ქალაქს სული აქვს. ამით განსხვავდება ის ნაგებობებისა და ადამიანების უბრალო ერთობისაგან. ქალაქში კაცი მომთაბარეა, როგორც „პირველი მწყემსი ან პირველი მონადირე“ და ქალაქის სული იცავს მას თავისი თავის, ქალაქის სიცივისა და სიცარიელისაგან.
ქალაქის სული აზროვნებით არ შეიცნობა. ის უფრო მუდმივად ფორმირებადი განცდაა, რომელიც შეაძლებინებს ქალაქის მკვიდრს ხმაურიან დინამიკაში აღიქვას არსებობის სივრცე, დაიმორჩილოს ის თუ დაემორჩილოს მას.
„Идет по улице невзрачной любовник старый и красивый“…(იოსიფ ბროდსკი). ეს ქალაქია, რომელსაც “მანქანები და ხალხი ცრემლებივით სდის“ (მ.ლეკიაშვილი). ასეთი ქუჩა სოფლადაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მაინც ქალაქის ატმოსფეროა – ცუდად განათებული ქუჩა, რომლის „უბინძურესი სადარბაზოები“ პოეზიასაც კი არ დაგიდევენ (მ.ლ.). რა ქმნის ამ ქალაქურობის შთაბეჭდილებას? „უნაკლო, სწრაფი და წითელი სტროფი“ (მ.ლ.), გეოგრაფიული სიმბოლიკა თუ ქუჩის ფანტასტიური მიზანსცენები: “ქალაქის ღამე, სადაც თითო მანქანის ჩავლა თითო შროშანია ამ ღამის ველის“ (მ.ლ.), ესკორტები (რენე შარი), ქუდმოხდილი ვარსკვლავთმრიცხველი თუ ნეონის მუხლებიანი ვიტრინები ტროტუარებზე (მ.ლ.)?
ქალაქს თავისი ხმა აქვს, თავისი მეხსიერება. ნახევარბგერებით, ნახევარსუნთქვით იცნობა ქალაქის ხმა.
ქალაქის მეხსიერება მკაცრი შავ–თეთრი აკვარელია, რომელიც მომხდარის მქრქალ კონტურს იტოვებს, რომ მხოლოდ ინიცირებულთათვის აქციოს ცოდნად.
ქალაქის სივრცეში ინიცირება აბსტრაქტულ აზროვნებას მოითხოვს. განვითარებულ კულტურებში ქალაქის დინამიურობა ამძაფრებს ჭვრეტისა და შეცნობის უნარს და აყალიბებს მეამბოხეს, რეფორმატორს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ისტორიას ქალაქის ადამიანი ქმნის…
ქალაქის ადამიანი თავის პოეზიასაც ქმნის. ეს პოეზია მარტოსული ადამიანის მონოლოგია, რომელიც, თითქოს, ბერძნული თეატრის თავისუფალ სცენაზე წარმოითქმის. ცარიელ სცენაზე, სადაც ერთადერთი ცოცხალი ბუნება ადამიანის სხეულია და ერთადერთი ფიგურა ადამიანი.
დიდი ქალაქის მოაზროვნე პოეტები ანალიტიკურ–კრიტიკული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი, თითქოს, ლექსებს კი არ წერენ, არამედ „ერთგვარ კაუზალურ ხიდს აგებენ პირველმიზეზსა და ყველაზე საბოლოო შედეგს შორის“ (ო.შპენგლერი). თუმცა, ინტუიციისა და ზეშთაგონების გზით ეს კონსტრუქცია მიწასთან კავშირს კარგავს და „ელვაზე აღმართულ ნაგებობას ემსგავსება“ (სენ ჟონ პერსი).
რენე შარი, იოსიფ ბროდსკი და მამუკა ლეკიაშვილი სამი სრულიად სხვადასხვა მოვლენაა დროითი კუთვნილების, შემოქმედებითი ინტერესების და წარმომვლობის მიხედვით. მაგრამ არის რაღაც მოსახელთებელი, რაც მათ აერთიანებს: ბუნებრიობა, სულის, სხეულის და მეტაფორის საგნობროვად ცხადი სიმტკიცე, რითმი, როგორც სიტყვების უეცარი შებმა, ორნამენტული ცნებების არარსებობა და აბსოლუტური მორჩილება ქალაქის ენის დიქტატისადმი. ისინი ყოფიერებას კი არ ახასიათებენ, არამედ ყოფიერების შიგნით ქმნიან და ქმნიან ზედმიწევნით სიმბოლურად. ეს სიმბოლურობა ქმნის არსებობის უნარიან მეტაფორას, რომელიც ზღვრული დაჭიმულობით არის სავსე.
აქ ვერ შეხვდებით ვერცერთ შემთხვევით სიტყვას, ვერავითარ უნებლიე სიტყვათა დენას. „სიტყვაკაზმულობა“ აქ არ არსებობს! („Prends l’eloquance et tords –lui son cou!“ – სწვდი სიტყვაკაზმულობას და მოუგრიხე მას კისერი.“პოლ ვერლენი). სპონტანური გამორიცხულია ამ პოეტებთან და ობსცენური ლექსიკაც ქალაქის ენისადმი მორჩილების გამოხატულება უნდა იყოს. “La parole depourvue de sens annonce toujours un bouleversement prochain.” (აზრს მოკლებული სიტყვა არეულობას მოასწავებს)–წერდა რენე შარი. უკონტროლო მოგონებები, უმნიშვნელო ხმაური, ცნობიერების ნაკადი, წყვეტილი შთაბეჭდილებები და დაკვირვებები აქ გააზრებულ მუსიკად იქცევა და მთავარი ხდება უნაკლო ტექსტის შექმნა.
მოძებნილია ახალი ფორმა, რომელიც ოდნავ უბრალოდ, ოდნავ მეტი სიზუსტით ხატავს ყველაფერს, რაც უკვე იყო, მაგრამ ახლა უფრო სრულყოფილი, მეტი სიღრმით დანახული, უფრო სადა და მნიშვნელოვანი მოჩანს. გარეგანი უბრალოების ქვეშ მრავალი უჩვეულო სურათია, სადაც ყველაზე ღრმა ადამიანური განცდები, ყველა შიში და სურვილი (თითქოს, შემთხვევით!), გონების მიერ გარდაიქმნება დროის, აუცილებლობის, სივრცის, სიყვარულის და სიკვდილის ფორმებად. აქ მოკლე ჩართვით ერთიანდება პოლუსურად საწინააღმდეგო ნამდვილი და გამოგონილი სახეები და სინათლის ნაკადად აღიბეჭდება მეხსიერებაში. “მთებიდან ზღვამდე შორს იმდენი მგალობელი ყელი აქვს საღამოს მშვენიერ ომს, რომ შურს გაკმენდილ ტყეს“(მ.ლ.); “Как будто жизнь начнется снова, как будто будет свет и слава, удачный день и вдоволь хлеба, как будто жизнь качнется вправо. качнувшись влево (იოსიფ ბროდსკი); “Et des levres du brouillard descendit notre plaisir au seuil de dune, au toit d’acier”(ჩვენი ნეტარება ნისლის ტუჩებით ეშვებოდეს დიუნების ზღურბლთან, ფოლადის სახურავთან – რენე შარი).
მათ პოეზიაში, როგორც ბერძნულ ფრესკაზე, ვარსკვლავი, ღრუბელი, ჰორიზონტი – არ ჩანს. მაგრამ თუ ჩნდება, ის (ვარსკვლავი, ღრუბელი, ჰორიზონტი) არასოდეს ქმნის რაღაც მიუწვდომელის შთაბეჭდილებას და არის არა პასიური ჭვრეტის საგანი, არამედ ადამიანის სიმაღლეზე არსებობს და მისი ყოველდღიური სენსუალობის ნაწილია. ლექსში სიყვარულზე ყველაფერი შეიძლება იყოს: ქალის ნაკვთები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ღრუბლები, პეიზაჟი, უსულო საგანი, მაგრამ მკითხველმა იცის, რომ, ის სიყვარულით შთაგონებულ ლექსს კითხულობს – იმდენად ინტენსიურია ყურადღება სამყაროს ყველა დეტალისადმი. ეს ინტენსიურობა ფლობის დროებითობის შეგრძნებას უკავშირდება. სიყვარული, რაღაც სასრულის (ადამიანის) დამოკიდებულებაა უსასრულოსთან – ეს არის ფლობის დროებითობის მიზეზი და ამ გაუნელებელი ტკივილის სიტყვიერ გადმოცემას წარუვალი პოეტური ხმა სჭირდება – ზუსტი და ნიუანსებით მდიდარი..“A present disparais, mon escort, debout dans la distance:la douceur du nombre vient de se detruire. conge a vous, mes allies, mes violents, mes indices.tout vous entraine, tristessse obsequieeuse. J’aime.“ (ახლა კი გაქრი, ჩემი ესკორტო, შორს აღმართულო: განადგურდა რიცხვთა სინაზე. დამტოვეთ ჩემო მოკავშირეებო, ჩემო სწრაფებო, ჩემო ნიშნებო. პირმოთნე სევდამ აგიყოლიათ თქვენ.მე მიყვარს. – რენე შარი).
„დეტალებისა და სიყვარულის ყოვლისშემძლე ღმერთთან“ (ბორის პასტერნაკი) რენე შარის, მამუკა ლეკიაშვილის და იოსიფ ბროდსკის კავშირი ბუნებრივია, მაგრამ ამ კავშირს ახლავს რაღაც შეკავებული სასოწარკვეთა, რომელიც, ალბათ, მძიმე გამოცდად აქცევს ლექსის წერას ამ პოეტებისათვის.
სამივესათვის ორგანულია ამტანობაზე გამოცდის მდგომარეობები. მათ სულზე და სხეულზე აღბეჭდილია სიკვდილის საფრთხის ქვეშ სამართლიანობის აღდგენისათვის ომის კვალი. აქედან, სრულიად გაცნობიერებულია დამოკიდებულება თავისი საქმისადმი – პოეზიისადმი, სრულიად ცხადია მოქალაქობრივ-ზნეობრივი პოზიცია ლექსის წერის დროს.
სამივესათვის უცხოა საკუთარი თავის და გარემოს კეთილგანწყობილი აღქმა. ისინი თითქოს გახანგრძლივებული კრიზის მდგომარეობაში ცხოვრობენ. განუსაზღვრელობა, ერთი წარუმატებლობიდან მეორეზე გადასვლა, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ისინი ცოცხლობენ „ხიფათიანი სიცოცხლით,“ რასაც სიცოცხლის ერთადერთ ფორმად თვლიდნენ ნიცშე და კიერკეგორი. თუმცა, ნიცშესაგან განსხვავებით, ამ პოეტების ანთროპოლოგია ინდივიდუალური კია, მაგრამ სავსეა ადამიანისადმი სიყვარულით.
ყველა შემთხვევაში, მათი ხმა შეუვალია. ისინი, თითქოს, რაღაც ძალაუფლებას ფლობენ! სამივე ხელშეუხებელი პრივატულობით გამოირჩევა, ერთგვარი ჰერმეტიზმით. სამივე დაუნდობელი და მკაცრი ნოტებით წერს, სამივე კამიუს მარტოობის პარტიის წევრია და ასე მთელი სიცოცხლე – „против шерсти“ (ი.ბროდსკი). ერთია: ამ სიმარტოვეს გულუბრყვილო და სევდიანი თვითირონიაც ახლავს: კოლოსივით დიდი და ძლიერი რენე შარი – პატარა წარუმატებელი კინოროლებით; იოსიფ ბროდსკი – ვესტერნის აპოლოგეტი; მამუკა ლეკიაშვილი – პერფორმერი, რომლის პოსტმოდერნისტული სახელია “ჯო დასტინგერი“. (“ეჰ, ჯო!“). “რადგან ვერაფერი მე ვერ ვნახესავით, დილით ჩამოვივლი მევენახესავით დაკვალულ ოთახებს, ლოჯსა და დერეფანს, აქ კარზე ურდული ღიაა ქარისთვის და ნაცვლად მტევნების, მე ხელში შემრჩება ტილო გაწურული, რომელიც მაგივრად მტრის, რისხვაა მტვრის“ (მ.ლ.). შეიძლება, ეს თვითდაკვირვების საჯარო აქტებია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამივე შემთხვევაში, სიცოცხლის წესი პოეზიაა, პოეზიაა სიცოცხლის ერთადერთი საშუალება.
სამივე პოეტთან ხშირად გვხდება მგზავრის, მოგზაურის სახეები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე დროში არსებობენ „სახელ და სახლმოჭრილნი“ (მ.ლ.) და თანაბრად ეკუთვნიან უდაბნოსა და ქალაქს. დინამიურ სამყაროში,სადაც არაფერია მუდმივი და მარადისობა სიცოცხლის ტოლია, სადაც შეუძლებელია „დარჩე ზმნის სტრატოსფეროში, რადგან ახალ ცრემლებში უნდა ამაღლდე და გასწიო წინ, ელვის სისწრაფით, ელვის, რომელიც პოეზიას აგრძელებს და სიკვდილს ჯობნის“ (რენე შარი) – მიწის სტატიკა მოსაწყენია. ქალაქში მიწა ან გზაა, ან ქუჩა. მგზავრისთვის, მოგზაურისათვის „წარმოუდგენელია სიცოცხლე წინ შეუცნობის გარეშე“ (რენე შარი). დაუღალავია მათი სვლა. თითქოს, „გზის შვიდი მერვედი“ (მ.ლ.) გავლილი აქვთ, მაგრამ მერვე მერვედის გავლას სიცოცხლის ფასი აქვს, გზას კი არც ბოლო აქვს, არც სახელი: ”Les routes qui ne dissent pas le pays de leur destination, sont les routes aimees.” (გზები რომლებიც თავისი მიმართულების ქვეყნებს არ ამხელენ, კარგი გზებია – რენე შარი). ამ გზაზე მხოლოდ აქა–იქ მოსჩანს ოდნავ მანათობელი სადგურები, სადაც ქალაქის სული პოულობს მოგზაურს (მ.ლ.) და „ტუჩებზე ღამის ქიმერისაგან დარჩენილ სინოტივეს“ (რენე შარი), როგორც „ხელის ყვავილს“ (რენე შარი) უწვდის მას.
„რაც უფრო სიმბოლურია საგანი, მით უფრო არსებობს ის“ (მარტინ ჰაიდეგერი). ნამდვილი პოეზია ეხება საგანს და რაღაც გამოუთქმელს ანიჭებს მას, ალბათ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ შეგვაძლებინოს, ვუსმინოთ გამოუთქმელს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
-
ნორმან ბერლინი – რატომ მაინცდამაინც "გოდოს მოლოდინში"
სემუელ ბეკეტი ათი წლის წინ გარდაიცვალა, ახლა კი მეოცე საუკუნის მიწურულია და ეს ნარკვევი ჩემს ნაცვლად მისი “Endgame”-ის პერსონაჟს, კლოვს რომ დაეწერა, უთუოდ ასე შეგვეხმიანებოდა: ეს საუკუნეც “დასრულდა, ამოიწურა, თითქმის დამთავრდა, ალბათ დამთავრდა”. ამას წინათ “გოდოს მოლოდინში” მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ინგლისურენოვან პიესად დაასახელა 800-მა გამოკითხულმა – დრამატურგებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა, ჟურნალისტებმა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ: “რატომ მაინცდამაინც “გოდოს მოლოდინში”?”
ირლანდიელი ბეკეტი 1989 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა პარიზში, ქალაქში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. “New York Times”-მა მხოლოდ 27 დეკემბერს გამოაქვეყნა მისი ნეკროლოგი პირველ გვერდზე ასეთი სათაურით: “83 წლის ასაკში გარდაიცვალა სემუელ ბეკეტი. მისმა “გოდომ” გადატრიალება მოახდინა თეატრალურ სამყაროში”. სხვათა შორის, ბეკეტის ოჯახსა და ახლობლებს არც მისი ავადმყოფობა გაუხმაურებიათ და არც გარდაცვალება, სამოქალაქო პანაშვიდზეც უარი განაცხადეს. მისი დაკრძალვისას ერთ-ერთმა ორატორმა ისიც აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან გამოთხოვებას უამრავი ნაცნობ-მეგობარი მოისურვებდა, სემუელი სწორედ ასეთ მოკრძალებულ ცერემონიას მიანიჭებდა უპირატესობასო. ამაში ეჭვიც არ მეპარება! ბეკეტი იყო მეტად ჩუმი, შეიძლება ითქვას, მორცხვი ადამიანი, მუდამ თავს რომ არიდებდა საზეიმო შეხვედრებს და არც საკუთარ პოპულარობას დაგიდევდათ. დიახ, მას მოეწონებოდა ეს მოკრძალებული ცერემონია მონპარნასის სასაფლაოზე! ბეკეტის ბიოგრაფი, ჯეიმს ნოულსონი ერთგან აღნიშნავს, რომ დრამატურგის დაკრძალვის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასობით ადამიანი მიდიოდა მის საფლავზე თაიგულებით ხელდამშვენებული და ტოვებდნენ სხვადასხვა ენაზე შედგენილ გამოსათხოვარ სიტყვებს. მე კი ბეკეტის საფლავს ერთ მოქუფრულ, ღრუბლიან დღეს მივაშურე და იქ არავინ დამხვედრია, ქოთანში ჩარჩენილ მიმჭკნარ ყვავილსაც მწუხარედ დაეხარა თავი. ძლივს შევნიშნე ბრტყელი ქვის ფილა, რომელზეც მხოლოდ მისი და მისი მეუღლის, სიუზენ ბეკეტის სახელები და გარდაცვალების წლები იყო ამოტვიფრული. ცხადია, მე ეს არ გამკვირვებია, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო მისი საფლავი, სხვა, მდიდრული ფილებით და მასიური მონუმენტებით დამძიმებული საფლავებისგან გამორჩეული. თავად სასაფლაო მოასფალტებული გზებით იყო დასერილი, საფლავები ისე მჭიდროდ მიტმასნოდნენ ერთმანეთს, რომ ახლომახლო ბალახის ღერიც კი ვერ აღმოვაჩინე. ცივი, პირქუში ადგილი თითქოს სენტიმენტალურობის უფლებასაც არ მიტოვებდა, და მაშინ ესეც გამართლებულად მომეჩვენა: ბეკეტი ხომ ის მწერალი იყო, რომელიც სიბრალულსა და გულჩვილობას არასოდეს აიგივებდა თანაგრძნობასთან. ერთი სიტყვით, მის სამარესთან დიდ მწუხარებას არ მივცემივარ, მით უმეტეს, რომ თავად ბეკეტი (როგორც ამას მის ცალკეულ გამონათქვამთა და ნაწარმოებთა უმრავლესობა მიგვანიშნებს) ქვეშეცნეულად ყოველთვის მიისწრაფოდა სასაფლაოსკენ, იმ შვებისაკენ, რომელსაც სიჩუმე ჰქვია. იმ წუთას მწერლის დაუვიწყარი, ერთი შეხედვით, ორაზროვანი სიტყვები გამახსენდა მისი უკანასკნელი პროზაული ნაწარმოებიდან (“Stirrings Still”) – “ყველაფერი დასასრულისკენ მიექანება”. ამით ის ან სინანულს გამოთქვამდა, ან იმის იმედს, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება. აქ, ალბათ, უფრო იმედი უნდა ვიგულისხმოთ. ათი წლის წინ დამთავრდა ბეკეტისთვის ხანგრძლივი მოლოდინი, მაგრამ მისი “გოდოს” მაწანწალები კვლავ ცოცხლობენ სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში და მსოფლიოს სცენებზე დღემდე გახევებულნი ელიან რაღაცის თუ ვიღაცის გამოჩენას. ისინი ალბათ ჩვენც გველიან, მაყურებელს, და ჩვენც არ უნდა დავიზაროთ თეატრად წოდებულ შენობაში მათი მონახულება.
პიესა, რომელმაც საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ბეკეტს, თავდაპირველად მან ფრანგულ ენაზე დაწერა და მოგვიანებით თვითონვე თარგმნა ინგლისურად. ეს თითქოს ერთგვარი სულის მოთქმა, განტვირთვა იყო მისთვის რომან-ტრილოგიის (Molloy, Malone Dies, The Unnamble) რთულ პროზასთან შეჭიდების შემდეგ. იოლად დაწერა ბეკეტმა “გოდო”, სულ რაღაც ოთხ თვეში გაასრულა. რეჟისორები კი ასე იოლად ვერ დაარწმუნა, რომ ღირდა მისი სცენაზე გაცოცხლება. სიუზენი, მწერლის უახლოესი მეგობარი და მომავალი თანამეცხედრე, თეატრიდან თეატრში დადიოდა, რეჟისორებს პიესის წაკითხვას აძალებდა და ვისაც კი მოიხელთებდა, ყველას უტოვებდა ტექსტს. და აი, ბოლოს, როჟე ბლენმა, ამ შესანიშნავმა მსახიობმა და რეჟისორმა, რომელსაც არ აფრთხობდა ორიგინალური სცენარები (და რომლის თეატრიც თითქმის სულ ცარიელი იყო, რაც, ბეკეტის აზრით, იმას ნიშნავდა, რომ ის რაღაც ფასეულს აკეთებდა), გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. 1953 წლის 5 იანვარს, რიგ დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ, პიესა დაიდგა პარიზის თეატრ “ბაბილონში” და, იმ დღიდან მოყოლებული, ბეკეტის სახელიც ყველას პირზე ეკერა, ანუ, როგორც მისი ბიოგრაფი ნოულსონი იტყოდა, იგი “დიდებისთვის შეიქნა განწირული” (მან მწერლის ბიოგრაფია სწორედ ასე დაასათაურა: “დიდებისთვის განწირული”). მას შემდეგ გაჩაღდა კამათი “გოდოს” ირგვლივ, ზოგი თეატრალი და კრიტიკოსი შეცბუნებული და უკმაყოფილო ჩანდა, ზოგი კი აღტაცებას ვერ ფარავდა. სწორედ აზრთა ამ შეხლა-შემოხლამ გამოიწვია პარიზის დაინტერესება ბეკეტის უჩვეულო ნაწარმოებით – სადაც და როდესაც არ უნდა დადგმულიყო, ყველგან გულისფანცქალით ელოდნენ ფარდის ახდას.
აბა დავფიქრდეთ, როგორ უნდა აღექვა მაყურებალს “გოდო”, პიესა, რომლის ძირითადი “მოქმედებაც” ლოდინი გახლდათ – 1950-იან წლებში, როდესაც იგი ოსბორნის ყოფითი დრამით (“მოთოკე რისხვა”) და ო’ნილის რეალისტური შედევრით (“ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეში”) იყო განებივრებული? მაშინ ხომ დარბაზი დრამისგან საინტერესო ამბავს ელოდა, ძირითადად კონფლიქტური ხასიათისას და ეს კონფლიქტი უნდა ყოფილიყო პერსონაჟთა ხასიათის გამოვლენის საშუალება! ბეკეტმა კი თამამად შეაქცია ზურგი ამ ტრადიციას, “უმოქმედობაზე” ააგო თავისი ნაწარმოები და დასაწყისშივე გვაუწყა, რომ “აღარაფერი გვეშველებოდა” (Nothing to be done). არავითარი სიუჟეტი, მხოლოდ რაღაც სტატიკური სიტუაცია! დრამატურგი გონივრულად აიძულებს მაყურებელს ელოდოს “რაღაცის” მოხდენას სცენაზე – ისევე, როგორც მისი მაწანწალები ელიან რაღაცას ცხოვრებაში. დეკორაციაც ერთობ მწირია – ორღობე და ხე. და ამ თითქმის შიშველ სცენაზე ორი მაწანწალა – ესტრაგონი და ვლადიმირი, ანუ გოგო და დიდი, ზოგადი ხასიათის მსჯელობით არიან დაკავებული, ერთობ ტრივიალურ აზრებს გამოთქვამენ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი რამეც წამოსცდებათ, ღრმად რომ შეიძლება ჩაგვაფიქროს, სევდასაც რომ გამოხატავს და სასოებასაც – ისინი ხომ ჩვენთვის უცნობ ვინმე გოდის გამოჩენას ელიან. მერე სხვა პერსონაჟებიც ჩნდებიან სცენაზე – დიქტატორის ყველა თვისებით შემკული პოცო, სულ ერთთავად მათრახს რომ ატყლაშუნებს და თოკით მიათრევს ტვირთაკიდებულ მსახურსა თუ მონას, სახელად ლაკის. შემდეგ ისევ რაღაც ბუნდოვანი დიალოგი, ჩვეულებრივ უენო ლაკის საკმაოდ გრძელ ტირადასაც რომ შეიცავს და პატრონ-ყმა დროებით ემშვიდობება მაყურებელს. პირველი მოქმედების დასასრულს გვეცხადება ბოი (Boy), რათა დიდის და გოგოს აუწყოს, რომ გოდო იმ ღამით მისვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ხვალ კი, წესით, აღარაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი. ორი მაწანწალა წასვლას გადაწყვეტს: “მაშ კარგი. აბა, ჩვენ წავედით”. მაგრამ “ადგილიდან არ იძვრიან. ფარდა”. მეორე მოქმედებაშიც იგივე უმოქმედობა – მოლოდინი და სჯა-ბაასი. პოცო და ლაკი კვლავ ჩნდებიან, ოღონდ ამჯერად პოცო ბრმაა, ლაკი კი მუნჯი, მერე მიდიან, კვლავ შემოიჭრება სცენაზე ბოი, რათა ადრინდელი ინფორმაცია გაუმეოროს მაწანწალებს, დიდი და გოგო ისევ დააპირებენ წასვლას, მაგრამ არსადაც არ მიდიან. “ისინი ადგილიდან არ იძვრიან. ფარდა”.
ხომ გახსოვთ, როგორ მღერის პეგი ლი: “…ესეც ასე, სულ ეს იყო?” ჩვენც შეგვიძლია იგივე კითხვა დავსვათ (არ არის აუცილებელი მასავით წავიმღეროთ). მაგრამ ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ ვეღარ აღვიქვამთ პიესის მთელ ხიბლს, უჩვეულობას, მოქმედ პირთა სიხარულსა თუ ტანჯვას, მათ სასეირო აკვიატებებს და არც გოდოს ვინაობა დაგვაინტერესებს. “ვინ არის გოდო?” – აი, ეს გახლავთ მთავარი კითხვა, თუმცა პიესა უამრავ სხვა კითხვასაც ბადებს. როდესაც ალან შნაიდერმა, რეჟისორმა, ვისი დადგმებითაც ბეკეტი აღტაცებული იყო, ეს კითხვა დასვა, დრამატურგმა დინჯად უპასუხა: “ეს რომ მცოდნოდა, არც დაგიმალავდით”. ბეკეტს აოცებდა პიესასთან დაკავშირებით გაჩენილი ყველა ჰიპოთეზა, მისი სიმბოლიკის გაშიფრვის ყოველი მცდელობა და ასე ცდილობდა ცნობისმოყვარეთა დამშვიდებას: “ერთი მითხარით, რა საჭიროა ასეთი მარტივი რამის გართულება”.
“მარტივმა რამემ” უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ნება მომეცით, გავიხსენო, როგორ აღვიქვი ეს პიესა Golden Theatre-ის სცენაზე 1956 წელს. მაშინ არაფერი არ მსმენოდა ბეკეტზე, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პიესა, რომლის ნახვასაც ვაპირებდი, საყოველთაო განსჯის საგნად ქცეულიყო. ადრე ის მაიამიშიც (სწორედ მაიამიში, და არა სხვაგან) დადგა ჰერბერტ ბერგჰოფმა და რადგან მასში ბერტ ლარი და ტომ იველი მონაწილეობდნენ, აფიშებზე ასე წაეწერათ: “ორი კონტინენტის კომიკური სენსაცია”. პირველსავე საღამოს მაყურებელთა ნახევარმა დატოვა დარბაზი… შემდეგ ბროდვეიზე, Golden Theatre-ის სცენაზე დადგა “გოდო” ალან შნაიდერმა. ამჯერად აფიშა სულ სხვა რამეს გვატყობინებდა: “ვიწვევთ 70 000 ინტელექტუალ თეატრალს”. სხვათა შორის, 59-ჯერ გავიდა სცენაზე, აქედან ერთ-ერთ წარმოდენას მეც დავესწარი, მას შემდეგ “გოდოს” ბევრი დადგმა მინახავს, მათ შორის ზოგი მართლაც ბრწყინვალე, მაგრამ არც ერთს არ მოვუნუსხივარ ისე, როგორც იმას, სულ პირველად რომ ვნახე: მაშინ მე “ახალი ხმის” მოსმენის სიამე განვიცადე.
როდესაც ფარდა დაეშვა და სცენაზე გაშეშებული ორი მაწანწალა მის მიღმა დარჩა, მეც გახევებული ვიჯექი რამდენიმე წამს, ვიდრე მაყურებელს ავუბამდი მხარს და ტაშით დავაჯილდოებდი მსახიობებს – ბერტ ლარის (გოგო), ე. გ. მარშალს (დიდი), კურტ კაშნარს (პოცო) და ელვინ ეპშტეინს (ლაკი). გამაოგნა წარმოდგენის სიმსუბუქემ და გამჭვირვალებამ. ყოვლად გაუგონარი სიტყვათა წყობა, უცნაური მიმიკები და თავად დუმილიც საოცრად ღრმა და “მტკივნეულ” შინაარსს გამოხატავდა. ის, რაც სცენაზე ხდებოდა, აშკარაც იყო და იდუმალიც, რთულიც და მარტივიც. წლების მანძილზე სულ თვალწინ მიდგას ზოგიერთი სცენა, მათ ჩამოთვლას არ დავიზარებ: ფარდა აიხადა და ლარიც (გოგო) ცდილობს როგორმე გაიძროს ფეხსაცმელი, ისე უღმერთოდ იტანჯება ამ დროს, რომ პირველივე სიტყვები – “ხსნა არ არის” – იმაზე გაცილებით მეტს გამოხატავს, ვიდრე უბრალო ჭიდილს ადამიანსა და უსულო საგანს შორის; აი, სცენაზე ჩნდება მარშალი (დიდი), ძლივს ადგამს გაშეშებულ, გაჩაჩხულ ფეხებს. აშკარაა, რომ “ის”, რაც მას სტკივა, სწორედ ფეხებშუაა მოქცეული. აკი კითხულობს, ნეტავ თუ მტკივაო “ის”; ყველა მიმართულებით ახერხებს ყურებას ლარი (გოგო), მაყურებელთა პირველ რიგებსაც აკვირდება, თვალებს კი ისე იჩრდილავს ხელით, ბასტერ კიტონსაც კი შეშურდება; ქუდების სცენამ ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა: გავიხსენოთ თუნდაც ლარისა და მარშალის მიერ მათი ქუდების ჟონგლიორული გაცვლა-გამოცვლა, ან ის სცენა, მარშალი “თავის ქუდს” რომ ათვალიერებს და თითებით მსუბუქად ეალერსება, ან ის, ლაკის თავიდან ქუდს რომ გადააძრობენ, მის უნიათო მონოლოგს წერტილი რომ დაუსვან. ხოლო თავად ეს მონოლოგი, არა მისი შინაარსი, არამედ მისი გადმოცემის ეპშტეინისეული მანერა, თვალშისაცემს ხდის მის სრულ უაზრობას. საჭიროზე მეტი მოძრაობა: გოგო და დიდი ბოლთასა სცემენ, გარს უვლიან სცენას; დაუვიწყარი სანახაობაა სცენაზე პოცოს და ლაკის, ერთმანეთთან თოკით “დაკავშირებული” ამ ორი საოცრების, ზანტი ტაატი; თანაც თოკი პირველ მოქმედებაში გრძელზე გრძელია, მეორეში კი – საგრძნობლად მოკლე: ამ მოქმედებაში ხომ უსინათლო პოცო უფრო მეტად არის დამოკიდებული ლაკიზე; ლაკის თავბრუდამხვევი ცეკვა, გოგო, რომელიც ცდილობს მის მიბაძვას; აი, გოგო სტაფილოს შეექცევა ისეთი გატაცებით, რომ მისი სიტყვები: “მე არასოდეს დავივიწყებ ამ სტაფილოს”, სულაც არ გვეჩვენება გადაჭარბებულად; ემბრიონულ მდგომარეობაში მოკრუნჩხულ გოგოს დიდი ნაზად აფარებს საკუთარ პალტოს; გოგოს ფეხსაცმელი, ანტრაქტის დროს სცენაზე რომ რჩება და ჩაპლინის ფეხსაცმელს რომ გვაგონებს; მეორე მოქმედების დასაწყისში, ოთხი თუ ხუთი ფოთოლი – აქამდე გაშიშვლებულ ტოტებიან ხეზე (ამან განსაკუთრებით აღაფრთოვანა მაყურებელი); ლარის მრავალგზის ზეაღმართული თითი და მისი შეძახილი (“აჰ”), როცა კი შეახსენებენ, რომ გოდოს ელიან; გოგოს ჩამძვრალი შარვალი, როცა თავის ჩამოსახრჩობად ბაწარს შეიხსნის; ფარდის დაშვებისას ერთ ადგილზე გაყინული, თვალებდახუჭული დიდი და გოგო…
აი, ამ კონკრეტულმა სახეებმა, ამ პირველმა შთაბეჭდილებამ, დიდხანს რომ მიყვება საქმეში გარკვეულ მაყურებელს, განაპირობა “გოდოს” ასეთი პოპულარობა. შესანიშნავია პიესის ფიზიკური მხარეც – ჟესტ-მიმიკები, მწირი რეკვიზიტი (ქუდები, ფეხსაცმელი, შარვლები, სტაფილო, თოკი), ის ხე და… სცენის სიცარიელეც; ყველა ის კომიკური სვლები, ვოდევილების და სხვადასხვა ფილმების გამოძახილს რომ წარმოადგენს და საბოლოოდ მაინც ტრაგიკულ ელფერს იძენს. დარბაზში ჯდომისას ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემსა და სცენას შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშალა, თუმცა ბეკეტი არასდროს მაძლევდა იმის დავიწყების უფლებას, რომ ეს სასცენო ექსპერიმენტი იყო – სიმბოლოებით გადატვირთული, სტილიზებული. მაშინ, 1956 წლის დადგმაში საოცარი ბუნებრიობით ერწყმოდა ერთმანეთს თეატრალური და ავთენტიკური, წარმოსახვითი და რეალური. თეატრში უდაოდ რაღაც ახალი ხდებოდა. ჩვენ შევყურებდით ისე დაცარიელებულ სცენას, ისე “გაშიფრულ” მსახიობებს, სიტუაციაც ისეთი აშკარა და მარტივი იყო, რომ ასეთ დრამატურგიულ მინიმალიზმს მიუჩვეველი მაყურებელი თავად ცდილობდა რაიმე გამოედნო “არაფრისგან”. ამ პიესაში არაფერი ესაქმება თეატრისთვის ჩვეულ ვიზუალურ და ვერბალურ ბრწყინვალებას. დიალოგი ხშირად ფრაგმენტულია, დასკვნები ყოვლად ალოგიკური, ალუზიები – ხაზგასმით უეშმაკო, მოქმედება – მექანიკური, მაგრამ უმნიშვნელო საუბარიც კი მნიშვნელოვან ფიქრებს აღძრავს მაყურებელში. აქ დუმილი ისეთივე დატვირთვას იძენს, როგორც ნებისმიერი დიალოგი, არაფერი აქვს საერთო ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სიჩუმესთან, არც სასოწარკვეთით გამოწვეულ მდუმარებასთან. ეს რაღაც განსაკუთრებული, “ბეკეტისეული” სიჩუმეა, არარსებულის რეალურობა, თვით არსებობის საფუძველშივე რომ ამოიცნობა, თითქოს პირველად იყო სიჩუმე, შემდეგ კი – სიტყვა და კვლავ სიჩუმე. “გოდო”‘აუქმებს რეალისტური თეატრის მთავარ კომპონენტს, პერსონაჟის “განსაზღვრულობას”. ვინ არიან ეს მაწანწალები? რა ეროვნების ხალხთან გვაქვს საქმე? ოდესმე თუ უმუშავიათ სადმე? ნეტა სკოლაში თუ უვლიათ? ყავთ ოჯახები? ერთმანეთს აქ რატომ ხვდებიან? (ეს “აქ” სადღაა?) და ა. შ. სცენაზე მობორიალე ადამიანებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ისინი მხოლოდ აქ არიან, ამ სცენაზე, ზუსტად ისევე, როგორც გოგოს ფეხსაცმელი. ეს ფეხსაცმელიც რომ კიდევ ერთი თავსატეხია! მართალია, გოგოს ის ვერაფრით ვერ მოურგია, მაგრამ ოდესმე შეიძლება კიდეც მოერგოს. გოგოსია თუ ვინმე სხვის (იქნებ ჩაპლინის)? ლი სტრასბერგმა, სტანისლავსკის ცნობილმა მიმდევარმა, ასეთი რამ უთხრა სტუდენტებს: “არის წუთები, როცა ხელში იღებთ თქვენს ფეხსაცმელს და თვალწინ გაგირბენთ მთელი ცხოვრება”. აი, გოგოს ფეხსაცმელი კი არანაირ ისტორიას არ გვიმხელს, ყოველ შემთხვევაში, გოგოზე არაფერს არ გვეუბნება.
ბეკეტი თავიდან იშორებს ყველაფერ იმას (ზუსტად ისე, როგორც მოქანდაკე საჭრეთელით – ყოველივე ზედმეტს), რაც ჩვენ მუდამ ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა თეატრისთვის, და რასაც ტოვებს, მეტად მწირად გვეჩვენება, ოღონდ, მხოლოდ გვეჩვენება. ჯაკომეტი პირადად იცნობდა ბეკეტს, მან შექმნა ხე 1961 წელს “გოდოს” პარიზული დადგმისთვის. მანვე ერთხელ განაცხადა, რომ ადამიანის ფიგურას კი არ აქანდაკებდა, არამედ “მის ჩრდილს”. ბეკეტის პიესა გვაიძულებს ჩავუკვირდეთ სწორედ ჩრდილს, მაშინაც კი, როცა ნათლად ვხედავთ ყველაფერს, რაც სცენაზე ხდება, ვიფიქროთ იმაზე, რაც თვალისთვის დაფარულია. ბეკეტს აოცებდა, რა საჭირო იყო სრულიად “მარტივი რაღაცის” გართულება, მაგრამ თავად მისი ქმნილება გვაიძულებს ვეძიოთ ფარული აზრი, კითხვებიც თავისთავად გვიჩნდება. “ჰამლეტის” არ იყოს, “გოდოც” უპასუხო კითხვების ნაწარმოებია, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი კითხვებისა, ადამიანის თვითაღქმას, მის დაბადებასა თუ სიკვდილს, ღმერთს რომ შეეხება. კამათი პიესის ირგვლივ პირველივე პარიზული დადგმიდან დაიწყო და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ამ კითხვებს მხოლოდ ყოყმანით თუ შეიძლება ვუპასუხოთ და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან თავად ბეკეტი აცამტვერებს ყველა ჩვენ შესაძლო პასუხს. ის ხომ ურთიერთგამომრიცხავი გამონათქვამებით გვაბნევს (“არ მიმეკარო. დარჩი ჩემთან”), მისი გმირებიც იტყვიან რაღაცას და იქვე უარყოფენ (“არ ვიცი რა არის. ტირიფია”).
ბეკეტი ყოველთვის ცდილობს, არ დაირღვეს წონასწორობა. მას მუდამ ხიბლავდა ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი გამონათქვამი: “ნუ დარდობთ, ერთ-ერთი ქურდი გადარჩა. ნაადრევ დასკვნას ნუ გააკეთებთ, ერთ-ერთი ქურდი კრულ იქნა.” ვლადიმირისთვის ხსნის 50%-იანი შანსი სავსებით “მისაღები ბუღალტერიაა”. წონასწორობა უდევს საფუძვლად პიესის დიალოგებს. “შესანიშნავი იდეაა. მოდი ვიპაექროთ”. წონასწორობაზეა აგებული პიესის ორაქტიანი სტრუქტურაც – ყოველი მათგანი კი არ მთავრდება, თითქოს წყდება, დიდი და გოგო ადგილზე შეშდებიან (როგორც წესი, კვანძი მესამე აქტში იხსნება.). ბალანსი იგრძნობა პერსონაჟებშიც: ვლადიმირი უფრო “გონების” კაცია (თავი და ქუდი), ესტრაგონი – მხოლოდ “სხეულის” (ფეხები და ფეხსაცმელი); პოცო ბატონია, ლაკი – მსახური; ორი შიკრიკი (ან იქნებ ეს ერთი და იგივე კაცია?), ორი ჯვარცმული ქურდი. წონასწორობის იდეა განსაზღვრავს პიესის სტილს, წარმოსახვითისა და რეალურის, კომიკურისა და ტრაგიკულის მონაცვლეობას. ბალანსის ეს სტრატეგია მაყურებელს გაურკვევლობის შეგრძნებას უტოვებს. მან ხომ ერთხელ განაცხადა კიდეც, რომ მისი საყვარელი სიტყვაა “ალბათ”.
“ალბათობის” სამყარო აფრთხობს და ზღუდავს ზოგ რეჟისორსა და მსახიობს. ბეკეტი იმდენად სკრუპულოზურად იცავს თავის წონასწორობის პრინციპს, რომ მისი რემარკებიც ტექსტის ნაწილად უნდა აღვიქვათ. რეჟისორთა უმრავლესობას კი, მოგეხსენებათ, თავისებურად ურჩევნია საქმის წარმართვა. მხოლოდ ალან შნაიდერს ვერ დავაბრალებთ ამას. იგი მუდამ გამოირჩეოდა ბეკეტის უსაზღვრო ერთგულებით და დრამატურგიც, თავის მხრივ, მადლიერი იყო ამ რეჟისორისა. სხვები კი, რომლებიც ცდილობდნენ აეხსნათ რაღაც, ნათელი მოეფინათ რიგი მომენტებისთვის, დიდ საფრთხეს უქმნიდნენ პიესის ეფექტურობას. იმ მსახიობებს, პერსონაჟთა “გაშიფრვა” რომ სურდათ, ძალიან უჭირდათ ბეკეტთან მუშაობა. რალფ რიჩარდსონი, რომელსაც ესტრაგონი უნდა განესახიერებინა, საგულდაგულოდ ჩამოწერილი კითხვებით მიადგა ბეკეტს. მანაც ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: “ვერც ერთ კითხვაზე ვერ გაგცემ პასუხს, არ შემიძლია”. რიჩარდსონმა უარი განაცხადა როლზე, თუმცა აღნიშნა, “გოდო” ჩვენი დროის უდიდესი პიესააო. ისე კი საინტერესო იქნებოდა, როგორ შეასრულებდა რიჩარდსონი გოგოს როლს, როგორ აუბამდა მხარს ალეკ გინესს, რომელსაც დიდის როლი უნდა ეთამაშა. კიდევ უფრო დამაინტერესა მსახიობთა იმ წყვილმა, თავად ბეკეტმა რომ შესთავაზა თეატრს – ბასტერ კიტონი (დიდი) და მარლონ ბრანდო (გოგო). აი, სეირიც ეგ იქნებოდა!
ამ პიესაში კომიკურისა და ტრაგიკულის თავისებური შერწყმა საკმაოდ გვირთულებს მისი ჟანრის განსაზღვრას. ინგლისურ ენაზე თარგმნილ “გოდოს” თავად ბეკეტმა “ტრაგიკომედიის” იარლიყი მიაწება, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენება: მას ხომ კაცი ვერანაირ კლასიფიკაციას ვერ უხსენებდა. აკი გვმოძღვრავდა ჯოისზე დაწერილ ესეში, ზუსტი განსაზღვრა სახიფათოაო. მას აღიზიანებდა კლასიფიკაციით გატაცებული კრიტიკოსები და კიდევ ისინი, ვინც აუხსნელის ახსნას ელტვოდნენ. და მაინც ეს სიტყვა, “ტრაგიკომედია”, ბეკეტისეულ ბალანსს წარმოაჩენს. დრამატურგი თითქოს გვაფრთხილებს, რომ პიესა არც ერთ ჟანრში არ “ჯდება”, არც ტრაგედიაა და არც კომედია, რომ აქ ორივე ჰაერივით აუცილებელია, მაგრამ კრიტიკოსები თავისას არ იშლიდნენ, ზოგი ტრაგედიად მიიჩნევდა და ზოგიც – კომედიად. აი, მე ცოდვილი, უფრო ტრაგედიისკენ ვიხრები, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პიესა, მრავალი კომიკური მომენტის, პარადოქსის, ჩიხური სიტუაციისა და ურთიერთგამაწონასწორებელი პასაჟების მიუხედავად, მაინც წყვდიადისკენ, არყოფნისკენ “მიექანება”. პოცო და ლაკიც ამ გზას ადგანან, დიდი და გოგოც (მერე რა, რომ გაშეშებულან, განა უფსკრულის პირას არ შეიძლება გაშეშება?). აი, თუნდაც ეს შთამბეჭდავი ტირადა, სადაც “ზეცის გულგრილობაზე”, “ადამიანის დამცრობასა” და “ადამიანის გაქვავება-გამოფიტვაზე” შემოგვჩივიან; პიესაში კიდევ ორი მონოლოგია, რომელიც აშკარად გამოხატავს ცხოვრების ბეკეტისეულ აღქმას – მე მას ტრაგიკულს დავარქმევდი.
სცენაზეა პოცო (მეორე მოქმედება):
“რა გამიჭირე საქმე, რა სულ “როდის” გაკერია პირზე! ამის ატანა უკვე შეუძლებელია! როდის! როდის! როდინობის კვირაში, აი როდის! ერთ მშვენიერ დღეს! რა, ეს საკმარისი არ არის? ერთხელ ის დამუნჯდა, ერთხელაც მე დავბრმავდი, ერთ დღესაც ყველანი სმენას დავკარგავთ, ერთ დღეს დავიბადეთ, ერთ დღეს მოვკვდებით – ერთდროულად, იმავე დღეს და იმავ წამს. კიდევ რა გინდა? (უფრო დამშვიდებით) დაბადება და გარდაცვალება, სინათლე და მერე ისევ უკუნეთი. მაშ ასე, წინ, წინ ღამისაკენ!”
პოცოსთვის ხომ ყველაფერი ერთ წუთში ხდება, იმავე დღეს, იმავე წამს, ეს ხომ მისი “ხანმოკლე მოგზაურობაა ღამეში”.
პიესის ბოლოს რაღაც-რაღაცეებს ვლადიმირიც აღმოაჩენს, ის თითქოს იმეორებს პოცოს სიტყვებს (სხვათა შორის, გოგოს ამ დროს სძინავს):
“საფლავი და მძიმე მშობიარობა. მესაფლავე გულისგამაწვრილებლად დიდხანს აღრმავებს ორმოს. ჯერ კიდევ მოვესწრები დაბერებას. (აყურადებს) ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. ხმა ჩამესმის, სძინავსო, მეუბნება, სძინავს და არაფერი იცის. დაე იძინოს. სულ იძინოს. (პაუზა) აზრი გამიწყდა. (პაუზა) რას ვამბობდი?”
სიკვდილი – დაბადება. მესაფლავე – მეანე. ბარი – მაშა. საფლავი – საშო; ტანჯულ კაცთა გოდება და უმანკო ჩვილთა ტირილი; მეთვალყურენი და ისინი, ვისაც თვალყურს ადევნებენ; ფხიზლები და მძინარენი… კონტრასტებისა და ანტითეზების მთელი სერია… მაგრამ ყურადღება მაინც სიკვდილზეა გამახვილებული. დიდი უფრო ზანტად მიიწევს წინ, ვიდრე პოცო; აქ საკვანძო სიტყვაა “დუნედ”. მისთვის ეს ხანგრძლივი მოგზაურობაა ღამეში, იმდენად მტანჯველი, რომ ბოლოს აღმოხდება: “მორჩა, მეტი აღარ შემიძლია!” შემდეგ პაუზა, წამიერი ჩაფიქრება და, “რაო, რა ვთქვი?” – რადგან ამჯერადაც “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია” და მოლოდინიც დაუსრულებლად გრძელდება. თავადაც ვხვდები, ჩემი მტკიცება, რომ “გოდო” ტრაგედია უფროა, ვიდრე კომედია, ჟანრის განსაზღვრის მცდელობას მოგვაგონებს, და ბეკეტი ახლა ამას რომ ისმენდეს, სწორედ იმ სიტყვით მომმართავდა, ერთობ შეურაცხმყოფელად რომ ჟღერს მის პიესაში: “შე კრრრიტიკოსო!” (ე. ი. კრიტიკანოო).
სწორედ მრავლისმეტყველი სიჩუმითა და თითქმის ცარიელი სცენით გადმოსცა ბეკეტმა მეოცე საუკუნის მთელი “გასაჭირი”, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ უმიზნონი ვართ, უღმერთოები, და ხსნას მაშინაც კი ველით, როცა ვიცით – აზრი არ აქვს ამ მოლოდინს. დიდისა და გოგოს მსგავსად, ჩვენც ველით გოდოს, მერე რა, რომ არ ვიცით, ვინ არის იგი, რას წარმოადგენს… ხსნა კი არა ჩანს… ადამიანის მდგომარეობა მოლოდინია, ქმედება – დროის გაყვანა. სულაც არ მიკვირს, მრავალთათვის მიუღებელი და უცხო “გოდო” ასეთი გასაგები და ახლობელი რომ აღმოჩნდა სან კვენტინის ბინადართათვის. მაშინდელმა, 1957 წლის დადგმამ მართლაც ააღელვა პატიმრები, დიდისა და გოგოში მათ საკუთარი თავი ამოიცნეს, “გაიზიარეს მათი მწუხარება”, მოლოდინშიც აუბეს მხარი და დროის გაყვანის მათებური ფორმაც გაითავისეს.
მე ეს პიესა კოშმარული ახლო წარსულის გამოძახილად მიმაჩნია. როდესაც ჩვენ დროში დაწერილი ნაწარმოები წარმოგვიდგენს გარემოსთან შეუგუებელ ადამიანს, უსუსურსა და მიუსაფარს, სხვებთან ერთად ვიღაცის თუ რაღაცის მომლოდინეს და მაინც მარტოსულს, რომელიც წუთითაც არ აჩერებს ენას, რათა გაექცეს მწარე სინამდვილეს, როგორ არ უნდა გაგვახსენდეს ის ავბედითი საკონცენტრაციო ბანაკები – ჩვენი საუკუნის სირცხვილი და თავის მოჭრა? იმ 800-მა გამოკითხულმა “გოდო” მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად მარტო იმიტომ კი არ მიიჩნია, რომ მან “გადატრიალება მოახდინა თეატრალურ სამყაროში” (“Times”), არამედ უფრო იმის გამო, რომ ეს პიესა ჩვენი ასწლეულის ბნელ მხარეებს ააშკარავებს, ადამიანის უმწეობაზეც მოგვითხრობს და გაუგონარ სისასტიკეზეც. თავდახრილი, მძივე ტვირთისგან მოკაკული ლაკი ყველა მიუსაფარსა და უქონელს ასახიერებს, ნაპატიები, მოღრიალე პოცო, სულ ერთთავად მათრახს რომ ატყლაშუნებს – გაბატონებული რასის წარმომადგენელს, უმწეო მსხვერპლის დამთრგუნველ ჯალათს. სცენაზე დახვავებული ჩექმები, ეს უცნაური რეკვიზიტი, უთუოდ გაგვახსენებს მასობრივი განადგურების იმ ბანაკებს, სადაც ადამიანს ლოდინის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. ბეკეტის ბიოგრაფიიდან ვიტყობთ, რომ მას ზარავდა გერმანული ანტისემიტიზმი, აძრწუნებდა ფაშისტების მხეცობა და სისასტიკე, ეხმარებოდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას, მისი საუკეთესო მეგობარიც, ალფრედ პერონი, საკონცენტრაციო ბანაკში გადატანილი ტანჯვა-წამების შედეგად დაიღუპა, პიესის თავდაპირველ ვარიანტში კი ესტრაგონს (გოგოს) ლევი ერქვა.
პიესა რომ ასეთი “გაშიშვლებულია”, ასე მარტივი, სწორედ ამიტომ ცდილობდნენ მის ინტერპრეტაციას სოციალურ-პოლიტიკური თუ რელიგიური თვალსაზრისით და თავად ბეკეტსაც ხან რომელი მიმართულების მწერლად მიიჩნევდნენ და ხან რომლის, “-იზმ”-ებითაც მუდამ გულუხვად აჯილდოებდნენ. მართალია, მისი “გამოჭერის” ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა, მაგრამ კრიტიკოსებსაც უნდა გავუგოთ, მათ ხომ საქმე ისეთ მწერალთან ჰქონდათ, რომლის მინიმალისტური ხელოვნებაც რეალობის გულისგულს წვდება – ეს კი, ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. ამ შემთხვევაში “ნაკლები” გვაიძულებს ვეძიოთ “მეტი”, და ამიტომაც ნაწარმოებსა და მის ავტორზე მსჯელობის მოთხოვნილება წიგნებისა და სტატიების უწყვეტ ნაკადად იღვრებოდა წლების მანძილზე.
საერთოდ, რომელიმე პიესის ავკარგიანობას თუ მნიშვნელობას ძირითადად იმის მიხედვით აფასებენ, თუ რა გავლენას ახდენს ის თანამედროვე ავტორებზე, როგორ შთააგონებს სხვა შემოქმედებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ “გოდომ” ხელ-ფეხი გაუხსნა ჩვენ საუკეთესო დრამატურგებს. ბეკეტმა ისინი აიძულა გადაესინჯათ პიესის შექმნის დადგენილი (ვის მიერ?) წესები, ეჭვის თვალით შეეხედათ იმ მოთხოვნებისთვის, რომელსაც, როგორც წესი, უყენებდნენ პიესის სიუჟეტს, პერსონაჟებსა თუ დიალოგებს, საჭიროების შემთხვევაში დაერღვიათ ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობის პრინციპი, ეძიათ კომედიისა და ტრაგედიის შერწყმის გზები. აი, რას ამბობს ჰაროლდ პინტერი, რომელიც ხშირად უგზავნიდა ბეკეტს თავის ხელნაწერებს და მისგანაც მუდამ გრძნობდა სითბოსა და ყურადღებას: “არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ იგი თავისი შემოქმედებით სხვა მწერლებსაც შთააგონებდა, მათ შორის თქვენ მონა-მორჩილსაც. სემუელ ბეკეტი საუკეთესო მეგობარი იყო. დიდი მწერალიც! ხელოვნებასა და პირად ცხოვრებაში გაბედული, არანაირ ზღვარსა და ჩარჩოებს არ ცნობდა”. ჰაროლდ პინტერის პიესები რადიკალურად განსხვავდება “გოდოსგან” – ინგლისური ტრადიციის თუ ფსიქოლოგიზმის თვალსაზრისით; ისინი უფრო სოციალური ხასიათისაა, ვიდრე მეტაფიზიკურის, მაგრამ ბეკეტი მაინც ჰპოვებს გამოძახილს მის შემოქმედებაში (“წყნარი ზამთარი”, “დაბადების დღე”, “მეურვე”, “დაბრუნება”), ეს იგრძნობა მის დიალოგებსა და პაუზებში და კიდევ იმაში, რომ პინტერის პიესებიც აიძულებს მაყურებელს თავად “შეავსოს ცარიელი ადგილები”. ვერც ტომ სტოპარდმა აუარა გვერდი ბეკეტს: “მან უხილავი ბორკილებისგან გაგვათავისუფლა ყველა, ვინც კი ვწერთ.” მართალია, სტოპარდი ხშირად მიმართავს ბეკეტს და, სხვათა შორის, დაუფარავად და გადამეტებული ენთუზიაზმითაც, მაგრამ საკუთარ ხელწერას არასდროს არ ღალატობს. მის საუკეთესო პიესაში (“როზენკრანცი და გილდენსტერნი დაიღუპნენ”) შეპსპირის მეორეხარისხოვანი გმირები სტოპარდისეულ დიდად და გოგოდ გვეცხადებიან – თავგზააბნეულნი და უმწეონი, რიტორიკულ შეკითხვათა ოსტატები, ჰამლეტის სამყაროში მოუსვრიათ, სადაც უამრავ კომიკურ სიტუაციაში უწევთ მოხვედრა, სანამ თავს დაღუპულად გამოაცხადენდნენ. ტომ სტოპარდი დაუფარავად უხდის ხარკს ბეკეტს დიდის მიერ სიკვდილ-სიცოცხლეზე წარმოთქმული ტირადის შესანიშნავ პაროდიაში: “ზედ საფლავთან დამკრძალავი ბიუროს მფლობელი მოწიწებით იხდის ცილინდრს და აცდუნებს ტურფა ჭირისუფალს. ვემ, ბემ, გმადლობთ, სემ.” ასე ორიგინალურად მიგვანიშნებს ბეკეტი, რომ მისი დრამატურგიაც ვერ უვლის გვერდს ბეკეტს. მაშ ასე: ინგლისელი ჰაროლდ პინტერი და ტომ სტოპარდი ბეკეტის მემკვიდრეები არიან, ამერიკელი ედვარდ ოლბი კი იმასაც ამბობს, რომ თუ დრამატურგს ბეკეტის გავლენა არ განუცდია, ის, როგორც შემოქმედი, ან აბსოლუტური იდიოტია, ან – უპასუხისმგებლო.” იგივე განწყობა აქვს სამხრეთაფრიკელ ეთოლ ფუგარდს, რომელმაც 1962 წელს დადგა “გოდო” (როლებზე მხოლოდ შავკანიანები მიიწვია), მსახიობებს კი განუცხადა, “ვლადიმირისა და ესტრაგონის განსახიერებისას ძრწოლა და შიში უნდა გამოსჭვიოდეს თქვენ თამაშში. მათ კარგად უწყიან, თუ რას ნიშნავს ეს.” ყოველმხრივ “ბეკეტისეულია” ფუგარდის შესანიშნავი პიესა – “ბუზმანი და ლენა”, მხოლოდ სასცენო ეფექტია განსხვავებული. ვაცლავ ჰაველიც აღნიშნავდა, ბეკეტმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემ ნაწერებზეო. აღარაფერს ვიტყვით იმ ნაკლებად ცნობილ თანავედროვე დრამატურგებზე, რომლებმაც გაითავისეს ბეკეტის სტილი და მეთოდი და რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა.
როგორც ხედავთ, თანამედროვე დრამატურგია დიდადაა დავალებული ბეკეტისაგან, და მე ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ოცდამეერთე საუკუნის ავტორებიც ვერ გაექცევიან მისი შემოქმედების ზეგავლენას: თუ არ მიბაძავენ, ეცდებიან დაუპირისპირდნენ. ახლა ბეკეტამდელ დრამატურგიასაც მისი პიესების გათვალისწინებით აფასებენ. იგი ერთგვარ კრიტერიუმად, სასინჯ ქვად იქცა დასავლური დრამატურგიული ტრადიციის ხელახალი გააზრებისას. ამაში უდაოდ არის რაღაც პარადოქსული. ბეკეტი, ბოლო სიტყვის, საბოლოო დასკვნის ეს მოდერნისტული, პოსტმოდერნისტული თუ თანამედროვე (დროთა განმავლობაში ეს ტერმინებიც გაცვდა) ოსტატი, გვაბრუნებს პირველსაწყისისკენ, გვაიძულებს ვიფიქროთ იმ ცეცხლზე, რომლისგანაც იშვნენ ეს პირველი ნაკვერჩხლები. შექსპირი ამის საუკეთესო მაგალითია. 1962 წელს პიტერ ბრუკმა სცენაზე დადგა “მეფე ლირი”, 1971 წელს – ფილმიც გადაიღო. იგი თავად აღიარებდა, რომ სპექტაკლზე მუშაობისას ჟან კოტის ცნობილი წიგნით “შექსპირი – ჩვენი თანამედროვე” ხელმძღვანელობდა, სადაც შექსპირი და ბეკეტი ერთადაა განხილული, “მეფე ლირი” კი წარმოდგენილია როგორც “ადამიანური ტრაგედიის უაღრესად თანამედროვე გამოხატულება” (ეს მარტინ ესლინის სიტყვებია, რომელიც თავის ძალზე საინტერესო წიგნში, “აბსურდის თეატრი”, ბეკეტს აბსურდისტთა სკოლას აკუთვნებს). პიესაზე მუშაობისას შექსპირის სამყაროს ბრუკი ბეკეტის თვალით ხედავდა, ხშირად გვერდს უვლიდა მნიშვნელოვან სცენებსა და დიალოგებს, რათა შექსპირის ისედაც პირქუში სამყარო კიდევ უფრო ავისმომასწავებლად წარმოეჩინა, თითქოს ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენთვისაც არ იყო შორს “შეპირებული აღსასრული”. მაგრამ არც თუ იშვიათად რაჟისორი ოსტატურად იყენებს ბეკეტისეულ ხერხებს, რათა უკეთ ჩავწვდეთ შექსპირის დრამატურგიას: აი, გლოსტერიც – თვალებდათხრილი, სისხლის ცრემლით მოტირალი, მარტოდმარტო ცარიელ სცენაზე, ზის და სადღაც დარბაზის მიღმა “იყურება”, ამ დროს კი შორიდან ომის ყიჟინა ისმის. ამ სცენით შეიგრძნო მაყურებელმა (მათ შორის მეც) ადამიანის უმწეობის მთელი ტრაგიზმი, ის სავალალო მდგომარეობა, ერთ ადგილს მიჯაჭვული ლოდინს რომ განაგრძობს მაშინაც კი, როცა წყვიადისკენ მიექანება. იმ წუთში მე თვალწინ წარმომიდგა შეძრწუნებული გოგო და მედგარი დიდი – ორივე ერთად, ანუ ბრუკი და ბეკეტი დამეხმარნენ შექსპირის უკეთ გაგებაში. სწორედ ბეკეტის წყალობით შევძელი თანამედროვე პიესად აღმექვა “მეფე ლირი” და საერთოდ, უკეთ გავრკვეულიყავი მის არსში. შექსპირი წარმოგვიდგენს მოხუც კაცს – უმწეოს, ეულს, რომელსაც ამ ცხოვრების ვერაფერი გაუგია; სხვა ბერიკაცსაც (გლოსტერი) – უსუსურს, უსინათლოს, ადამიანის სისასტიკით ჩინდაკარგულს… ყმაწვილ ედგარს კი თავის მისადები ადგილიც ვერ უპოვია (გახსოვთ ვლადიმირისა და ესტრაგონის დიალოგი ღამის სათევზე?). ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ლირი და მისი მასხარა საცაა დიდის და გოგოს უნდა შეხვედროდნენ უდაბურ მხარეში, და ალბათ ხვდებიან კიდეც, პოცოსა და ლაკიში განსხეულებულნი.
ახლა, როცა “გოდო” უკვე დაწერილია, შეუძლებელია კვლავ არ გაგვახსენდეს ბეკეტი “ჰამლეტის” სასაფლაოზე, სადაც მასხარა-მესაფლავე არხეინად მღერის თავის ქალების ამოთხრისას. ამ სცენამ, სადაც ტრაგიკული ასე ოსტატურადაა შერწყმული კომიკურთან და სადაც ჰამლეტს აოცებს “მომღერალი მთხრელის” უდარდელობა (რომელსაც აშკარად არ ესმის, თუ რას სჩადის), განა შეიძლება არ გაგვახსენოს ბეკეტის “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია”? სხვათა შორის, ბეკეტისვე აჩრდილი დაჰფარფატებს თავს ჰამლეტს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში: როცა ჰორაციო ხედავს, რომ მისი მეგობარი – მოწამლული მახვილით განგმირული უფლისწული – წუთისოფელს ეთხოვება, უყოყმანოდ იწვდის ხელს საწამლავიანი სასმისისკენ (“ვითარცა ჭეშმარიტი რომაელი”), რათა თავადაც მის გზას გაუყვეს. ჰამლეტი კი უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებს, საბედისწერო სასმისს ხელიდან გამოსტაცებს და ცნობილი სიტყვებიც აღმოხდება: “განშორდი მუდმივ ნეტარებას, ტანჯვით იცხოვრე და ამ კრულ მიწას მიმოჰფინე ჩემი ამბავი” (ივ. მაჩაბლის თარგმანი). საინტერესო, დაუვიწყარი სცენური მომენტია: ხედავთ, ჰამლეტი თავის მეგობარს იმას კი არ ეუბნება, თავს ნუ მოიკლავო, არამედ, ახლა ნუ იზამ მაგას, რადგან მსურს ჩემი ამბავი ამცნო ქვეყნიერებასო. ის, რომ დანიელი უფლისწული თავის სახელზე ზრუნავს, მხოლოდ შექსპირის ხელწერაა, ხოლო ის, რომ სიკვდილი “მუდმივი ნეტარებაა”, შვებაა, “რომელიც სიჩუმედ გადაიქცევა” – ეს უკვე შექსპირიც არის და ბეკეტიც. მეჩვენებოდა, თითქოს ბეკეტის რომელიღაც პერსონაჟი წარმოთქვამდა “განშორდი ნეტარებას”. რა შთამბეჭდავად ჟღერს ეს ფრაზა და რა ეფექტურად უპირისპირდება ჩვენი ყოფის აღმწერ სევდიან სიტყვებს: “ტანჯვით იცხოვრე და ამ კრულ მიწას… ” ახდა “გოდოს” დასაწყისიც გავიხსენოთ: გოგო ხედავს თუ როგორ უჭირს მოშარდვა დიდის და გონივრულ რჩევასაც აძლევს: “ყოველთვის ბოლო წამამდე დაელოდე”. და დიდიც, “ოცნებაში წასული”, იმეორებს: “ბოლო წამამდე”. “ოცნებაში წასული” – ამ რემარკით ბეკეტი მიანიშნებს მსახიობს, თუ რა უდარდელობით უნდა წარმოთქვას ეს ფრაზა. ბეკეტთან ყველა ამ “ბოლო წამს” ელის – ბოლო წამს, როცა ტირიფის ფოთლები ხმება და ხე მეტად ვეღარ იტირებს, ბოლო წამს, როცა ხმები ინავლება და ლაპარაკიც წყდება. ბოლო წამი არის ნანატრი დასასრული, უსაშველოდ გაწელილი დღის შემდეგ ღამესთან მიგებება. ეს ალბათ ის წამია, რომელიც ბეკეტის ძალით მუხტავს ჰამლეტის “ნეტარებას”, და უფლისწულსაც, თავის ქალას რომ ეალერსება და რომლის სცენური ცხოვრებაც აღსავსეა ყველა სახის გარდაცვალებით, ალბათ დიდისთან ერთად აღმოხდებოდა “ოცნებაში წასულს”: “ბოლო ჟამია (წამია)”.
კიდევ მრავალი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, სადაც ყველა დროის ამ უდიდესი დრამატურგის ჩვენეული აღქმა ბეკეტის შემოქმედებითაა დაღდასმული. იგი თითქოს იჭრება შექსპირის სამყაროში და “გვითანამედროვებს” მის პიესებს. პირადად მე ბეკეტის “გოდო” მაშინაც მახსენდება, როცა დასავლური სამყაროს რენესანსამდელ ტრადიციებზე ვფიქრობ, კერძოდ, ესქილეს “მიჯაჭვულ პრომეთეზე”. სულაც არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ კარგად მესმის ეს რთული ნაწარმოები, მაგრამ ბეკეტი აქაც მხსნელად მევლინება. ჩემი აზრით, “მიჯაჭვული პრომეთე” ტრაგიკული მდგომარეობის ყველაზე დახვეწილი დრამატიზაციაა. მარტოსული, ტყვეობისთვის განწირული, ზევსის აუხსნელი დესპოტიზმით დაბნეული და მაინც რაღაცის მოიმედე, ფიზიკური ტკივილითა და ღმერთების დაცინვით გაწამებული პრომეთე – თავის დიად საქმეთა მიუხედავად – ბეკეტის მაწანწალებს მოგვაგონებს. ისიც, დიდისა და გოგოს მსგავსად, სიკვდილს ნატრობს, მაგრამ არ კვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავს ვერ აღწევს ცხოვრების ტკივილს. დიდის მსგავსად მასაც შეეძლო წაეოცნება – “ბოლო წამი”. პრომეთე, ბეკეტის გმირების მსგავსად, აღსავსეა ფუჭი იმედით, რაღაცის მოლოდინით. როცა “მიჯაჭვულ პრომეთეზე” ვფიქრობ, თვალწინ ესქილეს მედიდური ტიტანიც წარმომიდგება და ბეკეტის საცოდავი მაწანწალებიც. “გოდო” გვეხმარება ამ ანტიკური ტრაგედიის აღქმაში და მისი შემდგომი ინტერპრეტაციისას.
ახლა უფრო აქეთ გადმოვინაცვლოთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ 1956 წელს იუჯინ ო’ნილის “ყინულის კაცის” ნაგვიანები წარმატება (მან ეს პიესა 1939 წელს დაწერა, “გოდოს” შექმნამდე 10 წლით ადრე), ნიუ-იორკის სცენაზე “გოდოს” დადგმამ განაპირობა. 1946 წელს ყველა მოუთმენლად ელოდა “ყინულის კაცის” სცენაზე გამოჩენას, რადგან უკვე თორმეტი წელი იყო, რაც ო’ნილის პიესები არავის დაედგა ბროდვეის თეატრში. სამწუხაროდ, მაშინ სპექტაკლს დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია, მაგრამ 10 წლის შემდეგ, 1956-ში, ძალიან თბილად მიიღო მაყურებელმა – უნდა აღვნიშნოთ ჯოუზ კვინტეროს შესანიშნავი რეჟისურა და ჯეისონ რობარდის ბრწყინვალე თამაში, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ერთი თვით ადრე ამავე თეატრის სცენაზე “გოდო” დადგეს, რამაც ერთობ ხელსაყრელი ფონი შეუქმნა “ყინულის კაცს”. ვფიქრობ, ო’ნილს თამამად შეეძლო თავისი ნაწარმოები ასე დაესათაურებინა: “ჰიკის მოლოდინში”, რადგან ორივე პიესაში ძირითადი მოქმედება ლოდინია, ორივეგან ადამიანები თავად იბორკავენ საკუთარ თავს, დროს ერთისა და იმავის გამეორებით კლავენ და ორივეში დრამატურგთა ჩანაფიქრი სიკვდილის ატმოსფეროსა და მოლოდინს ჩვენი ყოფის ანარეკლად წარმოგვიდგენს.
ო’ნილი, შექსპირი, ესქილე… ბეკეტიც მათთან არის: ნათელს ჰფენს წარსულს და გზას უხსნის მყოფადს. როგორც ითქვა, “გოდომ” რევოლუცია მოახდინა დრამატურგიაში და 800-მა თეატრმცოდნემ იგი მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ინგლისურენოვან პიესად აღიარა. ისიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ რიგითი მაყურებელიც მათ აზრს იზიარებს, ვინაიდან ადრე ავანგარდისტულ ნაწარმოებად მიჩნეული “გოდო”, ახლა არა მარტო იოლად აღსაქმელი პიესაა, არამედ ცხოვრებისეული პოზიციაც. სიტყვა “გოდომ” ადგილი დაიმკვიდრა ჩვენ ლექსიკონში, “გოდოს მოლოდინი” კი პოპულარულ ფრაზად იქცა, რაღაც სანუკვარი ოცნების, თავისუფლების, ხსნის, სიკვდილისა თუ განსაკუთრებით სასურველი სტუმრის ან სულაც ხელფასის მომატების მოლოდინის აღსანიშნად. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პიესაში წარმოჩენილის ანარეკლია და პირიქით. მაიკ ნიკოლსი, “გოდოს” ერთ-ერთი საკმაოდ გახმაურებული და წარმატებული დადგმის (ნიუ-იორკი, 1988, გოგო – რობინ უილიამსი, დიდი – სტივ მარტინი) რეჟისორი, წერდა: “ნახეთ “გოდო” და წამსვე მიხვდებით, რომ აქ მანჰეტენის ერთი ჩვეულებრივი დღეა აღწერილი.” ხშირად უკვე ცხოვრებისეულ სიტუაციებსაც ახასიათებენ, როგორც “ბეკეტისეულს”. ალენ შნაიდერს თუ დავიმოწმებთ, “გოდო” უკვე პიესა კი არა, ცხოვრების ფორმაა”. გოდოს ლოდინად ქცეული ორი მაწანწალას საგამ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მეოცე საუკუნის მაყურებლის ცნობიერებაში, როგორც საკუთარი თავისა თუ მომავალ უსიამოვნებათა წინაშე ჩვენი გაურკვეველი შიშის გამოხატულებამ.
ადამიანური ყოფის პირქუში, თუმცა თანაგრძნობითა და იუმორით აღსავსე შეფასება, ბეკეტი რომ გვთავაზობს, იმაზეც მიგვანიშნებს, რომ, მიუხედავად უიმედო მდგომარეობისა, ადამიანს შესწევს უნარი ბოლომდე ზიდოს თავისი ტვირთი. არ უნდა შევჩერდეთ! ბეკეტიც ხომ განაგრძობდა წერას, თუმცა თავადვე აღიარებდა, რომ “აღარაფერი იყო დასაწერი”. “გოდოს” შემდეგაც არ აუღია ხელი თეატრალურ ექსპერიმენტებზე და მისი ყოველი ახალი ნამუშევარიც საგრძნობლად აფართოებდა დრამატურგიული ხელოვნების საზღვრებს. სემუელ ბეკეტი მუდამ უსწრებდა დროს და ვფიქრობ, ჩვენც ბოლომდე ვერ აღგვიქვამს მისი ბოლო ნაწარმოები, სადაც მოძრაობასა და ხმაურს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე სიტყვებს. ეს ალბათ იმ მაყურებლის გამოწვევაა, რომელიც ხალისით მიიღებდა ასეთ გამოწვევას. “გოდო”, ერთ დროს უაღრესად რადიკალური პიესა, რომელმაც საზოგადოების მძვინვარე რეაქცია გამოიწვია, ახლა კლასიკურ ნაწარმოებადაა აღიარებული, შეტანილია სასკოლო პროგრამაში, მას სცენაზე პროფესიონალებიც ასრულებენ და მოყვარულებიც, მილიონობით ადამიანი კითხულობს მთელ მსოფლიოში. ის ახლა უკვე “ჩვეულებრივ პიესად” აღიქმება. ბეკეტმა, როგორც უდიდესმა ხელოვანმა, შეცვალა ჩვენი წარმოდგენა თეატრზე და ახლა სამყაროსაც სხვა თვალით ვუყურებთ. სწორედ იმიტომ მიენიჭა სემუელ ბეკეტს ნობელის პრემია (1969), რომ “მან “თანამედროვე დაბეჩავებული ადამიანი ეგზალტირებულ არსებად აქცია.”
მონპარნასის სასაფლაოზე ბეკეტის მოკრძალებული სამარის გვერდით მასიურმა, უშველებელმა, ასეთივე უშველებელი ჯვრით დამშვენებულმა საფლავის ქვამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომლის საგულდაგულოდ ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს – “E. Petit-ის საგვარელო განსასვენებელი”. ბეკეტს, ვფიქრობ, გაეღიმებოდა. ალბათ!ინგლისურიდან თარგმნა
ასმათ ლეკიაშვილმა© „ლიტერატურა – ცხელიშოკოლადი“
-
მაკა მიქელაძე – ქურდბაცაცები
როგორ მომატყუა!
ხუმრობაა, ოცდუთხუთმეტი წელი ერთად გავატარეთ. განუყრელად, სიამტკბილობით, ხმის აუმაღლებლად, უღალატოდ… რას ვიფიქრებდი… ჩემი ცოლი მთელი ცხოვრება მატყუებდა?! ცრუობდა?! წარბშეუხრელად, წინასწარი განზრახვით, თვალთმაქცურად და ყოვლად უსინდისოდ… გვიან შევიტყვე.
წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარ სახიანი ხელოსანი, გულგარეთა თანაგრძნობით ჩამძიებია.
– კარტინა გავაკეთო ჯიგარო-ჯან! ბეზ კარტინი როგორ იქნება? არ ივარგებს, არა – არა, შენი ნებაა. ხაზეინ სკაზალ ბოგ სკაზალ.
საფლავის ქვა ორმოცამდე მოსასწრებია. „კარტინა“ არ მინდა, არ მინდა წვიმა-თოვლ-ჭყაპში სახე უტიროდეს და ლოყის ნაჩვრეტებში ავდარი უგროვდებოდეს…
ეჰ! სიბერემდე სიქაჩლეო… რას წარმოვიდგენდი.
ჩემი ბრალია. ჩემს გარდა ყველა იგუმანებდა.
მიყვარდა. სიყვარული კი ბრმაა.
გემრიელი ქალი მყავდა. უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან მომზადებულ ქიშმიშიან ფუნთუშას გავდა. თეთრი, სლიკინა კანი, ლამაზი ხალები ბეჭზე, კისერში. თეძოზე ნაჩვრეტები… თაფლისფერი ფუმფულა თმა… ფუნთუშას ჩემ ხელში დაემსგავსა, ისე კი ერთი წაყლანწული, თვალვარსკვლავა, პირმომცინარი, მერცხალივით დაუდგრომელი, ოქროს ხელება, ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი გოგო იყო. გამხდარი, გამხდარი, ლანდი გასდიოდა. თაფლისფერი თმაც ჩემ ხელში დაეფერფლისფერა. ფაფუკი და ფუმფულა კი დარჩა.
შევაბერდით ერთმანეთს და რად გინდა? ოცდათხუთმეტი წელი მატყუებდა… არა, ოთხი წელი, კიდევ ქორწილამდე დავდევდი. არ მომყვებოდა… ჰმ! იცოცხლე მარბენინა.
კარგი ცოლი მყავდა. სუფთა, გულისხმიერი, დამთმობი, თავშენახული. „კარგი დიასახლისი თავისი თავის ქურდიაო?“ იტყოდა და ამ დევიზით აბინავებდა განჯინაში ნახევარ ორცხობილას, მწიკვ ბრინჯს, ორ-სამ ღერ მწვანილს, გაფრცქვნილ ხახვის ნახევარს და მოხარშული კვერცხის გულს პაწია ჯამებში, ქვაბუნებში და რკინის კოლოფებში, რათა მეორე დღეს გემრიელ რამედ გადაექცია.
აბა ასეთი ქურდბაცაცა რა ხეირს დამაყრიდა?
ფული უყვარდა. ხელფასის სახლში მიტანა მიხაროდა, ბავშვივით ხალისობდა. სანამ მთლიანად არ გადაიბარებდა ხელფასს, ათასგვარ ხრიკს და ფანდს მიმართავდა. ეშმაკურად განაბული და კმაყოფილი ჩემს გასამრჯელოს საიმედოდ შეგულებულ სამალავებში აბინავებდა ნაწილ-ნაწილ. საგულდაგულოდ, მაგრამ ისე საგულდაგულოდ, რომ ხანდახან თვითონვე უჭირდა მოძებნა. მოგვიანებით, შემთხვევით აღმოაჩენდა ხუთმანეთიანებს წიგნის ფურცლებს შორის სათუთად ჩასვენებულს, სამმანეთიანებს ნაფტალინიდან ახლად ამოღებული შალეულის ჯიბეებში. თუმნიანებს გატკიცინებული თეთრეულის უკან გადამალულ ფრანგული სუნამოს ყუთში. იპოვნიდა და კისკისებდა, კისკისებდა, უხაროდა. ოცდახუთიანებს სად დებდა, ერთხელად არ დავიწყნია.
დამალვის სენი სჭირდა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასეთი კაჭკაჭი, რამეს მეც დამიმალავდა.
რაც არ უნდა მეყიდა, მაშინვე არაფერს ჩაიცმევდა. მალავდა. ფეხსაცმელს მოვუტანდი, არაფრის დიდებით ფეხზე არ გაიკარებდა, სანამ შესაფერის პალტოს, ჩანთას, კაშნეს, ჩულქს, მძივს, ცხვირსახოცს, პომადას და ლაქს არ შეიძენდა. ჩვენი შემოსავლით ასეთ კოლექციონერობას წლები შეიძლებოდა დასჭირვებოდა. ერთხელაც გამოეწყობოდა თხემით-ტერფამდე და რომელიმე ქორწილ-დღეობაში მოიწყობდა გამარჯვების დღეს. ერთხელ მახსოვს კინოში დავპატიჟე. გამობრძანდა მაგრამ, როგორი გამობრძანდა. შავი ბუკლეს პალტო, წითელი რიბსის სარჩულით, წელში გამოყვანილით, წელი იცოცხლე, მაშინ ორმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი ჰქონდა, ლაქის შავი მაღალქუსლიანებით, წითელ ძირზე, თმები ავარცხნილი. მომყვებოდა ქუჩაში ის მე და მას მთელი ქუჩის მზერა. გუშინდელივით მახსოვს „ბაბეტა მიდის ომში“ გადიოდა. სინათლე აინთო, წამოვდექით და ვიღაცამ წამოიძახა – „ბაბეტას როგორ გავს! ნახე!“ შემოგვიბრუნდა მთელი დარბაზი და ატყდა ერთი უი, მართლა და ვაი, როგორ… მშვენივრად შეიშნო და ღიმილით შეიფერა, უფრო გამშვენდა და გაბრწყინდა, მით უფრო, რომ ბაბეტას ბრიჯიტ ბარდო თამაშობდა. ჩვენი დროის ვარსკვლავი, ეჰ! ჩვენი დროის… ჩვენი დრო, მორჩა. დამრჩა ჩემი დრო.
დასარკმელებული ფანჯრის ტურტლიანი შუშებიდან, მოქუფრული გუნების საბოლოოდ დამთრგუნველი პეიზაჟი მოჩანს, ტიპიურად დაპროექტებული ქალაქი, სასაფლაო. ამინდიც ქუფრი, ჟამი…
– ვა! შენ რა ბოლომდე თავზე უნდა მადგე – ასოებს კი არ შევჭამ. თუ გინდა ასომთავრულით გაგიკეთებ. მეტი რა ვქნა?!!
ხელოსნის შეძახილმა გამომარკვია.
– წადი რა გაიარე, გაისეირნე, გამოისეირნე. რაზვეტრიშსა, პრავეტრიშსა. ერთ-ორ საათში პრავეტრიშსა და ზაკაზსაც ჩაგახუტებ.
გარეთ გამოვედი და შეტალახებული აღმართით სკვერისკენ გავემართე. სკამი შევიგულე. მე თუ მკითხავ, ჩემს ასაკში კაცის მიტოვება ღალატია ნამდვილი, თუმცა რას უნდა მოელოდე ქალისგან, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნე მატყუებდა.
ბავშვობის ზედმეტსახელზე როგორ ვერ მივხვდი, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. ხუთი წლის გოგონას რომ „ჯიბოს“ შეარქმევენ, პირველი ვერსიით – ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დადიოდა და ასე ამიტომ მონათლეს. მეორე ვერსიით – ბევრ ჯიბიან ტანსაცმელს უკერავდნენ და ყველა წვრილმანს იჯიბავდა. მესამე ყველაზე ალალმართალი ვერსია აღიარებდა, რომ „ჯიბო“ ჯიბგირის კნინობით-ალერსობითი ფორმა იყო.
ჯიბგირი იყო აბა რა! ყველაფერს იჯიბავდა, რაც მოეწონებოდა, ლამაზ ხედს, ლამაზ ციტატას, კარგ აზრს, კაბის ფასონს, მოწონებულ სიმღერას თუ ნამცხვრის რეცეპტს.
ტკბილეული…
ტკბილეული ცალკე თემაა. ცხობა, იცოცხლე, იცოდა.
მოულოდნელი აღტყინებით იწყებდა და როცა გაზქურიდან ამოფუებულ-ავარდისფერებულ-აპიწკინებულ ორთქლმდინარე სასუსნავს გამოიღებდა, თვითონაც ალმური გადაუვლიდა და თვალებიც ციებიანივით უბრწყინავდა.
სკვერში, კაფეში რაღაც ნამცხვარი ავიღე ავტომატურად და დავაჩერდი.
რამდენჯერ ღამით, გვიან ღამით, სამზარეულოში გამოსულს ან ცხობაზე წამისწრია, ანუ უკვე გამომცხვარის მუსრის გავლებისას. ერთი კუთხე ჰქონდა ამოჩემებული. მიიყუჟებოდა და სმუსნიდა მალულად შეძენილ შოკოლადს, კამფეტებს, მარმელადებს, ტორტებს ან თავის შექმნილ ღვეზელებს, ქადებს, ხაჭოს პეჩენიებს. როცა შევუსწრებდი, დამნაშავე ბავშვივით გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა და დარცხვენილი ისმენდა დიეტოლოგიურ შეგონებებს.
უნდა მივმხვდარიყავი.
ქვა მგონი კარგი შევურჩიე. არც ძალიან ყვირის, არც ღარიბულია.
ღარიბულს ვერ იტანდა, აღიზიანებდა. არაფრისგან ქმნიდა ლამაზ ნატურმორტებს, ძველი ფარდაგისგან და სკამის ფეხებისგან ახალ ავეჯს, ძველი ფარდისგან ახალ კაბას, და ძველი კაბისგან ახალ ფარდას… გადაგდებით ვერაფერს გადააგდებინებდი. ცოლად რომ მომყავდა, გამობრძანდა თეთრი ლაბადით და სადაფის თავსამკაულით, თეთრი მოკლე ხელთათმანებით და თეთრად შეთხზული თაიგულით, იტალიურ ეზოში და გადმოეფინა მთელი სამეზობლო.
– სიძეე! სიძეეე! – აკივლდა მეზობელი ანეტა – იცი რა გოგო ჩაიგდე ხელში… იციიი, რა გოგო… აი, აი დანჯღრეულ ავეჯს მებელად მოგაჩვენებს!!!
ისე ყველაფერი კარგი აგისრულდათ! თუ შესაძლებელი იყო, აკეთებდა და აკეთებდა ძველმანებისგან ახალ-ახალ ნივთებს. თან უცილობლად დააყოლებდა ლენინგრადში ბევრად უკეთესი მქონდაო. მეცინებოდა, ვიცოდი ფანტაზიორობა რომ უყვარდა. აქ, ზემო ჩუღურეთში ცხოვრობდა. ოთახნახევრიან ნახევარსარდაფში. ხშირად მეგონა მაღალი წარმოშობის „ბოდვა“ ჰქონდა, ისეთებს თხზავდა – ეს ლენინგრადში ხუთოთახიანი ბინაო, ის მსხვილი ავიაინჟინერი მამაო, სორბონადამთავრებული მუსიკის მასწავლებელიო, საკონცერტო როიალი სახლის კუთხეში ძლივს რომ ჩანდა, როიალზე კი ფაიფურის ანტიკვარული თოჯინები, ფანჯრის აივნიდან ხელის გაწვდენაზე დიდი თანამემამულის პეტრე I-ის ძეგლი და ვინ მოსთვლის. მგონი დედა ბარონესა მყავდაო, იმასაც იბრალებდა!
სამშობლოში რომ დავბრუნდი, ასე 6-7 წლის ვიქნებოდი, მეტი არაფრის დიდებით არაო.
ოჰ! ჩემი ბარონესა… ბარონესა მიუნჰაუზენი.
ჯიბიდან ამოვიღე და კიდევ ერთხელ დავხედე. ოცდათხუთმეტწლიანი სიცრუის გამცემი დოკუმენტი, იგივეს ამბობდა, რასაც გუშინ იგი სწორედ შავი ბუკლეს პალტოს საიდუმლო ჯიბეში ძლივს აღმოვაჩინე და ჩემი საკუთარი თვალით და ერთი სათვალით, შავით თეთრზე… ამოვიკითხე…
მე კი ნამცხვრებს ვუკრძალავდი.
„დაბადების თარიღი 1939 წ. ადგილი ლენინგრადი.
და მე რას მეუბნებოდა. ომის დამთავრებას არაფერი უკლდა, რომ დავიბადეო. თუ ომი ახალი დამთავრებული იყოო…
თანდათან ბუნდოვნად წამომიტივტივდებოდა უცნაური მონათხრობები. პატარა რომ ვიყავი, კალის ჯარისკაცებს აივანზე ვაწყობდი, ასე მეგონა დამიცავდნენო. ზოოპარში ვერ შეიყვანდი, მეშინია, სპილოს რამე არ მოუვიდესო, წუხდა. ჩანს ახსოვდა ლენინგრადის ზოოპარკი როგორ დაბომბეს. ახლაღა მივხვდი სად მიბაჯბაჯებდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი „ჯიბო“ ჩქარ-ჩქარა და სირენების წივილ-კივილში.
აი, თურმე, რატომ აორცხობილებდა ერთ სახეშეუჭმელ პურსაც, რატომ იღვრებოდა ცრემლად „სალიუტების“, „პარადების“ და ომზე ფილმების ყურებისას. რატომ სძულდა ჭექა-ქუხილი, ომობანას თამაში, ხმაური და ჩხუბი…
ტყუილის მასშტაბურობაზე ვფიქრობდი. რომ მოგეკლა, თვითმფრინავის ბილეთს არ აგაღებინებდა, ბინაშიც თვითონ ჩაეწერა… ტრუსკავეტსკში დასასვენებლად, ავად იყო და მაინც თვითონ წავიდა ბილეთისთვის, სასტუმროს ადმინისტრატორებთან არ მიგიშვებდა… პასპორტი რომ არ ჩამვარდნოდა ხელში…
სიცილი ამიტყდა.
კაფეს გამყიდველმა განცვიფრებით გამომხედა…
– ჩემი ცოლი გენიალური ქალი იყო, – ავუხსენი მე.
– აბა ჩემი ქმრისგან რამე მსგავსს გაიგონებ! – გაბრაზდა ის.
ნამცხვარი შევჭამე. ნაყინიც ვიყიდე. გაზეთიც.
გულისგარეთ ვკითხულობდი. ხშირ-ხშირად მეცინებოდა. თითქმის ჩემხელა ყოფილა ეს მატრაკვეცა… თითქმის ჩემხელა.
საათს დავხედე და სახელოსნოში შებრუნება გადავწყვიტე! წვიმას აპირებდა.
– ჯიგაროჯან, დატა არ მითხარი, დატა! რომელი გოდა იყო? – შემეგება წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარსახიანი ხელოსანი.
რამდენს იკისკისებდა ჩემი დაბნეული სახე რომ დაენახა. ერთ სათვალეს რომ არ ვენდე და მეორე რომ მოვიშველიე. ნეტა მას სიცოცხლეშივე რომ წავწყდომოდი, გასაიდუმლოებულ პასპორტს, რას იზამდა. ალბათ გამებუტებოდა.
– დაბადების წელი 1945 – ვუთხარი მტკიცედ.
– ვა, რა ახალგაზრდა წასულა. ნწუ-ნწუ-ნწუ – შეწუხდა ქვის ოსტატი.
თავი დავუქნიე, პასპორტი გულის ჯიბეში დავმალე და ვითომ სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვედი.
გაწვიმდა.
კარგ ხასიათზე დავდექი, წელში გავიშალე, სუნთქვა გამიიოლდა. თითქოს სადღაც ჩემს „ქიშმიშიან ფუნთუშას“ ლოყები ჩაეჩვრიტა და თვალები აუციმციმდა. კისკისიც ჩამესმა. მეც სათვალე მოვიძვრე, ცხვირი შევჭმუხნე და თვალი ისე შევუკარი, თითქოს ცრემლით არ მქონოდა სავსე.
– ხედავ რა ავანტიურაში ჩამითრიე? მთელი ლენინგრადის ბლოკადა მოვიპარეთ. მთელი ომი.ერთი მოთხრობა ფულზე და სულზე
რამდენიმე ეპიზოდი პოლონეთში ცხოვრებიდან… დანარჩენი არ მახსოვს. ვსვამდით.
ჰო, კაბა ვიყიდე ჩემთვის, მზის ფერზე და თარგზე აჭრილი, მზესუმზირებიანი, კიდევ – საახალწლო გვირგვინი-თაიგული. შევიძინე, როგორც საბჭოეთში გაუგონარი სიტყვათშეთახმება. სხვა?!
ძალიან ვსვამდით… არ მახსოვს.ეპიზოდი პირველი
შერძენისლშენანავებული, ანუ ნისლშერძევებულანანავებული, ანდა სულაც ანანავებულნისლშერძევებული (სიტყვათმშენებლობა მაგარია!!!) მოკლედ ასე… რძესავით ნისლში შენანავებული და მანანავებელი (ვლო-თობთ!) ავტობუსი მიირწევა, მიტაატებს, მიკრიალებს საზღვრებიქითა შოსეზე. ფარების მჭრელი სინათლე კვეთს რძე-ნისლს, ჭრის შედედებულივით ბლანტს მკვეთრი სხივით და მიალივლივებს მიბარებულ ოცდახუთიოდეს და ოცდახუთწლამდეს, მჩქეფარე, კარგად მოწეული (და მწეველი) სიცოცხლეებითურთ. – road, road, road – ბღუის მანქანა.
ავტობუსი მიჰყვება ნისლს. ნისლი მიჰყვება ავტობუსს. ნისლს და ავტობუსს მოHყვება ნაძვის ხეებჩადგმული აციცინათებული ოთხუთხედების რიგი, განათებული ფანჯრები – სადღესასწაულო. ჩვენთვის ახალ წლამდე შორია, შობამდე უფრო შორი. იმ ბერგამოტის, მუსკატის და დარიჩინის სურნელივით შორის, ნაძვისხეებჩადგმული სინათლეების მომბურავი ფარდების მიღმა რომ ტრიალებს.
ჯერ 24 დეკემბერია. შობა ჩვენში შვიდ იანვარს იციან, მაგრამ ჩვენში შობის აღრიცხვამდე ბევრად უფრო შორია; ავტობუსი ხომ ნისლის გარდა საბჭოთა დროებებში მოძრაობს.
ნისლს ჩვენი გაოგნებაც შეედინება, ამ მოულოდნელი დღესასწაულის გამო.
დღესასწაული ფანჯრების გაღმაა… მაგრამ მოდის. ფანჯრებიდან შემოციმციმებული ფერადოვნება მატულობს. გზა ქალაქში შედის.
სარეკლამო აბრები – გასაკვირალი. გამაკვირვებელიც – ღამითაც ანთია!
ავტობუსში სიმყუდროვეა.
ავტობუსი ჰგავს აუღებელ ციხე-სიმაგრეს. ადგილი, სადაც გაქვს „ვარციხე“, – დაუმარცხებელია, შეუვალი, მიუდგომელი.
არავის სძინავს. ჩაღუღუნებულნი, მითავგვერდებულნი ჩათივთიკქურთუკებულნი ვსვამთ დაგემოვნებით. ათი დღით დამეგობრების პირველ საფეხურ-გაცნობა გადაგორებულნი და მეორე საფეხურ-შეამხანაგებაზე გადასულნი, თანდათან ვეხსნებით ერთმანეთს, ვლაღდებით. ოღონდ თავდაჯერილად, მოზომილად, გეგმაზომიერად, ქართულ-დარბაისლურად, გულდადინჯებით და გონმიყოლებით. ასე, სადღაც მეათე დღისთვის ალბათ გავლაღდებით, გამოსამშვიდობებელ საღამოზე ბოლომდე გავთავისუფლდებით, დავიხარჯებით და შინ, სამშობლოში მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გავგულდინჯდებით, გონმოვიკრიფებით, მოვიზომიერებთ და გავგეგმაზომიერდებით.
– რაც გზა გვიდევს ვარშავამდე, ის გამატარებინა თბილ ლოგინში? – „ხმათა ხავერდები“. თვალის კუთხით ვხედავ, სკამის ზურგსაა მოფარებული.
„ნეტამც და შენთან ერთად“ – მთელი არსებიდან ამოფრენილი და დროზეენაზემიკბენილი ნატვრაა ჩემი. კარგად გაზრდილი გოგონები მსგავსზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, არც აგონდებათ, მაგრამ… ნატვრა მარტო ჩემი არ არის, ოთხი-ხუთი კარგად გაზრდილის გაუაზრებელი წაოცნებებაც თან მომყვა, ვგრძნობ. არც ერთი არ უყურებს ზედ. ნუ, აი არც ერთი, ნუ სულაც არ ახსოვთ.
ადამიანურად დათო კი არ ჰქვია, დავითია და კიდევ მეტი… არქიტექტორია… ვაიმე… დავეცით… და ის ისეთი კარგია!!!
წინ თორმეტსაათიანი გზაა. თორმეტი საათი მისი სუნთქვა ჩემგან ცხვირის გაწვდენაზეა, ფანჯარაზე თავმიყრდნობილი მეც თითქმის მის კისერთან ვსუნთქავ. უკან თავხედურად გადმოხსნილი სკამის საზურგე მუხლისთავებს მტკენს. შეიძლება ითქვას, კალთაში მიწევს და ხმასაც არ ვიღებ. მერე რა რომ წვივებს და ტერფებს მილიონი წვრილი ნემსი დაესია და ვერ ვგრძნობ.
– უკანა სალონს ვერ გაგვინათებ?! – „ხმათა ხავერდები“-თქო და ჟრუანტელები. ხმა იმედისმომცემი. ხმა, რომელიც მითბობს სულს და მიმართავს მძღოლს.
შევარციხებული ნისლი ფერებჩაღრილი ვერცხლისწყლისებურია, მოძრავიც. სევდაშეინისლლივლივება… არა ახალწლები ინისლვერცხლისწყლება, არა წლები ჰეფინიუსილსიფერება. (მე ასე ვთვრები. სიტყვათვმშენებლობ.)
– იცით, მეც არქიტექტორი ვარ! – რაღა თქმა უნდა არ ვამბობ.
მძღოლმა უკანა სალონი ოდნავ გაგვინათა და ჩუმად შემოგვბლიუზა.
ბლუზიც ნისლში გაიბნა. ნისლი – სადღესასწაულო სასოწარკვეთით სავსე ფლეიტით და საქსაფონის ამონასუნთქით შეთბა.
მგონი… ან რატომ მგონი… ეს კაცი მიყვარს!მეორე ეპიზოდი
– ასოციაციობანა ვითამაშოთ – კუდრაჭით ამბობს ერთ-ერთი კარგად გაზრდილი.
ხრიკია – ქალური. შევიტყობთ ვინ ვის რა თვალით შეხედა.
ას-ოცი-აციები, ორ-ასოციაციები. ორნი და ას ოცნი შეიტყობენ როგორ აფასებენ ერთიმეორეს. შემთხვევა რა ფასს ადებს მათ: ერთობას თუ ორობას, გაერთიანება თუ იასოცებს… ან იასოციაციებს. მე თვალებში მიბევრდება უკვე.
დავითიც ბევრია.
ამდენი მაინც იყოს. ვცდილობ დავაფოკუსირო მზერით დავითები, მაშინ ყველას გვეყოფოდა.
– მეც ვთამაშობ – კუს ფეხივით გამოვყავი ხელი შემობუდნული ქურთუკიდან.
ვთამაშობთ.
– მმ, ფერწერა? გავს… გავს რაფაელის „მარიამის დაწინდვას“… სიტყვა გაუწყდა. მე ხელი მოწყვეტილი ყვავილივით დამივარდა. იმედის სიმებმაც უიმედოდ ჩაიჟღარუნეს.
უყურებდა დიდი სინაზით, როგორც სადედოფლოს.
სადედოფლომ თქვა არ მინახავსო ეგ რაფაელი და იდუმალი ღიმილი შეაგება. სწორედ „ეგ“ არ უნახავს, თუ „ეგ რაფაელი“ – ვერ მივხვდი.
დავითიც მიხვდა, კომპლიმენტი რომ გაუცუდდა. თავს ვიმძინარებ. მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციები აღარ შემეტყოს. ახლა მხოლოდ მისი ხმა შემომილურჯხავერდისფერება, ბლუზის ხმაში მიბნედილ ვერცხლისწლის შეფერადებულ მოძრაობაში. ხმას ვერ ვეტყოდი „ნუ მეფერები“, თუ ნათქვამის შინაარსი სხვას ეალერსებოდა…
– ჩავიფიქროთ!
– ვინ გამოიცნობს!
თათა? – მოდილიანი, ანუკ ემე, ჟასმინი, „სასაცილო გოგონა“, ანტილოპა, შენობა? – შენობა ალბათ პიზის კოშკი. რას ჩავაცმევდი? მე-17 საუკუნის ტანსაცმელს.
ხმამ, რომელიც საქსაფონის და ფლეიტის შემომუსიკებას მიხავერდებს, ხმამ, რომელსაც თვალდახუჭული ვხედავ, მეგობრული, მაკომპლემენტირებელი და უკანდასახევი გზის დამტოვებელი ინტონაციები შეიძინა.
ხმას შამპანურის ფუჟერის ფორმა აქვს.
არ უნდა დამელია.
თვალდახუჭულიც ვეჭვიანობ. ვხვდები, როგორ წითლდება თათა.
მხოლოდ დავითის ასოციაციებს ვუსმენ და ვხედავ.
თეა? – ყვავილი? გიორგინა. ცხოველი? ჯიშიანი ცხენი. მსახიობი? – მურავიოვა. როლი, რომელსაც გათამაშებდი? – მაგდანა. მხატვარი – ველასკესი. შენობა… რამე, მასშტაბური… იმელი!
ვცდილობ არ გამეცინოს. თეა იბუტება. არადა არის მასში რაღაც მასშტაბური. თეას ურჩევნია იყოს მასში რაღაც ანტიკური… დავითი ცდილობს გამოსწორდეს.
– ჩავაცმევდი ოციანი წლების რეტროს.
თეა აღარ იბუტება. ხმა – თბილი ხუმრობებითაა სავსე.
თათას და თეას გარდა ყველას ცუდად ვიცნობ, ვერ ვხვდები, რამდენად ზუსტად აფასებს.
– გველი – ამბობს ვიღაცის ცხოველის ნიშაში – ვერ ვითმენ და ცალ თვალს ვახელ. შესაფასებელს გავხედე. დიდთვალება, შავთმაგადაკრიალებული თოჯინაა.
რატომ, თორემ კი ბატონო, ვთქვათ…
– მე ვიტყოდი შველი – გამწარდა ის.
ხმა, რომელიც ჰგავდა გამოწვევას გამოსაწვევის გამოწვევას ახერხებს.
– მე დავრჩი – ჩაქნეული ხელი ავიწიე… თუმცა მახსოვდა რომ იქ, სადაც ჰგავდნენ რაფაელის მადონას, ხმა იყო ფითრის ნაყოფის ფორმის და ფერის.
– თქვენ?.. (რატომ მე თქვენობით?) – ავაზას, ყაყაჩოს, სოფი ლორენს მაგონებს. გრატესკა – როლი, მხატვარი? გოგენია ტროპიკებში, შენობა? კარნეგი ჰოლში…
ხმა გამრიდებელი. დისტანციის დამკავებელი. და რადან უხერხული იყო ჩემი დახასიათებისთვისაც თვალდახუჭულს მესმინა, სახესაც გავუსწორე თვალი, დამკვირვებელი, ნიადაგის მომსინჯავი და ობიექტური.
რას ჩააცმევდი? – იკითხა გველადმონათლულმა, მას თუ არ ვცდები კრინოლინი და დაპუდრული პარიკი ერგო.
– გავხდიდი! – ალალად გამოსცდა, ღიმილით დაფარა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ერთის ნაცვლად ბევრმა გველმა ჩამხედა თვალებში. თეამ და თათამ დავითს გაუყარეს დარცხვენილ მზერაში აღშფოთებული მზერა.
– ალბათ ხელთათმანებს? – ვცადე დავითი მეხსნა.
– დუელში მიწვევთ? – არ დაიბნა.
(არა, რაღა მე ვარ თქვენობითში?)
– სიამოვნებით – მივიღე გამოწვევა – შევხვდებით თოვლში.
– სანამ სისხლი დაღვრილა, ერთიც ჩამოვატაროთო – გადმოგვაწოდეს ბრტყელი გამდნარიქარვის ფერით და ლოდინით სავსე ბოთლი.
ვიუარე. ხელთათმანი მიხურდა.
მრავლობითობა კვლავ მხოლობითობაში გადამივიდა.
ნეტავ იცოდეს როოოგოოორ მჭირდება!
ნისლი გახდა უცნაურად მღელვარე და დამედევნა მღელვარე ნდომა. ნდომა იყო გამდნარიქარვის ფერის და ლოდინის, მაგრამ ვიღაცას გენიოსის შედევრის მაგვარს სიყვარულს უპირებდნენ, ფითრის ტოტისფერს.
დავითის დახასიათებისას ითქვა
– ესპანელი იდალგო, ქართული კარტის აგურის ვალეტი, დეგა, ხე – ჭადარი, ცხოველი – ზოოპარკის ლომი, ფილმი – „არსენა“, შენობა? შენობა რომელი?
მე ვთქვი „ტაძარი?
ძალიან მჭირდებოდა.
შეკრთა და ეჭვის თვალით დამაკვირდა. მივხვდი, სიტყვა შორეულ საიმედოდ გადამალულ სამიზნეს მოხვდა.
და მაინც, მე ვიყავი პეიზაჟი ფარშევანგებით, ჩემს ტროპიკებში გარუჯულ სხეულს უცნაური სახელი ვაირაუმატი ერქვა. ხელში მწიფე ეგზოტიკური ხილი მანგო მეჭირა, მანგოს წვენი კი ჩემს მანგოსებურობებს დასდიოდა, როგორც სურვილი… უცხო ხილი… გასინჯავდა კაცი.
სხვა კი, სხვა სინაზით, სხვა ქარიზმით, სხვა სისადავით, სხვა კდემამოსილებით… უყვარდებოდათ…
კიდევ კარგი, კარგი მესაჭე გვყავს, სთქვა მან, მესაჭემ; რაოდენ შედედებულიც და რაოდენ ჩიტისრძისფერიც, რაოდენ რულისებურიც და რაოდენ რულისებურიც, რაოდენ აბრეშუმისმაგვარი და რაოდენ ნახავერდები, რაოდენ ბრუშემმოპარებელი და რაოდენ ამამსუბუქებელი… რაოდენ კი არა, და იმიტომ, რომ ასეთი საშიში ნისლი იდგა მანქანა ერთ ზედმეტ მეტრსაც ვერ გაივლიდა, რამეთუ იგი, კეთილი მესაჭე ცხვირთან მიტანილ თითს ვეღარ ხედავდა უკვე.
მანქანა დადგა.
ჩავიცხელცრემლმთივთიკისქურთუკისსაყელოვე. იქ თბილისში დატოვებულმა ქორწილმა თავისი ჰქმნა. ჩემმა შეყვარებულმა მდიდარი შეირთო. სტრესის მოსახსნელად გამომსაზღვარგარეთეს.
…ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, რისგან შეუძლია მიხსნას…
ჩავიძინე.
ძილშიც მეწვია ხმა, რომელიც ხავერდებს ხევდა: – ჰგავს დასაწინდს და ჰგავს კეტრინ დენევს, ჰგავს ნიამორს და ჰგავს იორდასალამს, შევმოსავდი ქართული კაბით, ან ევროპული, საქორწინო თეთრი მაქმანით, ხელით ნაქარგი… შენობაც მაქმანებიანი, „წმინდა ოჯახის“ საყდარს ჰგავს… დავხატავდი და… ფრესკა… ანგელოზი… მიყვარდა.
არ მესიზმრებოდა. ესიზმრებოდა – სხვას იყვარებდა.
ჩემთვის რომ გეკითხა, ეძინა მესაჭეს. ეძინა ყველა მესაჭეს ქვეყნად. არსად არც ერთი მესაჭე არ იყო ფხიზელი. არც ერთი საჭე აღარ ბრუნავდა. ყველა გზას ნისლი ფარავდა, შიშისფითრისფერი.
აღარავინ შემიყვარებს, აღარასოდეს… არ ვიცი რამდენად გოგენის ნატურა ვაირაუმატი, მაგრამ ვაი რა ბატი… რა უადგილოდ და რა უიმედოდ ვიბრალებდი ახალ სიყვარულს.მესამე ეპიზოდი
გადავთვერისავით.
უნდა გამოვიცეკვო! დავითი? არა. ჩემგან უნდა გამოვაცეკვო, გამოვდევნო, გამოვამევო, გამოვაცხოვრო ყველა ტკივილი…
ვცეკვავ.
მარტო ვარ.
ისიც მარტოა.
რატომაა მარტო? – არაფერი ათრობს, მახსოვს…
აღარ მახსოვს…
სად? ვინ? როდის? რატომ?
მეც ნიამორი ვარ… გავრბივარ.
პიზის კოშკი ვარ. ვვარდები.
ე/ეი, თქვენ არქიტექტორნო, ხელი შემაშველეთ!
არააავინ არ… არავის არ… არავის არ ვუყვარვარ!
ნისლი?
დისკოტეკაზე? შემოგვყვა გზიდან?
არ მინდა!
კვამლია. კვამლში ტრიალებენ… ტრიალებს ბურთი არნახული. ბრუნავს, ათინათებს აპნევს, აბნევს, გვაბნევს… სარკეებიანი. სარკეებშიც ვცეკვავ…
ფერები, ფერები, რა ნაირფერები. შხრრრ წითელი, სხლტ-ნარინჯისფერი, მრუმ-მწვანე, ბლუ-ლურჯი, სახეებს გვისერავს.
სახე ბართან მაინც მშვიდია. გველივით ულამაზესიც მშვიდია. საუბრობენ. გველი კვლავ შველს /გავს.
ვხდები ავაზა – ეჭვის. ვცეკვავ.
ხმის ფერი არ მოდის ჩემს მოძრაობებთან, ფერებს აქვთ ხმა.
– შეგხვდეთ, შევხვდეთ, შევხვდეთ – მეჩვნება.
გული აბრეშუმის და ხავერდის ნახევი. ვე-ჭვი-ა-ნობ. ვერ გამოვაცეკვე ჩემიდან ტკივილი.
„გველი“ ზეიმობს, ის „ნიამორი და კატრინ დენევი“ ჩემზე უარეს ჭირის ოფლს იწმენდს; ღირსეულია და დარბაზს ღირსეულადვე სტოვებს. უღირსსაც. ნუ ზედ არ უყურებს… ნუ საერთოდ…
მისი საქციელი მარტოკა ცეკვაზე ბევრად მომგებიანია.
მაინც ვცეკვავ და წამგებიანად მარტო ვარ.
ისევ შორს, სხლტ, მრუმ და ბლუ. ბლიუზიც.
მი-ყვაააარს!
ვე-ჭვი-ანობ.
გამოვაცეკვებ სიყვარულსაც, ეჭვიანობასაც, ჩამოყოლილ ღალატებს, იმედისკარგვას, სიყვარულისაც. სადედამთილომ უსახსრობა ჩვენიც გვყოფნისო…
ქორწილები და მანქანების ჭყიპინები. ფულიანეთი…
სარკის ნატეხთა ანარეკლებს სახე ირეკლავს.
ისინი სვამენ.
თვალებშიც კი უყურებენ ერთმანეთს.
ჭიქა ხელიდან უვარდება, ჭიქა დაიმსხვრა.
მე გავტეხე ჭიქა. დაჟინებული მზერით. მე არა… მზერამ… ან რომელიმე გამოშინაგანცეკვებულმა გამომშიგნავმა გატეხა ჭიქა.
– ვიცეკვოთ? – ვიღაც პოლონურად მეკითხება.
– აბა რა! – ვცეკვავთ.
თავბუსდახვევა, ტრიალი, ტრიალი, დახვევა, ჩახვევა, მკლავიდან მკლავისკენ და გადაზნექ-გადმოზნექვა და სარკეებიანი ბურთისკენ ატყორცნილი ფეხსაცმლის ჭვინტი. წერტილი. სდექ. თავდაკვრა, რევერანსი… ბის. ბრავო. ტაში. ტუში.
ჩქარ, ჩქარ, ჩქარ და ახლა უკვე ჩა-ჩა-ჩა.
ვსვამ, ვსვამ, ვსვამ…
უ/, ამდენი დავითი უკვე მთელ პოლონეთს ეყოფა. გასაყოფიც აღარაფერია.
– აბა გეყოფა. – თეა-მენტორი – ყველა შენ გიყურებს – წავედით ნომერში.
ყველა?! კი, ერთის გარდა.
ჯან-და-ბა და და-და-დამ, დამ-დამ-დამ.
ბართან აღარავინაა.
ერთად წავიდნენ.
– უნდა ვიცეკვო!
დილამდე.
დილამდე.
მარტო
ვიცეკვებ
რატომაც არა…
მუსიკა! ბარმენი პოლონელი.
–Мис, закрыто, закрыто!მეოთხე ეპიზოდი
– ოქრო გავყიდოთ.
– ოქრო? და-ვი-თი მი-ყვარს! – მთვრალი ვარ.
– უაზროდ ცეკვავდი – მეცნენ მეგობრები.
– თქვენც შეგიყვარდათ? თუ არა? – აღარ ვმალავ ეჭვებს – შეგიყვარდებოდათ.
– უაზროა – ჩაიქნიეს ხელი.
– რა ოქროს გაყიდვას აპირებ? – თათამ თეას კომერციულობასთან შეამხანაგება ამჯობინა, ჩეს პარანოიალურობასთან შერკინებას.
ცოტა ხანში ოქროს ლომის თავს ხელისგულზე დავყურებ კარგი შემფასებელივით. ოდესღაც ვხვდები რა მიბრწყინავს ხელში:
– აჰ! ზოოპარკის ლომი! მაჩუქე… თან ჩემი ზოდიაქია!
– გითხარი უაზროა. ოცდაშვიდი გრამია. ბაჯაღლოა.
– უაზროებს რა არაფერს ჩუქნიან? და-ვი-თი მი-ყვარს. რა-ტომ ვერ მი-გებთ.
– ცოტა თავი დაიჭირე! პირი დაიბანე! გვეყოფა შეჯებილი თვალების ცრემლით ჩამორეცხვის რმანტიკა – თათა გაღიზიანდა.
სააბაზანოში მორჩილად შევდივარ. სავსე აბაზანაში ტანსაცმლით ვწვები.
შეფხიზლებული კი ჩემთვის უკაცრიელ ნომერს დემარშით ვტოვებ. დემარშს კორიდორებში მივაწურწურებ.
სასტუმროს კორიდორს თეთრი, ხელოვნური ნაძვის ხე აბოლოებს.
ბოლომდე რა მივა.
მივედი. უფრო მივქანავდი. ჰაეროვნად.
რა უნდა ყვავილებს ნაძვის ხეზე?
თეთრი ლილიები სათითაოდ დავხსენი და თმაში ჩავიმაგრე. ქაღალდისებს ჰგავდნენ. რა უცნაური ხალხია ეს პოლონელები. თეთრი ლილია – თეთრ ნაძვის ხეზე. /მ!
სარკეში ჩავიხედე.
სარკეს მოეჩვენა, რომ თავი დავიჭირე.
ყველაფერი რიგზეა. ახლა საით?
– 200$ – პოლონელი მომეტუზა.
– ა?
ღამეშიო.
თუ სწორედ მივხვდი…
წარბები ამეზიდა – ყველა საზღვარს გასცდნენ.
აი, რას ნიშნავს საზღვარგარეთი (სოციალისტური ბანაკი მაინც არ ერქვათ). არ გავილანძღეთ! მეც და ბანაკიც.
– Что вы сказали?-თქო.
– 500$-იო – დაფრთხა.
ახლავე დავრეკავ ახალშენეფებულთან და შესიძებულთან, გავაგებინებ რა ბაჯაღლო გაუშვა ხელიდან.
– золото купишь! – დამიბრუნდა გონი.
არ გასჭირვებია გადასხვაბიზნესება, შესხვანივთვაჭრება.
ნომერის კარი ზარ-ზეიმით შევაღეთ.
– ოფელია! უკვე შეშლილი! – გაუხარდა თათას.
– დავახრჩოთ! აბაზანაში! –აიტაცა თეამ.
– ნახეთ ვინ მოგიყვანეთ! – ვინ არის უაზროს რომ ვიტყოდი, იმ ტონალობებში შევასიხარულე მეგობრები. გახსენით ლომების აღლუმი!!!
ლომი გაიყიდა.
ორიოდ ნულით მოგვატყუეს. კურსმა დაგვაბნია. იმ ფულად რამდენიმე, მაგრამ ნუ მაგარ, რომ დაგცემდა ისეთს, ქუჩის შურიან მზერებს რომ მოხსნიდა ისეთს, ცელულოიდის ფერადი პარკი თუ მოგვივიდოდა.
ჩვენ შევიძინეთ ქაღალდის ყვავილებით გაწყობილი, უცნაური საშობაო გვირგვინები, ხორბლის თავთავებით, ნარშავებით, ჩალის წნულებით და ბრჭყვიალა საახალწლო სათამაშოებით.
რატომ ყიდიან ადამიანები ოქროს?
რატომ ვერ ყიდიან ადამიანები ოქროს?
რატომ იყიდებიან ადამიანები ოქროზე?
რატომ გყიდიან ოქროსთვის?
ოქრო, ოქრომ, ოქროს, ოქროდ, ოქროთი,კვლავ ოქრო. ო, ოქროვ!
ბრჭყვიალა სათამაშოები.ეპიზოდი შემდეგი
რა დააჭკნობს თმებში ხელოვნურ ყვავილს.
ეს სხვისი ნომერია, ეს – მისი, ისიც სხვისი, ჩვენი ჩამოვიტოვე. ნომერი, ნომერი. ნუმერაცია ვერ მშველის.
ალალბედზე.
სადაც არის ბედი შენი… იქ მიგიყვანს ქუსლი წვრილი.
ძლივ-ძლიობით ვარჩევ ერთმანეთისგან ჭორიკანა მეღამურებს.
ვინ? ვის? სად? როდის? თამაშივითაა. ვინ? ივის? რას უპირებს? სად? პასუხები მზადაა.
– გიყვები, არ დაგცდეს!
– დედა მომიკვდეს?
– ცოლად აპირებს რომ მოიყვანოს!
– ცოლად?
– გეფიცები.
რაო-რაო? ვინ? ვის? რას უპირებს? როდის?
დავითი – მას ნიამორს.
აი, ნომერი მესმის.
– რა ნომერი, იცი ვისი შვილია? გა-დას-დით…
ხომ ვთქვი.
დაჭკნა ხელოვნური ყვავილები თმაში.ოდნავ შემდეგი ეპიზოდი
კორიდორის ბოლოში მარტოა. იგი – დავითი!
ხელოვნური ყვავილები მზის ამოსვლისთანავე გაიშალა.
„მიყვარხარ“ ვთქვი მშვიდად. მისი სიმშვიდე გადამედო.
მშვიდადვე ვაკოცე ტუჩებში. კოცნამ დამშვიდობების გემო დამიტოვა.კარგი ეპიზოდი
მიდის და მიდის და მიდის ცხოვრება უჩემოდ.
მოდის და მოდის და მოდის თოვლი პოლონური.
გარბის და გარბის და გარბის გზა ფანჯრებში.
თავისუფალი სვლა გვაქვს ქალაქში. სამარშრუტე ავტობუსის ფარდებს შორის საყდარი მოჩანს – თანამედროვე არქიტექტურის, ძველებური რწმენით.
მომწონს. ჩასვლას არ ვაპირებ.
დავითი?!
სწორედ აქ ვაპირებდი ჩასვლას.
საყდრის კარების წინ ჰგავს მადონას დაწინდვის მომლოდინეს.
იქნებ უნდა შეხვდნენ?
მაინც ჩავდივარ.
– ელი ვინმეს? – თოვლზე ფრთხილი ვარ.
– ამ ქვეყანაში რამდენი ახალი ეკლესია შენება. ჩვენთან კი… ხანდახან ვცდილობ ეკლესიები დავაპროექტო. გავა დრო, ვიცი ეკლესიებს მეც ავაშენებ.
„ტაძარი!“ – გამახსენდა ჩემი ასოციაცია. ამ შედარების სამადლობელო იყო ასეთი ნდობა, გულის გადაშლა.
– ხუროთმოძღვარი – დაუკვირდა სიტყვას.
ხუროთმოძღვარი – ამ დავიწყებულმა სიტყვამ რაღაც დავიწყებულში დიდი ხნით დადუმებული ზარები აახმიანა,
– მე სიტყვებით ვმშენებლობ. ოღონდ ხუროთმოძღვარივით ლამაზი სიტყვა ჯერ არ ამიშენებია – ვცადე გულახდილობითვე მეპასუხა.
– შეგატყვე! სიტყვებს იგონებ – გაიღიმა.
ის რომ ჩვენ, საყდრის წინ, ვგავდით რაფაელის ტილოს, რეალურს, გაცოცხლებულს, მაიმედებს.
იქ საყდრის წინ როგორც იქნა ვილაპარაკეთ. ზეშთაგონებით მიყვებოდა, რომ აქ ჩამოსვლამდე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად საგვარეულო ეკლესიას. არესტავრირებდა. როგორ ითლება ქვა, როგორ იხარჩება ქუჩურთმა, როგორ ედუღაბება აგური აგურს, როგორ გამოიწვება ალიზი.
…ყვებოდა მშვიდი, სავსე მადლობით და მადლით. შეამთლიანეს თურმე სარკმელ-ოლარი ხავსმოდებული. გოჯ-გოჯობით გაწმენდილი, ალაგ-ალაგ ამოცვენილი უძველესი კრამიტების ახლადგამომწვარი თიხით შეცვალეს, ძველი ფრესკები გაამაგრეს, ამოასუფთავეს ქვაზე ნაკვეთი ასომთავრული. მზით გამთბარ სახელგაცრეცილ საფლავებზე ჩამოსხდნენ და ჩამოილაგეს დაღლილ მუხლებზე ნაჯაფი ხელები.
ო! როგორ ვიცოდი, რომ ძალიან მჭირდებოდა. აი ასეთი, როგორიც ახლა.
– ახალი ჩანახატებიც გავაკეთე, ახლაც ბაზილიკის პროექტზე ვმუშაობ, თანამედროვე… მანდ მინდა ყოფნა… ჩვენთანაც მოვა ასეთი დრო. ხელი საყდრისკენ გაიშვირა…
მეც სადღაც „იქით“, მისი სიტყვა რომ ვიხმარო, „მანდ“ მიმეზიდებოდა. ჩემი „იქით“ იყო ზევით რატომღაც, დავითის „მანდ“ იყო დედამიწაზე, ადამიანებში, თავის ნაშრომში.
მომეჩვენა, რომ მშიერი ვიყავი, თბილი პური მომიტეხეს და მაჭამეს, აი იმ ხელით, ცოტა ხნის წინ რომ თიხას ზელდა, ბზის კარიბჭეს ჩორკნიდა და ხატებს ჭედავდა.
– წამო, შევიდეთ, დავათვალიეროთ! – შინაურული იყო.
შენობაში შევედით. იეზუიტთა სალოცავი აღმოჩნდა. პატარა ოთახი, მყურდო, უცხო სუნით, კედრით თუ კიპარისის. ნახევარი ოთახი მექანიკურ-მუსიკალურ თეატრს ეკავა. მეფენი, დედოფალნი, სეფექალნი, მხედარნი, მიწათმოქმედნი, მჭედელნი, ჯალათი, მოკვეთილი თავები, ხის, თიხის და ლითონის ფიგურები ლილვების, კბილანების უხილავი ბრუნვით, მოძრაობდნენ, ჩამზარების და კამერტონების ზუსტად გამოთვლილი ჟრჟოლვა მუსიკას /ქმნიდა.
წრეებზე მოძრაობდნენ და ყოველ წრეზე თავიდან თამაშდებოდა, ცოცხლდებოდა პოლონეთის ისტორიის რომელიღაც ჟამი. ჟამთაბრუნვას მართავდნენ სადღაც ფარულში დაფარული მექანიზმები.
დიდხანს ვუსმინეთ დროს მოჟღრიალეს, მოწიკწიკეს, მოტიკტიკეს, მოძრავს და უძრავს. თვლები ბრუნავდნენ. ბრუნავდა დედამიწა. გარეთ თოვდა…
გამოვედით უცხო მადლს შეხებული, სხვა სამყაროში ჭუჭრუტანიდან მზირალი ბავშვებივით განცვიფრებულები.
– იდუმალი მაშინებს, უცხო – დავითი ხმადაბლა ლაპარაკობდა – შენიც ამიტომ მეშინია.
გამეცინა. სხვებსაც უთქვამთ.
– მეც მეშინია რადიკალური ცვლილებების. აქ წამოსვლამდე რადიკალურად შემეცვალა სიყვარულის მუსიკა.
– რა ტიპი იყო?
– მოიყვანა შეძლებული – ცრემლი გამყიდველია, მოღალატე.
– გიყვარდა?
– როცა დავდიოდით… მაშინაც გადაგვაკივლა ორივე ოჯახმა. ჩემმაც, მისმაც. რაღაც რისკიან კაპიტალდაბადნებებშიც ჩაერთო. ან ფული, ან სული-ზე პასუხი მზად /ქონდა.
– კაი, არ მაინტერესებს. მე რატომ მითხარი რომ გიყვარვარ?
– ვიგრძენი არქეოლოგიური ექსპედიციებიდან ჩამოხვედი.
– რა შუაშია?
– რაღაც გჭირს, მსგავსი, არა ცუდად არ მითქვამს, გჭირს რაღაც რაღაცნაირი, იცი კიდევ რა სიტყვა გამახსენდა ასოციაციობანას თამაშისას რომ შენ შეგეფერებოდა… კანდელი.
თოვლი ბარდნის, ვარშავა თეთრი სიზმარია. თოვლში ნაფეხურებს ვტოვებთ. ჩვენი ნაკვალევი, საყდრიდან საყდრამდე მიდის, ტაძრიდან ტაძრამდე, სალოცავი სალოცავამდე.
გზადაგზა ჩანახატებს აკეთებს უბის წიგნაკში; თანამედროვე ეკლესიებს იხატავს. სურათებს უღებს. ფირი დაუმთავრდა აპარატში. ჩემი შევაშველე. მის ქაღალდებში ჩავიჭყიტე. ჩემი აშენებული სიტყვები მივაწერე მის ფოტოებს.
ცალწვეტცასაწვდენილი, თაღთამბრჯენი, შემინულშეწირული… ეკლესიებს ვნათლავდით.
თოვლმაც მოგვნათლა. დაზვინული, სველი, ბედნიერი. ტუჩებიც, თუ ძალიან გვეყინებოდა, ერთმანეთს ათბობნენ.
– ოცი ოქრო გავყიდეთ, მოგვატყუეს – შევჩივლე.
გზამ სასტუმრომდე საღამოს მიგვიყვნა. სულ ეს იყო. სული გამითბა.
გზად კაბაც ვიყიდე. ის გოგენის ფერებში, ეგზოტიკური. რამდენიმე იყო ეპიზოდი პოლონეთის ცხოვრებიდან, მეტი კი არა.
– road, road, road! – წავოვბღუილდით უკან.რაღაც
შეხვედრამდე იყო ცხოვრება.
ოქრო ბევრი გავყიდეთ, ვიყიდეთ, გავფლანგეთ, გავანიავეთ, გავაჩუქეთ, ვიჩუქეთ, უფრო მეტი სისულელეც შევიძინეთ, გავხარჯეთ, გავლიეთ. გავილიეთ.
არც ერთი ჩემი ოქრო ჩემთან არ მოვიდა, არც მე წავსულვარ კლონდაიკზე.
პოლონეთს, დიდი აღმშენებლობა მოყვა. ეკლესია ეკლესიაზე შენდებოდა, ტაძარს ტაძარი მო/ყვა. ჩვენში ზოგი წამოჭიმეს, ზოგი აღადგინეს, ბორცვი აღარ დარჩა ახალი წმინდა სახლით რომ არ დაემშვენებინათ, ყველა კორტოხზე, გორაზე და შემაღლებაზე სულიერი კერა დაინთო, ასე ჩვეული ფორმების და მივიწყებულ-მიჩუმათებული შინაარსის. დღეს რომ ეზოში შეხვიდოდი და ბალახი ღაღანებდა, მეორე დღეს კოხტად შემოყორილი, ეზობზიანი, გავარდბაღნარებული, კოხტაპრუწა კოკროჭინა, პეწიანად მოკრამიტებული ეკლესია გხვდებოდა.
ომებმაც ჩაგვიარა, მითოფვა-მოთოფვამ. აღზევება-გაბანკროტებამ. გადაიქარაშოტა თითქოს.
როგორც ყოველთვის, როცა გარემო იცვლება, დრო გაავდა, გამალდა, თვალიც ვერ მივატანეთ… ცხოვრება შეიცვალა. გავიხსენეთ რა იყო ჩიჩილაკი, ბასილა, შეიქმნა ეროვნული ტელესერიალებიც კი.ერთი ეპიზოდი ეროვნული ტელესერიალიდან
ქვაბიდან დიასახლისი მხრებჩამოყრილ, კისერჩამოწლაწულ, ხორკლებაყრილ ქათამს იღებს. ქათამს ორი გაკრუნჩხული კლანჭი აქვს და ორი მოკაკვული ფრთა. ლურჯია.
– ლურჯი ფრინველი?! – შემოდის დიასახლისის ქმარი. – ქათმის ბიზნესი ხომ არ წამოვიწყოთ?
– კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა, მამა! – შემოდის შვილი.
ოჯახი გადაწყვეტს ხვალიდნელი ქათამი ამჯობინოს დღევანდელ კვერცხს.
ხელით, მაგრამ კონვეირული წესით, ქვაბებიდან მანქანის ძრავის დგუშ-ცილინდრებივით ადი-ჩამოდიან ორი გაკრუნჩხული ფეხით მოხელთებული გაპუტულები.
– ერთ-ორ თვეში, დიიდი მოგება გველის, მინუს საშემოსავლო – „ჩოთქით“ ხელში დგას ოჯახის მამა.
ახალი წელია, შობა მოდის.
ტელესერიალს ვუყურებ მეც, ქათმით ხელში ვიცინი ისე, რომ ცრემლები მცვივა. სატელევიზიო „დიდი კომერსანტი“ ისე /გავს ჩემს მამას, რომელიც არასდროს ყოფილა შეძლებული, ახლა რომ იდეათა გენერატორი გამხდარა, დღე მოდის და უარესი ბიზნეს გეგმებით რომ მიპირებს აშენებას, უფულობით რომ ვერ შეაშინებ.
ასი ქათამი, დასწი ქათამი, და არა შეჯდა მწყერი ხესა.ჭორ-ჭორ-ჭორ
იმავე ცხოვრებაში და შეხვედრამდე იყო ჭორ-გათხოვება, გამოთხოვება. ჭორ-ჭორ საყვარელი, ჭორ-შვილი, ჭორ-სახლი ვიყიდე.
იყვნენ მეგობრებიც და ჭორ-ჭორ-ჭორ-ჩვეული.
დავითი ჭორ დაქორწინდა, ჭორ იცი ვისზე…
– აააა!!! რაააა? „გველი“ მოიყვანა? ის რომ უყვარდა?! მოიცა რა ერქვა…
– იცი „გველის“ მამა ვინაა… ფულში ცურავენ.
დრო ისევ ულმობელი.
ჭორ-დავითი გაშორდა. ჭორ შეირთო ვიღაცა, არაპოლონეთელი. ჭორ-კარგი გოგოა. შეიძლება – ჩვეულებრივი. ცოლი – ცოლისდარი.
ჭორ-ჭორ-ჭორ საყვარელსაც გავშორდი. ჭოოორ! შვილი ორი. ჭორ-განვმარტოვდი. ფი/-აღარც სვამს, აღარც ეწევა, დიეტას იცავს. დილ-დილობით დარბის, ღამ-ღამობით ყმუის.
სიტყვებს ვეღარ ვიგონებ… მაგრამ მე მივხვდი რაღაცაზე მეტს, განმარტოებასაც რომ მიმშვიდებდა.განმარტოებიდან შეხვედრამდე
კინოში მარტო სიარული დამჩემდა.
საღამოს ქალაქსაც მარტო მოვუყვები. აი, ხიდის ქვეშ წყვილი! კოცნიან ერთმანეთს! აი, ახალი სარეკლამო აბრა. განათებული. აი, „კლასობანას“ კვალი ფილაქანზე. ადამიანები. უმრავლესობა უცნობი. ეს ნაცნობსა /გავს. ვუახლოვდები.
– ან ფული ან სული! – მიხარია, რომ როგორც იქნა შემხვდა.
– ვა! „გრატესკა“! პოლონეთი! – არც ის ჩამომრჩა.
იქ, სადაც შევხვდით, ეკლესიაც დგას, კათოლიკური საყდარიც, ტაძარი დაგვყურებს, სინაგოგასთან რაბინი კრიალოსანს მარცვლავს, მოლაც ადრიანად ავსებს ხოლმე სურებს. კარგი უბანია.
შევხვდით ცალმხარეულ ეკლესიასთან. ვიყავი ცალი. უცალმხრო და მომინდა მეყვირა.
„რომ არ შეგვშინებოდა?! რა იქნებოდა? ჩამოგვეღვრებოდა კი შიგახსნილში გარეხსნილი?“
სინამდვილეში კი ვიკითხე.
– ჩვენთანაც ამდენი ეკლესია აშენდა. ალბათ ხუროთმოძღვარი ხარ!
ნურავის შეახსენებთ აუხდენელ ოცნებებს.
– ოჯახი, სამშენებლო ბიზნესი, ორი ვაჟკაცი…
– ლომის ბოკვერები? ასეა, ოქროს თუ გაყიდი. ლომები მაინც უნდა იყიდო.
ეამა.
თვალწინ გაყიდული ლომის თავი გამიბრჭყვიალდა.
– არც გიცდია? – ხუროთმოძღვრობა უნდოდა. რატომ არა? რატომ ისევ არქიტექტორი? ვერ მოვისვენე.
– ვერ გამოვიდა – მშვიდია. – ვცხოვრობდი.
არ ვიცი მიაგნო კი რაღაცაზე მეტს.
გზა გავიმუსაიფეთ. კოცნები, ა! ა! ა! არცერთს არ გვახსოვს.
– რატომ შეგეშინდა? – ვკითხე დამშვიდობებისას.
– საშიში ხარ, საშიში!
არადა, ვიგულისხმე „უფულო გზებით სიარულის“.როგორ შენდება ტაძარი
ავიღოთ მობილური ტელეფონი.
მოთმინებით და დაუნჯებით ავკრიფოთ ანგარიშის ნომერი. მაგთის აბონენტებმა დავრეკოთ წაყ-წაყ-წაყ, ჯეოსელის აბონენტებმა: წაყ-წაყ-წაყ, მეგალაინის…
თქვენს წინაშეა მოთხრობა მეგა ხაზით: ფულიც და სულიც.
მატერიალისტებმაც და იდეალისტებმაც დარეკონ ნომერზე
way-way-way…© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
-
ზაზა თვარაძე – ოდა რუსთაველს
წარმოვიდგინოთ, რუსთაველი რომ იყოს ახლა,
ახლა, ჩვენს დროში, ჩვენს ასაკში,
ჯერაც არ ჰქონდეს დაწერილი თავის პოემა
“ვეფხისტყაოსნად” რომ იწოდება,
ამჟამად წერდეს,
წერდეს წერას ატანილივით.
წარმოვიდგინოთ, რუსთაველი ერთ მშვენიერ დღეს
რედაქციაში რომ შემოვიდეს
(რა გაცვეთილი წარმოდგენაა!) –
რედაქციაში ყველანი იქ იმყოფებიან:
თვით რედაქტორი, მოადგილე, პ/მგ მდივანი…
ერთი სიტყვით – ორიოდ კაცი.
შემოდის შოთა. ძველი ნაცნობი.
კაცი უსიტყვო,
კაცი გაცვეთილ პიჯაკიანი,
ოდნავ მჭმუნვარე,
ხელში პაპკით,
გულის ჯიბეში კი – საბუთებით.
პაპკაში უდევს ის ძვირფასი ხელნაწერები,
რომელთა ფასიც ჯერ არვინ უწყის…
– ვაჰ! ბარო შოთა! შემოდი, ძმაო!
– სალამი ბიჭებს! –
პასუხობს შოთა ხელის აწევით –
რას საქმიანობთ?!
– არაფერს. აგერ ცოტა ღვინო და პურმარილი…
გარეთ ისევ ჭარმაგი დღეა,
რედაქციის მყუდრო ეზოში
ძველი ჭადრები შრიალებენ –
მათ შორის იქნებ ერთი მაინც
შოთას ხნის იყოს –
არავინ უწყის,
არც თვითონ შოთამ.
– დაჯე, შოთიკ, გვითხარი რამე!
– დღეს ბოტანიკურ ბაღში ვიყავი,
რა სამოთხეა… და ა.შ.
ჩვეულებრივი ლაპარაკი,
რამე-რუმე,
მთისა, ბარისა…
შოთა გადაკრავს,
მერე დგება, დაეთხოვება:
– დროებით, ძმებო,
ხვალ შევხვდებით, ანდა ხვალზეით…
და იგი მიდის.
– კაი ბიჭია, რას იტყვი, სოსო – ამბობს მავანი.
– კაი ბიჭია, მარა ცოტა ამპარტავანი!
ამპარტავანი როგორც…
(გვარს არ დავასახელებ)
– ცოტა შტერია, პა მოემუ – ამბობს მავანი.
– ისე, მაგარი ნაკითხია!
– ნაკითხი კია, ვერ წაართმევ.
– ჰმ! უცებ რო ადგე და წაართვა…
ამ დროს შემოდის მბეჭდავი ლიზა
– სოომთ, გენაცვალე? – და ა.შ.
იმხანად შოთა უკვე სახლშია –
იქვე, ვერაზე,
ააღწევს თავის მესამე სართულს,
შეაღებს, შევა,
რთავს ტელევიზორს
და ის-ისაა
თავდავიწყებით უნდა მიუჯდეს
მეორე არხის გადაცემებს,
რომ აზრად მოსდის:
ამას თუ იზამს, იმ წუთიდან
უკვე აღარ იქნება შოთა!
ამიტომ წამსვე, როგორც კი ჩართავს,
ისევ გამორთავს,
პაპკას დადებს,
ტანთ გამოიცვლის და მიუჯდება
თავის მორყეულ საწერ მაგიდას
რომელიც ხშირად
სასადილო მაგიდის როლსაც თამაშობს,
გაშლის ქაღალდებს და აგრძელებს
შეწყვეტილ წერას,
წერას, რომელსაც სამუდამოდ აუტანია…
უცებ დედამისს უყურო ფინჯნით
ყავა შემოაქვს
– ნუ მიშლი, დედი!
ეს შეძახილი დედის გულისთვის მტკივნეულია
(ეჰ, რა ქნას ქალმა!)
შოთა დაწვდება თავის კალმისტარს
(პასტა აქვს ძველი, თითქმის დაღრღნილი,
პლასტმასის, რუხი)
და წერს: მიწურვილ იყო ზაფხული…
შეჩერდება, შუბლს მოისრისავს
“რა ზაფხული, რისი ზაფხული! კაი, თუ ძმა ხარ!”
ეტყვის თავისთავს,
ზაფხული ხომ ჯერ არ დამდგარა!
გარეთ, ვერაზე გაზაფხულია,
ვერისუბანში ნელა ბინდდება,
ქუჩიდან ისმის ახალგაზრდების და მოხუცების
ზმანება-ხმები,
მაგრამ ეს ხმები შოთას სმენას უკვე არ სწვდება,
რადგანაც იგი პოემის წერას აუტანია.
დაწერს: მიწურვილ იყო ზაფხული,
ქვეყნით ამოსვლა… ჰმ… ჰმ… მწვანისა…
კვლავ შეჩერდება. მოუკიდებს სიგარეტ 80-ს
და რატომღაც ციფრი 80
მის თავში იწვევს მეყვსეულ ელდას:
“ოთხმოცი! – ფიქრობს –
ოთხმოცს ოთხმოცი – ას სამოცია,
იქაც ამდენი – სამას სამოცი,
ათჯერ ოთხმოცი რაღა იქნება? –
მთელი რვაასი!
რვაასი წელი!”…
ფიქრობს იგი მონუსხულივით.
უცნაურია, რამ მოაგონა ეს უმეტყველო, ფუჭი თარიღი?!
“რვაასი წელი, რვაასი წელი – ეს… ეს ხომ მთელი
ნახევარი საუკუნეა!” –
იფიქრებს შოთა და თავის ფიქრზე ჩაეცინება,
სურს, რომ დაწეროს: “რვაასი წელი”,
უკვე წერს კიდეც:
რვაასი წელი, რვაასი წელი, რვაასი უკვე გასული წელი…
მაგრამ აქ რაღაც აგონდება და თავს გააქნევს.
თავის გაქნევას ერთვის ბუზის
მკვეთრი ზუზუნი
და ამ ზუზუნზე აგონდება წუხელღამით ნანახი ფილმი
სახელად ლაქა.
“არ იყო ცუდი! – ფიქრობს სიამით – ნეტა იმ ქიშოს
ბოლობოლო რა დაემართა,
რითი დასრულდა ის ისტორია?”
სამწუხაროა – ფილმის ბოლოს სინათლე ჩაქრა.
სინათლე ჩაქრა, სინათლე ჩაქრა,
მხატვრული ფილმი სახელად ლაქა…
“ეჰ, რა რითმაა!” – გაიფიქრებს ის დანანებით
და კვლავ გაწყვეტილ სამუშაოს მიუბრუნდება:
ქვეყნით ამოსვლა, ნუ, ვთქვათ, მწვანისა.
რა ერითმება სიტყვას “მწვანისა”?
იქნებ “დანისლა”?
მაგრამ ერთხელ ხომ უკვე დანისლა
იმ შავმა ნისლმა
მაღალი მთები პოსტსაბჭოურ დაღესტანისა!…
მახლას! ჯანდაბას!
რამე სხვა ვცადოთ:
“ქვეყნით”, “მწვანისა”… და, ვთქვათ, “მწვანილსა”…
ეს მდაბიოა!
მაშინ – განივლთა…
არქაულია!
იქნებ – “ხანდისხან”?!
მგონი მოაჯდა!
ქვეყნით ამოსვლა, ნუ, ვთქვათ, მწვანისა,
წვიმა უშენდა, ნუ, ვთქვათ, ხანდისხან,
ქუხდა, გრგვინავდა გაუსაძლისად
და უეცრადა…
აქ აზრი წყდება,
რადგან ელვა,
როგორც ელვა ციდან ნასხლეტი,
შოთას გონებას რაღაც ჯადო დაეპატრონა
და ელვასავით აკაშკაშდა უცნობი სიტყვა
“სარატანისა”.
“ეს სარატანი რა ჯანდაბაა?!” – იფიქრა წამით,
სულ ერთი წამით,
მაგრამ მაშინვე ეს ერთი წამიც
არარაობას გადააბარა
და შეშლილივით დააცხრა ფურცელს:
მიწურვილ იყო ზაფხული
ქვეყნით ამოსვლა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი
დრო მათი პაემანისა,
ეტლის ცვალება მზისაგან
შეჯდომა სარატანისა,
სულთ-ქნა, რა ნახა ყვაყილნი
მან უნახავმან ხანისა,
აგრგვინდა ცა და ღრუბელნი
ცროდეს ბროლისა ცვარითა,
ვარდთა აკოცა ბაგითა
მითვე ვარდისა დარითა…………….
აქ ისევ შედგა.
უჰ!
გაეჭედა!
რადგან სიტყვებზე “ცა და ღრუბელნი”
გაახსენდა უცებ ვრუბელი,
ვრუბელი და მისი დემონი
რომელშიც ცოტა ანგელოზია.
ეს კიდევ რაა!
მოაგონდა: “არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი”…
და სიტყვა “თამარს”
რაღაც სევდა დაადგა ბაკმად,
მერე რატომღაც (თუმც რაღა რატომ):
“შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები”… და ა.შ.
“მე აქ რა მინდა?! – გაიფიქრა მოულოდნელად –
მე აქ რა მინდა? ამ ქვეყანაში?!”…
შეძრწუნებულმა მიმოიხედა
და თვალწინ ისევ ისე დაუდგა:
მე აქ რა მინდა,
საქართველოში,
რისთვის, ძვირფასო,
რისთვის, ნუგეშო?!…
ჭიქას დაწვდა.
ყავა გადაკრა.
მოუკიდა ჩამქრალ სიგარეტს
და ისევ თავის ხელნაწერებს დაასო თვალი,
სადაც ეწერა: აგრგვინდა ცა და
ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარით…
ანაზდად შეცბა
რადგან ისევ
რაღაც ბუნდოვნად თვალთ მოებლანდა,
რაღაც ოდესღაც ნანახი და დავიწყებული,
თითქოს ეს უკვე ოდესღაც იყო
(დეჟავუს განცდა. ხომ განგიცდიათ ბავშვობაში და ა.შ.),
თვალწინ დაუდგა ამ ცოტა ხნის წინ გადაკითხული
გამოკვლევა რუსთველოლოგ მ. თავდიშვილის
(ჩვენი მურმანის)
“ვეფხისტყაოსნის დაფანტული სტროფები”,
სადაც ეწერა შავით თეთრზე, რომ წვიმის მოსვლა
რენესანსის იმ ნეტარ დროში
ღმერთის წყალობად იაზრებოდა…
მაშ მით უმეტეს!
მით უმეტეს შესაძლო არის
ჩაიწეროს აქ ეს სიტყვები
რომ აგრგვინდა ცა
და რომ ღრუბელნი
ცროდეს ბროლისა, თუნდაც, ცვარითა!
ეს ეპიზოდი ხომ იმ დროს ხდება, როს ავთანდილი
თითქმის შემთხვევით
დაკარგულ ქალის ადგილსამყოფელს მიაკვლევს ბოლოს!
და ასე შემდეგ!
და ასე შემდეგ!
ვიდრე თვით ბოლო სტრიქონებისა,
როდესაც შიგან მათს საბრძანისსა
კრავი და მგელი ერთადა სძოვდეს!….
მაშ გავაგრძელოთ:
უკვე ჩამოწვა ვერაზე ბინდი,
უკვე ანთებენ ელექტროლამპებს,
ცაზე ღრუბელი ლანდივით მიდის,
ქარი ცაცხვებში სინანულს ანთხევს,
ქუჩიდან ისმის ხმა მოხუცების
ხელის კანკალით შინ რომ მიდიან,
ყომარბაზები და ოხუნჯები
ჩაცუცქდებიან საცა ბინდია,
ქალაქი ცოცხლობს ათასი წელი,
ისევ ისეა, ვით გამოცანა,
იწვის სანთელი
და ქარვისფერი
ნათელი
ღამის გულს გამოქარვავს,
დაღლილი კაცი იცდის ოთახში,
დაღლილი კაცი – უცხო, ეული,
სიცოცხლე მიდის ისევ მოცდაში,
და აბედივით ხმება სხეული,
შეუძლებელი, შეუძლებელი,
შეუძლებელი არის ცხოვრება,
ამღვრეული და შეუცნობელი,
დავიწყებული დაუხსომებლად,
მოდის ხსოვნაში სიტყვები: ბავშვი,
ბზა, სახარება, სხივი, ჭიშკარი…
და ეძებს კაცი გაწყვეტილ კავშირს
როცა ცრის წვიმა, როცა ქრის ქარი…
ო, მეგობარო, წავიდეთ ქარში,
წამოდი, ქარში ერთად ვიაროთ
სადაც სიბნელე დარბაზებს გაშლის
და ზღაპრის სკივრზე კვარი კიაფობს,
დავაგდოთ ჩვენი უჟმური ბინა,
თვალი შევავლოთ სხვა ჰორიზონტებს,
გავყვეთ უცნაურ ვარსკვლავის ბრწყინვას
უკუნეთიდან რომ მოგვიწოდებს,
წამომყე, წამო, გავუყვეთ შორ გზებს
სადაც სავსეა ცა ვარსკვლავებით,
ვიხეტიალოთ ამ მიწის ზურგზე
აღმოსავლეთით და დასავლეთით,
ეგებ მივაგნოთ ამქვეყნად ალაგს
სადაც მშობელი მიგველის ჩვენი –
მშობლური, ტკბილი, მოწყალე –
მამა,
ცა წყალობისა მთოველი, მფენი,
წამო ვიაროთ ათასი წელი,
თან გავიყოლოთ ეს გამოცანა –
რომ კვლავაც ბნელში ჩანდეს ნათელი
და სიბნელიდან ნათლის მოტანა. -
მარიო ვარგას ლიოსა – იმედის უფლება
-
მარიო ვარგას ლიოსა – თუნუქის დოლი
-
ჯაბა ზარქუა – მკითხველის მოთვინიერება
-
გიორგი კეკელიძე – პოეტის ცრუ განაჩენი საკონტროლო წერა #
ხოლო მე სკამზე ვიდექი და ხმა მიკანკალებდა. მერე დავმშვიდდი და რიხი შემემატა. ბოლოს სულაც ყვირილზე გადავედი. საყელო გამიოფლიანდა, თვალები დამებინდა და ჩამოვვარდი. ტკივილმა არა, ტაშის ხმამ დამაფრთხო და გამომაღვიძა.საშინელი სიზმარი დამჩემდა – ვითომ სუფრაზე მოვხვდი და ლექსის წაკითხვა მთხოვეს. ზრდილობიანი კაცი ვარ, ძველი ხერხის – აბა მესხი რომ მოვიდეს, ფეხბურთის თამაშს ხომ დააძალებთ და ა.შ. გამოყენება უცხო ხალხთან არ შემიძლია. ისევ სკამზე ავდივარ.არადა აღარ მინდა. მომბეზრდა უკვე.ის ძველი სასკოლო საზეპირო რომ გადავაკეთოთ და ასე ვთქვათ: პოეტი ხარ და ხამს!:)არადა რამდენი ხამსაა, ზღვა ვერ დაიტევს.მაგალითად, ეს ხალხი (იხ. საზოგადოება) დაჟინებით ითხოვს: მოვალეობათა ნუსხაში ყველასგან წამებული, ანაც ყველაფერზე მეამბოხე რაინდის, ქარიშხლიან დღეს გაცრეცილი შარვლით კუბოების დევნის, უკეთესი შემთხვევისას – ამბროზიის ნელსურნელებით ტკბობის, ედემის ვაშლების დაუღალავად კბეჩის, სადღეგრძელოების ხავილის და მჯიღის გულზე ბრახუნის მთავარ პუნქტებად შეტანას. პოეტისგან ითხოვს ანუ. არც უკანასკნელი უარობს ხოლმე, მით უფრო თუ ლექსებს ვერ წერს.დიახ, ეს ახლა ხდება. თქვენ თვალწინ. მიუხედავად ამ პროფესიის ხალხისადმი ერთი შეხედვით ინტერესის კლებისა.აბა – ის პოეტი, რა პოეტია – და მოჰყვება ამას …….XIX საუკუნის II ნახევრის ქართულმა მწერლობამ პოეტის ცნების სამი ავტორისეული დეფინიცია შესთავაზა მკითხველს. სამივეში მისი როლი მიღმიერ სამყაროსა და წუთისოფელში ნაწილდება, იგია ერთგვარი მედიატორი ქვეყანასა და ზეციურ საუფლოს შორის: “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა; ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა” (ილია ჭავჭავაძე), “შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა” (აკაკი წერეთელი), “ვამაყობ იმით, რომ მიწას მიწად და ცას ციურად მივეთავაზი” (ვაჟა-ფშაველა), ამას მოჰყვა მეოცეს სიმბოლისტური დასაწყისი „სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა თვითმკვლელობის” (ვალერიან გაფრინდაშვილი), მერე იყო „პოეტი კლასის მომღერალი” (ირაკლი აბაშიძე) – სიმღერა სავარძელს და ბიჭვინთასაც გულისხმობდა, მერე „პოეტი უნდა ხალხში იყოს, სხვა საქმე არ ჰქონდეს” (მურმან ლებანიძე). ეს მარტო ფრაზებად კი არა, ინსტრუქციებად იქცა. „შემკვეთიც” და „შემსრულებელიც” ამას ითხოვდა და ირგებდა.არადა ხომ შეიძლება ამდენი კატეგორიული „უნდა” აღარ იყოს.და ითქვას ასეც: პოეტი ტიპური სოციალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია, გარდა თავისი ძირითადი მოწოდებისა, ჰქონდეს განსხვავებული პროფესიაც (იყოს თუნდაც მღებავი, მექანიკოსი, მიმტანი, კონფორმისტი, ნონკონფორმისტი, მსუქანი (ეს ერთ-ერთი ცნობილი ლექსის მიხედვით სირცხვილი იყო), მილიონერი, ჯიბეგახეული, ლოთი, ფხიზელი, გნებავთ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მინისტრი (მეჭურჭლეთუხუცესი!) ან მოხდეს ისეც, თუკი იგი „ჰაერში დაფრინავს” (ფრთიანი ფრაზა), მხოლოდ ჩარტერული რეისით და ასე შემდეგ. მგოსანი კი მაინცდამაინც ღმერთთან (თუ უნდა, არვინ უშლის) კი არ ლაპარაკობდეს (სამფრთიანი ფრაზა), არამედ ვთქვათ რომელიმე მოწყალე გამომცემელთან, ვისი მოტყუებაც (ანუ კრებულის დატყუება) არანაკლებ რთული საქმეა, ვიდრე მთელი ერის მაგივრად ცოდვების ვირტუალური მონანიება.ვაცალოთ პოეტს ადამიანად ყოფნა.ახალი ტიპის მითიც ავიშოროთ, რომლის მიხედვითაც, კაცი, რომელიც პარალელურ რეჟიმში ლექსებსაც წერს და ვთქვათ, კარტოფილსაც ხარშავს (ერთი ნელთბილი და უკვე კარგად მივიწყებული ავტორის არ იყოს), გმირია. იგი არაფრით განსხვავდება საბჭოური დითირამბებისგან (შესანიშნავი მევენახე, ამავდროულად ჰყავს მოხუცი, ბრმა დიდი ბაბუა და სოფლის საბჭოს კლუბის მუსიკალურ ანსამბლში გიტარაზე უკრავს).თქვენ კი ისევ დაჟინებით მოდიხართ და ლექსის წაკითხვას მთხოვთ. მართალია სიზმარში, მაგრამ მაინც მოდიხართ. რა ვქნა, ზრდილობიანი კაცი ვარ და უცხო ხალხი ხართ. ჯანდაბას, მომაწოდეთ, სკამი, შემოვდგები. შემოვდგები და ვიტყვი:„ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმათქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი…”(ტიციან ტაბიძე)თქვენი (მარად) გიორგი კეკელიძე.
© tabula
-
არჩილ ქიქოძე – მწვანე სახლის ყველაზე ცნობილი შვილი
გუშინ გავიგე, რომ მარიო ვარგას ლიოსას ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისთვის და აჯანყებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის მკაფიოდ წარმოსახვისთვის“. არ ვიცი და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ, რამდენად მოეწონა მწერალს საკუთარი შემოქმედების ამგვარი ფორმულირება. მე ერთი ვიცი, რომ ლიოსასთვის ეს პრემია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მიეცათ, შორეულ სამოციან და სამოცდაათიან წლებში, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა მისი საუკეთესო, კრიჭაშეკრული წიგნები („ეს ახალგაზრდა პერუელი სულ კბილების ღრჭიალით წერს“ – აღმოხდა ვიღაცას მისი პირველი რომანის „ქალაქი და ძაღლების“ წაკითხვის შემდეგ), მაგრამ ლიოსამ ბოლო-ბოლო მაინც მიიღო თავის ნობელი და მას მერე, რაც გუშინ ერთ ჭიქა მის სადღეგრძელებლად ავწიე, გადავწყვიტე, რომ მარტო დღეგრძელობა არ კმაროდა და საყვარელ მწერალზე ორიოდ სიტყვის დაწერა ნამდვილად ღირდა.მე ხშირად, ძალიან ხშირად მინატრია ლიოსას ნიჭი და გაქანება და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არა – თუნდაც სხვა ვინმესთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ან მიმდინარე სრულ აბსურდამდე მისული პოლიტიკური თუ ყოფითი ამბებისგან ერთ, დიდ, მაშტაბურ მოზაიკას შექმნიდა. ხშირად მიგვრძვნია და ხმამაღლაც მითქვამს, რომ ჩვენს თავს დატრიალებული ორომტრიალი სწორედ მის კალამს, მის ნიჭს და მაშტაბს, მის მწერლურ ბრაზს, დაუნდობლობას და იუმორს იმსახურებდა, მაგრამ არა, ვარგას ლიოსა პერუს შვილია და, თუმცა უკვე მრავალი წელია ევროპაში ცხოვრობს, მისი ლიტერატურა არასოდეს გასცდენია ლათინური ამერიკის ფარგლებს. ანდა, რატომ უნდა გასცდენოდა, როცა ეს კონტინენტი ასეთი ნაყოფიერია უცნაური, აბსურდული, ტრაგიკული და კომიკური ამბებით.
ლიოსა მართლაც ბევრს წერდა პოლიტიკაზე, ძალაუფლებაზე და კიდევ იმაზე თუ რას უშვება ადამიანთა ნაწილს ძალაუფლება ან რად აქცევს სხვებს მათი სამსახური და მონობა. 2000 წელს, როდესაც მისი რომანი „ვაცის დღესასწაული“ გამოვიდა, გაბრიელ მარკესს თითქოს დაახლოებით ასეთი რამ აღმოხდენია: მოხუც კაცს ასე არ უნდა მოექცეო! – ლიოსას შექმნილი დიქტატორის სახე (რომანი რეალურ ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული და დომინიკის რესპუბლიკის ისტორიის იმ პერიოდს ეხება, როდესაც მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და გარყვნილი დიქტატორი რაფაელ ტრუხილიო მართავდა) იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ მანამდე ყველაზე წარმატებული ლათინოამერიკული ლიტერატურული დიქტატორი – მარკესის „პატრიარქიც“ კი დაჩრდილა… იცით, ვინ მომიყვა ეს ამბავი? ერთმა თბილისში მაცხოვრებელმა პერუელმა. როდესაც ამ კაცს დაახლოებით ექვსი წლის წინ შევხვდი საერთო მეგობრების ოჯახში, უცხო ენების ინსტიტუტში ესპანურ ენას ასწავლიდა. კომუნისტური იდეებით გაბრუებული მოხვედრილა საბჭოთა კავშირში, მერე ქართველი ქალი შეყვარებია, დაოჯახებულა და სამუდამოდ დარჩენილა თბილისში. ის იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი პერუელი ნაცნობი, შვილი ჩემთვის საოცნებო ქვეყნისა, რომლის გეოგრაფია, ისტორია და ბუნება საკმაოდ კარგად ვიცი და რომლის სიყვარული მხოლოდ ერთი ადამიანის – მწერალ მარიო ვარგას ლიოსას დამსახურებაა. ჩვენ ძალიან მაგარი საღამო გავატარეთ, ხინკალს ვჭამდით, არაყს ვაყოლებდით და პერუზე და ლიოსაზე ვლაპარაკობდით. ახალგაზრდობაში იმ კაცს კარგად მოევლო საკუთარი გასაოცარი ქვეყანა და მრავალ ისეთ ადგილას იყო ნამყოფი, სადაც მწერალს საკუთარ პერსონაჟების ერთი შეხედვით უთავბოლო მიმობნევა უყვარს ხოლმე. ნამყოფი იყო მცოცავი ქვიშებით გარშემორტყმულ ქალაქ პიურაში, სადაც ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ლიოსას „ბიჭური“ მოთხრობების გმირები დანებს უქნევდნენ ერთმანეთს, სადაც პირქუშ და გაუცინარ ჩუნგას ბორდელი ჰქონდა გახსნილი და სადაც ლიოსას მრავალი რომანის გმირი სერჟანტი (შემდგომში ლეიტენანტი) ლიტუმა იყო დაბადებული, ნამყოფი იყო ანდებში და უნაყოფო პუნაში, სადაც ტერორისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ადამიანებს და ვიკუნიებს, სადაც სასჯელის სახით მიავლინეს პერუს ჯარის მეძავებით მომმარაგებელი პანტელეიმონ პანტოხა და სადაც იგივე ლეიტენანტი ლიტუმა ჯიუტად იძიებდა უკვალოდ გამქრალ მაღაროელთა საქმეს, წინ კი სრულიად შემაძრწუნებელი აღმოჩენა ელოდა.
პერუელი ნამყოფი იყო კაუჩუკის მაძიებელთა მიერ შუა ჯუნგლებში აშენებულ ქალაქ იკიტოსშიც, რომელსაც ლიოსას შექმნილი კიდევ ერთი შეუვალი და ადამიანური სისუსტეებისგან დაცლილი მმართველი – გუბერნატორი ხულიო რეატაგი მართავდა, ნავით დაშვებული იყო მარინიონზეც – უზარმაზარ მდინარეზე, რომლითაც პერუელი ჯარისკაცები ჯუნგლებიდან პატარა ინდიელი გოგონების მოსატაცებლად მიცურავდნენ, რათა შემდეგ სანტა მარია დელ ნევის დედათა მონასტერში მოენათლათ, რომ იქაურ მონაზვნებს ნამდვილ ქრისტიანებად აღეზარდათ და იმავე მდინარით მოხუცი აკილინიო თავის ნავით უკანასკნელი თავშესაფრიკენ მიაცურებდა კეთრით დასნეულებული ბანდიტ და კონტრაბანდისტ ფუსიას და მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მეორე ასეთი საზარელი ანტიოდისეა, როგორც ფუსიას მგზავრობა კეთროვანთა თავშესაფრისკენ და მთელი მისი მონოლოგი, რომელიც რომანი „მწვანე სახლის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზია – ამაზე პერუელი და მე შევთანხმდით. მწვანე პერუს ეროვნული დროშის ფერია, „მწვანე სახლი“ ამ ქვეყნის მოფერებითი სახელია და ასევე ქვია 1966 წელს გამოქვეყნებულ ლიოსას ჩემი აზრით საუკეთესო რომანს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, არსაიდან მოსული ანსელმო მითიურ ბორდელს აშენებს და მასაც „მწვანე სახლს“ არქმევს.
შეუძლებელია, ილაპარაკო ლიოსაზე და არაფერი თქვა მის სტილზე, რომლისთვისაც სიტყვა ვირტუოზულიც კი ძალიან ცოტაა. ლიოსა თითქოს მათემატიკური სიზურსტით, ფაზლივით აწყობს თავის რომანებს, უფრო სწორედ, სურათის ფაზლივით აწყობა მკითხველს უხდება. ერთი პერსონაჟის რეპლიკას, ოცდაათი წლით ადრე მეორის მიერ ნათქვამი ენაცვლება და ერთი ამბავი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გრძლედება ათი წლის შემდეგ მომხდარი მეორე ამბით, იმისთვის რომ შემდეგ უკან დაბრუნდეს, მერე ისევ სადღაც გადახტეს დროსა და სივრცეში და ბოლოს ყველა სიუჟეტურმა ხაზმა, ყველა პერსონაჟის დასახიჩრებულმა ბედმა გაუგონარი და სრულიად დაუნდობელი შეუქცევადობით ერთად მოიყაროს თავი. და როგორია „მწვანე სახლის“ ფინალი? ისეთი, რომ წესით ცხოვრება აღარ უნდა მოგინდეს, ყველაფერი ინგრევა, ყველა და ყველაფერი უკვალოდ ქრება, თითქოს არც უცხოვრიათ ამ ადამიანებს და, მაინც, გიპყრობს საოცარი სიმსუბუქე, თუ აღტაცება, თუ არ ვიცი, რა დავარქვა… ამას, მგონი, უბრალოდ დიდი ლიტერატურა ჰქვია…მე წაკითხული მაქვს დიალოგი მარკესსა და ლიოსას შორის. მას ინტერვიუს ფორმა აქვს, ლიოსა კითხვებს სვამს, მარკესი პასუხობს. როგორია? – ძალიან მაგარი. ლათინურ ამერიკული ლიტერატურის ორი ყველაზე მსხვილყალიბიანი კლასიკოსი ისეთ „ტოპკებს“ უწევს ერთმანეთს, ისეთ რამეებს ამბობს, რომ გაგიჟდები კაცი. სხვათა შორის იქ მესამესაც ახსენებენ – არგენტინელ ბორხესს და ორივე აღიარებს, რომ რასაც ეს კაცი აკეთებდა, როგორც წერდა, მათთვის მიუღებელიც კია, მაგრამ მის (ბორხესის) გარდა ასე სხვა ვერავინ გააკეთებდა და ბორხესი მათთვის მიუღებელიც არის და მიუღწეველიც, გაუგებარიც და გენიალურიც. ბორხესი არსებობს და ამას უნდა შევეგუოთ.იმავე ინტერვიუში ლიოსა მარკესს ლიტერატურული გავლენების შესახებ ეკითხება. „როგორ არა?! რამდენიც გინდა,“ – პასუხობს მარკესი, – „მაგალითად „მარტოობის ასი წლის“ ერთ-ერთ ქალ პერსონაჟს შენ დაგესესხე, შენი დედა ანხელიკა გადმოვიტანე ჩემს რომანში. შენთან დაკავშირება და ნებართვის თხოვნაც მინდოდა, მაგრამ ვერ გიპოვე, ვარგიტას, ამ დროს შენ სადღაც ევროპაში იყავი.“მაგარია, არა?“.
ამბობენ, რომ დღეს მარკესი და ლიოსა აღარ მეგობრობენ. ზოგის აზრით განხეთქილება კომუნისტ მარკესსა და ლიბერალიზმით გატაცებულ ლიოსას შორის პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ისიც გამიგია, ქალის გულისთვის იჩხუბეს და ხელითაც გაიწიეს ერთმანეთზეო. არ ვიცი და არც არის ჩემი გასარჩევი, ოღონდ თუ ეგ ამბავი მართალია, ნეტა რა ქალი იყო ამისთანა? კიდევ ოცი წლის წინ, 1990 წელს ლიოსა პერუს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს. ამ დროს უკვე კარგა ხნის გამოქვეყნებული ჰქონდა „საუბარი ტაძარში“, რომანი რომელიც თითქმის მთლიანად პოლიტიკის და პოლიტიკოსთა სიბინძურეების აღწერითაა სავსე, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება ძალაუფლებისთვის, სადაც არჩევნების ბედს სხვადასხვა პარტიების მფარველობის ქვეშ მყოფი ძველი ბიჭების ბანდები ქუჩაში წყვეტენ, სადაც ხდება უამრავი ძალადობა და მკვლელობა… ლიოსამ თამაშის წესები კარგად იცოდა და მაინც მოინდომა პრეზიდენტობა. კენჭი იყარა და წააგო დღეს უკვე კორუფციისთვის გასამართლებულ ფუხიმორთან. 1990 წელს მე არათუ პერუს ამბები, ლიოსას სახელიც კი არ ვიცოდი და ჯერ არც მისი „მწვანე სახლი“ მქონდა უროსავით მოხვედრილი. რომ მცოდნოდა, ფუხიმორისკენ ვიქნებოდი და მწერალს აუცილებლად ვუსურვებდი დამარცხებას. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა, მაგრამ სრულიად აუხსნელია, პოლიტიკაში გარევის (თანაც როგორი გარევის) შემდეგ მწერალმა ისევ გააგრძელა მაგარი რომანების წერა. შეიძლება ამ თავად დალოცვილ ლათინურ ამერიკაშია რაღაც საიდუმლო… მარიო ვარგას ლიოსა ახლა სადღაც სამოცდათოთხმეტი წლისა უნდა იყოს. სიმპატიური და ღონიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველა ასაკში სიმპატიური იყო. ლათინოამერიკელებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ. ჩემს ჯეელობაში წიგნის მოყვარულ ოჯახებში ჰემინგუეის წვერიანი და როლინგიანი პორტრეტი ეკიდა ხოლმე, ასეთ ოჯახებში უბნელი ძმაკაცები რომ მოხვდებოდნენ, „ბაბუაშენიაო?“ – იკითხავდნენ. მე ისეთი თავხედი ვიყავი, რომ ჩემს პატარა ოთახში მთლად ფოლკნერი მეკიდა და იმის ბაბუობაც უკითხავთ. აი, ლიოსა არავის ეგონება ვინმე ჩვენიანის ბაბუა. სხვანაირი იერი აქვთ მაგათ, სხვანაირი სისხლი უჩქებთ ძარღვებში და სხვანაირ სისხლასვსე წიგნებს წერენ – უცნაური და გიჟური ამბებით სავსეს. მაგიური რეალიზმიო და კიდევ რა არ დაარქვეს და, მგონი, ეგ ევროპისთვისაა მაგიური, იქ კიდევ ჩვეულებრივი ამბებია, იქ შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ეგეთი რამეები, უბრალოდ ბევრი მაგარი მთხრობელი გამოუჩნდა. იმ მთხრობელებში კიდევ ლიოსა ყველაზე უფრო მიყვარს, მაგიტომაც გამეხარდა გუშინდელი ამბავი… ერთ რაღაცასაც ვიტყვი. მაგარია, როდესაც შენ საყვარელ მწერალთან დროის ერთ მონაკვეთში ცხოვრობ, მაგრამ ძნელიც არის, იმიტომ რომ იცი, ვერასდროს შეხვდები, თუმცა ჩვენი შეხვედრა დიდი ხნის მომხდარია, მაგრამ მაინც…