• პროზა

    ლევან ორახელაშვილი – ნიკიტა

    ასეთი დაამახსოვრდა მამა. მუდამ ხალისიანი, უკან გადავარცხნილი ხშირი, ქერა თმითა და ლაჟვარდოვანი თვალების კუთხეებში, ალბათ, ხშირი, გულიანი ღიმილისაგან ნაოჭებგაჩენილი. სამხედრო ფორმით შემოსილი ძლიერი სხეულით, ფართო, ამოზნექილ მკერდზე მკაცრი თანმიმდევრობით მიბნეული ჟღარუნა მედლებით, სამხრეებიდან თვალისმომჭრელად მოელვარე ვარსკვლავებით.
    ყოველ კვირა დღეს, მამის ღონიერ მკლავზე ჩამომჯდარი მიემართებოდა გასართობად და სახალისოდ მაქსიმ გორკის სახელობის პარკისკენ. გზად, მის გულზე მიბნეულ ჯილდოებს ათამაშებდა პატარა თითებით, თან ოდეკოლონისა და თამბაქოს დაუვიწყარ სურნელს ისრუტავდა. ამაყად გადაჰყურებდა სიმაღლიდან “ფეხითმოსიარულე” თანატოლებსა და “სამოქალაქოში” გამოწყობილ მათ მამებს. ყველაზე მეტად კი ის მოსწონდა, მხედრულ სალამს რომ აძლევდა მამა ქუჩაში შემხვედრ სხვა სამხედროებს. მერე პარკის შესასვლელთან ჩერდებოდნენ ცოტა ხნით. აუცილებელი ნივთები უნდა შეეძინათ: დიდი, წითელი საჰაერო ბუშტი და პატარა, რეზინის ძაფზე გამობმული მოელვარე, მოუსვენარი და ონავარი ბურთულა. უკვე ამგვარად აღჭურვილნი მიემართებოდნენ პარკის სიღრმისკენ. მიდიოდნენ წითელი აგურის ნატეხებით დაფარული გზა-ბილიკებით უზარმაზარ, მწვანით შემოსილ შრიალა ხეებს შორის, რუპორებიდან გადმოღვრილი მხიარული მუსიკის თანხლებით.
    ენითაუწერელი ჟრუანტელი უვლიდა მუცლის არეში, როცა ქარზე უსწრაფესად ტრიალებდა უზარმაზარ წრეზე მამას მიხუტებული. ხეების ფოთლები ლამის სახეზე ეხებოდნენ. პატარა გოგონების წივილ-კივილი კი კარუსელის ძრავის გუგუნს ფარავდა. მერე, როგორც წესი, “ეშმაკის ბორბალზე” სხდებოდნენ და იქ უკვე ნე-ნელა ტრიალებდნენ, ოღონდ სხვა მიმართულებით. მთელ ქალაქს ხედავდნენ ზემოდან. მწვანეში ჩაფლულ რუხ სახლებს, აქა-იქ ამოზრდილ ოქროს გუმბათებს, წითელი კრემლის კონტურებს.
    ერთხელ ამ სანახაობით გაოცებულს უთხრა მამამ:
    – ნიკიტა, შვილო, მოვა დრო და შენც იფრენ ჩემი თვითმფრინავით.
    ძალზე სერიოზული ხმა ჰქონდა. არ იღიმოდა. თანაც ისე ელაპარაკებოდა, როგორც მამაკაცი მამაკაცს. მეორე დღეს კი, სამსახურში წასვლის წინ, ჭერისკენ ასტყორცნა ძლიერი ხელებით. დაიჭირა, გულში ჩაიკრა და მაგრად აკოცა. ვარდნისაგან გამოწვეული ჟრუანტელი ჯერაც არ ჰქონდა განელებული, მამა რომ წავიდა. წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა. დედა კი სულ ტიროდა და ტიროდა. ერთ კვირა დილას კი ვიღაც კაცებმა პატარა ურნა მოიტანეს და ოთახის შუაგულში დადგეს. მერე სამხედროები მოვიდნენ. მკლავებზე შავი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული და ჩუმად იდგნენ. ცოტა ხანში კი ურნა წაიღეს. დედაც მათ გაჰყვა. როცა დაბრუნდა, ის ბაშვებთან ერთად თამაშობდა ეზოში დაყრილ სილაში. სველი სილისგან რაღაც ფიგურების გამოძერწვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ნაძერწი თითებშივე ეფშვნებოდა. მერე დედა მოვიდა და ჩაიხუტა. მიხაკების სუნი ასდიოდა. იმ დღიდან მოყოლებული “კომუნალკის” ტუალეტში იკეტებოდა ხოლმე დედა და იქ ტიროდა. მარია ევდოკიმოვნა კი წარამარა უბრახუნებდა კარზე და უყვიროდა.

    * * *

    ნიკიტა მაქსიმ გორკის ქუჩაზე “ელისეევსკი” მაღაზიის ვიტრინის წინ იდგა. იქ გამოფენილ, შუშის უზარმაზარ ლარნაკებში ჩაწყობილი კანფეტებისთვის დაედგა თვალი. ყველაზე მეტად “დათუნია” იზიდავდა. ლამაზად გაფორმებულ ქაღალდში გახვეული ხრაშუნა შოკოლადის და ვაფლის მსუქანი ნაჭერი. – ნეტავ, ეს დედაა თუ მამა? – გულმოდგინედ დააკვირდა ნიკიტა სქელი, დაორთქლილი შუშის მიღმა, ფიჭვნარში მოთამაშე ბელებს და თითქოს მათ სადარაჯოზე მყოფ დიდ მურა დათვს. მაგრამ ვერაფერი გაარკვია. ადგილზე ხტუნაობა დაიწყო სუსხით შეწუხებულმა. ასფალტი ისეთი მოყინული იყო, რომ ფეხსაცმლის ლანჩები ზედ ეკვროდა.
    “ელისეევსკის” კარი გამუდმებით იღებოდა და იხურებოდა. საკონდიტრო ნაწარმის ვანილოვან არომატში შეზავებული შებოლილი ძეხვეულისა და ლორის მჭახე სუნი იღვრებოდა ქუჩაში. რამდენიმე მაწანწალა ძაღლი “მორიგეობდა” მაღაზიის წინ. აღგზნებულნი მიდი-მოდიოდნენ, ხარბად იყნოსავდნენ სველი ცხვირებით ჰაერს. დაბჩენილი ხახებიდან ორთქლის დიდ ბოლქვებს უშვებდნენ, თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ წკმუტუნებდნენ, თითქოს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ხალხის უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა ქუჩაში. ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ყინულზე მიასრიალებდნენ ფეხებს. ზოგიერთი მათგანი “ელისეევსკისთან” ამუხრუჭებდა და იქ შედიოდა. ნიკიტა მოსწყდა როგორღაც ვიტრინას და იმ ზოგიერთებს შეუერთდა.
    უზარმაზარი ჭაღებით განათებულ თბილ დარბაზში აღმოჩნდა. ნახერხმოყრილ მარმარილოს იატაკზე მიაბიჯებდა. ოდნავ დაბნეული. არ იცოდა, საით წასულიყო. ფეხის წვერებზე აწევას და ამგვარად “დათუნიას” ძებნას აზრი არ ჰქონდა. პატარა ვერაფერს დაინახავდა. ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას გაუთავებელ რიგებში მდგომ თუ მოძრავ ხალხს შორის. პირამიდებად დაწყობილი გაპუტული ბატების რიგს ძეხვის, თევზეულისა და სპირტიანი სასმელების რიგები ენაცვლებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დარბაზის ცენტრს მიაღწია. ჭერამდე აზიდულ საახალწლო ნაძვის ხეს წრე დაარტყა. მხოლოდ ერთი წამით შეჩერდა, უნდოდა ზედ დაკიდებული ფერად-ფერადი სათამაშოები შეეთვალიერებინა, მაგრამ მყისვე მუჯლუგუნი მიიღო ვიღაც გატენილი პარკებით დატვირთული მომხმარებლისგან. მარცხნივ გადაუხვია თავისდაუნებურად და საკონდიტრო ნაწარმის სექციასთან ამოჰყო თავი. კილომეტრიან რიგში დადგა. როცა ჯერმა მოუწია, აუხსნეს, რომ ჯერ სასაქონლო ჩეკი უნდა აეღო. წავიდა პატარა, გაუბედავი ნაბიჯებით, სალაროს მიაგნო და კვლავ რიგში ჩადგა. ხელში თავისი რკინის მანეთიანი ჩაებღუჯა. ასე ნელ-ნელა მიიწევდა წინ. სულ ცოტა უკლდა სალარომდე, როცა წინ მდგომი მამაკაცი მისკენ შემობრუნდა. ალბათ, უნებურად. აათვალიერ-ჩაათვალიერა და რიგს მიმართა: “ამხანაგებო, ეს ყმაწვილი ურიგოდ გავუშვათ!” “როგორ? რატომ? ჩვენც გვყავს სახლში ბავშვები! ახალ წელს მეტროში შევხვდე? ეს მოქალაქე, მგონი, დილიდან ზეიმობს!” – გამოცოცხლდა გაქვავებული რიგი. მერე ვიღაც ენერგიულმა ბებიამ ყველას ხმა გადაფარა: “გავუშვათ ურიგოდ რა თქმა უნდა, თუ ეს ვაჟბატონი თავის ადგილს დაუთმობს, თავად კი რიგის ბოლოში გადაბრძანდება!” “რატომაც არა, ასეც ვიზამ!” – აუღელვებლად წარმოთქვა მამაკაცმა. მერე ჩაიცუცქა, ნიკიტას თვალებში ჩახედა, გაუღიმა, ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა და გაუჩინარდა. საოცრად ჰგავდა მამას, ოღონდ მისგან განსხვავებით არყის სუნი ასდიოდა.
    “ერთი მანეთის “დათუნია”, თუ შეიძლება!” – ახალგაზრდა, თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა რკინის მანეთიანი ხურდა ფულით სავსე უჯრაში ჩააგდო. ზარითა და წკარუნით ამოარტყა ჩეკი სალარო აპარატიდან.
    ეს რკინის მანეთიანი შემთხვევით, მაგრამ დამქანცველი შრომის ფასად იშოვა ნიკიტამ. “მოდი, შვილო, მომეხმარე, ცოტაოდენი საქონელი მაქვს ფარდულში შესაზიდი, ეს ოხერი მუშები კი დილიდან გაილეშნენ, ეშმაკმა წაიღოს მაგათი თავები!” ამ სიტყვებით გააჩერა ქუჩაში მიმავალი ნიკიტა ვიღაც მხრებზე ძვირფასქურქშემოცმულმა ქალმა. რამდენიმე საათის განმავლობაში ეზიდებოდა ხილ-ბოსტნეულის ფარდულთან მიყენებული საბარგო მანქანიდან მჟავე კიტრით სავსე ქილებს. საწყობში ალაგებდა. ის ქალი კი წარამარა ეუბნებოდა, “ფრთხილად, ბიჭუნავ, არ გაგიტყდეს, ძვირფასი საქონელია, განსაკუთრებით ამ დღეებში”. არც ერთი ქილა არ გაუტეხავს. მერე იმ ქალმა კაბინეტში შეიყვანა, კარადა გამოაღო და იქედან ფული აიღო. სამმანეთიანი. მერე გაეცინა, ფული უკან დააბრუნა, ქურქის ჯიბეები მოიქექა, რკინის მანეთიანი მისცა და უთხრა, “ქაღალდის ფული ნამდვილად გაგეხევა, აი, რკინის კი სულ სხვაა”. კმაყოფილი წამოვიდა იქიდან ნიკიტა. ჯიბის ფული ჰქონდა ამჯერად. არა, უქონლობას არც უჩიოდა, უბრალოდ, მის სახარჯოს დეიდა ირინას უტოვებდა ხოლმე დედა. მეზობელს. ტელეფონის აპარატთან ყველაზე ახლოს რომ ცხოვრობდა, აი იმას. იმიტომ უტოვებდა, რომ თვითონ დიდი ხნით მიდიოდა ხოლმე. მამა რომ სამსახურში წავიდა და აღარ დაბრუნდა, იმ დღიდან ცოტა ხანში მუშაობა დაიწყო დედამ. შორი სვლა-გეზის მატარებელზე იშოვა გამცილებლის ადგილი. რამდენიმე დღით უწევდა გამგზავრება. მერე ისევ ბრუნდებოდა პროდუქტებით გატენილი ჩანთით. დეიდა ირინა კი მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს აჭმევდა. ზოგჯერ კი ისიც ავიწყდებოდა. ეს მხოლოდ იმ დღეებში ხდებოდა, როცა მისი ოთახიდან ხარხარისა და ჭიქების წკრიალის ხმა გამოდიოდა, ხოლო მარია ევდოკიმოვნა კარზე უბრახუნებდა და უყვიროდა. ამ დროს ყველაზე მეტად ენატრებოდა დედა. დედა სულ, სულ პირველად რეისში იმ დღეს წავიდა, როცა ნიკიტა პირველ კლასში ჩარიცხეს. ახლადგაუთოვებული თეთრი პერანგი ჩააცვა მაშინ დედამ, გულმოდგინედ გადაუვარცხნა ქოჩორი და აკანკალებული ხმით უთხრა: “ნიკიტუშკა, შვილო, არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ სთხოვო… ასე იცხოვრე”. მანაც იქვე ჩაიბეჭდა ტვინში დედის ნათქვამი. თავისებურად გაიგო. არ დაიჯერა, რომ დედა არ დაბრუნდებოდა მამასავით და არც შეშინებია, ამიტომ არც უთხოვია, არ წახვიდეო. მას მერე უკვე სამი წელი გავიდა. მეოთხე კლასში გადავიდა…
    სასაქონლო ჩეკი მიაწოდა გამყიდველ ქალს. მან თავი გააქნია, ჩეკი რაღაც წვრილ რკინაზე ჩამოაცვა, რამდენიმე “დათუნია” დაყარა სასწორის ერთ მხარეს, ღრმად ამოიხვნეშა და სასწორის ისრის გაჩერების მოლოდინში გაქვავდა. მერე ორი “დათუნია” მოაკლო, მერე კიდევ ერთი. სულ ორი ცალი დარჩა. “შეგიფუთოთ თუ ჯიბით წაიღებთ?” “გმადლობ, დეიდა, ჯიბით წავიღებ”.
    ხრაშ-ხრუშ, ხრაშ-ხრუშ, თვალდახუჭული ღეჭავდა უგემრიელეს ლუკმას “ელისეევსკის” წინ მდგარი. მერე თვალები გაახილა. ჯიბეში ღრმად შენახულ “დათუნიას” ხელი მოუჭირა და შინისკენ გაემართა. გამთბარი შენობიდან ახლადგამოსულს განსაკუთრებულად შესცივდა. ცოტა იარა და ხელმარჯვნივ შეუხვია სუსტად განათებულ ვიწრო ქუჩაზე. ამ ქუჩას ჩაამთავრებს, ერთსაც შეუხვევს და მორჩა. უკვე შინ იქნება. ნელა უწევს სიარული. ასფალტია მოყინული. სახლში რომ მივა, ჯერ გათბება, მერე დაჯდება და ზღაპარს დაწერს აი, ამ დათუნიების ოჯახზე, ტყეში რომ ცხოვრობენ. ნატალია პეტროვნამაც ხომ დაავალა, არდადეგებზე თემა დაწერეო. ჰოდა, დაწერს. ჯიბიდან კანფეტი ამოიღო, შეათვალიერა და ისევ უკან ჩააცურა. ყველა ბელი ადგილზე იყო. არა, დღეს ვერ დაწერს, ახალი წელია. მერე დაწერს. ხვალ ან ზეგ. როცა გაიზრდება, საბავშვო მწერალი გახდება, ან მფრინავი, მამასავით. ან სულაც მფრინავი მწერალი. რა, არ შეიძლება?
    პატარა, გათოშილი თითებით ყინულიდან სანახევროდ ამოჩრილი ქვა ამოაძრო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაისროლა შუაგულ ქუჩაში მუშტივით შეკრული თვალებმოელვარე შავი კატისაკენ. არა, კატას კი არ ესროლა, ისე, მის დასაფრთხობად. წინ რომ არ გადაერბინა, თორემ ცუდად ჰქონდა დაცდილი. აი, ამას წინათ სკოლისკენ მიმავალს გზად გადაურბინა და ორიანი მიიღო არითმეტიკაში. თეთრი ან ჭრელი კატა ნამდვილად დაფრთხებოდა, უკან გაიქცეოდა. ეს კი არც ინძრევა ადგილიდან. წევს და თვალებს აელვარებს. ნატყორცნი ბრტყელი ქვა კი ისე მიხტის და მისრიალებს მოყინულ ასფალტზე, როგორც წყლის ზედაპირზე. მერე შუშის ჩამსხვრევის ხმა და ისეთი ყვირილის ხმა ისმის, მარია ევდოკიმოვნამ რომ იცის.

    * * *

    “ზოგს მღვდელი უყვარს და ზოგს მღვდლის ცოლიო”. ვასილიჩს მღვდლის ცოლი უყვარდა. ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. სისხლიანი გარდაქმნების, საყოველთაო შეშლილობისა და განუკითხაობის ეპოქაში. როცა ეშმაკისეული სიტყვა, ტყვია და ფოლადი ბატონობდნენ პლანეტის ნახევარზე. როცა ტყვიააცდენილთ შიმშილი ცელავდა და იქვე ჰყრიდა თვალუწვდენელ სტეპებსა და დიდი მდინარეების ნაპირებზე, ხოლო გადარჩენილთ ძალა არ შესწევდათ საფლავების გასათხრელად…
    ახალგაზრდა ვასილიჩს სოფლის მღვდლის, თევდორეს ცოლი იმთავითვე, წითელი კომისრების მოსვლამდე უყვარდა. მალულად, ყველასგან დაფარულად. მუდამ აჩრდილივით დასდევდა სავსემკერდიან, ფართოთეძოებიან ნადეჟდას. სექტემბრის წვიმიან დღეებში ტყის სულივით ჩაუსაფრდებოდა ხოლმე სოკოს და კენკრის საკრეფად მიმავალს. ხშირ შამბნარში მიმალული ან სულაც ნამქერივით წვრილი წვიმის წვეთების ფარდას ამოფარებული უმზერდა მკლავებდაკაპიწებულ, ხან წინ გადაზნექილ და ხან განზე ფეხებგაშლილ ჩაცუცქულ ქალს. ზაფხულის ცხელი საღამოები კი მისწრება იყო ვასილიჩისთვის. ტყის სულიდან წყლის სულად გარდაიქმნებოდა ხოლმე და ახლა უკვე მახლობელ ტბასთან, ლელიანში ჩაბუდებული ზვერავდა თმაგაშლილ, დედიშობილა ნადეჟდას, ალივით რომ ცურავდა გამჭვირვალე წყალში. ხშირად მღვდელ თევდორესაც სტუმრობდა ვასილიჩი. ძირითადად სანთლის საყიდლად მიდიოდა ხოლმე მასთან. ის ორი-სამი წუთიც საკმარისი იყო დიასახლისის სათნო და მორჩილი სახით დატკბობისათვის. რატომღაც ყველაზე მეტად ეს ახელებდა ვასილიჩს. მისი სახის გამომეტყველება…
    “ეჰ, რაც იყო, იყო”, ხელი ჩაიქნია ვასილიჩმა. ამ მოგონებების განდევნა სურდა. კიდევ ერთი ჭიქა არაყი დაისხა და გადაჰკრა. მაგიდისკენ დაიხარა და გაზეთზე მიკრულ დამარილებულ ქაშაყს დაყნოსა. ვერ ერეოდა აშლილ ფიქრებს.
    …მერე სოფელში წითელი კომისრები მოვიდნენ. ხის მორებით შეკრული ეკლესიის ეზოში დაიბარეს მოსახლეობა. აუხსნეს პირდაბჩენილ ხალხს, ქვეყანაში ახალი, ბედნიერი ცხოვრება იწყებაო. ისიც უთხრეს, ფხიზლად იყავით, ყოველი ბუჩქის უკან მტერი გვყავს ჩასაფრებულიო. მაშინ ვასილიჩმა ერთი რამ გაიგო ყველაფერზე უკეთ – “ძირს მეფე, ძირს მღვდელიო”. მეფე ნაკლებად ანაღვლებდა, მღვდლის შესახებ კი რამდენიმე კითხვა დაუსვა სიტყვით გამომსვლელებს. გამომსვლელებმა პასუხად პროტოპოპი თევდორე საბძლიდან გამოიყვანეს და ერთ-ერთმა მათგანმა, ასე ჩვიდმეტიოდე წლის ბიჭმა “მაუზერის” ტყვია დაახალა კეფაში. მოხუცები მალულად იწერდნენ პირჯვარს, ახალგაზრდებმა კი სხვა სოფლის საზღვრებამდე გააცილეს წითელი კომისრები აკორდეონისა და არყის თანხლებით. ორიოდ დღეში კი კავალერისტის ჩექმებსა და შავ, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ნადეჟდა ეკლესიის სოფლსაბჭოდ გადაკეთებას ხელმძღვანელობდა, თან ხალხს წერა-კითხვის შესწავლისაკენ მოუწოდებდა. ვასილიჩს კი თავად ამეცადინებდა ხოლმე გვიანობამდე. კარგად ახსოვს ვასილიჩს ეს გაკვეთილები. სწორედ მაშინ დაწერა პირველი ლექსი მშრომელი ფუტკრისა და ყვავილის იდუმალ სიყვარულზე, რომელმაც ადამიანის დოვლათის მატებაში ჰპოვა ხორცშესხმა. ეს ლექსი მაშინ რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა და სახელი გაუთქვა ვასილიჩს, როგორც ნიჭიერ პოეტს…
    “ბუმბულივით მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა, ჩემო ნადეჟდა”. ხმამაღლა, დაზაფრული ხმით წარმოსთქვა ვასილიჩმა. მერე ცარიელი ჭიქა ღონივრად დაჰკრა მაგიდას და საკუთარი სახელო დაყნოსა. დიდხანს ყნოსავდა. გულში ცეცხლი ენთო ვასილიჩს. კარგად უწყოდა, რა ცეცხლიც სწვავდა. სკამიდან წამოდგა და კოჭლობით დაიწყო აქეთ-იქით სიარული. გონებაში სასურველი სიტყვების გარითმვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ძლიერ უჭირდა ახალი სიტყვის თქმა. აქამდე, თავის ეპოქას ფეხშეწყობილი უმღეროდა ტრაქტორსა და კომბაინს, მერე ქალაქში გადაბარგებულმა და ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებით ფრთაშესხმულმა ბულდოზერებსა და ფაბრიკა-ქარხნებს მიუძღვნა თავისი შემოქმედება… ასე წინ და უკან დაიარებოდა ოთახში კოჭლობით და ამ ახალი წლის ღამეს მისი ცხოვრების მანძილზე პირველად შობილი უბრალო ადამიანური გრძნობის ქაღალდზე გადატანა სურდა. ბოლოს უშედეგობით დარეტიანებული კვლავ სკამზე დაეშვა და ბოთლს წაატანა ხელი. “არა უშავს, ვასილიჩ, ეს მხოლოდ დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილი სიჩუმე და მყუდროებაა!” – თავის თავს შეუძახა რიხიანად. თუმცა თავად გრძნობდა, რომ ტრაქტორებში ჩარჩენილმა მისმა პოეზიამ დიდი ხანია თავის დრო მოჭამა. ახალი ეპოქა სუფევდა. “ყველაფერი დაწერეს უკვე ამ ოხრებმა, ყველაფერი და ყველაფერზე. მე კი უკვე ჩამქრალი პაპიროსის ნამწვი ვარ”. პესიმიზმი შეეპარა დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილ სიჩუმეში. მერე სკამიდან წამოდგა, ისევ გაიარ-გამოიარა ნახევარსარდაფში მოწყობილ საცხოვრებელში, ერთადერთი ფანჯრის ქვეშ დადგმული შეშის ღუმელის კარი გამოაღო და ორი ღერი შეშა შეუკეთა. პატარა ოთახში კიდევ უფრო დათბა.
    …ოქტომბრის მზიანი დილა იყო. ოდნავ იკბინებოდა შემოდგომის სუსხი. ვასილიჩი და ნადეჟდა ცხენშებმულ ფორანზე ისხდნენ და ნელ-ნელა, რწევა-რწევით შორდებოდნენ უღრანი ტყეებითა და მრავალი ტბორით გარშემორტყმულ მშობლიურ სოფელს. რაიონულ ცენტრში მიდიოდნენ. ნადეჟდა გაუთავებლად ლაპარაკობდა. საკუთარ თავზე, ვასილიჩის პოეზიაზე, მათ როლზე მსოფლიო პროლეტარიატის და ყველა ჩაგრული ხალხების გათავისუფლების საქმეში. დიად გეგმებსა და იდეებს სახავდა. ვასილიჩიც სულგანაბული უსმენდა. მერე ტყიდან პატარა მდელოზე გავიდნენ. ფორანი უხმოდ მოძრაობდა წიწვით მოფენილ მიწაზე. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ნადეჟდას მგზნებარე ხმა არღვევდა. მერე იქვე, შორიახლოს, გამხმარ, წაქცეულ რამდენიმე ფიჭვის ხეს შორის რაღაც ფუსფუსი და მოძრაობა ატყდა. მგზავრების ყურადღება მიიპყრო. უცბად მძლავრი ლაწალუწის ხმა გაისმა… ტკვილისაგან შოკირებული ვასილიჩი, კოჭიდან საზარდულამდე გაფატრული ფეხით ჯერ კიდევ ჰაერში იყო ატყორცნილი, როცა გაქცეულ ცხენს მოკრა თვალი, გადაბრუნებულ ფორანს რომ მიათრევდა. მერე კი, სანამ გონებას დაკარგავდა, უზარმაზარი დედა დათვი დალანდა, ნადეჟდას ხორცს რომ ფლეთდა უმოწყალოდ, მის გარშემო კი აღგზნებული ბელები დარბოდნენ აქეთ-იქით. ეს შემთხვევა მაშინ ცენტრალურ პრესაშიც დაიბეჭდა. კარგად ახსოვს ვასილიჩს. მაშინ დაკოჭლდა. ვერც ომობდა და ვერც შრომობდა. ქალაქში გადასახლდა. კოჭლობით დადიოდა რედაქციიდან რედაქციაში. დროთა განმავლობაში იქ სიარულსაც მოუკლო. მეეზოვის პროფესია აირჩია და აქ დასახლდა, ამ ნახევარსარდაფში…
    “მეორე ბოთლიც უნდა აგეღო, ვასილიჩ! შეიძლება მუდამ ერთი და იგივე შეცდომის დაშვება?” – საკუთარ თავს უთხრა გულდაწყვეტილმა და ბოლო წვეთები ჩაწურა ჭიქაში. ამ ახალი წლის ღამეს გალეშვა და თავდავიწყება სურდა ვასილიჩს. ცალკე მწარე მოგონებების და ცალკე არშემდგარი პოეტური მისწრაფებების გამო. ზუსტად ამ მომენტში გაისმა შუშის მსხვრევის ხმა. ოცდაათგრადუსიანი ყინვა და პატარა ბრტყელი ქვა ერთად შემოიჭრნენ ზედ ტროტუარის თავზე გაჭრილი ფანჯრიდან. “მოვკლავ ამ ნაბიჭვარს!” – დაიღრიალა ვასილიჩმა და კოჭლობით ისე გავარდა ქუჩაში, რომ ქურქიც კი არ მოუსხამს…
    ქარზე უსწრაფესად გარბოდა ნიკიტა. თუმცა თვითონ ეჩვენებოდა ასე. ისე კი მომწყვდეული კურდღელივით ზიგზაგებსა და მარყუჟებს ხაზავდა. ყინულზე ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა, მერე მუხლამდე თოვლში ეფლობოდა, ისევ ეცემოდა და ისევ დგებოდა. ზურგს უკან კი არყის სუნით გაჟღენთილ მძიმე, გავეშებულ ქშენას გრძნობდა…

    * * *
    ყინვისგან ლოყებდაწითლებული დედა ოთახში შემოვიდა. თორმეტი საათის დადგომას დაასწრო ოციოდე წუთით. ხორაგით სავსე ჩანთა იქვე კართან დადგა. თბილი, ნაცრისფერი თავშალი მოიხსნა თავიდან, პალტოს ღილები გაიხსნა და ფეხაკრეფით წავიდა ნიკიტასაკენ.
    ნიკიტა მაგიდას მისჯდომოდა და გამალებით წერდა რაღაცას. გვერდით მოხარშული კარტოფილით სავსე ხელუხლებელი თეფში ედო. დედა მიეპარა და კისერში აკოცა. ნიკიტა შეკრთა მოულოდნელობისაგან და სწრაფად მიტრიალდა დედისკენ. პერანგის საყელო ჩამოხეული ჰქონდა. ფაფუკ ლოყაზე ხუთი მსხვილი თითი აჩნდა წითლად.
    “ეს, ეს რა არის?” – ელდა ეცა დედას.
    “ისეთი არაფერი. ცხოვრებაა”. – წყნარად უპასუხა ნიკიტამ და დედას “დათუნია” გაუწოდა – “გილოცავ ახალ წელს”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • კრიტიკა

    “წერო” – თორმეტი ლიტერატურული ფრინველი

    პოლიტიკური პრობლემებით დამუხტულ გარემოში, იქ, სადაც ხშირად საზოგადოებრივი ფუნქციების აღრევა ხდება, და პროფესიული თუ პიროვნული პასუხისმგებლობების ერთი მეორეზე გადაბარება მღვრიე წყალში თევზის ჭერის ლოგიკას ემსგავსება, არცთუ ისე იოლი საქმეა, ლიტერატურული პროცესების განვითარებაზე ისაუბრო – უსასრულო უარყოფით ან კიდევ აპოლოგიით მწერალიცა და მკითხველიც იღლება და შედეგადაც ჩაკეტილ წრეს ვიღებთ. ნებისმიერი ლიტერატურული მოვლენა, მცირე სიახლეც კი, რაც დაკვირვებისა და განსჯის საშუალებას მოგვცემს, სასიხარულო ხელჩასაჭიდია და სწორედ ამ მხრივ კონკურსმა “წერომ” ჩვენი ყურადღება მიიქცია. მეორე წელია უკვე, რაც ლიტერატურული კონკურსი “წერო” ინტერნეტ-სივრცეში ტარდება, და მიუხედავად იმისა, რომ მისი სპეციფიკა და ფორმატი ჯერ კიდევ დასახვეწია, საკონკურსო ნაწარმოებების კრებულის სახით, საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა ბოლო პერიოდის ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე დასაკვირვებლად. თავის მხრივ იმ ვაკუუმის ერთ მცირე შრესაც ავსებს, რასაც დღეს ლიტერატურულ სივრცეში პერიოდიკისა თუ სხვადასხვა გამოცემების ნაკლებობის გამო ვუჩივით.
    “წეროს” ორგანიზატორები ლიტერატურული საიტის www.literatura.ge-ს ადმინისტრაცია და ფარმაცევტული კომპანია “GPC”-ია. წინა ორი კონკურსისგან განსხვავებით, შემოდგომის “წერო” იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საპრიზო ფონდი გაორმაგდა – ვერცხლის ფრინველის სახელობით ჯილდოსთან ერთად პირველი პრემიის ეკვივალენტი თანხა 2000 ლარი გახდა (შესაბამისად – II პრემია – 1000 და III პრემია – 500 ლარი). კუნკურსი 5-დან 10 გვერდამდე პროზაული ნაწარმოებებს შორის ჩატარდა, და 12 ფინალისტი მოთხრობა კრებულის სახით დაიბეჭდა. სწორედ ეს კრებული გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ბოლო დროს მომძლავრებული “მცირე პროზის” რაობა-როგორობა და ტენდენციები. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბოლი ერთი წლის მანძილზე არათუ შემფასებლობითი გამოხმაურებების ნაკლებობა იყო ამა თუ იმ პერიოდიკაში დაბეჭდილი მოთხრობების მიმართ, არამედ მათი ერთად თავმოყრაც კი ვერ მოხერხდა იმ ჩვეულ ფორმატში, რასაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბაკურ სულაკაურის გამომომცემლობა “15 საუკეთესოს” სახით სთავაზობდა ქართველ მკითხველს. ამ შემთხვევაში ერთგვარი “შემაჯამებელი” ფუნქცია “წეროს” კრებულსაც გააჩნია.
    მხატვრული ტექსტების გარდა საინტერესოა დაკვირვება მკითხველის რეცეფციის კოეფიციენტსა და გემოვნებაზე (რაც სხვა არაფერია, თუ არა მხატვრული ნაწარმოების კითხვასა და აღქმაში კარგად გაწაფული თვალი), რისი პირდაპირი ამსახველიც იყო ინტერნეტ-კონკურსი. ნაწარმოებების საპრიზო ადგილებს სწორედ მკითხველების შეფასება საზღვრავდა და ამ მხრივ გამარჯვებული ტექსტები დაკვირვების ორმაგად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენენ. პირველ საპრიზო ადგილზე ბაჩო კვირტიას მოთხრობა “მე ბიძინა ვარ” გავიდა. ავტორი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ერთ ჩვეულებრივ დღეზე გვიამბობს, პერსონაჟის ხედვის კუთხით აღწერს ყოველდღიურ რუტინასა და დაღლილობას, რომელსაც დღის ბოლოს ოჯახისა და მეუღლის სიყვარული აქარწყლებს. სოციალური თემატიკის შეზავება ჰუმანისტური იდეოლოგიებით, ენობრივი გამჭვირვალობა და სიმარტივე, ფორმა-შინაარსობრივი პრიმიტივიზმი – ის ფატქორებია, რაც ქართველი მკითხველის აღქმის უნარსა და ესთეტიკას სრულიად აკმაყოფილებს. სხვა მხრივ კი, მოთხრობა ყველა კრიტერიუმით ერგება სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემებისა და პერიოდიკის მიერ ხელშეწყობილ და დანერგილ მეინსტრიმს, ეგრეთ წოდებულ “ოქროს შუალედს”, რომელიც ამა თუ იმ ტექსტზე პასუხისმგელობის აღებასთან დაკავშირებით ყოველგვარ რისკს გამორიცხავს – შესაბამისად, ეს ის ლიტერატურაა, რომელსაც ძალაუნებურად მიეჩვია მკითხველი. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ მკითხველზე არ მოქმედებს ეს ფაქტორი – საინტერესოა ისიც, რომ კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების უმეტესობა თითქოს ერთსა და იმავე “კრიტერიუმს” აკმაყოფილებს – ავტორები გვიყვებიან ამბებს, რომლებიც იმდენად დისტანცირებულია მათი გადმოცემის შინაგან აუცილებლობასთან, რომ საბოლოოდ მხატვრული ტექსტი რჩება უმთავრესი კომპონენტის – შინაარსის გარეშე. სახელდახელოდ გამოგონებული დისკურსი კი, როცა ავტორს ამ ამბის გადმოცემის აუცილებლობა არ აქვს გააზრებული, მხოლოდ ერთ შედეგს გვაძლევს – ტექსტი უახლოვდება ისეთ ჟანრს, როგორიცაა დეტექტივი, თუმცა კი ნაკლებ საინტერესო სიუჟეტური ხაზით (მწერალს ხომ სულაც არ ჰქონდა დეტექტივის დაწერა ჩაფიქრებული). მსგავს პრობლემას ვაწყდებით მოთხრობებთან “შოტლანდიური ვენდეტა”, “მკვდარი ჭა”, “ანტიკვარული ტუალეტი, პრეზიდენტი, ისტორის გაკვეთილი, ინფანტილიზმი და მისთანები”, “აბე მურეს მოკრძალებული ხიბლი”, “ნატალის მსგავსი არავინაა”, “com.ისია”.
    პარალელის გავლებისათვის საპირისპირო მაგალითის მოყვანაც შეიძლება ამავე კრებულიდან – მოთხრობა “სულა” იმის ერთგვარი ილუსტრაციაა, რისგან თავის დაღწევის მცდელობამაც შეიძლება ზემოთაღნიშნული დისტანცირება გამოიწვიოს ტექსტთან. ნოსტალგიურობა, უკვე არაერთგზის გადაღეჭილი მაგიური რეალიზმის ელემენტები, გაცვეთილი სიმბოლიკა და დაკარგული ქალაქისა თუ ადამიანების სევდით მანიპულირება მკითხველზე ასევე უკარგავს მხატვრულ ტექსტს ღირებულებას და უფრო ნოსტალგიანარევ პირად ჩანაწერთან აახლოებს მას. თუმცა, რამდენიმე ავტორმა შეძლო, ამ საბედისწერო ზღვარზე წონასწორობის შენარჩუნება და შესაბამისად, მათი ტექსტებიც გამოირჩევიან დანარჩენებისაგან (“მეცამეტე კოპლი”, “დათვი”, “ჩემს მეგობარ პოეტს”, “შენი წყლები აიმღვრა განგა”). ამ შემთხვევაში ავტორებს მხოლოდ ნაწარმოების სიუჟეტური სტრუქტურა არა აქვთ გააზრებული; მათ იციან, რაზე წერენ, და მკითხველისთვის არა მარტო ამბავი აქვთ მოსაყოლი, არამედ აქვთ სათქმელიც, რომელსაც შემდგომ ინდივიდუალური დისკურსით ფორმდება მხატვრულ ტექსტში.
    საინტერესო სურათი ვერ შექმნა ნაწარმოებების ენობრივმა მხარემ, მხატვრული ტექსტის სტილმა, რაც მწერლის ინდივიდუალობის სავიზიტო ბარათია ხოლმე. ტექსტის დანაწევრება და შინაარსისაგან განყენებულად მის მხატვრულ ფორმაზე მსჯელობა შეუძლებელია, და შესაბამისად, სწორედ შინაარსობრივმა მსგავსებამ (ვგულისხმობ შინაარსობრივ დაცლილობას და არა თემატიკას) განაპირობა ისიც, რომ ტექსტების უმეტესობას არ გააჩნია საკუთარი რეგისტრი, ავტორი ვერ პოულობს მკითხველთან სასაუბრო ენას და შესაბამისად, ვერც აწვდენს ხმას. თუმცა, რამდენიმე ავტორი შეეცადა, დიალექტური ლექსიკისა და ჟარგონების შემოტანით ორიგინალური სტილი შეეთავაზებინა მკითხველისათვის (“მე ბიძინა ვარ”, “ანტიკვარული ტუალეტი, პრეზიდენტი, ისტორის გაკვეთილი, ინფანტილიზმი და მისთანები…” “com.ისია”), თუმცა ასეთი მცდელობა ხშირ შემთხვევაში უფრო სტილიდან ამოვარდნისა და შეუკვრელობის საშიშროებას ქმნის, ვიდრე მწერლის ინდივირუალური ენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუმცა, კრებულში არის ტექსტებიც, რომლებიც ენობრივი ქსოვილითა და სტილიზაციებით მკვეთრად გამოირჩევიან დანარჩენებისგან (“ჩემს მეგობარ პოეტს”, “დათვი”), ავტორებს გააჩნიათ თვითმყოფადი სინტაქსი, ფლობენ მდიდარ ლექსიკას და ამასთანავე გრძნობენ ნაწარმოების ტემპერატურას, რაც მისავე შინაარსითაა ნაკარნახევი. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ნარატიული ტექსტის ამბავი, დისკურსი და ენობრივ-მხატვრული ფორმა ერთმანეთთან ჰარმონაშია და შედეგად შემდგარ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვიღებთ.
    ნებისმიერ შემთხვევაში, ლიტერატურული კონკურსის “წეროს” თორმეტივე ფინალისტი საინტერესო მასალას იძლევა მათსავე ტექსტებზე შემდგომი დაკვირვებისათვის. რომ არ მივყოთ ხელი თითოეული ნაწარმოებების დესტრუქტურიზაციას, კრებულის შესახებ საერთო შთაბეჭდილება მყარ საფუძველს იძლევა იმის სათქმელად, რომ კონკურსი შედგა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციებიც გამოავლინა. სწორედ შექმნილი სურათის საფუძველზე შეიძლება კიდევ ერთი საჭირბოროტო დასკვნის გამოტანაც – რაც ზემოთვე აღვნიშნეთ: ქართულ ლიტერატურულ სივრცეში “მცირე პროზის” მომძლავრებას ვგულისხმობ. როდესაც წინ გვიდევს ათგვერდიან მოთხრობა, სადაც მწერალს სათქმელი არაფერი აქვს და მკითხველთან მხოლოდ ხელოვნურად გამხატვრულებული მშრალი ფაქტები მიაქვს, აქ უკვე ნათელია, რატომაც არა ვართ განებივრებული თანამედროვე ქართულ ენაზე შექმნილი რომანებით.
    გვახსოვს ალბათ, რომ გაზაფხულზე “წერომ” პოეტური კონკურსიც ჩაატარა. ვინ იცის – იქნებ მომავალში ისეთი ჟანრის პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი, როგორიც რომანია. კონკურსის ფორმა და სპეციფიკა კი – ისევ მათი ორგანიზატორებისთვის მიგვინდია.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ხსოვნა

    მაკა ჯოხაძე – მარადიული ქართული მითი

    სიტყვა, წარმოთქმული 2007 წლის 18 დეკემბერს, ოთარ ჩხეიძის გარდაცვალების გამო

    იმდენად მწარეა რეალობა, რომ ჩნდება განცდა: საქართველო დღეს უკვე მითია… და მაინც დიდი ბერძენი მოაზროვნის პერიფრაზს მოვიშველიებ და ჩვენს სამშობლოზე ვიტყვი: ვინც საქართველოში დაიბადა, მისი მოვალეობაა განაგრძოს მარადიული ქართული მითი…
    ოთარ ჩხეიძეს მთელი თავისი შემოქმედების რთულ რელიეფზე საკუთარი სამშობლოს ბედი აინტერესებდა, ამ ბედს განიცდიდა. რა ესაქმება მწერალს პოლიტიკასთანო. ეს დემაგოგების მოგონილია. განსაკუთრებით ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის ქვეყნებში ჰქონდა ამ ფორმულას გასაქანი. უცნაურია! ეს ფორმულა აქტუალური გამოდგა ე.წ. დემოკრატიულ საქართველოშიც.
    უნიჭიერესი ხალხისთვის ყოველთვის ტაბუდადებული იყო მსგავსი თემები. შევარცხვინე ისეთი მწერალი, ოფიციოზისგან რომ ითხოვს სამშობლოს სიყვარულის ნებართვას (ნოტარიუსის ფურცელივით). არადა ითხოვდნენ “საშუალოები”, ითხოვდნენ და გადმოგდებული ძვალივით ხრავდნენ კიდეც ამ უფლებას, რადგან “საშუალო მწერლობა” არასოდეს, არცერთ ქვეყანაში არ წარმოადგენდა საფრთხეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას ყოველთვის მაღალნიჭიერ და სინდისიერ ხელოვანთა მისასევად იყენებდნენ.
    ხშირად პირდაპირ იარაღით კლავდნენ და აკვლევინებდნენ ტალანტებს თავს. მერე ფორმები გაადემოკრატიულეს, დახვეწეს და გამოიგონეს – მაღალი, სტერილური ლიტერატურისათვის დაწვრილმანებაა პოლიტიკაზე ფიქრიო. ჭეშმარიტი ტალანტები მაინც არ წამოეგნენ ანკესს. მაშინ ამ ტალანტების, ამ ერთეულების ნაღვაწს იდეოლოგიურობის სტატუსი მიაკრეს და თავიანთი ჭკუით მხატვრული ღირებულება დაუკარგეს დაქირავებულმა კრიტიკოსებმა.
    ეს იყო ერთგვარი “პროფილაქტიკური” დაწოლა. ეს პროფილაქტიკა განსაკუთრებით აგიტაციითა და პროპაგანდით გადაღლილ ქვეყნებში სჭრიდა. თუმცა ლათინურ ამერიკაში სწორედ ამ დათრგუნვის დროს ამოხეთქა მარკესისა და ვარგას ლიოსას ფანტაზიამ.
    ოთარ ჩხეიძის უზარმაზარი ტალანტი და ულევი ენერგია ღია ვულკანივით იფრქვეოდა. ვერ იქნა და ვერ გააგრილეს, ვერ დააცხრეს, ვერ აქციეს მკვდარ კრატერად. ოფიციოზმა საიდან არ მოუარა, რით არ მოუარა, მაინც ვერაფერი დააკლო, ვერაფრით მიუდგა და ბოლოს თავი იმით დაიმშვიდა, რომ “ძნელად საკითხავ” “მწერალთა რიგებს მიაკუთვნა. იცოდა რასაც აკეთებდა: “ძნელად საკითხავი” მწერლები იყვნენ ჯოისიც და ფოლკნერიც, სამაგიეროდ, ხალხს არ ყოფნის განათლება და ენერგია ამ “ძნელების” დასაძლევად და გასაგებადო…
    მწარედ მოტყუვდნენ. სხვადასხვაგვარი მკითხველი ჰყავდა ხალხის სახით ევროპა-ამერიკასა და საქართველოს. ისე როგორც სხვადასხვაგვარი იყო ამ ქვეყნებში მწერლის მისია და ფუნქცია.
    რაც შეეხება სტილს, ოთარ ჩხეიძის სტილი ერთგვარი მედიუმია, გამტარია მზესა და მიწას შორის. ცასავითაა, მზის ენერგიას რომ ფილტრავს და აკავებს. რომ არა ცა, მზის მხურვალება გადაბუგავდა დედამიწას. ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაშიც ასეა. იმდენი საიდუმლო, ისეთი პროცესები და მოვლენები იმალება და კავდება მისი სტილისტიკით, რომ არა ეს ხელწერა, მათი ნიაღვრები წამლეკავი აღმოჩნდებოდა გონებისათვის. ისეთი განცდა რჩება თითქოს ეს მანერა, ეს სტილური წრებრუნვა, აზრის წრიული ტრიალი ფორმის თვალსაზრისით, საკუთარ ხალხის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულით გამოიგონა და შექმნა ოთარ ჩხეიძემ. აზრებისა და სიტყვების რეფრენული განმეორებებიდან მწერალმა მოახერხა ლაბირინთი შეექმნა და თან ცოდვაში, როგორც ლაბირინთში მდგარი თანამემამულეებისათვის დაენახვებინა ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების უმწეობა და უძლურება.
    ოთარ ჩხეიძე, ევროამერიკული ლიტერატურის ასე ღრმა მცოდნე, მიხვდა, რომ ახლოვდებოდა ჟამი გამყინვარებისა, “დიდი სიცარიელისა”. შპენგლერის სიტყვების პერიფრაზირებით ვიტყვი – საქართველოს სულიერი დაზამთრებისა. ოთარ ჩხეიძემ წინასწარმეტყველივით იგრძნო, რომ ევროპასავით ვერც მისი სამშობლო გადაურჩებოდა ამ გამყინვარებას, რომ არც მის სამშობლოს აპატიებდნენ არქაულ განცდას ერთმანეთისას, სისხლისმიერ, ნათესაურ თუ ქრისტიანულ დამოკიდებულებებს. თანამედროვე ცივილიზაციის მღვრიე ნაკადები ჩვენს სამოთხეშიც შემოაღწევდა და უკვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოახდენდა ჩვენი ემოციური, გრძნობისმიერი, ინტელექტუალური თუ სულიერი სამყაროს პოტენციალის გაზონებივით ერთ დონეზე შეკრეჭას.
    საქართველოში არ არსებულა პროცესი, მოვლენა თუ ფაქტი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი და ღირებული, ოთარ ჩხეიძეს თავისი გამორჩეული სიტყვა რომ არ ეთქვა. მან შექმნა მეოცე საუკუნის ქართლის ცხოვრების უწყვეტი ქრონიკა – თავისი 22 რომანით, მოთხრობებით, პიესებით, ნოველებით, ესეისტიკითა და პულიკაცისტიკით, გამოკვლევებით, თარგმანებით ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან. მარტო ჩამოთვლაც კი გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, აკაკისა და ილიას ენერგია გახსენდება და მერე როდის და მერე სად… რამდენადაც შიშის გამაოგნებელი, ყველაფრის გამხევებელი სიჩუმითაა დაწერილი ოთარ ჩხეიძის შედევრი “ბორიაყი”, იმდენად თავაშვებული, აგონიური ტემპითა და ხმაურით მოძრაობს “არტისტული გადატრიალების” დინამიკა და ყველა რომანი რომელიც შემდგომში დაიწერა.
    ოთარ ჩხეიძის შემოქმედებითი ტალანტი, სიბრძნე და თავდადება მისთვის ჩვეული სიდარბაისლით უძლებდა მიზანდასახულ ნიაღვრებსა და ქარიშხლებს, სტიქიურობისა და ქაოტურობის გეგმაზომიერ შემოტევებს, რადგან მწერლის მრწამსი და პათოსი დღეს ან გუშინ კი არ გაჩენილა პოლიტიკური თუ სოციალური ამინდების შესატყვისად, არამედ მას ადრეული საუკუნეების სიღრმიდან მომავალი ძლიერი გენეტიკური კოდი და ინტელექტუალური გამოცდილება კვებავდა. ამიტომ ყოველთვის ახერხებდა კალიებივით შემოსეულ დიდ-პატარა საცდურთა და ცდუნებათაგან თავდახსნას. რა ბედნიერებაა, რომ ოთარ ჩხეიძე არასოდეს დამორჩილებია ზერელობის მაუწყებელ ტემპს ცხოვრებისას – დროს გამოდევნებულ ამ პროვინციულ სნობიზმს, როცა ყველა და ყველაფერი მოსწრებაზეა – გაცნობაცა და გადავიწყებაც, სიყვარულიცა და სიძულვილიც, ჩაცმაცა და გახდაც, გამდიდრებაცა და გაღატაკებაც, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, საფლავის ქვაცა და სანთლის დანთებაც დასწრებაზეა.
    ბოლო წელიწადნახევარი, მიუხედავად იმისა რომ თავს ევლებოდნენ, იწვა დიდი შემოქმედისა და დიდი ადამიანის მარტოობით გათანგული. ერთი ჭკვიანი კაცის თქმისა არ იყოს – დიდი მარტოობა განხეთქილებაა დახავსებულ სამყაროსთან და ძალის მოკრება გადამწყვეტი ბრძოლებისათვის.
    მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრძოლა როგორც სხვებთან ისე საკუთარ თავთან მოგებული ჰქონდა, მისი “მარტოობის დიალექტიკა” ისევ წინ მიიწევდა და მომავლისთვის ფიქრობდა. მომავლისთვის ფიქრმა და ზრუნვამ, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასეთი დიდებული ანდერძი დაუტოვა ნატო ჩხეიძეს: როსტომმა უკვე შეასრულა დანაპირები, დაწერა ბიოგრაფიული რომანი იაკობ გოგებაშვილზე, ახლა ჯერი შენზეა, აბა თქვენ იცით როგორ მოუვლით იაკობ გოგებაშვილის სახელსა და მის კარ-მიდამოს. მოუარეთ გოგებაშვილს…
    ასეთ ანდერძებს რახანია აღარ ტოვებენ სამყაროში… ბევრმა შეიძლება ვერც ამ უკანასკნელ სათხოვარს გაუგოს ვერაფერი დღევანდელ საქართველოში. ბროდსკის თქმისა არ იყოს, “თანამედროვე სამყაროში პოეტი ან დევნილია ან აღიარებული. იყო დევნილი, გაცილებით ადვილია – ანუ ადვილია შექმნა სიტუაცია, საიდანაც განგდევნიან, რადგან ნამდვილი აღიარება გაგებას გულისხმობს. საზოგადოება კი პოეტს მხოლოდ აღიარებას სთავაზობს – გაგების გარეშე”.
    მე საზოგადოება არა ვარ, მე ვარ ერთი კერძო პირი და ამიტომაც მგონია, რომ გავუგე ჩემს საყვარელ მწერალს.
    ჰერმან ჰესე თავის “ბავშვობის ბაღში” ასეთ რამეს ამბობს: “სამშობლო არც იქაა და არც აქ. სამშობლო ან შენშია ან არსად”.
    ოთარ ჩხეიძე ბოლო წუთებშიც, დარწმუნებული ვარ, იმ ღვთაებრივი გასხივოსნებით სუნთქავდა, როგორც ბავშვობისდროინდელ ბაღში, და უმწეო ყვავილთან ჩაჩოქილს ვიღაცის სიყვარულითა და ერთგულებით სავსე ხმა ჩაესმოდა – აი, ია.
    საკუთარი მამულის, საკუთარი ენისა და სარწმუნოების სიყვარულმა და ერთგულებამ შეაძლებინა ამ დიდ მწერალს ვალმოხდილი წასულიყო ჩვენგან და დაეტოვებინა XX საუკუნის “ქართლის ცხოვრების” უტყუარი, მაღალმხატვრული და მღელვარე ეპოპეა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • კრიტიკა

    ვწეროთ თუ ვიკითხოთ?

    მაგდა კალანდაძე
    ვწეროთ თუ ვიკითხოთ?

    თუ წიგნების დაწვაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული მათი წაუკითხაობაა, წიგნების დაწერასა და მათს გამოცემაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ალბათ სისხლის სამართლის რომელიმე მუხლს შეუფარდებდა ცნობილი ფრთიანი ფრაზის ავტორი. თუმცა, ამ შემთხვევაში დამნაშავის აღმოჩენა და შემდეგ ბრალდების წაყენება გაცილებით უფრო ძნელი საქმეა – როგორია, ადამიანს მწერლობაში ბრალი დასდო და შემდეგ დანაშაული დაუმტკიცო. დამნაშავეების ძებნას არც ჩვენ დავიწყებთ, თუმცა კი, დიდია ცდუნება, ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოცემული წიგნების მწირი რაოდენობა და არასახარბიელო ხარისხი რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ფაქტორს, ან თუნდაც იურიდიულ პირს, ან კიდევ, ბოლოსდაბოლოს, რომელიმე მითოლოგიურ პერსონაჟს ან წყევლას მაინც გადავაბრალოთ. მაგრამ ზემოთ პასუხისმგებლობა ვახსენე, და ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ამ პასუხისმგებლობის დოზას ქართული ლიტერატურის საკეთილდღეოდ ყველა თუ გადაინაწილებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მხილებას, პროცესებზე თვალის დევნებასა და ამა თუ იმ ფაქტორის ავკარგიანობის გარკვევას არ დაგზარდებით, დროდადრო ჩვენეულ გამოსავალს და სწორ გზებსაც მივუთითებთ.
    მიუხედავად ლიტერატურის ცნების მრავალმნიშვნელიანობისა და აბსტრაქტულობისა, წიგნი საკმაოდ მატერიალისტური ცნებაა, და შესაბამისად, ისეთი სოციალური სექტორისათვის, როგორიც გამომცემლები არიან, მატერიალური დაინტერესების ობიექტს წარმოადგენს. ამ ასპექტშიც კი, თუ გადავხედავთ საზღვარგარეთული საგამომცემლო ინდუსტრიის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფორმა, რომლითაც ლიტერატურა იყიდება, რომანია. ყურადღებას არ გავამახვილებ ლიტერატურულ პრემიებსა და კონკურსებზე, რომლებიც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამა თუ იმ ავტორისა და წიგნის პოპულარიზაციას – ამის გარეშეც რომანი მხატვრული ნაწარმოების ის ფორმაა, რომელიც მკითხველის რეცეფციისთვის ყველაზე კარგი აღსაქმელია, ერთგვარი “საინტერესო” და “თავშესაქცევი” ჟანრიცაა, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის ხერხემალს ქმნის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვერც ლიტერატურული ღირებულებებისა და ტენდენციების განვითარებისა და ვერც კომერციის მხრივ ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სრულ დისონანსშია მსოფლიო მოვლენებთან.
    თუ ბოლო ათწლეულს გადავხედავთ, ქართულ ენაზე დაწერილი რომანების რიცხვი თანდათან მცირდება. ვიწროვდება იმ ავტორების სავარაუდო კონტიგენტიც, რომლებისგანაც მკითხველი შესაბამის ლიტერატურულ ტექსტს შეიძლება მოელოდეს. ამ მხრივ საინტერესო დაკვირვების ობიექტია ლიტერატურული პრემია “საბაც”, რომელიც ფაქტობრივად წლის შეჯამებას ახდენს და სხვადასხვა ჟანრში საუკეთესო ლიტერატურული პროდუქტების გამოვლენას ისახავს მიზნად. ნომინაციაში “საუკეთესო რომანი” კონკურსის ხუთწლიანი ისტორიის მანძილზე სამჯერ ერთმა და იმავე ავტორმა – აკა მორჩილაძემ აიღო პრემია. არ ვიწინასწარმეტყველებ, ვისი გახდება წლევანდელი “საბა”, მაგრამ 2007 წელს გამოცემული რომანებიდან ორი არსებითად მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი აკა მორჩილაძეა. აქედან ძნელი მისახვედრი არ არის ის ფაქტი, რატომ ხდება აკა მორჩილაძე იმთავითვე ეგრეთ წოდებული ლონგსელერების ავტორი (მაგ. “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” (1995) დღემდე მუდმივად ტირაჟირებადი წიგნია) – მწერალმა ყოველთვის ზუსტად იცის, განსაზღვრული თემატიკა როგორი ჟანრითა და ფორმით მიიტანოს მკითხველამდე, და ამ ცოდნას გარკვეულწილად თვითვალდებულებაც გამოიმუშავებს – აკას შემთხვევაში ამას შეიძლება დავარქვათ პროფესიული ჩვევაც.
    “Made in Tiflis” და “ძველი გულებისა და ხმლისა” თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. თუ ერთ შემთხვევაში ავტორი მცირე მოცულობის რომანტიკულ-დეტექტიურ ამბავს გვთავაზობს რუსეთ-თურქეთის ომის ისტორიული ფონითა და ჩვეული სიმბოლოებით, „Maid in Tiflisi“ გაცილებით უფრო მასშტაბურ ნაწარმოებზე აცხადებს პრეტენზიას – თუმცა კი, არც ამ რომანის თემატიკა და პათოსია აკას მკითხველისთვის უცხო – თბილისის ძველი უბნებისა და გაორებული პერსონაჟების სევდა, გაქცევა და დაბრუნება, არარსებული სივრცეები და რეალური შპრიცები, იარაღები, სასმელები… ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია ალბათობა, ერთი და იმავეს დაუსრულებელი ტირაჟირების გამო მკითხველმა მოიბეზროს აკა მორჩილაძე, თუმცა, მე ამ შემთხვევაში მიზეზებს აკას ახალი რომანების ლიტერატურული ღირებულების მიღმა მოვძებნიდი – რეალურად აკა ერთადერთი დანამედროვე ავტორია, ვისი ნაწარმობებიც დღეს მკითხველს მიეწოდება, და ამასთანავე ძალიან ბუნებრივად ჩნდება განსხვავებული სტილისა და ესთეტიკის ტექსტების წაკითხვის მოთხოვნილება. მკითხველი უკვე აკა მორჩილაძის ახალ წიგნებში თავისდაუნებურად სხვა მწერალს ეძებს, არ აკმაყოფილებს ერთი ავტორი. აკა, რა თქმა უნდა, კარგი მწერალია – მაგრამ, სამწუხაროდ, ის ერთია, თავისი ინდივიდუალური სტილითა და ხელწერით.
    მორჩილაძისგან განსხვავებით, საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანის სერიით გამოსული „სიტყვები“ (ზაზა თვარაძე). ენობრივი თამაშებითა და ნახევრად ჩვეულებრივი ამბებით ძირეულად განსხვავებული ესთეტიკისა და სიღრმის ტექსტი მივიღეთ, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მაგიური რეალიზმის სრულიად ახლებურად და არატრადიციულად წაკითხვის საშუალებას გვაძლევს. თავისი ჟანრობრივი მხარით ყურადღება მიიქცია კიდევ ერთმა რომანმა – ჯორჯი ვაშატელის „ამბავი ლილე იროელისა“ საყმაწვილო ფანტასტიკაა ქართული მითოლოგიური პერსონაჟებითა და ზღაპრული გმირებით. ნათელისა და ბნელის, კეთილი და ბოროტი ძალების შერკინების თემატიკამ ქართული ხალხური ზღაპრებიდან ამჯერად რომანის ფორმატში გადმოინაცვლა. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცმელობას ეკუთვნის – თუმცა, ეს ფაქტი ვერ გამოგვადგება საერთო დასკვნების გამოსატანად, იმდენად, რამდენადაც გამომცემლობისათვის აკა მორჩილაძეც და საუკეთესო ქართული მცირე რომანის სერიაც ერთგვარი საავტორო პროექტია. რა თქმა უნდა, რომანის გამოსაცემად თითქმის ყველა გამომცემლობების კარი ღიაა, მაგრამ მწერლისათვის მოტივაცია მხოლოდ ორ ყდას შუა მოქცეული საკუთარი ნაშრომის ხილვა ვერ იქნება – შესაბამისი ანაზღაურების გარეშე ძნელია, ასერიგად საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდო. ჯერ-ჯერობით ცოტა ადრეა იმის ილუზიის შექმნა, რომ საქართველოში წიგნის გაყიდვა და დიდი ტირაჟები მწერლისათვის კომერციულად მომგებიანი გახდეს. ამისათვის ლიტერატურის სათანადო პოპულარიზაციაა საჭირო, იმ სივრცის შექმნა, სადაც შემდგომ უკვე წიგნი და ავტორი თავის თავს კონკტურენტუნარიან ატმოსფეროში გაყიდიან.
    შედარებით მრავალფეროვანი სურათი გვაქვს მცირე პროზის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობების კრებულებს მსოფლიო ლიტერატურულ ბაზარზე ძალიან მცირე პროცენტი უჭირავს, და შესაბამისად, მწერლებისთვისაც მხატვრული ტექსტის ეს ფორმა უფრო ლიტერატურული პერიოდიკისთვის გადაგდებული ლუკმაა ხოლმე, ქართულ სინამდვილეში ე.წ. „მოთხრობების მწერლებსაც“ შეხვდებით. მიუხედავად ამისა, გასული წლის მოთხრობების კრებულებს შორის რამდენიმემ მაინც მიიქცია ყურადღება – თუ ფიქრია ყუშიტაშვილის „ქათმის გრიპი“ („დიოგენე“) Pen-მარათონის კონკურსში გამარჯვებული ავტორის ახალი ტექსტებით იზიდავს მკითხველს, დებიუტანტი ავტორის, ირმა ტაველიძის „ავტობიოგრაფია ფრანგულად“ („სიესტა“) თვისებრივად განსხვავდება აქამდე ქართულ პროზაში მომძლავრებული ლიტერატურული ტენდენციებისგან და ორიგინალურ ფორმა-შინაარსს გვთავაზობს. ასევე საინტერესოა ბესო სოლომანაშვილის „ზამორა(სნაიპერა)“ („დიოგენე“), რომელშიც ახლებურადაა დანახული და გადმოცემული მოქმედებების განვითარების ფონი – თაობათა შორის ბრძოლა, ომის ესთეტიკა, და ეს ყველაფერი სახასიათო, ცოცხალი სახეებითა და იუმორის თანხლებით.
    წლის ბოლოს შედგა ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის „ესტაფეტას“ („სიეტა“) პრეზენტაციაც, სადაც მწერალმა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი მოთხრობებს მოუყარა თავი. მკითხველებს, რომლებიც უკვე იცნობენ ამ ავტორის ტექსტებს, ახალ კრებულშიც ჩვეული ხელწერა და ხმა ელოდებათ, თუმცა კი მოთხრობების ერთ წიგნად შეკვრა თავად ავტორისთვის შეიძლება ერთი ეტაპის დასასრულიც იყოს და მისგან უფრო საინტერესო ფორმებსა და თემატიკას ველოდეთ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წლის ბოლოს მოთხრობების რამდენიმე კრებული მზადდებოდა გამოსაცემად, თუმცა, 2007 წლისათვის მათი გამოცემა ვერ მოხერხდა. ამ მხრივ ცოტა არ იყოს, უსისტემოდაა გათვლილი გამომცემლობების მუშაობის პრინციპი – თითქმის მთელი წელი სასკოლო წიგნებისა და სხვადასხვა დაკვეთილი პროექტების განხორციელებას ეთმობა, კომერციულად არამომგებიანი მხატვრული ლიტერატურის ბედი კი თითქმის ყოველთვის მეორეხარისხოვანი საკითხის დონეზე წყდება.
    უსისტემობა ეტყობა მთარგმნელობით სფეროსაც. თუ გადავხედავთ ახალ თარგმანებს, გაგვიჭირდება ლოგიკური ჯაჭვის მოძებნა, რა პრინციპის მიხედვით ითარგმნება დღეს საზღვარგარეთული ლიტერატურა. საბოლოო ჯამში კი მაინც იმ დასკვანმდე მივალთ, რომ აქაც ძირითადად ენთუზიაზმზე უწევთ მთარგმნელებს მუშაობა, და შესაბამისად, თარგმნიან თავიანთი შეხედულებისა და სურვილის მიხედვით. გამომცემლობებს არ გააჩნიათ კონკრეტული კონცეფცია, უცხოური ლიტერატურის რა სექტორი უნდა მიაწოდონ ქართველ მკითხველს და იქმნება სრულიად ჭრელი სურათი, რაც დამაბნეველია მკითხველისათვის. გარდა იმისა, რომ მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარება კონკრეტული გეგმა-პროქტების დამუშავებასა და გაანალიზებას მოითხოვს, უმთავრესია ფინანსებიც, რაც გამომცემელს საშუალებას მისცემს, დაიქირავოს მთარგმნელი. სწორედ ასეთი ორგანიზებით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ სამხედრო ლიტერატურის ბიბლიოთეკა გამოიცა. გამოცემის ფინანსური მხარე სამთავრობო სექტორმა უზრუნველყო, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ მას შემდეგ რაც ქართული საგამომცემლო ინდუსტრია საჯარისო ნაწილების სფეციფიკურ ბიბლიოთეკას ამოწურავს, სახელმწიფო ხაზინაში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებისთვისაც გამოჩნდება სახსრები.
    თუმცა, ამ ფონზე რამდენიმე ახალმა თარგმანმა მაინც მიიქცია ჩვენი ყურადღება – მათ შორისაა 2004 წლის გონკურის პრემიის ლაურეატის, ლორან გოდეს რომანი ‚,სკორტების მზე“ („აგორა“, მთარგმ. ნინო ახვლედიანი) და გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო ნაწარმოები „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს“ („სიესტა“. მთარგმ. ელზა ახვლედიანი). საინტერესო პროექტი იყო „ემ-ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული წიგნი – თანამედროვე ებრაელი ავტორის, ეტგარ კერეტის მოთხრობების კრებული „ნებროთმა გარეკა“ (მთარგმნელი თამარ ბაბუაძე), რომლის პრეზენტაციაზეც თავად ავტორი მოიწვიეს საქართველოში.
    ლიტერატურულ ბაზარზე ბესტსელერების ადგილი თუ რომანებს უჭირავთ, ყველაზე ნაკლებკომერციულად პოეტური კრებულებია მიჩნეული, და ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართულ პოეტურ კრებულებში საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს იშვიათად გადავაწყდებით. უფრო მეტიც – მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არ გამოსცემს პოეზიას, რის არგუმენტადაც ისევ და ისევ წიგნების დაბალკომერციული ღირებულება მოჰყავს. თუმცა, ქართული პოეზიის ბედი მხოლოდ ერთ გამომცემლობაზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად, თუ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამ მხრივ დეფიციტია ქართულ ლიტერატურაში, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხების ბრალი არაა. იმ პოეტური კრებულების ბაზისზეც კი, რაც ხელთ გვაქვს, თვალშისაცემია, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს პოეზიის ერთ ციკლად ან თემატურ კრებულად გამოცემის ტრადიცია, წიგნის შედგენა ლექსების მხოლოდ ტექნიკურად შეგროვების პროცესს გულისხმობს. ამის საპირისპირო ფაქტია რეზო გეთიაშვილის ლექსების კრებული „არტ-ყვავილები“ („მერიდიანი“), რომელიც თავისთავად კიდევ საერთო თემატური ხაზით გაერთიანებული ლექსების რამდენიმე ციკლს შეიცავს. საყურადღებოა მაია სარიშვილის პოეტური კრებული „მიკროსკოპი“ („ლინკი“), თვისებრივად განსხვავებული და ინდივიდუალური ხელწერის პოეტი პოეზიის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვების ობიექტია. ზოგადად კი, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პოეტური კრებულების სიმწირის ფონზეც, ლიტერატურული პროცესი პოეზიაში გაცილებით საინტერესო და დინამიურია, ვიდრე პროზაში. უბრალოდ, პროზას ბევრად მეტი მკითხველი ჰყავს და შესაბამისად, ნაკლებ შესამჩნევი ხდება დაბალი ხარისხის ლიტერატურის ტირაჟირება.
    სამწუხაროდ, დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს ლიტერატურული კრიტიკა, რაც ხშირად არა მარტო მკითხველისთვის არის ხოლმე ორიენტირი, არამედ ავტორისთვისაც, და რისი პრეროგატივაცაა ლიტერატურული ვექტორების დალაგება. რამდენიმე წლის წინ გამოიცა „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია“ (შემდგ. მალხაზ ხარბედია), რომელმაც ფაქტობრივად შეაჯამა 1990-2004 წლების ქართული პოეზია, მაგრამ ბოლო სამი წლის მანძილზე მსგავსი პროექტი აღარ შემდგარა, თუ არ ჩავთვლით „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემულ კრებულს „ქართული პოეზია საუკუნეთა მიჯნაზე“, რომელიც არსებითად განსხვავებულ შინაარსს არ ატარებს. ამ მხირვ საინტერესო მასალა შემოგვთავაზა გია ქარჩხაძის გამომცემლობამ მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიის სახით (შემდგ. თამაზ ვასაძე). წიგნი ბოლო ასწლეულის მანძილზე მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ერთგვარი ასახვაა, თუმცა, საინტერესო იქნებოდა ამავე ტიპის პროექტის ფარგლებში უფრო მცირე დროითი მონაკვეთიც განხილულიყო (მაგ. ბოლო ათწლეული). ცოტა არ იყოს, უცნაური კონცეფციის პროექტი განახორციელა გამომცემლობა „დიამ“ მსოფლიო ლიტერატურის რჩეული მოთხრობების სახით (შემდგ. გია მურღულია, ბეგო ბეჟუაშვილი), სადაც უსისტემოდ შერჩეული მსოფლიო ლიტერატურის მცირე პროზის ნიმუშები იყო თავმოყრილი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი ტომია გამოსული ხუთტომეულიდან, რომლის ბოლო ნაწილიც ქართულ პროზას მიეძღვნება. მნიშვნელოვანი მოვლენაა „დიოგენესა“ და „ახალი თარგმანების“ ერთობლივი პროექტი – „მხატვრული თარგმანის მასტერკლასი“ ვახუშტი კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც სხვადასხვა ენიდან შესრულებული ქართული თარგმანების გარდა თარგმანის, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების, თეორიაა ახსნილი.
    რა გამოვიდა? არ ვწერთ, იმიტომ რომ არავინ კითხულობს (გამომცემლები ამას ალბათ უფრო მარკეტინგთან დაახლოებული ტერმინებით ახსნიდნენ), ვერ ვკითხულობთ, იმიტომ რომ არავინ წერს, და შეკრული წრიდან გამოსავალი არც თუ ისე მარტივი საპოვნია. კვანძი უნდა გაიხსნას, და წრის რომელი ბოლოდან დაიწყება ამ საკრალური კვანძის დაშლა, არავინ იცის. თუმცა, ერთიცაა – წრეს ხომ თავი და ბოლო არ აქვს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • პორტრეტი

    აკაკი ბაქრაძე – სტალინიადა

    აკაკი ბაქრაძე
    სტალინი
    (ჩანაწერები)

    სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებში, რა თქმა უნდა, პირველად არის სახოტბო ლირიკა, განმადიდებელი, მერე მითოლოგიზირება. ეს არის ჩვენთვის მთავარი, რადგან მითოლოგიზირებას ყოველთვის არ მიმართავს სახოტბო ლირიკა. რაღაც განსაკუთრებული უნდა დაინახოს მწერალმა, რომ მითოლოგიზირება მოხდეს, სულერთია, დადებითი თუ უარყოფითი კუთხით. (სახოტბო ლირიკა ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდა).
    ვალერიან გაფრინდაშვილი – “ოცნება ბელადზე”:

    “ეს ოცნებაა თვითეულ მხატვრის,
    ეს არის ფიქრი ყოველ პოეტის –
    ასახონ იგი, ვით თვალი ნატვრის
    და შთაგონება მთელ საბჭოეთის” (გვ.19)

    ანდა შალვა აფხაიძე – “სტალინ”

    “აზვირთებული დიდი ვნებანი
    ეპოქის სვეტო, შენსკენ ილტვიან,
    სტალინ, – გრგვინავენ წყალნი და ქვანი,
    სტალინზე მთებიც ზღაპრებს იტყვიან”.

    ნესტორ მანიძე – “სტალინის მზე”

    “აჭარელი წყალსაც არ სვამს,
    რომ სტალინი არ ახსენოს”. (გვ.45)

    ალიო მაშაშვილი – “სამშობლო ბელადისა”

    “დაუშრეტელი ცეცხლის დენა ხარ,
    ღელვა მზის შუქით განათებული,
    გაუტეხელი ქვეყნის ნება ხარ,
    ხალხის გენიად დაბადებული” (გვ.48)

    ილო მოსაშვილი – “ბელადს”

    “სხვა – სამშობლოში სამშობლოს ნატრობს,
    მიწაზე დადის – არა აქვს მიწა,
    ჩვენ კი, ბედნიერ სამშობლოს პატრონს,
    შენი სახელი მიგვიძღვის ფიცად:
    ზეცაში – მფრინავს, ბრძოლაში – მხედარს,
    ვაჟკაცს – ზღვასავით გაშლილ ყანაში,
    და ბავშვი, როცა შესცქერის დედას,
    უსმენს და თითქოს სიზმარში ხედავს,
    შენებრ მშობლიურ იავნანაში.
    და როცა დილა, მთების ფიწალზე
    ღრუბლის ბულულებს ლურჯად შეღებავს,
    იგრძნობს სულდგმული დედამიწაზე
    შენი გულის და ხელის შეხებას.
    დგება ბალახი, აცახცახდება,
    მოვარდნილ სითბოს წყალივით დალევს;
    ტკბილი ოცნება ცხადად ახდება,
    და შენი სახე ცაზე დახვდება
    ქვეყნის პირველად გახელილ თვალებს” (გვ.60)

    კონსტანტინე ჭიჭინაძე – “სტალინისადმი” (კავკასიონს ადარებს სტალინს, რომელიც “შეჰყუდებია ცას ტიტანივით”)

    ის კი პიტალო კლდეს აკალოებს,
    ამოზიდულან ძარღვები კისრის,
    და ზეაწყვეტილ რკინის პალოებს
    ზღვების გადაღმა შხუილით ისვრის” (გვ.93)

    (ამ ლექსში სიტყვების გროვაა და ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ სტალინი რომ მიწიერი არსება არ არის, ეს კი ჩანს).

    ისინი, ვინც აგინებს, სატანას ადარებენ:

    გალაკტიონი: პროტაგონისტი, რომელსაც სახელი არ აქვს, მაგრამ აშკარად სტალინი იგულისხმება.

    უნდობელია მისი გენია,
    არც შებრალება, არც შეცოდება,
    ჯერ დედამიწას არ მოსმენია
    მსოფლიოს ბაგეთ ასე გოდება.
    ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
    სულს ხორციელის ეხება დანა,
    გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
    მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

    (უთარიღოა)

    გაშლილო ველო… ტყვიების კოხის…
    რაა წამება თქვენთან იობის,
    აქ საიდუმლო პატარა ქოხის
    საიდუმლოა კაცობრიობის…
    ვინ? ამნაირი გამოძახილი
    არაფერს ქვეყნად ჯერ არ ჰქონია,
    ამას ნამდვილი არ აქვს სახელი,
    მისი სახელი ლეგიონია.

    მარკოზი.V.9. (სოფელი ღადარინელთა. კაცში ჩასახული ეშმაკი განდევნა ღორების კოლტში): “და ჰკითხა მას: რაი არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ” (ლუკა. VIII.30).

    სახე ნერონის თუ თემურ-ლენგის
    კედლით გიღიმის.
    ის სიმბოლოა გულწრფელი ჩანგის
    გაწყვეტილ სიმის (“საგურამო”) VII, 119

    “სისხლი”, VII, 165

    საშინელია – იგრძნო უეცრად,
    რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
    შენი სახელი მათ მიუეცრათ –
    მხეცი! – არც მეტი და არც ნაკლები.
    რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
    გვსრის და მშობლიურ ცხედრებს ეხება.
    კმაყოფილი ხარ მათი მორევით.
    ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.
    შენ გახარებს, რომ სისხლის მიზეზი
    ხარ და თანა გდევს ხალხის გოდება,
    შენ ბოროტება ხარ უმტკიცესი,
    მკვლელი! – ეს არის შენი წოდება.
    ო, ყველამ იგრძნო, რომ მოკვდა ყველა,
    და ყველა გიცქერს მუნჯი ყვედრებით,
    შენგნით არავის არ უნდა შველა,
    შენ სამარემდე მიხვალ ცხედრებით.
    ო, რა თქმა უნდა, ცხედრები მუდამ
    სდუმანო, მაგრამ სისხლი მწარდება.
    სისხლი იძახის: მკვლელი, იუდა!
    სისხლი არასდროს არ დაწყნარდება!

    იმედი, შენი ბრძოლის საგანი,
    მოულოდნელმა ქარმა ახვეტა.
    მოღუშულია შენი საკანი.
    ხვალ უსათუოდ გელის დახვრეტა

    * * *
    სტალინიც მითოლოგიურ ასპექტში გადაყავთ: გ. ლეონიძის “პირს მერცხალი გამოავლეს” და ა.შ. სხვებიც. თავად გ. რობაქიძის “გრაალის მცველში” ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მონობის. აგრეთვე “ჩაკლულ სულში”. ის თავი რომელიც სტალინს ეხება, შეტანილია ესეების კრებულში “მითოსი და დემონი”.

    * * *
    კ. გამსახურდიამ რატომ დაწერა – “ბელადი”.

    * * *
    გ. ლეონიძის “სტალინი, ბავშვობა და ყრმობა”
    ეპიგრაფად აქვს: “აქ ჰფლობს ტიტანი
    ცეცხლის მიმტანი, –
    ცმერთი პრომეთე”. (სოფოკლე)

    “აქ დააბეს ამირანი,
    აქ დაარტყეს რკინის ურო.
    სჯობს რომ ვიყო მიჯაჭვული,
    ვიდრე მე ღმერთს ვემსახურო!”
    გვ. 526 აქ მტაცებელთა იყო სადოღე…

    * * *

    გ. რობაქიძე – “ჩაკლული სული” (თარგმნა ალ. კარტოზიამ). თავი სტალინის ჰოროსკოპი”. აჰრიმანს ადარებს. ესეც აქვს დაწერილი “სტალინი, როგორც აჰრიმანული სული”.
    აჰრიმანი სპარსულ მითოლოგიაში ბოროტების უმაღლესი ღვთაებაა. უპირისპირდება აჰურამაზანს (უბრძნესი ღმერთი) – კეთილი საწყისი. ჩვენ არმაზის წინაპარი ორმაზდ.

    * * *
    რამ გამოიწვია სტალინისადმი ასეთი დამოკიდებულება? რატომ არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ სახოტბო ლირიკით?
    1921 წლის თებევარლ-მარტში დამარცხებამ სასოწარკვეთილება გამოიწვია ჩვენს ხალხში. 20-იან წლებში დაიწერა ნიკოლო მიწიშვილის – “ფიქრები საქართველოზე” (“ქართული მწერლობა”, 1926 წ.N4-5), სერგი დანელიას – “ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი”, 1927 წ. კონსტანტინე კაპანელის “ქართული სული ესთეტიურ სახეებში”, 1926 წ. და სხვა.

    ალ. აბაშელი:
    “ჩემი თაობის უილაჯობა
    დღეს სამარცხვინო დაღად მაჩნია”

    * * *
    საჭირო იყო ენერგიის გამოვლენა:
    კინოსცენარისტმა რეზო კვესელავამ გაზეთში “გეიკო-ექსპრესი” (1993 წ.24 მარტი) მოგონება გამოაქვეყნა. ერთ ოჯახში, წვეულებაზე, გიორგი ლეონიძეს უთქვამს:
    – რა შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს სტალინი, ერთი რამ ცხადია: ის გახლავთ ეროვნული ენერგიის უდიდესი გამოვლენა და სწორედ ამ კუთხით იპყრობდა ჩემს ყურადღებას.
    ამასვე ამბობს არსებითად კ. გამსახურდიაც:

    “ბელადი”

    “ლიტ.საქართველო”, 1940, 12 იანვარი

    “როცა “მთვარის მოტაცება” მოვათავე, ერთი უცნობი მკითხველი გამომესაუბრა ქუჩაში. მითხრა: აკაკი, ვაჟა და ილია მუდამ სტიროდნენ, შენი გმირებიც განწირულნი იღუპებიან. მოდი დაგვიხატე გამარჯვებული გმირები, ისეთნი, რომელთაგანაც ბრძოლა და გაუტეხელობა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა. მაშინ განვიზრახე ეს წიგნი. სტალინის თემა უდიადესია საბჭოთა ლიტერატურის თემატიკაში. მე ვერ ვბედავდი ამ საქმის დაწყებას. მერე ის იყო ჩვენი კულტურის გულისხმიერი მესვეური ამხანაგი ლავრენტი ბერია დამეხმარა და გამაბედვინა ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმისათვის ხელი მომეკიდა.
    ამ გიგანტური პიროვნების მხატვრული განსახიერებით მე მინდა ვაჩვენო ჩვენს ახალ თაობას, თუ ვისგან ისწავლონ კეთილშობილი შრომა, თავგანწირული ბრძოლა, სულიერი რაინდობა, ხალხის სიყვარული და ვაჟკაცობა”.

    * * *
    კომუნისტური ეპოქის მხატვრულ ლიტერატურაში და არა მარტო სსრკ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობდა მრავლისმეტყველი ლენინიადა და სტალინიადა. საქართველოში ამას ბერიაც ემატებოდა. ეს ყველასათვის კარგად ცნობილია, ვისაც პოეზია უყვარდა და თვალყურს ადევნებდა მას. განსაკუთრებით გასაკვირი აქ არაფერია. ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდა სახოტბო ლირიკა და იყვნენ კარის პოეტები. არა თუ მეფეებს, ცალკეულ ფეოდალებსაც ჰყავდათ შესხმა-ქების ოსტატები და ხშირად ძალიან ნიჭიერნიც. სახოტბო ლირიკის უმშვენიერესი სტრიქონებია “ვეფხისტყაოსანში” (“თამარს ვაქებდი მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული…”), რომ არაფერი ვთქვათ “თამარიანსა” და “აბდულმესიაზე”. ალექსანდრე პუშკინსაც უძღვნია ამაღლებული სტროფები ალექსანდრე პირველისადმი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიკოლოზ პირველისადმიც კი. თუმცა პოეტს ბევრი არაფერი ჰქონდა სასაყვედურო ხელმწიფისადმი. ნიკოლოზ პირველი ყოველთვის ყურადღებით ეპყრობოდა მას. როცა ალექსანდრე პუშკინი დუელში დაიღუპა, მთელი რუსეთი გააკვირვა მეფის გულუხვობამ პოეტის ოჯახისადმი. პუშკინის სიკვდილის მერე, ციმბირში, მარია ვოლკონსკაიას პეტერბურგიდან ეკატერინა კინდიაკოვა-რაევსკაია წერდა:
    “მართლაც ხელმწიფემ უსაზღვროდ ბევრი გააკეთა მათთვის (პუშკინის ოჯახის წევრებისათვის – ა.ბ.). ჯერ ათი ათასი მანეთი მისცა საწყალი პუშკინის დასამარხავად. გადაიხადა ყველა მისი ვალი. დაგირავებული მამული დაიხსნა ვალებისაგან. პენსიით, თერთმეტი ათასი მანეთით, უზრუნველყო მისი ქვრივი და შვილები. როგორც კი მისი ბიჭები იმ ასაკისა გახდებიან, როცა პაჟთა კორპუსში იღებენ, მათ მაშინვე გაამწესებენ იქ” (“ლიტერატურნაია გაზეტა”, 1994, N6).
    ეტყობა მათი ურთიერთობა მთლად ისეთი არ იყო, როგორც კომუნისტი ლიტერატურისმცოდნეები გვატყუებდნენ.
    არც ევროპელ პოეტებს უთაკილიათ სახოტბო პოეზიის სამსახური. აზიაში ხომ ეს მწერლის უპირველეს მოვალეობად ითვლებოდა.

    სტალინი

    ალბერ კამიუ “მეამბოხე ადამიანში”, სადაც მარკიზ დე სადის შემოქმედებაზე ლაპარაკობს (მსჯელობს), წერს – Сад замышляет покушение на мироздание: “Я ненавижу природу… Я хотел бы ее планы, преградить ей путь, остановить движение светил, сотрясти планеты, плавающие в космических пространствах, уничтожить все, что служит природе, и способствовать всему, что ей вредит, короче говоря, оскорбить природу в ее созданиях, но я не в состоянии этого добиться”.
    კამიუ: – “Все разрушать невозможно, всегда обнаруживается остаток”.
    – “Быть может, мы смогли бы взять штурмом солнце, отобрать его у Вселенной или же воспользоватся им и устроить мировой пожар. Вот это были бы преступления”.
    ეს იქნებოდა დანაშაული, მაგრამ არა საბოლოო დანაშაული. რაღაც კიდევ არის გასკეთებელი და აი აქ ჯალათები მუქარით უყურებენ უკვე ერთმანეთს.
    კამიუ: “Они одиноки, и правит им единственный закон – закон силы. Поскольку палачи приняли его, будучи владиками, они уже не могут отвергнуть его даже тогда, когда он оборачивается против них. Всякая власть, всякие силы стремится быть единственным и одинокой”.
    . . .
    “В таком случае самое грандиозное разрушение совпадает с самым ложным утверждением”.
    “მეამბოხე ადამიანში” კამიუ აციტირებს ფრანგ მწერალს (სიურრეალისტი) რაიმონ კენოს (1903-1976), რომელსაც უთქვამს – цель всякой интеллектуальной жизни – стать Богом. ბოდლერსაც იშველიებს – Подлинный святой, – это тот, кто сечет кнутом и убивает народ ради блага народа.
    კამიუს არმან ხუგ-ის სიტყვებიც მოჰყავს – несмотря на ницшеанскую атмосферу этих произведений, Бог там еще не умер.
    ეს ახალი ეტაპი იქნება, დაკავშირებული ნიცშეს სახელთან.
    დოსტოევსკის “все дозволено”, თუ არ არის ღმერთი, სულის უკვდავება, სამართლიანობა… все дозволено-თი იწყებაო თანამედროვე ნიჰილიზმის ისტორია. დოსტოევსკიდან კამიუს გამოჰყავს დასკვნა – Владыки этого мира, после того как оспорена законность его власти, должен быть низвергнут, а его место занять человеком.
    საერთო დასკვნა: – Единство мира, не осуществившися с Богом, отныне сделает попитку осуществиться вопреки Богу.
    (ირემაშვილის ციტატი – თანაგრძნობა ადამიანისადმი).
    სამყარო შეიცვალოს (მარქსი) ახალი ადამიანის შექმნა (ფოიერბახი. კამიუსთან)
    “Град божий и град человеческий” (კამიუ. გვ.293).
    “ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილი იქნეს” (მარქსი და ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ.I, 1975, გვ.4).

    * * *
    იოსებ ჯუღაშვილი და იოსებ ირემაშვილი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რევოლუციური საქმიანობა რომ დაიწყეს, ერთიც სოციალ-დემოკრატი გახდა და მეორეც, ოღონდ იოსებ ჯუღაშვილი სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკურ ფრთას მიეკედლა, ხოლო ირემაშვილი – მენშევიკურს. მათი მეგობრობა მაინც გრძელდებოდა. შუღლი მერე ჩამოვარდა, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის იმპერიას გამოეყო. მენშევიკი სოციალ-დემოკრატი იოსებ ირემაშვილი საქართველოში დარჩა. დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას შეუდგა, სხვა თანამოაზრეებთან ერთად. იოსებ ჯუღაშვილს კი სხვა გეგმები ჰქონდა. იგი ჯერ რუსეთის უზარმაზარი იმპერიის თავკაცობას უმიზნებდა. მერე, ვინ იცის; მსოფლიო პროლეტარული რევოლუციაც მოეწყო და ამით მსოფლიო იმპერატორობისთვისაც ხელი გამოეკრა.
    ორი გორელი ბიჭის გზა სამუდამოდ გაიყარა.
    1921 წლის თებერვალ-მარტში დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო დამარცხდა. იგი ისევ რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. იძულებით იოსებ ირემაშვილიც ემიგრაციაში აღმოჩნდა. დარჩენილი ცხოვრება მან უცხოეთში გაატარა, სიდუხჭირესა, სიღატაკეში და უმიზნო არსებობაში. მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენ ბელადსა და მასწავლებელს ბავშვობის მეგობარი არასოდეს გახსენებია. იოსებ ირემაშვილს კი იოსებ სტალინი არასოდეს დავიწყებია. მუდამ ახსოვდა და ბოღმა ახრჩობდა: დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს დაცემა-დამარცხებას მას აბრალებდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა. 1932 წელს იოსებ ირემაშვილმა გერმანიაში, გერმანულად, პატარა წიგნი გამოსცა – “სტალინი და საქართველოს ტრაგედია”. უკვე სახელწოდება ცხადად მოწმობს, რა განწყობილებით არის წიგნი დაწერილი. მაგრამ მეგობრისადმი ყმაწვილკაცობის სიყვარულმა მაინც გამოჟონა. კერძოდ: 1907 წლის ნოემბერში სტალინის პირველი ცოლი ეკატერინე სვანიძე გარდაიცვალა. 22 წლის გამოეთხოვა იგი წუთისოფელს. ეკატერინე სვანიძე-ჯუღაშვილი კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. იმ სამგლოვიარო დღეებში ირემაშვილი მეგობარს ერთი წუთითაც არ მოშორებია. როცა სასაფლაოს ეზოში შევედითო, – იხსენებს იოსებ ირემაშვილი, – სტალინი კუბოს მისშტერებოდა. თვალს არ აცილებდაო. მერე მკლავზე დამეყრდნო, ჩემსკენ დაიხარა და მითხრა: “- სოსო, ამ არსებამ შეარბილა ჩემი ქვის გული. იგი მოკვდა და მასთან ერთად, უკანასკნელი თბილი გრძნობა ადამიანთა მიმართ” (“Soso, dieses Wesen hat mein steinernes Herz weich gemacht; Sie ist gestorben und mit ihr letzte warme Gefuehle fuer die Menschen”).

    სტალინიადა

    * * *

    პეტრე ჩერკასოვის წიგნში “კარდინალი რიშელიე” მოყვანილია რიშელიეს თანამედროვე პოეტის პოლ სკარონის (Скаррон) სტრიქონები ლექსის – Безгрешный ангел или демон – Судите сами, кем я был.
    რიშელიეს ბედს სხვა მხრივაც დაემთხვა სტალინის ბედი.
    1793 წლის 5 დეკემბერს, ანუ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის კალენდრის მიხედვით, რესპუბლიკის მეორე წლის 15 ფრიმერს, აზვირთებული ბრბო სორბონის ეკლესიაში შევარდა და რიშელიეს აკლდამას მივარდა. დალეწეს მოქანდაკე ჟირარდონის (Жирардон) ქმნილება – რიშელიეს ქანდაკება. გააღეს აკლდამა, დაგლიჯეს რიშელიეს გვამი და სათამაშოდ მიუგდეს პარიზელ ქუჩის ბიჭებს. ისინი კარდინალის თავს ბურთივით დააგორებდნენ ქუჩებში და სიცილით იჭაჭებოდნენ (იმ დღეს კიდევ 48 საფლავი გაიძარცვა). აბატმა ბაშანმა მოიპარა რიშელიეს თავის ქალა და დამალა. ვიღაც ქვისმთლელმა რიშელიეს მოგლეჯილი (ბეჭდიანი) თითი შეინახა. ასე შეგროვებული ძვლები ყოვლისშემძლე კარდინალისა დიდხანს ინახებოდა ოჯახებში როგორც რელიქვია. მანამ, სანამ, ნაპოლეონ მესამის ბრძანებით, 1866 წელს ეს ნეშთი კარდინალისა არ შეაგროვეს და 15 დეკემბერს ზარზეიმით არ დამარხეს სორბონის უნივერსიტეტის ეკლესიაში (გვ.5-6).
    ეს ბრბოს თვისებაა: ცოცხალ დიქტატორს ეთაყვანება, ემონება, მის ნატერფალს კოცნის. მკვდარს კი საფლავიდან თხრის.
    ბრბოს მარტო ქუჩის მაწანწალები არ შეადგენენ. ბრბოს ხშირად თანამდებობები უპყრია ხელთ და მაღალ სკამზეა წამოსკუპული. ამ ბრბოსაც იგივე თვისება აქვს, რაც მაწანწალებისას. რიშელიეს ბედი განმეორდა. 1961 წელს სტალინის ცხედარი გამოიტანეს მავზოლეუმიდან და იქვე მეზობლად დაფლეს.
    8 წელიწადი უტრიალებდნენ გარშემო მკვდარს და ვერაფერი გაბედეს.
    ნაპოლეონი და გოეთე (კ.გამსახურდია – სტალინიადა. ისტორიას არ უყვარს сослагательное наклонение – ასე რომ ყოფილიყო. ჟორესი – როგორი სიტყვა უნდა ეთქვა ლუი XVI ადვოკატს… ეს სასაცილოა.

    * * *
    ისტორიაში არაფერი ხდება შემთხვევით. რაც მოხდა, ის აუცილებელია და ვერც სხვაგვარად მოხდებოდა. ჩვენ მეტნაკლები სიზუსტით შეგვიძლია ავხსნათ რატომ მოხდა. ყველა ისტორიულ ფაქტს შინაგანი კანონზომიერება აქვს.

    * * *
    აშშ-ელი პოეტი ეზრა პაუნდი აღტაცებული იყო მუსოლინით (“Иностранная литература”, 1991 г. N2) ომის დროს იტალიაში ცხოვრობდა და აშშ-ის წინააღმდეგ მოუწოდებდა. ომის მერე დააპატიმრეს. აშშ-ში მოღალატეს ეძახდნენ. ლანძღავდნენ. მერე შეშლილად გამოაცხადეს. 12 წელიწადი იყო ფსიხუშკაში. აშშ-ის ხელისუფლებას ეხვეწებოდა: იაპონიაში მარკარტურს დავეხმარები. მან კონფიციუსის შესახებ არაფერი იცის, უიმისოდ კი იაპონიაში, რას გახდებაო. ფიქრობდა რამდენიმე თვეში ესწავლა ქართული, სტალინს მშობლიურ ენაზე დალაპარაკებოდა და აშშ-ის კონსტიტუციის უპირატესობა დაემტკიცებინა.

    * * *
    მუსოლინი ტომას ჯეფერსონის გამგრძელებლად მიაჩნდა (საინტერესოა ედ.გიორგაძის პარალელი – ჯეფერსონი გამსახურდია). არ უყვარდა აშშ.
    არც კნუტ ჰამსუნს უყვარდა აშშ. ისიც ვერ იტანდა. მას ნაციზმი მოსწონდა და თანამშრომლობდა კიდეც.

    * * *
    რობერტ მუზილი “უთვისებო კაცში” პირველი მსოფლიო ომის წინაპერიოდზე ამბობს – Мир ведь лишился не только бога, но и черта тоже.
    * * * სტალინი (ახსნა)
    1. მთავრობის დაკვეთა
    2. ეროვნული ენერგიის მაგიერ პიროვნულით აღტაცება
    3. მითოლოგიზირება ადამიანის, რაკი ღმერთი უარყოფილი იყო

    * * *
    ისიც, რომ სტალინი ბუში იყო, უკვე მეტყველებს მის მითოლოგიურობაზე. უკვე არ შეიძლება, რომ იგი ნორმალურად დაბადებულიყო. ყველაფერით ნორმალურობას ეწინააღმდეგება იგი.

    * * *
    დიქტატორი. რა აქვთ საერთო
    1. კალიგულას და ნერონის თვისებები (სვეტონიუსი)
    2. ჩინგისხანი, რომ უმანკოდ ჩაისახა.
    “…Все тираны с некоторыми незначительными оттенками вероломства и жестокости похожи друг на друга” (რობესპიერი) – ყველა ტირანი, გარდა ვერაგობისა და სისასტიკის ზოგიერთი უმნიშვნელო ელფერისა, ერთმანეთს ჰგავს (Максиммилиан Робеспьер – Революционная закконность и провосудие, 1959 г. გვ.204).

    * * *
    თემურლენგის წინაპრის ჩინყიზის დაბადებაც ისე მოხდა, როგორც ქრისტესი. დედამისს ქმარი არ ესვა. “იხილეს მსგავსი ნათლისა ხელოვნებათა ბელიარისა”. როცა ყმაწვილი დაიბადა “უწოდეს ყრმასა მას ძედ ნათლისად” (გვ.7. ბერი ეგნატაშვილი – “ახალი ქართლის ცხოვრება”, 1940 წ. ამასვე გვეუბნება “კურიერ იუნესკო”, 1989 წ. ნოემბერი გვ.39. Алан-ка – Отец свет).
    Люцифер умер вместе с Богом, и из его праха возник жалкий бес, который и сам уже не видит, куда его несет. (კამიუ, გვ.352).

    * * *
    სტალინის კულტი ქართულ პოეზიაში იმითაც არის გამოწვეული, რომ 20-იან წლებში, დემოკრატიული საქართველოს დამარცხების გამო დიდი ნიჰილიზმი იყო ქართულ მოაზროვნე საზოგადოებაში (იხ.”მწერლობის მოთვინიერება”, “მთვარის მოტაცება”, I, 234-5).
    ამ ნიჰილიზმს სტალინის ძალისადმი რწმენით ოპტიმიზმი დაუპირისპირდა (გამსახურდიას სიტყვები). თუ საქართველო უძლურია, სამაგიეროდ, იგი განსაკუთრებულ პიროვნებებს წარმოშობს.

    * * *
    ქართველს მთხლე ბუნება აქვს. თუ სიძნელე შეხვდება, მაშინვე ტყდება და იწყებს წუწუნს – ეს რა ხალხი ვყოფილვართ, ეს რა საზიზღარი ქვეყანაა (თ.კვაჭანტირაძის ნათქვამი), აქ ცხოვრება არა ღირს. ამას მწერლობა უნდა დაპირისპირებოდა, რადგან 1921 წლის დამარცხებისა, დასმენა-დაპატიმრებების შემდეგ საქართველოში საშინელი განწყობილება შეიქნა, ისე როგორც დღეს. ამიტომ გაჩნდა სტალინის დიდება, სამშობლოს დიდება. ამით იყო პასუხი – არ ვართ ცუდი.

    © “არილი”

  • ინტერვიუ

    უმბერტო ეკო – პოპულიზმი, მასმედია, კულტურა და ინტელექტუალები

    პოპულიზმი, მასმედია, კულტურა და ინტელექტუალები
    ინტერვიუ უმბერტო ეკოსთან

    თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

    – თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმ საშიშროების შესახებ, რაც პოპულიზმის ფართო გავრცელებას მოჰყვება, პოპულიზმმა კი, როგორც ჩანს, უკვე მთელი ევროპა მოიცვა. როგორ ახსნიდით ამ მოვლენას?
    – მოდით, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ე.წ. ეროვნული იდეების აღორძინება, კერძოდ კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დაშლის ლოგიკური შედეგია. სამწუხაროა, რომ თანამედროვეობის მორევში საუკუნოვანი ისტორია გვავიწყდება. მე ვთხოვე ჟაკ ლე გოფს (Jacques Le Goff), იგი ერთ-ერთ გამომცემლობაში ევროპის ისტორიის სექციას უძღვება, რომ ავტორებისთვის შეეკვეთა წიგნი, სადაც შეფასდებოდა ამათუიმ იმპერიის ნგრევის შედეგები. ეს იმდენად ყოვლისმომცველი სიუჟეტია, რომ სამწუხაროდ ჯერ ვერავინ გარისკა მისი გაშუქება. არადა ასეთი წიგნი მართლა საფუძველს ჩაუყრიდა თანამედროვე სამყაროს გაგებას. ბალკანური ქვეყნები, მაგალითად, დღემდე იმკიან რომის იმპერიის დაცემის შედეგებს. ახლო აღმოსავლეთზე კი კვლავ აისახება ოტომანთა იმპერიის ნგრევის ნაკვალევი. გავა არაერთი ათწლეული, სანამ საბოლოოდ გაირკვევა საბჭოთა სისტემის კრახის ნეგატიური შედეგები. თანამედროვე დასავლური ნაციონალიზმი თავისი ფესვებით^იმპერიალიზმის ტექტონურ დინამიკაში მიდის. ნგრევის მაპროვოცირებელი დარტყმის შემდეგ, ხშირად საუკუნეები გადის, ვიდრე ნაციონალური “ტექტონური ფილები” სტაბილიზდება და დარტყმის ტალღები მიჩუმდება.
    – თქვენს ბოლო წიგნში “კიბორჩხალის სვლა” წერთ, რომ თანამედროვე პოპულიზმს არაფერი აქვს საერთო ხალხთან. რატომ?
    – უბრალოდ იმიტომ, რომ ეს “ხალხი” არ არსებობს! ან იგი, უბრალოდ, ენობრივი კაზუსია, რომელიც სინამდვილეში ქვეყნის მთელს მოსახლეობას აღნიშნავს და მისი აზრით მხოლოდ არჩევნების დღეს ინტერესდებიან. თუმცა აქ საუბარი არაიმდენად ხალხზეა, რამდენადაც ელექტორატზე, მარტივ სტატისტიკურ ერთეულზე. პოპულისტი ხალხს კიარ ეყრდნობა, არამედ ადამიანთა ერთობის რაღაც იდეალურ, გამოგონილ პროექციას, რომელიც მთლიანად მხარს უჭერს მის იდეებს. მისი მთავარი ფუნქცია ამ პოპულისტის მოქმედებათა გამართლებაა. თანაც პოპულისტი სისტემატიურად გაურბის ნებისმიერ სერიოზულ შეტაკებას ხალხთან. ბერლუსკონი არასდროს გამოსულა პარლამენტში, მისი გამოსვლები ყოველთვის მედია საშუალებებზე იყო გათვლილი. ინტერესი, რომელსაც ფრანგული მედია საშუალებები იჩენენ “ბერლუსკონის საქმის” მიმართ, პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ცდილობენ, რომ ასეთი რამ მათთანაც არ განმეორდეს. ახლა ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკოლა სარკოზი და სეგოლენ რუაიალი იბრძოლებენ და მათ მთავარ იარაღად პრესაში წარმოებული ვირტუოზული კამპანია იქცევა და არა ზუსტი და დამაჯერებელი პროგრამა. დაე ბერლუსკონის მაგალითმა ცოტა რამ მაინც ასწავლოს ფრანგებს!
    – ინფორმაციის სიჭარბე არ იწვევს თქვენში ნდობას?
    – ეს ჰიპერტროფირებული საჯაროობა მაშინ დაიწყო, როცა კენედიმ არჩევნები მოუგო ნიქსონს, ძირითადად არა თავისი აშკარა პოლიტიკური უპირატესობის, არამედ სასიამოვნო გარეგნობის ხარჯზე, რომელიც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა მისი მოწინააღმდეგის გარეგნობასთან – ნიქსონმა გაპარსვაც კი არ იცოდა! აი ათვლის წერტილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ადრე, სამყაროში, სადაც არ იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხალხს არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ თავის ლიდერებთან. ხალხი თავის მეფეს ცხოვრებაში ერთხელ ხედავდა, როცა მეფედ კურთხევის შემდეგ იგი თავის სამფლობელოებს შემოივლიდა და ქვეშევრდომებს კურნავდა. მაგრამ როგორც კი პოლიტიკოსი ხალხში გამოვიდა, იგი მსახიობად იქცა. მართალ პოლიტიკოსს დღეს ძაან გაუჭირდება სისტემას თავი დააღწიოს.
    დღეს თავის უახლეს იდეებს პოლიტიკოსები ტელევიზიით წარადგენენ და არა პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ისინი უფრო გააღრმავებდნენ და უკეთესი არგუმენტებით გაამყარებდნენ თავის წინადადებებს. პოლიტიკოსები პრესასთან ურთიერთობას ანიჭებენ უპირატესობას და ამიტომ თავიანთი გამოსვლები და პროგრამები ერთად-ერთ ლოზუნგამდე დაჰყავთ. ასეთი სავარჯიშოები აუცილებლობად იქცა და ამგვარ მეთოდებზე უარის თქმა პოლიტიკური კარიერის დასასრულს ნიშნავს. მთელი თავისი პრემიერობის მანძილზე ბერლუსკონი განუწყვეტლივ წინააღმდეგობაში ვარდებოდა და ყოველთვის ავიწყდებოდა წინა დღის დანაპირები. მაგრამ პრესაში დრო ისე სწრაფად მიქრის, რომ ასეთი გულმავიწყობა არავის ადარდებს. სწორედ იმისთვის, რომ ამ ტენდენციას დავპირისპირებოდი, მთელი ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტში დავრჩი, ეს ხომ განსაკუთრებული ადგილია, სადაც ახალგაზრდობას ხელს ვუწყობთ კარგი მეხსიერება, დაკვირვებულობა და ისტორიული ქრონოლოგიის გრძნობა განუვითარდეთ.
    – ანუ განუვითარდეთ ისტორიის გრძნობა, რასაც, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ატლანტიკის გადაღმა პატივს არ სცემენ, განსაკუთრებით ნეოკონსერვატორები.
    – თანამედროვე ამერიკას არც ისტორიის საზრისი ესმის და არც როლი, რომელიც ლიდერმა-ქვეყანამ უნდა შეასრულოს. “გაეროს” კონფორმიზმმაც უკვე მწვერვალებს მიაღწია და იგი სულ უფრო ხშირად ანიჭებს უპირატესობას საომარ მოქმედებებს. მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის იმპერიის პრესტიჟი ლოკალური კონფლიქტების მეშვეობით დანერგოს (ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე კარგადაა ნაცნობი 19-ე საუკუნიდან). თანამედროვე ამერიკამ ძალიან უკან დაიხია, ძირითადად კი კულტურის მწვავე უკმარისობისა და თავისი სულმოუთქმელობის გამო (ეს ყველაფერი ლუი ფილიპის ხანის ყველა დიდ ევროპულ სახელმწიფოს ახასიათებდა). იდეოლოგიის თვალსაზრისით, ბუშის პერიოდში აშშ-მ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა უკან. ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ, 1940-ში, იაპონელებთან ომის დაწყებამდე, ამერიკის ხელმძღვანელობა ანთროპოლოგ რუთ ბენედიქტს (Ruth Benedict) ეკითხებოდა იაპონელების მენტალური თავისებურებების შესახებ. ახლა ისინი ბრიტანეთის ყოფილი იმპერიის დიდებას გამოკიდებულნი საჭიროდაც არ თვლიან ჭკუა დაეკითხონ ცნობილ აღმოსავლეთმცოდნეებს, სანამ ომს დაიწყებენ ახლო აღმოსავლეთში.
    – რითი აიხსნება ეს უკულტურობა?
    – ჩვენი ნაკლოვანებებიც ნუ დაგვავიწყდება! აშშ-სთვის დამახასიათებელი ისტორიის გრძნობის დაკარგვა სამწუხაროდ ეპიდემიასავით ვრცელდება ევროპელ ახალგაზრდებს შორის. ჰკითხეთ ახალგაზრდა ინგლისელს, ფრანგს, ან იტალიელს, ვინ იყო მათი სახელმწიფოს მეთაური 1950-იან წლებში… მათ გაუჭირდებათ პასუხის გაცემა, განსხვავებით ჩემი თაობის სკოლის მოსწავლეებისგან, რომლებსაც გაცილებით ბევრი რამ ახსოვდათ, რადგან ადრე სკოლა ისტორიას წარმოადგენდა როგორც თაობათა კავშირს. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ ეპიდემიის სიმპტომები უნივერსიტეტებშიც კი ჩანს. პრინსტონში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე ერთმა ჩემმა კოლეგამ თავისი მსმენელები გააფრთხილა, რომ მის ლექციებზე დასწრებას უკრძალავდა “ფილოსოფიის ისტორიკოსებს” – ამით ყველაფერია ნათქვამი. ამერიკელებს ჰგონიათ, რომ სამყარო არაფრისგან შეიქმნა და მთელი სიტყვიერი მემკვიდრეობა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სიბრძნე, წმინდა ევროპული სიმახინჯეა. ისევე როგორც ისტორიისადმი ჩვენი სიყვარული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკელებს უკვე ახლა ემუქრებათ კოლექტიური მეხსიერების გაქრობა. ენციკლოპედიის პრინციპები – ანუ ერთიანი ცოდნა, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში ორმაგ როლს თამაშობს: ინარჩუნებს მეხსიერებას და ავრცელებს ისტორიულ ანეკდოტებს, რის შედეგადაც შთამომავლობას მხოლოდ ფაქტები რჩება – აღარ მოქმედებს. ინტერნეტის საუფლომ, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა მოუწესრიგებელი ელემენტების მთელი გროვა, მხოლოდ დააჩქარა ისტორიული პერსპექტივის გაქრობა. თუმცა, ინფორმაციის სიჭარბე ისევე სახიფათოა, როგორც მისი უკმარისობა. ბორხესმა თავის მოთხრობაში “ფუნესი – მეხსიერების სასწაული” აჩვენა, რომ შეიძლება ჰიპერმნეზია მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, რომ გადავსებული მეხსიერება ცხოვრებას აუტანელს ხდის.
    – და მაინც, ინტელექტუალური ცხოვრება აშშ-ში საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარია!
    – მაგრამ ამ ინტელექტუალებს არანაირი გავლენა არა აქვს! ისინი უმცირეს ჯგუფებად არიან დანაწევრებული, რომლებიც უნივერსიტეტის კამპუსების მდიდრულ გეტოებში ცხოვრობენ. დიდტირაჟიანი ამერიკული გაზეთების ფურცლებზე ვერასდროს ნახავთ პროფესორთა კომენტარებს. ხოლო მაშინ, როცა ისინი პოლიტიკაში მიდიან, აკადემიურ საქმიანობას მთლიანად თავს ანებებენ, როგორც ბჟეზინსკი და კისინჯერი. გიუნტერ გრასის გარშემო ატეხილი სკანდალი, რომელიც ერის სინდისად მიაჩნდათ, წარმოუდგენელია აშშ-ში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამერიკაში არც ერთი მოაზროვნე არ ფლობს ამგვარ სტატუსს. ვერ იტყვი, რომ ევროპაში ყოველთვის ითვალისწინებენ ინტელექტუალების მიერ ხელმოწერილ მანიფესტებს, მაგრამ ისინი არც იგნორირებულები არიან.

    ესაუბრა მარი-ლორ ჟერმონი (Marie-Laure Germon)
    “Le Figaro”, 26 სექტემბერი, 2006.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    მაია სარიშვილი – სასტიკი პოეზია

    დათო გაბუნია
    სასტიკი პოეზია

    მაია სარიშვილი, მიკროსკოპი, ლექსების კრებული, თბ. “Link”, 2007.

    “ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
    სხვაგვარად ჩაამწკრივა.
    ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
    და წამოვიდა დემონსტრაცია(…)”

    ამ სიტყვებით იწყება მაია სარიშვილის პოეტური კრებული “მიკროსკოპი” და ალბათ, წიგნის შედგენისას, შემთხვევით არ აარჩიეს ეს ლექსი “გამხსნელად”. ეს გამჭოლი თემა სარიშვილის პოეზიის კონცეპტუალურ ღერძს წარმოაგდენს.
    ამ ტექსტებს პოეტის სახელი რომ მოაცილოთ, თვალის ერთი გადავლებითაც ნებისმიერი მკითხველი გეტყვით, რომ ავტორი ქალია. ხოლო კრებულის სათაურს თუ კომპოზიციურ მეტაფორად დავინახავთ, ხელთ ქალურობის ანატომია შეგვრჩება: ავტორი თავის ქალურობას მიკროსკოპში ათვალიერებს, ძალიან ახლოდან უყურებს და ასე უჯრედებამდე დაშლილი სიმართლე ხშირად ალოგიკურ, თითქმის დაუკავშირებელ სახეებად იქცევა. თითქოს ეს მოკლე ლექსები მართლა მიკროსკოპში დანახული უჯრედებია და თუ მათგან დისტანცირებას ვერ მოვახერხებთ, ვერც ვერაფერს გავიგებთ, რადგან რთულია, ერთი უჯრედით წარმოდგენა შეიქმნა მთელ ორგანიზმზე.
    ამ ლექსებს ვერ დაახარისხებ პერიოდებად ან თემატურ ციკლებად, რადგან სამოცივეს ერთი მთლიანი ემოცია ჰკრავს, ერთ დიდ პოეტურ ქსოვილად აერთიანებს. უმთავრესი თემა შვილებია – მარადიული წყევლა და კურთხევა, თითქმის ყველა უჯრედის ბირთვი. გადაჭარბებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მაია სარიშვილის ლექსებში არის ბავშვებთან დაკავშირებული ერთი განმეორებადი მოტივი, რომელიც პოეტის საკუთრებად მიმაჩნია (ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოეზიაში მისი ანალოგი ნამდვილად არ მეგულება): ლირიკული სუბიექტი აქ ხშირად არის ერთდროულად დედაც და ბავშვიც. ეს ქალი “უნებლიე დედაა”, ჯერ კიდევ საკუთარი ბავშვობის ხატებითაა გარემოცული, მაშინ, როცა უკვე თავადაც გამხდარა დედა. “…რაღაც რკალები და ხვეულები / ნამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ, / თოჯინების ცივი ნესტოები – / შვილების მსუნთქავ ცხვირებად. რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..” ეს გარემოება ნაწილობრივ ხსნის დამძიმებულ, მეტად არასაბავშვო განწყობას, რომელიც შვილებისადმი მიძღვნილ ლექსებში ასეთი ეფექტური და ხშირად შოკის მომგვრელიც კია. ბავშვები სასჯელის უმაღლეს ზომად, გაუსაძლისი ტანჯვის წყაროდ იქცევა: “ბავშვების მზერა ასეთია – / თითქოს ქერი მოზიდეს თვალებით. / …და აქედან ამოგვჭამეთო – პირდაპირ თვალებიდან.” კრებულიდან უამრავი მსგავსი ციტატის მოტანა შეიძლება, სადაც “ბავშვურობის” ცნება (ტრადიციული გაგებით) თავდაყირა დგას, ერთგვარ პოეტურ პერვერსიად გადაქცეულა. ასეთი სასტიკი მხატვრული სახეები უცხოა ქართული პოეზიისთვის, სადაც დედაშვილობის მოტივი მეტწილად ამაღლებულ-პათეტიკურ ხასიათს ატარებს და მით უფრო საინტერესოა, რომ ამ სტერეოტიპებს, ერთი ხელის მოსმით, სწორედ ქალი ავტორი ანგრევს.
    მაია სარიშვილის ლექსებში ხშირად შეხვდებით გარდაცვლილი დედის სახეს, რომელიც მფარველი ანგელოზის ფუნქციას იძენს. დედისეული გამოცდილების ცოდნა, ალბათ, სწორედ ის გასაღებია, რაც ლოგიკურად ახსნის შვილების მოტივის ორიგინალურობას: ქალი, რომელიც ინტუიტურად ხვდება, რომ საკუთარი დედის ხვედრს ვერსად გაექცევა – (მშობიარობის შესანიშნავი მეტაფორული სცენა ერთ-ერთი ლექსიდან: “…წითელი პიონები მცვივა სხეულიდან / და ამათ გამოჰყავხარ შენ… / ხომ საქარგავ დაფაზე ვარ გადაჭიმული / და მაკივლებენ…”) – ჯერ დათმობს უზრუნველ ბავშვობას, შემდეგ ცოლი გახდება (“უთხარით ჩემს ქმარს,/ რომ ეს ფატა თავის ქალიდან ამომეზარდა…”), შემდეგ კი თავად გააჩენს ბავშვებს და ტრაგიკულ ყოველდღიურობაში ჩაიძირება. ერთი შეხედვით, განსაკუთრებით ორიგინალური ეს თემები არ უნდა იყოს, თუმცა, მაია სარიშვილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ესეცაა: იგი წარმატებით ახერხებს, თავიდან აიცილოს სწორხაზოვნება. ვერსად, ვერცერთ ლექსში მას ვერ დავდებთ ბრალს “ქალურ წუწუნში”, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ეს სწორედ პროტესტის პოეზიაა. თუმცა, როდესაც პროტესტი სიღრმისეულია და არა ზედაპირული, ის პოეტის ხელში მძლავრ იარაღად იქცევა. ავტორი ემიჯნება ყოფითობას და რეალობის პრიმიტიულ, ორგანზომილებიან ხედვას, სადაც არსებობს ერთმნიშვნელოვნად დადებითი და უარყოფითი პოლუსები. მათ შორის მაია სარიშვილის ლექსებში უზარმაზარი სივრცეა, ერთდროულად სისასტიკითა და სიყვარულით სავსე კონტინუუმი, რომელსაც არა აქვს არც დასაწყისი და მით უმეტეს, არც დასასრული.
    თუ პოეტურ გავლენებსაც შევეხებით, უთუოდ უნდა ვახსენოთ სილვია პლათი, რომელსაც მაია სარიშვილმა ერთვარი “ხარკი” გადაუხადა პირდაპირი მიძღვნით. შეიძლება ითქვას, რომ მაია სარიშვილის ლექსები ქართულ პოეტურ სივრცეში პლათის პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და უშუალო გამოძახილია, თუმცა, ამით არამც და არამც არ კნინდება მათი ორიგინალურობა ან მხატვრული ღირებულება.
    და ბოლოს, გარდა მრავალი მხატვრული ღირსებისა, რითაც “მიკროსკოპი” ქართულ პოეზიაში სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, ეს კრებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს სოციალურ რეალობაშიც – იგი უთუოდ გამოიწვევს ფემინისტ მკვლევართა ინტერესს, როგორც სრულებით უნიკალური, აქამდე არნახული მასშტაბისა და სიძლიერის მხატვრული ამოძახილი, რომელშიც ქალმა ავტორმა მოახერხა მთავარი: აუჯანყდა დედის სტერეოტიპს და “სასტიკი პასუხი” მიაგო მას. საქართველოში ყბადაღებულმა და საყოველთაო ქილიკის საგნად ქცეულმა “ქალურმა ლიტერატურამ” დიდი ნაბიჯი გადადგა. მაია სარიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც არ გაურბის ქალურ გამოცდილებას საკუთარ შემოქმედებაში და ვინც მას მოყირჭებული სენტიმენტალიზმისგან გათავისუფლებულ, შესანიშნავ მხატვრულ ლიტერატურად აქცევს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    რუსუდან კაიშაური. ლექსები.

    მარსიანი

    “მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს…”
    რუსუდან კაიშაური. ლექსები. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.

    “კავკასიურმა სახლმა” წელს გამოსცა რუსუდან კაიშაურის ლექსების კრებული. ამ პოეტის შემოქმედებას ადრეც ნაწილობრივ ვიცნობდი გაზეთ “ალტერნატივის” ფურცლებიდან, წიგნმა კი უფრო სრული შთაბეჭდილება შემიქმნა მასზე.
    ის გამოკვეთილად პერსონალისტური ტიპის პოეტია – საკუთარი, პირადული ყოფა და ამ ყოფის ნიადაგზე აღმოცენებული განცდები გახლავთ მისი შემოქმედების მასაზრდოებელი წყარო. შეიძლება ითქვას, რომ რ. კაიშაურის საუკეთესო ლექსები სხვადასხვა რაკურსით შესრულებული ავტოპორტრეტებია, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და მთლიანობაში გამოჰკვეთენ ავტორის პოეტურ ინდივიდუალობას.
    რუსუდან კაიშაურს საკმაოდ თამამად შემოაქვს პოეზიაში ყოფითი, არაპოეტური აქსესუარები; მისთვის ესთეტიზმი, ფორმის კულტივირება ნაკლებად დამახასიათებელია, მთავარი აქცენტი სათქმელის სიმძაფრეზე და მკითხველამდე მაქსიმალური გულწრფელობით მიტანაზე არის გადატანილი; რ. კაიშაურის ნაწარმოებთა ღირებულებას აბსტრაქტულ მეტაფორებსა და ასოციაციური ხილვებით კონსტრუირებულ “სხვა რეალობაზე” მეტად განსაზღვრავს მკაფიო აზრი, ლოგიკურად დასრულებული შინაარსი და მისი თანამდევი ემოციური მუხტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსუდან კაიშაურის პოეზია რეალისტურია, მას მყარად უდგას ფეხი მიწაზე და საგნებსა და მოვლენებს აღიქვამს და გვაჩვენებს ისეთად, როგორც სინამდვილეშია. ამის გაბედვა და განხორციელება კი ადვილი როდია ვირტუალური იმიჯებით აღსავსე დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში, სადაც ხშირად რეალობა აღარ აღიქმება რეალობად, იმდენად აბერაციული, ნორმიდან გადახრილი გახდა თვითონ ხედვა თუ შემეცნება. რუსუდან კაიშაური წარმატებით ახერხებს საკუთარი განცდის თანაზიარად აქციოს, ააღელვოს მკითხველი. მისი ლექსების ლირიკული გმირი გახლავთ ქალი, რომელსაც ცხოვრებამ მრავალგვარი სატკივარი, საზრუნავი, ტრაგედიაც კი არგუნა წილად, მაგრამ სულიერად ვერ გატეხა და სიცოცხლის ხალისი ვერ ჩაუკლა; პირიქით, იგი გამოიწრთო და გაძლიერდა ცხოვრებასთან ჭიდილში და ეს სიმხნევე, ჭირსა შიგან გამაგრების ნიჭი, ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედი სტოიციზმი მკითხველსაც გადაედება, მასაც აძლიერებს სულიერად. რ. კაიშაურის ლექსებში გამჟღავნებულია ის შინაგანი ჭიდილი, პოეტის სულში რომ გამართულა ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის: ორივე მაქსიმალურ მოთხოვნებს უყენებს, ორივე “გულის სისხლს” ითხოვს მისგან და მას არ ძალუძს რომელიმეს უგანოს, ამიტომ პოეტის გული, რომელიც ასპარეზია ამ უკომპრომისო ჭიდილისა, გამუდმებით მაღალი ძაბვის ველში იმყოფება და მაქსიმალურად იხარჯება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ შვილები, ყოველდღიური ჯაფა, ყოფითი წვრილმანები, რომელთა ზოგად, კრებით სახელად გამოდგება მის ლექსებში მრავალგზის მოხსენიებული “ცოცხი”, მეორე მხრივ კი ოცნების კოშკები, ლაჟვარდები… ერთგან წერს – ქალთევზასავით ვარ, ტანის ნაცვლად ცოცხზე ვდგავარ და “ცოცხზე მდგარი ვპოეტობ ქალი”-ო; ამ რამდენადმე კომიკური იმიჯით პოეტი მკაფიოდ და ემოციურად გამოხატავს თავის პიროვნულ დრამას; სხვა ლექსში კიდევ, ერთგვარი ჰეროიკული შტრიხები ჩნდება ავტოპორტრეტში, თუმცა აქაც არის დაფარული თვითირონია: შვილებზე მზრუნველი დედა თავისთავს ჯერ ბავშვების თავშესაფარ ციხედ წარმოიდგენს, შემდეგ კი – ხმლიან მეციხოვნედ, რომელიც ბავშვების ძილს დარაჯობს: “მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს, ღამით საწოლებს ავუვლ-ჩავუვლი”.
    რუსუდან კაიშაური ამ თავისი “ჯიქური” რეალიზმით, გულწრფელობით მრავალთაგან გამოირჩევა დღევანდელ ლიტერატურულ პროცესში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავისი სულ ბოლოდროინდელი ლექსებით ის ერთგვარ ხარკს მაინც უხდის ამ პროცესისათვის დამახასიათებელ მოდურ ტენდენციებსაც და არაიშვიათად “ახერხებს” დაემსგავსოს სხვებს; ამ ლექსების წამკითხველი ალბათ უყოყმანოდ მიაკუთვნებს მას “თანამედროვე” პოეტთა რიცხვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც “tour de force”-ა (“ძალის ჩვენება”); ამ გამოთქმას ხშირად იყენებს უილიამ ფოლკნერი, როცა ეხება იმგვარ ნაწარმოებებს (თავისას თუ სხვისას), რომელთაც ღირებულება კი აქვთ, მაგრამ მაინც არ არიან ავტორის უშინაგანესი სამყაროს, მისი ჭეშმარიტი სტიქიის გამომხატველნი. რუსუდან კაიშაურმა ამით დაამტკიცა, რომ მოდურობის პრეტენზიის მქონე უმცროსი კოლეგების მსგავსად წერა მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ის, რითაც რ. კაიშაური არავის ჰგავს, რაც მისი შემოქმედების ბირთვი და ძირითადი მიმართულებაა, შესაძლოა არც ისე “მოდურად” გამოიყურებოდეს მავანთა თვალში.
    რუსუდან კაიშაური წერს როგორც ტრადიციულ რითმიან ლექსებს, ასევე ვერლიბრსაც, მის კონვენციურ ლექსებში აქა-იქ იგრძნობა ფორმის დაუხვეწაობა, ტექნიკური ხარვეზები, ვერლიბრში კი ამგვარი ნაკლი თითქმის არ შეიმჩნევა; ეს ალბათ იმიტომ, რომ ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვს ფორმის თვალსაზრისით, ვიდრე “უფორმო” თავისუფალ ლექსს. ზოგჯერ ფრაზას უჭირს მეტრის ჩარჩოებში ჩატევა და ამის გამო მოქნილობა და სიზუსტე აკლია, ზოგან რიტმი მოიკოჭლებს; ალბათ პოეტმა სტილისტური თვალსაზრისით უფრო მკაცრად უნდა გადახედოს თავის პროდუქციას და შეძლებისდაგვარად იზრუნოს ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩემი აზრით, რუსუდან კაიშაური ტრადიციულ ლექსში მაინც უფრო მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს თუნდაც წმინდად მხატვრული თვალსაზრისით, ვიდრე ვერლიბრში. შესაძლოა, შინაგანად უფრო ახლობელი მისთვის მაინც ტრადიციული ლექსია. ვიმედოვნებ, მომავალში პოეტი ამ ფორმას მეტი რუდუნებით მოეკიდება და ოსტატობის უფრო მაღალ ხარისხს გვიჩვენებს თავის ახალ ნაწარმოებებში.

    © “წიგნები – 24 საათი”