პროზა

მაკა მიქელაძე – ქურდბაცაცები

როგორ მომატყუა!
ხუმრობაა, ოცდუთხუთმეტი წელი ერთად გავატარეთ. განუყრელად, სიამტკბილობით, ხმის აუმაღლებლად, უღალატოდ… რას ვიფიქრებდი… ჩემი ცოლი მთელი ცხოვრება მატყუებდა?! ცრუობდა?! წარბშეუხრელად, წინასწარი განზრახვით, თვალთმაქცურად და ყოვლად უსინდისოდ… გვიან შევიტყვე.
წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარ სახიანი ხელოსანი, გულგარეთა თანაგრძნობით ჩამძიებია.
– კარტინა გავაკეთო ჯიგარო-ჯან! ბეზ კარტინი როგორ იქნება? არ ივარგებს, არა – არა, შენი ნებაა. ხაზეინ სკაზალ ბოგ სკაზალ.
საფლავის ქვა ორმოცამდე მოსასწრებია. „კარტინა“ არ მინდა, არ მინდა წვიმა-თოვლ-ჭყაპში სახე უტიროდეს და ლოყის ნაჩვრეტებში ავდარი უგროვდებოდეს…
ეჰ! სიბერემდე სიქაჩლეო… რას წარმოვიდგენდი.
ჩემი ბრალია. ჩემს გარდა ყველა იგუმანებდა.
მიყვარდა. სიყვარული კი ბრმაა.
გემრიელი ქალი მყავდა. უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან მომზადებულ ქიშმიშიან ფუნთუშას გავდა. თეთრი, სლიკინა კანი, ლამაზი ხალები ბეჭზე, კისერში. თეძოზე ნაჩვრეტები… თაფლისფერი ფუმფულა თმა… ფუნთუშას ჩემ ხელში დაემსგავსა, ისე კი ერთი წაყლანწული, თვალვარსკვლავა, პირმომცინარი, მერცხალივით დაუდგრომელი, ოქროს ხელება, ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი გოგო იყო. გამხდარი, გამხდარი, ლანდი გასდიოდა. თაფლისფერი თმაც ჩემ ხელში დაეფერფლისფერა. ფაფუკი და ფუმფულა კი დარჩა.
შევაბერდით ერთმანეთს და რად გინდა? ოცდათხუთმეტი წელი მატყუებდა… არა, ოთხი წელი, კიდევ ქორწილამდე დავდევდი. არ მომყვებოდა… ჰმ! იცოცხლე მარბენინა.
კარგი ცოლი მყავდა. სუფთა, გულისხმიერი, დამთმობი, თავშენახული. „კარგი დიასახლისი თავისი თავის ქურდიაო?“ იტყოდა და ამ დევიზით აბინავებდა განჯინაში ნახევარ ორცხობილას, მწიკვ ბრინჯს, ორ-სამ ღერ მწვანილს, გაფრცქვნილ ხახვის ნახევარს და მოხარშული კვერცხის გულს პაწია ჯამებში, ქვაბუნებში და რკინის კოლოფებში, რათა მეორე დღეს გემრიელ რამედ გადაექცია.
აბა ასეთი ქურდბაცაცა რა ხეირს დამაყრიდა?
ფული უყვარდა. ხელფასის სახლში მიტანა მიხაროდა, ბავშვივით ხალისობდა. სანამ მთლიანად არ გადაიბარებდა ხელფასს, ათასგვარ ხრიკს და ფანდს მიმართავდა. ეშმაკურად განაბული და კმაყოფილი ჩემს გასამრჯელოს საიმედოდ შეგულებულ სამალავებში აბინავებდა ნაწილ-ნაწილ. საგულდაგულოდ, მაგრამ ისე საგულდაგულოდ, რომ ხანდახან თვითონვე უჭირდა მოძებნა. მოგვიანებით, შემთხვევით აღმოაჩენდა ხუთმანეთიანებს წიგნის ფურცლებს შორის სათუთად ჩასვენებულს, სამმანეთიანებს ნაფტალინიდან ახლად ამოღებული შალეულის ჯიბეებში. თუმნიანებს გატკიცინებული თეთრეულის უკან გადამალულ ფრანგული სუნამოს ყუთში. იპოვნიდა და კისკისებდა, კისკისებდა, უხაროდა. ოცდახუთიანებს სად დებდა, ერთხელად არ დავიწყნია.
დამალვის სენი სჭირდა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასეთი კაჭკაჭი, რამეს მეც დამიმალავდა.
რაც არ უნდა მეყიდა, მაშინვე არაფერს ჩაიცმევდა. მალავდა. ფეხსაცმელს მოვუტანდი, არაფრის დიდებით ფეხზე არ გაიკარებდა, სანამ შესაფერის პალტოს, ჩანთას, კაშნეს, ჩულქს, მძივს, ცხვირსახოცს, პომადას და ლაქს არ შეიძენდა. ჩვენი შემოსავლით ასეთ კოლექციონერობას წლები შეიძლებოდა დასჭირვებოდა. ერთხელაც გამოეწყობოდა თხემით-ტერფამდე და რომელიმე ქორწილ-დღეობაში მოიწყობდა გამარჯვების დღეს. ერთხელ მახსოვს კინოში დავპატიჟე. გამობრძანდა მაგრამ, როგორი გამობრძანდა. შავი ბუკლეს პალტო, წითელი რიბსის სარჩულით, წელში გამოყვანილით, წელი იცოცხლე, მაშინ ორმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი ჰქონდა, ლაქის შავი მაღალქუსლიანებით, წითელ ძირზე, თმები ავარცხნილი. მომყვებოდა ქუჩაში ის მე და მას მთელი ქუჩის მზერა. გუშინდელივით მახსოვს „ბაბეტა მიდის ომში“ გადიოდა. სინათლე აინთო, წამოვდექით და ვიღაცამ წამოიძახა – „ბაბეტას როგორ გავს! ნახე!“ შემოგვიბრუნდა მთელი დარბაზი და ატყდა ერთი უი, მართლა და ვაი, როგორ… მშვენივრად შეიშნო და ღიმილით შეიფერა, უფრო გამშვენდა და გაბრწყინდა, მით უფრო, რომ ბაბეტას ბრიჯიტ ბარდო თამაშობდა. ჩვენი დროის ვარსკვლავი, ეჰ! ჩვენი დროის… ჩვენი დრო, მორჩა. დამრჩა ჩემი დრო.
დასარკმელებული ფანჯრის ტურტლიანი შუშებიდან, მოქუფრული გუნების საბოლოოდ დამთრგუნველი პეიზაჟი მოჩანს, ტიპიურად დაპროექტებული ქალაქი, სასაფლაო. ამინდიც ქუფრი, ჟამი…
– ვა! შენ რა ბოლომდე თავზე უნდა მადგე – ასოებს კი არ შევჭამ. თუ გინდა ასომთავრულით გაგიკეთებ. მეტი რა ვქნა?!!
ხელოსნის შეძახილმა გამომარკვია.
– წადი რა გაიარე, გაისეირნე, გამოისეირნე. რაზვეტრიშსა, პრავეტრიშსა. ერთ-ორ საათში პრავეტრიშსა და ზაკაზსაც ჩაგახუტებ.
გარეთ გამოვედი და შეტალახებული აღმართით სკვერისკენ გავემართე. სკამი შევიგულე. მე თუ მკითხავ, ჩემს ასაკში კაცის მიტოვება ღალატია ნამდვილი, თუმცა რას უნდა მოელოდე ქალისგან, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნე მატყუებდა.
ბავშვობის ზედმეტსახელზე როგორ ვერ მივხვდი, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. ხუთი წლის გოგონას რომ „ჯიბოს“ შეარქმევენ, პირველი ვერსიით – ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დადიოდა და ასე ამიტომ მონათლეს. მეორე ვერსიით – ბევრ ჯიბიან ტანსაცმელს უკერავდნენ და ყველა წვრილმანს იჯიბავდა. მესამე ყველაზე ალალმართალი ვერსია აღიარებდა, რომ „ჯიბო“ ჯიბგირის კნინობით-ალერსობითი ფორმა იყო.
ჯიბგირი იყო აბა რა! ყველაფერს იჯიბავდა, რაც მოეწონებოდა, ლამაზ ხედს, ლამაზ ციტატას, კარგ აზრს, კაბის ფასონს, მოწონებულ სიმღერას თუ ნამცხვრის რეცეპტს.
ტკბილეული…
ტკბილეული ცალკე თემაა. ცხობა, იცოცხლე, იცოდა.
მოულოდნელი აღტყინებით იწყებდა და როცა გაზქურიდან ამოფუებულ-ავარდისფერებულ-აპიწკინებულ ორთქლმდინარე სასუსნავს გამოიღებდა, თვითონაც ალმური გადაუვლიდა და თვალებიც ციებიანივით უბრწყინავდა.
სკვერში, კაფეში რაღაც ნამცხვარი ავიღე ავტომატურად და დავაჩერდი.
რამდენჯერ ღამით, გვიან ღამით, სამზარეულოში გამოსულს ან ცხობაზე წამისწრია, ანუ უკვე გამომცხვარის მუსრის გავლებისას. ერთი კუთხე ჰქონდა ამოჩემებული. მიიყუჟებოდა და სმუსნიდა მალულად შეძენილ შოკოლადს, კამფეტებს, მარმელადებს, ტორტებს ან თავის შექმნილ ღვეზელებს, ქადებს, ხაჭოს პეჩენიებს. როცა შევუსწრებდი, დამნაშავე ბავშვივით გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა და დარცხვენილი ისმენდა დიეტოლოგიურ შეგონებებს.
უნდა მივმხვდარიყავი.
ქვა მგონი კარგი შევურჩიე. არც ძალიან ყვირის, არც ღარიბულია.
ღარიბულს ვერ იტანდა, აღიზიანებდა. არაფრისგან ქმნიდა ლამაზ ნატურმორტებს, ძველი ფარდაგისგან და სკამის ფეხებისგან ახალ ავეჯს, ძველი ფარდისგან ახალ კაბას, და ძველი კაბისგან ახალ ფარდას… გადაგდებით ვერაფერს გადააგდებინებდი. ცოლად რომ მომყავდა, გამობრძანდა თეთრი ლაბადით და სადაფის თავსამკაულით, თეთრი მოკლე ხელთათმანებით და თეთრად შეთხზული თაიგულით, იტალიურ ეზოში და გადმოეფინა მთელი სამეზობლო.
– სიძეე! სიძეეე! – აკივლდა მეზობელი ანეტა – იცი რა გოგო ჩაიგდე ხელში… იციიი, რა გოგო… აი, აი დანჯღრეულ ავეჯს მებელად მოგაჩვენებს!!!
ისე ყველაფერი კარგი აგისრულდათ! თუ შესაძლებელი იყო, აკეთებდა და აკეთებდა ძველმანებისგან ახალ-ახალ ნივთებს. თან უცილობლად დააყოლებდა ლენინგრადში ბევრად უკეთესი მქონდაო. მეცინებოდა, ვიცოდი ფანტაზიორობა რომ უყვარდა. აქ, ზემო ჩუღურეთში ცხოვრობდა. ოთახნახევრიან ნახევარსარდაფში. ხშირად მეგონა მაღალი წარმოშობის „ბოდვა“ ჰქონდა, ისეთებს თხზავდა – ეს ლენინგრადში ხუთოთახიანი ბინაო, ის მსხვილი ავიაინჟინერი მამაო, სორბონადამთავრებული მუსიკის მასწავლებელიო, საკონცერტო როიალი სახლის კუთხეში ძლივს რომ ჩანდა, როიალზე კი ფაიფურის ანტიკვარული თოჯინები, ფანჯრის აივნიდან ხელის გაწვდენაზე დიდი თანამემამულის პეტრე I-ის ძეგლი და ვინ მოსთვლის. მგონი დედა ბარონესა მყავდაო, იმასაც იბრალებდა!
სამშობლოში რომ დავბრუნდი, ასე 6-7 წლის ვიქნებოდი, მეტი არაფრის დიდებით არაო.
ოჰ! ჩემი ბარონესა… ბარონესა მიუნჰაუზენი.
ჯიბიდან ამოვიღე და კიდევ ერთხელ დავხედე. ოცდათხუთმეტწლიანი სიცრუის გამცემი დოკუმენტი, იგივეს ამბობდა, რასაც გუშინ იგი სწორედ შავი ბუკლეს პალტოს საიდუმლო ჯიბეში ძლივს აღმოვაჩინე და ჩემი საკუთარი თვალით და ერთი სათვალით, შავით თეთრზე… ამოვიკითხე…
მე კი ნამცხვრებს ვუკრძალავდი.
„დაბადების თარიღი 1939 წ. ადგილი ლენინგრადი.
და მე რას მეუბნებოდა. ომის დამთავრებას არაფერი უკლდა, რომ დავიბადეო. თუ ომი ახალი დამთავრებული იყოო…
თანდათან ბუნდოვნად წამომიტივტივდებოდა უცნაური მონათხრობები. პატარა რომ ვიყავი, კალის ჯარისკაცებს აივანზე ვაწყობდი, ასე მეგონა დამიცავდნენო. ზოოპარში ვერ შეიყვანდი, მეშინია, სპილოს რამე არ მოუვიდესო, წუხდა. ჩანს ახსოვდა ლენინგრადის ზოოპარკი როგორ დაბომბეს. ახლაღა მივხვდი სად მიბაჯბაჯებდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი „ჯიბო“ ჩქარ-ჩქარა და სირენების წივილ-კივილში.
აი, თურმე, რატომ აორცხობილებდა ერთ სახეშეუჭმელ პურსაც, რატომ იღვრებოდა ცრემლად „სალიუტების“, „პარადების“ და ომზე ფილმების ყურებისას. რატომ სძულდა ჭექა-ქუხილი, ომობანას თამაში, ხმაური და ჩხუბი…
ტყუილის მასშტაბურობაზე ვფიქრობდი. რომ მოგეკლა, თვითმფრინავის ბილეთს არ აგაღებინებდა, ბინაშიც თვითონ ჩაეწერა… ტრუსკავეტსკში დასასვენებლად, ავად იყო და მაინც თვითონ წავიდა ბილეთისთვის, სასტუმროს ადმინისტრატორებთან არ მიგიშვებდა… პასპორტი რომ არ ჩამვარდნოდა ხელში…
სიცილი ამიტყდა.
კაფეს გამყიდველმა განცვიფრებით გამომხედა…
– ჩემი ცოლი გენიალური ქალი იყო, – ავუხსენი მე.
– აბა ჩემი ქმრისგან რამე მსგავსს გაიგონებ! – გაბრაზდა ის.
ნამცხვარი შევჭამე. ნაყინიც ვიყიდე. გაზეთიც.
გულისგარეთ ვკითხულობდი. ხშირ-ხშირად მეცინებოდა. თითქმის ჩემხელა ყოფილა ეს მატრაკვეცა… თითქმის ჩემხელა.
საათს დავხედე და სახელოსნოში შებრუნება გადავწყვიტე! წვიმას აპირებდა.
– ჯიგაროჯან, დატა არ მითხარი, დატა! რომელი გოდა იყო? – შემეგება წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარსახიანი ხელოსანი.
რამდენს იკისკისებდა ჩემი დაბნეული სახე რომ დაენახა. ერთ სათვალეს რომ არ ვენდე და მეორე რომ მოვიშველიე. ნეტა მას სიცოცხლეშივე რომ წავწყდომოდი, გასაიდუმლოებულ პასპორტს, რას იზამდა. ალბათ გამებუტებოდა.
– დაბადების წელი 1945 – ვუთხარი მტკიცედ.
– ვა, რა ახალგაზრდა წასულა. ნწუ-ნწუ-ნწუ – შეწუხდა ქვის ოსტატი.
თავი დავუქნიე, პასპორტი გულის ჯიბეში დავმალე და ვითომ სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვედი.
გაწვიმდა.
კარგ ხასიათზე დავდექი, წელში გავიშალე, სუნთქვა გამიიოლდა. თითქოს სადღაც ჩემს „ქიშმიშიან ფუნთუშას“ ლოყები ჩაეჩვრიტა და თვალები აუციმციმდა. კისკისიც ჩამესმა. მეც სათვალე მოვიძვრე, ცხვირი შევჭმუხნე და თვალი ისე შევუკარი, თითქოს ცრემლით არ მქონოდა სავსე.
– ხედავ რა ავანტიურაში ჩამითრიე? მთელი ლენინგრადის ბლოკადა მოვიპარეთ. მთელი ომი.

ერთი მოთხრობა ფულზე და სულზე

რამდენიმე ეპიზოდი პოლონეთში ცხოვრებიდან… დანარჩენი არ მახსოვს. ვსვამდით.
ჰო, კაბა ვიყიდე ჩემთვის, მზის ფერზე და თარგზე აჭრილი, მზესუმზირებიანი, კიდევ – საახალწლო გვირგვინი-თაიგული. შევიძინე, როგორც საბჭოეთში გაუგონარი სიტყვათშეთახმება. სხვა?!
ძალიან ვსვამდით… არ მახსოვს.

ეპიზოდი პირველი

შერძენისლშენანავებული, ანუ ნისლშერძევებულანანავებული, ანდა სულაც ანანავებულნისლშერძევებული (სიტყვათმშენებლობა მაგარია!!!) მოკლედ ასე… რძესავით ნისლში შენანავებული და მანანავებელი (ვლო-თობთ!) ავტობუსი მიირწევა, მიტაატებს, მიკრიალებს საზღვრებიქითა შოსეზე. ფარების მჭრელი სინათლე კვეთს რძე-ნისლს, ჭრის შედედებულივით ბლანტს მკვეთრი სხივით და მიალივლივებს მიბარებულ ოცდახუთიოდეს და ოცდახუთწლამდეს, მჩქეფარე, კარგად მოწეული (და მწეველი) სიცოცხლეებითურთ. – road, road, road – ბღუის მანქანა.
ავტობუსი მიჰყვება ნისლს. ნისლი მიჰყვება ავტობუსს. ნისლს და ავტობუსს მოHყვება ნაძვის ხეებჩადგმული აციცინათებული ოთხუთხედების რიგი, განათებული ფანჯრები – სადღესასწაულო. ჩვენთვის ახალ წლამდე შორია, შობამდე უფრო შორი. იმ ბერგამოტის, მუსკატის და დარიჩინის სურნელივით შორის, ნაძვისხეებჩადგმული სინათლეების მომბურავი ფარდების მიღმა რომ ტრიალებს.
ჯერ 24 დეკემბერია. შობა ჩვენში შვიდ იანვარს იციან, მაგრამ ჩვენში შობის აღრიცხვამდე ბევრად უფრო შორია; ავტობუსი ხომ ნისლის გარდა საბჭოთა დროებებში მოძრაობს.
ნისლს ჩვენი გაოგნებაც შეედინება, ამ მოულოდნელი დღესასწაულის გამო.
დღესასწაული ფანჯრების გაღმაა… მაგრამ მოდის. ფანჯრებიდან შემოციმციმებული ფერადოვნება მატულობს. გზა ქალაქში შედის.
სარეკლამო აბრები – გასაკვირალი. გამაკვირვებელიც – ღამითაც ანთია!
ავტობუსში სიმყუდროვეა.
ავტობუსი ჰგავს აუღებელ ციხე-სიმაგრეს. ადგილი, სადაც გაქვს „ვარციხე“, – დაუმარცხებელია, შეუვალი, მიუდგომელი.
არავის სძინავს. ჩაღუღუნებულნი, მითავგვერდებულნი ჩათივთიკქურთუკებულნი ვსვამთ დაგემოვნებით. ათი დღით დამეგობრების პირველ საფეხურ-გაცნობა გადაგორებულნი და მეორე საფეხურ-შეამხანაგებაზე გადასულნი, თანდათან ვეხსნებით ერთმანეთს, ვლაღდებით. ოღონდ თავდაჯერილად, მოზომილად, გეგმაზომიერად, ქართულ-დარბაისლურად, გულდადინჯებით და გონმიყოლებით. ასე, სადღაც მეათე დღისთვის ალბათ გავლაღდებით, გამოსამშვიდობებელ საღამოზე ბოლომდე გავთავისუფლდებით, დავიხარჯებით და შინ, სამშობლოში მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გავგულდინჯდებით, გონმოვიკრიფებით, მოვიზომიერებთ და გავგეგმაზომიერდებით.
– რაც გზა გვიდევს ვარშავამდე, ის გამატარებინა თბილ ლოგინში? – „ხმათა ხავერდები“. თვალის კუთხით ვხედავ, სკამის ზურგსაა მოფარებული.
„ნეტამც და შენთან ერთად“ – მთელი არსებიდან ამოფრენილი და დროზეენაზემიკბენილი ნატვრაა ჩემი. კარგად გაზრდილი გოგონები მსგავსზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, არც აგონდებათ, მაგრამ… ნატვრა მარტო ჩემი არ არის, ოთხი-ხუთი კარგად გაზრდილის გაუაზრებელი წაოცნებებაც თან მომყვა, ვგრძნობ. არც ერთი არ უყურებს ზედ. ნუ, აი არც ერთი, ნუ სულაც არ ახსოვთ.
ადამიანურად დათო კი არ ჰქვია, დავითია და კიდევ მეტი… არქიტექტორია… ვაიმე… დავეცით… და ის ისეთი კარგია!!!
წინ თორმეტსაათიანი გზაა. თორმეტი საათი მისი სუნთქვა ჩემგან ცხვირის გაწვდენაზეა, ფანჯარაზე თავმიყრდნობილი მეც თითქმის მის კისერთან ვსუნთქავ. უკან თავხედურად გადმოხსნილი სკამის საზურგე მუხლისთავებს მტკენს. შეიძლება ითქვას, კალთაში მიწევს და ხმასაც არ ვიღებ. მერე რა რომ წვივებს და ტერფებს მილიონი წვრილი ნემსი დაესია და ვერ ვგრძნობ.
– უკანა სალონს ვერ გაგვინათებ?! – „ხმათა ხავერდები“-თქო და ჟრუანტელები. ხმა იმედისმომცემი. ხმა, რომელიც მითბობს სულს და მიმართავს მძღოლს.
შევარციხებული ნისლი ფერებჩაღრილი ვერცხლისწყლისებურია, მოძრავიც. სევდაშეინისლლივლივება… არა ახალწლები ინისლვერცხლისწყლება, არა წლები ჰეფინიუსილსიფერება. (მე ასე ვთვრები. სიტყვათვმშენებლობ.)
– იცით, მეც არქიტექტორი ვარ! – რაღა თქმა უნდა არ ვამბობ.
მძღოლმა უკანა სალონი ოდნავ გაგვინათა და ჩუმად შემოგვბლიუზა.
ბლუზიც ნისლში გაიბნა. ნისლი – სადღესასწაულო სასოწარკვეთით სავსე ფლეიტით და საქსაფონის ამონასუნთქით შეთბა.
მგონი… ან რატომ მგონი… ეს კაცი მიყვარს!

მეორე ეპიზოდი

– ასოციაციობანა ვითამაშოთ – კუდრაჭით ამბობს ერთ-ერთი კარგად გაზრდილი.
ხრიკია – ქალური. შევიტყობთ ვინ ვის რა თვალით შეხედა.
ას-ოცი-აციები, ორ-ასოციაციები. ორნი და ას ოცნი შეიტყობენ როგორ აფასებენ ერთიმეორეს. შემთხვევა რა ფასს ადებს მათ: ერთობას თუ ორობას, გაერთიანება თუ იასოცებს… ან იასოციაციებს. მე თვალებში მიბევრდება უკვე.
დავითიც ბევრია.
ამდენი მაინც იყოს. ვცდილობ დავაფოკუსირო მზერით დავითები, მაშინ ყველას გვეყოფოდა.
– მეც ვთამაშობ – კუს ფეხივით გამოვყავი ხელი შემობუდნული ქურთუკიდან.
ვთამაშობთ.
– მმ, ფერწერა? გავს… გავს რაფაელის „მარიამის დაწინდვას“… სიტყვა გაუწყდა. მე ხელი მოწყვეტილი ყვავილივით დამივარდა. იმედის სიმებმაც უიმედოდ ჩაიჟღარუნეს.
უყურებდა დიდი სინაზით, როგორც სადედოფლოს.
სადედოფლომ თქვა არ მინახავსო ეგ რაფაელი და იდუმალი ღიმილი შეაგება. სწორედ „ეგ“ არ უნახავს, თუ „ეგ რაფაელი“ – ვერ მივხვდი.
დავითიც მიხვდა, კომპლიმენტი რომ გაუცუდდა. თავს ვიმძინარებ. მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციები აღარ შემეტყოს. ახლა მხოლოდ მისი ხმა შემომილურჯხავერდისფერება, ბლუზის ხმაში მიბნედილ ვერცხლისწლის შეფერადებულ მოძრაობაში. ხმას ვერ ვეტყოდი „ნუ მეფერები“, თუ ნათქვამის შინაარსი სხვას ეალერსებოდა…
– ჩავიფიქროთ!
– ვინ გამოიცნობს!
თათა? – მოდილიანი, ანუკ ემე, ჟასმინი, „სასაცილო გოგონა“, ანტილოპა, შენობა? – შენობა ალბათ პიზის კოშკი. რას ჩავაცმევდი? მე-17 საუკუნის ტანსაცმელს.
ხმამ, რომელიც საქსაფონის და ფლეიტის შემომუსიკებას მიხავერდებს, ხმამ, რომელსაც თვალდახუჭული ვხედავ, მეგობრული, მაკომპლემენტირებელი და უკანდასახევი გზის დამტოვებელი ინტონაციები შეიძინა.
ხმას შამპანურის ფუჟერის ფორმა აქვს.
არ უნდა დამელია.
თვალდახუჭულიც ვეჭვიანობ. ვხვდები, როგორ წითლდება თათა.
მხოლოდ დავითის ასოციაციებს ვუსმენ და ვხედავ.
თეა? – ყვავილი? გიორგინა. ცხოველი? ჯიშიანი ცხენი. მსახიობი? – მურავიოვა. როლი, რომელსაც გათამაშებდი? – მაგდანა. მხატვარი – ველასკესი. შენობა… რამე, მასშტაბური… იმელი!
ვცდილობ არ გამეცინოს. თეა იბუტება. არადა არის მასში რაღაც მასშტაბური. თეას ურჩევნია იყოს მასში რაღაც ანტიკური… დავითი ცდილობს გამოსწორდეს.
– ჩავაცმევდი ოციანი წლების რეტროს.
თეა აღარ იბუტება. ხმა – თბილი ხუმრობებითაა სავსე.
თათას და თეას გარდა ყველას ცუდად ვიცნობ, ვერ ვხვდები, რამდენად ზუსტად აფასებს.
– გველი – ამბობს ვიღაცის ცხოველის ნიშაში – ვერ ვითმენ და ცალ თვალს ვახელ. შესაფასებელს გავხედე. დიდთვალება, შავთმაგადაკრიალებული თოჯინაა.
რატომ, თორემ კი ბატონო, ვთქვათ…
– მე ვიტყოდი შველი – გამწარდა ის.
ხმა, რომელიც ჰგავდა გამოწვევას გამოსაწვევის გამოწვევას ახერხებს.
– მე დავრჩი – ჩაქნეული ხელი ავიწიე… თუმცა მახსოვდა რომ იქ, სადაც ჰგავდნენ რაფაელის მადონას, ხმა იყო ფითრის ნაყოფის ფორმის და ფერის.
– თქვენ?.. (რატომ მე თქვენობით?) – ავაზას, ყაყაჩოს, სოფი ლორენს მაგონებს. გრატესკა – როლი, მხატვარი? გოგენია ტროპიკებში, შენობა? კარნეგი ჰოლში…
ხმა გამრიდებელი. დისტანციის დამკავებელი. და რადან უხერხული იყო ჩემი დახასიათებისთვისაც თვალდახუჭულს მესმინა, სახესაც გავუსწორე თვალი, დამკვირვებელი, ნიადაგის მომსინჯავი და ობიექტური.
რას ჩააცმევდი? – იკითხა გველადმონათლულმა, მას თუ არ ვცდები კრინოლინი და დაპუდრული პარიკი ერგო.
– გავხდიდი! – ალალად გამოსცდა, ღიმილით დაფარა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ერთის ნაცვლად ბევრმა გველმა ჩამხედა თვალებში. თეამ და თათამ დავითს გაუყარეს დარცხვენილ მზერაში აღშფოთებული მზერა.
– ალბათ ხელთათმანებს? – ვცადე დავითი მეხსნა.
– დუელში მიწვევთ? – არ დაიბნა.
(არა, რაღა მე ვარ თქვენობითში?)
– სიამოვნებით – მივიღე გამოწვევა – შევხვდებით თოვლში.
– სანამ სისხლი დაღვრილა, ერთიც ჩამოვატაროთო – გადმოგვაწოდეს ბრტყელი გამდნარიქარვის ფერით და ლოდინით სავსე ბოთლი.
ვიუარე. ხელთათმანი მიხურდა.
მრავლობითობა კვლავ მხოლობითობაში გადამივიდა.
ნეტავ იცოდეს როოოგოოორ მჭირდება!
ნისლი გახდა უცნაურად მღელვარე და დამედევნა მღელვარე ნდომა. ნდომა იყო გამდნარიქარვის ფერის და ლოდინის, მაგრამ ვიღაცას გენიოსის შედევრის მაგვარს სიყვარულს უპირებდნენ, ფითრის ტოტისფერს.
დავითის დახასიათებისას ითქვა
– ესპანელი იდალგო, ქართული კარტის აგურის ვალეტი, დეგა, ხე – ჭადარი, ცხოველი – ზოოპარკის ლომი, ფილმი – „არსენა“, შენობა? შენობა რომელი?
მე ვთქვი „ტაძარი?
ძალიან მჭირდებოდა.
შეკრთა და ეჭვის თვალით დამაკვირდა. მივხვდი, სიტყვა შორეულ საიმედოდ გადამალულ სამიზნეს მოხვდა.
და მაინც, მე ვიყავი პეიზაჟი ფარშევანგებით, ჩემს ტროპიკებში გარუჯულ სხეულს უცნაური სახელი ვაირაუმატი ერქვა. ხელში მწიფე ეგზოტიკური ხილი მანგო მეჭირა, მანგოს წვენი კი ჩემს მანგოსებურობებს დასდიოდა, როგორც სურვილი… უცხო ხილი… გასინჯავდა კაცი.
სხვა კი, სხვა სინაზით, სხვა ქარიზმით, სხვა სისადავით, სხვა კდემამოსილებით… უყვარდებოდათ…
კიდევ კარგი, კარგი მესაჭე გვყავს, სთქვა მან, მესაჭემ; რაოდენ შედედებულიც და რაოდენ ჩიტისრძისფერიც, რაოდენ რულისებურიც და რაოდენ რულისებურიც, რაოდენ აბრეშუმისმაგვარი და რაოდენ ნახავერდები, რაოდენ ბრუშემმოპარებელი და რაოდენ ამამსუბუქებელი… რაოდენ კი არა, და იმიტომ, რომ ასეთი საშიში ნისლი იდგა მანქანა ერთ ზედმეტ მეტრსაც ვერ გაივლიდა, რამეთუ იგი, კეთილი მესაჭე ცხვირთან მიტანილ თითს ვეღარ ხედავდა უკვე.
მანქანა დადგა.
ჩავიცხელცრემლმთივთიკისქურთუკისსაყელოვე. იქ თბილისში დატოვებულმა ქორწილმა თავისი ჰქმნა. ჩემმა შეყვარებულმა მდიდარი შეირთო. სტრესის მოსახსნელად გამომსაზღვარგარეთეს.
…ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, რისგან შეუძლია მიხსნას…
ჩავიძინე.
ძილშიც მეწვია ხმა, რომელიც ხავერდებს ხევდა: – ჰგავს დასაწინდს და ჰგავს კეტრინ დენევს, ჰგავს ნიამორს და ჰგავს იორდასალამს, შევმოსავდი ქართული კაბით, ან ევროპული, საქორწინო თეთრი მაქმანით, ხელით ნაქარგი… შენობაც მაქმანებიანი, „წმინდა ოჯახის“ საყდარს ჰგავს… დავხატავდი და… ფრესკა… ანგელოზი… მიყვარდა.
არ მესიზმრებოდა. ესიზმრებოდა – სხვას იყვარებდა.
ჩემთვის რომ გეკითხა, ეძინა მესაჭეს. ეძინა ყველა მესაჭეს ქვეყნად. არსად არც ერთი მესაჭე არ იყო ფხიზელი. არც ერთი საჭე აღარ ბრუნავდა. ყველა გზას ნისლი ფარავდა, შიშისფითრისფერი.
აღარავინ შემიყვარებს, აღარასოდეს… არ ვიცი რამდენად გოგენის ნატურა ვაირაუმატი, მაგრამ ვაი რა ბატი… რა უადგილოდ და რა უიმედოდ ვიბრალებდი ახალ სიყვარულს.

მესამე ეპიზოდი

გადავთვერისავით.
უნდა გამოვიცეკვო! დავითი? არა. ჩემგან უნდა გამოვაცეკვო, გამოვდევნო, გამოვამევო, გამოვაცხოვრო ყველა ტკივილი…
ვცეკვავ.
მარტო ვარ.
ისიც მარტოა.
რატომაა მარტო? – არაფერი ათრობს, მახსოვს…
აღარ მახსოვს…
სად? ვინ? როდის? რატომ?
მეც ნიამორი ვარ… გავრბივარ.
პიზის კოშკი ვარ. ვვარდები.
ე/ეი, თქვენ არქიტექტორნო, ხელი შემაშველეთ!
არააავინ არ… არავის არ… არავის არ ვუყვარვარ!
ნისლი?
დისკოტეკაზე? შემოგვყვა გზიდან?
არ მინდა!
კვამლია. კვამლში ტრიალებენ… ტრიალებს ბურთი არნახული. ბრუნავს, ათინათებს აპნევს, აბნევს, გვაბნევს… სარკეებიანი. სარკეებშიც ვცეკვავ…
ფერები, ფერები, რა ნაირფერები. შხრრრ წითელი, სხლტ-ნარინჯისფერი, მრუმ-მწვანე, ბლუ-ლურჯი, სახეებს გვისერავს.
სახე ბართან მაინც მშვიდია. გველივით ულამაზესიც მშვიდია. საუბრობენ. გველი კვლავ შველს /გავს.
ვხდები ავაზა – ეჭვის. ვცეკვავ.
ხმის ფერი არ მოდის ჩემს მოძრაობებთან, ფერებს აქვთ ხმა.
– შეგხვდეთ, შევხვდეთ, შევხვდეთ – მეჩვნება.
გული აბრეშუმის და ხავერდის ნახევი. ვე-ჭვი-ა-ნობ. ვერ გამოვაცეკვე ჩემიდან ტკივილი.
„გველი“ ზეიმობს, ის „ნიამორი და კატრინ დენევი“ ჩემზე უარეს ჭირის ოფლს იწმენდს; ღირსეულია და დარბაზს ღირსეულადვე სტოვებს. უღირსსაც. ნუ ზედ არ უყურებს… ნუ საერთოდ…
მისი საქციელი მარტოკა ცეკვაზე ბევრად მომგებიანია.
მაინც ვცეკვავ და წამგებიანად მარტო ვარ.
ისევ შორს, სხლტ, მრუმ და ბლუ. ბლიუზიც.
მი-ყვაააარს!
ვე-ჭვი-ანობ.
გამოვაცეკვებ სიყვარულსაც, ეჭვიანობასაც, ჩამოყოლილ ღალატებს, იმედისკარგვას, სიყვარულისაც. სადედამთილომ უსახსრობა ჩვენიც გვყოფნისო…
ქორწილები და მანქანების ჭყიპინები. ფულიანეთი…
სარკის ნატეხთა ანარეკლებს სახე ირეკლავს.
ისინი სვამენ.
თვალებშიც კი უყურებენ ერთმანეთს.
ჭიქა ხელიდან უვარდება, ჭიქა დაიმსხვრა.
მე გავტეხე ჭიქა. დაჟინებული მზერით. მე არა… მზერამ… ან რომელიმე გამოშინაგანცეკვებულმა გამომშიგნავმა გატეხა ჭიქა.
– ვიცეკვოთ? – ვიღაც პოლონურად მეკითხება.
– აბა რა! – ვცეკვავთ.
თავბუსდახვევა, ტრიალი, ტრიალი, დახვევა, ჩახვევა, მკლავიდან მკლავისკენ და გადაზნექ-გადმოზნექვა და სარკეებიანი ბურთისკენ ატყორცნილი ფეხსაცმლის ჭვინტი. წერტილი. სდექ. თავდაკვრა, რევერანსი… ბის. ბრავო. ტაში. ტუში.
ჩქარ, ჩქარ, ჩქარ და ახლა უკვე ჩა-ჩა-ჩა.
ვსვამ, ვსვამ, ვსვამ…
უ/, ამდენი დავითი უკვე მთელ პოლონეთს ეყოფა. გასაყოფიც აღარაფერია.
– აბა გეყოფა. – თეა-მენტორი – ყველა შენ გიყურებს – წავედით ნომერში.
ყველა?! კი, ერთის გარდა.
ჯან-და-ბა და და-და-დამ, დამ-დამ-დამ.
ბართან აღარავინაა.
ერთად წავიდნენ.
– უნდა ვიცეკვო!
დილამდე.
დილამდე.
მარტო
ვიცეკვებ
რატომაც არა…
მუსიკა! ბარმენი პოლონელი.
–Мис, закрыто, закрыто!

მეოთხე ეპიზოდი

– ოქრო გავყიდოთ.
– ოქრო? და-ვი-თი მი-ყვარს! – მთვრალი ვარ.
– უაზროდ ცეკვავდი – მეცნენ მეგობრები.
– თქვენც შეგიყვარდათ? თუ არა? – აღარ ვმალავ ეჭვებს – შეგიყვარდებოდათ.
– უაზროა – ჩაიქნიეს ხელი.
– რა ოქროს გაყიდვას აპირებ? – თათამ თეას კომერციულობასთან შეამხანაგება ამჯობინა, ჩეს პარანოიალურობასთან შერკინებას.
ცოტა ხანში ოქროს ლომის თავს ხელისგულზე დავყურებ კარგი შემფასებელივით. ოდესღაც ვხვდები რა მიბრწყინავს ხელში:
– აჰ! ზოოპარკის ლომი! მაჩუქე… თან ჩემი ზოდიაქია!
– გითხარი უაზროა. ოცდაშვიდი გრამია. ბაჯაღლოა.
– უაზროებს რა არაფერს ჩუქნიან? და-ვი-თი მი-ყვარს. რა-ტომ ვერ მი-გებთ.
– ცოტა თავი დაიჭირე! პირი დაიბანე! გვეყოფა შეჯებილი თვალების ცრემლით ჩამორეცხვის რმანტიკა – თათა გაღიზიანდა.
სააბაზანოში მორჩილად შევდივარ. სავსე აბაზანაში ტანსაცმლით ვწვები.
შეფხიზლებული კი ჩემთვის უკაცრიელ ნომერს დემარშით ვტოვებ. დემარშს კორიდორებში მივაწურწურებ.
სასტუმროს კორიდორს თეთრი, ხელოვნური ნაძვის ხე აბოლოებს.
ბოლომდე რა მივა.
მივედი. უფრო მივქანავდი. ჰაეროვნად.
რა უნდა ყვავილებს ნაძვის ხეზე?
თეთრი ლილიები სათითაოდ დავხსენი და თმაში ჩავიმაგრე. ქაღალდისებს ჰგავდნენ. რა უცნაური ხალხია ეს პოლონელები. თეთრი ლილია – თეთრ ნაძვის ხეზე. /მ!
სარკეში ჩავიხედე.
სარკეს მოეჩვენა, რომ თავი დავიჭირე.
ყველაფერი რიგზეა. ახლა საით?
– 200$ – პოლონელი მომეტუზა.
– ა?
ღამეშიო.
თუ სწორედ მივხვდი…
წარბები ამეზიდა – ყველა საზღვარს გასცდნენ.
აი, რას ნიშნავს საზღვარგარეთი (სოციალისტური ბანაკი მაინც არ ერქვათ). არ გავილანძღეთ! მეც და ბანაკიც.
– Что вы сказали?-თქო.
– 500$-იო – დაფრთხა.
ახლავე დავრეკავ ახალშენეფებულთან და შესიძებულთან, გავაგებინებ რა ბაჯაღლო გაუშვა ხელიდან.
– золото купишь! – დამიბრუნდა გონი.
არ გასჭირვებია გადასხვაბიზნესება, შესხვანივთვაჭრება.
ნომერის კარი ზარ-ზეიმით შევაღეთ.
– ოფელია! უკვე შეშლილი! – გაუხარდა თათას.
– დავახრჩოთ! აბაზანაში! –აიტაცა თეამ.
– ნახეთ ვინ მოგიყვანეთ! – ვინ არის უაზროს რომ ვიტყოდი, იმ ტონალობებში შევასიხარულე მეგობრები. გახსენით ლომების აღლუმი!!!
ლომი გაიყიდა.
ორიოდ ნულით მოგვატყუეს. კურსმა დაგვაბნია. იმ ფულად რამდენიმე, მაგრამ ნუ მაგარ, რომ დაგცემდა ისეთს, ქუჩის შურიან მზერებს რომ მოხსნიდა ისეთს, ცელულოიდის ფერადი პარკი თუ მოგვივიდოდა.
ჩვენ შევიძინეთ ქაღალდის ყვავილებით გაწყობილი, უცნაური საშობაო გვირგვინები, ხორბლის თავთავებით, ნარშავებით, ჩალის წნულებით და ბრჭყვიალა საახალწლო სათამაშოებით.
რატომ ყიდიან ადამიანები ოქროს?
რატომ ვერ ყიდიან ადამიანები ოქროს?
რატომ იყიდებიან ადამიანები ოქროზე?
რატომ გყიდიან ოქროსთვის?
ოქრო, ოქრომ, ოქროს, ოქროდ, ოქროთი,კვლავ ოქრო. ო, ოქროვ!
ბრჭყვიალა სათამაშოები.

ეპიზოდი შემდეგი

რა დააჭკნობს თმებში ხელოვნურ ყვავილს.
ეს სხვისი ნომერია, ეს – მისი, ისიც სხვისი, ჩვენი ჩამოვიტოვე. ნომერი, ნომერი. ნუმერაცია ვერ მშველის.
ალალბედზე.
სადაც არის ბედი შენი… იქ მიგიყვანს ქუსლი წვრილი.
ძლივ-ძლიობით ვარჩევ ერთმანეთისგან ჭორიკანა მეღამურებს.
ვინ? ვის? სად? როდის? თამაშივითაა. ვინ? ივის? რას უპირებს? სად? პასუხები მზადაა.
– გიყვები, არ დაგცდეს!
– დედა მომიკვდეს?
– ცოლად აპირებს რომ მოიყვანოს!
– ცოლად?
– გეფიცები.
რაო-რაო? ვინ? ვის? რას უპირებს? როდის?
დავითი – მას ნიამორს.
აი, ნომერი მესმის.
– რა ნომერი, იცი ვისი შვილია? გა-დას-დით…
ხომ ვთქვი.
დაჭკნა ხელოვნური ყვავილები თმაში.

ოდნავ შემდეგი ეპიზოდი

კორიდორის ბოლოში მარტოა. იგი – დავითი!
ხელოვნური ყვავილები მზის ამოსვლისთანავე გაიშალა.
„მიყვარხარ“ ვთქვი მშვიდად. მისი სიმშვიდე გადამედო.
მშვიდადვე ვაკოცე ტუჩებში. კოცნამ დამშვიდობების გემო დამიტოვა.

კარგი ეპიზოდი

მიდის და მიდის და მიდის ცხოვრება უჩემოდ.
მოდის და მოდის და მოდის თოვლი პოლონური.
გარბის და გარბის და გარბის გზა ფანჯრებში.
თავისუფალი სვლა გვაქვს ქალაქში. სამარშრუტე ავტობუსის ფარდებს შორის საყდარი მოჩანს – თანამედროვე არქიტექტურის, ძველებური რწმენით.
მომწონს. ჩასვლას არ ვაპირებ.
დავითი?!
სწორედ აქ ვაპირებდი ჩასვლას.
საყდრის კარების წინ ჰგავს მადონას დაწინდვის მომლოდინეს.
იქნებ უნდა შეხვდნენ?
მაინც ჩავდივარ.
– ელი ვინმეს? – თოვლზე ფრთხილი ვარ.
– ამ ქვეყანაში რამდენი ახალი ეკლესია შენება. ჩვენთან კი… ხანდახან ვცდილობ ეკლესიები დავაპროექტო. გავა დრო, ვიცი ეკლესიებს მეც ავაშენებ.
„ტაძარი!“ – გამახსენდა ჩემი ასოციაცია. ამ შედარების სამადლობელო იყო ასეთი ნდობა, გულის გადაშლა.
– ხუროთმოძღვარი – დაუკვირდა სიტყვას.
ხუროთმოძღვარი – ამ დავიწყებულმა სიტყვამ რაღაც დავიწყებულში დიდი ხნით დადუმებული ზარები აახმიანა,
– მე სიტყვებით ვმშენებლობ. ოღონდ ხუროთმოძღვარივით ლამაზი სიტყვა ჯერ არ ამიშენებია – ვცადე გულახდილობითვე მეპასუხა.
– შეგატყვე! სიტყვებს იგონებ – გაიღიმა.
ის რომ ჩვენ, საყდრის წინ, ვგავდით რაფაელის ტილოს, რეალურს, გაცოცხლებულს, მაიმედებს.
იქ საყდრის წინ როგორც იქნა ვილაპარაკეთ. ზეშთაგონებით მიყვებოდა, რომ აქ ჩამოსვლამდე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად საგვარეულო ეკლესიას. არესტავრირებდა. როგორ ითლება ქვა, როგორ იხარჩება ქუჩურთმა, როგორ ედუღაბება აგური აგურს, როგორ გამოიწვება ალიზი.
…ყვებოდა მშვიდი, სავსე მადლობით და მადლით. შეამთლიანეს თურმე სარკმელ-ოლარი ხავსმოდებული. გოჯ-გოჯობით გაწმენდილი, ალაგ-ალაგ ამოცვენილი უძველესი კრამიტების ახლადგამომწვარი თიხით შეცვალეს, ძველი ფრესკები გაამაგრეს, ამოასუფთავეს ქვაზე ნაკვეთი ასომთავრული. მზით გამთბარ სახელგაცრეცილ საფლავებზე ჩამოსხდნენ და ჩამოილაგეს დაღლილ მუხლებზე ნაჯაფი ხელები.
ო! როგორ ვიცოდი, რომ ძალიან მჭირდებოდა. აი ასეთი, როგორიც ახლა.
– ახალი ჩანახატებიც გავაკეთე, ახლაც ბაზილიკის პროექტზე ვმუშაობ, თანამედროვე… მანდ მინდა ყოფნა… ჩვენთანაც მოვა ასეთი დრო. ხელი საყდრისკენ გაიშვირა…
მეც სადღაც „იქით“, მისი სიტყვა რომ ვიხმარო, „მანდ“ მიმეზიდებოდა. ჩემი „იქით“ იყო ზევით რატომღაც, დავითის „მანდ“ იყო დედამიწაზე, ადამიანებში, თავის ნაშრომში.
მომეჩვენა, რომ მშიერი ვიყავი, თბილი პური მომიტეხეს და მაჭამეს, აი იმ ხელით, ცოტა ხნის წინ რომ თიხას ზელდა, ბზის კარიბჭეს ჩორკნიდა და ხატებს ჭედავდა.
– წამო, შევიდეთ, დავათვალიეროთ! – შინაურული იყო.
შენობაში შევედით. იეზუიტთა სალოცავი აღმოჩნდა. პატარა ოთახი, მყურდო, უცხო სუნით, კედრით თუ კიპარისის. ნახევარი ოთახი მექანიკურ-მუსიკალურ თეატრს ეკავა. მეფენი, დედოფალნი, სეფექალნი, მხედარნი, მიწათმოქმედნი, მჭედელნი, ჯალათი, მოკვეთილი თავები, ხის, თიხის და ლითონის ფიგურები ლილვების, კბილანების უხილავი ბრუნვით, მოძრაობდნენ, ჩამზარების და კამერტონების ზუსტად გამოთვლილი ჟრჟოლვა მუსიკას /ქმნიდა.
წრეებზე მოძრაობდნენ და ყოველ წრეზე თავიდან თამაშდებოდა, ცოცხლდებოდა პოლონეთის ისტორიის რომელიღაც ჟამი. ჟამთაბრუნვას მართავდნენ სადღაც ფარულში დაფარული მექანიზმები.
დიდხანს ვუსმინეთ დროს მოჟღრიალეს, მოწიკწიკეს, მოტიკტიკეს, მოძრავს და უძრავს. თვლები ბრუნავდნენ. ბრუნავდა დედამიწა. გარეთ თოვდა…
გამოვედით უცხო მადლს შეხებული, სხვა სამყაროში ჭუჭრუტანიდან მზირალი ბავშვებივით განცვიფრებულები.
– იდუმალი მაშინებს, უცხო – დავითი ხმადაბლა ლაპარაკობდა – შენიც ამიტომ მეშინია.
გამეცინა. სხვებსაც უთქვამთ.
– მეც მეშინია რადიკალური ცვლილებების. აქ წამოსვლამდე რადიკალურად შემეცვალა სიყვარულის მუსიკა.
– რა ტიპი იყო?
– მოიყვანა შეძლებული – ცრემლი გამყიდველია, მოღალატე.
– გიყვარდა?
– როცა დავდიოდით… მაშინაც გადაგვაკივლა ორივე ოჯახმა. ჩემმაც, მისმაც. რაღაც რისკიან კაპიტალდაბადნებებშიც ჩაერთო. ან ფული, ან სული-ზე პასუხი მზად /ქონდა.
– კაი, არ მაინტერესებს. მე რატომ მითხარი რომ გიყვარვარ?
– ვიგრძენი არქეოლოგიური ექსპედიციებიდან ჩამოხვედი.
– რა შუაშია?
– რაღაც გჭირს, მსგავსი, არა ცუდად არ მითქვამს, გჭირს რაღაც რაღაცნაირი, იცი კიდევ რა სიტყვა გამახსენდა ასოციაციობანას თამაშისას რომ შენ შეგეფერებოდა… კანდელი.
თოვლი ბარდნის, ვარშავა თეთრი სიზმარია. თოვლში ნაფეხურებს ვტოვებთ. ჩვენი ნაკვალევი, საყდრიდან საყდრამდე მიდის, ტაძრიდან ტაძრამდე, სალოცავი სალოცავამდე.
გზადაგზა ჩანახატებს აკეთებს უბის წიგნაკში; თანამედროვე ეკლესიებს იხატავს. სურათებს უღებს. ფირი დაუმთავრდა აპარატში. ჩემი შევაშველე. მის ქაღალდებში ჩავიჭყიტე. ჩემი აშენებული სიტყვები მივაწერე მის ფოტოებს.
ცალწვეტცასაწვდენილი, თაღთამბრჯენი, შემინულშეწირული… ეკლესიებს ვნათლავდით.
თოვლმაც მოგვნათლა. დაზვინული, სველი, ბედნიერი. ტუჩებიც, თუ ძალიან გვეყინებოდა, ერთმანეთს ათბობნენ.
– ოცი ოქრო გავყიდეთ, მოგვატყუეს – შევჩივლე.
გზამ სასტუმრომდე საღამოს მიგვიყვნა. სულ ეს იყო. სული გამითბა.
გზად კაბაც ვიყიდე. ის გოგენის ფერებში, ეგზოტიკური. რამდენიმე იყო ეპიზოდი პოლონეთის ცხოვრებიდან, მეტი კი არა.
– road, road, road! – წავოვბღუილდით უკან.

რაღაც

შეხვედრამდე იყო ცხოვრება.
ოქრო ბევრი გავყიდეთ, ვიყიდეთ, გავფლანგეთ, გავანიავეთ, გავაჩუქეთ, ვიჩუქეთ, უფრო მეტი სისულელეც შევიძინეთ, გავხარჯეთ, გავლიეთ. გავილიეთ.
არც ერთი ჩემი ოქრო ჩემთან არ მოვიდა, არც მე წავსულვარ კლონდაიკზე.
პოლონეთს, დიდი აღმშენებლობა მოყვა. ეკლესია ეკლესიაზე შენდებოდა, ტაძარს ტაძარი მო/ყვა. ჩვენში ზოგი წამოჭიმეს, ზოგი აღადგინეს, ბორცვი აღარ დარჩა ახალი წმინდა სახლით რომ არ დაემშვენებინათ, ყველა კორტოხზე, გორაზე და შემაღლებაზე სულიერი კერა დაინთო, ასე ჩვეული ფორმების და მივიწყებულ-მიჩუმათებული შინაარსის. დღეს რომ ეზოში შეხვიდოდი და ბალახი ღაღანებდა, მეორე დღეს კოხტად შემოყორილი, ეზობზიანი, გავარდბაღნარებული, კოხტაპრუწა კოკროჭინა, პეწიანად მოკრამიტებული ეკლესია გხვდებოდა.
ომებმაც ჩაგვიარა, მითოფვა-მოთოფვამ. აღზევება-გაბანკროტებამ. გადაიქარაშოტა თითქოს.
როგორც ყოველთვის, როცა გარემო იცვლება, დრო გაავდა, გამალდა, თვალიც ვერ მივატანეთ… ცხოვრება შეიცვალა. გავიხსენეთ რა იყო ჩიჩილაკი, ბასილა, შეიქმნა ეროვნული ტელესერიალებიც კი.

ერთი ეპიზოდი ეროვნული ტელესერიალიდან

ქვაბიდან დიასახლისი მხრებჩამოყრილ, კისერჩამოწლაწულ, ხორკლებაყრილ ქათამს იღებს. ქათამს ორი გაკრუნჩხული კლანჭი აქვს და ორი მოკაკვული ფრთა. ლურჯია.
– ლურჯი ფრინველი?! – შემოდის დიასახლისის ქმარი. – ქათმის ბიზნესი ხომ არ წამოვიწყოთ?
– კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა, მამა! – შემოდის შვილი.
ოჯახი გადაწყვეტს ხვალიდნელი ქათამი ამჯობინოს დღევანდელ კვერცხს.
ხელით, მაგრამ კონვეირული წესით, ქვაბებიდან მანქანის ძრავის დგუშ-ცილინდრებივით ადი-ჩამოდიან ორი გაკრუნჩხული ფეხით მოხელთებული გაპუტულები.
– ერთ-ორ თვეში, დიიდი მოგება გველის, მინუს საშემოსავლო – „ჩოთქით“ ხელში დგას ოჯახის მამა.
ახალი წელია, შობა მოდის.
ტელესერიალს ვუყურებ მეც, ქათმით ხელში ვიცინი ისე, რომ ცრემლები მცვივა. სატელევიზიო „დიდი კომერსანტი“ ისე /გავს ჩემს მამას, რომელიც არასდროს ყოფილა შეძლებული, ახლა რომ იდეათა გენერატორი გამხდარა, დღე მოდის და უარესი ბიზნეს გეგმებით რომ მიპირებს აშენებას, უფულობით რომ ვერ შეაშინებ.
ასი ქათამი, დასწი ქათამი, და არა შეჯდა მწყერი ხესა.

ჭორ-ჭორ-ჭორ

იმავე ცხოვრებაში და შეხვედრამდე იყო ჭორ-გათხოვება, გამოთხოვება. ჭორ-ჭორ საყვარელი, ჭორ-შვილი, ჭორ-სახლი ვიყიდე.
იყვნენ მეგობრებიც და ჭორ-ჭორ-ჭორ-ჩვეული.
დავითი ჭორ დაქორწინდა, ჭორ იცი ვისზე…
– აააა!!! რაააა? „გველი“ მოიყვანა? ის რომ უყვარდა?! მოიცა რა ერქვა…
– იცი „გველის“ მამა ვინაა… ფულში ცურავენ.
დრო ისევ ულმობელი.
ჭორ-დავითი გაშორდა. ჭორ შეირთო ვიღაცა, არაპოლონეთელი. ჭორ-კარგი გოგოა. შეიძლება – ჩვეულებრივი. ცოლი – ცოლისდარი.
ჭორ-ჭორ-ჭორ საყვარელსაც გავშორდი. ჭოოორ! შვილი ორი. ჭორ-განვმარტოვდი. ფი/-აღარც სვამს, აღარც ეწევა, დიეტას იცავს. დილ-დილობით დარბის, ღამ-ღამობით ყმუის.
სიტყვებს ვეღარ ვიგონებ… მაგრამ მე მივხვდი რაღაცაზე მეტს, განმარტოებასაც რომ მიმშვიდებდა.

განმარტოებიდან შეხვედრამდე

კინოში მარტო სიარული დამჩემდა.
საღამოს ქალაქსაც მარტო მოვუყვები. აი, ხიდის ქვეშ წყვილი! კოცნიან ერთმანეთს! აი, ახალი სარეკლამო აბრა. განათებული. აი, „კლასობანას“ კვალი ფილაქანზე. ადამიანები. უმრავლესობა უცნობი. ეს ნაცნობსა /გავს. ვუახლოვდები.
– ან ფული ან სული! – მიხარია, რომ როგორც იქნა შემხვდა.
– ვა! „გრატესკა“! პოლონეთი! – არც ის ჩამომრჩა.
იქ, სადაც შევხვდით, ეკლესიაც დგას, კათოლიკური საყდარიც, ტაძარი დაგვყურებს, სინაგოგასთან რაბინი კრიალოსანს მარცვლავს, მოლაც ადრიანად ავსებს ხოლმე სურებს. კარგი უბანია.
შევხვდით ცალმხარეულ ეკლესიასთან. ვიყავი ცალი. უცალმხრო და მომინდა მეყვირა.
„რომ არ შეგვშინებოდა?! რა იქნებოდა? ჩამოგვეღვრებოდა კი შიგახსნილში გარეხსნილი?“
სინამდვილეში კი ვიკითხე.
– ჩვენთანაც ამდენი ეკლესია აშენდა. ალბათ ხუროთმოძღვარი ხარ!
ნურავის შეახსენებთ აუხდენელ ოცნებებს.
– ოჯახი, სამშენებლო ბიზნესი, ორი ვაჟკაცი…
– ლომის ბოკვერები? ასეა, ოქროს თუ გაყიდი. ლომები მაინც უნდა იყიდო.
ეამა.
თვალწინ გაყიდული ლომის თავი გამიბრჭყვიალდა.
– არც გიცდია? – ხუროთმოძღვრობა უნდოდა. რატომ არა? რატომ ისევ არქიტექტორი? ვერ მოვისვენე.
– ვერ გამოვიდა – მშვიდია. – ვცხოვრობდი.
არ ვიცი მიაგნო კი რაღაცაზე მეტს.
გზა გავიმუსაიფეთ. კოცნები, ა! ა! ა! არცერთს არ გვახსოვს.
– რატომ შეგეშინდა? – ვკითხე დამშვიდობებისას.
– საშიში ხარ, საშიში!
არადა, ვიგულისხმე „უფულო გზებით სიარულის“.

როგორ შენდება ტაძარი
ავიღოთ მობილური ტელეფონი.
მოთმინებით და დაუნჯებით ავკრიფოთ ანგარიშის ნომერი. მაგთის აბონენტებმა დავრეკოთ წაყ-წაყ-წაყ, ჯეოსელის აბონენტებმა: წაყ-წაყ-წაყ, მეგალაინის…
თქვენს წინაშეა მოთხრობა მეგა ხაზით: ფულიც და სულიც.
მატერიალისტებმაც და იდეალისტებმაც დარეკონ ნომერზე
way-way-way…

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box