თარგმანი,  პროზა (თარგმანი)

იუან მეი (XVIII ს.) – მორჩილი ოცნებობს ვეფხვზე

თარგმნა დავით შერგელაშვილმა

ერთმა ბუდისტმა ბერმა, რომელიც უტაიშანის მთებში ცხოვრობდა, მორჩილად სამი წლის ბიჭი აიყვანა.

უტაიშანის მთა მეტად მაღალია, ხოლო ბერი და ბიჭი ყველაზე მაღალ მწვერვალზე ცხოვრობდნენ, მთელი გულით სრულყოფილებას ესწრაფოდნენ და ქვემოთ ერთხელაც არ ჩამოსულან.

ათი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ბარში ჩამოვიდნენ, მორჩილმა პირველად დაინახა ჯორები, ცხენები, მამლები, ძაღლები.

ამიტომაც, ბერი ყველაფერს უხსნიდა: აი, ეს – ჯორია, მისით მინდვრის მოხვნა შეიძლება; ეს ცხენია – მისით მისვლა-მოსვლა შეიძლება; ეს კი – ძაღლია, ის სახლს დარაჯობს.

მორჩილი პასუხად თავს უქნევდა.

მალე მათ გვერდით ახალგაზრდა გოგონამ ჩაიარა.

– და ეს რა არის? – იკითხა მორჩილმა.

ბერმა, რადგანაც არ სურდა, რომ მორჩილს ამგვარ არსებებზე ეფიქრა, სერიოზული სახით უპასუხა:

-ეს ვეფხვია, ყველას ჭამს, ვინც მიეკარება, ერთ პატარა ძვალსაც კი არ ტოვებს.

საღამოს, როცა ისინი შინ დაბრუნდნენ, ბერმა ჰკითხა:

– რაო, მოგეწონა რაიმე არსება, იქ, ქვემოთ?

– არა! – უპასუხა მორჩილმა, – მხოლოდ ის ვეფხვი, ადამიანებს რომ ჭამს, ძალიან მომეწონა. არაფრით გონებიდან არ ამომდის…

© არილი

Facebook Comments Box