ესაუბრა გუგა მგელაძე
მაია ბადრიძემ არაერთი გერმანულენოვანი მწერალი თარგმნა ქართულად: რობერტ მუზილის ,,უთვისებო კაცი’’ და ,,ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა’’, ჰერმან ბროხის ,,მთვარეულები’’, ზებალდის ,,აუსტერლიცი’’ და ,,ემიგრანტები’’, კარლ გუსტავ იუნგის ,,მეტამორფოზის სიმბოლოები’’ და ,,პასუხი იობს’’, ზიგმუნდ ფროიდის რჩეული ტექსტები, ფრიდრიხ დიურენმატის ,,მინოტავრი. დავალება’’ და სხვ.
2020 წელს ,,საბას’’ ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. მაია ბადრიძე ინტერვიუში სწორედ კონკურსების მნიშვნელობაზე, თანამედროვე ლიტერატურულ კონტექსტზე, ქართულ თარგმანებზე, ჟიურის პასუხისმგებლობასა და თარგმანის სირთულეებზე საუბრობს.
– როგორ აფასებთ ,,საბას’’ ჟიურიში ყოფნის გამოცდილებას? კიდევ უფრო მეტად რომ დავაზუსტოთ: რა ტიპის პასუხისმგებლობას გულისხმობს კონკურსზე შემოსული წიგნების წაკითხვისა და სელექციის რთული პროცესი?
– მთავარი და გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც სიამოვნებით დავთანხმდი ჟიურის წევრობას, იყო შემდეგი: ძირითადად, დიდ და რთულ ავტორებზე მიწევს მუშაობა, ეს კი ნიშნავს შემდეგს: მე მიწევს გავეცნო კულტურულ კონტექსტს, რომელსაც ფიქრობ, რომ თითქოს იცნობ, მაგრამ მუშაობის პროცესში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ცოდნა საკმარისი არ არის და ტექსტზე მუშაობისას უამრავი სხვა ავტორის წაკითხვაც ხდება აუცილებელი. ეს დიდ დროს და ენერგიას ითხოვს, ამიტომ, ცუდად ვიცნობდი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. წარმოიდგინეთ, დღეში რვა, ათი საათის მუშაობის შემდეგ, როცა მთლიანად კონცენტრირებული ხარ ერთ ავტორზე, აღარც დრო რჩება საიმისოდ, რომ რამის წაკითხვა შეძლო და, სიმართლე გითხრათ, ამის აღარც ძალა შეგწევს. ამიტომ, ცხადია, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეგო, რა ხდებოდა ქართულ ლიტერატურულ სამყაროში. რთული პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ ამას ველოდი კიდეც.
არის ტექსტები, რომლებსაც დასაწყისშივე გრძნობ და ხვდები, რომ საქმე კარგ ან ცუდ ლიტერეტურასთან გაქვს. იცი, რომ იმ ტექსტების მიღმაც, რომელიც არ მოგწონს, ადამიანის მოლოდინი და შრომა დგას. კითხულობ იმ იმედით, რომ იქნებ მერე გაამართლოს, იქნებ მერე შეძლოს და გამოკვეთოს პერსონაჟის ხასიათი, უკეთ განავითაროს იდეა. იყო ასეთი ტექსტიც, თითქოს ახერხებდა განწყობის შექმნას, თითქოს ხასიათსაც ქმნიდა, მაგრამ იდეა იყო დაუმთავრებელი, სადღაც შუა გზაზე შეწყვეტილი, ძალა აღარ ეყო, ბოლომდე ვერ დაწერა. დამწყდა გული. პასუხისმგებლობა დიდია. ნებისმიერი შემოქმედებითი ტექსტის აღქმა ძალიან სუბიექტურია და ამას ნამდვილად ვერ გაექცევი. სწორედ ეს მაშინებდა, რომ სუბიექტური აღქმის მიღმა ობიექტურობა არ დამეკარგა. მაგ. მე არ მიყვარს ფენტეზი, მაგრამ ეს ხომ არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ კარგად დაწერილი ფენტეზი სწორად ვერ შევაფასო. ის, რომ არ მიყვარს, ჩემი სუბიექტური აღქმაა, მაგრამ, როგორც ჟიურის წევრმა, ამ სიყვარულის თუ არსიყვარულის მიღმა ობიექტურად უნდა დავინახო და შევაფასო ის, რასაც ჩემი ნებით, უბრალოდ, არ წავიკითხავდი.
– იყო ,,საბაზე’’ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებით?
– იმ წელს, მარტო ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, პიესას გამარჯვებულად არ გამოვაცხადებდი.
– „საბა’’ ის მოცემულობაა, რომლის გარეშეც თანამედროვე ლიტერატურის პერსპექტივებზე საუბარი უკვე წარმოუდგენელიც კია. როგორია ,,საბას’’ ოცწლიანი გამოცდილება? ზოგადად, რა ფუნქცია (როლი) აქვს ხოლმე კონკურსებს თქვენთვის?
– მომიწევს გავიმეორო ის, რაზეც პირველი კითხვის პასუხად ვთქვი. ნებისმიერი შემოქმედებითი ტექსტის (იქნება ეს მხატვრობა, მუსიკა თუ ლიტერატურა) აღქმა სუბიექტურია. ჟიური არ და ვერ იქნება ჰომოგენური. ჟიურის წევრებს, შესაძლოა, ჰქონდეთ და აქვთ კიდეც განსხვავებული დამოკიდებულება და პრიორიტეტები შეფასების და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს. მოსალოდნელია, რომ არ დაეთანხმო ჟიურის გადაწყვეტილებას. ნობელის ბოლო წლების გადაწყვეტილებებიც ხომ ძალიან საკამათოა ხოლმე.
გერმანიაში ბევრი ლიტერატურული კონკურსია, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული Deutscher Buchpreis. არც თუ ისე ცოტა დრო დასჭირდა ამ კონკურსს რომ ყურადღება მიექცია ფრანკ ვიტცელის რომანისთვის „Die Erfindung der Roten Armee Fraktion durch einen manisch-depressiven Teenager im Sommer 1969“ (წითელი არმიის ფრაქციის გამოგონება მანიაკალურ-დეპრესიული თინეიჯერის (მოზარდის) მიერ 1969 წლის ზაფხულში.“ ჩემი შეფასებით, ვერც ერთი მანამდე პრემიამინიჭებული ავტორი ვერ უთანაბრდება მის ამ და შემდგომ (Direkt danach und kurz davor) რომანსაც. ეს არის ომისშემდგომი გერმანიის ფსიქოანალიზური ტექსტი, ენობრივი ექსპერიმენტებით და ძალიან თავისებური კომპოზიციით. და მაინც, ამდენი დრო დასჭირდა გერმანულ კონკურსებს ამ ტექსტის აღიარებისთვის. ასე რომ, კონკურსმა შეიძლება ვინმესთვის ვერ ასახოს ობიექტური სურათი, როგორც ეს მაგ. ჩემთვის ამ ავტორის შემთხვევაში ხდებოდა ამდენი წელი. კონკურსის შედეგებს ხომ ჟიურის წევრები წყვეტენ, რომელიც ყოველ წელს განსხვავებულია და არაერთგვაროვანი. ეს ტექსტი დიდხანს ელოდა ამ ჟიურის. ჩვენთანაც ასეა და ამაში არაფერია გასაკვირი, როგორც არ უნდა დაგვწყვიტოს ზოგჯერ გული ჟიურის გადაწყვეტილებამ.
ის, რომ კონკურსები ლიტერატურულ პროცესებს აცოცხლებს და მნიშვნელოვანია, არ მგონია, ამ კითხვას ვინმემ განსხვავებული პასუხი გასცეს. კონკურსები ცოტა გვაქვს და ეს ძალიან ცუდია. „გალა“ რატომ გააუქმეს, გაუგებარია. ერთხანს, თითქოს, არამხატვრული, ანუ დარგობრივი ლიტერატურის (მგონი, ასე ჰქვია ქართულად) თარგმანების კონკურსი ცალკე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოვიდა და დასანანია.
– დალი ფანჯიკიძის დაკვირვებით: ,,დედანსა და მთარგმნელს შორის უნდა დამყარდეს დედანსა და მწერალს შორის წერის პროცესში წარმოქმნილი მსგავსი ფსიქოლოგიური კავშირი და შეიქმნას სათანადო კომუნიკაციური სიტუაცია. (…) ინდივიდუალური სტილი მწერლის საკუთრებაა, მთარგმნელს კი მხოლოდ იმის უფლება აქვს, გამოამჟღავნოს ამ სტილის ობიექტურად შესაძლებელი სიზუსტით რეპროდუქციის ინდივიდუალური უნარი.’’ როგორია თქვენი პერსონალური დაკვირვებები ამ საკითხებთან დაკავშირებით?
– სრულებით ვეთანხმები. ჩვენ სხვის ტექსტებს ვასრულებთ, როგორც პიანისტი – სხვის მუსიკალურ ნაწარმოებს. თარგმნა ინტერპრეტაციის ხელოვნებაა და მთარგმნელის ნიჭიერებაც სწორი ინტერპრეტაციის უნარით იზომება. უჩინარები და უხილავები უნდა ვიყოთ. თავმდაბალი ხალხი ვართ მთარგმნელები, ფაქტობრივად, სხვისი მსახურები. არ უნდა ჩანდე ტექსტში, უნდა გაქრე. თავანკარა ქართულით თარგმანები თითქმის აუტანელია, როცა მისი ერთადერთი ღირსება ეს თავანკარობაა. უნდა შექმნა ის ატმოსფერო, ჩემ შემთხვევაში, გერმანული ატმოსფერო, ქართული ენობრივი საშუალებებით. ადვილი ნამდვილად არ არის. ამ ორ ენას განსხვავებული ფსიქოლოგიური ბუნება აქვს. განსხვავებული ტემპერატურა და ტემპერამენტი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ირანულიდან ან სხვა რომელიმე ენიდან მთარგმნელს სხვა სპეციფიკური სირთულეები აქვს, ვიდრე გერმანულიდან მთარგმნელს. ქართული უფრო სახეების ენაა, გერმანული – ცნებების. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანული არ ქმნის პოეტურ სახეებს, უბრალოდ, მას სხვა ტიპის ჩუქურთმები აქვს. თითქმის მიუღწევლად რთული მეგონა რილკეს ქართულად თარგმნა, მაგრამ ზვიად რატიანის „დუინური ელეგიები“ ზუსტი რილკეა ქართულად. ე. ი. შესაძლებელი ყოფილა.
– ,,საბას’’ წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ქართველ მკითხველს არაერთი კარგი თარგმანის გაცნობის საშუალება აქვს. გამარჯვებული მთარგმნელები კი ვეებერთელა კულტუროლოგიური ველის შექმნის პრეცედენტს ქმნიან. როგორ აფასებთ მთარგმნელობითი კულტურის თანამედროვე მდგომარეობას? შეგვიძლია კონკრეტულ, თქვენს ფავორიტ თარგმანებზეც ვისაუბროთ.
– მთარგმნელობით საქმიანობას ქართულ ლიტერატურაში გაცილებით დიდი ფუნქცია აქვს, ვიდრე მაგ. გერმანულში ან რომელიმე დიდი კულტურების ენებში და რატომ: სამოცდაათი წლის იდეოლოგიური წნეხისგან ძლივს ვთავისუფლდებით. შემოქმედებითი აზროვნება საბჭოთა კალაპოტში იყო მოქცეული და წარმოსახვითი თავისუფლების ნარჩენებით იკვებებოდა. ჩვენ ვცხოვრობდით გამოგონილ სამყაროში, რეალური სამყაროსგან სადღაც შორს და დავიწყებულები. შესაბამისად, ჩვენი აღქმებიც და პრობლემების გაცნობიერების თუ გაუცნობიერებლობის უნარებიც განსხვავებული იყო და ეს მაშინვე ვიგრძენით, როცა მოუმზადებლად აღმოვჩნდით იმპერიის ნანგრევებში, საიდანაც წესით თავისუფალ სამყაროში უნდა გამოვსულიყავით. თავისუფალი სამყარო ალტერნატიული სამყაროა და მისი აღწერის ენაც – ალტერნატიული. თავისუფლებას არ ახასიათებს ერთგვაროვნება, მას უსასრულოდ ბევრი სახე აქვს და, შესაბამისად, ენაც მრავალნაირია. იმ კალაპოტში კი, სადაც ჩვენ მივედინებოდით, არსებობდა მხოლოდ ზემოდან დაშვებული წესები თავისი მკაცრად განსაზღვრული თავისუფლების მონიშნული ჩარჩოებით და კრიტერიუმები, რომლებიც ტანზე უხერხული, ვიწრო კორსეტივით მოგვარგეს. იმისთვის, რომ სუნთქვა შესაძლებელი ყოფილიყო, იმდენი და ისე უნდა ჩაგესუნთქა, რის საშუალებასაც ეს სივიწროვე გაძლევდა. ვერ განვითარდა მთელი რიგი ჟანრები, ვერ განვითარდა, შესაბამისად, ენაც. საბჭოთა აზროვნებამ გამოსავალი ალეგორიაში მოძებნა. ის ვერ აღწერდა სინამდვილეს, მას თვალი უნდა აერიდებინა რეალურად არსებული პრობლემებისთვის და ამ თვალის არიდებაში შემჩნევის უნარიც თითქმის დაკარგა. ამიტომ, ეს ცარიელი ადგილები მთარგმნელობით ლიტერატურას უნდა შეევსო. მთარგმნელობით საქმიანობას ენა უნდა გაეფართოებინა, გაეთანამედროვებინა, გაეთავისუფლებინა იძულებითი პოეტურობისგან, პათეტიკისგან, მხოლოდ ამაღლებულ და მოწამებრივ გმირებზე აზროვნებისგან, ასე ვთქვათ, „გაეადამიანურებინა“.
არაგერმანელ ავტორებს, როგორც წესი, გერმანულ თარგმანებში ვკითხულობ და ეს ათეული წლებია, ასეა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მირჩევნია არუნდატი როი ქართულად წავიკითხო, ვიდრე გერმანულად. „წვრილმანების ღმერთი“ (იმედია, სათაური არ მეშლება), გერმანულად წავიკითხე (მაშინ ქართული თარგმანი არ არსებობდა), მაგრამ ერთი სული მაქვს ქართულად როდის წავიკითხავ -თამარ ჯაფარიძის სრულიად არაჩვეულებრივ თარგმანს. მისი სხვა თარგმანები მაძლევს ამის თამამად თქმის უფლებას.
ხათუნა ცხადაძე თავის თარგმანებში ნამდვილ იტალიას აცოცხლებს – ძალიან ხმაურიანს, თავიანთი ვნებებისთვის დიდი ტერიტორია რომ სჭირდებათ – პატარა ტერიტორიაზე ვერ ეტევიან. იმდენად განსხვავდება გერმანული აზროვნების წესისგან, რომ მონუსხული ვკითხულობდი, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ხმაურობენ და დრამატული სიმძაფრის დროსაც გრძნობ სამხრეთის კაშკაშა მზეს და, როგორც გოეთე იტყოდა, ქვეყანას „Wo die Zitronen Blühen“ (სადაც ლიმონები ყვავიან). ის, რაზეც ახლა ვწერ, ის, რაც ამ ტექსტებიდან ვიგრძენი და რასაც აღვწერ, ეს მთარგმნელების დამსახურებაა, ანუ, ძალიან კარგად თარგმნილი ტექსტების დამსახურება. საამაყოდ გვაქვს საქმე, რადგან ქართულად არაჩვეულებრივი ფოლკნერი გვაქვს – ენობრივად ურთულესი ავტორი, რთული პროტაგონისტებით და მათი ხასიათების გადმოცემის უზუსტესი ფსიქოლოგიური სიღრმეებით. ჟიურის წევრობის დროს დიდი სიამოვნება იყო ელისაბედ ყვავილაშვილის „ბოლო ჟამის ომი“. ეს იყო ჩემი პირველი ლიოსა ქართულად – მანამდე გერმანულად ვკითხულობდი და უკვე ვიცი, რომ გერმანულად ამ ავტორის წაკითხვა აღარ მომინდება. დასანანი იყო, რომ პრემია ვერ აიღო. პრემია ერთია და რას იზამ.
იმ წელს პრემია ელზა ახვლედიანს მიენიჭა, სრულიად დამსახურებულად. ისეთი გამჭვირვალე ფერადი ენით თარგმნის, რაც იშვიათია. ვიცი, რომ რამდენიმე კარგი მთარგმნელი გამომრჩა. ბევრი რამ არ წამიკითხავს და ვგრძნობ, აღმოჩენები წინ მაქვს. მატიას ენარის „კომპასი“ აუცილებლად წასაკითხია. ეს ტექსტიც გერმანულად წავიკითხე ბევრად ადრე, მანამ ქართულად ითარგმნებოდა. გერმანულადაც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ზაბინე მიულერმა თარგმნა და ქართულადაც ჩემმა მეგობარმა, პაატა ჯავახიშვილმა. ისმაილ კადარეს „გახლეჩილი აპრილი“ – პაატას თარგმანი შთამბეჭდავია. კაფკას შემდეგ ასეთი დახშული სივრცე, მგონი აღარავის აღუწერია და ქართულ ,,კომპასთან’’ შეხვედრასაც ინტერესით ველოდები. ეს არის წიგნი ენციკლოპედია – აღმოსავლური ხალიჩასავით ორნამენტებით გაწყობილი, ევროპელის მიერ აღმოსავლეთისთვის სიყვარულის ახსნა. ვიცი, რომ ძალიან ზოგადად ვლაპარაკობ და ისიც ვიცი, რომ ზოგიერთი რამ გამომრჩა, მაგრამ, ალბათ, კიდევ მომეცემა შესაძლებლობა, უფრო დაწვრილებით და ვრცლად ვილაპარაკო.
– ზებალდის ,,აუსტერლიცის’’ კითხვისას ერთი ასეთი საგულისხმო ეპიზოდი ამოვიწერე: ,,საათი ყოველთვის სისულელედ მეჩვენებოდა, რაღაც სიყალბედ, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვისვე აუხსნელი რაღაც იმპულსი იქით მიბიძგებდა, დროის ბატონობას შევწინააღმდეგებოდი, ეგრეთ წოდებულ მოვლენათა მდინარებას გავმივჯნოდი, როგორც დღეს ვფიქრობ, იმ იმედით, რომ დრო არც გადის და არც გასულა, რომ შევძლებ, დროს ისევ დავეწიო, რომ იქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე იყო, ან უფრო ზუსტად, დროის ყველა მომენტი ერთდროულად და გვერდიგვერდ არსებობს და შესაბამისად, არაფერი იმისგან, რასაც ისტორია ჰყვება, მართალი არ არის, რადგან მომხდარი ჯერ არ მომხდარა და სულაც ახლა, ამწუთას ხდება, როცა მასზე ვფიქრობთ, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ თვალწინ ის გაუთავებელო უბედურებისა და უსასრულო ტანჯვის უიმედო პერსპექტივას წარმოაჩენს.’’
ჩემი დაკვირვებით, ,,აუსტერლიცი’’ ტრავმების რომანია, ტრავმულია არამარტო ჟაკ აუსტერლიცის, არამედ მთხრობლის ცნობიერებაც. ეს კრიზისული ფაზა კი, პირველ ყოვლისა, დროის კონცეფციაზე აისახება.
მოდით, ,,აუსტერლიცზე’’ მუშაობის პროცესსაც შევეხოთ. რა სირთულეებს გადააწყდით ზებალდის რთული სინტაქსის ,,მოხელთებისას’’?
– თქვენს ციტირებულ „აუსტერლიცს“ რომ ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ზებალდის თარგმნა მომნატრებია. „აუსტერლიცის“ წელს იმდენ ტრავმულ ტექსტზე ვიმუშავე, ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი ხუმრობით, ტრავმების სპეციალისტად ჩამოვყალიბდი-მეთქი.
ზებალდი უცნაური მოვლენაა გერმანულ ლიტერატურაში. მას არც ერთ ჯგუფს, არც ერთ ჟანრს არ მიაკუთვნებენ. ის ცალკეა. უცნაური კი იმიტომ, რომ ჯერ ინგლისში აღმოაჩინეს და ამის შემდეგღა – გერმანიაში. ფრიდრიხ შლეგელი წერდა, რომ ავტორის საუკეთესო მკითხველი მთარგმნელია. სხვა რა გზაა. რაც კარგად არ გესმის, ვერც თარგმნი. ზებალდის ენა, თითქოს, ჰიპნოზურია, თითქოს, აუტისტურიც. ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, მანამ იმ წერტილამდე არ მიგიყვანს, სადაც თვითონ გადაწყვეტს შესვენებას. ისე გქანცავს, ზოგჯერ წინააღმდეგობის გაწევის ძალაც აღარ გაქვს. რთული სინტაქსი, რომელიც ხშირად წინადადებების დიდ პერიოდს მოიცავს, პარატაქსის და ჰიპოტაქსის კომბინაცია, მოდალური ნაწილაკების და ზმნიზედების დიდი რეპერტუარი, პარტიციპული კონსტრუქციები, რომლებიც წინადადების თავისებურ დინამიკას ქმნის და ქართულში ასე მოქნილად ვერ გამოიყენება, წინადადებების ელემენტებს შორის დიდი დაშორება, რომელთა ურთიერთდამოკიდებულება სინტაქსურ სიახლოვეს ითხოვს და ქართულად სინტაგმების ახალი რიგი უნდა შექმნა; უამრავი აპოზიცია, ჩართული წინადადებები, რომლებზეც, თავის მხრივ, სხვა წინადადებებია დამოკიდებული. ზებალდი ხშირად თხრობას წყვეტს, რომ აღწერები ჩართოს და მერე, ძალიან გვიან, ოთხი თუ ხუთი გვერდის შემდეგ, ისევ უკან ბრუნდება, აგრძელებს თხრობას. სუბიექტი და ზმნის მთავარი ნაწილი, შეიძლება სადღაც მეშვიდე სტრიქონზე გამოჩნდეს, თავად წინადადება კი ცამეტსტრიქონიანია. პედანტური სიზუსტით აღწერილი ჩრჩილების სახეობები, რომელთა შესატყვისების მოძებნა ცალკე ისტორიაა. ასეთივე სიზუსტეს იჩენს ყველა დეტალის მიმართ, იქნება ეს არქიტექტურული ფორმების თუ თავისი ფიგურების ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა. და ბოლოს, მისი ყველასგან გამორჩეული ტონალობა, მელანქოლია, ირონია და იუმორი. მოკლედ, ზებალდის თარგმნა, სტილის საკითხია.
– წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციასაც რომ შევეხოთ. 12 ფინალისტს შორის გიწევდათ მეტად რთული არჩევანის გაკეთება. რთულს იმიტომ ვამბობ, რომ სიაში ელზა ახვლედიანთან ერთად ხათუნა ცხადაძის, ზაზა ჭილაძის, თაკო ჭილაძის, დოდო ყვავილაშვილის, თამარ ლომიძის, თამარ ჯაფარიძის, მანანა ღარიბაშვილის სახელები ფიგურირებდა.
ერთსულოვანი იყო ჟიური ელზა ახვლედიანის თარგმანის – ,,ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავლის’’ – შერჩევისას?
– დიახ, ერთსულოვანი ვიყავით, თუმცა ყველა ის თარგმანი, რომელსაც ასახელებთ, არაჩვეულებრივია, მაგრამ, რას ვიზამთ, პრემია ერთს უნდა მიენიჭოს. სიამოვნებით ვილაპარაკებდი ამ მთარგმნელებზე ცალ-ცალკე, ალბათ, მომეცემა ოდესმე ამის შესაძლებლობა. ელზა ახვლედიანის მარკესის „მარტოობის ასი წელის“ პირველი ფრაზა და „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალის“ ბოლო ფრაზა წარმოუდგენლად ლამაზია, ლამაზი მათემატიკური ფორმულასავითაა.
– როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ბესო სოლომანაშვილის რომანის ,,ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა’’ შესახებ? რომანის ცენტრალური ანტაგონისტი, ჯვარნაკრავი რთული ფსიქოტიპია. მისი ისტერიულ – ნევროტული მდგომარეობა არა მარტო ტრავმული გამოცდილების შედეგია, არამედ თავად ეპოქის ხატი. ეს გროტესკულად პერვერტი არსება, გარკვეულწილად, ოთარ ჭილაძის ბოლო რომანის პერსონაჟს მაგონებს. მთავარი, რაც რაჟდენ კაშელსა და ჯვარნაკრავს აერთიანებს – საგანგაშოდ დამაჩლუნგებელი პოლიტიკური კონტექსტია. ორივე საქართველოსთვის გარდამტეხ ქაოტურ მოვლენებშია ჩართული. აქვე დავაზუსტოთ: რა კომპონენტების გათვალისწინებით გამოარჩიეთ ეს კონკრეტული წიგნი?
– უკვე სათაურივე იქცევს ყურადღებას და შემოაქვს დაძაბულობა – ამბავი ახალი დასახვრეტებისა. ის, რაც აკლია ჩვენს კულტურას, უახლოესი წარსულის რეფლექსიაა. ცნობილია, რომ მსხვერპლი თავის ისტორიას არ ჰყვება. ზუსტად ასე ვიქცევით. ვიმალებით. სადაც არ უნდა დავიმალოთ, მაინც ვჩანვართ და თან უხერხულად და უსუსურად. ჩვენ მსხვერპლის ფსიქოლოგია გვაქვს.
რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა „დიოგენეს“ საინტერესო პროექტი ჰქონდა. გერმანელ და ქართველ მწერლებს მიცემული ფრაზის მიხედვით ტექსტი უნდა დაეწერათ. გერმანელების ტექსტები მე ვთარგმნე, ქართველების – რახელ გრაცფელდმა, რომლის სახითაც ქართულმა ლიტერატურამ ძალიან კვალიფიციური და ნიჭიერი მთარგმნელი შეიძინა. რახელს რაღაც დეტალების დაზუსტება სჭირდებოდა ხოლმე თარგმნისას და მეკითხებოდა, ასე რომ, ქართული ტექსტების სანახევროდ წაკითხვამაც მომიწია. წარმოვიდგინოთ ვინმე, ვისაც ამ ორი ქვეყნის არსებობა არ გაუგია და ხელთ მხოლოდ ეს ტექსტები აქვს. მარტო ამ ტექსტების საფუძველზეც კი შეძლებდა ამ ორი ქვეყნის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაგებას. უკლებლივ ყველა ქართულ ტექსტში იყო მსხვერპლი, რომელსაც კლავდნენ. გერმანელები წერდნენ არაფერზე, სიცარიელეზე, მაგრამ, სულ მცირე ბეკეტი უნდა იყო, რომ სიცარიელის ტრაგიკულობა აღწერო. გერმანული ტექსტები, ლიტერატურული თვალსაზრისით, არ ვარგოდა, მაგრამ მთავარი აქ ის საერთო თემები იყო – როგორც ერთ შემთხვევაშიც, ისე მეორეშიც – რომლებიც ზემოთ ვახსენე. ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი მსხვერპლის როლს, რომლითაც ზოგჯერ ვკეკლუცობთ კიდეც, საკუთარი უსუსურობის და უძლურების შესანიღბად. ამ როლიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ინტელექტუალური გაბედულება და საკუთარ თავზე ლაპარაკია. ბესო სოლომონაშვილის ეს რომანი სწორედ ამის მცდელობაა. და რაც ყურადღებას იპყრობს – ამბის არა მსხვერპლის, არამედ ჯალათის პოზიციიდან აღწერა და ძალიან მკვეთრი, შემაძრწუნებელი პერსონაჟები. ჰერმაფროდიტი, ჯვარნაკრავის შვილი იოსებ გოგო, ხან გოგოსავით რომ კისკისებს და ხან კაცივით ხარხარებს – ისეთივე თავზარდამცემი, როგორც მთელი მისი ისტორიული კონტექსტია. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. სათაურშივე გვეუბნება ავტორი, რომ თუ ამ ინფანტილურ დამალობანას თამაშს გავაგრძელებთ, ახალი დასახვრეტების სიაც მზადაა.
© არილი