თარგმანი

ჯეინ ოსტინი – დაუსრულებელი ტექსტი

Literary Hub

ჯეინ ოსტინმა, უდავოდ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწერალმა მათ შორის, ვინც ინგლისურ ენაზე წერდა, წლები იბრძოლა გამოქვეყნებისთვის. ის არაერთხელ ყოფილა იმდენად გულგატეხილი, რომ ლამის დანებდა კიდეც.

ამბავი იწყება მაშინ, როცა ჯეინი ჰემფშირში ცხოვრობდა და თითქმის ოცი წლის იყო. 1795 წლის ზამთარში ოსტინის პირველი ვრცელი რომანი დაიწერა. გამოჩნდა ტომ ლეფროი, მოიხიბლა ჯეინი, აღინიშნა 16 დეკემბერს მისი დაბადების დღე, მაგრამ, მიუხედავად მტკიცებულებისა, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი ძალიან იზიდავდათ, მიუხედავად წერილისა, რომელშიც ჯეინს ტომის დიდი იმედი აქვს, ნიშნობა არ შემდგარა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწინებაზე. პრობლემა ფული იყო. როგორც, ჩვეულებრივ, ოსტინის სამყაროში არის ხოლმე.

ზოგიერთი ბიოგრაფის, მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესო მათგანის, კლერ ტომალინის აზრით, ეს იყო გარდამტეხი მომენტი ოსტინის ცხოვრებაში: „არა ტომ ლეფროი ან ვინმე მისი მსგავსი, ვინც მის თავგადასავლად გადაიქცა, ეს იყო ხელნაწერი. არა ქორწინება, არამედ ხელოვნება“. მაგრამ, ტომალინის აზრით, ამას სინანულის გარეშე არ ჩაუვლია. ოსტინს, შესაძლოა, რომანისტის კარიერა ტომ ლეფროიზე დაქორწინებაზე გაეცვალა: „ეცხოვრა უსახელოდ ირლანდიაში და გაეზარდა ბავშვები დიდ ოჯახში“.

სინანული (მწუხარებაში ან კრეატიულობაში, ან ორივე მათგანში განსხეულებული) ჯეინ ოსტინის ცხოვრების დანახვის ერთ-ერთი გზაა – ჯეინმა ქმრისა და ოჯახის პოვნის სურვილის სუბლიმაცია წერაში მოახდინა. ეს აზრი ვიღაცას იქნებ სასაცილოდ მოსჩვენებოდა, რომ არა მისი იდეები, რომლებსაც მტკიცე საყრდენი აქვს. როგორც ჩანს, „ნორთენგერის სააბატოს“ ირონიული დასასრული დაწერილია ქალის მიერ, რომელიც „მის ადრეულ ოციან წლებში მარტოობისა და სექსუალური სურვილების გამო დესტრუქციის ზღვარზე იყო“. რომანი აჩვენებს, რომ ის სვამს ძველ შეკითხვას: „სად არის კაცი ჩემთვის?“ – წერდა 1984 წელს ჯონ ჰელპერინი.

როგორც ვიცით, ჯეინს ერთხელ სთხოვეს ხელი: 1802 წლის დეკემბერში, ჰარის ბიგ-ვიზერმა. ჯეინი დათანხმდა, ბევრი იფიქრა და ბოლოს უარყო თავისი პირობა. ჩვეულებრივ, ამ მოვლენის შეფასებისას დიდ წუხილს არ გამოთქვამენ იმის გამო, ჯეინმა მარტოხელობა რომ არჩია და დაქორწინებაზე უარი თქვა. წუხილს ის რწმენა უმსუბუქებთ, რომ ამ წინადადების უარყოფით სამყარომ მისი რომანები შეიძინა.

თუმცა ამ მომენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჯეინის ცხოვრებაში არ უნდა ჰქონოდა: ეს იყო რვა წლით ადრე, ვიდრე სამყარო მის რომანებს იხილავდა.

სადღაც, ამ ორ მოცემულობას შორის, იყო შესაძლებლობა, რომ თუ ოსტინი დაქორწინდებოდა ან მისი ფინანსური მდგომარეობა როგორღაც გაუმჯობესდებოდა, მისი მწერლობა ნახევრად პირად რამედ დარჩებოდა, როგორც ახალგაზრდა ქალისთვის იყო შესაფერისი, რომელსაც საკუთარი შემოსავალი აქვს, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულია თუ არა. როგორც ვიცით, ჯეინის მამამ, ჯორჯმა 1797 წლის 1 ნოემბერს წერილი მისწერა გამომცემლებს, სადაც სთავაზობდა „ხელნაწერ რომანს, სამი ნაწილისგან შემდგარს, დაახლოებით ფრენსის ბარნის „ეველინას“ ზომისას“. ოსტინი მათ გამოქვეყნების ღირებულების შესახებაც ეკითხებოდა.

ჯორჯ ოსტინი, სავარაუდოდ, „სიამაყე და ცრურწმენას“ პირველ ვერსიას გულისხმობდა, თავდაპირველად სახელდებულს, როგორც „პირველი შთაბეჭდილებები“, რომელიც ჯეინმა წინა წელს დაწერა. თუმცა გამომცემლებმა არ უპასუხეს და წაკითხვაზეც კი უარი თქვეს.

1797 წელს რომანის უარყოფას ჯეინისთვის ხელი არ შეუშლია, რომ თავისი საწერი მაგიდა თან ეტარებინა ყველგან, სადაც ცხოვრება წაიყვანდა. როცა ჯორჯ ოსტინმა გადაწყვიტა, ჰემფშირი დაეტოვებინა, ოსტინის ცხოვრება მუდმივ მგზავრობად იქცა და ბევრი მას არასტაბილურადაც აღიქვამდა.

თუმცა ის კვლავ წერდა. მეტიც, 1803 წელს წარმატებით გაყიდა რომანი „სუზანი“, მიიღო საავტორო უფლებების ანაზღაურებაც – ათი ფუნტი – რომელიც მამამისმა მოიპოვა (როგორც წინა წარუმატებელი მცდელობისას, როცა „პირველი შთაბეჭდილებების“ გაყიდვა სურდათ, საქმეს კვლავ ჯეინის მამაკაცი ნათესავები ან მათი წარმომადგენლები წარმართავდნენ). ეს ცარიელი ტრიუმფი აღმოჩნდა, რადგან გამომცემელს არაფერი გაუკეთებია რომანის დასაბეჭდად. არა უშავს – ოსტინმა ახალი რომანი დაიწყო 1804 წლის დასაწყისში. დეკემბერში კი ოცდარვა წლის გახდა.

შემდეგი დაბადების დღისთვის თავისი სამუშაო მიატოვა. დაწერა ახალი რომანის დასაწყისი რამდენიმე თავი, მაგრამ წერა არ გაუგრძელებია. რას გვეუბნება ეს თავები (მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ გამოქვეყნებული, როგორც „უოტსონები“) ან რატომ გადადო ისინი გვერდზე?

თუ მათ წაიკითხავთ, გაგაოცებთ მათი სიბნელე. სამყარო, რომელშიც ემა უოტსონი, ოსტინის გმირი ქალი, ცხოვრობს, სულაც არაა საშინელი, არავინაა მშიერი და უსახლკარო, მაგრამ ის სავსეა ბიწიერი, იმედგაცრუებული და სნობი ქალებით, რომლებიც სრულიად მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობენ.

დასაწყისი თავების სიმწარიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებდა ოსტინი აუცილებელი „რომანტიკული“ დასასრულის მოფიქრებას წყვილისთვის ან ამბის ქორწინების ნეტარებით დაბოლოებას. მამაკაცები ამ წიგნში წარმოდგენილნი არიან, როგორც აბსოლუტურად არასაჭირონი, ქორწინება კი სრული ბანკროტია, რომლის ჯილდოდ ან მიზნად აღქმა ახალგაზრდა ქალისთვის მხოლოდ აბსურდად შეიძლება ჩაითვალოს. აქ ოსტინი მწერლურ ენერგიას მთლიანად ემას ცხოვრებისკენ და მისი დისკენ, ელიზაბეტისკენ მიმართავს.

ფიქციური დების ურთიერთობასა და ჯეინისა და კასანდრა ოსტინების ცხოვრებას შორის ადვილია კავშირების აღმოჩენა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ დაწერილ წერილში ოსტინი წერს ყოველდღიური ცხოვრების კლაუსტროფობიაზე, ბანალურ სოციალურ შეხვედრებზე, სავალდებულო სტუმრობებზე, მოსამსახურეების თავგადასავლებზე, ავადმყოფობებზე და ეს წერილიც მეტყველებს მის შეხედულებებსა და დამოკიდებულებებზე.

ხსენებულ რომანში ემა უოტსონი ელაპარაკება ამაყ და მდიდარ ლორდ ოსბორნს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს, გქონდეს ცოტა ფული და უხსნის, რომ ქალებს შეუძლიათ, კარგად გაუმკლავდნენ საქმეებს, თუმცა მცირე შემოსავალს მაინც ვერ გაზრდიან. ემას საუბრის მანერა და მისი ნათქვამი ლორდ ოსბორნს დააფიქრებს.

ეს ის შემთხვევაა, როცა ოსტინის ქალი პერსონაჟები პატრიარქალურ ღირებულებებს უპირისპირდებიან? მიუხედავად იმისა, რომ სატირულად საუბრობს ქორწინებაზე, წერს, რომ ქალები თავიანთი დროის ლეგალური, ეკონომიკური თუ სოციალური სტრუქტურების მახეში არიან გაბმულნი, ის მთლიანად მაინც არასოდეს აკრიტიკებს ამ სტრუქტურებს. მისი გამოსავალი, სულ მცირე 1804 წელს მაინც, არის კარგი ქალისა და განათლებული კაცის ურთიერთობა.

შესაძლოა, ეს სტრატეგიაა. ან იქნებ მისი პოლიტიკური კონსერვატიზმითა და ანგლიკანური რწმენითაა განპირობებული, რომ ის ემას შემთხვევას გვიჩვენებს, როგორც ფემინური ძალის სწორი გამოყენების მაგალითს. მაგრამ შეკითხვა კვლავ რჩება: შეუძლია ემა უოტსონს, როგორც პერსონაჟს, შეუძლია ჯეინ ოსტინს, როგორც მწერალს, მორალურად გაანათლოს მამაკაცი? ოსტინის პასუხი „არა“ უნდა ყოფილიყო, რაც შესაძლოა იმის მიზეზიც გახლდათ, რომ ოსტინმა არ დაასრულა ემა უოტსონის ისტორია.

მე მჯერა, მაგრამ, ცხადია, დამტკიცება არ შემიძლია, რომ ოსტინმა იცოდა, ის, რასაც წერდა, ძალიან მარტივი და უბრალო იყო, ქალების დამოკიდებულების მონახაზი კი ძალიან მკვეთრი. ესაა კონკიას ამბავი, მეჯლისის პერსპექტივის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ პრინცზე. ოსტინმა იცის ან სჯერა ცხოვრების იმ ეტაპზე, რომ თუ სურს, დაიბეჭდოს, რომანტიკული სიუჟეტი სჭირდება. „უოტსონები“, შესაძლოა, პატრიარქალური წნეხის ტრაგიკული მსხვერპლი არაა, მაგრამ ოსტინის პატარა ჭუჭყიანი საიდუმლოა, სულისშემძვრელი სატირა, რომლის წერაც იქნებ უნდოდა კიდეც, მაგრამ შეუთავსებელი აღმოჩნდა უფრო ძლიერ სურვილთან – ყოფილიყო ავტორი, რომლის ტექსტებსაც დაბეჭდავდნენ.

მისი შემდეგი ნაბიჯი, თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყმაწვილო ტექსტი, ეპისტოლარული „ლედი სუზანი“, ალბათ, კარგი მცდელობა იყო პუბლიკაციისთვის, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ოჯახის გამხიარულება სურდა. მაგრამ შემდეგ, 1805 წელს, მამამისის მოულოდნელი გარდაცვალებისას, ჯეინი, დედასთან და დასთან ერთად, მთლიანად დამოკიდებული გახდა მათი მამაკაცი ნათესავების კეთილ ნებაზე და ისე, როგორც არასდროს, მათ ოჯახს ფულიც სჭირდებოდა და გართობაც. მაგრამ ჯეინს გაგრძელება აღარ შეეძლო, მან რომანების წერა შეწყვიტა.

შემდეგი ოთხი წელი ოსტინი მხოლოდ წერილების წერდა, მაგრამ მერე ისევ ყველაფერი შეიცვალა. ოსტინის ძმამ, ედვარდმა (რომელიც მდიდარმა, უშვილო ნათესავებმა იშვილეს) ჯეინს, კასანდრასა და მათ დედას, ოჯახის მეგობართან ერთად, საცხოვრებლად კოტეჯი დაუთმო. ხეტიალის წლები დასრულდა. 34 წლის ჯეინს სახლი ჰქონდა – ჩავტონი.

ხეტიალთან ერთად, სიჩუმის წლებიც სწორედ ჩავტონში დასრულდა.

ჯეინ ოსტინის რომანი პირველად 1811 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო „გრძნობა და გონება“. ხოლო „სიამაყე და ცრურწმენა“, რომელსაც ჯეინი „თავის საყვარელ ბავშვს ეძახდა“, 1813 წელს გამოიცა.

ჯეინი ოსტინი 1817 წელს გარდაიცვალა, 41 წლის ასაკში.

© არილი

Facebook Comments Box