კულტურა/ლიტ.თეორია

ბერტრან რასელის წერილი ალბერტ აინშტაინს

1955 წლის 5 აპრილს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბერტრან რასელმა, წერილი მისწერა ფიზიკის ლაურეატ ალბერტ აინშტაინს, რათა ბირთვული იარაღის გამოყენებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში დახმარება ეთხოვა. ასე შეიქმნა რასელ-აინშტაინის მანიფესტი, რომელსაც მეცნიერმა ხელი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მოაწერა.

 

5 აპრილი, 1955 წელი.

ძვირფასო აინშტაინ,

განუწყვეტლივ ვფიქრობ და სხვებთან ერთად განვიხილავ, რა გზით შეიძლება სამეცნიერო საზოგადოების უმრავლესობაში არსებულმა ომისადმი უარყოფითმა დამოკიდებულებამ ხელშესახები შედეგი გამოიღოს. ვფიქრობ, თავდაპირველად საჭიროა დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან მაღალი თანამდებობის პირებმა, კომუნისტებმა თუ ანტიკომუნისტებმა მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ გააკეთონ განცხადება. გიგზავნით ამგვარი დეკლარაციის მონახაზს და დიდი იმედი მაქვს, რომ მას ხელს მოაწერთ. ასევე გიგზავნით სხვა ადრესატების ჩამონათვალს. საკმარისი ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი უნდა იყოს, რათა ჩემ მიერ გამოგზავნილი მონახაზის მიხედვით მივიღოთ რეზოლუცია. ვიმედოვნებ, ამ გზით როგორც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება, ისე საზოგადოება გააცნობიერებს სიტუაციის სიმძიმის მასშტაბს.

მთლიანობაში, შევჯერდი, რომ საწყის ეტაპზე სჯობს დავუკავშირდე მხოლოდ სამეცნიერო წრეს და არა დარგების სპეციალისტებს. მაგალითად, არნოლდ ტოინბის, როგორც თქვენ მირჩიეთ. მეცნიერები თავადაც აცნობიერებენ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვინაიდან სწორედ მათმა მოღვაწეობამ დაგვაყენა უნებურად დღევანდელი საფრთხის წინაშე. ამის გარდა, წრის გაფართოება პოლიტიკისგან თავის დაღწევას გაართულებს.

პატივისცემით,

ბერტრან რასელი.

 

რასელის ჩანაწერების მიხედვით, რომიდან პარიზში მიფრინავდა, როცა პილოტმა მგზავრებს აინშტაინის გარდაცვალების შესახებ აცნობა. “სასოწარკვეთას მივეცი, არა მხოლოდ ცხადი მიზეზის, არამედ, მისი მხარდაჭერის გარეშე, ჩემი გეგმის განხორციელების ყოველგვარი შანსის დაკარგვის გამო.”

თუმცა 11 აპრილს პარიზში ჩასულს სასტუმროში წერილი დახვდა, რომელშიც აინშტაინი იუწყებოდა: “სიამოვნებით მოვაწერ ხელს თქვენს შესანიშნავ განცხადებას”. “ეს იყო მისი საჯარო ცხოვრების ერთ-ერთი ბოლო აქტი, ” – დასძინა რასელმა.

© არილი

Facebook Comments Box