სეხნია
მე თამარაშნელი ვარ.
ჰო, იმ თამარაშნიდან.
ჩემი პაპა-დიდედა და ამ წუთისოფლიდან წასული ყველა მოკეთე-ნათესავი მაცხოვარზე წევს. მაცხოვარს სოფლის ძველ სასაფლაოს ვეძახით, წალკოტი ადგილია – აღმოსავლეთით რუ უდის, დასავლეთით კი თვალჩაუწვდენი ფლატეა. ფლატის ძირში დიდი ლიახვი მიშხუის.
გერმანიასთან ომი 1945-ში დამთავრდა.
ვასო კევრიშვილი ორმოცდაექვსში დაბრუნდა საღსალამათი. დაქორწინდა, ფეფუცა მოიყვანა. მალე ვაჟი შეეძინათ.
ვასო პაპაჩემთან გადმოვიდა – ნებართვა ითხოვა, ჩემ ბიჭს თქვენი შვილიშვილის სახელი მინდა დავარქვაო.
ასე შევიძინე, შვიდი წლისამ, სეხნია.
გაიზარდა ეს ჩემი სეხნია. დაკაცდა, დაცოლშვილდა, შვილები გზაზე დააყენა. შვილიშვილები მოიმრავლა – ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე.
2004 წლის 19 აგვისტოს ფიანდაზი დღე გათენებულა.
ორი დღეა არ გამოუსროლიათ.
სეხნია საკუთარ ჭიშკართან მდგარა და გრიგოლწმინდისკენ გაიცქირებოდა.
…კეფით მიხეთქებია ალაყაფს. გამოგლეჯილი ყანყრატოდან სისხლი დახევებია. მერე, ნელ-ნელა მიწაზე ჩაცურებულა და ეგრე გაკვირვებული გათავებულა.
სნაიპერმა მოინელა.
აღარა მყავს სეხნია.
თბილი სიო
მთის გრილ სიოს გრძელი გზა გამოევლო, ეტყობოდა დაღალულიყო და შემთბარიყო კიდეც, მაგრამ ჩვენთვის, ტაფობში მცხოვრებლებისთვის მაინც სასიამო გახლდათ.
ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული პორტრეტი
ისე ვარ დაფშხალული, როგორც ჩაის ძველი ჭურჭელი… პაპა-დიდედის დანატოვარი.
წარწერა გრემის ნაქალაქარში აღმოჩენილ შუბის პირზე
ღმერთო,
შენ კი როსღა აღმიარო მე ადამიანად.
გულს დარდი არ გაიკარო
თუ გინდა, რომ სიბერე ღირსეული გქონდეს, ახალგაზრდა უნდა მოკვდე.
ლეოპარდის ნაამბობი
ულვაშებში ჩაიცინა.
– განა არა, ჩვენშიაც ხდება ხოლმე – მძუვნობის დროს ხვადი შეიძლება უმდედროდ დარჩეს და წელიწადიც გაუწბილდეს.
და რომ არ გაუწბილდეს, დაძრწის, დაძრწის, დაძრწის ხელმოცარული მამრი, ვიდრე ახალმოლოგინებული ძუ ლეოპარდის ლეკვებიან ბუნაგს არ მიაგნებს.
მიაგნებს და ხელდახელ, დაუნდობლად მოუშთობს უსუსურ, ჯერ თვალებაუხელელ შვილებს ფშანზე წასულ დედა ლეოპარდს.
კი არ შეუჭამს, მოუშთობს და თვალებგადმოკარკლულებს იქვე დაუყრის ბუნაგის ბჭეზე, რომ გლოვა კიდევ უფრო დაუმძიმოს უბედურ დედას.
ხვადმა მამაპაპისგან კარგად იცის, რომ ძუ ასე უშვილუძიროდ, ბუნაგამოლოკილი დიდხანს ვერ გაჩერდება – აუჯანყდება ბუნებას და სულ მალე, მგლოვიარე კვლავ ახურდება.
ახურდება და მამრიც მზად არი – მოიხელთებს გასაცოდავებულ მდედრს და გაამსებს.
…ისე კი, თუ ხვადი ძუს ერთხელ მაინც შეეგმანა, იცოდე, რომ ამ მდედრის შემდგომ ნაშიერებს, თუნდაც სხვა მამრისგან, ის აღარაფერს დაუშავებს, ზედ აღარ გაეკარება…
ეს ამბავი, ქალაქ მადრასის ზოოპარკში ერთი ლეოპარდი ჰყავდათ, იმან მიამბო.
კუდი სასაცილოდ ჰქონდა წაკვნეტილი ჩხუბის დროს, ჯეელობაში.
გაბზარული კრამიტი
დროდადრო ლექსიკონს აიღებდა.
დამიზნებით გადაშლიდა.
ჩააცქერდებოდა.
კვლავ და კვლავ შეამოწმებდა, რომელია სწორი – ცეროზი თუ ციროზი.
პარნასი
საქართველოზე, ნიკოლაი ტიხონოვის მოგონებების მიხედვით
მთიდან ვეშვებოდით.
დაბლა, გზის პირზე, პატარა, ხუხულა სახლი გამოჩნდა, იქვე კაცი იდგა. ვერ გავარჩიეთ რას აკეთებდა – ჯერ კიდევ მაღლა ვიყავით, როცა ჩამოვივაკეთ, დავინახეთ, რომ კაცს წიგნი ეჭირა და რაღაცას ხმამაღლა კითხულობდა. კაცი მარტო იყო, წინ ძაღლი ეჯდა. მივუახლოვდით – ის კაცი ძაღლს ლექსებს უკითხავდა. კაცი მედუქნე გამოდგა, ხუხულა კი – დუქანი. აღარ დაგვანება – სუფრა გაშალა. თამადობა ვთხოვეთ. მტკიცე უარი გვითხრა – პოეტები ბრძანებულხართ და მე თქვენთან თამადობას როგორ გავბედავო.
არაყს ვსვამდით, სათითურა ყანწებით.
რას უკითხავდით? – შევეკითხე.
– ვაჟა-ფშაველასა… გაგეგონებათ, ალბათ…
ერთიც დავლიეთ.
– ყველაზე მეტად, მაინც ვინ მოსწონს?
– ზამთარში, ცეცხლს თუ ვუზივართ – “ვეფხისტყაოსანს” ამჯობინებს… მაგრამ, ისე გურამიშვილი ყველას ურჩევნია – წაჰყოფს ცხვირს თათებში და ყმუის თავისთვინ, დაბალ ხმაზე…
ვიჯექით ხმაგაკმენდილები.
დავლიეთ.
მედუქნე მოწყენილი გვათვალიერებდა.
კიდევ დავლიეთ.
– თუ არ მოეწონა?
– ო-ო… წყენა იცის, შეიძლება დაჰკრას ფეხი და სოფელში ჩაბრუნდეს.
ყანწი შევივსე.
– თქვენ ქვეყანას გაუმარჯოს!
– არა… ეგ არ გამოდგება ბატონო, – თითი ჩემ ყანწს მიაშვირა მედუქნემ. – ეს სადღეგრძელო დიდს მოითხოვს.
და შკაფისკენ წავიდა.
ღია კარში ძაღლს მოვკარი თვალი.
ერთი კი გავიფიქრე, გავალ, ჩემ ლექსებს წავუკითხავ-მეთქი, მაგრამ რაღაც ზენამ არ გამიშვა.
ერთი სიტყვით, ვერ გავბედე.
ასე შემდეგ და ასე შემდეგ
ელისაბედი.
ნეტა, ოდესმე ვინმეს თუ დაუძახია მისთვის ეს სახელი?
ლიზა, ჰო.
ჩემი ლიზა დიდედა.
მამიდაჩემი იმტკიცება, წერა-კითხვა იცოდაო. ჩვენ უფროს ძმას, ბიძაშენ ვანოს, მაგან ასწავლა ანბანი, იმან კიდევ ჩვენ – დანარჩენ მომყოლებსო…
ახლომახლო არემარეში რომ ვინმეს – ქალი, კაცი – სულ ერთია, ცოლ-ქმრობა ან სხვა რამ შინა საქმე აეწეწებოდა, ჩვენთან გადმოვიდოდა:
– ლიზა დეიდ,
– ლიზა პაპიდ,
– ლიზა ძალო,
– ლიზა მამიდ,
– ლიზა დიდედ, წამო მოგვარიგე, გაგვასწორეო.
ყველაფერს უმალ თავს მიანებებდა, კაბის კალთას ჩაიბერტყავდა და ჩქარი ნაბიჯით წინ-წინ გაუძღვებოდა – პატარა, მუშტისტოლა, გლეხური ჯაფით ჩამოსხეპილი, ქვა და რკინა, ხალისიანი, თვალმწვანე…
მობრუნდებოდა.
– ვეღარ გაიგეს ამ ჭიაღუებმა, რო ეს დასაწვავი სიყვარული მოვალეობის გასატკბობად მოგონილი თაფლია და მეტი არაფერი…
სიქაგამძვრალი, თითქოს ზედ კალო ლეწესო, თუთის ძირში ჩაჯდებოდა, კრანთან, ზურგით გზისკენ.
შემოდგომაგადარჩენილ, მიწაზე გვიან-გვიან ჩამოვარდნილ ფოთოლს ჰგავდა.
სასაფლაოზე თბილოდა
– ძიელ გვიჭირდა, ძიელა… მახსომს, მარილი რო არა გვქონდა, პური ღორის წათხში მოზილა დედამა…
ნათელა დეიდას შესანდობარი ყელში ზღარბად გვექცა.
ზამთრის ჩიტი
თბილი, 14 სექტემბერი იდგა.
საღამოსკენ შემაცივნა, ტანში სულ ერთიანად დამამტვრია. მოვიფუტკნე. ვიფიქრე, დავწვები-მეთქი, მაგრამ იმ ღამით ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტური იყო და ისევ ზეზე დავრჩი. “შახტარ”-“მილანის” ამბავი მაინტერესებდა.
თბილად ჩავიცვი, სამი ჭიქა ცხელი ჩაი დავლიე და შვილებთან ერთად ტელევიზორს მივუბეჯითდი.
ბოლომდე გავძელი – ყველა თამაში და ყველა გატანილი გოლი ვნახე.
კარგა გვიანი იყო, რომ დავწექი.
დავწექი და მკვდარივით დამეძინა.
თვალი რომ გავახილე – შვიდი სრულდებოდა. შვიდს ზუსტად შვიდი წუთი აკლდა. ცოტა ოფლი მომდენოდა, ძვლები აღარ მტკიოდა.
საპირფარეშო ვარაუდით მოვიარე.
ჩემ არყოფნაში გაგრილებული ლოგინი ბანგივით მომედო, საბანი გულდაგულ ამოვიკეცე და მეორე ძილს მივეცი თავი.
…თვალი მოვკარი, ნისლში როგორ გავცურდი. ნისლი სილის ფერი იყო და სუნი ლიმონის ყვავილისა ჰქონდა.
… ვიგრძენი, ჩემში რაღაც უცნაური, ჯერ შეუცნობელი, ლექსს მიმგვანებული რამ ინასკვებოდა…
შემეშინდა – ამ საქმეში, სულ მთლად გამოუცდელი ვარ.
უჩუმრად, ნელ-ნელა, სიტყვა-სიტყვით, სტრიქონ-სტრიქონ ჩავყევი ბოლომდე.
შევისვენე.
ხელმეორედ ჩავიარე. გზადაგზა ვასწორებდი კიდეც.
გული რომ საგულეს მქონოდა, მესამედაც ვთქვი.
მერე, ვალმოხდილმა გვერდი ვიცვალე და გავყუჩდი.
– რაღას უყურებ, ადექი და ჩაიწერე, – შემომიტია ვიღაცამ. მივხვდი, ის ჩემზე ხნიერიც, ძალმომრეც და ჭკვიანიც იყო.
– სად გამექცევა, მერე ჩავწერ-მეთქი, – ვუპასუხე.
– სად გაგექცევა და დაგავიწყდება, – მითხრა მან.
– რა დამავიწყდება, ზეპირად ვიცი-მეთქი, – და დასტურად ერთხელ კიდევ ჩავუბულბულე.
– ჰოდა, სანამ გახსოვს, ადექი და ჩაიწერე, – აიხირა იმანაც.
– ქრისტიანი არა ხარ, ეს გამტკბარი, დილის ჩათბუნებული ლოგინი როგორ მივატოვო-მეთქი…
მაგრამ აღარ მომეშვა.
გინება-გინებით ჩამოვიზუზე…
ზამთრის ჩიტო,
შეცივნულო…
ზამთრის ჩიტო,
უსარჩოო…
ზამთრის ჩიტო,
განკიცხულო…
ზამთრის ჩიტო,
უსასოო…
ზამთრის ჩიტო,
ცისა შვილო –
კაცისთვინა შესაშურო.
უცებ ოთახის კარმა იფეთქა და თითქოს კუკუ ჰკრესო, ჩემი ცოლი შემოქანდა.
– ვა, ადექი უკვე? – ტანი დაებანა. ერთი პირსახოცი ჩალმად ედო თავზე, მეორე ტოგად შვენოდა.
ოხშივარი ასდიოდა.
– ე, რას გავხარ, ბიჭო? დაგავიწყდა რა უნდა მითხრა?
ახალნამშობიარებივით გავუღიმე.
– გაამოს…
პაპის კოცნა
კოცნა არ ეხერხებოდა, არ იცოდა.
თავზე ხმელი ნაფოტივით ხელს დაგადებდა, თვითონ ცას ახედავდა და იდგა ასე, გარინდებით.
ხელისგულიდან თავში საამო სითბო ჟონავდა, იპარებოდა.
ეს იყო იმის კოცნა.
აბა, მე? – ხელისგული ხვლიკის მუცელივით მაქვს გასლიკული.
შავი თუთა და ყვითელი მანეულები
ცოლმა ქინძზე გამაგდო.
– ვანოს მასწავლებლის მაღაზიაში ჩადი, იქ იაფიაო. კონა თუ ხუთ თეთრად მოგცეს, ორი კონა წამოიღე, ოცთეთრიანი წიგნის თაროზე დევსო.
მივფრატუნებ მეც თავქვეზე.
ცხელა, იწვის ქვეყანა, გაზაფხული კი ჯერ წესიერად არც გალეულა.
ბარნოვს მივადექი.
გაუსაძლის ხვატს ქუჩისთვის ხმაურის ნიჭი წაურთმევია. მანქანები ფრთადაგლეჯილი ბუზებივით დაღოღავენ აჭიპჭიპებულ ასფალტზე.
ვდგავარ, გაღმა გადასვლას ვეპირები.
– გაუმარჯოოოს!
მივიხედე. გურამაა – ჩვენი უბნის მემაწვნე, პანტიანელი, ჩემი ტოლი, ალმურა წითური, კირკაჟი კაცი.
– თუთა არ გინდა, თუთა, შავი თუთა, ხართუთა?
– კაცო, შემოვიდა უკვე? – გავიკვირვე.
– შემოვიდა რასა ქვია, ვერა ხედამ, კვირაზე მეტია, ვაკელ მტრედებს სკინტლი გაუშავდათ?
გახუნებული, ჟანგის არჩივი “ნოლ-ერთი”, იქვე, “ოდოს” მაღაზიასთან შეეყენებინა ტროტუარზე. საბარგული აეხადა.
მივედი. ჩავიხედე.
ნაყოფით თავმოდგმული ცინკის სამი ვედრო “სამაიად” იდგა საგულდაგულოდ ამოკრიალებულ საბარგულში. ძირზე მაგრად გაწურული ჯვალოს ტომარა ეფინა.
მორევიდან ახალამოსული კამეჩისფრად ბზინავდა, მართლაც რომ ცერისტოლა შავი თუთა მოეკრიფათ, არ დაერხიათ. უზადოები, ზარაფხანაში მოჭრილებივით ჰგავდნენ ერთმანეთს.
აპრეხილი, ხასხასა, თითქოს “მულინეს” ძაფით ამოქარგული, მწვანე ყუნწი შვენოდა თითოეულს.
საბარგულში სოფლურად გრილოდა, საბარგულში სოფლური ბინდი იდგა.
…უცნაური ღობე ჰყოფდა ჩვენ ვენახს მეზობლის ხეხილის ბაღისგან.
მთელ მიჯნაზე თუთები გვქონდა ჩაყრილი – გონჯი თუთები, ასე ეძახდა ცხონებული პაპაჩემი, ზუსტად ოცდაოთხი ძირი. გონჯი იმიტომ, რომ ტანადმორჩილები იყვნენ. თითოეულს ელექტრონის ბოძის სიმსხო, სწორი, გამართული ზრო კი ჰქონდა, მაგრამ სიმაღლე – ორი მეტრი, მეტი არა. მეტზე პაპაჩემი არ უშვებდა.
ზამთრის ბოლოსკენ, ჯერ კიდევ თოვლიანზე, ოცდაოთხივეს დაუვლიდა და გამეტებით გადაკაფ-შემოკვერცხავდა, ვარჯს წეროს ბუდისოდენას თუ დაუტოვებდა. დალაქთან ნამყოფ, სასკოლოდ გამზადებულ ბავშვებს დაემგვანებოდნენ ხოლმე თუთები.
– ასე არა სჯობია? ფესვს უფრო ღრმად ჩაუშვებენ, თვითონაც ღონივრად იდგებიან მიწაზე და ღობეცა…
მართლაც იდგნენ, სანამ პაპა იყო ცოცხალი.
ძირებს შორის ხანი ოთხი ნაბიჯი იქნებოდა. ზროებზე, გასწვრივად, ლატნები იყო სამ რიგად გაწყობილ-მილურსმნული. საკუთრივ ზღუდე კი, ლატნებში ტყრუშულად წმინდად ჩაწნული, თხილის მსხვილი წნელის ღობე იყო.
ღობე კი არა, მზითევში გასატანებელი ჯეჯიმი გახლდათ.
მწკრივში, პირველი შავი თუთა იდგა, შავს თეთრი მოსდევდა, თეთრს – ჭროღა, ჭროღას – ისევ შავი, შავს – ისევ თეთრი, თეთრს – ისევ ჭროღა და ასე ბოლომდე.
ნაყოფი კი წვრილი იცოდნენ, წვრილზე წვრილი – წვნიკი ჩვენებურად, მაგრამ გემრიელი, გემრიელი – პირში ნეტარების გამჩენი და რაც მთავარია სურნელოვანი. ის სურნელი, ხანდახან, ახლაც ამიღორძინდება ხოლმე ნესტოებქვეშ, თამბაქოს ბოლით ჩაყვითლებულ, გახეშეშებულ ულვაშზე.
შავი ცოტა მომჟავო იყო, თეთრი – შაქარივით ტკბილი, ჭროღა – ერთიცა და მეორეც.
პაპამ ქანქლე, სამსაფეხურიანი, საბალღო კიბე ამიგო.
– გაიგონე, ეხლა, მარტო ერთნაირს ნუ მიასკდები, ცოტა შავი ჭამე, ცოტა თეთრი და ცოტაც ჭროღა… შენა, მომავალი კაცი ხარ და გემოვნობა გმართებს.
…მაგრამ ჩვენი ღობის სილამაზის თავიდათავი მაინც მანეული იყო.
ბევრმა არ იცის, რა არის მანეული. წნორი იციან, ტირიფიც, მანეული კი – იშვიათად.
მანეულიც მცენარეა. უპირატესად ბუჩქად იზრდება. ნაზი, თვალისთვის საამო სიმწვანის, დახვეწილი, ლანცეტა ფოთოლი აქვს. ტოტი კი – ყვითელი. უბრალო ყვითელი კი არა, კაშკაშა. ანკარა, ნაპერწკლიანი ყვითელი.
ასეთი ხალისიანი და კრეჭია დედამიწას არაფერი აღმოუცენებია წიაღიდან.
მანეულს ძალიან მოქნილი ტოტი აქვს – კანაფივით რომ განასკვო, არ გაწყდება. ამიტომაც ვაზის შესაყელად შეუცვლელი იყო. წნავდნენ კალათებსაც, მაგრამ გოდრებს – არა. გოდორი თხილისა და შვინდისა იცოდნენ, გამძლეები. მანეულს გოდრის დასამშვენებლად იყენებდნენ, ისიც მხოლოდ ამ საქმის ოსტატები. გოდრის ძირიდან, ასე, მტკაველნახევარზე ხუთ რიგად ჩააწნავდნენ, გააყოლებდნენ ხოლმე მანეულს. მერე კიდევ, ყელისკენ, გოდრისპირამდე ორ ციდაზე არმისული – სამ რიგად. ბოლოს, წვნას რომ მორჩებოდნენ, სანამ ყურს შეაბამდნენ, ნახელავს შეატრიალ-შემოატრიალებდნენ, გახედავ-გამოხედავდნენ და იტყოდნენ, გოდორმა გაიცინაო.
ანტონას დაწნული გოდორი თვალსაჩინოდ ეკიდათ ხოლმე იმის ბედნიერ პატრონებს, მაგრამ თხოვებით, ნურას უკაცრავად, არაფრის დიდებით არ გათხოვებდნენ.
მე კი ჩემი მქონდა, პატარა, საბალღო, მანეულით მოსირმული – ანტონას ნაჩუქარი.
ზაფხულში, ხბორებისთვის მოგლეჯილი ძურწა ბალახის საზიდად ვხმარობდი. შემოდგომაზე კი, მხოლოდ რთველში, ვენახიდან ყურძნის გამოსატანად. ვაშლს და კარტოფილს ახლო როგორ გავაკარებდი, ანდა ძირნაყარ ჭანჭურს როგორ გავათხუნინებდი. ახლად მოგებული, სველი ბატკანი კი ჩამისვამს შიგ და საბძელში გადამიყვანია.
– ნაზამთრალი თივის სუნი იშტაზე მოიყვანსო, – იტყოდა პაპა და დედასაც შიგ შეუგდებდა ბატკანს.
თუთასა და თუთას შორის, თითო მანეული ხარობდა. ასე რომ, ღობეში თუ ოცდაოთხი ძირი თუთა გვედგა, მანეულის ბუჩქი ოცდასამი იყო.
ვენახში შესული ღობისკენ თვალს ძირ-ძირ თუ გააპარებდი, დაინახავდი, როგორ ღუოდნენ და როგორ კოცონობდნენ მთელ მიჯნაზე მანეულები. გეგონებოდა, ღობეში მარგილებად ჩატანებულ თუთებს ფესვებს უთბობენო.
…მზე ჩასასვლელად დაეღირა და ცაც ცეცხლ-ლურჯად აინთო. სოფლის გადახრიოკებული ახოები უმალ ზღაპრული ულუმბოს მთას დაემსგავსა. ჩაწვერილი მზის სხივი ჩვენ ღობეს მოადგა. ღობე ნელ-ნელა მზის შუქით გაიჭედა, როგორც ფიჭა თაფლით. მერე შუქმა ლაქა-ლაქა ვენახშიც გამოჟონა და მანეულის ბუჩქებსაც წაეკიდა. მანეულებიც, თითქოს სიცოცხლე შეემატათო, კიდევ უფრო გახალისდნენ და შეიქნენ სუბუქი. კაცი იფიქრებდა, სადაცაა დედამიწას მოსწყდებიან და ცისკენ გაფრინდებიანო…
– ჰა, იღებ თუ არა! – ზედ ყურთან დამჭყივლა მემაწვნე გურამამ.
გული შემიხტა. საბარგულს თავი ფრთხილად ამოვარიდე.
– ხო არ შაგეშინდა?
მე უნიათოდ შევცინე და გვერდზე გავდექი.
მუჭი ნელ-ნელა გავშალე. ოცთეთრიანი ხელში ჩამოფლიანებოდა.
ფულზე გამოხატული ირემი არსად ჩანდა.
აქაურობას გასცლოდა.
ჭრელი კენჭი
ფეხაკრეფით სიარული სიკვდილმა, ოდესღაც, ადამიანისგან ისწავლა.
© “წიგნები – 24 საათი”