პოეზია

ლელა კურტანიძე – ლექსები

    

*   *   *

რამდენად ხარ მზად

ახალი მიჯაჭვულობისთვის?

როგორ გაარჩევ,

რას ასდის გაზაფხულის სუნი,

ცაცხვის ყვავილებს თუ

ათასჯერ გადათელილ იასამანს?
ვინ იცის,

იქნებ არც თქმულა

არაფერი მსგავსი,

არც კულუარებიდან გამოჟონილ სიმართლეს დაჰკრავდა

რაიმე მნიშვნელობის ფერი,

ეს იყო ამბავი

და დღე და ღამე

უხეში ძაფებით გავკიდეთ

ზეცაზე,
ათასჯერ  გარეცხილი ზეწრებიც

გახუნდნენ და

ახლა მხოლოდ თმა ფრიალებს ქარში,

სარაფნები ჩავანაცვლეთ ჯინსებით

და ერთმანეთის ხელები –

სიგარეტით, ყავით და

კალმით, რომელიც

ბევრ რამეზე დაწერს,
ბევრ რამეზე მომიყვებიან

ფართოდ გამოღებული ფანჯრები

და საიდანღაც მოდენილ  ჰაერს

ხარბად შევხვრეპ,
აღარაფერს შევეხარბები,

ეს იქნება ერთი ხელი შენს მხარზე

მეორე კი – უფსკრულში,

თვალები კი გაჰყვებიან

ირონიით სავსე დინებებს,

სადღა ვარ მე,

ან რატომ მიყვებოდნენ ხიდებზე

თითქოსდა არსებობს ორი ნაპირი,

თითქოსდა არსებობს რამე,

რასაც მოეჭიდები

და როგორ ვიქნები მზად კიდევ ერთი მიჯაჭვულობისთვის?

თუმცა ჩემი ხელი

ყავის, კალმის და სიგარეტის ჩათვლით

შენს ხელსაც დაიტევს.

   *   *    *

სულ გეჩხუბებოდი,

დილით,

საღამოს,

შუაღამისას გეჩხუბებოდი,

არადა ხომ შეგვეძლო ლუდი დაგველია

ქუჩის ყველაზე

ბნელ კუთხეში,

საიდანაც ხედი

ყველაზე კარგად მოჩანს,

შემდეგ კი

ცხოვრებისგან გალეშილი

დავკავებულიყავით ურცხვი სექსით

გაფუჭებული ლამპიონის ქვეშ,

ჩაბეტონებულ კიბესთან,

სადაც არავინ გაშინებს რომ

მოვა და

წაგართმევს

ილუზიების ორიოდ პწკარედს,

არც ხელგაშლილობას დაგაძალებენ,

არც მიამიტად გაგრძნობინებენ

თავს,

არც ჯუნგლების კანონის

დაზეპირებას

შეგეხვეწებიან,

ეს უბრალოდ თამაში იქნება,

უბრალოდ თამაში,

შენ თვალგახელილი,

მე – პირღია,

მოწოდებული საკენკად,

აგორებად,

აღმართზე აზიდვად

და სულის მოთქმად,
მაგრამ ხედები,

ეს ხედები ისევ

იმ ქუჩასთან გვაბრუნებენ,

სადაც შესაძლოა ვყოფილიყავით,

მე შენ გეხები,

მე შენ გეხვევი,

ვაქცევ შენს თითოეულ გამოხედვას სამხილად,

მანამ

სანამ ყველაზე უსინდისო ხალხი

განაჩენს არ გამომიტანს…
ხომ გვიყვარდა კოცონები,

განა ამიტომ არ

ვაკოცეთ ერთმანეთს?

ვინ თქვას, რომ შუა საუკუნეებს გაყვა

კათოლიკური ინკვიზიცია,

რომ ფერფლში და საკმეველში

ჩაიხრჩო სამყარო

და მე ციფრული სამყაროებიდან

დღემდე მახველებს,

დღემდე ვითხოვ

ფანჯრის გახსნას და

ყვირილს –
ჰეი, შე კაცო,

ერთხელ მაინც გავჩუმდეთ

ერთმანეთის გულისთვის!..
შუაღამემ ასე არ უნდა

გადაგაგვაროს,

არ უნდა შეგხსნას ღილები

მთელ სხეულზე,

არ უნდა აგატივტივოს

მდორე დინებებად,

შენ არ ხარ ნავი,

ნიჩბებიც

მიტოვებულ სარდაფში ძველდებიან,

შენ ისევ მიტოვებული

ქალი ხარ,

ჩახსნილი საკინძით,

ამოხლართული წამწამებით…
და მე გეჩხუბები,

სულ გეჩხუბები

და წაგეჩხუბები

ყოველთვის,

მანამ,

სანამ ქუჩაში გატკეპნილი

ასფალტები

გრუნტის ბილიკებივით

არ ალაპარაკდებიან

და მაშინ წამიძღვები

შუაგულ ტყეში,

შეშინებულ ჩიტებთან,

სადაც აღარ იქნება

საჭირო ლამპიონები,

არც პირველყოფილთა

გამოქვაბულებს მოვძებნით,

არამედ ეს იქნება

ტყე,

ჩვენ

და გახსენება იმისა,

რომ

კიდევ ერთხელ შევრაცხეთ

დასაწყისად

გამოუტირებელი

დასასრული.

 

*    *    *

გამეცალე,

გაიწიე და შემხედე შორიდან,

როგორ გადმომდის ლავა

და მაინც როგორ ზეიმობენ

ჩემს ფერდობებზე მსხმოიარე ფორთოხლის ხეები.

 

ვერ გადავურჩი ატმების გამოძახილს,

ვერც არომატებში გავიკვლიე

სასიყვარულო გზები,

მე დაკარგული ვარ მწვანე

ტბაში,

შუაგულ ტყეში

და გაფართოებული თვალებით

ვეძებ არტემიდას.

 

არ მომეკარო

ჩვენს სიყვარულზე ახლოს,

რადგან გზა სწორია და

ნაბიჯები ციცაბო,

სურვილები – მეწყერსაშიში.

 

განვედი ჩემი წიაღიდან,

ზუსტად ისე,

როგორც სხვა დროსაც მითქვამს:

მე ვარ მიწა,

მე ვარ გეა

ფორთოხლებდაუტევნელი.

 *    *    *

ტკივილებმაც დამტოვეს,

გაკვირვებულმა თვალები დავახამხამე და

კარი მივუხურე,

არა “ნახვამდის” და

არა “მშვიდობით”.
მოკეცილი მკლავით ოთახში დავბორიალებ,

არა კედელი,

არა კარი,

ეს ჩამოკიდებული პორტრეტები

ასე დამაჯერებლად

აბა როგორ შემომცქერიან?
ვისინჯავ სხეულს,

მაჯის ყველა იმპულსი მახსენებს,

როგორ დავაწყვე შენს მხრებზე ხელები

და შეხება ყველაზე დიდი შეხვედრა იყო,

ჩვენ ორნი კი –

ყველაზე დიდი ადამიანები ვიყავით დედამიწაზე.
არ დავიჯერეთ ილუზიების,

არც რეალობას დავეთანხმეთ

და ვერც ვერაფერი შევიყვარეთ ერთმანეთზე მეტად :

მე – არსებობაში,

შენ კიდევ – ვარსკვლავებს შორის გაჭედილი

დესტრუქციული ქალი

და ეზოს კარიბჭე,

ყველაზე დიდი მეტაფორა.
არ დავბადებულვართ გაჩენისთვის,

ანდა განსახლებისთვის,

ჩვენ უბრალოდ ვებრძვით

თავსდატეხილ ტრანსფორმაციებს,

ამიტომაც არ არსებობს სიტყვა „ნახვამდის“,

ანდა „მშვიდობით“,

ჩვენ უმეტყველო სამყაროების

ყველაზე ესთეტიური წანაზარდები ვართ.

*    *    *

მივწექი,

ლოყა ცივ კედელს მივაყრდენი და ვაღიარე,

არაფერია შენი მონატრების მსგავსი,

ტყუილად ვნახე ამდენი ფილმი და ვფურცლე წიგნების გვერდები,

გზაშიც ტყუილად დამიღამდა,

ვერაფერი შევადარე და მივუსადაგე შენი სხეულის სანახებს,

შენი ხმა მთელი ჩემი ცხოვრების საუნტრეკია,

გამოუცნობი როლით.

აუხსნელი აკორდებით

და happy ending-ის ნაივური მოლოდინით.
მხოლოდ ღამე ჩაიკეცავს შენი თმების გაუხეშებულ ბოლოებს

სიჩუმის ბაფთებში,

რათა დილით თავიდან დავემსგავსო ბეჯით მოსწავლეს

და ყოველი შეხების ბუნდოვანი მოგონება

ხუთიანებივით ჩამეწეროს,
რათა მაშინ

როცა ყველაფერი დასრულდება

და ჩემი თეთრი პერანგი დაიფარება ონავრული წარწერებით,

ჩემს აკვანთან ვიღაც მოვა,

რათა ჩემი მარადიული პირმშო

დედამიწასავით დაარწიოს.

*    *    *

ჩემი გოგო ლესბი არ არის,

არც ლამაზია

და არც ზამთრისთვის შესაფერისი

სენტიმენტები აქვს.
ჩემი გოგო მაღიზიანებს

და მინდა ვკრა ხელი,

გაბრაზებულმა მივაძახო,

რატომ მოხვედი,

მე კარი განა ღია მაქვს,

უბრალოდ ის მინისაა.
ბეწვის ხიდზე გავივლი და

ვერ გავიგებ მაინც,

როდის დავარღვიე ცხოვრებისთვის მიცემული

დიდი პირობა –

მეცხოვრა არასოდეს.
ნაძვები მაინც ნაძვობენ და

მათზე დაფენილი თეთრი უკვდავება

არც გამოგონილია და

არც გამოსაგონი,

ის ისეთი ცივია,

როგორც ჩემი გოგოს თვალები,

როცა მიყვება

თავის ბიჭზე.

მე კი ტაშს ვუკრავ.
ამ დროს მინდა დავაზიანო

მსოფლიოში არსებული

ყველა შენობა

და ვიწყებ საკუთარი თავით.
გზა ხსნილია მოჩვენებებისკენ.
თეთრი უკვდავება

ირხევა ნაძვის ტოტებზე,

მე კი ქარი ვარ –

ერთი უბრალო დაქროლვით

ყველანაირ მარადიულობას

გავანიავებ.

*    *     *

ჩემგან მოწყვეტილი

აღარაფერია ჩემი,

ამიტომ ყოველი თვალის მოხუჭვისას

ვფიქრობ,

აღარაფერი ამოვაყოლო

ჩემს ცრემლებს,

რათა არ გამიქრეს

რაც ვზილე და ვძერწე,

რასაც ფანჯრებს აქედან

ვეთამაშემოდი,

რასაც ეხებოდა ჩემი ანაბეჭდის

ყოველი ხაზი,

ჩემი ნაბიჯების ყველა მიხვრა-მოხვრა,

მე აღარ ვარ მზად განშორებისთვის,

აღარც შეერთებისთვის,

არამედ ვდგავარ

დიდი მწვანევარჯიანი ხის ქვეშ და

ვფიქრობ,

ისე დავხუჭო თვალი რომ

ცრემლს არაფერი ამოვაყოლო.

*    *    *

ზღვაში კენჭები თევზებივით ირევიან,

ზღვაში კენჭები თევზებივით ირევიან

მე რაღა ვქნა, რომელიც ვერაფერს შევერიე,

არ მყოფნის ფერების და ბგერების იმიტაცია,

არც მოძრაობა,

არც გარინდება და ძილი,

ტალღები ხან მოდის ჩემსკენ და ხან – არა

თითქოს მეუბნება, რომ მე ვარ,

მე ვარ და მე ასე თუ განვიცდი ზღვისა და ჩემს ყოფნას,

რომ სხეული არც ისე მძიმეა და არ უნდა მშურდეს წყლის,

რომელიც ისე გაიშლება ფსკერზე, რომ ამოავსებს,

ჩემი თვალები ჰორიზონტითაა სავსე

და მე მივდივარ, მივდივარ და ვუსმენ,

ეს კენჭები როგორ წყნარად ჟღარუნობენ,

თითქოს ფეხებზე ჰკიდიათ რომ დღეს არიან და

ხვალ აღარ,

ასეთი სიცილი ვერ მოისმინება სხვაგან და

ასე ძალიან არც სხვაგან გაგაკვირვებს,

მხოლოდ ზღვაზე,

მხოლოდ წყალთან,

სადაც შენი თვალები დაუმთავრებელი ჰორიზონტებია
და შენც მისკენ

უსასრულოდ მიდიხარ.

 

*    *    *

რა შემოგთავაზოთ ერთი პატარა სარკმლიდან,

ჩაი თქვენ არ გინდათ და ყავა,

ჩემს სამზარეულოს კი მხოლოდ ეგზოტიკური სუნი ასდის,

სხეულსაც,

თმა ყველგან ცვივა და წითელ წერტილებად ემჩნევა სამყაროს,

სანამ შეწუხებული ესთეტები

მკლავებდაკაპიწებული არ მოგვიან,

მოაგროვებენ,

ცეცხლს შეუკეთებენ,

მერე ვის დაუტოვებენ მოსუფთავებულ ტერიტორიას?

ცხვება და ცხვება უკრემო ნამცხვრები,

მაფინები საერთოდ ფილმის პერსონაჟებს ჰგვანან,

მეც მგვანან,

მე ჯერ ისევ სარკმელში ვიხედები და ვენდობი ქურას,

რომელიც უჩემოდაც მშვენივრად გამოაცხობს,

მე ხედებით დავტკბები,

ჩემი საყვარლის გაშენებული ყვავილებით,

რომელიც თვითონ მორწყა და გაამზადა გაზაფხულისთვის,

მე კი უგზოდ და უკვლოდ მცხელა

და ერთი წვეთი ვეღარ გავიმეტე თვალების დასასველებლად,

რანაირი ქალი ვარ,

კაცებით, სამზარეულოთი და ბაღებით გარშემორტყმული

და მაინც არაფერს ვეკუთვნი,

მხოლოდ ერთ ფინჯანს თუ დავიჭერ ხელში,

მუქი, ძლიერი ყავის,

რათა მკლავები დამიფაროს ორთქლმა და

აღარსად გამიშვას.

© არილი

Facebook Comments Box