75 წლის ფსიქოლოგი და მწერალი ფრიდო მანი, დიდი თომას მანის შვილიშვილი, საკუთარ ცხოვრებაზე

mann 99993333

გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკა რაისნერმა

შპიგელი – ბატონო მან, თქვენ ხართ მიხაელ მანის შვილი და თომას მანის საყვარელი შვილიშვილი. ბაბუათქვენი ხოტბას ასხამდა თქვენი თვალების „ცის სილურჯეს“. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იმ საყოველთაოდ გავრცელებული თეზისის საპირისპირო მტკიცებულებას წარმოადგენთ, რომლის მიხედვითაც თომას მანი გამანადგურებელ სიცივეს იჩენდა საკუთარი შთამომავლების მიმართ?

ფრიდო მანი -  ჩემი ოჯახის შესახებ დაწერილ ბიოგრაფიათა უმეტესობაში, მაგალითად მარიანე კრიულთან ან კლაუს ჰარპრეხტთან, ბაბუას ვერასდროს ვცნობდი. სულ ვფიქრობდი, ნუთუ ეს ის კაცია? ეს ბოროტი კაცი? ჩემი გამოცდილება სრულიად საპირისპიროს მიმტკიცებს. ბაბუა ძალიან ყურადღებიანი მახსოვს, მისმა დღიურებმა საბოლოოდ დამარწმუნა ამაში.

- თომას მანი აღფრთოვანებული იყო თქვენით – „გულწრფელად აღმაფრთოვანებს მისი მომხიბვლელობა“ – წერდა 1941 წელს. 1955 წლის 29 ივლისით დათარიღებულ ბოლო ჩანაწერშიც თქვენ გახსენებთ. ეს მაშინ, როცა თქვენი ოჯახის ახალი ბიოგრაფია ყველაფერს მეტისმეტად მძიმე ფერებში აღწერს.

- ამ ახალი ბიოგრაფიის ავტორს, ტილმან ლამეს არ შემიძლია არ დავუფასო ის ფაქტი, რომ იგი ზუსტად აღწერს, როგორ ზრუნავდა ბაბუაჩემი ექვსივე შვილზე. რაც შეეხება შვილებს, თავიდანვე საშინელი, მართლაც რომ გადარეული ბავშვები ყოფილან, სწორედ ისე, როგორც წიგნში ვკითხულობთ.

- ანუ ბავშვები იყვნენ ცუდები?

- დიახ. ჩემთვის ბაბუა ის პიროვნებაა, რომელიც მუდამ გვერდით მყავდა. წლინახევრისა ვიყავი, მშობლებმა ორი თვით ბებია-ბაბუასთან რომ დამტოვეს. დედაჩემი ვერც მაშინ მიტანდა, ჩემს ძმაზე რომ იყო ორსულად. ისე, რომ ბებია-ბაბუასთან კარგა ხანს ვცხოვრობდი. ჩემი ძმა პირველად რომ ვნახე, უკვე რვა კვირის იყო. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ბაბუა თავისი შინაგანი სიშვიდით სრულიად განსხვავდებოდა ნერვული მამაჩემისგან.

- ოჯახის ყველა ბიოგრაფი ერთხმად აღწერს: ექვსი შვილიდან ხუთი უბედური იყო, გამონაკლისს უმცროსი ქალიშვილი, ელიზაბეთი წარმოადგენდაო. შვილების უბედურებას რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა.

- შეიძლება ბებიამ და ბაბუამ თავიანთ შვილებს მეტისმეტი თავისუფლება მიანიჭეს, ფინანსური თვალსაზრისითაც კი. ბებია კატია ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. უკვე არც ისე ახალგაზრდა მამაჩემს ყველანაირ, მათ შორის ფულთან დაკავშირებულ სრულიად აბსურდულ და ზღვარგადასულ მოთხოვნებსაც კი უსრულებდა.

- ბაბუათქვენის, როგორც გულცივი მეოჯახის იმიჯი ასე უბრალოდ ხომ ვერ ჩამოყალიბდებოდა. არსებობს მტკიცებულებები, სადაც ის ძალიან კრიტიკულად საუბრობს საკუთარ შვილებზე.

- ბოლო ხანებში ბევრი ისეთი წერილიც აღმოაჩინეს, ამის საპირისპიროს რომ ამტკიცებს, მაგალითად, როგორ აქებს ბაბუა მამაჩემს – კარგი მუსიკოსი დადგაო, არსებობს არაერთი თბილი და გამამხნევებელი წერილი კლაუსისა და გოლოს მისამართითაც.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაიმკვიდრა განსაკუთრებულად დიდი ადგილი შეფასებამ: თომას მანი, როგორც ხელოვანი, საყოველთაოდ აღიარეს, ხოლო როგორც მამა, დამარცხდაო?

- მე მგონი, ეს უბრალოდ ადამიანების საყვარელი კლიშეა. ყოველთვის ცდილობენ დიდი პიროვნებების კვარცხლბეკიდან ჩამოგდებას. ჰარპრეხტი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში იმასაც ამტკიცებდა, რომ, თურმე,ბაბუაჩემს მდიდარი კატია ანგარების მიზნით შეურთავს ცოლად.

- სხვადასხვა წყაროთი მტკიცდება, რომ თქვენს ბებიასა და ბაბუას ერთმანეთი მართლაც ჰყვარებიათ, მაგრამ ისიც ცნობილი ფაქტია – ბაბუათქვენს სინამდვილეში ქალები კი არა, კაცები იზიდავდა.

- რა თქმა უნდა, მას ეს მიდრეკილება ჰქონდა. ოფიციანტი თუ მოეწონებოდა, ხელში ხუთ ფრანკს უტენიდა და ა.შ. ამ დროს თავს უხერხულად გრძნობდა, ძალიან საყვარელი იყო. მან ეს მიდრეკილება ლიტერატურულად გადაამუშავა, არასოდეს მიუცია საკუთარი თავისთვის ავანტიურაზე წასვლის უფლება. თანაც კატია იმდენად უყვარდა, არა მგონია, კაცებთან საქმე დაეჭირა, სხვაგვარად ექვსი შვილი როგორ ეყოლებოდათ.

- ბაბუათქვენს ჰყავდა ცოლი, რომლის გარეშეც ცხოვრება არ უნდოდა, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავდა და ამ დროს კაცებს აღმერთებდა – ბაბუათქვენმა თავის ნაწარმოებებში, დღიურებსა თუ წერილებში დაგვანახა, თუ როგორ ამბივალენტურ მდგომარეობაში შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი. სწორედ ამაში ხომ არ მდგომარეობს თქვენი ოჯახით საყოველთაო აღფრთოვანების საიდუმლოება, იქნებ ადამიანები საკუთარ თავს ამოიცნობენ ხოლმე მათსავე ცხოვრებისეულ ჭიდილში?

- დიახ, ეს არის საკუთარი ისტორიების პროექცია.

- თქვენ ფსიქოლოგიის პროფესორად მუშაობდით. ეს პროფესია იმიტომ ხომ არ აირჩიეთ, რომ საკუთარი ოჯახის ისტორია გადაგემუშავებინათ?

- არა, სიღრმისეული ფსიქოლოგია არასოდეს მაინტერესებდა. მიუნსტერში ვსწავლობდი, იქ კი სამოცდაათიან წლებში სპეკულატურ ფსიქოლოგიას ბოლო მოუღეს. განავითარეს ისეთი მეტრული მეთოდები, რომელთა სტატისტიკურად გაანალიზებაც შესაძლებელია. დღეს უკვე სხვა ტენდენციებია, თუმცა მაშინ გვეამაყებოდა ის ფაქტი, რომ საბუნებისმეტყველო ორიენტაციის ფსიქოლოგიას მივდევდით. მე ფსიქოლოგებზე მეტად ექიმებს ვაფასებ, ექიმებს სრულიად გასხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ჩემი პირველი პრაქტიკა ფსიქიატრიაში გავიარე, გაოცებული დავრჩი პაციენტთა მდგომარეობის სიღრმეებით.

- ბევრი რამ ალბათ თქვენი ოჯახიდანაც გეცნობოდათ.

- დიახ, ჩემს ოჯახში ბევრი რამ იყო ფსიქიატრიული, პრობლემატური, მაგრამ პროფესია ამ მიზეზით არ ამირჩევია. ეს ძალიან იოლი ახსნა იქნებოდა.

- მამათქვენს ძალადობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მან თავისი ძაღლი მოკლა, საკუთარ ცოლს, დედათქვენს სცემდა. შეგიძლიათ დიაგნოზი დასვათ?

- დიახ, ნამდვილად საშინელება იყო. ჩემი აზრით, მამა და მისი და-ძმა ძალიან ნერვული ადამიანები იყვნენ. ეს უკვე საკმარისია. აქ არ ყოფილა რამე ენდოგენური, ანუ ფიზიოლოგიური საფუძვლი არ არსებობდა, მაგალითად ფსიქოზი. შეიძლება ციკლოთიმიის ნიშნები ჰქონდათ, ეს არის ცვალებადობა ეიფორიულსა და მძიმე დეპრესიულ მდგომარეობას შორის.

- თქვენი ოჯახის წევრები თქვენზე ეჭვიანობდნენ, მათ შორის მამათქვენიც, რადგან თომას მანის სიყვარული თავიდანვე გარანტირებული გქონდათ. როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე?

- ვიტყოდი, რომ ეს კარგი არ არის. მათი მიმოწერიდანაც კარგად ჩანს, თავს როგორ მესხმიან, ერთმანეთის მიყოლებით. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მეტად ვცდილობდი საკუთარი ადგილი მეპოვა. ახლა ეს აღარ მაწუხებს. საშინელება იყო ოთხმოციან წლებში კრიტიკოსები რომ მიპირისპირდებოდნენ, მაშინვე, როგორც კი წიგნების წერა დავიწყე – მისი შვილიშვილიაო. ამ დროს ყველაფერი ხელახლა განვიცადე, მაგრამ ესეც დავძლიე.

- ბავშვობაში თუ ამჩნევდით, რომ ეჭვიანი ადამიანების გარემოცვაში იყავით?

- ალბათ ვამჩნევდი. ბავშვები ხომ დიდებზე ბევრად მგრძნობიარენი არიან. მე თვითონ მიმუშავია კლინიკაში მძიმე ავადმყოფ ბავშვებთან, სიცრუისგან დამცავი მექანიზმები მათში ჯერ კიდევ სუსტია, განსხვავებით ზრდასრული ადამიანებისგან. ბავშვები ყურადღებიანი და მგრძნობიარე არსებები არიან.

- „დოქტორ ფაუსტუსში“, რომანში, რომელიც ბაბუათქვენმა 1947 წელს დაასრულა, არის ბავშვი, რომელიც თქვენ გგავთ: ნეპომუკ შნაიდევაინი – ეხოს ეძახიან და მთავარი გმირის, ადრიან ლევერკიუნის ძმისშვილია, მისი „ბოლო სიყვარულია“. ბაბუათქვენის ასეთი აღფრთოვანება არასასიამოვნო გრძნობას ხომ არ ბადებს თქვენში დღეს, როცა უკვე ყველამ იცის მისი სიყვარულის შესახებ პატარა ბიჭებისა და ახალგაზრდა კაცებისადმი?

- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ მხრივ არაფერი განმიცდია, სრულიად არაფერი, არასოდეს.

- ბაბუათქვენის ნაწარმოებებში სიყვარული და სიკვდილი განუყრელია. ასეა მის ადრეულ მოთხრობაში „ტრისტანი“, შემდეგ „სიკვდილი ვენეციაში“ და მის გვიანდელ შემოქმედებაშიც – „ფაუსტუსში“. ამიტომ მოკლა ბაბუათქვენმა ბავშვი ეხოც. ამ ფაქტს თომას მანის უგულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებენ: თავისი ნაწარმოებისთვის საყვარელი შვილიშვილიც კი ბოროტად გამოიყენაო. თვლით, რომ ბოროტად გამოგიყენეს?

– უფრო ახალგაზრდა რომ ვიყავი, ამ სიკვდილის სცენამ დამაბნია. დიდხანს მეგონა, რომ ბაბუამ სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ჩემგან თავი შორს დაიჭირა. ვფიქრობდი, რომ ამ სცენასა და ჩემ მიერ ნაფიქრ განვითარებას შორის გარკვეული კავშირი არსებობდა, მაგრამ მისმა დღიურებმა დამანახვა, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ბაბუას ბოლომდე ვუყვარდი. გარდა ამისა, ამასობაში მეც ვწერ წიგნებს, ვიცი, ავტორი ნაცნობ ფიგურებს თავის ნაწარმოებებში იყენებს და მათ ისე ექცევა, როგორც უნდა.

– „ფაუსტუსში“ თომას მანი ახალი მუსიკისა და თეოლოგიის თემას აანალიზებს. თქვენ არა მარტო ფსიქოლოგი, არამედ თეოლოგი და მუსიკოსიც ბრძანდებით – „ფაუსტუსის“ თემები თითქოს თქვენ თავადაც უნდა შეგეგრძნოთ.

–არ უნდა შემეგრძნო, მაგრამ მინდოდა. ამასთან „ფაუსტუსში“ პირველ რიგში თეოლოგიის თემა მაინტერესებდა. ეს არის დამარცხებისა და დაღმასვლის წიგნი, ომში დაწერილი, მაგრამ ის მაინც იმედის ნაპერწკლით მთავრდება. იმ დროს ბაბუა უნიტარული ეკლესიის მიმდევარი იყო, ოთხივე შვილიშვილი იქ მოანათვლინა. უნიტარული ეკლესიის მიმდევრები პირველ რიგში ტოლერანტულები არიან, ისინი მთავარს იღებენ სხვა რელიგიური გაერთიანებებიდან, რაც მშვენივრად ეწყობოდა მის ჰუმანისტურ განწყობას. ამავდროულად ეს ეკლესია მის დასაყრდენს წარმოადგენდა იმ ბნელ დროში, ბაბუაჩემი ხომ სასოწარკვეთილი იყო – ფაშიზმი, მეორე მსოფლიო ომი და ომის მერე განვითარებული მოვლენები დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაყოფასთან დაკავშირებით.

– თქვენი ოჯახი 1933 წელს ნაცისტებს გერმანიიდან გაექცა. მას შემდეგ ბაბუათქვენი სულ ემიგრაციაში ცხოვრობდა: საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მერე ისევ შვეიცარიაში. თქვენ თვითონაც ემიგრაციაში დაიბადეთ. როგორ იმოქმედა ამ გაქცევამ თქვენს ოჯახზე?

– ბაბუა ძალიან განიცდიდა სამშობლოს დაკარგვას, ისევე, როგორც სხვა მწერლები: მისი ძმა ჰაინრიხი, ან შტეფან ცვაიგი. კლაუსიც, ბიძაჩემიც, საბოლოოდ ამის გამო დაიღუპა. მამაჩემმა ცხოვრება სხვა მიზეზით გაინადგურა, ამას ემიგრაციასთან მაინცადამაინც დიდი კავშირი არ ჰქონია. როდესაც ფესვები აღარ გაქვს, უფრო ადვილად სწყდები რეალობას.

– ბაბუათქვენი თავისი წიგნებით კარგ ფულს შოულობდა, შეერთებულ შტატებში მეცენატი ქალიც კი ჰყავდა, რომელიც კალიფორნიაში ვილის მშენებლობაში დაეხმარა. ბევრ სხვა ემიგრანტ ხელოვანს შურდა მისი. ეს მხოლოდ გამართლება იყო თუ უნარი იმისა, რომ ბაბუას ყოველთვის შეენარჩუნებინა სიმშვიდე და, როგორც თავად ამბობდა, საკუთარ თავზე კონტროლი არასდროს დაეკარგა?

– ბაბუა ბედის ნებიერა იყო, ეს რჩეულთა ხვედრია. მაგრამ ბაბუა მართლაც იბრძოდა იმისათვის, რომ ემიგრაციაში ყოფნისათვის აზრი მიეცა, ცდილობდა კოსმოპოლიტიზმი ჩამოეყალიბებინა. ჩვენ ხომ დღესაც იმავე კითხვებს ვსვამთ. რა ხდება ლტოლვილებთან დაკავშირებით? არის თუ არა ემიგრაცია ერთგვარი შანსი მათთვის? მათ ხომ ყველანაირი წინააღმდეგობის გადასალახად სერიოზული ძალისხმევის გაღება უწევთ? მოდიან აქ, მოითხოვენ და რაღაც მართლაც გამოსდით. მე მჯერა, რომ აქ მხოლოდ გატეხილი, განადგურებული ხალხი არ ჩამოდის. მათ ამ გაჭირვებამ გარკვეული ძალაც შესძინა.

– თქვენ სხვადასხვა წიგნებში განიხილეთ ემიგრაციის თემა, ასახეთ ორივე შესაძლებლობა: ემიგრაციაში დამარცხებაც და ემიგრაციის გავლენით გაზრდაც. როგორ შეიძლება გაქცევას ბედნიერი დასასრული ჰქონდეს?

– ახალგაზრდებისთვის უფრო ადვილია გარემოებებთან შეგუება, ასე იყო ჩემს ოჯახშიც. ელიზაბეთი, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის უმცროსი ქალიშვილი, თავის და-ძმაზე უკეთ შეეგუა ყველაფერს. ამავდროულად ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ საზოგადოებაზე, რომელიც გიღებს. საოცარია, როგორ განვითარდა გერმანია. ჩემი ოჯახი ხომ ნაცისტური პერიოდის გამო ყოველთვის აკრიტიკებდა გერმანიას, მაგრამ ჩემმა მამიდაშვილმა ნიკამ, ელიზაბეთის შვილმა, რომელიც ჩემსავით აშშ-ში დაიბადა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით არასოდეს ყოფილა გერმანიაში, ერთხელ მითხრა: Boy, they learned, მართლაც გასაოცარია, როგორ განვითარდნენ გერმანელები.

– შემთხვევითობაა, რომ ახლა მიუნხენში ცხოვრობთ, ქალაქში, საიდანაც თქვენი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა?

– არა მგონია, რომ ეს შემთხვევითობა იყოს. ვგრძნობ, ჩემი ადგილი აქ არის.

– ზემოთ ახსენეთ, რომ მამათქვენის განადგურების მიზეზი სხვა რამე იყო, ემიგრაცია არ ყოფილაო. მაინც რა მიზეზი იყო? საკუთარი მამის მხრიდან სიყვარულის ნაკლებობა ხომ არა?

– არა, არა, სიყვარული ნამდვილად არ აკლდა, მას თავად მამაჩემი ამცირებდა მხოლოდ. ასე თუნდაც იმ მიზეზით იქცეოდა, რომ ჩემთვის არგუმენტირებულად ეთქვა: „მამაჩემი ხომ ასე საშინლად მეპყრობოდა, ახლა მეც შემიძლია ასე საშინლად მოგეპყროო.“ სხვათა შორის ის ბებიაჩემის საყვარელი შვილი იყო. ესეც გასათვალისწინებელია. არა, საყვედურების საბაბი არ ჰქონია, ის უბრალოდ წინააღმდეგობრივი ხასიათისგან იტანჯებოდა, დეზორიენტირებული იყო და დაძაბული.

– ეს ყველაფერი საიდან ჰქონდა?

– ამის ახსნა შეუძლებელია, ამას ვერც ფსიქოლოგია ხსნის. ეტყობა გენეტიკურია. ბაბუაჩემი ამაში თავიდანვე დაეჭვდა, მამაჩემის დაბადებიდან მალევე, მაგრამ ბაბუას მასზე ხელი არასდროს აუღია. მე კი, მე ალბათ ბევრად უფრო ადრე უნდა მექცია ზურგი ჩემი მშობლებისათვის.

– თქვენ ცხრა წლის განმავლობაში არ გქონიათ კონტაქტი მამასთან, მაგრამ მერე თავადვე აღადგინეთ ურთიერთობა.

– ეს სამოცდაათიან წლებში იყო. კალიფორნიაში სემინარს ვესწრებოდი, ფსიქოლოგიურ მეთოდებს გვასწავლიდნენ: აქტიური მოსმენა, მე-მესიჯების გაგზავნა. მერე მამაჩემი მოვინახულე და ამ მეთოდების დახმარებით კარგად თუ ავად ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა შევძელით.

– 1977-ში ახალი წლის დღეს მამათქვენი გარდაცვლილი იპოვეს. არავინ იცის ტაბლეტებისა და ალკოჰოლის გადამეტებულმა დოზას ემსხვერპლა თუ თვითონ მოიკლა თავი.

– მის სიკვდილამდე ნახევარი წლით ადრე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაკითხავდი მშობლებს. არ მეგონა, მამა ასე მალე თუ მოკვდებოდა, თუმცა ვამჩნევდი, რომ დაღლილი და რაღაცნაირად გატეხილი იყო.

– რაც არ უნდა განსხვავებულები იყოთ თქვენ და მამათქვენი, საერთო ინტერესები მაინც გაქვთ. ახლახან თქვენი ესეების წიგნი გამოვიდა, სადაც მამასაც ახსენებთ: „ეძღვნება მუსიკას“. რაში ჩანს, რომ თქვენ ტიპური მანი ხართ?

– აზრის ძიება, ღირებულებებზე ორიენტირება – ჩემ შემთხვევაში ეს თეოლოგიით, ფსიქოლოგიით, მედიცინითა და მუსიკით ხდება. ამასობაში ჩემს მეუღლესთან ერთად გამოვეცი წიგნი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ფილოსოფიის შესახებ. გვაინტერესებს, თუ შეიძლება და როგორ შეიძლება გაიაზრო ღმერთი კვანტური ფიზიკის საფუძველზე.

– გერმანისტმა ჰაინრიხ დეტერინგმა ცოტა ხნის წინ გამოსცა ამონარიდები თქვენი წიგნიდან. ერთი რამ თვალში საცემია: თქვენი ოჯახი ხშირად არის ნახსენები.

– ჩემს პირველ წიგნშიც ასეა და დანარჩენებშიც, ამასობაში ჩემთვის ოჯახი მხოლოდ ამოსავალი წერტილია. მაგალითად, ნაწარმოებში „ჩემი ნიდენი“ მართალია ჩვენს სახლზე ვწერ კურშის ცელაში, მაგრამ ეს წიგნი ლიტვაზეა.

– გაქვთ თუ არა კონტაქტი ბებიათქვენისა და ბაბუათქვენის სხვა შვილიშვილებთან?

– კარგი ურთიერთობა მაქვს ელიზაბეთის უმცროს შვილთან, ნიკა ბორგეზესთან. სხვებზე იმავეს ვერ ვიტყვი. ნიკას და სადღაც მექსიკაში ცხოვრობს, არც ვიცი, იქ რას აკეთებს. ჩემი ძმა შვეიცარიაშია, მასაც ძალიან იშვიათად ვხედავ. ჩემი მშობლების მიერ ინდოეთიდან ნაშვილებ დაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

– იმიტომ ხომ არ იშვილეს, რომ გამოეცადათ, როგორია ისეთი ბავშვის ყოლა, რომელსაც მანების გენები არ აქვს?

– შეიძლება. მაგრამ არც ეს გენები გამოდგა ჩვენსაზე ბევრად უკეთესი.

– რატომ გაწყდა მასთან კავშირი?

– მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კონფლიქტების, უცნაური ამბების, ულამაზო ისტორიების გამო.

– თქვენ ერთი ვაჟი და სამი შვილიშვილი გყავთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?

– ვეცადე, რომ უფრო სხვანაირი ვყოფილიყავი ამ მხრივ, ვიდრე მამაჩემი იყო.

– ბატონო მან, დიდი მადლობა საუბრისთვის.

ჟურნალი „შპიგელი“, 42/2015

© არილი