• AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ზურაბ ლეჟავა – ალალი მწერალი


    AUDIO

    ზურაბ ლეჟავა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი პროზაიკოსია. მართალია დღემდე მისი 5 წიგნია გამოცემული, თუმცა ფართო მკითხველს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია ეს მწერალი.

    წლევანდელ “საბაზე”, ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იყო ნომინირებული. “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” ასე ჰქვია ზურაბ ლეჟავას მოთხრობების სრულ კრებულს, რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” დაბეჭდა. ეს მოთხრობები ადრე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ ავტორის კრებულებშიც შევიდა, ზოგი ნაწარმოები ცალკეც გამოიცა, რამდენიმე თვის წინ კი ბაკურ სულაკაურმა ყველა ამ ტექსტს თავი მოუყარა და ერთ წიგნში გააერთიანა.

    ზურაბ ლეჟავას 90-იანი წლებიდან ვიცნობ, მისი პირველი ნაწერები “არილში” დაიბეჭდა. მკითხველს ეხსომება მისი მცირე რომანი, “იყიდეთ ჩვენი სულები”, რომელიც “არილში” გაგრძელებებით ქვეყნდებოდა და ამ ტექსტის ბინადარი უცნაური პერსონაჟები – ზარღრა, ბანჯგვლაეთერო და სხვ. ამ უაღრესად ნატურალისტურ, შავი იუმორითა და უხეში ფანტასმაგორიულობით გაჯერებულ მოთხრობებს მაშინ ბევრმა მიაქცია ყურადღება, ზურას მოთხრობები თითქმის ყველა მაშინდელმა პერიოდულმა გამოცემამ დაბეჭდა, თუმცა ქართული პროზის მეინსტრიმში იგი მაინც ვერ მოხვდა, ხოლო ბაკურ სულაკაურის აზრით, ზურაბ ლეჟავა დღემდე რჩება ყველაზე დაუფასებელ თანამედროვე ქართველ მწერლად:

    “არ ვიცი რამ განაპირობა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ზურაბ ლეჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი თანამედროვე ქართველი მწერალი. დაუფასებელი არამხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მიუღია არანაირი პრემია, რომ მისი ტირაჟები არის ძალიან მცირე, არ ეწყობა მისი წიგნების პრეზენტაციები, არ განიხილავენ მის ნაწარმოებებს… არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრს საერთოდ არ გაუგია მის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდა ზაზა ბურჭულაძის რეცენზია ზურაბ ლეჟავას წიგნზე და ძალიან საინტერესოა, რომ მან ზურაბ ლეჟავას ქართული პროზის ფიროსმანი უწოდა. კარგი და ზუსტი დაკვირვებაა, რადგამ ეს არის მართლაც თვითნაბადი ტალანტი, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება”.

    ზურაბ ლეჟავას კრიტიკის და მკითხველის ყურადღება ნამდვილად სჭირდება, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ იგი საგანცხრომო საკითხავია. ესაა სერიოზული ლიტერატურა სერიოზული თემებით, ხშირად უკიდურესაც არასერიოზული და მოულოდნელი გადაწყვეტითაც. ძალიან ბევრი ჟარგონით, პირდაპირობით, ერთი მხრივ სიმკაცრით, მეორე მხრივ კი გულუბრყვილობით, რომლის მიღმაც საოცარი ცოდნა, პირადი გამოცდილება და უზღვავი ფანტაზია დგას. დღემდე მახსოვს მისი მოთხრობებით მოგვრილი შთაბეჭდილებები, რომელიც ხან ხარხარის ხასიათზე მაყენებდა, ხანაც მანცვიფრებდა თავისი გაბედულებითა და მახვილგონივრულობით. “მსტოვარი და მზვერავი”, “დიდი ჭუჭუა და პატარა ჭუჭუა”, “მილიონი ბედნიერება” და “მაცივარი სექსისა წილ” ის მოთხრობებია, რომელიც ქართველ მკითხველს სულ სხვანაირ თანამედროვეობას დაანახვებს. სხვათა შორის, “მაცივარი სექსისა წილ” იყო ის მოთხრობა, რომლის მეშვეობითაც პირველად გაიცნო ბაკურ სულაკაურმა ზურას ნაწერები:

    “დაახლოებით 8-9 წლის წინ გადავწყვიტეთ გამოგვეცა ასეთი კრებული, რომელსაც დაერქმეოდა 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა. ამის შემდეგ არაერთხელ გამოვიდა ეს კრებული, მაგრამ მახსოვს, პირველს როცა ვადგენდით, ბუნებრივია წავიკითხე ყველაფერი, რაც წინა წელს გამოქვეყნდა სხვადასხვა პერიოდულ ლიტერატურულ გამოცემაში. და ერთ-ერთმა მოთხრობამ, რომლის ავტორი ჩემთვის სრულიად უცნობი იყო, მოთხრობას ერქვა “მაცივარი სექსისა წილ”, ჩემი ყურადღება მიიპყრო წერის სრულიად ორიგინალური მანერით, არაჩვეულებრივი ექსპრესიულობით და გარდა ამისა, იუმორის ძალიან ღრმა გრძნობით. ამ ავტორის სახელი და გვარი მანამდე, როგორც გითხარით გაგონილი არ მქონდა და ეს იყო ზურაბ ლეჟავას მოთხრობა”.

    დიდხანს შეიძლება საუბარი ზურაბ ლეჟავას წერის მანერაზე, ენასთან მის დამოკიდებულებაზე. უცნაური ჟარგონით გადავსებული ეს ენა ძალზე ზუსტია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს ამგვარი სიზუსტე. ავტორი თავადაც წერს ხოლმე ამგვარი უხერხულობების შესახებ, როცა მას უჭირს ქართულად იმის გამოხატვა, რასაც ოდესღაც, რომელიღაც საპატიმროს ბინადრები ასე პოუტურად გამოხატავდნენ.

    “ნაივურია, ენის მიმართაც ნაივურია. არამარტო სიუჟეტის, არამარტო ამბების მიმართ, არამედ ყველაფრის მიმართ მისი მიდგომა არის ნაივური. ასეთი ტიპის პროზა აქამდე მართლა არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში ქართულ ლიტერატურაში ნამდვილად არ ყოფილა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, და ამ მხრივ არის სწორედ საინტერესო. ესაა უცნაური მიდგომა ყველაფრისადმი და ეს ნაივურობა ყველაფერში ჩანს და მათ შორის ენასთან მიმართებაშიც. იგი ძალიან ჩვეულებრივად უდგება საკითხს, იყენებს რუსულ ჟარგონს, ან ნებისმიერ ქართულ სიტყვას, ოღონდ ყოველთვის ისე შევცლის მას, როგორც თვითონ ახსოვს. მან შეიძლება არც გადაამოწმოს ამ სიტყვის მნიშვნელობა. არიან მწერლები, რომლებიც ყველაფერს გადაამოწმებენ, ასჯერ გაზომავენ, გაჭრიან და ა.შ. შესაძლოა ზურაბ ლეჟავა მუშაობს ენაზე, და შეუძლებელია არ მუშაობდეს, იმიტომ, რომ შესანიშნავი ტექნიკის მქონე მწერალია, მაგრამ აი იმ ნაივურობის განცდის ქვეშ მუშაობს”.

    ნაივურობის შედევრია მოთხრობა “მილიონი ბედნიერებაც”, რომელიც ალბათ ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია ზურაბ ლეჟავას ნაწერებს შორის. მასზე ადრეც ვწერდი (http://www.tavisupleba.org/content/blog/1874595.html) და დღესაც მინდა გავიხსენო გაცოცხლებული ძეგლების ისტორია, რომელიც ქალაქ თბილისის მოსახლეობას დაერევიან. ამ ფანტასმაგორიაში მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება, ძეგლები გამუდმებით თავს ესხმიან მოქალაქეებს, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, ძეგლები ადამიანებს ვერაფერს აკლებენ. და აი, ამ დროს ავტორისეული ნაივურობა საოცარ სიზუსტეს აღწევს:

    ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი მოსახლეობა, თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მაინც, უკვდავი იყო. უმეცრებითა და უტიფრობით აღსავსე ღალატიანი ჩვენი მაშინდელი ხალხი მართლაც უკვდავი იყო, რადგანაც ამ უხერხემლო, უცხვირპირო, უსულგულო არსებათა მოკვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გამხდარიყო. ისინი ყველა შემთხვევაში მხოლოდ სახეს იცვლიდნენ და ასე სახეცვლილნი განაგრძობდნენ თავიანთ არსებობას. თუ ვინმე მათ სამოსს შემოახევდაიცვლიდნენ სამოსს. თუ ვინმე ტყავს გააძრობდაიცვლიდნენ ტყავს, თუ ვინმე ხორცებს შემოაგლეჯდაიცვლიდნენ ხორცებს; ანდა სულაც დადიოდნენ უსამოსოდ, უტყავოდ და უხორცოდუარაფროდ”.

    მაშინ ამ სიტყვებს „უკუღმართი სიბრძნე“ ვუწოდე, დღეს კი მეჩვენება, რომ ეს ალალი მწერლის მიერ ალალად გამოტანილი განაჩენია.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – პოლ ოსტერი – ქალაქელი განდეგილი


    AUDIO

    თითქმის ორი წელია ქართულ ენაზე გამოიცა პოლ ოსტერის ყველაზე ცნობილი რომანი “ნიუ იორკული ტრილოგია”, წიგნი, რომელიც ქართველმა მკითხველმა, შეიძლება ითქვას, ვერ შეამჩნია.

    ამ გადაცემას “ქალაქელი განდეგილი” დავარქვი. ცხადია, პოლ ოსტერი არაა კლასიკური განდეგილი, იგი ინტერვიუებსაც ხშირად იძლევა, პრესაშიც იბეჭდება, მკითხველებსაც ხვდება და ფოტო-კამერებთანაც ჩნდება ხოლმე. აქ სხვა ტიპის განდეგილობაზეა საუბარი, უფრო ინტერესზე განდეგილობის მიმართ, რაზეც მოგვიანებით ვიტყვით.

    საქართველოში პოლ ოსტერი არ აინტერესებთ. გასულ წელს, ვფიქრობ, საერთოდაც ყურადღების მიღმა დარჩა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, იდუმალი და ჭკვიანი თანამედროვე მწერლის რომანის, “ნიუ იორკული ტრილოგიის” ქართული თარგმანი. ამგვარი უყურადღებობის მიზეზი ძნელი ამოსახსნელია, თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს იმის გამოც მოხდა, რომ საქართველო ძალიანაა მოწყვეტილი დასავლურ ტრადიციას და მჭიდროდაა ჩაკეტილი საკუთარში, რომელსაც ვერც იაზრებს და ვერც ინელებს. პოლ ოსტერის ქართველი მთარგმნელი, ქეთი ქანთარია ნაწილობრივ ამ საკითხსაც შეეხო ჩემთან საუბრისას:

    “საინტერესო საკითხია, რამდენად იცნობს ქართველი მკითხველი ისეთ მწერლებს, როგორიცაა პოლ ოსტერი. ევროპისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი, არამხოლოდ ამერიკისთვის. და ალბათ იგი გამორჩეულია იმით, რომ რამდენიმე ამერიკელი მწერლის გვერდით დგას, რომლებმაც სხვებზე მეტად მოახერხეს ამერიკული და ევროპული, უფრო მეტად კი ფრანგული ლიტერატურული ტრადიციის შეერთება”.

    მისი პირველი წიგნი 1982 წელს გამოვიდა პოლ ბენჯამენის ფსევდონიმით. ამ დროს მომავალი მწერალი უკვე 35 წლის იყო და მთარგმნელის 10-15 წლიანი გამოცდილებაც ჰქონდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იგი შესანიშნავად იცნობდა ფრანგულ ლიტერატურას და თავის მეუღლესთან, ახლა უკვე ცნობილ მთარგმნელ, ლიდია დევისთან ერთად, იგი ფრანგული პოეზიისა და პროზის თარგმანებზე მუშაობდა. დღეს ლიდია დევისს მთარგმნელად იცნობენ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პრუსტის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია შესთავაზა ინგლისურენოვან მკითხველს, პოლ ოსტერი კი, როგორც იტყვიან, საკულტო მწერალი გახდა.

    პოლ ოსტერის მწერლურ ბიოგრაფიაში ორმა ადამიანმა შეიტანა განსაკუთრებული წვლილი: ბიძამისმა, ვინაც თავისი ბიბლიოთეკა დაუტოვა მას და მამამ, ვისი გარდაცვალების შემდეგაც, მემკვიდრეობით მიღებულმა ქონებამ საშუალება მისცა ოსტერს თავი დაენებებინა თარგმანით თავის რჩენისთვის და თავისუფალ მწერლად ქცეულიყო.

    პოლ ოსტერის სახელით დაწერილი პირველი წიგნიც, “მარტოობის გამოგონება” (1982) სწორედ მამას მიუძღვნა, თუმცა სახელი და დიდება მწერალს 1987 წლის “ნიუ იორკულმა ტრილოგიამ” მოუტანა. რომანი სამი წიგნისგან შედგება, “შუშის ქალაქი”, “აჩრდილები” და “დაკეტილი ოთახი”, რომელთაგან თითოეული გარკვეულ გამოცანას წარმოადგენს, გნებავთ ეკზისტენციალურ დეტექტივს, სადაც უნდა გაერკვევს ავტორი, პერსონაჟი და მკითხველი. გარდა ამისა, ესაა ძალზე უცნაური ურბანული პროზის ნიმუშიც:

    “მას აქვს სრულიად განსაკუთრებული ნიუ იორკი. ჩვენ ვიცით, მაგალითად, ვუდი ალენის ნიუ იორკი, სკორსეზეს ნიუ იორკიც არსებობს… ასევე არსებობს პოლ ოსტერის ნიუ იორკიც, ოღონდ ეს არის სრულიად მეტაფიზიკური ქალაქი, რომელიც არც გეოგრაფიული ცნებაა, არც თავისი მუდმივად დასახლებული პერსონაჟები ჰყავს…”

    ასეთ ქალაქს, საკმაოდ გრძელი გზის გავლით, ისევ ლიტერატურულ ტრადიციამდე მივყავართ, კერძოდ კი ჰენრი დევიდ თორომდე, ვინაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი განმარტოებაში გაატარა, უოლდენის ტბის პირას. ქეთი ქანთარია საინტერესო პარალელს ავლებს თოროსა და ოსტერს შორის. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდობასი პოლ ოსტერს თარგმნილი ჰქონდა ფრანგი ანთროპოლოგისა და ეთნოლოგის, პიერ კლასტრის წიგნი “გუაიაკის ინდიელთა ქრონიკები”. ეს ავტორი, გარდა იმისა, რომ კლოდ ლევი-სტროსის მოწაფე იყო, კიდევ ანარქო-პრიმიტივისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, ავტორი, ვისთვისაც ცივილიზაციის მიღწევებს დიდი ფასი არ ჰქონდა. აქედან ძალიან ახლოა თორომდე:

    7:46 “მას ჰქონდა ბუნების მიმართ არა პრიმიტივისტული ინტერესი, არამედ ადამიანის და ბუნების ოპტომალურ შერწყმას ეძებდა ცხოვრებაში, და პოლ ოსტერსაც შესაბამისად სწორედ თოროს ინდივიდუალიზმი და ანარქიზმი აინტერესებდა, ოღონდ მას აინტერესებდა ადამიანი არა ბუნებაში, სადღაც ტყეში, როგორც თორო, არამედ დაახლოებით შემდეგნაირი გააზრებით: განს გამდგარი ინდივიდუალისტი ქალაქში, ნიუ იორკში, ნიუ იორკის ცენტრში, როგორც ეს არის “ნიუ იორკულ ტრილოგიაში”.

    ეს ურბანული მარტოსულობის თემატიკა საერთოდ ძალიან ახლობელია პოლ ოსტერისთვის, მკითხველს (უფრო სწორად კი, მაყურებელს) შევახსენებ ოსტერისა და უეინ ვონგის მიერ გადაღებულ ძალიან სევდიან ფილმს “კვამლი” (1996), სადაც ჰარვი კეიტელი, უილიამ ჰარტი და ფორესტ უიტეკერი თამაშობენ. მართალია ფილმი არაა ისეთი გამოცანებით სავსე, როგორც “ნიუ იორკული ტრილოგია”, თუმცა ავტორის, ანუ პოლ ოსტერის ხელწერა აქაც საგრძნობია.

    ტრილოგიამდე, როგორც მახსოვს, პოლ ოსტერის კიდევ ერთ წიგნს უტრიალებდა მთარგმნელი ქეთი ქანთარია, “ილუზიების წიგნს” (2002). იმ დროს ეს მწერლის ბოლო რომანად ითვლებოდა, დღეითვის კი ოსტერმა კიდევ 5 ნაწარმოები გამოსცა:

    “თავიდან დავიწყე პოლ ოსტერის “ილუზიების წიგნის” თარგმნა, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი რომანია. მერე შევხვდი ამ გადაცემის წამყვანს, მალხაზ ხარბედიას, რომელმაც მითხრა, რომ მას უფრო მეტად აინტერესებდა “ნიუ იორკული ტრილოგია”. ტრილოგია წაკითხული არ მქონდა, წავიკითხე, ძალიან მომეწონა და მაშინვე გადავერთე “ნიუ იორკულ ტრილოგიაზე”. არც მინანია, უბრალოდ მეჩვენებოდა ხოლმე, რომ ზედმეტად ემოციურად ვთარგმნიდი და ზედმეტად დიდხანს გრძელდებოდა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ჩემი ძირითადი საქმისგან თავისუფალ დროს ითარგმნებოდა წიგნი. დაახლოებით ორი წელი მოვუნდი. ეს თარგმანი სულ შემთხვევით გადაურჩა ქურდობას. საქმე ისაა, რომ მე კომპიუტერი მომპარე, თარგმანის ტექსტი კი ერთი დღით ადრე მქონდა გადაწერილი დისკზე, ეტყობა გულმა მიგრძნო, ასეთია თარგმანის მოკლე ისტორია”.

    ვინც ოსტერის ნაწერებს იცნობს, ქეთი ქანთარიას თავს გადამხდარ ისტორიაში რამდენიმე ნაცნობ მოტივსაც აღმოაჩენს, ხოლო ვინც არ იცნობს, დროა გაიცნოთ ეს ნიუ-იორკელი იდუმალთმეტყველი.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  პორტრეტი

    მალხაზ ხარბედია – ნიკო ლორთქიფანიძე – 130


    AUDIO

    წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული თარიღი აღინიშნება, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისთავი, მწერლისა, რომელიც საქართველოში უყვართ, მაგრამ ხშირად არასწორად ესმით.

    წლების მანძილზე თითქმის ყველა ქართველი კალმოსანი მოვალეობად მიიჩნევდა, რაღაც მაინც დაეწერა ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ეს წერილები ძალიან ზედაპირული შთაბეჭდილებების თავმოყრას წარმოადგენდა და ვერაფერს არსებითს ვერ გვეუბნებოდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ პროზაიკოსზე. განსაკუთრებით ლიტერატურულ იმპრესიონიზმზე წერდნენ ბევრს, წერდნენ დაუღალავად, იმდენად, რომ ათწლეულების მანძილზე ყველას, სკოლის პედაგოგსა თუ უნივერსიტეტის პროფესორს, ნიკო ლორთქიფანიძის სახელის ხსენებაზე მხოლოდ ეს სახელოვნებო მიმდინარეობა, იმპრესიონიზმი ახსენდებოდათ.

    ის, თუ რა ნაწარმოებები დაწერა ნიკო ლორთქიფანიძემ, თითქოს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რატომღაც, სულ ერთიდაიგივე მოთხრობებს სწირავდნენ ხოლმე მსხვერპლად ლიტერატურის ქურუმები და ჩვენც, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ყურები გვქონდა გამოჭედილი: წაიკითხეთ “თავსაფრიანი დედაკაცი”, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიოთი”. ეგ კი არა და, ერთხელ გავოგნდი, როცა ოთხ სხვადასხვა ავტორთან, ნიკო ლორთქიფანიძის გენიალობის დასტურად ერთიდაიგივე ციტატა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ოთხმა სახელოვანმა მწერალმა ვერაფერი ნახა ნიკო ლორთქიფანიძის ოთხტომეულში, გარდა ამ ერთი წინადადებისა: “ყეფდა ძაღლი, სახურავიდან ამოდიოდა კვამლი და იყო პატარა ოჯახი”.

    აქედან გამომდინარე, ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ახლიდანაა წასაკითხი. კრიტიკოს ეკა ცხადაძის აზრით, მისი თემები ჯერ კიდევ შეძრავს მკითხველს:

    “ნიკო ლორთქიფანიძის ადგილი ქართულ პროზაში და საერთოდ ლიტერატურულ სივრცეში თავიდანვე მოინიშნა. მისმა ნიჭის თაყვანისმცემლებმა რა თქმა უნდა თავიდანვე იცოდნენ ვინ იყო ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ XXI საუკუნის მკითხველისათვის ნიკო ლორთქიფანიძის თემატიკა, მისი აზროვნება, მის მიერ წამოწეული თემები მაინც საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცით, 130 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. მას არ შეხებია დრო”.

    მემგონი მაინც ჯობდა, რომ ნიკო ლორთქიფანიძეს შეხებოდა დრო, ცხადია გახუნებასა და მოძველებას არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ ჩვენ, რეალურად არცა გვაქვს ნიკო ლორთქიფანიძის წაკითხვები, არ ვიცით, როგორ აღიქვამდნენ მას 20-30-იან წლებში, 50-60-იანებში, ძალიან ცოტა რამ დაიწერა მის შესახებ 90-იანებიდან დღემდე მოყოლებულ პერიოდში. როგორც ზემოთაც ვთქვი, ნიკო ლორთქიფანიძის კანონიკურ ტექსტებში სულ რამდენიმე მცირე ნოველა მოხვდა, არადა მის შემოქმედებაში კიდევ ბევრი რამეა აღმოსაჩენი:

    “ჩემი აზრით, თანამედროვე მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ნიკო ლორთქიფანიძის ის ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან პოპულარული არ არის, მაგრამ სპეციალისტებმა ვიცით მათ შესახებ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია, რომ ვუთხრათ და ვურჩიოთ მკითხველს. განსაკუთრებით საინტერესოა ნიკო ლორთქიფანიძე, როგორც მოდერნისტული ეპოქის შემოქმედი, მაგრამ ის ამის შემდეგაც ისეთ თემებს ამუშავებს, რომელიც გადის მოდერნიზმის ჩარჩოებიდან”.

    ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ცალკე საუბრის თემაა:

    “ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. მას ორჯერ ჰქონია დუელი, და მის განსხვავებულობას ალბათ ესეც მოწმობს. უნდა ითქვას, რომ თვითონ ნიკო ლორთქიფანიძე არაა ტრაფარეტული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. ის არ იზრდებოდა გაჭირვება, უფრო პირიქით, ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახის შვილი იყო, მისი წინაპრები თურმე ფიცის კაცები ყოფილან, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი ძალიან, ასე ვთქვათ, ეროვნული ადამიანები იყვნენ. ისინი სოლომონ II-ის დასაყრდენ ძალას წარმოადგენდნენ იმ ძნელბედობის ჟამს. ნიკო ლორთქიფანიძესაც ყოველთვის ახასიატებდა ეს შინაგანი ღირსება, იგი ძალიან დახვეწილი კაცი იყო და ერთი ქართველი პოეტი მწევარსაც კი ადარებდა მას. პირველი დუელი მას უცხოეთში სწავლის პერიოდში ჰქონდა, ავსტრიაში, რომელიღაც დოცენტთან და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტუაცია დუელის მიზეზი გახდა. მეორე დუელი უკვე რუს ოფიცერთან ჰქონდა, აქ, საქართველოში და ამ შემთხვევაშიც ძალიან ღირსეულად გამოსულა ამ მდგომარეობიდან. პირველი დუელისას მან ფარიკაობაც კი არ იცოდა და ერთი ღამის ნავარჯიშებმა შეძლო დუელში მოანწილეობის მიღება, მეორე დუელისას უკვე სროლაზე მიდგა საქმე…”

    ნიკო ლორთქიფანიძის შესანიშნავი პორტრეტი დაგვიტოვა სიმონ ჩიქოვანმა. გასული საუკუნის ათიან წლებში, გარდა სამწერლო, სარედაქციო და სხვა საქმიანობისა, მწერალი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანულსაც ასწავლიდა. მისი მოსწავლე იყო სიმონ ჩიქოვანი, რომელმაც მოგვიანებით ესეც მიუძღვნა მასწავლებელს. ფოტოზე ყველასა გვყავს ნანახი ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ პოეტისა და მოსწავლის მეხსიერებაში დარჩენილი სახე, შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს იფარავდეს: “კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი “მწარე” ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა.”

    მისი პიროვნული თვისებებიდან პირველ რიგში თავმდაბლობა და ღირსების გრძნობა უნდა დავასახელოთ:

    “სხვათა შორის, მისი ბიოგრაფია ერთგვარად ქვაკუთხედია მისი მენტალობის და ყველაზე უფრო საინტერესო რაც არის და რაც ძალიან მოგვხიბლავს დღევანდელი გადასახედიდან, ისაა, რომ მას უყვარდა ჩუმად ყოფნა, არ უყვარდა საკუთარი თავის წინ წამოწევა. ჩვენ ვიცით როგორი გრან სენიორის პოზა ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას, როგორი გამომწვევი და პომპეზური იყო გრიგოლ რობაქიძე, ცნობილია ცისფერყანწელების პოზაც… ნიკო ლორთქიფანიძე კი ემიჯნებოდა ყველაფერ ამას. მას არ უყვარდა ეს პომპეზურობა, თავის მოწონება, ზედმეტი რაღაცეები და ეს ყველაფერი აისახა მის შემოქმედებაშიც”.

    ამაში დარწმუნება საკმაოდ ადვილია, რადგან ნიკო ლორთქიფანიძის თზულებების რამდენიმე გამოცემა არსებობს. მკითხველს შევახსენებ, რომ მისი ტომები 20-იან წლებშიც გამოვიდა, 30-იანებშიც, 40-იანებშიც და 50-იანებშიც. ყველაზე სრული კი, მაინც, ალბათ, 70-იან წლებში გამოცემული ოთხტომეულია, სადაც “თავსაფრიანი დედაკაცი“, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიო გარდა, კიდევ ბევრ ძლიერ ტექსტს ნახავს მკითხველი.

    © radiotavisupleba.ge

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2010 – ნოემბერი

    ლელა სამნიაშვილი ”ფრაქტალები”, გამომცემლობა ”სიესტა”, თბილისი, 2010.

    ფრაქტალი გეომეტრიული ობიექტია არასწორი, ტეხილი ან ფრაგმენტული ფორმით, რომელიც წარმოქმნილია განმეორებადი სტრუქტურით, როგორც წესი, იტერაციის პროცესში.” ეს ვიკიპედიური ცნობა მკითხველს უფრო გაუადვილებს ლელა სამნიაშვილის წიგნის ”ფრაქტალების” აღქმას. ეს ლექსები სწორედ ასეთი გეომეტრიული სიმეტრიულობით (თუ ასიმეტრიულობით) შექმნილი პოეტიკაა, სინამდვილის დანაწევრების, მონტაჟისა და ხელახლა აღდგენის ტექნიკით შექმნილი პოეტური დეტალები. ენობრივი პოეზიის ელემენტები და ზოგადად ენობრივი ექსპოზიცია ავტორს, დიდწილად, ბრიტანულ პოეზიასთან ანათესავებს. ლელა სამნიაშვილი ლიტერატურულ წრეებში საკმაოდ ცნობილი ავტორია, ამ წიგნით კი მის მკითხველებს მორიგი კარგი, მწყობრი პოეზიის კითხვის შანსი ეძლევა.

    ნუგზარ ზაზანაშვილი ”ცის ლექსები”, თბილისი, ”საარი”, 2010.

    ”ცის ლექსები” არატრადიციული ლექსების წიგნია. სიტყვა ”არატრადიციული” ამ შემთხვევაში, არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ფორმალურად არაკონვენციურია, თემის გააზრების, ენობრივი თვითდესკრიპციის ”არაქართული” სისტემა აურჩევია ავტორს, რაც წიგნს მხოლოდ ინტერესს ჰმატებს, მომზადებული მკითხველის ინტერესს. ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორი კარგად იცნობს მოდერნისა და პოსტავანგარდის ნიმუშებს, რომლებიც საკუთარ პოეტურ გამოცდილებად უქცევია. ეს არ არის მკითხველთა დიდი მასისთვის განკუთვნილი პოეზია, მას მხოლოდ მცირე ნაწილი წაიკითხავს. ასე რომ, სანამ ყიდვას დააპირებთ, კარგად დაფიქრდით, მკითხველთა რომელ ნაწილს მიეკუთვნებით.

    იონა მეუნარგია ”თხზულებანი”, ტ. I, თბილისი, ”არტანუჯი”, 2010.

    იონა მეუნარგიას მიერ ”დაწერილი ბიოგრაფიები გრიგოლ ორბელიანის, მამია გურიელის და სხვების შესახებ ნამდვილი შედევრია არა მარტო ბიოგრაფიების წერის, არამედ მხატვრული კრიტიკისაც”, – წერდა ტიციან ტაბიძე ჟურნალ ”ბახტრიონში”. ”არტანუჯის” მიერ გამოცემული იონა მეუნარგიას ”თხზულებანი პირველი ტომი სქელტანიანი წიგნია, რომელიც მნიშვნელოვან წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს როგორც გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის, ასევე, თავად ავტორის შესახებ, ვინაიდან აქვეა ავტობიოგრაფიული თხზულებაც, სადაც იონა მეუნარგია თავისი ცხოვრების საკვანძო დეტალების შესახებ ყვება. ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში წასულს ცოდნასთან ერთად, საინტერესო მოგონებებიც გამოჰყოლია, როგორიცაა, თუნდაც, ვიქტორ ჰიუგოსთან შეხვედრა. ოდნავ არქაული ენა, მეცხრამეტე საუკუნისათვის სახასიათო ენობრივი შტრიხები უფრო საინტერესოს, გაუზვიადებელსა და დამაჯერებელს ხდის ავტორების ბიოგრაფიას.

    ვანო ჩხიკვაძე ”სადღაც, ნისლების ბოლოში”, თბილისი, ”ინტელექტი”, 2010.

    ვანო ჩხიკვაძის მორიგი პროზაული კრებული ”სადღაც, ნისლების ბოლოში” ჟანრობრივად ძნელი მოსახელთებელია. აქ არის როგორც ნოველები, ისე მოთხრობები, მინიატურები, პოეტური პროზის ცალკეული ნიმუშები… არა მხოლოდ ჟანრის თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივადაც საკმაოდ მრავალფეროვანი წიგნია, გამოცდილი ავტორი არ ღალატობს მისთვის დამახასიათებელი აკადემიური, დინჯი და ამავდროულად, ემოციით გაჯერებული თხრობის სტილს.

    ”100 ლექსი – ახალგაზრდა პოეტები”, თბილისი, ”ინტელექტი”, 2010.

    ”100 ლექსის” სერიის ფარგლებში მორიგი საინტერესო კრებული გამოჩნდა, რომელიც თავს უყრის თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში მეტ-ნაკლებად ცნობილ ყველა ახალგაზრდა პოეტს. კრებულის ეკლექტურობა ბუნებრივიცაა – განსხვავებულ სტილში ”მომუშავე” ავტორები, კონვენციური და თავისუფალი ლექსები, განსხვავებული მიმართება სამყაროსთან და სიტყვასთან. როგორც წინასიტყვაობის ავტორი, კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე აღნიშნავს: ”ამ თაობას ვერ დასწამებ არაგულწრფელობას – პოლიტიკური კონიუნქტურისადმი ანგარიშგაწევას, პროპაგანდისტულ ტენდენციურობას.” კრებულში 30 წლამდე ასაკის 33 ავტორის ლექსებია შესული.

    სტეფანი მეიერი ”ბინდის საგა – ახალი მთვარე”, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010

    სტეფანი მეიერი მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მწერალია. რომანების სერია ”ბინდი” მის შემოქმედებით პიკად იქცა. ერთი სიტყვით, ”ბინდი” თინეიჯერების საყვარელი, რომანტიკული, გასართობი ტექსტია. მეიერის ეს სერია საერთაშორისო ბესტსელერია, 37 ენაზეა ნათარგმნი და დაახლოებით, 100 მილიონ ეგზემპლარამდეა გაყიდული. მართალია, ე.წ. სერიოზულ ლიტერატურად არ ითვლება და თვით სტივენ კინგმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ”უნიჭო” უწოდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის: მეიერი თანამედროვე ახალგაზრდების კერპია, მან იცის მოზარდების ფსიქოლოგია, ინტერესის სფეროები და მარკეტოლოგის პედანტობით აგრძელებს მათი გულების მონადირებას. რაც, რა დასამალია და, ბრწყინვალედ გამოსდის.

    ჯერალდ დარელი, ”ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები”, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009

    ჯერალდ დარელი წარმოშობით ინდოელი ავტორია. პროფესიით ბიოლოგმა მწერალმა ე.წ. კორფუს ტრილოგია მთლიანად თავის ბავშვობას მიუძღვნა. კორფუ ის კუნძულია, სადაც ავტორმა ბავშვობა გაატარა და სწორედ აქედან გამოყოლილი მოგონებების ლამაზი კრებულია ეს წიგნი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ამჟამად გთავაზობთ კორფუს ტრილოგიის ერთ ნაწილს ”ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები”, რომელიც ისევე, როგორც სხვა ორი წიგნი, მთლიანად ავტობიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული. თხრობის დინამიური მანერა, დახვეწილი იუმორი, თვითირონია და არაგამაღიზიანებელი სენტიმენტურობა… ეს ყველაფერი კარგად საკითხავ ლიტერატურად ხდის მას.

    თამო ხოსიტაშვილი ”ლეგენდა ბობ მარლი”, თბილისი, ”სიესტა”, 2010

    იამაიკელი შემსრულებელი და კომპოზიტორი ბობ მარლი მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი გიგანტია, მუსიკალური ჟანრი ”რეგი” ბობ მარლის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. 70-იან წლებში მის მუსიკას მძაფრი სოციალური და პოლიტიკური დატვირთვა ენიჭებოდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შავკანიანების ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძოდა. ”ჩემი მუსიკა მუდამ იარსებებს. ალბათ უხერხულია ჩემგან ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ფაქტია – ჩემი მუსიკა მარადიულია!” ეს ბობ მარლის სიტყვებია, რომლითაც მან თავისი შემოქმედება აღწერა და რომელიც თამო ხოსიტაშვილის ბიოგრაფიულ წიგნს ”ლეგენდა ბობ მარლი” ერთვის. ბობ მარლის თაყვანისმცელებისატვის ეს წიგნი ძალიან დიდი შენაძენი იქნება, მათ საშუალება აქვთ, მშობლიურ ენაზე წაიკითხონ თავიანთი კერპის ბიოგრაფიული დეტალები, მსხვილმან-წვრილმანები.

    © „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

  • პოეზია

    გივი ალხაზიშვილი – ლექსები


    ხსოვნა უჩარჩოო

    ვწრუპავთ ჩაის – დროსთან ერთად,

    მომავალი მოდის

    და ქრება ჩაის ორთქლივით.

    დროს გავყავართ

    და ვსაუბრობთ წარსულზე,

    როგორც ყოფილ აწმყოზე.

    ……..

    მერე ვიღაც მაწვდის ანგარიშს –

    ერთ პერსონაზე

    და მე მიკვირს,

    რომ ის იყო და არა იყო

    და ვსაუბრობდით;

    უჩინმაჩინის ქუდი ეხურა

    და მას სხვები ვეღარ ამჩნევდნენ…

    იგი ასეთი გამჭვირვალე და სიფრიფანა

    ჰაერივით იყო ჰაერში,

    ახლაც რომ ვსუნთქავ ნაწვიმარ ბაღში

    და ყვავილის მზერა მეცნობა

    და ზღვის ფშვინვა,

    მეგობარივით მეგულება გულისყურში,

    უჩარჩოო ხსოვნის სიღრმეში,

    შენს სიჩუმეში, ამ სიტყვებში,

    ახლა რომ ვფიქრობ შენს გასაგონად.

    2. 10. 2010 წ.


    შეგრძნების კვალი

    ივლისის ეპისტოლე

    გადამავიწყდა..

    მახსოვს მხოლოდ შეგრძნების კვალი,

    ცვილის გული, სხვა არაფერი..

    არ ისურვა, სიტყვებს თავი არ შეაფარა..

    სჯობს, არ ვიცოდე,

    მხოლოდ ვგრძნობდე

    გაურკვევლობის სუნთქვაში როგორ იბადებიან

    სხვა დღეები და ღამეები

    და გაქცევაზე თვალი უჭირავთ.

    …იგი მოვა, ვინც, ოდესღაც,

    თავის ხელის ჩრდილში დამმალა.

    გაქრა ივნისი, წაიყოლა თიბათვის სუნთქვა,

    მისი სხეულის ფრაგმენტები ჩემში ჩატოვა-

    ცაცხვის, თივის და ბავშვობის სუნი,

    მაგრამ რა მითხრა ვეღარ ვიხსენებ..

    მხოლოდ კონტური, შეგრძნების კვალი –

    ზოგჯერ სისხლში რომ წაიმღერებს

    და ქარს ინატრებს,

    მუდამ ქარის მომლოდინე ქარის წისქვილი,

    თუმცა ისედაც იფქვება დრო,

    ისედაც ცრიან წელიწადებს,

    ისედაც ზელენ

    და ისედაც მზე გადმოდის ოქროს ვარცლიდან,

    და ისედაც აცხობენ გულში ჩაკრულ სურვილებს.

    ისეთნაირად მომენატრე,

    ახლა შენში ჩაკარგვა მინდა და ზღვის ფშვინვაში

    მილიონების სუნთქვას ვპოულობ

    და შენც იქ გეძებ, სახლში, რომელიც სუნთქვით აშენეს.

    ქარი სულია, არავინ იცის, საიდან მოდის და საით მიდის…

    …და უკვე დროა, ავწიოთ ფრთები განთიადისა,

    რომ შევეგებოთ პირქარს ქარის წისქვილებივით

    და ამ უნდობარ საუკუნეში

    კიდევ ერთხანს ვიქარწისქვილოთ,

    ვიქარწვიმოთ და გავიქარწყლოთ დარდი,

    ვიდრე დრო გაგვაქარწყლებს.

    2. 7. 2010 წ.

    არდადეგების გაგრძელება

    ფერადი ფანქრები,

    ობოლი ბავშვების ფიქრებში წათლილი:

    ყვითელი – მზის ლაქა,

    მწვანე და წითელი – ყანა და ყაყაჩო

    და ლურჯი… საღამოს ცასთან წათვლემილი,

    სხვა – წვერმოოქრული,

    მზეებს რომ დახატავს და სახლის სახურავს,

    აწოწილ საკვამურს, ზოზინა კვამლით

    ზეცას რომ აღრმავებს,

    სადაც ჩამალულა

    ყივილი უთვალავ მამლის.

    ზაფხულის ნიავი –

    ნანატრი გადია,

    გულში რომ ჩაგიკრავს და გეალერსება

    და შენში იღვიძებს უგამჭვირვალესი

    შეგრძნება ნაივის,

    რომ ისევ შენშია, რაც მუდამ მიმოდის;

    არც მაშინ იცოდი, რომ ეს დრო ჩაივლის –

    თვალებში არეკლილ სეზონის ბრწყინვით და

    უცნობი დუეტის მჭვრეტელი აივნით.

    მე ქარმა ხელახლა დამკარგა ფრანივით,

    ფრენს ფიქრი, ფუტკარი, ფრთები სიფრიფანა

    დაბზუის ყვავილებს, დაეძებს ნექტარს

    და არ მერცხვინება, დღემდე რომ ვეკუთნი

    შეყვარებულების საეჭვო სექტას.

    არავინ წასულა, ისევ აქ არიან,

    ჩემში განაგრძობენ სიცოცხლეს ესენი,

    ვცხოვრობ შვილიშვილის დახატულ სახლში და

    გარს მივლის ჩემივე დღეების მესერი.

    15. 7 2010 წ.

    მე ახლა შენზე წავიდარდე

    ა?

    ივლისის მეორე ეპისტოლე

    …შენ გამომძერწე დედის მუცელში…

    …ახლა ვარ უჩინარი სამარხივით,

    რომელზეც დადიან და არც იციან…

    და როცა არ დადიან ფიქრის დრო მისაკუთრებს,

    მზისა და მთვარის სანიშნით მომძებნა

    და კიდევ ცვალებად განწყობის აალებით,

    მე კი მეშინია გამჭოლი მზერის

    და ჩემში სიტყვებად ახელილ თვალების..

    მე ვდარდობ, როდესაც არ დადიან

    და მოწყენილობა მეუფლება;

    მაფიქრებს და მათი არმოსვლა,

    რაღაც მნიშვნელოვანს მეუბნება,

    რადგან, ორჭოფობა ყოველთვის,

    თან გასაგებია, თან გაუგებარი

    და ეს ხელისგული, თავი რომ ჩამოვდე –

    ხან ჩემი სახლია, ხან ჩვენი გემბანი….

    ყველა სულიერი საბრალოა,

    ვინც ფიქრს სატკივარზე ამახვილებს,

    მე ახლა შენზე წავიდარდე

    და სიტყვა თვალივით ამეხილა:

    ჩემი მომავალი შინ ბრუნდება

    უთვალავ-ღამე-დამეხილი.

    18. 7 2010 წ.

    სუნთქვის მიყურადება

    ივლისის მესამე ეპისტოლე

    …არსებობ ჩემში ნალურსმივით…

    . . . . .

    შენს ფიქრებს აწყობილს შავი ნონპარელით –

    ვიღაც აკვირდება სამყაროს ლუპიდან…

    როცა ოთახში შედიხარ ფეხაკრეფით,

    ნაბიჯთან ერთად

    კრეფ ხსოვნაში ჩამალულ ფიქრებს,

    თვალებით ამბობ, რასაც სიტყვა ვერ მოუძებნე,

    – უმწეობამ შეგატოვა

    შორისდებულის მოსაწყენ ხმოვნებს…

    ვის ელოდები?

    არც კი იცი, როდისღა მოვლენ..

    სულგანაბული უმზერ საბრალოს

    და შემკრთალი მიაყურადებ:

    სუნთქავს თუ არა?!

    დგახარ საწოლთან და ელოდები,

    სიცოცხლე როდის ამობურცავს ქათქათა ზეწარს

    და სუნთქვა როდის შეაღვიძებს ავადმყოფ ჰაერს..

    ჯერ ერთად სუნთქავთ წარსულს და აწმყოს,

    და ისევ ცდილობთ,

    რომ ეს სივრცე გამოიზოგოთ,

    აღსავსე ფიქრის და თვალების გამონაბოლქვით.

    ჯერ ერთად სუნთქავთ…

    შენი მზერა იქითკენ მიდის,

    სადაც არავინ აღარ არის,

    სულ აღარავინ

    და სიტყვას გულშიც ვეღარ გაივლებ,

    რადგან გული, შენ კი არა, სიჩუმეს უცემს.

    ძველი ტკივილი

    ნალურსმივით გამსჭვალავს ხსოვნას

    და ცის ლუპიდან ვიღაც გიყურებს…

    28. 7. 2010 წ.

    უშენო დრო…

    აგვისტოს ეპისტოლე

    დღეებს გამსჭვალულს უშენობით,

    როგორ ვუშველო,

    ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,

    დუმილი ისე მისაკუთრებს,

    ლამის მიშვილოს,

    სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე.

    რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..

    მაგრამ აქ რომ ვარ –

    ვეძებ გასაქცევს,

    ვირტუალურ დროში ვსახლდები…

    რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა

    და მყისიერადDგამოცლილი ყველა საყრდენი.

    არაფერია, არაფერი,

    სულ არაფერი

    და არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,

    გამჭვირვალეა ხელისგული,

    რომ ავიფარე

    თვალზე და ახლა

    ყველაფრიდან შენ იხედები..

    7. 8. 2010 წ.

    გაღიმება

    აქ ხარ…

    სიტყვაში ვგრძნობ შენს ყოფნას…

    და აქედან

    გზას რომ გაჰყურებ,

    რომელიც უკვე გაიარე

    და შინ დაბრუნდი,

    რომ ეს ტექსტი წაგეკითხა

    და უსიტყვო სიცარიელე

    შეგევსო შენი გაღიმებით –

    იმ სურათიდან,

    სადაც ჩვენ ვსხედვართ შვილებთან ერთად

    და ჩარჩოში აღარ ვბერდებით.

    11. 8, 2010 წ.

    შეღამებისა

    სექტემბრის ეპისტოლე

    სიჩუმე ჩემი თვალებია…

    ამ სიჩუმეში,

    ისევ ამოდის დარდის ეკალი..

    ერთი ტემბრი გვაქვს მე და სექტემბერს

    და შემოდგომა

    შენს მაგივრად მომდევს ხელკავით.

    მხოლოდ ხსოვნა ვარ,

    მაგრამ ხსოვნაში ობლის კივილი

    დარჩა იმ დროის ობელისკივით…

    შეჩვეული ვარ ეკლიან ბალიშს

    და ფიქრის ისე გამოზოგვას,

    რომ არ დამთავრდეს..

    გადის დღე-ღამე შორიახლოს,

    ისევ უჩემოდ,

    იქნებ სექტემბრის აჩქროლება

    მეყოს ზამთრამდე.

    საგნები ისე დამიახლოვდნენ,

    ნათითურების ამბებს მიმხელენ.

    შენ ეს მუსიკა ვერ დაგამწუხრებს,

    აღარ მოუსმენ ბგერებს სევდიანს,

    რაც გულში გაკრთა, თვალსაც ანათებს,

    ანარეკლია ან სევადაა…

    /ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა,

    ის ავადაა…/

    სარეცხის თოკზე შავი ხალათი

    მოირგო ქარმა და ამოიცვა..

    შედედდა ბინდი შეღამებისა,

    კრთება გიშერი, უფრო მოცვია..

    უბერავს ქარი, ქარი სულია

    და ყოველივე ქარმა მოიცვა;

    მე ორიოდე სიტყვაც მეყოფა,

    შენი ბაგიდან თუ ჩამოცვივა…

    2. 9. 2010 წ.

    გახედვა ხვალისკენგახედვა

    სექტემბრის მეორე ეპისტოლე

    სად ხარ,

    როცა აქ აღარ ხარ,

    როცა გულშიც ვეღარ გპოულობ

    და თუ გული გამელია ან გამიწყალდა,

    შენს ხსენებაზე რად მეკუმშება?!

    ჩემი ლოდინი სიჩუმეში ჩამოიმარცვლა

    და მწიფს დუმილის თავთავები

    და თავისთავად შენში ვეძებ თავშესაფარს

    და ვერ გპოულობ…

    იქით ჯერ კიდევ ხალისობენ

    და მკერდსავსე ღამის ფშვინვა ვერ მოიბეზრეს,

    სადაც ჩემს წარსულს აგრძელებენ

    და მზე და მთვარე

    ადი-ჩამოდის ზეცის კიბეზე.

    თვალს ავარიდებ მათ –

    ერთმანეთს რომ დაეძებენ

    ხელებით, კოცნით, სუნთქვის სიხშირით

    და წუთის სიღრმეს მოღიღინე სისხლი ირეკლავს.

    მიკვირს,

    ისევ აქეთ დავრჩი,

    ამ ბავშვთან ერთად,

    ხმას რომ აყოლებს უნებურ მოტივს

    და მის გამზრდელად ვიგულისხმები,

    ჩვენ გვინაწილებს სახლის სიჩუმე

    და საათიდან ამომხტარი გუგულის ხმები,

    რომ ხვალინდელი გადღევანდელდა

    უმიზეზო და შეურისხველი…

    11. 9. 2010 წ.

    © „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – შოთა იათაშვილის «დალაგება»

    წელს პოეტ შოთა იათაშვილის ესეების სრული კრებული გამოვიდა, წიგნს «დალაგება» ჰქვია და იგი ავტორის მიერ უკანასკნელი 13 წლის მანძილზე დაწერილ ესეებს მოიცავს.

    «შოთა იათაშვილზე გვაქვს საუბარი, შესანიშნავ ქართველ პოეტზე და როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგ ესეისტზეც, ადამიანზე, რომელიც ძალიან ზუსტ ესეებს წერს», ასე დაიწყო შოთა იათაშვილის ბოლო წიგნზე საუბარი პოეტმა და კრიტიკოსმა დავით ჩიხლაძემ. თავად შოთა იათაშვილიც პოეტი და კრიტიკოსია, ყოველ შემთხვევაში, ამ წიგნმა გვაჩვენა, რომ ათზე მეტი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორს ჭკვიანური ესეების წერაც შეუძლია.
    აქამდე მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. ბოლო 13 წლის მანძილზე ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულმა წერილებმა გვაჩვენა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში შოთა იათაშვილი გამუდმებით ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო. ეს წერილები სხვადასხვა დროს დაიბეჭდა სხვადასხვა გამოცემაში: «ალტერნატივა», «არილი», «ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი», «7 დღე», «ახალი ვერსია», გაზეთ «24 საათის» ლიტერატურული დამატებები, «წიგნები» და «ლიტერატურა», კრებულში შევიდა ასევე წინასიტყვაობები, სტატიები კრებულებიდან:
    «ეს ძირითადად გამოხმაურებებია იმ მოვლენებზე, რაც შოთას გარშემო ხდებოდა: წიგნის გამოსვლა, გარკვეული მიმართულების გაჩენა და ა.შ. მაგალითად ჩემს შემთხვევაში იგი განიხილავდა ჩემს ლექსებს ჩემი წიგნის გამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით. ანუ შოთა მაინც კულტურულ კონტექსტს იღებს და არა წმინდა პოეტიკურ საკითხებს, თუმცა ამასაც ეხება ლაკონურად, გასაგებად, მკითხველისთვის უფრო მარტივად მისაღები, არასამეცნიერო ენით».
    წიგნს შესავალი უძღვის, რომელსაც მახვილგონივრული სათაური აქვს, «როგორ ვალაგებდი», და იგი, რა თქმა უნდა, პაროდიულად გვახსენებს მსოფლიო თუ ქართულ ლიტერატურაში ცნობილ აურება ესეს, საერთო სათაურით, «როგორ ვწერ». შოთა წერაზე არ ამახვილებს ყურადღებას, იგი წიგნის აგების, მისი დალაგების პროცესზე გვიყვება და ჟანრულადაც მიჯნავს წერილებს: რეცენზიები, ანალიტიკური სტატიები, სვეტები, პორტრეტები… წინასიტყვაობაში შოთა საკუთარ თავზეც საუბრობს, იგი მესამე პირში გველაპარაკება ესეისტ იათაშვილზე: «მთელი ამ დალაგებების შემდეგ თქვენს წინაშე იქნება ის შოთა იათაშვილი, რომელიც დიდი ხანია აქტიურადაა ჩართული ლიტერატურულ პროცესში, აკვირდება მას როგორც მწერალი და როგორც რედაქტორი, სულმუდამ იცვლება და სულმუდამ ცდილობს თავისი ოდესღაც დალაგებული აზრები შეამოწმოს და გადაალაგოს».
    შოთა ნამდვილად გამონაკლისია თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის. იგი იმ იშვიათი ავტორების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც კარგი ესეს წერა ეხერხება. ამგვარ დეფიციტზე დათო ჩიხლაძეც საუბრობს:
    «ეს არის უფრო ესეისტიკა, მკითხველისთვის შედარებით გასაგები ჟანრი და მე ვფიქრობ ამის დეფიციტი მართლაც არის. მართლა ძნელია რიგითი მკითხველისთვის, რომელსაც უყვარს ბელეტრისტიკა, პოეზია და ა.შ. დაჯდეს და იკითხოს სამეცნიერო კვლევები სემიოტიკაზე და ლიტერატურის თეორიაში. ამ შემთხვევაში ესე მართლაც ძალიან კარგი ხიდია, როდესაც პოეტი იღებს ასეთ ფუნქციას თავის თავზე და იმ სილამაზეს, რაც შეიძლება პოეტიკას გააჩნდეს, გასაგები ენით გადასცემს მკითხველს».
    ადრე მეც არაერთხელ დამიწერია იმის შესახებ, რომ პოეტები და პროზაიკოსები ვერ წერენ ერთმანეთის შესახებ, ზოგს კულტურა არ ჰყოფნის, ზოგს ნიჭი, ზოგს სურვილი არა აქვს, სხვებს კი ეზარებათ, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა მწერლის მიერ დანახული მწერალი. შოთას კრებული სწორედ ამით გამოირჩევა, აქ იგი თავის აზრებს გვიზიარებს, ეგნატე ნინოშვილზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, არჩილ სულაკაურზე, აქ არის წერილები გურამ რჩეულიშვილზე და ერლომ ახვლედიანზე, ოთარ ჭილაძეზე, ნაირა გელაშვილზე, ანდრო ბუაჩიძეზე, ზაზა თვარაძეზე, კარლო კაჭარავაზე. აქ არიან ძველი, საშუალო და ახალი თაობის მწერლები, XIX საუკუნიდან მოყოლებული «ვარდისფერი ავტობუსის» ჯგუფის ჩათვლით.
    შოთას საპროგრამო ესედ მიმაჩნია მისი 10 წლის წინანდელი პასუხები «არილის» ანკეტაზე, სადაც მან თავის თაობას «გაცვეთილი თაობა» უწოდა. იგი სხვა თაობებსაც ახსენებს, გაბრაზებულებს, გატეხილებს, დაკარგულებს და ა.შ. შემდეგ კი ამბობს: «გაბრაზებუყლი შეიძლება დაამშვიდო, გატეხილი შეიძლება შეაწებო, დაკარგული იპოვო, მაგრამ გაცვეთილს ვერარაფერს უშველი. გაცვეთილი ისეთი რამაა, რაც შეიძლება კიდევ ძალიან დიდხანს ვარგისი იყოს, მაგრამ ძველი თვისებები, სიმტკიცე, სიხასხასე არარასდროს დაუბრუნდება. ეს გაცვეთილობა კი გამოიწვია ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური ხასიათის იმ დაძაბულობებმა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და რომელსაც საბჭოურ სკოლაში გაზრდილი ბავშვები არასაბჭოურ ადამიანებად უნდა ჩამოეყალიბებინა. ბევრმა ეს მაინც ვერ შეძლო და კვაზისაბჭოურ ადამიანად დარჩა, ხოლო ვინც შეძლო, ეს ძლიერი «ცვეთის» ხანჯზე მოახერხა».
    ამ სიტყვებში დიდი სევდაცაა და მწარე სიმართლეც, თუმცა ეს სიტყვები, როგორც ჩანს, უკვე აღარ ვრცელდება თავად შოთა იათაშვილზე. მისი წიგნის, «დალაგების» წაკითხვის შემდეგ ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ავტორს განსჯისა და კრიტიკის კბილანები გაუცვდა.
    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მიხეილ ჯავახიშვილი – 130

    წლევანდელი წელი XX საუკუნის ორი ყველაზე გამორჩეული ქართველი პროზაიკოსის, ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის საიუბილეო წელია. მათი დაბადებიდან 130 წელი გავიდა. ამჯერად გადაცემა “ბიბლიოთეკა” მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ მოგვითხრობს:

    რამდენიმე თვეში ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წელი შესრულდება. ამის მიუხედავად, ორივე მწერლის იუბილე ლიტერატურის ინსტიტუტმა უკვე აღნიშნა სამეცნიერო კონფერენციით. ახლა ჩვენი ჯერია, სექტემბრამდე და ნოემბრამდე (სწორედ ამ თვეებში უწევს იუბილეები) კი იქნებ სხვებსაც გაახსენდეთ ეს ორი შესანიშნავი მწერალი.
    ამჯერად მიხეილ ჯავახიშვილის პროზაზე ვისაუბროთ.
    ეს მწერალი, ისევე როგორც ბევრმა ჩემმა თანატოლმა, წიგნამდე სპექტაკლით გავიცანი. კარგად მახსოვს თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლი “ჯაყოს ხიზნები”, რომელმაც თავისი სიმკაცრით, ალბათ მიხეილ ჯავახიშვილის ეფექტი გაიმეორა და დიდხანს ალაპარაკა ქართული საზოგადოება. თავად წიგნი მოგვიანებით წავიკითხე, შემდეგ დანარჩენი ნაწარმოებების ჯერი დადგა, ბოლო რაღაცეები კი აგერ, შარშან წავიკითხე მიხეილ ჯავახიშვილისა. ესაა მწერალი, რომელიც არაერთხელ გადამიკითხია, ავტორი, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს, უყვარს ან ტკბება მისი ოსტატობით. მწერალი ბესო სოლომანაშვილი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ყველა სხვა მკითხველისგან განსხვავებით, მისი დამოკიდებულება მაინც განსაკუთრებულია:
    “ჩემი პირადი დამოკიდებულება მიხეილ ჯავახიშვილისადმი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა, ლამის დაბადებიდან, რადგან მე იმ ეზოში დავიბადე და იმ სახლში ვარ გაზრდილი, ელბაქიძეზე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილი წაიყვანეს 1937 წლის 14 აგვისტოს. თან 14 აგვისტო ჩემი დაბადების დღეცაა და შემდეგ და შემდეგ, გახსოვთ ალბათ, კომუნისტების დროს მხოლოდ “არსენა მარაბდელი” იყო სასკოლო ლიტერატურაში, და რატომღაც სულ პატარობიდანვე დავიწყე მიხეილ ჯავახიშვილის კითხვა. ალბათ იმიტომ, რომ იმ ეზოში ვიყავი გაზრდილი და ლეგენდასავით იყო. სამეზობლოში იყო უცნაური დამოკიდებულება იმ სახლისადმი, რადგან, მიხეილ ჯავახიშვილი მართლაც უდიდესი პიროვნება იყო არამარტო ქართული ლიტერატურისათვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვისაც”.
    მიხეილ ჯავახიშვილი თაობის ალბათ ყველაზე გამორჩეული მწერალი იყო. მან, შეიძლება ითქვას, სახე მისცა ქართულ XX საუკუნეს, თავისი რომანებით, მოთხრობებით და რაც მთავარია, თავისი ტრაგიკული ბედით. იგი უდიდესი ოსტატი იყო, შესანიშნავი მთხრობელი, მწერალი, რომელიც თითოეულ სიტყვაზე მუშაობდა და წლების მანძილზე აგროვებდა მასალას რომანებისთვის. ამაში ქართველი მკითხველი რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როდესაც მისი 500 გვერდიანი “უბის წიგნაკები” გამოიცა.
    “მე მხიბლავს მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერები იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის მწერალი, რომელიც არ კეკლუცობს ფორმით, რომელიც თავს არ გახვევს თხრობის მანერას, ის უბრალოდ გიყვება ამბავს და ამბავში გითრევს. მთელი მისი წერის მანერა საოცარი რიტმით ხასიათდება და აქ ყველაფერი საპირისპირო ემოციებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუკი ერთი წინადადება კომიზმითაა სავსე, შემდეგ წინანდადებაში ყველაფერი ტრაგიზმითაა გაჯერებული”.
    მისი ყოველი ახალი ნაწარმოები სრულიად განსხვავდებოდა ხოლმე წინამორბედისგან, თითოეული რომანით იგი თითქოს რაღაც მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებდა ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ახალს იწყებდა: “ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნება ალბათ არც ერთ მწერალს არ ჰქონია. მას შეეძლო ჯერ დაეწერა, ვთქვათ, “თეთრი საყელო”, უშველებელი ფილოსოფიური ტილო და უცებ შეექმნა “გივი შადური”, დაეწერა “ჯაყოს ხიზნები”, ამხელა ტკივილით გაჯერებული ნაწარმოები და “კვაჭი კვაჭანტირაძე, ასე ვთქვათ, ავანტიურისტული რომანი”.
    ეს “ავანტურისტული რომანი” ბოლო რამდენიმე წელია ჩემი საყვარელი ქართული რომანია. იყო დრო, როცა “ჯაყოზე” მეტს ვფიქრობდი ხოლმე, ახლა კი, როგორც ვატყობ, “კვაჭი კვაჭანტირაძის” პერიოდი მაქვს, ამიტომ ორი სიტყვით ამ რომანსაც გავიხსენებ.
    კვაჭი კვაჭანტირაძე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი პერსონაჟია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ავტორმა მას ასეთი ფორმულა გამოუძებნა – “არც მარჯვნივ, არც მარცხნივ… არც აქეთ, არც იქით… შენც მინდიხარ, ისიც მიყვარს…” შესაბამისად, კვაჭის ფეხი ხან მარცხენა ბანაკში ედგა, ხან მარჯვენაში, ხან “ჭკუიანთან ჭკუიანი იყო, დინჯთან – დინჯი… მხიარულთან – მხიარული, ძლიერთან – მორჩილი, პირმოთნე, ქლესა, თავაზიანი და მოღიმარე“, ხან კი სუსტთან კადნიერდებოდა და თავხედდებოდა, მუხას ლერწმად უხვდებოდა და ლერწამს მუხად, რკინასთან – ბამბა იყო და ბამბასთან – რკინა. ზოგჯერ სუსხს აისახავდა ხოლმე კვაჭიკო სახეზე, ხან კი “გულმოსალოკი ღიმილით” მოინადირებდა მსხვერპლს, დატკბებოდა შაქარსავით. მოკლედ რამდენიმე ასეული გვერდის მანძილზე კვაჭის ყველაფერი მოასწრებინა ავტორმა, რა არ აგემა, როგორი საქმეები არ გააჩარხინა და რა ქარ-ცეცხლში არ გამოატარა. წინანდელი კვაჭი ყოველ 50 გვერდში ერთხელ კვდება ხოლმე და მისგან ახალი კვაჭი იშვება, უცნობი და ახალი, თამამი და უდრეკი, გულადი და შეუპოვარი… ასეა მთელი რომანის განმავლობაში, სანამ კვაჭი სტამბულში არ წავა და ლიზა ხანუმის საროსკიპოში არ მოიკიდებს ფეხს. კვაჭი იქ ნახავს ბოლო ნავსაყუდელს, მეძავებთან, მოირებივით რომ ესევიან გარს და მისი ჭრელი გულიც კვნესას იწყებს ამ ორმოში. თუმცა კვაჭი ბოლო სიტყვასაც გვიტოვებს. ეს სიტყვა ჩვენს პატარა სამშობლოს შეეხება და იგი ქვეყნის ერთიანობის იდეას სევდითა და მწარე ირონიით ასველებს.
    “რა არის დიდი საქართველო? ბათომში რომ თავი მისდო დასაძინებლად, ფეხები ქიზიყს უნდა მიაბჯინო; სოხუმში რომ ცხვირი დააცემინო, სიღნაღიდან იძახიან: “ხეირიო”, ქუთაისში ლაითაძესთან ან ერემოსთან დანიელა ურიამ რომ “მრავალჟამიერ” დაიწყოს, ყაზბეგიდან ბანს ეტყვიან, ხოლო თელავიდან დედას ლევანა “მადლობელს” შემოსძახებს… მყრალი ხელსახოცი რომ იპოვნო, მთელი საქართველო მორბის ყვირილით, ჩემია! წილი დამდეო”
    მიხეილ ჯავახიშვილმა ამაზე გაცილებით უფრო მწარე რაღაცეებიც თქვა ჩვენს ქვეყანაზე, იგი ბზარავდა და რაც მთავარია, დღემდე ბზარავს მოდუნებული ქართველების გულებს. სწორედ ამიტომ, მისი ნაწერები არასდროს იქცევა ტკბილ წარსულად და იგი ყოველი წაკითხვისას ახლებურ ზეგავლენას მოახდენს.
    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მთელი შუამდინარეთი ორ წიგნად

    პოეზიის, განსაკუთრებულად კი უძველესი პოეზიის მოყვარულებმა სულ ახლახანს კარგი საჩუქარი მიიღეს. გამომცემლობა “მემკვიდრეობამ” ორ წიგნად, სრულად გამოსცა ზურაბ კიკნაძის მიერ შუმერული და აქადური ენებიდან გადმოქართულებული “გილგამეშიანი” და “ძველი შუამდინარული პოეზია”.

    დაახლოებით 8-ე კლასიდან მოყოლებული, ძალიან ვიყავი დაინტერესებული ძველი აღმოსავლეთის ისტორიით. გაბმით ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც კი ოდნავი კავშირი მაინც ჰქონდა ამ მხარესთან და მსოფლიო ისტორიის ამ პერიოდთან. ვკითხულობდი გიორგი მელიქიშვილის, გრიგოლ გიორგაძის, ნანა ხაზარაძის, იგორ დიაკონოვის და სხვათა ნაშრომებს. მალე ზურაბ კიკნაძის “შუამდინარული მითოლოგიაც” აღმოვაჩინე, მანამდე კი, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ჯერ 60-იანებში გამოცემული “გილგამეში”, შემდეგ კი ზურაბ კიკნაძისვე თარგმნილი “თამუზის სიზმარი”, ძველი შუამდინარული პოეზიის მცირე ანთოლოგია. დღეს ეს ორი მომცრო წიგნი შეიძლება ვერც კი იცნოთ, ისეა შევსებული და დამშვენებული ახალი ტექსტებითა და ახალი წინასიტყვაობებით, კომენტარებითა და საძიებლებით, სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ “გილგამეშიანი” და “ძველი შუამდინარული პოეზია”, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა, ძველი წიგნების გამეორება კი არა, ახალი, XXI საუკუნიდან დანახული ძველი სამყაროს პოეზიაა, სამყაროსი, რომლის სიყვარულსა და ცოდნასაც ზურაბ კიკნაძე ძალიან დიდი ხანია დაატარებს და სხვებსაც უზიარებს:
    “ჩემი ინტერესი ამ ეპოსისადმი ცოტა შორიდან დაიწყო. ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ ქართულად იყო ნათარგმნი “გილგამეშის ეპოსი”, მიხაკო წერეთლის მიერ და ეს წიგნი კონსტანტინოპოლში გამოიცა, 20-იან წლებში, უფრო ადრეც, მან ასირიოლოგიის კათდრა დაარსა საქართველოში. შემდეგ მოუხდა წასვლა ქვეყნიდან და გზად, კონსტანტინოპოლში, კათოლიკეთა სავანეში გამოსცა ეს წიგნი, რომელიც იშვიათობა იყო. ერთი ეკზემპლარი ინახებოდა და ახლაც ინახება თბილისში. შემდეგ ვნახე ფოტოტიპიური გამოცემაც.“
    მხოლოდ იმ ერთი წიგნის ერთ ეკზემპლართან ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ზურაბ კიკნაძემ სულ მალე გადაწყვიტა უშუალოდ გაცნობოდა ამ სამყაროს:
    “და შემდეგ, როდესაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი, რატომღაც გაიხსნა ასპირანტურა შუმერულ ენაში და ლიტერატურაში. საკვირველი ის იყო, რომ არავინ არ იყო სპეციალისტი. ერთი წელი აქ ვიყავი, აქადურს გავდიოდი და შემდეგ მომიხდა ლენინგრადში წასვლა და იქ გავიცანი დიანოკოვი, რომელმაც სწორედ იმ ხანებში თარგმნა რუსულად “გილგამეშის ეპოსი” დაწაიკითხა კიდეც მწერალთა სახლში”.
    “გილგამეშიანით” მსოფლიო ლიტერატურა იწყება, იწყება ეპიკური აზროვნებისა და ლიტერატურული მოტივების ისტორია, აქ გაჩნდა პირველად სიყვარულის, ძიების, დანაკლისის, გლოვის, მეგობრობის იდეები. სწორედ ამ საერთო-ეპიკური “ინტერესების” გამო იყო, რომ ხშირად გილგამეშიდან იწყებდნენ “ვეფხისტყაოსანსაც”:
    “ინტერესი ეპოსისადმი მე მქონდა ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და სწორედ ამ ინტერესით შევუდექი “გილგამეშიანის” შესწავლას. რაღაც პარალელები ყოველთვის იყო, ამაზე ლაპარაკობდნენ ჯერ მიხაკო წერეთელი, შემდეგ ტიტე მარგველაშვილი, გივი მარგველაშვილის მამა, მასაც ჰქონდა სტატია ინგლისურ ენაზე დაწერილი “გეორგიკაში”. შემდეგ აღარავის გაუგრძელებია ამ მიმართულებით კვლევა… ტიპოლოგიური მსგავსება არის რა თქმა უნდა, მოტივებში არის თანხვედრები, მაგრამ ისე ლაპარაკი, რომ თითქოს შიდა დინებით რაღაც გავლენა ჰქონოდა ამ ეპოსს ქართულ სინამდვილეში, არ დასტურდება, ისევე, როგორც, შუმერულისა და ქართულის ნათესაობა”.
    შუმერული და ქართული ენის ნათესაობის ისტორია ბოლო დროს სულ უფრო სევდიან და კარიკატურულ სახეს იღებს, ამიტომ ამ თემაზე აქ აღარ შევჩერდები, სჯობს ისევ შუმერულისა და აქადურის ურთერთობებზე ვისაუბროთ:
    “ეს არის შუმერული წარმოშობის, როგორც გმირი, ასევე იდეა – რომ ადამიანი არის მარადიული ცხოვრების მაძიებელი და ა.შ. მაგრამ იქ, შუმერულ ტექსტებში ეს არის ცალკეული სიმღერები, რომლებიც შემდეგ აქადელებმა გააერთიანეს და ეპოსი შექმნეს მისგან, იმათ კი ეპოსი არ დაერქმეოდათ. საინტერესო ისაა, რომ შუამდინარული კულტურა დაფუძნებულია ორ ენაზე, ორ სრულიად განსხვავებულ ენაზე. ერთი არის შუმერული, აგლუტინაციური ენა, რომლის მონათესავეც დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს და არც მაშინ არსებობდა, ხოლო აქადური სემიტური ენაა, რომლის განშტოებები დღესაც ფართოდაა გავრცელებული – არაბულიც, ებრაულიც, სხვა არამეული ენები”.
    ზურაბ კიკნაძე იმაზეც წერს და საუბრობს ხოლმე, თუ როგორ ურთიერთობდა ეს ორი, სრულიად განსხვავებული ენა და როგორ გავლენას ახდენდნენ ისინი ერთმანეთზე. საქმე ისაა, რომ პირველი თარგმანები სწორედ შუამდინარეთშია დადასტურებული, შუმერულიდან აქადურად თარგმნამ სათავე დაუდო თარგმანის იმ უზარმაზარ ტრადიციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ენას ცვლის ხოლმე, ბიძგს აძლევს ახალ პროცესებს. შუამდინარეთში საკმაოდაა აღმოჩენილი დაფები, სადაც პწკარედული თარგმანებია ამოტვიფრული, პარალელური ტექსტები. სხვათა შორის, პარალელური ტექსტებით დაფარული ასეთი დაფები (უფრო სწორად, სტელები) საქართველოშიც არის აღმოჩენილი, ოღონდ, ცხადია, გაცილებით გვიანდელი ხანის.
    “ლექსიკონები იქმნებოდა, იქმნებოდა კომენტარები ტექსტებზე, ძველი სიტყვების განმარტებები, სინონიმები. ასერომ, ძალიან აღჭურვილი იყო ეს გამოცემები, ბიბლიოტეკებში იყო დაცული. სხვათა შორის, შუმერებში ჯერ კიდევ არ არსებობდა ავტორის ცნება. თუ სახელი გვხვდებოდა, ის სახელი გადამწერისა იყო ან ამ ტექსტის მომპოვებული. აქადურ ენაში კი შემოდის ავტორი”.
    რა თქმა უნდა, ეს ისეთი “ავტორი” ვერაა, როგორებადაც ძველ საბერძნეთში ჰესიოდე, არქილოქე ან ანაკრეონი იქცნენ, იგი უფრო “თავის გულსა და გონებაში გაატარებდა ღვთიურ გამოცხადებაში ნაკარნახევს”, მაგრამ ძველი ბერძენი პოეტებიც ხომ მუზებს მიმართავდნენ? მათზე გაცილებით თანამედროვე ავტორებიც ხომ “მედიუმობენ” ხოლმე? ჰოდა, ამიტომაც, იქნებ ბევრი არც არაფერი გვაშორებს ამ ერთი შეხედვით უშორეს ტექსტებსა და მათ ავტორებს.
    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ოთარ ჭილაძის “ლექსები და პოემები”

    AUDIO
    გამომცემლობა “პეგასმა” ოთარ ჭილაძის ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოსცა. წიგნი ოთარ ჭილაძის ძმამ, მწერალმა თამაზ ჭილაძემ შეადგინა და იგი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა.

    “მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
    ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
    და ამოვწურო ეს სიმარტოვე
    ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”
    ეს ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია, 2007 წელს დაწერილი. ხმა მისმა ძმამ, მწერალმა თამაზ ჭილაძემ ჩაიწერა დიქტოფონზე. ოთარ ჭილაძის მიერ ასეთი რიტმით წაკითხული ლექსი მე არასდროს მომისმენია. ესაა ლექსი-გამოთხოვება, გამოთხოვება მარტოობასთან და ამოუხსნელ ფორიაქებთან, რითაც სავსე იყო პოეტის ცხოვრება. ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან, წლევანდელ გაზაფხულზე კი მისი ლექსებისა და პოემების სრული კრებული ვიხილეთ ერთ წიგნად თავმოყრილი.
    კრებული ოთარ ჭილაძის სრულ პოეტურ მემკვიდრეობას მოიცავს, აქაა მისი პირველი კრებული “ძველი რვეული”, “მატარებლები და მგზავრები”, “თიხის ფირფიტები”, “გახსოვდეს სიცოცხლე”. პოემები – “დევებით სავსე ქუდი”, “რკინის საწოლი”, “სინათლის წელიწადი”. ამ წიგნში თვალის გადავლებითაც ჩანს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი პოეტის მიერ განვლილი გზა, ორი-სამი ლექსის წაკითხვისასაც მოისმის მისი განუმეორებელი ხმა.
    როდესაც ბატონი ოთარი გარდაიცვალა, მახსოვს სხვებთან ერთად, პოეტ შოთა იათაშვილსაც ვთხოვე პატარა წერილი დაეწერა მისი პოეზიის შესახებ. შოთამ, ჩემი აზრით ძალზე ზუსტად დაინახა თავისი უფროსი კოლეგა და დრევანდელ გადაცემაშიც, სწორედ მას ვთხოვე ორიდე სიტყვა ეთქვა მის შესახებ: “ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე პოეტის მიმართებას მკითხველტან, ანუ ვის ელაპარაკება პოეტი. არიან პოეტები, რომლებიც მთელ სამყაროს ელაპარაკებიან, როგორც ვთქვათ, უოლტ უიტმენი, მაგალითად მაიაკოვსკი ხალხის მასას ელაპარაკებოდა, თუმც ძალიან კარგად იცოდა კარგი მკითხველის გემოვნება, იყო ბარათაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ა.შ. ზოგი ღმერთს ელაპარაკება, ზოგი ეშმაკს… ოთარ ჭილაძე იყო პოეტი, რომელმაც უბრალოდ აირჩია მოსაუბრედ ერთი ადამიანი”.
    პოეტი თავადაც მარტო იყო, მისი ხმა მოისმოდა მარტოობიდან და მარტოობისთვის. მხოლოდ იგი იყო პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე და სწორედ ამიტომაც, წლების განმავლობაში ოთარ ჭილაძის ლექსის მთავარ ნიშნად სიზუსტე იქცა. გურამ ასათიანი, ერთ-ერთ წერილში სიბასრითაც ახასიათებდა მის პოეზიას, ზუსტი შეფასებაა, მხოლოდ ერთს დავამატებდი, ლირიურ გამჭრიახობას, მარტოობით შობილ სიცხადეს.
    “რაღაცნაირად ინტიმური გარემო შექმნა, და ეს გარემო იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ხალხს უკვე მობეზრებული ჰქონდა ის პოეზია, როდესაც მასობრივად ელაპარაკებოდნენ ადამიანებს და სადაც ინდივიდი არ იყო გამორჩეული. როდესაც ან პათოსი ბატონობდა, ან არტისტიზმი. ოთარ ჭილაძემ ეს ყველაფერი დაძლია და დაიწყო სულ სხვანაირი საუბარი მკითხველთან”.
    XX საუკუნის 50-60-იანი წლების გასაყარზე ოთარ ჭილაძე ძალზე ზუსტად გამოხატავდა თავის დროებას, იგი ახალი ლექსის, ახალი ხედვის მესაფუძვლედ იქცა: “ოთარ ჭილაძე ლექსებს ძირითადად სამოციან წლებში წერდა და ალბათ ბუნებრივიც იყო, რომ მისი ლექსები სამოციანი წლების ევროპულ ფილმებს, შავ-თეთრ ფილმებს ჰგავდა. აი დაახლოებით ისეთს, ანტონიონის “ღამე” რომ არის, ან “დაბნელება”. ჩუმი, ზანტი, დაძაბული კადრებით. ანდა კამერულ ფრანგულ ფილმებს. ფერადოვნება, სწრაფი რიტმი და მონტაჟური ეფექტები მისთვის უცხოა. მის ლექსებში არც ადამიანები დაჰქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები”.
    გურამ ასათიანი “უცდომელი ხელით აგებულ შენობას” ადარებდა ოთარ ჭილაძის ნაწერებს. მისი პოეზია “ღრმად გააზრებული, ბოლომდე მომწიფებული ჩანაფიქრისა და უტყუარი შთაგონების ნაყოფია”, წერდა იგი. მასთან ვერ ნახავთ შემთხვევითობას, მიუხედავად იმისა, რომ მის ლექსებში ბევრია მოულოდნელობები. ეს მოულოდნელი პეტური სვლები საბოლოო ჯამში ყველაზე ზუსტი გამოსავალია ხოლმე ლექსისთვის და ლირიკული გმირისთვის.
    ოთარ ჭილაძის შესახებ უკვე ათწლეულებია კამათობენ ქართველი ლიტერატურათმცოდნეეები თუ მკითხველები. ნაწილისთვის იგი პოეტი იყო, ზოგი კი მხოლოდ მის პროზაულ ნიჭს აღიარებდა. ჩემი აზრით კი, ოთარ ჭილაძე ბოლომდე პოეტად დარჩა, სიზუსტისა და სიმკვეთრის პოეტად. ასეთი იყო იგი პროზაშიც, ამომწურავი, ძლიერი, თავდაჯერებული.
    შოთა იათაშვილი ოტარ ჭილაძის პროზაზე გადასვლას მისი აზროვნების მასშტაბების ზრდას უკავშირებს: “ხშირად ისმის კითხვა, მაინც ვინ იყო ოთარ ჭილაძე თავისი ბუნებით, პოეტი თუ პროზაიკოსი?! საკმაოდ რთული კითხვაა, მაგრამ პასუხი ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მარტივი: ის ძალიან ბუნებრივად მივიდა პოეზიიდან პროზამდე. მისი საუბარი ერთ მკითხველთან, ის ინტიმური საუბარი, რაღაცნაირად არათვითკმარი გახდა, როდესაც მისი აზროვნების მასშტაბები ნელ-ნელა გაიზარდა და აქედან გამომდინარე მისი საუბრის ფორმაც ამიტომაც შეიცვალა და ლექსი იქცა რომანად”.
    იმის მიუხედავად, რომ 70-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ ჭილაძემ რომანში იპოვა თავი, იგი სიცოცხლის ბოლომდე მაინც აგრძელებდა ლექსების წერას. მისთვის ყოველთვის უცხო იყო სტერეოტიპები, პოეტური კლიშეები, ლიტერატურულობა, ხმამაღალი ფიქრის მისეული მანერა კი არ ტოვებდა ადგილს პოეტური არტისტიზმისთვის.
    ოთარ ჭილაძის ლექსები დღეს ახალი მკითხველი სჭირდება, დაკვირვებული და თავისუფალი მკითხველი.
    © radiotavisupleba.ge