ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია

5 პროპაგანდისტული წიგნი უკრაინის წინააღმდეგ

2017 წლამდე, 2014 წელს ყირიმის ანექსიის მცდელობისა თუ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციის შემდეგაც, რუსი გამომცემლებისთვის უკრაინის წიგნის ბაზარს მნიშვნელობა არ დაუკარგავს.  UPBA-ს მონაცემებით (უკრაინის გამომცემელთა და წიგნის გამყიდველთა ასოციაცია), 2013 წელს მთლიანი ბაზრის სულ მცირე 73-75% რუსეთიდან შემოსული წიგნები შეადგენდა. უკრაინული – უმცირესობას, მიწოდების მხოლოდ მეოთხედს წარმოადგენდა, რამაც ორი ტიპის პრობლემა წარმოქმნა.

უპირველეს ყოვლისა, უკრაინელ გამომცემლებს უჭირდათ კონკურენცია გაეწიათ რუსი გამომცემლებისთვის, რომლებსაც ხშირად უკრაინაში მსოფლიო ბესტსელერების რუსული თარგმანები ჩამოჰქონდათ. შედეგად, ეს წიგნები უკრაინულად აღარ ითარგმნებოდა. გარდა ამისა, რუსული წიგნების ელექტრონული ვერსიებიც მეკობრულ საიტებზე მარტივად იყო ხელმისაწვდომი.

მეორე პრობლემა პროპაგანდაა.

2009 წლიდან რუსეთი აქტიურად აქვეყნებდა წიგნებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შესახებ “ფენტეზის” ჟანრში, ასევე “ისტორიულ” და არამხატვრულ ლიტერატურას “უკრაინის პროექტის ნგრევის” შესახებ, სადაც ხშირად აქილიკებდა “არ არსებული” უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობასა და “ხელოვნურ” უკრაინულ ენას. ამ წიგნებს ინტერნეტში მარტივად იპოვით. გარდა ამისა, საბავშვო წიგნებში დღითი დღე იმატებდა ლექსები “დიდი რუსული არმიის” შესახებ, რომელიც ყველას გასათავისუფლებლად იღვწოდა.

რუსეთიდან წიგნების იმპორტი 2017 წელს მათი აგრესიული შინაარსის საფუძველზე შეიზღუდა. აიკრძალა პუბლიკაციები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივებასა და უკრაინის დამოუკიდებლობის დასუსტებას. ექსპერტიზის ჩატარება და ნებართვების გაცემა უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტს დაევალა.

დღეის მონაცემებით, კომიტეტმა 45 000-ზე მეტი განაცხადი განიხილა: იმპორტის ნებართვა 39 416 წიგნზე გაიცა, 7 502 – აიკრძალა.

აკძრარულ პუბლიკაციების ავტორთა უმეტესობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირთა სიაშია – მაგალითად, ზახარ პრილეპინი, ალექსანდრე დუგინი და ალექსანდრე ტამონიკოვი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თავისი 20 წიგნით, რომელთა გაცხადებული მიზანი უკრაინისა და უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივებაა.

დიაგრამაზე ასახულ გამომცემლობებს ეკრძალებათ უკრაინაში წიგნების შემოტანა. ახლახან, Eksmo-მ, რომელსაც ანტი-უკრაინული პუბლიკაციების სიაში ყოველი მეხუთე წიგნი ეკუთვნის, გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც მსოფლიო საზოგადოებას სთხოვა, უარი ეთქვა რუსული წიგნების ბოიკოტზე, რათა “მსოფლიო ერთად უკეთეს ადგილად ექციათ“.

ამ წერილის საპასუხოდ Chytomo-მ დაამუშავა ანტი-უკრაინული პუბლიკაციების სიაში შეტანილი თითქმის სამასი წიგნი. ქვემოთ წარმოდგენილია ამორჩეული 5 პუბლიკაცია თავისი აბსტრაქტებით:

 

უკრაინა რუსეთია: კაცების კლუბის ბიბლიოთეკის სერიიდან – დიმიტრი გობლინ პუჩკოვი

რუსები და უკრაინელები ყოველთვის ერთად, ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. დასავლური სამყაროსა და მისი მოსყიდული აგენტების მთავარი ამოცანა სლავური ძმობის განადგურებაა. ეს უკრაინაში მუშაობს, მაგრამ რუსეთში – არა. წიგნი უკრაინა არის რუსეთი ნათლად აჩვენებს, თუ ნელ-ნელა როგორ შემოაღწია ჩვენს ქვეყნებში რევოლუციურმა განწყობამ და რა გამოიწვია CIA-ს საქმიანობამ.

 

რუსეთი და მისი “კოლონიები”. როგორ შევიდნენ საქართველო, უკრაინა, ბალტიისპირეთი და სხვა რესპუბლიკები რუსეთის შემადგენლობაში – ი. სტრიჟოვა, ნ. ტერეხოვა

ბოლო წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნები ცდილობენ დაუმტკიცონ საკუთარ მოქალაქეებსა და მსოფლიოს, რომ მეოცე საუკუნეში რუსეთმა ისინი ოკუპაციით შეიერთა და უკვე ათწლეულებია, რაც იბრძვიან როგორც იდენტობის შესანარჩუნებლად, ისე თავისუფლების მოსაპოვებლად. მათ ხელისუფლებებს აღარ ახსოვთ, რომ რუსეთს 1917 წლამდე დიდი ხნით ადრე შეუერთდნენ. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. წიგნი მოიცავს სტატიებსა და დოკუმენტებს იმის შესახებ, თუ როდის და რა ვითარებაში შეუერთდნენ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა ქვეყნები რუსეთს.

 

უკრაინა სისხლში, ბანდერას გენოციდი: უკრაინა – ბრძოლის ველის სერიებიდან  – გეორგი სავიცკი

მხატვრულად გადააზრებული ყველაზე აქტუალური საბრძოლო მოქმედება მეამბოხე დონეცკში. მონაწილეთა თვალით დანახული ომი. ამერიკელთა ბრძანებით კიევის ხუნტა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუს მოსახლეობაზე გენოციდს ახორციელებს. ნოვოროსია სისხლისგან იცლება, მაგრამ არ ნებდება. ნაცისტური სადამსჯელო ძალები, რომლებსაც არ ძალუძთ წინააღმდეგობის გარღვევა, დახმარებას ნატოს სთხოვს. შეერთებული შტატები უკრაინაში იჭრება. ძალები გათანაბრდა, გარე დახმარების გარეშე დონბასი განწირულია. მთელი იმედი რუსეთზეა, რომელსაც ბანდერას გენოციდის შეჩერება შეუძლია.

 

უკრაინის ტრაგედია. საკონცენტრაციო ბანაკი სამოთხის ნაცვლად? – სვეტლანა კოპელ-კოვტუნი, ალექსანდრე ტოკარენკო, დეკანოზი ანდრეი ტკაჩევი

2013 წლის ნოემბერში უკრაინაში ბინდი ჩამოწვა. ევრომაიდანმა შხამიანი ხილი მოისხა, რომლის შესახებაც ბევრმა იცოდა, მაგრამ ცოტას თუ სჯეროდა, ასეთი სცენარი რომ გათამაშდებოდა. ევროპული სამოთხის გულუბრყვილო ოცნებამ რეალობა დაჩრდილა. როგორ იფიქრეს, რომ ძალადობა და რევოლუცია ახალ უკრაინას შექმნიდა? რატომ აღმოჩნდა ბევრი უკრაინელი ასეთი გულუბრყვილო და “მეგობარ” აშშ-სა და ევროკავშირს რატომ დართო ნება მასზე ებატონათ? საიდან გაჩნდა რუსეთის მიმართ სიძულვილი და “რუსი ტერორისტების“ მოკვლის სურვილი? წიგნი უნიკალურია ევრომაიდნის პრობლემის შესახებ სეკულარული და სულიერი შეხედულებების კომბინაციით. ამის წყალობით, მკითხველს შეუძლია არა მხოლოდ მიიღოს ინფორმაცია უკრაინაში პროპაგანდისტების მიერ წამოწყებული პროცესების შესახებ, არამედ გაანალიზოს მათი ზემოქმედების მექანიზმი ადამიანის სულებზე, გააცნობიეროს ტრაგედიის სულიერი და ზნეობრივი მიზეზები და მართლმადიდებლური რწმენით პროპაგანდის მიმართ გახდეს მეტად რეზისტენტული.

 

Kyiv Kaput – ედუარდ ლიმონოვი

ედუარდ ლიმონოვი – პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი და რევოლუციონერი. მისი განცხადებები ძალიან ხშირად წინასწარმეტყველურია. ამ ყდის ქვეშ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დღიურია: ნარინჯისფერი რევოლუცია, ყირიმის რუსეთთან დაბრუნება, დონბასში აჯანყება, ზავი და ბოლოს, 2 ნოემბერს სამხედრო არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში. დღიური მომავალში მთავრდება, რომელსაც ვერავინ გაექცევა.

© არილი

Facebook Comments Box