• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – ნოემბერი


    ბასა ჯანიკაშვილი, “აბსურდისტანი”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    “ვერ გავიგე, ეს ქალაქი მარტო გოიმებისაა? ეს ქალაქი მარტო ქაჯებისაა? ვერ გავიგე, ეს ქალაქი ვისია ბოლოს და ბოლოს. მერიის ერთი კინკილა სამსახურის, ვინც კონცერტების პროგრამას წყვეტს, თუ მათი, ვინც აქ ცხოვრობს. გგონიათ, რობერტ პლანტის მსოფლიო ტურში თბილისი რომ მოახვედროთ, ხალხი არ მოვა? ან U-2-ს და Radiohead-ის კონცერტით თავისუფლების მოედანს ვერ გაავსებთ? იქნებ ისიც გეგონოთ, რომ თქვენ მიერ გასროლილ შუშხუნებს ხალხი მოუთმენლად ელის? იმედი მაქვს, რომ არა.” – ეს არის ამონარიდი ბასა ჯანიკაშვილის ახალი რომანიდან, რომელიც ავტობიოგრაფიულია და მუსიკას ეძღვნება, უფრო კონკრეტულად კი, როკს.
    გასული საუკუნის 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში ეს მიმდინარეობა აკრძალული აღარ იყო, თუმცა, კარგი ჩანაწერების შოვნა არცთუ იოლი გახლდათ. ეს საქმე მელომანთა მხრიდან სერიოზულ “ჩალიჩს” მოითხოვდა, თუმცა, შედეგი ამად ღირდა. “დაპისკებით” გავრცელებული და არალეგალურად შემოტანილი მუსიკა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ხელისუფლების მიერ მკაცრად იყო კონტროლირებული.
    მაშინდელ ქვეყანას ავტორი აბსურდისტანს უწოდებს და იყო კიდეც აბსურდული, თუმცა, ბევრისთვის აბსურდისტანური ყოფა დღესაც გრძელდება, რადგან ადამიანები ფსევდოღირებულებებითა და ფსევდოგრძნობებით ცხოვრობენ, ფსევდომუსიკას უსმენენ და ფსევდოთავისუფლებით ტკბებიან. გზა საბჭოთადან თანამედროვე აბსურდისტანამდე ავტორის ყმაწვილკაცობისდროინდელ მოგონებებზე გადის და როკის განვითარებასთან ერთად იმდროინდელი ყოფის საინტერესო დეტალებზეც გვიამბობს.

    დიანა ანფიმიადი, კონსპექტური მითოლოგია (ლექსები). თბ. “საუნჯე”, 2009.

    მის ლექსებს ხშირად უწოდებენ მუსიკალურ პოეზიას, ოღონდ, კლასიკურს კი არა, ატონალურს, თავისუფალ რითმებად რომ იღვრება დროსა და სივრცეში. პირველი წიგნი შოკოლადის ფილებად დაიღვენთა მკითხველის მეხსიერებაში, მეორედ კი უკვე მითოლოგიური თემატიკით წარდგა ჩვენს წინაშე. “კონსპექტური მითოლოგია” ერთგვარი დაბრუნებაა ძირებთან – პოეტესა ხომ წარმოშობით ბერძენია. სხვათა შორის, ავტორის გვარ-სახელი იმდენად ჟღერადი და პოეტურია, კარგა ხანს ფსევდონიმი მეგონა. როგორც ჩანს, ეს კოდი მასში თავიდანვე იყო ჩადებული, რაც მის ახალ კრებულში კიდევ ერთხელ დადასტურდა.
    ხან პანდორაა, ხან გალათეა, ხან კასანდრა და ხანაც ელენე, კლიტემნესტრა, მედეა… ერთი სიტყვით, მთელი ბერძნული მითოლოგიაა, თუმცა, ამ კრებულის კლიტე-გასაღებად კენტავრი აირჩია. წიგნის გარეკანზეც ქალი-კენტავრია გამოსახული, კენტავრი დიანა, რომელიც საკუთარ ფლოქვებს კი არ დაჰყურებს, როგორც ლექსშია, დაკვირვებული მზერით სადღაც შორს, უსასრულობაში იყურება, თითქოს ზეციური სამყაროსკენ ისწრაფვის, თუმცა, გაბერილი საღეჭი რეზინი მყარად ამაგრებს მიწაზე. ერთი სიტყვით, არც მიწისაა, არც ცისა. მისი ბიოგრაფიიდან ვიმსჯელებთ, მრავალმხრივი და არაორდინარული ადამიანია: პოეტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, ექსპერტ-კრიმინალისტი, არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ამჟამად თსუ ზოგადი და თეორიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დოქტორანტია. გატაცებულია კულინარიით. მისმა პოეტურმა კრებულმა “შოკოლადი” – შარშან “საბას” ლიტერატურული პრემია დაიმსახურა საუკეთესო დებიუტისათვის, შარშანწინ კი ლიტერატურულ კონკურს წეროს გამარჯვებულიც გახდა. წარმატებები ჯერჯერობით თან სდევს. იმედია, ასე გაგრძელდება.

    ლია სტურუა, ზღვა დაკეტილია (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.

    რა სასიამოვნოა, რომ დღეს, როდესაც პოეზიის გამოცემა არამომგებიან საქმიანობად მიიჩნევა, არსებობს გამომცემლობა, რომელიც ჯიუტად საპირისპირო მიმართულებით მიდის. “სიესტას” ანგარიშზე არაერთი საინტერესო პოეტური კრებულია – ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების, ამჯერად კი გამომცემლებმა მზერა ლია სტურუაზე შეაჩერეს.
    ანა კალანდაძის შემდეგ ლია სტურუა პირველი პოეტესა იყო, რომელმაც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლიტერატურულ სივრცეში ხმაური და მღელვარება გამოიწვია. მისი დახვეწილი, ინტელექტუალური, ფორმისა და ჩარჩოებისგან თავისუფალი ლექსი იმ პერიოდის ქართულ პოეზიაში ახალ სიოდ შემოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მის სტილს მიმდევრები გამოუჩნდა, ლია სტურუას პოეზია დღესაც არავისში აგერევათ. “სიესტა” შეეცადა მკითხველისთვის ამ თვითმყოფადი შემოქმედის შედარებით ახალი ნამუშევრები გაეცნო.

    გიორგი მირზაშვილი, ნადავლი (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.

    დაწურული აზრი, მოზომილი სიტყვა, ლექსი – ნატურმორტი, ლექსი – პორტრეტი, მხატვრის პოეზია – აი, ასეთია გიორგი მირზაშვილის ახალი კრებულით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება. ხანდახან ჯობია, არაფერი დაწეროო – ამბობს ერთგან პოეტი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს რიტორიკული შეძახილია საკუთარი თავის მიმართ, რადგან “ნადავლი” მისი რიგით მესამე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა “სიესტა” გამოსცემს. მანამდე იყო “მარშრუტი ნომერი ორმოცდარვა” და “მშრალი ხიდი,” რომელთაც პოეზიის მოყვარულთა ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ქართველ პოეტთა ორდენი გარკვეული სიფრთხილით მოეკიდა მხატვრობიდან “გადმობარგებულ” თანამოკალმეს. თუმცა, ვეჭვობ, ამას ავტორისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. წერს, რადგან სხვანაირად აღარ შეუძლია და აწყობს თავისი ლექსის მოზაიკას, რომელიც ოდესმე ერთ დიდ ტილოდ გარდაიქმნება, სახელწოდებით – გიორგი მირზაშვილის პოეზია.

    გაიუს ვალერიუს კატულუსი, “ლექსების წიგნი”. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მანანა ღარიბაშვილმა.
    რედაქტორები: იზა ორჯონიკიძე, თემურ დოიაშვილი. თბ. “ლოგოსი”, 2009.

    “ლათინური გამოთქმაHHabent sua fata libelli – “წიგნებს თავისი ბედი აქვს” – ყველაზე მეტად სწორედ ამ წიგნს შეეფერება” – წერს კატულუსის ქართულ ენაზე მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი. საქმე ისაა, რომ X საუკუნეში, როდესაც ლათინური მხოლოდ ეკლესიისა და მეცნიერების ენად იყო ქცეული, ვერონის ერთ-ერთ მონასტერში ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ძველი რომაელი პოეტის ლექსების ხელნაწერი იპოვა, რომლითაც ძალზე მოიხიბლა, მიუხედავად ავტორის წარმართობისა. ეს იყო კატულუსის ლექსების ერთადერთი კრებული, რომელიც შემოთხვევით შემორჩა მის მშობლიურ ქალაქს. მოგვიანებით, ხელნაწერი ისევ გაქრა, თუმცა XIV საუკუნეში კვლავ იპოვეს და რამდენჯერმე გადაწერეს. შემდეგ კი ყველა ევროპულ ენაზე თარგმნეს. სასიამოვნოა, რომ მათ რიცხვში საქართველოცაა.
    “უბერებელი” რომაელი ლირიკოსის პოეზიას ყველა ეპოქა თავისებურად კითხულობდა. რომანტიკოსები მას რომანტიკოსად მოიხსენიებდნენ, სიმბოლისტები – სიმბოლისტად, ჩვენი თანამედროვეებისთვის კი კატულუსი პოსტმოდერნისტია. ამ შემთხვევაში ლიტერატურული ჩარჩოები მეორეხარისხოვანია, მთავარი ავტორის მრავალწახნაგოვანი, ირაციონალური იმპულსებით აღსავსე პოეზიაა, რომელიც ძალზე ოსტატურად გადმოაქართულა მანანა ღარიბაშვილმა.

    ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ. ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ჯიშიაშვილმა. რედაქტორი მანანა კვაჭანტირაძე, თბ. 2009.

    ეს წიგნი, რომელიც თანამედროვე ლათინომერიკელი და ესპანელი მწერლების შემოქმედებას მოიცავს, ესპანურენოვანი ლიტერატურის მოყვარულთ დააინტერესებს. ოქტავიო პასი, ადოლფო ბიოი კასარესი, კარლოს ფუენტესი, ხუან კარლოს ონეტი, ანტონიო გალა, ხუან მარსე, მანუელ ვისენტი, არტურო პერეს-რევერტე და გუსტავო მარტინ გარსო – აი, ავტორები, რომელთა ნაწერებსაც კრებულში გაეცნობით.
    ესპანურენოვან ლიტერატურას, დაწყებული სერვანტესიდან, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო მწერლობის ისტორიაში. მათ რიცხვს გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ლათინოამერიკელ ავტორთა მთელი კასკადი შეუერთდა. მარკესი, ლიოსა, კორტასარი, ბორხესი… ამ პერიოდის მწერლობა “ლიტერატურულ ბუმად” მონათლეს. მოგვიანებით მათი ტრადიცია ფუენტესმა, ონეტიმ და პასმა გააგრძელეს.
    აქ წარმოდგენილ მწერალთა ნაწილს ქართველი მკითხველი მეტად იცნობს, ნაწილს ნაკლებად, თუმცა თითოეულმა მათგანმა საკუთარი სიტყვა თქვა ესპანურენოვანი ლიტერატურის განვითარებაში. მათი შემოქმედება არაერთი პრემიითაა აღნიშნული როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც. მნიშვნელოვანია, რომ ამ სამყაროს წარმომადგენელთა ლიტერატურული ნააზრევი, შემოქმედებითი ძიებები და მსოფლმხედველობა ქართველმა მკითხველმაც გაითავისოს და შეაფასოს.

    სულხან-საბა ორბელიანი – 350, საიუბილეო კრებული. რედაქტორი და შემდგენელი, ირმა რატიანი. თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი”, 2009.

    საქართველოს ისტორიაში არიან პიროვნებები, რომელთაც საეტაპო როლი შეასრულეს ქართული ცნობიერების, მწერლობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში. ერთ-ერთი მათგანია სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც 2008 წელს დაბადებიდან 350 წელი შეუსრულდა. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ეს თარიღი დიდი ზარ-ზეიმით არ აღნიშნულა, თუმცა შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი შეეცადა მწერლისთვის ღირსეული პატივი მიეგო. ეს კრებული ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.
    დიდი ადამიანების ბიოგრაფია და შემოქმედება იმითაცაა დიდი, რომ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისა და ძიებისათვის. კრებულში წარმოდგენილ ავტორთაგან თითოეულმა თავისი სულხან-საბა დაინახა, მისთვის საინტერესო თემატიკას ჩაუღრმავდა ავტორის შემოქმედებაში და რიგ შემთხვევაში, ახლებური ხედვა, ზოგან კი – უფრო სიღრმისეული გააზრება შემოგვთავაზა.
    ზაზა ფირალიშვილი, თეიმურაზ დოიაშვილი, ლევან ბრეგაძე, მერაბ ღაღანიძე, როსტომ ჩხეიძე, დარეჯან მენაბდე, გიორგი გაჩეჩილაძე, ლია ბაკურაძე, თინათინ ბოლქვაძე და მალხაზ ხარბედია სულხან-საბას მიკრო და მაკროკოსმოსის მათეულ ხედვას გვთავაზობენ. კრებულს ირმა რატიანის შესავალი წერილი და რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია ერთვის, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს თვალი გადაავლოს ძირითად სამეცნიერო ლიტერატურას და მისთვის სასურველი მასალა შეარჩიოს.

    ალენ პეკარ ლემპერერი, ორელიენ კოლსონი “მოლაპარაკების მეთოდები”. მთარგმნელები: ნატო მაჭარაშვილი, თინათინ ღარიბაშვილი. სამეცნიერო რედაქტორი: ტარიელ სიხარულიძე. რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი.
    თბ. ”ჯისიაი”, 2009

    კარგ მომლაპარაკებლად კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან – ასეთია წინამდებარე ნაშრომის მთავარი გზავნილი, რომლის ავტორები მოლაპარაკებათა სფეროს გამოცდილი წარმომადგენლები არიან. ალენ ლემპერერი და ორელიენ კოლსონი ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის (ESSEC) პროფესორები და არაერთი სამეცნიერო ტიტულის მფლობელები არიან. ეს წიგნი მათი და ამ სკოლის გუნდის 10-წლიანი შრომის შედეგია.
    ავტორები მკითხველს საკუთარ მდიდარ გამოცდილებას უზიარებენ და მოლაპარაკების წარმოების ფილოსოფიასა და ტექნიკას აცნობენ. ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს იმ ქმედებების კვლევა და ანალიზი, რომლებსაც ადგილი აქვს მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.
    წიგნი ეფუძნება მოლაპარაკების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, ასევე ტრენინგებს, დიპლომატიური მისიებისა და აკადემიური საქმიანობისას დაგროვილ უზარმაზარ გამოცდილებას. როგორ მივიღოთ საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილება, მოვაგვაროთ კონფლიქტი და ვმართოთ საკუთარი და მოწინააღმდეგის ემოციები – ამ და ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს წინამდებარე წიგნში შეიტყობთ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  კრიტიკა

    გაგა ლომიძე – თბილისური ერზაცი: შენიშვნები მინდვრებზე

    “რაღაც დამპალა დანიის სამეფოში.”
    შექსპირი, “ჰამლეტი”

    “და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.”
    ირაკლი ჩარკვიანი, “საქართველო”

    “უეცრად სიმხურვალე ორმაგდება და ჩვენ ამის შეჩერება არ შეგვიძლია. ვერაფრით შევაჩერებთ მას… არც კი უნდა შევეცადოთ მის შეჩერებას, არამედ უნდა მოვემზადოთ ახალი სამყაროსთვის, რომელიც დადგება.”
    ჯეიმს ლავლოკის ინტერვიუ ვივიან ვესტვუდთან, Dazed&Confused. 25 ივნისი, 2009

    ვიქტორი&როლფი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, 2010

    ჩარლი ჩაპლინმა, ალბათ უნებურად, გენიალურად იწინასწარმეტყველა, როდესაც “ახალ დროებაში” – მართალია ცოტა განსხვავებულ კონტექსტში, მაგრამ მაინც – იდეალური ცხოვრების ხატი დასახა. ფილმში ვხედავთ კადრებს, სადაც მთავარი გმირი სავარძელში ნებივრობს; საკმარისია ცხელი რძე მოინდომოს და მაშინვე, ფანჯარასთან ჩნდება ძროხა, ჩარლი სავარძლიდან აუდგომლად გადაყოფს ჭიქას და ძროხა თავისით იწველება; საკმარისია მოინდომოს ვაშლი, რომ ღია ფანჯრიდან ვაშლის ხის ტოტები შემოდის და მიერთმევა ჩარლის პერსონაჟს… სავსებით წარმატებით შეგვიძლია, რომ ეს ნივთები მაღალი ტექნოლოგიებით ჩავანაცვლოთ და შედეგი ზუსტად იგივე იქნება. და მაინც, შესაძლოა, ჩარლი ჩაპლინი გრძნობდა, რომ 21-ე საუკუნეში – კონსუმერიზმის პიკის ხანაში ყველაფერი, მათ შორის მორალური ფასეულობები, ადამიანის კომფორტის მოთხოვნებს დაექვემდებარებოდა, რომ უტოპია დისტოპიით შეიცვლებოდა, რომ გონებასთან შედარებით გრძნობა მეორეხარისხოვანი გახდებოდა და გაცვდებოდა.
    ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართული რომანი – ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი”, თავისი დახვეწილი ენით, ალუზიებით და გამბედაობით, შეიძლება დონა კარანის ბაროკოს ხანის ნოსტალგიით გაჯერებულ გოფრირებულ საღამოს კაბებს თუ დრიეს ვან ნოტენის ნაოჭებიან საყელოს და მანჟეტებს, ან ვიქტორის და როლფის სიურრეალისტურ თუ ალექსანდერ მაკქუინის ფუტურისტულ ექსპერიმენტებს შევადაროთ. დიზაინერები შემთხვევით არ გვიხსენებია: “ადიბასი”, გარკვეულწილად, ბრენდების დიდი სარეკლამო ბილბორდივითაა, როგორც ბრეტ ისტონ ელისის რომანებში. ვისაც ერთხელ მაინც გადაუფურცლავს ჟურნალი GQ, ეს რომანი მაშინვე გაახსენებს მის ერთ რუბრიკას UP&DOWN – ანუ, ის, თუ რომელი ტენდენცია “ასწორებს” და რომელი “ტეხავს”. უფრო კი ეს რომანი ქართული DOWN-ტენდენციების სატირაა, სადაც ავტორი უკვე ყველასთვის ცნობილი ბრენდების იკონურ ნიშნებზე აპელირებით, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს – სრულიად ახალ სიმბოლო-ლოგოტიპებს, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თბილისური საზოგადოებისთვის ახლობელი მუტაციების ანალოგებს ქმნის; მაგალითისთვის, რადიაციის, მასთერქარდის და ფერარის ლოგოს კომბინაციით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება ფალოსის ლოგო მივიღოთ, ხოლო თანამედროვე სამყაროში შეიძლება მანტრა და იამამოტოს ლოგოც კი დაწყვილდნენ და ახალი კონცეპტუალური იკონური ნიშანი მოგვცენ. ასეთია პოსტმოდერნული პროფანაციის ლოგიკა, რომელიც თვითონვე ქმნის ბრენდებს და საკუთარი ხელითვე ანადგურებს მათ. თუმცა ეს მხოლოდ იმ კონცეფციის ფასადია, რომლის ერთგვარი დასაბუთებაცაა მთელი რომანი: “ადიბასი” ბოდრიარისეული ჰიპერრეალობის და სიმულაკრას კონცეპტის პრაქტიკული ხორცშესხმაა.
    რომანში მოქმედების ასპარეზი არის თბილისი – ყალბი, ერთგვარი ჰიპერრეალური, მუტანტების ქალაქი, სადაც ყველაფერი ერზაცია, გაყალბებულია – ბრენდებით დაწყებული ყოველდღიური ცხოვრებით დამთავრებული. იქნებ ამიტომაცაა, რომ ამ ტრანსგრესიულ რომანში მთხრობელი ანტიკური ხანის პარესიასტს ემსგავსება და მის ანტისოციალურ და დროდადრო ნიჰილისტურ მსოფლხედვას/პოზიციას სიყალბის და მასთან ერთად მომხმარებლობის მიმართ პროტესტი განაპირობებს, რადგან გარემო გრძნობებისგან დაცლილია და ძალადობის მიმართ რეაქცია არავის აქვს. თითქოს რადგანაც “ღმერთი მოკვდა, ყველაფერი დაშვებულია”, სადაც ღმერთი და მორალი ერთმანეთის იგივეობრივია. ამ სინამდვილეში მორალი ოდენ რიტუალის ამარაღაა დარჩენილი – მხოლოდ ნაკურთხი მანქანებით, ჯვრიანი სტიკერებით თუ სხვა ნიშნებით გამოხატული. “ადიბასი”, სტილის თვალსაზრისით, 1980-იანი წლების ამერიკული პროზის, იაპონური მანგების და ამერიკული კომიქსების ერთგვარი ნაზავია. ისევე როგორც კომიქსები, ეს რომანიც გაჯერებულია სუპერგმირების იმიჯებით, ოღონდ მხოლოდ იმიჯებით, ვინაიდან როგორც მთხრობელი ამბობს: “No one can be the hero in fake city.” უფრო კი პირიქით, მთხრობელის მსგავსად, ჩვენც, მკითხველსაც შეიძლება გაგვიჩნდეს შეგრძნება, რომ ის, რაც სინამდვილეში ხდება – თუნდაც ომი – მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კომპიუტერების მოციმციმე მონიტორებზე ასახული თამაშია, რომელსაც the Sims-ის მსგავსად, ჩვენ თვითონვე ვმართავთ. სინამდვილე სუპერგმირებისა და ურჩხულების შერკინების ასპარეზს ემსგავსება. იქნებ ამით აიხსნას გულგრილობა ან, უფრო, გრძნობების დაჩლუნგება, რაც თითოეულ სტრიქონში ცხადდება: მაშინ, როცა რუსული ავიაგამანადგურებელი გადაუფრენს ვაკის საცურაო აუზს, ყველა მშვიდადაა, თითქოს არაფერი ხდება; ან როდესაც ვერის პარკის თავზე მზვერავი-თვითმფრინავი გადაიფრენს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთხრობელი ყველაფერ ამას ვირტუალურ სივრცეში, youtube-ზე ადევნებს თვალს. ალბათ ამას გულისხმობს ავტორი, როცა ამბობს: “დიდი ხანია, ვეღარ ხვდებით, თქვენ მოიხმართ ტელევიზორს თუ ტელევიზორი მოგიხმართ თქვენ. და საერთოდ, ვეღარ გაგირკვევიათ, თქვენი ცხოვრება უფრო რეალურია თუ “დისქავერის“ გადაცემები.” ტელევიზიამ მართლაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი მსოფლხედვა და მიმართებები საგნების და მოვლენებისადმი. ჰიპერრეალობაც ხომ სინამდვილის და წარმოსახვის ერთმანეთისგან გარჩევის შეუძლებლობას ითვალისწინებს.
    “ადიბასში” ნებისმიერი გახსენება თუ წარმოსახვა თითქოს ციფრულ ფორმატშია. აქ ძაღლიც კი ასოციაციურად ელექტრონულ ძაღლთანაა დაკავშირებული. იქნებ ამიტომაც იქცევა რომანში ომი ფონად და ის ციფრულ თუ ვირტუალურ სივრცეში განხორციელებულ კომპიუტერულ თამაშს გავს, ჰიპერრეალობის ელემენტებით, რომელიც მართალია იჭრება ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ ფიზიკურად არ გვეხება – ისე, როგორც “ფეისბუქის” თამაშები, რომელშიც ჩართული ხარ და ის შენს დღიურ გრაფიკს გარკვეულად განსაზღვრავს, მაგრამ მაინც ვირტუალური სიხშირის დისტანციაზე. ასეთ დროს TDK-ს კასეტების და აიპოდის შეპირისპირება წარსულის თუ ბავშვობის ნოსტალგიურ მეტაფორად იქცევა. რომანში მოქმედი პირები ე.წ. დაკარგული, “მეორადი მოხმარების”, ან, გნებავთ, გადაშენების პირას მყოფი დინოზავრების თაობაა, რასაც ავტორი მარჯვე მეტაფორით განსაზღვრავს – vint age – ვინტის ხანა, ვინტის თაობა, რაც იმავდროულად მოდის ენაზე რომ ვთქვათ, vintage-ზე მიანიშნებს. რომანში ჩართული პიესა კი, სადაც პერსონაჟები მეტამფეტამინს ელოდებიან, ამაო ლოდინს ემსგავსება, სადაც მოძრაობა სინამდვილეში უძრაობაა და გარკვეულ ალუზიას ქმნის “გოდოს მოლოდინთან”, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ერთი მხრივ, პერსონაჟების ფრაზა: “წავედით” და ავტორის რეპლიკა: “ადგილიდან არ იძვრიან”. პოსტმოდერნის ხანაში ხომ ყოველი ჩვენი მცდელობა განეიტრალებულია და უსუსურობის შეგრძნება ერთადერთი სინამდვილეა.
    ჩვენი გარემოს ფასეულობების კიდევ ერთ მეტაფორად იქცევა ხინკალი და სახინკლე, სადაც ჭამა და მონელება გაიგივებულია პაზოლინის “სალოსეული” ცნობილი ფრაზით: “mangia”. სახინკლე “ლურჯი ხავერდიც” პარადოქსია, რამდენადაც “გლამურულ” შარდენზეა გახსნილი. ამ ფსევდო-სილაღე/სადღესასწაულო განწყობის სიყალბეს კი უკვე კინოეფექტის მსგავსი აღწერა ანეიტრალებს: “”ლურჯ ხავერდში“ ყველას და ყველაფერს ლურჯი­მოიისფრო გადაკრავს. როგორც სოლარიუმში… ან ფანტასტიკურ თრილერში. თითქოს ცოცხალი მკვდრების ლხინს უყურებ.” – როცა ირგვლივ ტანკები მოძრაობენ და ცაში ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ, ლხინი ჟამიანობის დროს ნადიმს ემსგავსება. მართლაც, მთელი რომანის განმავლობაში, მთელ ქალაქში, ისევე როგორც სახინკლეში, მყრალი სუნია, ჰაერი მძიმეა, სივრცე ჩაკეტილია. ამგვარი მძიმე ჰაერი რაღაცით სარტრის “გულზიდვას” მოგვაგონებს, რასაც მთხრობელის კომენტარი კიდევ უფრო ამყარებს: “გულის რევისას ამაღლებულზე ფიქრი, და პირიქით, ამაღლებულზე ფიქრისას გულის რევა” – ესეც ბახტინისეული კარნავალურობის კონცეპტი თავისი ამბივალენტურობით, უარყოფით და იმავდროულად მტკიცებით.
    უცნაურია, მაგრამ კომიქსის ესთეტიკა, წესით, მხიარულს თუ არა, გასართობ განწყობას უნდა აღძრავდეს. არადა, “ადიბასი”, მეგაპოლისის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ გართობაზე მინიშნებების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, ყველაზე სევდიანი რომანია თბილისზე, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილა, სადაც სილაღეს და უზრუნველობას ფსევდო-სილაღე და უზრუნველობა ჩაანაცვლებს. სულ რამდენიმე ფრაზით წარმოდგენილი თბილისის ერთგვარი კულტურული ანატომია მისი ფერადოვანი ფასადის მიღმა გვახედებს: “თბილისს ძალიან კარგად უნდა იცნობდე, რომ იგრძნო ხოლმე ეს ცვლილებები. იგი სულ ასეთი დამყოლია, როგორც პლასტელინი, ჰიპერრეალისტური ქალაქი. ნებისმიერს შეუძლია მისი თავის ნებაზე გამოძერწვა, გაფერადება, გაუპატიურება, და რაც მთავარია – გაყალბება. თვითონაც თითქოს გთხოვს, მოგმართავს, გიბრძანებს, რომ გააფერადო, გააუპატიურო და გააყალბო.” ასეთ შემთხვევაში, თითქოს ქართულ ენაშიც სქესის გაგების არტიკლების ან ზმნის არქონა წინასწარ გამიზნულ ფასადად იქცევა, რომელიც დაუფლების ფარულ სურვილს მალავს და კოლონიური მსოფლხედვითაა დაღდასმული. თბილისიც ასეთ წიაღად წარმოგვიდგება, რომელიც ყველასთვის ღიაა და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ დაეუფლონ – ტოლერანტობის თუ ათასგვარი უწყინარი სახელით. თუმცა პოსტმოდერნის ხანაში სიშიშვლე ნორმაა, არც სურვილების დაფარვაა საღი აზრის მანიშნებელი. და აქაც ჩნდება ფრაზა, რომელიც კვლავ ბახტინისეულ კარნავალიზაციის კონცეპტს მოგვაგონებს: “თვითონ ომია სექსის იმიტაცია, ან პირიქით – სექსი ომის იმიტაცია”, სადაც ომი და სექსი დაწყვილებულია. იქნებ ამის გამოა, რომ მთხრობელს რეზერვისტის გამოსახულებიანი ბანერის ხილვა აღაგზნებს: “რეზერვისტი ჩემზე ვიაგრასავით მოქმედებს. მილიტარისტული სულისკვეთებითაც მტუმბავს.” აქ შეიძლება ჟან ჟენეს “დაკრძალვის ცერემონიალი” გაგვახსენდეს, სადაც ოკუპირებულ საფრანგეთში მთხრობელის ეროტიკულ ფანტაზიას აღძრავს Boss-ის მიერ დამზადებულ სამხედრო უნიფორმებში გამოწყობილი ნაცისტი ჯარისკაცები.
    ომის და სექსის დიადა ტრიადად გარდაიქმნება, როდესაც მას სიკვდილიც ემატება. ოღონდ სიკვდილი, არა როგორც დასასრული, არამედ ახლის დასაწყისი. იქნებ ამით აიხსნება მთხრობელის ჰიპერსექსუალურობა, თითქოს წიაღში დროებითი თავშესაფრის პოვნას ცდილობს. ალმოდოვარის ფილმში “ესაუბრე მას” ვაგინაში დანთქმისკენ სწრაფვაზე მინიშნებით, ავტორი იმავდროულად სამოთხისეულ სიმშვიდეში დაბრუნებისკენ სწრაფვაზე მიგვითითებს. თითქოს ამ დახუთულ გარემოში ერთადერთი გასაქცევი მხოლოდ სექსია და არ აქვს მნიშვნელობა ეს რეალურ დროში, მონიტორის ეკრანზე ნანახი აქტი იქნება თუ ტელეფონით გაგზავნილი სასქესო ორგანოების ფოტოების გაცვლა-გამოცვლა. მაგრამ ამგვარი სწრაფვა, იმავდროულად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ესქატოლოგიური შიშითაცაა ნაკარნახევი.
    რომანის ბოლოს თითქოს დარღვეული მთლიანობა, პიქსელებად დაშლილი სამყარო ერთ დიდ, მაღალი რეზოლუციის გამოსახულებად გარდაიქმნება და ირკვევა, რომ მოქმედება თითქმის ერთ დროსა და ერთ სივრცეში ხდება, მხოლოდ რაკურსია სხვადასხვა. მაგრამ უცნობია 08/08/08 – განულებული უსასრულობა გოდოს მოლოდინს დაემსგავსება, დასასრულის ახალი დასაწყისია თუ განახლების ნიშანია.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  კრიტიკა

    მალხაზ ხარბედია – ზაზა ბურჭულაძის ფრთები

    ქართულ ლიტერატურულ ჟარგონში ახალი სიტყვა გაჩნდა, adibas-ი. მართალია სიტყვა მანამდეც არსებობდა ყოფაში, მაგრამ ახლა იგი უკვე ლიტერატურაში გაფორმდა, სულ მალე კი ალბათ მოვა დრო, როდესაც ლევან ბრეგაძე ან ჟარგონის სხვა მკვლევარები თავიანთ ნაშრომებშიც შეიტანენ ამ სიტყვას. მითუმეტეს, ავტორს უკვე აკადემიური განმარტებაც აქვს მზად, რომელიც ეპიგრაფივით უძღვის წიგნს: “ადიბასი – 1. ყალბი ადიდასი. 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია. 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა, და ა.შ.”.
    ჩემთვის წიგნის ასეთი შესავალი ძალიან საყურადღებო იყო, რადგან, როგორც მის ნაწერებს ხშირად ვატყობდი ხოლმე, ზაზა ყოველთვის ბევრს (ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც) მუშაობდა ლექსიკონებთან.
    მას აქვს წიგნები, რომლებიც სავარჯიშოები უფრო გეგონება, სადაც იგი თვეების თუ წლების მანძილზე ლექსიკონებიდან ან რომელიმე ენამახვილი მთარგმნელის მარაგიდან ამოკრებილი სიტყვებითაა აწყობილი.
    ზაზა თავიდანვე ძალიან ბევრს მუშაობდა ენაზე, ბევრს ეძებდა, გაუთავებლად არჩევდა სიტყვებს, შედეგად კი ხშირად სრულიად კარიკატურული და დამღლელი კონსტრუქციები გამოსდიოდა, რომელიც ერთი მხრივ ღვლარჭნილი ფსევდო-ქართული იყო, მეორე მხრივ კი, აზრის გადმოცემის ფსევდოაკადემიური, უმწიფარი მცდელობები.
    მაგალითად, მისი პირველი რომანი, “სულთათანა” (2000) სავსეა ასეთი ენობრივი “სამშობიარო ტკივილებით”. ნებისმიერ გვერდზე შეგიძლიათ გადაშალოთ და ასეთ რამეებს შეხვდებით: “მახსოვრობის სკივრიდან ერთბაშად ამოაგონდა დედის მომუშტული ხელის მტევანში მოჭმუჭნილი ოფლით მონამული ზეწარი როგორ მოიმჩვარა, როგორც კი მომუშტვას დედამ თავი ანება…”, “ისედაც მბჟუტავმა შუქმა სულ მთლად ჩაქრობისკენ ქნა პირი”, “ბუნებრივ კანონზომიერებათა აშკარა უგულებელყოფისა და შეუფარავი დაცინვის თვალსაჩინო ნიმუშია ის, რასაც სპილოს ძვლის კუნძულის აბორიგენები სჩადიან თავიანთ მიცვალებულებთან”.
    შემდეგი ძალიან მკვეთრი ნაბიჯი იყო “წერილი დედას” (2002), სადაც პირველ პირში გულახდილად მოთხრობილმა თითქმის რეალურმა ამბავმა ცოტათი დაჩრდილა ეს “ლინგვისტური თამაშები”, თუმცა ზაზამ აღარ განავითარა ეს მიმართულება, და მომდევნო რამდენიმე წელი მან არჩია სრული ტექსტუალობის გზით ევლო, წარმოედგინა წარმოუდგენელი, ეწერა იმის მიუხედავად, სათქმელი ჰქონდა თუ არა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ალბათ ზაზას სურვილი თუ ახირება, რომ მისი წიგნები საზრისის ქექვით, და რაღაც კონცეფციებით წაეკითხათ და სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ მის “მინერალურ ჯაზს” (2003) ამდენი “კომენტატორი” დაესია (თუ დაასიეს). რა თქმა უნდა, არც ზაზა იყო რობ-გრიე და არც კომენტატორები იყვნენ ბარტი-ტოდოროვი-კრისტევები, ამიტომ, როგორც ადრეც აღვნიშნე, ახალი ლიტერატურისა და ძლიერი ახალი მწერლის ასპარეზზე გამოყვანის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა (უფრო სწორად ნაჩქარევი იყო). ზაზა ბურჭულაძის ანცობები, მისი ნაგროვები ლექსიკა, ჩანიშნული სახელები და დასახელებები, ხუმრობები და უხამსობები, ქადაგებები და ხულიგნობები ხშირად ისევ ვერ ეწერებოდა წიგნის საერთო ქსოვილში და ავტორის მცდელობები თავისი მკვეთრად გამოხატული, ძლიერი იდიოლექტი შეექმნა (როგორც ეს თავის დროზე მოახერხეს, ვთქვათ, ჩაკ პალანიკმა ან ვლადიმირ სოროკინმა), უშედეგოდ მთავრდებოდა.
    მოკლედ, დროებით ზაზას ნაწერი დაშორდა რეალობასაც, “აუცილებლობისა და ალბათობის” უძველეს, არისტოტელესეულ პრინციპსაც, ენასაც, რომელმაც მოგვიანებით სრულიად უშედეგოდ გაიბრძოლა “სახარება ვირისაში” (2004), ხოლო Enfant terrible-ს ხვედრი, რომელიც მან ჯერ კიდევ “სიმპსონებიდან” და “წერილი დედას”-დან მოყოლებული აირჩია, სულ უფრო ბუნდოვანი, უშედეგო და უინტერესო ხდებოდა. ჯვარცმა და რომაელი ჯარისკაცები არსად ჩანდნენ, ზაზამ მოიწყინა.
    გარკვეული პერიოდის მანძილზე, განსაკუთრებით რამდენიმე ტოკ-შოუში მონაწილეობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პერიოდში, ბურჭულაძე გასცდა კიდეც ლიტერატურის ფარგლებს და ვიტრინაში დაიკავა ადგილი, ხოლო მისი მომდევნო მცდელობები (“ხსნადი კაფკა” (2006) და “ფონოგრამა” (2008)) მოსაცდელში სიგარეტის მოწევას უფრო დაემსგავსა.
    ჰოდა, ზუსტად არ ვიცი რომელ ღერზე იყო… და ზაზამ შექმნა ახალი საუკუნის პირველი ათწლეულის დამაგვირგვინებელი, ძალზე ზუსტი, მოქნილი და დასრულებული ტექსტი, რომელიც, მისი ძველი ნაწერებისგან განსხვავებით, სრულყოფილია. ეს მისი საუკეთესო რომანია და მირჩევნია ზაზა ბურჭულაძის ნამდვილი მწერლური ბიოგრაფია “adibas”-იდან დავიწყო.
    ამ რომანში ზაზა შესანიშნავად სუნთქავს, თხრობისას არ ქოშინებს, არაფერს ამეტებს, ზუსტად ამთავრებს თავებს, უფრო ლაღია, ვიდრე ადრე. მის ნაწერში მეტია სიმკვეთრე, ყოველი მისი ხუმრობა მიზანში არტყამს: უბრალოდ-უხამსი ხუმრობაც, “ზაუმნი”-უხამსი ხუმრობაც, უკბილოც და უწყინარიც.
    “adibas”-ის ჟანრულ თავისებურებებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ყველაზე ნაკლებად მასში სწორედ ლიტერატურული ჟანრები იკითხება, უფრო მეტად კი პარალიტერატურა. მაგალითად, ეს წიგნი გრაფიტივითაა, სადაც კედლებზე წარწერილ ფრაზებში მთელი ისტორიები შეგვიძლია ამოვიკითხოთ, დავინახოთ ადამიანები. გრაფიტის და სტენსილებს ახლა ყველგან შეხვდებით, ზაზას ბავშვობის პერიოდშიც ჩვეულებრივი ამბავი იყო კედლებზე უმარტივესი წარწერების გაკეთება, მაგრამ მაშინ სულ სხვა შინაარსები, სულ სხვა სურვილები იწერებოდა კედლებზე.
    და რა წარწერები იყო ესენი? უმარტივესი. ესენი იყო უცხოური ფირმების დასახელებები: ადიდასი, პუმა, სონი, ჯივისი და სხვ.
    ეს წიგნი სავსეა ასეთი ბრენდებით, სახელებით, დასახელებებით და
    ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ზაზამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი აღსარებით ტონალობაში კი არ დაწერა, არამედ ფრონტალური, გარეგნული, მყვირალა, ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონებით ააჭრელა, სადაც ყველაფერს რაღაც წარწერა ჰქონდა, ხოლო თუ არ ჰქონდა, ასვამდნენ ამ წარწერა-ნიშანს.
    ერთ ჩემს უბნელ მეგობარს ბლოკნოტიც კი ჰქონდა სახლში, სადაც ეს ბრენდები ჰქონდა ჩამოწერილი, ანბანურად, რა თქმა უნდა, სახელები კორექტურებით იყო სავსე.
    რომანის მთხრობელებს გართულება აქვთ დასახელებებზე, “ფირმებზე” (როგორც ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ) და ეს 80-იანებიდან გამოყოლილი ქალაქური სენი ზაზა ბურჭულაძის რომანის მამოძრავებელ ძალად იქცევა. ნაწარმოების ცენტრალურ თავში, რომელსაც, ისევე როგორც რომანს, “adibas” ჰქვია, მხოლოდ ბრენდებია ჩამოთვლილი. ყველა ესენი დიდუბის მეორადებშია თავმოყრილი, სადაც ციბრუტივით ტრიალებს ერთ-ერთი მთხრობელი, გაუთავებლად არჩევს ტანსაცმელს და სულხან-საბასავით ალაგებს სიტყვებს და სახელებს: Hermès, Comme des Garçons, Sophia Kokosalaki, Kenzo, Helmut Lang, Hussein Chalayan, Jeremy Scott, Blaak, Fendi და ა.შ.
    ამ “ლექსიკოლოგიური” სამუშაოების პარალელურად, თბილისში ომია, რუსის ჯარი ქალაქშია შემოსული, ორმოცდამეორე დივიზიის მოტომსროლელი ბატალიონი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება, ბლოკ-საგუშაგოები პეკინის ქუჩის დასაწყისში და საზოგადოებრივ მაუწყებელთანაა გახსნილი, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ბომბები ცვივა, ასევე იბომბება გაგარინის მოედნისა და საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც.
    ომი ვერაფერს ცვლის ქალაქში, გმირები ისევ ისე დადიან ზეპურთა სახინკლეებში (სახინკლეს “ლურჯი ხავერდი” ჰქვია და კედლებზე ძველი ტფილისის ხედები და დევიდ ლინჩის ფილმებიდან კადრების ფოტოები კიდია), ტკბილ კაფეებში, საკონდიტროებში, სადაც გაჩხერილზე (მოწეულზე, ნაყნოსზე, ნაყლაპზე…) შეგიძლია უზომოდ ჭამო კრუასანები ალუბლის ჯემით, ქიშმიშით, ვანილის კრემით, მარციპანით, შოკოლადით, ხაჭოთი. ვაკის საცურაო აუზი სავსეა: “ბანდიტების ქვრივები სილიკონის მკერდით, ბიზნესმენების ცოლები წელზე ცელულიტით, თესლიყლაპია ბარბი-გოგონები მზის უზარმაზარი სათვალეებით, რეივის მოყვარული გეები ჭიპში პირსინგით, დედიკოს ბიჭები ახდენილი ოცნებებით…”. აქ, ამ ქვეყანაში მამაომ თავის მრევლს სენაკში შეიძლება კარაოკეც მოატანინოს და დიდი გრძნობით იმღეროს ბრიტნი სპირსის toxic. აქ არასდროს გავიწყდება, რომ ქართულ იოგაში მხოლოდ ერთი პოზა არსებობს – მხართეძოზე წოლა.
    ზაზა ბურჭულაძე ბოლო რომანში კიდევ ერთხელ გადაიხარა უელბეკისკენ (“წერილი დედას” შემდეგ), სექსი და პორნოგრაფია “ადიბას”-შიც ბლომადაა, ნაირ-ნაირი ხვრელები, გაჯგიმული გენიტალიები… თუმცა უელბეკისგან განსხვავებით, სექსს აქ ისეთი მწვავე მელანქოლია არ ახლავს თან. თუკი უელბეკი პიეროს სახით ეძლევა სექსს, ბურჭულაძის გმირები უფრო ჯგუფ Gorillaz-ის ანიმაციური პერსონაჟებივით გამოიყურებიან.
    რომანში რა თქმა უნდა ინტერტექსტებსაც შეხვდებით. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ციტატაა პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მოტაცების სცენა, რომელსაც თბილისის აეროპორტის გზაზე დახვდებიან, ჩემოდანში ჩასვამენ და სადღაც გააქანებენ ჩეჩნები (ბევრს შეიძლება კშიშტოფ კიშლოვსკის “სამი ფერი – წითელი”-ს ეპიზოდი გაახსენდეს).
    ერთგან მთხრობელი არარსებულ ფილმს წარმოიდგენს, ეროტიკულ ვესტერნს, რომლის რეჟისორებიც ტინტო ბრასი და სერჯიო ლეონე იქნებოდნენ. ფილმში მორიკონეს მუსიკა იჟღერებდა, ბლომად ფართო პლანები იქნებოდა, რომელსაც საერთო ხედები ჩაენაცვლებოდა, შემდეგ თვალები, ბლომად ხორცები და ა.შ. როცა ამ მონაკვეთს ვკითხულობდი, მაშინ მომივიდა აზრად, რომ ზაზას ეს ბოლო, საუკეთესო რომანიც ასეთი უცნაური ნაზავია. აბა წარმოიდგინეთ, მიშელ უელბეკსა და ლაშა ბუღაძეს რომ ერთად დაეწერათ რომანი, გამოცემაზე (გნებავთ პროდუსირებაზე) კი პოპ-არტის მამას, ენდი უორჰოლს ეზრუნა. რა გამოვიდოდა? რა და “adibas”-ი.
    ადრე ვხუმრობდი ხოლმე, “ერთ მშვენიერ დღეს გრეგორ ზამზამ (ზაზა ბურჭულაძის ძველი ფსევდონიმი იყო) გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ საშინელ მწერლად გადაქცეულიყო”-მეთქი. ახლა კი ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: ხოჭომ, სახელად გრეგორ ზამზა, აღმოაჩინა, რომ ბაკანქვეშ ფრთებიც აქვს და ლაღად ფრენა შეუძლია.

    პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტზე
    tavisupleba.org

  • ხსოვნა

    გამოთხოვება იზა ორჯონიკიძესთან

    თორნიკე მოდებაძე


    იზა ორჯონიკიძე ლირიკული მუზის მსახური, ლირიკული ლექსის ოსტატი იყო. ის სმენით ამოწმებდა ყოველ ფრაზას, ესწრაფვოდა სათქმელის ზუსტად გამოხატვას და ლექსს, უპირველეს ყოვლისა, ყოველგვარი ზედმეტობისგან ათავისუფლებდა. მის შემოქმედებას მეწყერივით მოვარდნილი შთაგონების კვალი ატყვია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ავტორი ცხელ გულზე დაწერილს ბოლომდე არ ენდობოდა და პირველ ვარიანტს ზოგჯერ საფუძვლიანადაც უცვლიდა სახეს.
    ქალბატონ იზას ლექსიკური პალიტრა მრავალფეროვანია. მან ბავშვობა ქართლის ერთ ულამაზეს სოფელში გაატარა და პატარაობიდანვე შეითვისა ის ენა, რომელმაც მის პოეზიას განუმეორებელი შეფერილობა და მადლი მიანიჭა. მოგვიანებით დაწერილ მოგონებათა წიგნში “თავწყარო” ავტორი იხსენებდა პირველქმნილი ბუნების წიაღში მიღებულ შთაბეჭდილებებს, რომელთა სიხალისეც აღიბეჭდა მის პოეზიაში. მაგრამ მხოლოდ ბავშვობის თუნდაც უაღრესად ცინცხალი შთაბეჭდილებები არ ქმნის იზა ორჯონიკიძის სამყაროს. სიცოცხლის მძაფრ სიყვარულს შერწყმული უკიდურესი დრამატიზმი შინაარსობრივად ავსებს და დასრულებულ სახეს სძენს პოეტის შემოქმედებას. ეს ბუნებრივად ხდება. პოეტი თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე ყოველთვის ძალდაუტანებლად ამბობდა იმას, რაც ჰქონდა სათქმელი. სათქმელი კი თავისთავად ცხადყოფდა ინტენსიური შინაგანი ცხოვრების ზღვრულ დაძაბულობას.
    იზა ორჯონიკიძეს არც მოგვიანო წლებში გამოლევია “სიტყვის მადანი”. თითქოს ოდნავ დაცხრა მისი ბობოქარი სამყარო, სიმშვიდე და სინანულნარევი ტონალობა შეიძინა, ლექსს კი ადრინდელი ნიშნები შერჩა: კონკრეტული აქცენტები, გამჭვირვალე ფრაზები, ზუსტი ლექსიკური ერთეულები, რომლებიც თავის ირგვლივ ძლიერ ემოციურ ველს ქმნიან.
    ლექსის სტრუქტურულ საიდუმლოებებთან ზიარებამ იზა ორჯონიკიძეს მთარგმნელობითი მუშაობისკენ უბიძგა. მის მიერ თარგმნილი ბერძენი პოეტების რიცოსის, სეფერისის, ილიადისის… და სხვათა თარგმანებმა გააფართოვა ქართული პოეტური თვალსაწიერი. ცალკე წიგნად გამოცემული იანის რიცოსის შემოქმედება სამოცდაათიან წლებში მიიღო ქართველმა მკითხველმა. აქ უჩვეულო ლირიკულ ლექსებთან ერთად არის პოემა “მთვარის სონატა”. ამ პოემის ლირიკული ჟღერადობა ისე ფაქიზად განაფინა ქართულ ენაზე მთარგმნელმა, რომ შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დარჩეს. არ შეიძლება არ გავიხსენოთ სეფერისის უდახვეწილესი ლირიკაც, რომელიც ასეთივე მაღალი ოსტატობით შესრულდა. ანტიკური სამყაროს ალუზიებით გაჯერებული ახალბერძნული პოეზიის ვრცელი კორპუსი სრულიად ახალი ნაკადია ქართულ მთარგმნელობით პოეტურ კულტურაში, რაც ახალ შინაარსობრივ და ვერსიფიკაციულ შტრიხებს სძენს ორიგინალურ ქართულ პოეზიას.
    არ შეიძლება აგრეთვე მცირე რამ არ ვთქვათ ანა ახმატოვას იზა ორჯონიკისეულ თარგმანებზე. ქალბატონი იზა დიდი რუსი პოეტი ქალის შემოქმედებას ზედმიწევნით კარგად იცნობდა. ის წლების მანძილზე არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ ითავისებდა ამ პოეტის ლირიკას. საბოლოოდ, როცა მის თარგმნას მოჰკიდა ხელი, უკვე კარგად იცოდა, რომელი ნაწარმოებები მიესადაგებოდა მის ხელწერას თუ განწყობას და შთაგონებით აღძრული შეუდგა საქმეს. მან თარგმნა ახმატოვას ორმოცდაათი ლექსი და პარალელური ტექსტებით აღჭურვილი ცალკე წიგნად გამოსცა კიდეც. ამ თარგმანში ნათლად გამოსჭვივის ახმატოვას თავშეკავებული ვნებათღელვა, მისი კდემამოსილება და სიამაყე. შეიძლება ითქვას, რომ ანა ახმატოვა ქართულად ამეტყველდა.
    ზემოთ გაკვრით ვახსენეთ იზა ორჯონიკიძის მოგონებების წიგნი “თავწყარო”. ამ წიგნში უკვე პროზაიკოსად გარდასახულმა პოეტმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა ქართული ენის შესანიშნავი ფლობა. აქ ქალბატონი იზა იხსენებს თავისი ცხოვრების სათავეებს, მშობლებს, დიდედას, ტეზერს და ჯარიაშენს, ძვირფასი ადამიანების დაუვიწყარ აჩრდილებს, გაგრძელებაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ აღარ დასცალდა.
    ლიტერატურული წყაროებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ესსე შოთა ჩანტლაძეზე. აქ მართლაც ოსტატურად არის დახატული პოეტის პორტრეტი, მისი მარტოსულობა და ტრაგიკული ხვედრი. აქვეა განხილული შემოქმედება და აშკარად ჩანს, რომ შოთა ჩანტლაძის პიროვნება არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისსავე პოეზიაში.
    იზა ორჯონიკიძე როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი გახლდათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ოცდახუთტომეული. რაც შეეხება სხვა გამოცემებს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: გიორგი ლეონიძის ერთტომეული, პაოლო იაშვილის ორტომეული, ნიკო სამადაშვილის საარქივო გამოცემა, შალვა ამირეჯიბის ორტომეული და სხვა მრავალი.
    ქალბატონი იზა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, ის მუდმივად ეხმაურებოდა ქვეყნის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს, განურჩევლად ყველგან – პოლიტიკის თუ კულტურის სფეროში. მისი პუბლიცისტური წერილების კრებული თვალნათლივ ავლენს ინტერესთა იმ ფართო წრეს, რომელიც არამარტო ხელოვნების და ლიტერატურის პრობლემებს მოიცავდა, არამედ საქართველოს ბედ-იღბალსაც.

    წერილი დაიწერა 2010 წლის თებერვალში

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ნუგზარ ზაზანაშვილი – ლექსები

    ციურიხის რომელიღაც რესტორანში

    პატარა რესტორანში ვზივარ და შევყურებ

    გვერდით მაგიდაზე მოკალათებულ, საგანგებოდ

    გამოწყობილ, მოხუც ცოლ-ქმარს: ქალს მკერდი

    რაღაც “ბროშკით” დაუმშვენებია, ეტყობა,

    სილამაზის სალონშიც გაუვლია, მოუწესრიგებია

    თმის ვარცხნილობა, კაცს წითელი ჰალსტუხი

    შეუბნევია. სხედან თავისთვის, წრუპავენ ღვინოს,

    ბაასობენ: ყოფითი პრობლემები არ აწუხებთ,

    პოლიტიკა ნეიტრალურ შვეიცარიელებს არ

    აღელვებთ – ალბათ, შვილებზე და

    შვილიშვილებზე საუბრობენ, შორს,

    განცალკევებით რომ ცხოვრობენ და “სტაჟიანი

    პენსიონერებისაგან” განსხვავებით, ჯერ კიდევ

    ბევრი აქვთ საზრუნავი…

    სახლშიც შეეძლოთ ევახშმათ, მაგრამ

    რესტორანში სჯობს – კვირაში ერთხელ მაინც:

    ჯერ ერთი – მთელი დღე სამზადისში ხარ

    ჩაფლული, მეორეც, რესტორანი სხვა

    ადამიანებთან ურთიერთობის ილუზიას ქმნის –

    ოფიციანტი ყურადღებით გემსახურება,

    თავაზიანად გიხსნის – რით გამოირჩევა

    “საფირმო” კერძი, რომელი წლის მოსავლის

    ღვინოა უკეთესი, შენ შენს მოსაზრებებს

    უზიარებ და მსჯელობთ ასე, ცოტა ხანს.

    თანდათან რესტორნის სხვა სტუმრებისადმი

    მეზობლური გრძნობაც გიჩნდება…

    და კვირაში ერთხელ მაინც გეჩვენება, რომ დროს

    კი არ გაჰყავხარ – პირქუში სიჯიუტით – საითაც

    სურს, არამედ შენ გაგყავს ის – ლაღად –

    როგორც გეპრიანება… კვირაში ერთხელ მაინც

    ივიწყებ მოწყენილობას, უცილობლობას

    მოახლოებული განშორებისა…

    მუნკის “სიცოცხლის ცეკვა”

    სიცოცხლე ცეკვავს
    სიცოცხლე
    ცეკვავს
    ცეკვავს
    ცეკვავს
    ცეკვავს
    ყვა
    ყვა
    ყვა
    ყვა

    მწუხრის დღეს იასე ცინცაძე უმცროსის
    ამოთქმული (მცირე ინტერპრეტაციით)

    გაასწორებდა სიცოცხლე
    სიკვდილი რომ არ ტეხავდეს

    ვირტუალური…

    ფოტოსურათი გამომიგზავნეს: მე და ჩემი
    კეთილი, შინაბერა კოლეგა სერენა არდუინო

    ატლანტის ოკეანის ქვიშიან სანაპიროზე,

    პორტუგალიაში – მზიანი, თბილი თებერვალია,

    გულწრფელი ღიმილი გვინათებს სახეებს…

    სამსახურიდან ვბრუნდები. მესამე დღეა თოვს:

    უმზეო, ცივი თებერვალია წელს თბილისში.

    თუმცა, თოვლი უხდება ვაკის უბანს: არც ოღრო-

    ჩოღრო ტროტუარები მოჩანს, არც – ნაგავი,

    უფერული არქიტექტურაც თოვლითაა

    შენიღბული… და მაინც ცუდია უმზეობა,

    მოსაწყენია.

    “Levon Travel” – იუწყება ფირნიშანი:

    მოგზაურობა – ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ

    დროს!

    ლევონ, შეგიძლია – იმ თებერვალში

    გამამგზავრო?..

    ძებნა ინტერნეტში

    www.google.com
    Zazanashvili
    Search
    არის
    ეს ვიცი
    ესეც ვიცი
    ესეც
    ეს რაღა არის

    [PDF] Pneumatic equipment for handling alumina
    ფაილის ფორმატი: PDF/Adobe Acrobat
    T. G. Zazanashvili. Tbilisi Ceramic Combine. Translated from Steklo i Keramika, Vol. 17, No. 11, pp. 42-42, November, 1960. The moisture content of ceramic …
    www.springerlink.com/index/H1592462308226T6.pdf – მსგავსი გვერდები
    Volume 17, Number 11 / May, 1960
    Journal Glass and Ceramics
    Publisher Springer New York
    ISSN 0361-7610 (Print) 1573-8515 (Online)
    Pages 555-608
    Subject Collection Chemistry and Materials Science
    SpringerLink Date Tuesday, December 07, 2004

    ნეტავ, თუ იცოდა თამარა მამიდამ, რომ მისი სტატია

    ინგლისურად ითარგმნა? ან იქნებ იმ დროს არც იყო

    ნათარგმნი, ან კომუნისტური ცენზურა დაუმალავდა…
    რომ ცოდნოდა – გვეტყოდა…

    მამიდაჩემი თამარი 25 წლის წინ გარდაიცვალა…

    განსაკუთრებით გემრიელად ატმის კომპოტს

    ამზადებდა…

    Springer Link Date Tuesday, December 07, 2004…

    * * *

    საით
    საით
    საით
    საათო
    წინ თუ უკან პირდაპირ თუ ირიბად
    მე კი წიგნების კარადაში
    მოდილიანის
    ვან გოგის
    ფიროსმანის
    ალბომების წინ
    ვიწყობ მინიბარს
    Duty Free-ებში ნაყიდი
    არყით და ვისკით
    ის კი
    თუმცა სად არის ის
    ცრის ნოემბერი
    ცრის და ცრის და ცრის და ცრის
    რას
    ცას
    ღრუბელს
    ცას რაც არ ჰგავს ცას
    ღრუბელს რაც არ ჰგავს ღრუბელს
    უნდა ვივარჯიშო
    როცა აღარ გესიზმრება ლექსები
    უნდა ივარჯიშო
    მაგრამ მე არ მიყვარს
    ვარჯიში
    სხვანაირი
    ვარ ჯიშის
    ზარმაცი ვიყავი
    ზარმაცი დავრჩი
    ხარჯი
    მთავარი სიტყვაა ხარჯი
    ხარჯი
    ყველგან და ყოველთვის
    ხარჯი
    მაინც იხარჯება ყოველი
    სურს თუ არ სურს
    მისცემს თუ არა დასტურს
    საათის ელემენტიც იხარჯება
    კომპიუტერის მიკროსქემების ლითონიც
    სიტყვაც
    სიტყვა ბრძნულიც
    სიტყვა საქმიანიც
    სიტყვა ლიტონიც
    ვიღაცას მაინც განვსჯით
    ვიღაცა მაინც განგვსჯის
    დაგვსჯის
    თუმცა რაღა დასჯა გვინდა
    ცრის ნოემბერი
    გუშინაც ცრიდა
    ხვალაც
    მოცრის
    გაცრის
    იცრის
    მე ვიცი რომ არაფერი ვიცი
    მე ვიცი რომ არაფერი ვიცი
    მე ვიცი რომ არაფერი ვიცი
    სამაგიეროდ
    გაზეთმა ყველაფერი იცის
    რადიომ ყველაფერი იცის
    ტელევიზორმა ყველაფერი იცის
    დროა ასეთი
    რა დროა
    სად არის დრო
    საათო
    შენ არავის უყვარხარ
    რადგან არ ართობ
    გასართობი არ ხარ
    თან არაფერს ჰგავხარ

    საკმარისია
    თორემ ასე შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად
    ასე
    აი ასე იწერება ლექსი
    თუ რაღაც ლექსის მაგვარი
    როცა აღარ გესიზმრება ლექსები
    და მაინც წერას აუტანიხარ

    * * *

    ყვავო, ყვავო, ყვანჩალაო,
    აქ რამ…
    მომაჩანჩალაო?..* * *

    “რა გვიან გავჩნდი
    რა ადრე გავჩნდი”
    ნატავ თავის დროს თუ ჩნდება ვინმე?..

    უალერგიო ბავშვობა

    როდესაც ალვებს “ბუმბული” ცვივა –
    მტკივდება თავი,
    თვალი მიცრემლდება…
    და მახსენდება პლატონის ქუჩა,
    პაწია ხალი შენს ზედა ტუჩთან,
    მწვანე თვალები,
    ჯამში – ალუჩა,
    პატარა ხელისგულზე ალვის ბუმბული –
    ცით მოვლენილი უცხო სულდგმული…

    უცნობნაცნობობა

    გასული საუკუნის 60-იანი წლები

    №1, ლურჯი, მომრგვალო ტროლეიბუსით, რაღაცით ბეჰემოტს რომ ვამსგავსებ, უმცროსკლასელი, ჩამრგვალებული მე მივემგზავრები კარლ მარქსის (ანუ ყოფილი “ვარანცოვის”) მოედნიდან ა/კ რკ. გზის (ანუ ამიერკავკასიის რკინიგზის) I საშუალო სკოლისაკენ – სანაპიროსთან რომ მდებარეობს, დგებუაძის ქუჩაზე, რომელიც პერპენდიკულარულია კამოს ქუჩისა, რომელიც პასტერის და კრილოვის ქუჩების პერპენდიკულარულია, რომლებიც პლეხანოვის გამზირის პერპენდიკულარულია, სადაც ჩამოვდივარ ხოლმე “გაზიან-სიროფიანი” წყლების მაღაზიასთან, სპორტული მაღაზიის მოპირდაპირედ, ან კონოთეატრ “ოქტომბერთან” – იმის მიხედვით, კრილოვის ქ.-ის თუ პასტერის ქ.-ის მარშრუტს ვირჩევ სკოლამდე მისასვლელად.

    კონდუქტორის გახუნებული, ყავისფერი ტყავის ჩანთა მუქი-ყვითელი, დიდრონი ხუთკაპიკიანებით, საშუალო სამკაპიკიანებით, მომცრო ორკაპიკიანებით და პატარა კაპიკიანებითაა სავსე და წამდაუწუმ ჩხრიალებს: კონდუქტორი – რუსი, ფაშფაშამკერდიანი, ქერა, შუახნის ქალი – დასაბრუნებელ ხურდას ეძებს.

    “დაუნი” კიკა, ჩვეულებისამებრ, ფანჯარასთან მოკალათებულა და გაიძახის: “ცოლი მინდა, ცოლი მინდა”. ხალხი მიჩვეულია – კიკა ხომ კარგა ხანია, ვარანცოვზე უბნის გიჟადაა აღიარებული. განსაკუთრებით პოპულარული ცოტა ხნის წინ, ხრუშჩოვის დროს გახდა – ამსგავსებდნენ: გარეგნულადაც და გონებრივი მონაცემებითაც. კიკა დაუნია, უწყინარი დაუნი: რა ქნას – ცოლი უნდა. განა ეს გაუგებარია?..

    სხვა სახეებიც მეცნობა. არა, “პირადად” ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ სახეები ნაცნობია, ძალიან ნაცნობი: ხან გასტრონომში, ხან აფთიაქში, ხან საპარიკმახეროში, ხან თონესთან, ხან “ოსურ პივებთან” და ხან კაფეს წინ, “ბირჟაზე” რომ მხვდებიან ყოველდღე…

    მივემგზავრებით უცნობნაცნობი, ქართველი, სომეხი, ებრაელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ასირიელი, ქურთი ვარანცოველები. ჩვეული მყუდროება სუფევს ლურჯ, მომრგვალო, მოუქნელ ტროლეიბუსში – უცნობნაცნობობის შეგრძნებით გამოწვეული მყუდროება… მივემგზავრებით: ვინ – საით… და ყველა ერთად… მივემგზავრებით და სულ უფრო ვშორდებით, ვშორდებით, ვშორდებით მშობლიურ უბანს…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – კოტე ჯანდიერის “კონკიას ღამე”

    AUDIO

    კოტე ჯანდიერი წიგნად გამოსაცემს ცოტას წერს და ძალზე იშვიათად. წლები უნდა გავიდეს, რომ მან რაიმე პუბლიკაცია მოამზადოს რომელიმე პერიოდული ლიტერატურული გამოცემისთვის, წიგნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. 14 წლიანი პაუზის შემდეგ ძლივს მოხერხდა კიდევ ერთხელ მისი მოთხრობების თავმოყრა და ცალკე წიგნად დაბეჭდვა. წიგნს “კონკიას ღამე” ჰქვია და იგი გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა.
    კარგად მახსოვს 1995 წელს “მერანის” მიერ გამოცემული კოტე ჯანდიერის მოთხრობების კრებულიც. “ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან”, ასე ერქვა წიგნს, რომელიც “არილის” რედაქციაში გვქონდა და 1996 წელს სადღაც გაქრა. წიგნში 5 მოთხრობა შედიოდა, ამ ხუთიდან ოთხი ამ ბოლო კრებულშიცაა გადმობეჭდილი, თუმცა კიდევ 5 ახალი ნაწარმოების დამატებით წიგნი მოცულობითაც შეივსო და შინაარსობრივადაც. წიგნის რედაქტორისთვის, ფილოლოგ ანა ჭაბაშვილის აზრით, ეს გამოცემა მოვლენად უნდა იქცეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულთათვის:
    “მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამომცემლობისთვის, და საერთოდ ქართული საზოგადოებისთვის, მოთხრობების ეს კრებული იქნება და არის მოვლენა, თუმცა, სამწუხაროდ, ფართო მკითხველი ნაკლებად იცნობს საერთოდ ამ მწერალს და კერძოდ ამ კრებულს და გული მწყდება ამაზე, რადგან კოტე ჯანდიერი არ არის ისეთი მწერალი, რომელსაც მკითხველი და ფართო საზოგადოება ხშირად ხედავს ხოლმე და იცნობს მას გარეგნულად, განსხვავებით ბევრი მწერლისგან, რომელიც ხშირად ჩნდება ეკრანზე კადრის ქვეშ წარწერით – მწერალი ესა და ეს”.
    ბოლო წლებში კოტე ჯანდიერის სახელი უფრო სერიალებში ჩანდა ხოლმე. შეგახსენებთ, რომ მისი და ნუგზარ შატაიძის სცენარითაა გადაღებული ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი “ცხელი ძაღლი”, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული გადიოდა ქართულ სატელევიზიო ეთერში. თუმცა ტელემაყურებელთაგან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იგი შესანიშნავი მოთხრობების ავტორიცაა:
    “80-იანი წლებიდან გამოჩნდა კოტე ჯანდიერი. ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები და გარკვეულმა წრემ დაინახა კიდეც იგი, წაიკითხა… შემდეგ უკვე 90-იან წლებში, როდესაც საერთოდ ჭირდა რაიმე წიგნის გამოცემა, გაჭირვებით მოხერხდა ერთი კრებულის დაბეჭდვა, რომელიც პოლიგრაფიულადაც უსახური წიგნია, მაგრამ ავად თუ კარგად გამოვიდა ეს წიგნი და მას მერე კარგა ხანი გავიდა 2009 წლამდე, სანამ ავტორი შეძლებდა თავი მოეყარა თავისი მოთხრობებისთვის, გამოერჩია ისინი და ერთიანი სახე მიეცა ამ წიგნისთვის. სხვათა შორის, აქ ძალიან იმარჯვა გამომცემლობა “დიოგენეს” დირექტორმა თამარ ლებანიძემ, ვინაც დიდი ძალდატანებით მოატანინა კოტე ჯანდიერს თავისი მოთხრობები”.
    კრებული საინტერესოდაა აგებული, მას ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ ესე უძღვის წინ. კოტე ჯანდიერი ამ ესეში ბევრ რამეს ეხება, ჰომეროსიდან და პლატონის ფედროსიდან დაწყებული – “ვეფხისტყაოსნით” დამთავრებული, თუმცა აქ თავად მწერალიც მოჩანს, კარგი ზეპირმეტყველი, რომელიც იშვიათად წერს პროზას.
    კრებული ძალზე მრავალფეროვანია, ჟანრულადაც და ფორმის თვალსაზრისითაც. ზემოხსენებულ ესეს მოსდევს მოთხრობა “მაყვლოვანი”, რომელიც შეგვიძლია პოსტმოდერნულ კანონშიც მოვათავსოთ, სადაც საუბარია რომელიღაც უძველეს ლათინურ ხელნაწერზე, რომელიც საბოლოოდ კიდევ ერთი ლიტერატურული უცნაურობა აღმოჩნდება, ერთგვარი ბორხესული მისტიფიკაცია. გარდა ამისა აღსანიშნავია თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის საუკეთესო ნიმუში “საოჯახო ქრონიკა”, მოთხრობები, “დაპატიჟება კინოში”, “მატარებლები გვირაბში შედიან” და სხვ. ანა ჭაბაშვილისთვის ამგვარად დალაგებული კრებული თვალსაჩინოს ხდის მწერლის მიერ განვლილ გზასაც:
    “კოტე ჯანდიერი, როგორც მწერალი და როგორც პიროვნება ღირსია იმისა, რომ ქართველ მკიითხველს, და სხვათა შორის, არა მარტო ქართველ მკითხველს, სულ ცოტა წაკითხული ჰქონდეს მისი მოთხრობები და უყვარდეს ისინი. მაგალითად მე, როცა საბოლოო, ერთიანი სახით ვნახე ეს კრებული, ამ წიგნმა ჩემს ხელში გაიარა, ძალიან შემიყვარდა კოტე ჯანდიერი როგორც პიროვნება და როგორც მწერალი. როცა ასე დალაგებულს წაიკითხავს ადამიანი ამ წიგნს, ძალიან თვალსაჩინოა ამ მწერლის ზრდა, როგორც ასაკობრივი, ისე, როგორც მწერლისა და ყველაფრის გვირგვინია მოთხრობა გლობალიზაცია, რომელიც აბოლოვებს ამ კრებულს”.
    მოთხრობა “გლობალიზაცია” პირველად 2005 წელს, ჟურნალ “არილის” ერთ-ერთ ბოლო ნომერში დავბეჭდეთ. მახსოვს, ის ნომერი ძალიან კარგად გაიყიდა, მკითხველები ალბათ არც ელოდნენ კოტესგან ასეთი მოცულობის ნაწარმოებს, ამბავი, რომელიც თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა მოთხრობილი, მაგრამ მწერლის უდიდესი ოსტატობისა და გამოცდილების კვალიც ამჩნევია:
    “რაც შეეხება ბოლო მოთხრობას, გლობალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ მწერალმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს. რა თქმა უნდა, კოტე კიდევ დაწერს რამეს, ბუნებრივია ეს მისი ბოლო მოთხრობა არ არის, მაგრამ აქ ის მთლიანად ჩამოყალიბებულია როგორც მწერალი და ეს მოთხრობა ღირსია იმისა, რომ იგი არამარტო ქართველმა, არამედ მსოფლიო მკითხველმაც გაიცნოს. ძალიან გვინდა, გამოვიდეს რომელიმე უცხო ენაზე, რადგან იგი მსოფლიო მასშტაბის ნაწარმოებია და ჩემი აზრით, მომავალში სახელმძღვანელოების ავტორებმა ეს მოთხრობა უნდა შეიტანონ ქრესტომათიაში. ბავშვმა ეს უნდა ისწავლოს, უნდა იცოდეს და ბევრი რამ დაინახოს ამ მოთხრობაში”.
    სანამ წიგნად გამოიცემოდა, “გლობალიზაცია” ხელიდან ხელში გადადიოდა. 2005 წლის “არილის” 7-8-ე ნომერი ერთ-ერთი ბოლო იყო. ამის შემდეგ ჟურნალი აღარ გამოსულა, სამაგიეროდ იმ ნომერმა მთელი ქვეყანა მოიარა და ბევრი, ვის ხელშიც ვერ მოხვდა ეს ნომერი, ელექტრონული ფოსტით მიკავშირდებოდნენ და მოთხრობის გადაგზავნას მთხოვდნენ. ასერომ, დღეს კოტე ჯანდიერის ეს მოთხრობა რამდენიმე ადამიანს ელექტრონულადაც აქვს შენახული კომპიუტერში, თუმცა ვფიქრობ ვერანაირი ელექტრონული ვერსია და პედეეფი ვერ შეედრება წიგნს, რომელსაც ზოგიერთი მრავალი წლის მანძილზე ელოდა.

    © radiotavisupleba.ge