ჩვენი დღევანდელი თემატური ნომერი თანამედროვე რომანს ეძღვნება. იგი რამდენიმე მასალას მოიცავს, ქართულსაც და უცხოურსაც, მაგრამ პირველ რიგში სწორედ ქართული რომანის საკითხები გვაინტერესებს, რომელზე სასაუბროდაც მოვიწვიეთ მწერალი და ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი (მკითხველი მას დათო ქარდავას ფსევდონიმით იცნობს), გამომცემელი ბაკურ სულაკაური და მწერალი ზაზა ბურჭულაძე.
მალხაზ ხარბედია: – ჩვენი დღევნდელი საუბრის თემაა თანამედროვე ქართული რომანი და პირველ რიგში მინდა დავსვა კითხვა, არსებობს თუ არა XXI საუკუნის ქართული რომანი? რა ნიშნებით ხასიათდება იგი? მოხდა თუ არა ბოლო პერიოდში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ამ მიმართულებით? რომელი ავტორები და ნაწარმოებები შეგიძლიათ დაასახელოთ? ამ ყველაფერზე თითოეული თქვენგანის მოსაზრება მაინტერესებს. პირადად ჩემთვის თანამედროვე ქართველი რომანისტი აკა მორჩილაძეა, იგი XXI საუკუნის მოვლენად მიმაჩნია, იმის მიუხედავად, რომ გასული საუკუნის 90-იანებში დაიწყო წერა. XXI საუკუნის რომანებია ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესი” და ზაზა ბურჭულაძის adibas-იც. სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. თქვენ რას ფიქრობთ?
ბაკურ სულაკაური: – რასაკვირველია, თანამედროვე ქართული რომანი არსებობს. სხვა თუ არაფერი, XXI საუკუნის ქართული რომანი ჰქვია იმას, რაც ამ საუკუნეში გამოიცა. შეიძლება ტიპოლოგიურადაც დავალაგოთ ეს ყველაფერი და უფრო მნიშვნელოვან სურათს მივიღებთ. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ შენს მიერ ჩამოთვლილ მწერალთა სრულად ჩამოყალიბება და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებების გამოქვეყნება XXI საუკუნეს ემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ მოღვაწეობას XX-ს მიწურულს იწყებენ. გარდა ამისა, ძალიან დიდი განსხვავებაა თანამედროვე ქართულ რომანსა და მის 90-იანელ ანალოგს შორის. პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, ვის შეიძლება ვუწოდოთ XXI საუკუნის ქართველი ავტორი და ვის – არა. შენს მიერ ჩამოთვლილ მწერლებს კიდევ რამდენიმე დაემატება, მაგალითად, დათო ქართველიშვილი, დათო ტურაშვილი, თუნდაც ბასა ჯანიკაშვილი და თეონა დოლენჯაშვილი… მაგრამ, სიტყვაზე, ნაირა გელაშვილი არ არის XXI საუკუნის მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეშიც აქვს გამოქვეყნებული წიგნები. ნაირა გელაშვილი ძლიერი ავტორია, უბრალოდ სხვა ეპოქაზე წერს. მე არ ვარ ლიტერატურათმცოდნე და შეიძლება კარგად ვერ ავხსნა, რა განასხვავებს თანამედროვე ქართულ რომანს XX საუკუნის რომანისგან, მაგრამ ზუსტად ვგრძნობ, სად გადის ზღვარი. სხვათა შორის, ამ პროცესის – ვგულისხმობ კონკრეტული მწერალთა წრის, მათი ნაწარმოებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ლიტერატურული პრემია “საბას” დაწესებამ, რომელიც ასევე XXI საუკუნეში მოხდა. ძალზე სიმპტომატურია, რომ 2003 წელს კონკურსზე წარდგენილი იყო ორი ისეთი რომანი, საიდანაც, ჩემი აზრით, XXI საუკუნის ქართული რომანი იწყება. ეს არის აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა” და ზაზა ბურჭულაძის “მინერალური ჯაზი” – ორი სხვადასხვა ტიპის ტექსტი, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა.
იმასაც ვიტყვი, რომ ყველა ამ ავტორმა რომანების წერა, ფაქტობრივად, XXI საუკუნეში დაიწყო. უკვე გამართულ ნაწარმოებს ვგულისხმობ, თორემ მეტნაკლებად საინტერესო ოპუსებს მანამდეც ქმნიდნენ. ბოლო-ბოლო აკას “მადათოვი” ჰქონდა დაწერილი, მაგრამ “სანტა ესპერანსას” ტიპის, მისი შემოქმედებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის ნაწერები ამ პერიოდში ვიხილეთ.
კიდევ ერთ მწერალს დავასახელებ, რომელსაც ბევრი არ იცნობს. ძირითადად მოთხრობებს ქმნის. ერთი მცირე რომანიც აქვს სახელწოდებით – “იყიდეთ ჩვენი სულები”. ეს არის ზურაბ ლეჟავა, რომელიც, სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ადამიანს გვაქვს წაკითხული. კაცმა არ იცის, დაწერს თუ არა ოდესმე რომანს, მაგრამ რაც აქვს, ძალიან კარგია და თანამედროვე.
ზაზა ბურჭულაძე: მე ცოტა გამიჭირდება ისეთი სიტყვათშეთანხმების მიღება, როგორიცაა “ქართული რომანი,” ისევე, როგორც ვერ ვიტყი, რა არის ქართული კინო. ალბათ, ესაა პროდუქტი, რომელიც საქართველოში იქმნება და შეესაბამება ამ ჟანრის სტანდატებს. როგორც ბაკურმა თქვა, მწერალთა ნაწილი აკმაყოფილებს თანამედროვე მკითხველის მოთხოვნებს, ნაწილი კი სრულიად სხვა ქრონოტოპოსში იმყოფება. ისინი არათუ ვერ გრძნობენ თანამედროვე მსოფლიოს მაჯისცემას, არამედ საერთოდ ვერ ხვდებიან, სად არიან, ვისთვის წერენ. თუ მწერალი ერთ ადამიანს მაინც არ ელაპარაკება, მისი შრომა წყლის ნაყვას ემსგავსება. რაც უფრო მეტია კომუნიკაცია მკითხველთან, მით მოთხოვნადია ავტორი.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების შეკვეთის (ამ სიტყვას ბრჭყალებში არ ჩავსვამდი – ზ.ბ.), მისი მოთხოვნის გათვალისწინება, სხვაგვარად თანამედროვე ავტორი ვერ იქნები. მოდერნიზმი კიდევ ცალკე თემაა. მაგალითად, როგორ იწყება XX საუკუნის დასაწყისის საბჭოეთის სინამდვილე? მსხვერპლით და პირველივე მსხვერპლი არის გუმილიოვი, რომელსაც ხვრეტენ. თუ ცარიზმის რეჟიმი ტექსტების აკრძალვით შემოიფარგლებოდა, საბჭოთა სისტემამ უფრო “გაამარტივა” ეს ყველაფერი და ავტორების ფიზიკურ განადგურებაზე გადავიდა. დღეს ჩვენ ამ მიმართულებით შეზღუდვები არ გვაქვს, მაგრამ იმ ტიპის ავტორებმა, ვისზეც ზემოთ ვილაპარაკე, ეს თავისუფლება თვითნებურად აიკრძალეს. აკრძალეს დანარჩენი თანამედროვე ავტორების კითხვაც და ამით ძალიან ბევრი წააგეს. მათ არ ეყოთ შინაგანი თავისუფლება, XXI საუკუნის ადექვატური პროდუქტი შეექმნათ. დღეს ჩემთვის საქართველოში რამდენიმე ავტორია, ვინც ასეთ პროდუქტს ქმნის. პირველ რიგში, ეს არის აკა მორჩილაძე, რომელმაც “სანტა ესპერანსას” მაგალითზე გვაჩვენა, რომ შესაძლებელია ქართული ლიტერატურის გატანა საზღვარგარეთ. აკა აკმაყოფილებს თანამედროვე დასავლურ სტანდარტებს, ისევე, როგორც ზაზა ბურჭულაძე, რომლის ტექსტებიც რამდენიმე ქვეყანაში გამოიცა. ასევე ვისურვებდი დასავლეთს გაეცნო ლაშა ბუღაძეც, რადგან ისიც XXI საუკუნის ავტორია. აქვე დავძენ, ჩემთვის გაცილებით საინტერესოა ლაშას მცირე ფორმის ნაწარმოებები, მიუხედავად იმისა, რომ “ლიტერატურული ექსპრესი” მომეწონა. მნიშვნელოვანია, რომ ის არ ჩარჩა “სოციალურ პროზაში,” რომელსაც მანამდე ქმნიდა, ერთი ადგილის ტკეპნა არ დაიწყო და რეალურად გადადგა ნაბიჯი. საით – ამას დრო გვიჩვენებს.
ჯიმშერ რეხვიაშვილი: ბუნებრივია, XXI საუკუნის რომანი არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ ენა შეიცვალა. შეიცვალა ავტორიც. მან უკვე იცის, რა არის “მუშა ფილოსოფია”, ტექსტში მკაფიოდ იგრძნობა მწერლის სათქმელი. ეს ყველაფერი კი გაცილებით ლაკონურია, რადგან XXI საუკუნეა, მედიაეპოქა დგას და ენაც შესაბამისია. ადამიანები შეგრძნებებს რეალური ცხოვრებიდან კი არ იღებენ, არამედ მედიიდან. ეს არის მეორადი შეგრძნებები, სუროგატული განცდები, რაც კარგად გამოჩნდა ზაზას adibas-ში.
თანამედროვე რომანის ნაკლად მიმაჩნია ის, რომ მასში მედიის როლი ადექვატურად არ არის წარმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უხილავი მონსტრი ენასაც ცვლის და ტექსტის ქსოვილსაც. ნაკლია ისიც, რომ ხშირად ავტორი ლაპარაკობს თავის ტექსტზე და არ იცის, რა დაწერა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული, რა სურს. არც თვითკრიტიკა აქვს, რომ ეს ყველაფერი სწორად შეაფასოს.
რაც შეეხება მკითხველის როლს, ნიჭიერი ავტორი უდაბნოშიც რომ დარჩეს, იქაც ეყოლება წარმოსახვითი მკითხველი, მასთან იურთიერთებს და მისთვის დაწერს. მასობრივ მკითხველთან მიმართებაში საქმე უფრო რთულადაა. აქ გრავიტაციის მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე: თუ არსებობს ნაკითხი და მომზადებული მკითხველი, ადრე თუ გვიან ვაშლიც ჩამოვარდება და ნიუტონიც გამოჩნდება.
ბ. ს.: – მკითხველი შობს რომანს.
ჯ.რ.: – რასაკვირველია, მკითხველს დიდი როლი აქვს. საინტერესოდ არის გადმოცემული ეს ყველაფერი ლაშას “ლიტერატურულ ექსპრესში”, როდესაც მწერლები ერთმანეთის გამკითხველებას ცდილობენ. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორ უნდა გაამკითხველო საზოგადოების ნაწილი, რომელიც რიცხობრივად არცთუ მცირეა. დღეს მკითხველს ბევრი ვინმე გართმევს – შოუბიზნესი, სპორტი, პოლიტიკა. ყველა ცდილობს მიიზიდოს, გადაიბიროს იგი და კინოს მაყურებლად ან “სამიტინგე ხორცად” აქციოს. ანუ, სისტემა მწერალი – გამომცემელი – მკითხველი ამ ეტაპზე ჩაკეტილი არ არის.
ბ.ს.: – ერთ ტიპოლოგიურ თავისებურებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომელიც თანამედროვე ავტორებს ძველებისგან გამოარჩევს: ეს არის რეაგირება თანამედროვეობაზე. სულ რაღაც ორი წლის წინათ მოხდა ომი, რომელიც მის შემდეგ შექმნილ ყველა რომანში აისახა. არ მინახავს იმ პერიოდის მერე დაწერილი მეტნაკლებად საინტერესო ტექსტი, რომელიც ამ თემას არ შეხებია.Pპირველ რიგში გამოვყოფდი ზაზა ბურჭულაძის adibas-ს. სწორედ მისი კითხვისას გავაანალიზე, რომ 90-იანებში მომხდარ ქარტეხილებზე, ფაქტობრივად, არცერთი მსხვილი ლიტერატურული ტექსტი არ დაწერილა, გარდა ნაირა გელაშვილის რომანისა, რომელიც შარშან გამოვიდა. იმდროინდელი მოსაზრებით, მწერალი თანამედროვეობაში მომხდარ სოციალურ ძვრებს მაშინვე არ უნდა გამოხმაურებოდა და მასზე მაღლა დამდგარიყო. სწორედ ეს დამოკიდებულება გამოარჩევს ამ ორი ეპოქის ავტორებს ერთმანეთისგან.
ჯ.რ.: – ერთ-ერთ ესეში ელიოტი ამბობს, რომ დიდი სოციალური ძვრები და კატასტროფები დიდ ლიტერატურას შობს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იცვლება ღირებულებები, წინა პლანზე სულ სხვა რეალობა გამოდის და არალოგიკური იქნება, ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს. რაც შეეხება აგვისტოს ომს, ეს იყო 5-დღიანი და ძალზე სპეციფიური ომი. ომი გმირების გარეშე (არ ვგულისხმობ დაღუპულ ჯარისკაცებს. – ჯ.რ.). ის არ შეხებია ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტს, არც სამოქალაქო გმირობისა და პატრიოტიზმის განსაკუთრებული მაგალითები გვქონია. ამ ომმა, როგორც ზაზა ამბობს, ძირითადად მედიაში “ჩაიარა”. ამის მიუხედავად მას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რომანი, ოღონდ განსხვავებული ფორმის, რადგან ეს არ იყო ხუთწლიანი ბატალია, რომელიც ათასგვერდიან ეპოპეას შობდა.
ზ.ბ.: – მაგრამ თბილისში, რუსთაველზე გამართულ ომს საერთოდ არაფერი მოჰყოლია. არადა, ყველა ცოცხალი კლასიკოსი, ჩვენი ლიტერატურის ყველა ბურჯი მაშინ ფორმაში იყო.
ჯ.რ.: – ფორმაში იყვნენ, მაგრამ ეს ჩამავალი მზის ილუზიაა, რომელიც საცაა ჩაესვენება. როდესაც განსაზღვრული სიჩქარით მოძრაობ, უცებ მკვეთრად ხომ ვერ მოტრიალდები? როგორც ჩანს, მათაც ვერ აუღეს ალღო მოვლენებს, XXI საუკუნის ავტორები კი ჯერ არ ჩანდნენ ასპარეზზე.
მ.ხ.: – ჩემი აზრით, ძალიან ცოტაა სფერო, სადაც ქართული პროზა და რომანი მაგალითს იძლევა. ომის თემა ერთ-ერთია, თუ არა ერთადერთი, სადაც ქართული რომანი მედიას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აზრს უჩვენებს, როგორ შეიძლება ასახო, გადახარშო და გაანალიზო, რა იყო ეს ომი. ასეთი რამ პირველად მოხდა და ეს კარგია.
ზ.ბ.: – ომთან დაკავშირებით კიდევ ერთ რამეს დავამატებ. საერთოდ, ტყვია პოულობს ხოლმე გმირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა, რადგან ეს მართლაც ჩქაროსნული ომი იყო. სამაგიეროდ, ტყვიამ იპოვა ტექსტი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ტექსტუალურ ქსოვილში ვცხოვრობთ და ტექსტუალურად ვაზროვნებთ – გვინდა ეს თუ არა. როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ტექსტმა, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ის მედიალური ენა, რომელიც ჩვენი სამეტყველო ენაა და ჩვენვე განგვსაზღვრავს, არ არის საკმარისი დოზით ასახული ამ ყველაფერში. ანუ, მე არ მინდა, რომ ჩვენ დავრჩეთ ელიტურებად. პირიქით, მინდა ვიყოთ მასობრივები. რამდენად შევძლებთ ამას, სხვა საკითხია.
ჯ.რ.: – ზაზას ნათქვამს გავაგრძელებდი. ძალზე მნიშვნლოვანია, რომ რომანი და მისი ავტორი გახდეს მასობრივი, ენა – დღევანდელობის ადექვატური, რადგან მკითხველს გართმევს მედია, რომელიც მას სუროგატს სთავაზობს, მახინჯ სისტემას კრავს და გამოუვალ ვითარებას ქმნის. მოქმედებაა საჭირო და ბრძოლა მკითხველის გადასარჩენად. დღეს ჭაობში ვართ, საიდანაც ბარონ მიუნჰაუზენივით საკუთარი თავი უნდა ამოვიყვანოთ. ეს არ არის მხოლოდ მწერლისა და გამომცემლის პრობლემა, ეს ზოგადად ქვეყნის პრობლემაა, რათა ნორმალური საზოგადოება შეიქმნას.
მ.ხ.: – აქედან გამომდინარე ჩნდება შეკითხვა, უფრო სწორად განსჯა შეკითხვით: ვინ გვიწევს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას? ვგულისხმობ ავტორსაც და მკითხველსაც. პოლიტიკა და პოლიტიკოსები, რომელთაც ჩაანაცვლეს ოპერაც, რომანიც და ყველაფერი. და მედია, რომელიც პოლიტიკოსთა თვითპრეზენტაციის მედიატორია. გასაგებია, რომ ამ ადამიანებს ძალაუფლება აქვთ, მედია მათია და პრაიმ-ტაიმში ქართულ რომანზე, მკითხველის მოპოვებასა და მსგავს თემებზე არასოდეს იქნება საუბარი. გასაგებია, რომ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს რეალურად? პირველ რიგში ბაკურს ვეკითხები: როგორ გავყიდოთ რომანი და დავიბრუნოთ მკითხველი?
ბ.ს.: – ჯერ ერთი, დღეს რომანები გაცილებით კარგად იყიდება და ტირაჟიც ყოველწლიურად მატულობს, იმდენად, რომ 2000 ან 2003 წელთან შედარებაც კი არ შეიძლება. მთავარი კი, იცით, რა არის? ბოლო ორი წელია გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც მიმანიშნებს, რომ თანამედროვე პროზა სწორად ვითარდება და გეტყვით რატომაც: რით განსხვავდებიან XXI საუკუნის რომანისტები წინამორბედებისგან? იმით, რომ მედიისთვის წერენ. არცერთი კლასიკოსი, დღევანდელი ცოცხალი კლასიკოსების ჩათვლით, არ წერდა ჟურნალ-გაზეთებისთვის. ყოველ შემთხვევაში, არ გამიგია, რომ გურამ დოჩანაშვილს, ოთარ ჭილაძეს, ჭაბუა ამირეჯიბს ან ჯემალ ქარჩხაძეს ყოველკვირეული გამოცემისთვის დაეწეროს. მათ ეს არ სჭირდებოდათ, როგორც საარსებო წყარო. დღეს მე არ ვიცი არც ერთი მოქმედი თანამედროვე ავტორი, რომელიც დროგამოშვებით არ წერს პერიოდიკისთვის, არა მოთხრობას, არა რომანს, არამედ – ესეს, სტატიას, სვეტს,Dდაწყებული აკა მორჩილაძიდან, რომელიც, საერთოდ, სპორტული ჟურნალისტია, დამთავრებული ზაზა ბურჭულაძითა და ლაშა ბუღაძით. ყველა წერს. რით არის მნიშვნელოვანი ეს ფაქტი? იმით, რომ მკითხველს ზრდის. რატომ არის საინტერესო ჟურნალები “ლიბერალი” და “ტაბულა?”, ან “ცხელი შოკოლადი”? იმიტომ, რომ აქ მწერლები წერენ. ჩემი აზრით, მწერლების შესვლა ბეჭდურ მედიაში შეცვლის ვითარებას.
ჯ.რ.: – ამას “ტროას ცხენის” ეფექტი ექნება და მნიშვნელოვანი ეფექტიც,
რადგან მედიის გარდაქმნა დამკვირვებლის პოზიციიდან, სუფთა ხელებითა და იმის მოლოდინით, რომ ისინი თავად შეიცვლებიან, წარმოუდგენელია. მწერალი უნდა შევიდეს მედიაში, შეიტანოს ახალი სისხლი, იდეები, რაღაც დონეზე ვარსკვლავი გახდეს და ვითარებაც შეიცვლება. ბევრი ჩივის, რომ ქართული ტელევიზია მდარე ხარისხისაა, არ გვაქვს რუსული “კულტურა”-სა და გერმანული “არტე”-ს მსგავსი არხები.
ბ.ს.: – ამ შემთხვევაში კადრების პრობლემა იჩენს თავს.Kკადრები არ გვყავს. მწერლები, რომლებიც დღეს ჟურნალებისთვის წერენ, ორ გამოცემას ყოფნის, არადა, უფრო მეტია საჭირო.
ზ.ბ.: – მედიასივრცეში მწერლის შესვლა მართლაც მნიშვნელოვანი
მომენტია. კიდევ ერთ ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას: მწერალი, შემოქმედი თავისი დროის ადექვატური უნდა იყოს და შესაბამის ტექსტს ქმნიდეს – ფორმითაც და ენობრივი თვალსაზრისითაც. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი განსაზღვრებაა. ძალიან ბევრი ქართველი მწერალი ვიცით, რომელთაც ტომეულები დატოვეს, მაგრამ მათ შემოქმედებას დღეს არავინ კითხულობს, რადგან უცნაურ, გაუკრკვეველ დროსა და სივრცეზე წერდნენ. დღევანდელი პროზა, ჩემი აზრით, რეალური დროის ასახვაა, რეალური დროის ფიქსირება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება მოგვწონდეს ტექსტები, რომლებიც ზედროულია, მაგრამ მათი უმეტესობა ძალზე აქტუალურია. მაგალითად, აქტუალობის გარეშე ვერ გავიგებთ უელბეკს, რადგან ის დღევანდელ დღეზე გველაპარაკება.
მ.ხ: – უელბეკი ძალიან შორს წავიდა, მომავალშია უკვე.
ზ.ბ.: – ეს თავიდანვე ჩანდა, თუმცა ჩემთვის უელბეკზე გაცილებით დიდი ავტორია ამერიკელი ბრეტ ისტონ ელისი, რომელიც თითქმის ფოტოგრაფიულად ასახავს თანამედროვეობას. უწოდებენ კიდეც “ამერიკელ დოსტოევსკის”, რადგან ეპოქის სული დაიჭირა და ამოწოვა, ისევე, როგორც მილერმა – პარიზს. ჩემი აზრით, და ამას ხაზს ვუსვამ, დღეს მოკვდა არა მარტო ღმერთი, არა მარტო ავტორი, არამედ – გმირიც. დრო იქცა გმირად და იგი თავს სხვადასხვაგვარად წერს სხვადასხვა ავტორის მეშვეობით.
ჯ.რ.: – დღეს დრო აერთიანებს ყველა ეროვნების ავტორს. ინტერესი, რომელსაც ადგილობრივი კოლორიტი იწვევს ინგლისელ და ფრანგ მწერალში, რაღაც პერიოდის შემდეგ გაივლის. მერე უკვე რაღაც საერთო უნდა იპოვოს, თავისი პრობლემა ნახოს იმავე ინგლისელმა და გერმანელმა მკითხველმა ქართულ ტექსტში.
მ.ხ.: – ამ შეკითხვით ზაზას მინდა მივმართო. თანამედროვე რომანი ახსენე და მაინტერესებს რა მიგაჩნია თანამედროვე რომანად, ვის კითხულობ, რა დინებებია შემოსული მასში, რა თემები და სამწერლო ტექნიკები. რას ეჭიდავებიან ეს ავტორები? პირადად ჩემი საყვარელი ავტორებიდან ზოგი ცოტა ძველია, უფრო სწორად, სადღაც ჩარჩენილი. მაგალითად, პასკალ კინიარის მსგავსი სიტყვის ოსტატი ბევრი არ მეგულება, მაგრამ სულ სხვა სამყაროზე წერს. ჩემთვის თანამედროვე რომანია ის, რასაც აკეთებს მიშელ უელბეკი. ხანდახან ძალიან თანამედროვენი არიან ბრიტანელი მწერლები, ამერიკელებიც. ბევრის ჩამოთვლა შეიძლება: ჯულიან ბარნსიდან დაწყებული – დაგლას კოუპლენდის ჩათვლით. შენ რას ფიქრობ?
ზ.ბ.: – რამდენიმე გამოკვეთილად მნიშვნელოვანი მწერალია მსოფლიოში, რომლებიც მეტისმეტად აქტუალურნი არიან და კიდევ დიდხანს იქნებიან, იმიტომ, რომ თავის ეპოქას ასახავენ. რამდენიმეს გამოვყოფდი. აქ რამდენჯერმე ვახსენეთ უელბეკი. ამ ავტორს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩემთვის ის არ არის თანმედროვე ლიტერატურის მწვერვალი. გაცილებით მნიშვნელოვანია იგივე ბრეტ ისტონ ელისი თავისი “ამერიკელი ფსიქოპატი”-თა და “გლამორამა”-თი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩაკ პალანიკი, რომელსაც საზოგადოება ფილმით უფრო იცნობს. ეს არის “მებრძოლთა კლუბი,” რომელიც თავისთავად შესანიშნავი ტექსტია.
ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსი ავტორიც გამოჩნდა, 2008 წლის “მენ ბუკერის” ლაურეატი – არავინდ ადიგა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლიტერატურას არა მხოლოდ საზღვრები არ აქვს, არამედ ეთნიკური ნიშნებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან ცოტა განსხვავდება, არ მინდა დავივიწყოთ ორი ავტორი: ჰანტერ ტომპსონი თავისი გონზო-ლიტერატურით და ორჰან პამუკი, რომელმაც დღეს, როდესაც დიდი ფორმების საკითხავად აღარ გვცალია და დრო მართლა კომპაქტური გახდა, შემოგვთავაზა მოჩითული, მსხვილი მონასმით შექმნილი ულამაზესი ტილო-მაქმანი.
ჯ.რ.: – რომანიც და პატარა ტექსტიც ჩემთვის ინტელექტუალური კვლევაა და რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს. კერძოდ, დოკუმენტურობის ზღვარზე იდგეს და ამხელდეს საზოგადოების გარკვეულ ფენას. ამის მშვენიერი მაგალითია ბეგბედერის “99 ფრანკი”, რომელშიც სარეკლამო აგენტის მიერ დანახული რეკლამის სამყაროა ასახული: რა ხდება, რითი ცხოვრობენ ეს ადამიანები, როგორ ყარს შიგნიდან ყველაფერი. ეს რომანი დოკუმენტურობის ზღვარზე დგას. დიდ ავტორთაგან ზოგმა მსგავსი ტექსტი XX საუკუნის ბოლოსაც დადო. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მამხილებელი ტექსტები იყო, მაგრამ დოკუმენტური პროზა ნამდვილად არის. მაგალითად, ფილიპ როტს აქვს რომანი, სადაც დეტალურად აღწერს 86 წლის მომაკვდავი მამის სიცოცხლის ბოლო წელიწადს. ისეთი საინტერესო საკითხავია, ვერ მოწყდები. რაც მთავარია, სინამდვილე უდევს საფუძვლად. კიდევ ერთ ავტორს დავასახელებ. ეს არის შვედი სვენ დელბლანკი,Kკაცი, რომელსაც ხერხემლის სიმსივნე ჰქონდა და უსაშინლესი ტკივილებით იტანჯებოდა, რომანში თავისი ცხოვრების ბოლო დღეებს აღწერს. საოცარია, როგორ ღირსეულად იღებს საკუთარ ბედისწერას. არანაირი პანიკა. იგი ბოლომდე მწერლად დარჩა.
ქართულ სინამდვილეში ამ ტიპის ტექსტებიდან ლაშა ბუღაძის “ბოლო ზარი” მახსენდება, რომელიც ამხელს თინეიჯერულ სამყაროს. ასევე ზაზას adibas-იც.Aამ რომანის კითხვას რომ დაამთავრებ, უკვე იცი, რა არის adidas და რა – adibas. ორივე მამხილებელი ტექსტია – ერთი საზოგადოების ვიწრო ფენის, მეორე – უფრო მასშტაბური. ორივე დოკუმენტალიზმის ზღვარზეა და ქოლგით ჩხვლეტას წააგავს, ჩხვლეტას იმ იმედით, რომ თუ ვერ შეცვლი არსებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წესრიგს, ცოტა ხნით მაინც დააფიქრებ ადამიანებს.
ბ.ს.: – გავაგრძელებ თემას ორი პარალელით, რომელიც ძალიან კარგად ავლებს მიჯნას ძველ და ახალ ლიტერატურას შორის. შევადაროთ ერთმანეთს ორი თანამედროვე, ორიც შედარებით ძველი ავტორი და ნათლად დავინახავთ, რა არის თანამედროვე მწერლობა. ერთ-ერთი მათგანი მიშელ უელბეკია, რომლის მსგავსი დღესდღეობით არ მეგულება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. და უელბეკი რაღაცით ძალზე წააგავს კამიუს “უცხოს”. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ტექსტები ერთნაირად იწყება – იქ დედა კვდება, აქ – მამა. მსგავსია ამ ყველაფრის განცდაც, რომელიც წარმოუდგენელი სიმძაფრითა და ტრაგიზმით ჩანს ორივეგან, მაგრამ ერთგან ნაჩვენებია როგორ ხდება ეს ყველაფერი ლოკალურ გარემოში, მეორეგან კი – გლობალიზებულში. არ ვამბობ, რომელია უკეთესი, უბრალოდ ვაჩვენებ განსხვავებას.
მეორე მაგალითად ჯერომ სელინჯერისა და დიბისი პიერის წყვილებს მოვიყვან. შეიძლება სხვადასხვა კალიბრის მწერლები არიან, მაგრამ “თამაში ჭვავის ყანაში” და “ვერნონ გენიოს ლითლი” – თითქოს ერთი ტიპის ნაწარმოებია. ამავე დროს, რა საოცარი განსხვავებაა. აქ ძალიან კარგად ჩანს მედიის როლი, რომელიც ყველაფრით მანიპულირებს. მედია ქმნის ტრაგედიას.
მ.ხ.: – კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა. ფაქტობრივად, პარალელური რამ ხდება: თუ ჩვენთან მწერლები გაიფანტნენ მედიაში, დასავლეთში პროფესიონალი ჟურნალისტები ქმნიან ლიტერატურას.
ბ.ს: – მაგრამ ამავე დროს ლიტერატურა მედიაცაა, წიგნი ხომ ფაქტობრივად მედიაა.
მ.ხ.: – მეც მაგას ვგულისხმობ. რაღაც პერიოდი მედია იყო ტაძარიც, რადგან იქ ინფორმაციას იღებდი. ზუსტად იგივე ფუნქცია ჰქონდა რომანს. რატომ დაკარგა გარკვეული პერიოდი რომანმა თავისი სახე? იმიტომ, რომ მედიამ ჩაანაცვლა. მაგრამ ახლა საინტერესო ტენდენცია წამოვიდა – სხვა ტიპის რომანები გაჩნდა.
ბ.ს.: – XXI საუკუნეში გამოჩნდა პირველად ისეთი ფენომენი, როგორიცაა წიგნი-ბლოკბასტერი, მაგალითად “ჰარი პოტერი” ან სტიგ ლარსონის რომანები. ამან გამოიწვია ის, რომ რომანი ჩვეულებრივი საკითხავიდან უცებ მედიაფენომენად გადაიქცა. არა აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრშია დაწერილი, მთავარია, რომ მედიამ კი არ შექმნა რომანი, არამედ პირუკუ მოხდა – რომანმა უკარნახა პირობები მედიას. ეს XXI საუკუნის მოვლენაა.
ჯ.რ.: – მე სტივენ კინგსაც ამ ავტორთა შორის მოვიხსენიებდი.
ბ.ს.: – სტივენ კინგი ამ ტიპის მოვლენა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაყიდვები ჯამურად შეიძლება ყველაფერს აღემატებოდეს. მხოლოდ XXI საუკუნეში გაჩნდა ფენომენი, როდესაც წიგნის გამოსვლას უზარმაზარი ინტერესი, აჟიოტაჟი და რიგები მოჰყვება ხოლმე. ამის მშვენიერი მაგალითია “და ვინჩის კოდი.” მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგი სჯობს დენ ბრაუნს, მისი წიგნების გამოსვლა მსგავსი სოციალური მოვლენა არ გამხდარა. აქაც დროის ფაქტორი მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, კინგს დღეს რომ დაეწყო წერა, “და ვინჩის კოდის” ეფექტს მოახდენდა. კიდევ ერთ ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი. დღეს შეიცვალა რომანის ზეგავლენა მასაზე. ლიტერატურაში შემოვიდა ბლოკბასტერის ელემენტები.
ზ.ბ.: – ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ზოგადად ძალადობა წამოვიდა წინა პლანზე. XXI საუკუნის ლიტერატურა ძალადობის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
ჯ.რ.: – ესეც მედიის გავლენაა. ყველაზე კარგად იყიდება სისხლი. ჩვენ მედია შემოვიყვანეთ კონკურენტად, მაგრამ ბაკურმა დაასახელა ნაწარმოებები, რომელთაც ეკლესია ებრძვის. XX საუკუნის დასაწყისში კრიტიკოსები კონკურენტად განიხილავდნენ ბეჭდვით მედიას და ეკლესიას. დღეს გაზეთი ტელემედიამ შეცვალა, რომელიც უფრო მდიდარიც არის და აგრესიულიც. სამწუხაროდ, ჩვენი განვითარების სპეციფიკის გამო, ეკლესიაც შემაფერხებელ საშუალებად დარჩა და ნუ ვიტყვით, რომ ეს ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორია. ეკლესია ითხოვს, რომ ლექსიკა დარჩეს ნორმატიული, ტექსტს ჰყავდეს გმირი, პროტაგონისტი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, რაც თანამედროვე სამყაროში ტექსტს დამაჯერებლობას უკარგავს.
მ.ხ.:- პრინციპში, წინსვლის შანსსაც უკარგავს. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხოთ, ეს არის თარგმნილი რომანი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები, რომელთაც შეცვალეს ქართული ენა.
ბ.ს.: – XIX საუკუნეში “სამი მუშკეტერის” თარგმნამ, ფაქტობრივად, ქართული სალიტერატურო ენა ჩამოაყალიბა.
მ.ხ.: – ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილმა “ჰამლეტმა” და “მეფე ლირმა” შეცვალა ბევრი რამ.
ჯ.რ.: – “მექანიკური ფორთოხლის” ჟარგონიც მნიშვნელოვანი იყო.
ბ.ს.: – “მექანიკურ ფორთოხალს” არავითარი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ცუდ დროს გამოვიდა, მაგრამ “თამაშმა ჭვავის ყანაში”, რომელიც 1961 წელს ითარგმნა, არსებითი გავლენა მოახდინა, მათ შორის, ენაზეც.
ზ.ბ.: – თავის დროზე რომ არ მქონოდა წაკითხული რაბლეს გურამ გოგიაშვილიესული თარგმანი, “მინერალურ ჯაზს”, უბრალოდ ვერ დავწერდი.
მ.ხ.: – მით უმეტეს, “სახარება ვირისა”-ს.
ზ.ბ.: – “სახარება ვირისა” ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ტექსტია. უფრო მწერლის სამზარეულო, რომელიც სამზეოზე გმოსატანი არც იყო. შეიძლება რამდენიმე ადამიანისთვის მიმეცა წასაკითხად, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.
მ.ხ.: – ისევ თარგმნილ რომანს მივუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ავტორებიდან ვინ ახდენს ზეგავლენას დღევანდელ ქართულ პროზაზე? მე, მაგალითად, პირადი საუბრებიდანაც ვიცი და ისედაც ვატყობ, რომ ჩვენი შემდგომი თაობის მწერლებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ბეგბედერი.
ბ.ს.: – კარგი ავტორის მნიშვნელოვანი ნაწარმოების თარგმანი აუცილებლად მოახდენს გავლენას ენაზეც და ლიტერატურის განვითარებაზეც. მაგალითად, ახლახან ბრწყინვალედ ითარგმნა პამუკის შესანიშნავი რომანი “მე წითელი მქვია”. შეუძლებელია, ამან უკვალოდ ჩაიაროს. ეს არ იქნება ერთ და ორ თვეში, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგს აუცილებლად ვნახავთ. იგივე შემიძლია ვთქვა უელბეკის “პლატფორმა”-სთან დაკავშირებითაც. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი ტექსტი და ავტორი, ვისაც ასეთი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, კარგად ითარგმნოს.
ჯ.რ.: – სანამ გავლენაზე ვიტყოდი, მინდა შევეხო, რამდენად სისტემურია და ორგანიზებული სათარგმნი მასალა, ვინ თარგმნის, რას თარმნის, ვინ არჩევს. ვფიქრობ, ეს სისტემის სახით არ არის ჩამოყალიბებული.
მ.ხ.: – ჩემი აზრით, აუცილებელია არსებობდეს კომისია ან ჯგუფი, რომელიც გაითვალისწინებს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესს, ანუ იქნება აბსოლუტურად პლურალისტული. მანვე უნდა შეადგინოს სათარგმნი ლიტერატურის ნუსხაც, რომელიც ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის ნაწილად იქცევა.
ბ.ს.: – მე კი ასეთი მიდგომა არასწორად მიმაჩნია და რატომ: პრობლემა ის კი არ არის, რომ თარგმანთან დაკავშირებით ზოგადი პოლიტიკა არ არსებობს, ამას ერთი გამომცემლობაც იოლად განსაზღვრავს, არამცთუ ამდენი ერთად. ჩვენთან რეალურად კვალიფიციური მთარგმნელების დეფიციტია. რაც უნდა კარგი გეგმა შეადგინო, თუ მთარგმნელი არ არის, ვერაფერს გააკეთებ. მაგალითად, ამ ეტაპზე ესპანურენოვანი ლიტერატურის თარგმნა მინდა, მაგრამ მთარგმნელებს ვერ ვპოულობ. მომიყვანე კარგი მთარგმნელი ყველა ენიდან და ყოველგვარი კომისიის გარეშე მშვენიერ ტექსტებს გითარგმნი.
მ.ხ.: – კომისია მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი მკითხველის მოთხოვნა იქნეს გათვალისწინებული და არ ხდებოდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის დაკმაყოფილება.
ბ.ს: – მესმის, მაგრამ რა უნდა ქნას კომისიამ, როცა საქართველოში ვერ იპოვი ადამიანს, რომელმაც პორტუგალიური იცის?
მ.ხ.: – ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული – მკითხველი, მთარგმნელი, ტექსტი.
ჯ.რ.: – ბაკურ, როგორც გამომცემელს გეკითხები: კულტურის სამინისტროს აქვს “ქართული წიგნის განვითარების პროგრამა.” რა უფრო მნიშვნელოვანია, ქართულიდან ითარგმნოს და ამაზე დაიხარჯოს თანხა თუ პირიქით?
ბ.ს.: – ორივე აუცილებელია. ქართული პროზა ვერ განვითარდება, თუ ქართულ ენაზე სერიოზული მთარგმნელობითი საქმიანობა არ წარიმართა. 4-5 ადამიანს არ ვგულისხმობ. ძალიან ბევრი მწერალი უნდა წერდეს გამართულად, პროფესიონალურად, ამას კი ვერ მიაღწევ, თუ ყველაფერი არ გექნება ნათარგმნი. ამაში გეთანხმები, მაგრამ ჩვენ მიზნისკენ სხვადასხვა გზით მივდივართ. პრობლემა ის კი არ არის, რომ არ ვიცით, რა გავაკეთოთ, არამედ – როგორ განვახორციელოთ.
ჯ.რ.: – ვფიქრობ, ხანგრძლივად თუ მოძებნი და დაელოდები ესპანური ენიდან მთარგმნელს, ადრე თუ გვიან გამოჩნდება.
ბ.ს.: – კი, მაგრამ ძალიან დიდი დროის შემდეგ. სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ასეთი რამ არ გამოდის. ანუ, ძირეულ გარდატეხას რომ მიაღწიო, სპეციალური პროგრამა გჭირდება.
მ.ხ.: – მეც მანდ ვარ, ანუ სახელმწიფოს მხარდაჭერაში ფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ, სახელმწიფოს, როგორც ორგანიზატორს. საფრანგეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ, იქ ლიტერატურისთვის ძალიან ბევრი გრანტია გამოყოფილი. გარდა ამისა, სახელმწიფო იზიდავს კერძო ინვესტიციებსაც. გასაგებია, რომ ჩვენ განვითარების სხვა საფეხურზე ვართ, მაგრამ გარკვეული თანადგომა ალბათ შესაძლებელია.
ბ.ს.: – გარდატეხაც საჭიროა და მცირედი მოთმინებაც. ხომ ცხადია, რომ ყველა ის წიგნი, რომელიც ქართულად უნდა გვქონდეს, ერთ და ორ წელიწადში ვერ ითარგმნება, ყველა ენიდან მთარგმნელი რომც გაჩნდეს. ამისათვის აუცილებელია უამრავი ცვლილება, რასაც დრო სჭირდება, მაგრამ ახლავე თუ არ ვიფიქრეთ ამაზე, პროცესი კიდევ უფრო გაიწელება… ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრობს სოფელში და გადაწყვეტილი აქვს, გახდეს მწერალი, რაღაცას კი დაწერს, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდება თანამედროვე ავტორი. ყველაფერთან ერთად, არც ენა იცის, რომ ამ ტექსტებს ორიგინალში ეზიაროს, ამიტომ მისი თვალსაწიერი ძალიან ვიწროა. აქედან გამომდინარე, სტიგ ლარსონი საქართველოში, სულ ცოტა, ათი წელი მაინც ვერ გაჩნდება. ამის თეორიული შანსიც კი არ გვაქვს.
ზ.ბ.: – დღეს ძალიან მოდაშია მემუარული ლიტერატურა, თუმცა საქართველოში არც ეს ჟანრია განვითარებული. მსახიობები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები სხვადასხვა სატელევიზიო შოუში მიდიან და ერთჯერადად იცლებიან ემოციებისგან. არადა, ეს ყველაფერი ფურცელზე რომ გადაეტანათ, გაცილებით საინტერესოც იქნებოდა და სხვა ადამიანებიც წაიკითხავდნენ. გასაგებია, რომ წერა ყველას არ შეუძლია, ამიტომ უნდა არსებობდნენ ავტორები, რომლებიც სხვის ბიოგრაფიებზე იმუშავებენ. თანამედროვე ქართველ მწერლებს არ უნდა მოერიდოთ ამ საქმიანობის. პირადად მე სიამოვნებით დავუჯდებოდი რომელიმე საინტერესო პიროვნებას და მისი მონათხრობის მიხედვით მისსავე ბიოგრაფიას დავწერდი.
ჯ.რ.: – ამ საკითხზე გამომცემლებმა უნდა იმუშაონ.
ბ.ს.: – თავის დროზე ვაპირებდი მოქმედი პოლიტიკოსების მემუარების გამოცემას. საინტერესო პროექტი იყო: პოლიტიკოსები მოუყვებოდნენ თავისი ცხოვრების შესახებ ავტორს, რომელიც ამ ყველაფერს ტექსტად აქცევდა. პირველი წიგნი ზურაბ ჟვანიაზე უნდა ყოფილიყო. ბატონი ზურაბი დავითანხმეთ, მუშაობაც დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ ეს წამოწყება აღარ გამოვიდა. მიზეზი – ისევდაისევ კადრები. ჟანრული ლიტერატურის მსგავსად, კარგი მწერლები არც აქ გვყავს. თუმცა ბოლო ხანებში ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რომელიც ამ მიმართულებით იმედს მაძლევს: ბლოგერები, რომელთა რიცხვი გეომეტრიული სისწრაფით იზრდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წერენ. თანაც, ძალიან ახალგაზრდები, ფაქტობრივად, თინეიჯერები. სწორედ მათ უნდა დაუდონ საფუძველი შემდგომი თაობის ქართული პროზის განვითარებას.
ჯ.რ.: – ისევ ბაკურის ნათქვამს დავუბრუნდები მწერლების რაოდენობასთან დაკავშირებით. მავანი მიიჩნევს, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სელექციის თვალსაზრისით სწორედ რიცხოვნებაა მნიშვნელოვანი. დასავლეთში ეს მოწესრიგებულია. შოტლანდიაში, მაგალითად, 100 ათასი მორაგბეა. საქართველო სარაგბე ქვეყანა რომ იყოს, 20-30 ათასი სპორტსმენი უნდა გვყავდეს, ანუ გარკვეული რაოდენობა, რომ მერე საუკეთესოები აარჩიო. იგივეა მწერლობაშიც. ანუ, ის, რომ ჩვენი წინა თაობა ეჭვის თვალით უყურებდა მომრავლებულ მწერლებს და წუხდა, ახლა ყველა მწერალი გახდაო, რეალურად სულაც არ არის შემაშფოთებელი. რა არის ამაში ცუდი?
მ.ხ.: – წელიწადში 30 რომანი როგორ არ უნდა გამოდიოდეს?
ბ.ს.: – ამასწინათ შევამოწმე, რამდენი რომანი გამოდიოდა საბჭოთა კავშირის დროს. ხომ გვეგონა, რომ მაშინ მწერლობას იდეალური პირობები ჰქონდა და ქართული ლიტერატურა ყვაოდა? იმაზე მეტი, რაც დღეს არის, თურმე არც მაშინ გამოდიოდა.
ჯ.რ.: – არ დაგავიწყდეს, რომ იმ დროს მწერალი საკრალური პიროვნება იყო და ცენზურაც მოქმედებდა.
მ.ხ.: – მაშინ ბევრი მწერალი არც წერდა, უფრო მწერლობდა.
ზ.ბ.: – რაც მთავარია, არც კითხულობდა.
ბ.ს.: – მწერალი იყო მანდატის მფლობელი. ხუმრობა იქეთ იყოს და რაოდენობის ზრდის გარეშე არაფერი გამოვა. მერე ზოგი წერას გააგრძელებს, ზოგი თარგმანში წავა. სხვანაირად ლიტერატურა ვერ ამოძრავდება.
მ.ხ.: – შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, მე მგონი იმედის საფუძველი გვაქვს.
ბ.ს.: – მე იმედს ბლოგერები მაძლევენ, ანუ თავად ბლოგერები კი არა, მათი რაოდენობა.
ჯ.რ.: – და ტექსტებიც, იმიტომ რომ ინტერნეტ-სივრცეს აქვს თანამედროვე რომანის ენა. გინდა თუ არა, იმ ენით უნდა წერო.
მ.ხ.: – აბსოლუტურად გეთანხმებით შენც და ბაკურსაც. ერთს დავამატებ. მე, მაგალითად, ერთადერთი რამის გამო ვარ “ფეისბუკში”: ჩემს თავსაც ვცდი და ჩემს მეგობარ-მკითხველსაც – რამდენად მგრძნობიარენი არიან ჩემი და სხვების ენობრივი თამაშების მიმართ და პირიქით. საამისოდ “ფეისბუკი” შესანიშნავი საშუალებაა. გაზეთში ამას ვერ მოახერხებ, ვერც ბლოგზე, რადგან ბლოგი უფრო გაბმული ტექსტია, აქ კი წერტილოვანი დარტყმები ხდება. ფაქტია, ბოლო პერიოდში ამ ქსელმა ქართული ენა ძალიან მოქნილი გახადა.
ბ.ს.: – გეთანხმები, რადგან ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომელთაც არასოდეს არაფერი დაუწერიათ, ქსელებში დაიწყეს წერა. როცა რაღაცას წერ, თუნდაც მეილს, უკეთესი მკითხველი ხდები.
მ.ხ.: – დავამატებ იმასაც, რომ დღეს დამოუკიდებელი საიტები სატელევიზიო მედიების ალტერნატივად იქცა. აქ შეულამაზებელ ინფორმაციას ნახავ და საერთოდ, ღია სივრცეა, სადაც ნებისმიერი ადამიანის ნახვა და მისი კომენტარის წაკითხვა შეიძლება. ქსელში კითხვა რეალურ სამყაროში კითხვის ალტერნატივად იქცა, თუმცა ქსელს შეუძლია დაეხმაროს რეალურ წიგნებსაც. ეს მაშინ მოხდება, როცა მეტი იქნება რეცენზირება, შეფასება, კრიტიკა და კამათი.
ბ.ს.: – თანამედროვე მედიები ძირითადად კითხვას უკავშირდება. “ფეისბუკი” იქნება, ბლოგი თუ სხვა რამ, საბოლოოდ ყველაფერი მკითხველის და მწერლის წარმონაქმნია.
მ.ხ.: – მოკლედ, ვიკითხოთ ინტერნეტშიც და რა თქმა უნდა, ინტერნეტს გარეთაც.
მოამზადა ნანა კობაიძემ
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box
2 Comments
Anonymous
“ზ.ბ. მაგრამ თბილისში, რუსთაველზე გამართულ ომს საერთოდ არაფერი მოჰყოლია. არადა, ყველა ცოცხალი კლასიკოსი, ჩვენი ლიტერატურის ყველა ბურჯი მაშინ ფორმაში იყო.”
როგორც მახსოვს, ოთარ ჩხეიძის რომანები სწორედ რომ “ცხელ კვალზე” იწერებოდა.
მკითხველი
ასეთი საინტერესო მრგვალი მაგიდის საუბრები კაი ხანია არ წამიკითხავს