზ ჩხენკელს ისეთებიც უხვად მოეპოვება, რომელთა ჟღერა კეთილხმოვანების ფარგლებს არ სცილდება, შინაარსი კი განმაქიქებელი და დამთრგუნველია. ე.წ. მამხილებელი პათოსი ლიტერატურაში გულუბრყვილო თვალსაზრისით მხოლოდ XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმის კუთვნილებად იყო მიჩნეული. არადა, ანტიკურიდან ხანიდან დღემდე, მამხილებლობა, ზნეობრივი განჩხრეკის და “მანკიერებათა გამომზეურების” ჟინი სხვადასხვაგვარი ნიშნით ყველა ეპოქაში იჩენდა თავს.
    ამ ყაიდის ლექსები თამაზ ჩხენკელის წიგნში განკერძოებულ ციკლს შეადგენს: “ცხუმი”, “ეპიტაფია”, “ცხრა აპრილი”, “სურათი”, “თქვენა ხართ” და სხვა მისთანანი, პუბლიცისტურ სიმწვავესთან ერთად ნერვული დრტვინვით, შფოთით, თითქოს ხმის მთრთოლვარე ვიბრირებით იქცევს ყურადღებას.
    ამ ლექსებში თამახ ჩზენკელის პოეზიის მხატვრულ-კონცეპტუალური სამყაროს ერთი წახნაგია წინ წამოწეული, ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი. ამაზე მეტყველებს ილიასადმი მიძღვნილი ერთი ლექსი (“აღსარება”), რომელშიც თავმოყრილია ჭარმაგი ოსტატის შემოქმედების მრავალი ნიშანი.
    უკვე დაბალ მაგიდასთან ვსხედვართ, “ცისფერყანწელებზე” ვსაუბრობთ, შეიძლება ცალკეული ნაფლეთები შეგროვდეს ამ საუბრიდან და რაღაც საერთო გამოდნეს. სიტყვა ეხება იმას, რომ ლექსში აღბეჭდილი სულიერების ფაქიზი ტვიფარი ამა თუ იმ პოეტის ღრმა შინაგანი გამოცდილების და კულტურის ანაბეჭდია. ამგვარი კულტურის დამღას კი მართლაც სხვა ფასი აქვს პოეზიაში. “ასეა, კი, – ამბობს ბატონი თამაზი – ნამდვილად ასეა”.
    მე, თამაზს და ზაზას ხელში ქარვისფერი ღვინით სავსე მაღალი ჭიქები გვიჭირავს. აივანზე უკვე თითქმის ჩასული მზის სუსტი ნათელიღა თრთის. ვერეს ხეობას მწუხრი ეპარება თანდათან. საცაა ბეწვის ხიდზე დაკიდული მზე ბნელ ხეობაში ჩაიკარგება.
    ჩემთვის ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელმა თარგმნა უამრავი რამ: ბო-ძიუს ლექსები, თაგორის “გიტანჯალი”, ჰომეროსის “ოდისეა”, პუშკინის “მცირე ტრაგედიები”, შექმნა ესეები და გამოკვლევები. და ეს არ იყო მხოლოდ კულტურ ტრეგერული მოღვაწეობის სფერო, ეს საკუთარი პოეტური ბუნების თვითგამოხატვის გზა იყო. პოეზიის თარგმანებშიც და ესეისტიკაშიც არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისი პიროვნებისეული ინდივიდუალობა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი ლირიკული ბუნება მოუსვენრად ეძებდა და ეძებს თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმას. სწორად შენიშნა ერთმა მწერალმა, რომ თამაზ ჩხენკელის ვაჟაზე დაწერილი გამოკვლევაც კი – “ტრაგიკული ნიღბები” – პოეტურ მსოფლშეგრძნებაზე და ინტუიციაზეა დაფუძნებული.
    და ამავე დროს თამაზ ჩხენკელი წერდა ლექსებს. წერდა არცთუ ცოტას, მნიშვნელობას ანიჭებდა ფრაზის ლექსიკურ სისრულეს და მგრძნობელობით ტევადობას. და მთელი მისი ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივი გამოცდილება ხშირად ერთ პატარა ლექსში თავსდებოდა. ეს იყო პროფესიული მზადყოფნა, რომელიც შთაგონების მომენტში გამჟღავნდა: “მე არ მივლია გზებით ნალახით,/ არ მიზელია სხვათა ტალახი./ ბილწის, უმსგავსის და უტიფარის/ გულზე ნაჭდევი არ მაქვს ტვიფარი,/ არანაირი მზაკვარ-მაცილის!/ მე ნაწილიანთ ვიყავ ნაწილი,/ მათი მოწაფე ვიყავ ბეჯითი/ და შუბლზე მაზის მათი ბეჭედი!”.
    საუბარი კალაპოტს იცვლის. სიტყვა ჩამოვარდა იმაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს მწერალი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში.
    მე ვფურცლავ წიგნს. ანოტაციაში თამაზ ჩხენკელი ამბობს: “ამ დროის წიაღში დგინდებოდა და ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად ფერისცვალებას განიცდიდა წარმოდგენილი ლექსების სუბიექტი”.
    ასაკობრივი მიჯნა იცვლებოდა, იცვლებოდა პიროვნება და შესაბამისად ლექსებიც. მე ცალი ყურით ვუსმენ საუბარს და კვლავ ჩემს საფიქრალს ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელის მაინც რომელი ლექსები აღიბეჭდა ყველაზე მკაფიოდ ჩემს მეხსიერებაში? ადრეული? გვიანდელი? მეხსიერებას ამჯერად ბოლომდე ვენდობი, ის თითქოს მაღალმხატვრულობის კრიტერიუმიცაა. რომელმა ლექსმაც დაიმკვიდრა ჩემში ადგილი, ის იყო ყველაზე შთამბეჭდავი და ახლობელიც. მახსენდება ცალკეული ფრაზები, მერე უფრო მოზრდილი მონაკვეთი ან მთლიანად ლექსი: “მზე მიდრკა დასავალს, ჩრდილები დასცა, დაჭრილი ასგან ვარ/ და მრთელი არსად”. “ჩამოვუარეთ ხევს,/ პეშვი აჩუქე წყაროს…/ უკვდავებისა ხევ, უკვდავებისა წყალო”… “მთიდან მოსული როგორც მურეშა,/ იდგნენ ნისლები ბაღის კარებთან/ და ჩვენი სახლის მწვანე ყურეში/ ფოთლებს სიცივე აკანკალებდა”… “ჩემი სახლის წინ ბაღია პატარა,/ ჩინელი ქალის ფეხივით პატარა”/… და სხვ.
    ეს ადრეული ლექსები რაღაც სხვაგვარი უშუალობით იყო ნიშანდებული. სხვაგვარი ლირიკული გამჭვირვალება დაჰყვა იმთავითვე, მოგვიანო პერიოდში “ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად” იმატა ფრაზის მედიტაციურმა სიხისტემ, სხვანაირმა ექსპრესიამ, სიმკვრივემ, სიმსუბუქის, გამჭვირვალების ნაცვლად: “გაღვიძებული უეცრად: “მტკივა”! -/ საწოლთან შუქს რომ აანთებს კაცი,/ და კედლის საათს შეხედავს ცივად/ და სიკვდილამდე დაადგენს მანძილს, -/ რას უნდა გრძნობდეს,/ რას უნდა ხმობდეს,/ ოთახის ბნელში ასეთი კაცი!”
    მე ვაკვირდები ბატონ თამაზს, რომელსაც მოაქვს ყავის ფინჯნები, მშვიდად იღებს წიგნებს და გვიკეთებს სასაჩუქრო წარწერებს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს კაცი ყოველთვის თანაბარი, ოდნავ აჩქარებული რიტმით მოძრაობს, ის კი არა, თითქოს იმავე რიტმით აზროვნებს კიდეც, სხარტად და ხალისიანად გეპასუხება. ჩემი აზრით, მისი ნაწერები – წერილებიც და ლექსებიც ამავე რიტმით სუნთქავს. მისი პოეტური მედიტაციები არ არის მდორე და გაწელილი, პირიქით, მოკლეა და მოკვეთილი.
    იქნებ ეს რიტმი ამჟღავნებს თვალსაჩინოდ მარტოობისაგან თავდაღწევის ჟინს?
    მასპინძელი კარამდე გვაცილებს. გარეთ უკვე სიბნელეა. მე და ზაზა კიბეებზე ვეშვებით, ვიწრო, ჩაბნელებულ ქუჩას მივუყვებით, ხელში ნაჩუქარი წიგნები გვიჭირავს,- “სარკითა და სახითა” და “მწვანე ბივრიტი”, ნელა მივაბიჯებთ. უკან კი ჩვენივე ჩრდილები მოგვყვება. და მე ისევ იმაზე ვფიქრობ, რაზეც ვფიქრობდი: მარტოობაზე, ელნათურებზე და ვარსკვლავებზე. ისევ თამაზის ლექსი მახსენდება: “წავიდა და წავიდა,/ აღარ მოვა თავიდან…/ ეს დღე ოქროსფოთლება/ აღარ განმეორდება./ ეს მზე ცისფერბლონდება,/ არვის მოაგონდება/ არვის ემახსოვრება/ ქვეყნად ჩვენი ცხოვრება…”

    © “წიგნები – 24 საათი”