ესე,  კრიტიკა

გაგა ლომიძე – თბილისური ერზაცი: შენიშვნები მინდვრებზე

“რაღაც დამპალა დანიის სამეფოში.”
შექსპირი, “ჰამლეტი”

“და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.”
ირაკლი ჩარკვიანი, “საქართველო”

“უეცრად სიმხურვალე ორმაგდება და ჩვენ ამის შეჩერება არ შეგვიძლია. ვერაფრით შევაჩერებთ მას… არც კი უნდა შევეცადოთ მის შეჩერებას, არამედ უნდა მოვემზადოთ ახალი სამყაროსთვის, რომელიც დადგება.”
ჯეიმს ლავლოკის ინტერვიუ ვივიან ვესტვუდთან, Dazed&Confused. 25 ივნისი, 2009

ვიქტორი&როლფი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, 2010

ჩარლი ჩაპლინმა, ალბათ უნებურად, გენიალურად იწინასწარმეტყველა, როდესაც “ახალ დროებაში” – მართალია ცოტა განსხვავებულ კონტექსტში, მაგრამ მაინც – იდეალური ცხოვრების ხატი დასახა. ფილმში ვხედავთ კადრებს, სადაც მთავარი გმირი სავარძელში ნებივრობს; საკმარისია ცხელი რძე მოინდომოს და მაშინვე, ფანჯარასთან ჩნდება ძროხა, ჩარლი სავარძლიდან აუდგომლად გადაყოფს ჭიქას და ძროხა თავისით იწველება; საკმარისია მოინდომოს ვაშლი, რომ ღია ფანჯრიდან ვაშლის ხის ტოტები შემოდის და მიერთმევა ჩარლის პერსონაჟს… სავსებით წარმატებით შეგვიძლია, რომ ეს ნივთები მაღალი ტექნოლოგიებით ჩავანაცვლოთ და შედეგი ზუსტად იგივე იქნება. და მაინც, შესაძლოა, ჩარლი ჩაპლინი გრძნობდა, რომ 21-ე საუკუნეში – კონსუმერიზმის პიკის ხანაში ყველაფერი, მათ შორის მორალური ფასეულობები, ადამიანის კომფორტის მოთხოვნებს დაექვემდებარებოდა, რომ უტოპია დისტოპიით შეიცვლებოდა, რომ გონებასთან შედარებით გრძნობა მეორეხარისხოვანი გახდებოდა და გაცვდებოდა.
ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართული რომანი – ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი”, თავისი დახვეწილი ენით, ალუზიებით და გამბედაობით, შეიძლება დონა კარანის ბაროკოს ხანის ნოსტალგიით გაჯერებულ გოფრირებულ საღამოს კაბებს თუ დრიეს ვან ნოტენის ნაოჭებიან საყელოს და მანჟეტებს, ან ვიქტორის და როლფის სიურრეალისტურ თუ ალექსანდერ მაკქუინის ფუტურისტულ ექსპერიმენტებს შევადაროთ. დიზაინერები შემთხვევით არ გვიხსენებია: “ადიბასი”, გარკვეულწილად, ბრენდების დიდი სარეკლამო ბილბორდივითაა, როგორც ბრეტ ისტონ ელისის რომანებში. ვისაც ერთხელ მაინც გადაუფურცლავს ჟურნალი GQ, ეს რომანი მაშინვე გაახსენებს მის ერთ რუბრიკას UP&DOWN – ანუ, ის, თუ რომელი ტენდენცია “ასწორებს” და რომელი “ტეხავს”. უფრო კი ეს რომანი ქართული DOWN-ტენდენციების სატირაა, სადაც ავტორი უკვე ყველასთვის ცნობილი ბრენდების იკონურ ნიშნებზე აპელირებით, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს – სრულიად ახალ სიმბოლო-ლოგოტიპებს, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თბილისური საზოგადოებისთვის ახლობელი მუტაციების ანალოგებს ქმნის; მაგალითისთვის, რადიაციის, მასთერქარდის და ფერარის ლოგოს კომბინაციით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება ფალოსის ლოგო მივიღოთ, ხოლო თანამედროვე სამყაროში შეიძლება მანტრა და იამამოტოს ლოგოც კი დაწყვილდნენ და ახალი კონცეპტუალური იკონური ნიშანი მოგვცენ. ასეთია პოსტმოდერნული პროფანაციის ლოგიკა, რომელიც თვითონვე ქმნის ბრენდებს და საკუთარი ხელითვე ანადგურებს მათ. თუმცა ეს მხოლოდ იმ კონცეფციის ფასადია, რომლის ერთგვარი დასაბუთებაცაა მთელი რომანი: “ადიბასი” ბოდრიარისეული ჰიპერრეალობის და სიმულაკრას კონცეპტის პრაქტიკული ხორცშესხმაა.
რომანში მოქმედების ასპარეზი არის თბილისი – ყალბი, ერთგვარი ჰიპერრეალური, მუტანტების ქალაქი, სადაც ყველაფერი ერზაცია, გაყალბებულია – ბრენდებით დაწყებული ყოველდღიური ცხოვრებით დამთავრებული. იქნებ ამიტომაცაა, რომ ამ ტრანსგრესიულ რომანში მთხრობელი ანტიკური ხანის პარესიასტს ემსგავსება და მის ანტისოციალურ და დროდადრო ნიჰილისტურ მსოფლხედვას/პოზიციას სიყალბის და მასთან ერთად მომხმარებლობის მიმართ პროტესტი განაპირობებს, რადგან გარემო გრძნობებისგან დაცლილია და ძალადობის მიმართ რეაქცია არავის აქვს. თითქოს რადგანაც “ღმერთი მოკვდა, ყველაფერი დაშვებულია”, სადაც ღმერთი და მორალი ერთმანეთის იგივეობრივია. ამ სინამდვილეში მორალი ოდენ რიტუალის ამარაღაა დარჩენილი – მხოლოდ ნაკურთხი მანქანებით, ჯვრიანი სტიკერებით თუ სხვა ნიშნებით გამოხატული. “ადიბასი”, სტილის თვალსაზრისით, 1980-იანი წლების ამერიკული პროზის, იაპონური მანგების და ამერიკული კომიქსების ერთგვარი ნაზავია. ისევე როგორც კომიქსები, ეს რომანიც გაჯერებულია სუპერგმირების იმიჯებით, ოღონდ მხოლოდ იმიჯებით, ვინაიდან როგორც მთხრობელი ამბობს: “No one can be the hero in fake city.” უფრო კი პირიქით, მთხრობელის მსგავსად, ჩვენც, მკითხველსაც შეიძლება გაგვიჩნდეს შეგრძნება, რომ ის, რაც სინამდვილეში ხდება – თუნდაც ომი – მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კომპიუტერების მოციმციმე მონიტორებზე ასახული თამაშია, რომელსაც the Sims-ის მსგავსად, ჩვენ თვითონვე ვმართავთ. სინამდვილე სუპერგმირებისა და ურჩხულების შერკინების ასპარეზს ემსგავსება. იქნებ ამით აიხსნას გულგრილობა ან, უფრო, გრძნობების დაჩლუნგება, რაც თითოეულ სტრიქონში ცხადდება: მაშინ, როცა რუსული ავიაგამანადგურებელი გადაუფრენს ვაკის საცურაო აუზს, ყველა მშვიდადაა, თითქოს არაფერი ხდება; ან როდესაც ვერის პარკის თავზე მზვერავი-თვითმფრინავი გადაიფრენს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთხრობელი ყველაფერ ამას ვირტუალურ სივრცეში, youtube-ზე ადევნებს თვალს. ალბათ ამას გულისხმობს ავტორი, როცა ამბობს: “დიდი ხანია, ვეღარ ხვდებით, თქვენ მოიხმართ ტელევიზორს თუ ტელევიზორი მოგიხმართ თქვენ. და საერთოდ, ვეღარ გაგირკვევიათ, თქვენი ცხოვრება უფრო რეალურია თუ “დისქავერის“ გადაცემები.” ტელევიზიამ მართლაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი მსოფლხედვა და მიმართებები საგნების და მოვლენებისადმი. ჰიპერრეალობაც ხომ სინამდვილის და წარმოსახვის ერთმანეთისგან გარჩევის შეუძლებლობას ითვალისწინებს.
“ადიბასში” ნებისმიერი გახსენება თუ წარმოსახვა თითქოს ციფრულ ფორმატშია. აქ ძაღლიც კი ასოციაციურად ელექტრონულ ძაღლთანაა დაკავშირებული. იქნებ ამიტომაც იქცევა რომანში ომი ფონად და ის ციფრულ თუ ვირტუალურ სივრცეში განხორციელებულ კომპიუტერულ თამაშს გავს, ჰიპერრეალობის ელემენტებით, რომელიც მართალია იჭრება ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ ფიზიკურად არ გვეხება – ისე, როგორც “ფეისბუქის” თამაშები, რომელშიც ჩართული ხარ და ის შენს დღიურ გრაფიკს გარკვეულად განსაზღვრავს, მაგრამ მაინც ვირტუალური სიხშირის დისტანციაზე. ასეთ დროს TDK-ს კასეტების და აიპოდის შეპირისპირება წარსულის თუ ბავშვობის ნოსტალგიურ მეტაფორად იქცევა. რომანში მოქმედი პირები ე.წ. დაკარგული, “მეორადი მოხმარების”, ან, გნებავთ, გადაშენების პირას მყოფი დინოზავრების თაობაა, რასაც ავტორი მარჯვე მეტაფორით განსაზღვრავს – vint age – ვინტის ხანა, ვინტის თაობა, რაც იმავდროულად მოდის ენაზე რომ ვთქვათ, vintage-ზე მიანიშნებს. რომანში ჩართული პიესა კი, სადაც პერსონაჟები მეტამფეტამინს ელოდებიან, ამაო ლოდინს ემსგავსება, სადაც მოძრაობა სინამდვილეში უძრაობაა და გარკვეულ ალუზიას ქმნის “გოდოს მოლოდინთან”, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ერთი მხრივ, პერსონაჟების ფრაზა: “წავედით” და ავტორის რეპლიკა: “ადგილიდან არ იძვრიან”. პოსტმოდერნის ხანაში ხომ ყოველი ჩვენი მცდელობა განეიტრალებულია და უსუსურობის შეგრძნება ერთადერთი სინამდვილეა.
ჩვენი გარემოს ფასეულობების კიდევ ერთ მეტაფორად იქცევა ხინკალი და სახინკლე, სადაც ჭამა და მონელება გაიგივებულია პაზოლინის “სალოსეული” ცნობილი ფრაზით: “mangia”. სახინკლე “ლურჯი ხავერდიც” პარადოქსია, რამდენადაც “გლამურულ” შარდენზეა გახსნილი. ამ ფსევდო-სილაღე/სადღესასწაულო განწყობის სიყალბეს კი უკვე კინოეფექტის მსგავსი აღწერა ანეიტრალებს: “”ლურჯ ხავერდში“ ყველას და ყველაფერს ლურჯი­მოიისფრო გადაკრავს. როგორც სოლარიუმში… ან ფანტასტიკურ თრილერში. თითქოს ცოცხალი მკვდრების ლხინს უყურებ.” – როცა ირგვლივ ტანკები მოძრაობენ და ცაში ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ, ლხინი ჟამიანობის დროს ნადიმს ემსგავსება. მართლაც, მთელი რომანის განმავლობაში, მთელ ქალაქში, ისევე როგორც სახინკლეში, მყრალი სუნია, ჰაერი მძიმეა, სივრცე ჩაკეტილია. ამგვარი მძიმე ჰაერი რაღაცით სარტრის “გულზიდვას” მოგვაგონებს, რასაც მთხრობელის კომენტარი კიდევ უფრო ამყარებს: “გულის რევისას ამაღლებულზე ფიქრი, და პირიქით, ამაღლებულზე ფიქრისას გულის რევა” – ესეც ბახტინისეული კარნავალურობის კონცეპტი თავისი ამბივალენტურობით, უარყოფით და იმავდროულად მტკიცებით.
უცნაურია, მაგრამ კომიქსის ესთეტიკა, წესით, მხიარულს თუ არა, გასართობ განწყობას უნდა აღძრავდეს. არადა, “ადიბასი”, მეგაპოლისის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ გართობაზე მინიშნებების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, ყველაზე სევდიანი რომანია თბილისზე, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილა, სადაც სილაღეს და უზრუნველობას ფსევდო-სილაღე და უზრუნველობა ჩაანაცვლებს. სულ რამდენიმე ფრაზით წარმოდგენილი თბილისის ერთგვარი კულტურული ანატომია მისი ფერადოვანი ფასადის მიღმა გვახედებს: “თბილისს ძალიან კარგად უნდა იცნობდე, რომ იგრძნო ხოლმე ეს ცვლილებები. იგი სულ ასეთი დამყოლია, როგორც პლასტელინი, ჰიპერრეალისტური ქალაქი. ნებისმიერს შეუძლია მისი თავის ნებაზე გამოძერწვა, გაფერადება, გაუპატიურება, და რაც მთავარია – გაყალბება. თვითონაც თითქოს გთხოვს, მოგმართავს, გიბრძანებს, რომ გააფერადო, გააუპატიურო და გააყალბო.” ასეთ შემთხვევაში, თითქოს ქართულ ენაშიც სქესის გაგების არტიკლების ან ზმნის არქონა წინასწარ გამიზნულ ფასადად იქცევა, რომელიც დაუფლების ფარულ სურვილს მალავს და კოლონიური მსოფლხედვითაა დაღდასმული. თბილისიც ასეთ წიაღად წარმოგვიდგება, რომელიც ყველასთვის ღიაა და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ დაეუფლონ – ტოლერანტობის თუ ათასგვარი უწყინარი სახელით. თუმცა პოსტმოდერნის ხანაში სიშიშვლე ნორმაა, არც სურვილების დაფარვაა საღი აზრის მანიშნებელი. და აქაც ჩნდება ფრაზა, რომელიც კვლავ ბახტინისეულ კარნავალიზაციის კონცეპტს მოგვაგონებს: “თვითონ ომია სექსის იმიტაცია, ან პირიქით – სექსი ომის იმიტაცია”, სადაც ომი და სექსი დაწყვილებულია. იქნებ ამის გამოა, რომ მთხრობელს რეზერვისტის გამოსახულებიანი ბანერის ხილვა აღაგზნებს: “რეზერვისტი ჩემზე ვიაგრასავით მოქმედებს. მილიტარისტული სულისკვეთებითაც მტუმბავს.” აქ შეიძლება ჟან ჟენეს “დაკრძალვის ცერემონიალი” გაგვახსენდეს, სადაც ოკუპირებულ საფრანგეთში მთხრობელის ეროტიკულ ფანტაზიას აღძრავს Boss-ის მიერ დამზადებულ სამხედრო უნიფორმებში გამოწყობილი ნაცისტი ჯარისკაცები.
ომის და სექსის დიადა ტრიადად გარდაიქმნება, როდესაც მას სიკვდილიც ემატება. ოღონდ სიკვდილი, არა როგორც დასასრული, არამედ ახლის დასაწყისი. იქნებ ამით აიხსნება მთხრობელის ჰიპერსექსუალურობა, თითქოს წიაღში დროებითი თავშესაფრის პოვნას ცდილობს. ალმოდოვარის ფილმში “ესაუბრე მას” ვაგინაში დანთქმისკენ სწრაფვაზე მინიშნებით, ავტორი იმავდროულად სამოთხისეულ სიმშვიდეში დაბრუნებისკენ სწრაფვაზე მიგვითითებს. თითქოს ამ დახუთულ გარემოში ერთადერთი გასაქცევი მხოლოდ სექსია და არ აქვს მნიშვნელობა ეს რეალურ დროში, მონიტორის ეკრანზე ნანახი აქტი იქნება თუ ტელეფონით გაგზავნილი სასქესო ორგანოების ფოტოების გაცვლა-გამოცვლა. მაგრამ ამგვარი სწრაფვა, იმავდროულად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ესქატოლოგიური შიშითაცაა ნაკარნახევი.
რომანის ბოლოს თითქოს დარღვეული მთლიანობა, პიქსელებად დაშლილი სამყარო ერთ დიდ, მაღალი რეზოლუციის გამოსახულებად გარდაიქმნება და ირკვევა, რომ მოქმედება თითქმის ერთ დროსა და ერთ სივრცეში ხდება, მხოლოდ რაკურსია სხვადასხვა. მაგრამ უცნობია 08/08/08 – განულებული უსასრულობა გოდოს მოლოდინს დაემსგავსება, დასასრულის ახალი დასაწყისია თუ განახლების ნიშანია.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box