,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის კვლევის ბათუმის სეზონური სკოლა” დაარსდა 2022 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე. პროექტი არის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ მოწვეული პროფესორები, რომლებიც კონკურსის წესით შეარჩიეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
არილი აქვეყნებს ამ სკოლის ფინალური ღონისძიების – ესეების კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულ ტექსტს.
,,ჩრდილი არაფრით სჯობს მისსავე წყაროს“ – ამბობს სემუელ ბეკეტის ერთ-ერთი რომანის, ,,მოლოის“ მთავარი პერსონაჟი საკუთარ თავთან (ან მკითხველთან) საუბრისას. ალბათ, შეგვიძლია, ეს ფრაზა ჩვენსავე სათქმელს მოვარგოთ და ვიკითხოთ კიდეც: რა არის სხვის მიერ აღქმულის გაცნობა იმ დროს, როცა განსახილველის აღქმა ჩვენივე შესაძლებლობებს ,,ექვემდებარება“? მაგრამ აქ განხილვის შესაძლებლობა არაფერ შუაშია, რადგან საქმე მხოლოდ ტექსტის ინტერპრეტირებასთან არ გვაქვს… ამავე დროს, სავსებით დასაშვებია ისიც, რომ ვინმეს ეს მსჯელობა ზედმეტად სუბიექტური ან სულაც, პირიქით, თავშეკავებულიც კი მოეჩვენოს, მაგრამ მთელი ინტერპრეტაციის ხელოვნებაც ხომ სრული წარმოსახვითი სისტემაა, ზოგჯერ გავრცელებული და ზოგჯერაც პირველთქმული შეხედულებებით რომ არის ნასაზრდოები…
უნდა ითქვას, რომ ეს არის რომანი, რომელიც იკითხება ყოველი მხრიდან, ნებისმიერი აბზაციდან თუ ეპიზოდიდან, ნებისმიერ ეტაპზე (თუნდაც უკანასკნელი თავიდან დასაწყისისკენ) მკითხველს შეუძლია, დაინახოს ის, რაზეც მთელი რომანი გვიყვება… რაზე უნდა მიუთითებდეს ეს? ალბათ, იმაზე, რომ ტექსტი სიმწყობრით არ გამოირჩევა და არც რომანივით იკითხება, რაც ავტორისავე განზრახვას ან, სულაც, პირიქით – უნებლიობას უნდა დავაბრალოთ.
ბეკეტი, როგორც ვახსენეთ, სულაც არ გვთავაზობს რომანს თავისი გაგებით, აქ ვერ შევხვდებით გაბმულ თხრობას, მის მაგივრად ავტორს წყვეტილი აზრები, ლაკონიურად გადმოცემული და არანაირი სიფრთხილით შერჩეული ფრაზების ნაკრები აქვს შემოთავაზებული. ეს არის ერთმანეთის მონაცვლეობით ,,შექმნილი“ მექანიზმი, რომელიც უამრავი პაუზისა და დუმილისგან შედგება და რომლებიც აქტიურად გვხვდება პერსონაჟთა აბსურდულ დიალოგებში.
აქვე, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის შინაარსისა და დეტალების ბანალურ აღწერას არ გთავაზობთ, მაინც უნდა ვახსენოთ, რომ ,,მერსიე და კამიე“ არის რომანი ორ შუახნის ასაკს გადაცილებული მეგობრის მოგზაურობის შესახებ, რომლებიც ყველაზე გავრცელებულ და მეგობრობისთვის ყველაზე ,,შესაფერის“, კლასიკურ წყვილს ქმნიან – მსუქანი, ტანმორჩილი კამიე და გამხდარი და მაღალი მერსიე. შესაძლოა, მკითხველს დაუფიქრებლად თვალწინ დაუდგეს სერვანტესის ორი განუყრელი პერსონაჟი – დონ კიხოტი და სანჩო პანსა, რაც არცთუ ისე შეუსაბამო ალუზია იქნებოდა, რადგან, როგორც ვახსენეთ, მსგავსება, ფიზიკურ მახასიათებლებთან ერთად, მათ პიროვნულ ხასიათებშიცაა. მაგალითად იმაში, რომ ორივე პერსონაჟი ერთმანეთს ემსგავსება კომიკურობით, ყველაფრის კეთების შესაშური ხალისითა და თანმხლები მელანქოლიით. ჩვენ არც ის ვიცით, თავად ბეკეტი ამ პარალელს მოგვიწონებდა თუ პირიქით, მაგრამ, სრულიად შესაძლოა, ამასთან ერთად ისიც ვივარაუდოთ, რაც ლიტერატურაში ასე ხშირია, რასაც ამავე სიხშირით არიდებენ კიდეც თავს მწერლები. რას ვიგულისხმებთ, თუ არა მწერალთა შემოქმედების ურთიერთგავლენას, ჰაროლდ ბლუმმა რომ ,,გავლენის შიშის“ სახელით გაგვაცნო, თუმცა ამ შემთხვევაში უნებლიე გავლენა მხოლოდ პერსონაჟთა სახასიათო როლებზე აისახა. რასაკვირველია, აბსურდულ ჟანრს ვერანაირი საერთო სარაინდო რომანთან ვერ მოეძებნება, შესაბამისად, ეს ყველაფერიც მხოლოდ ვარაუდის დონეზე დაიშვება…
დავუბრუნდეთ ისევ ტექსტს. როგორც ითქვა, ეს არის მერსიესა და კამიეს თითქმის ყოველი წამოწყების შემდგომ არშემდგარი მოგზაურობა, რომელიც ამ ორი პერსონაჟის ცხოვრების ,,გარკვეულ“ ეტაპზე მიმდინარეობს; ეს არის ტექსტი, რომელიც გვიამბობს ყველაფერზე და ამავდროულად – არაფერზე. ამბავი, რომელიც ხდება ახლა და წარსულთან არავითარი გზა არ აკავშირებს; ამბავი – თავად ამბისთვის.
ყველაფერთან ერთად, კითხვისას ისეთივე უჩვეულო და თანაც ნაცნობ ხმებს (ვგულისხმობ არა მხოლოდ პერსონაჟთა დიალოგებს, არამედ მათთან ერთად ტექსტში არსებულ ხმოვან შრეებს) შევხვდებით, როგორიც დამამშვიდებელი ფუნქციის მქონე თეთრი ხმაურია ყურებისთვის. მსგავსად ამისა, მათი უაზრო, ზემარტივი და ლოგიკურ-ულოგიკო დიალოგები, შესაძლოა, ,,დაღლილი“ მკითხველისთვის ერთგვარ განტვირთვად თუ გასართობადაც იქცეს, რადგან ზოგჯერ ზედმეტად რთული რეალობიდან თავის დასაღწევად ბეკეტის სიზმრისეულ ,,სპექტაკლებზე” თავის შეფარება არის კიდეც რაღაც გამოსავალი. ალბათ, უმიზეზოდ არც სპექტაკლი გვიხსენებია, რადგან თითქმის ყველა რომანში იგრძნობა ავტორის განწყობა და/თუ დამოკიდებულება პიესების მიმართ, ვფიქრობ, ბეკეტის ნაწარმოებების ხიბლიც ეს არის – იწერება რომანივით, იკითხება როგორც პიესა და შესაძლებელია, სცენაზე დასადგმელადაც იყოს მზად…
ბეკეტი უმეტეს შემთხვევაში მკითხველის სულს მარტივად სწვდება. რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს? ალბათ, იმაში, რომ ის მეტწილად საკუთარი შეხედულებით, ზოგჯერ წარმოსახვის დონეზე გადმოსცემდა სათქმელს/რეალობას, რომელიც თითქოს მონოტონურია, მაგრამ ზოგჯერ ადამიანებამდე იმდენად ბანალური სახით მიდის, რომ შეუმჩნეველიც კია მისი მნიშვნელობა. შესაძლოა ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი მწერალი მკითხველს (თუმცა არა ყველა გემოვნების) მარტივად მიიზიდავს, რადგან მას ის იმ რეალობაში შეჰყავს, რომლის დაფარული ნაწილები შეჩვეულობის გამო დაუფასებელია…
შეგვიძლია ისიც აღვნიშნოთ, რომ ყოველ დეტალში აშკარად იგრძნობა მწერლისეული ემპათია, რაც მკითხველისა თუ პერსონაჟთა გრძნობების მაქსიმალური შეგრძნებითაა გამოწვეული, რაც უფრო ზუსტად იმას მოიაზრებს, რომ როგორც პიროვნებას (ისევე, როგორც მწერალს) კარგად შეუძლია ადამიანის ემოციების აღქმა და გათავისება, რაც ამ შემთხვევაში, ბეკეტისეული ტექსტის სტრუქტურის არცთუ რთულად, არამედ მეტიც, მარტივად აღქმადობაში გამოვლინდა. თუმცა სიმარტივე არ ნიშნავს აზრობრივ პრიმიტიულობას. სიმარტივის საპირისპიროდ, აქ საქმე გვაქვს ფილოსოფიურ და ზოგად ჭეშმარიტებებთანაც კი, რომლებიც ჩვენს თვალწინ იმდენად მარტივად იშლება, რომ მკითხველს, ჩვეულებრივ, არ აფიქრდება, რომ აქ იმაზე უფრო მეტი სიღრმე იმალება, ვიდრე ჩანს.
შეგვიძლია, გავიხსენოთ ისიც, რომ ავტორი წარმოშობით ირლანდიელია, თუმცა, ვფიქრობ, არც მის წარმოშობასა და არც იმ ენებს, რომლებზეც ის წერდა, არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც ეს მისეულ თხრობას ენიჭება. აქ ბეკეტი არათუ გვიყვება უბრალოდ ამბავს, არამედ იგონებს თავად წერას, მის პროცესს. ამ დროს კი აუცილებლად გაგვახსენდება მიშელ ფუკოს სიტყვებიც ავტორის ,,ვინაობისა“ და ფუნქციის შესახებ, სადაც ისევ ბეკეტისეულ ფრაზაზე – ,,რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ლაპარაკობს“ – დაყრდნობით ამბობს, რომ სასურველია, ახლო მომავალში ტექსტის კონცეფცია შეიცვალოს და მკითხველს ავტორის ვინაობის გავლენისგან დამოუკიდებლად წარმოსახვის საშუალება ჰქონდეს. ამის საშუალებას კი ეს ტექსტი ნამდვილად გვაძლევს, მით უფრო მაშინ, როცა ამდენად ხშირია დიალოგები, მაგალითისთვის, შეგვიძლია, კამიესა და მისთვის უცნობი ადამიანის დიალოგი გავიხსენოთ:
,, – ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხართ, – უთხრა კამიემ, – ამბობთ, რომ აკვანში გამიცანით?
– დიახ, შენს აკვანში, – უპასუხა ვატმა.
– ისე გამოდის, რომ დედაჩემსაც იცნობდით, – უთხრა კამიემ.
– ღვთისმოსავი ქალბატონი ბრძანდებოდა, – უთხრა ვატმა, – ყოველ ორ საათში ერთხელ გიცვლიდა. და ასე გაგრძელდა, სანამ ხუთი წლისა არ შესრულდი.“
რა შეიგრძნობა ყველაზე მეტად ამ და სხვა დიალოგებში? ალბათ, აბსურდი, რომელიც იუმორითაა გამოხატული და პოზიტიურობის უზომო შენარჩუნება თუ განცდა, რომელიც უსაზრისობამდე მიდის. შესაძლოა, ეს ავტორის ხერხი სულაც არ იყოს, არამედ მისი სტილისა თუ წერის მანერის გამოხატულებაა, მკითხველამდე ასეთი ხელმისაწვდომი გზით რომ მიდის…
ყოველივე ამით იმის თქმა შეიძლება, რომ მთელი რომანი, რომელშიც მსგავსი საუბრები ორზე მეტ ადამიანს შორისაც მიმდინარეობს, იკითხება ისე, თითქოს დაშლილი, ფრაგმენტული ნაწილებია, რომლებიც მთლიანობის ილუზიას ქმნიან. ნაწარმოების კომბინირებულობა და სხვა ჟანრებთან შეზავებულობა კი იმას განაპირობებს, რომ თითქმის იკარგება ფორმა და მთავარი მნიშვნელობა ენიჭება არსის ღრმა აღქმას. ამის მაგალითია შემდეგი წინადადებაც, რომელიც ერთ-ერთ პერსონაჟს, კამიეს ეკუთვნის და რომელიც თავის უბის წიგნაკში იმჟამინდელ მოკლე ჩანაწერებს აკეთებს:
,,20.10. ჯოლი, ლიზი, 14, გამოდის სახლიდან. 14-სა და 8-ს შორის, როგორც ყოველთვის, ჩანთით, უთავსაბუროდ, ფეხზე ერთნაირი სანდლებით, უპალტოოდ, ლურჯი კაბით. თხელი, ქერა, ლამაზი. გაკვეთილზე არ შემიმჩნევია. მშობლები – უკაპიკო.“
მთლიან რომანში მეტყველებას დაკარგულიც კი აქვს კომუნიკაციის მნიშვნელობა, მთავარ ამოცანად მხოლოდ ის რჩება, რომ შენარჩუნდეს კონტაქტი, თუნდაც უაზრო, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანია, დასრულდეს ფრაზა. პერსონაჟთა მთელი რეპლიკებიც თითქმის არანაირ აზრს არ იძლევა, მეტიც, არც დიალოგის აზრს ავითარებს. სწორედ ამით იქმნება ზოგჯერ პესიმიზმნარევი კომიკური სიტუაცია, რომელიც სევდასაც კი გვგვრის, თუმცა ეს უკანასკნელი ისეა მკითხველის გრძნობებში შემოჭრილი, რომ შემდგომ მომხდარ მოვლენებში დაკარგულნი ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ პერსონაჟი შეგვეცოდა ან, საერთოდაც, გავბრაზდით მასზე. შეგვიძლია დავსვათ შეკითხვაც: რა იმალება რეალურად ამ ზედაპირულ და აზრდაკარგულ დიალოგებში? სავარაუდო პასუხად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ იმას, რაც მარტივად გამოითქმის ან იწერება, რაც ზედაპირზეა და ხილული, ზოგჯერ იმაზე უფრო რთული შინაარსი აქვს, ვიდრე მას, რომელიც ტექსტში რთული ფორმით წარმოგვიჩნდება ხოლმე. შესაბამისად, თუ ამ აზრს შერჩეულ რომანს მოვარგებთ, მასში აუცილებლად გამოიკვეთება დასახელებული ფენომენის არსებობაც…
სემუელ ბეკეტი მოდერნისტია, ამ მიმდინარეობის სრული შეგრძნებით, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ გვახვედრებს ავტორს (მისივე სახით), რომელიც არ სარგებლობს ავტორისეული ,,პრივილეგიით“ და არ გვესაუბრება მხოლოდ თვითონ. ეს ფაქტი, ერთი შეხედვით, ავტორის ცნების გაუქმებას ეხება, რომელიც როლან ბარტის ,,ავტორის სიკვდილის“ თეორიას უკავშირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ პასუხები, რომლებსაც ავტორისგან ველით, რეალურად ენას ეკუთვნის. სწორედ ამგვარად ბეკეტთან სტრუქტურა ნაწილობრივ დარღვეულია და ტექსტი, გაბმული თხრობის ნაცვლად, დეკონსტრუირებული სახით გვევლინება, რაც თავის თავში მოიაზრებს მთელი ტექსტის დანაწილებასა და ამის შემდგომ ,,ჭეშმარიტების“ გამოაშკარავებას, რაც ინტერპრეტირებისას თითქმის ტექსტისავე ხელახლა თარგმნის ტოლფასია…
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეოცე საუკუნის ლიტერატურაში ენის დომინანტობა მკვეთრად შეიგრძნობა, ამ ფენომენმა გადაფარა კიდევაც ავტორის არსებობა ნაწარმოებში… სწორედ რომ ენის, აზროვნებისა და ავტორის ცნობიერების გაერთიანება გვაძლევს იმგვარ ტექსტს, როგორიც ,,მერსიე და კამიეა“. აქ ვხვდებით ბეკეტის მიერ ამბის მოყოლის მცდელობას, თუმცა ვეჯახებით იმ რეალობას, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ,,ავტორის გაქრობა“ იმ ეტაპზე, როდესაც პერსონაჟთა დიალოგი მიმდინარეობს. ამ დროს ხმა ავტორს მოცილებულია და ავტორი განიცდის კიდეც დეპერსონიზაციას. რა თქმა უნდა, მოდერნისტი და, მით უფრო, აბსურდის დრამის მწერალი კლასიკოსის მსგავს თხრობას არ/ვერ შემოგვთავაზებდა, შესაბამისად, ბეკეტისეული თხრობა თითქმის პრიმიტიულ, ზოგჯერ ზედმეტად ყოფით საგნებზეც კი ვრცელდება, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ადამიანის აბსურდული ცხოვრების არსს.
ბეკეტის მთელი ეს რომანი შეიძლება ჩაითვალოს ტექსტად, რომელიც ნიშანთა ურთიერთმიმართების ისეთ გამოცდილებას გამოხატავს, რომელიც თითქმის არ ქმნის საზრისს. პოსტსტრუქტურალისტ ჟაკ დერიდას თუ დავესესხებით, სამყარო ეს ტექსტია, ანუ ნიშანთა იმგვარი სისტემა, რომელიც უნდა წაიკითხოს ან განიმარტოს. ჩვენც ამ რომანში ვხვდებით ტექსტის მიერ ცხოვრების გადაფარვასაც კი, რაც მერსიესა და კამიეს მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე ვლინდება. ამის მაგალითია სწორედ ისიც, რომ ავტორი პირდაპირ, არც მეტი არც ნაკლები, გეგმით გვითხრობს ამბავს, რომელიც უკვე გადმოგვცა, თუმცა შედარებით პროზაული ფორმით:
,,მოკლედ, რაზეც წინა ორ თავში ვილაპარაკე
საღამო ხანი.
მერსიე და კამიე არხისკენ მიემართებიან.
არხმა რაზე დააფიქრათ…
ბარმენის ბრაზი.
პირველი ბარი.
მერსიე და კამიე კვლავ საუბრობენ.
ამ საუბრის შედეგი.
…
წვიმა.
თავსხმა.
მერსიეს განცდა.
ჰელენთან.
ხალიჩა.
…“
ამავდროულად, ტექსტი გვითხრობს არა პირდაპირ პერსონაჟთა ენით, არამედ ავტორის მიერ მისივე გმირების სრული თანაგრძნობითა და ემპათიით, რაც ამავე დროს შეფარულია, ეს კი იძლევა აღქმის მკითხველისეული ვერსიის კიდევ უფრო განვრცობას, რითაც ლიტერატურის ანალიზისთვის მთავარი კომპონენტი – ინტუიციური და სუბიექტური თვალსაზრისი – იქმნება. გამომდინარე აქედან, შესაძლოა იმის ვარაუდიც, რომ ავტორის გაქრობასთან ერთად იბადება მკითხველი, და ჩვენც, როგორც ამ უკანასკნელის როლის მომრგებელნი და მასთან ერთად უფრო კრიტიკული თვალით შემხედველნი, ვიაზრებთ და ჩვენეული ინტერპრეტაციით ვერთვებით სიუჟეტის განვითარებაში. შეგვიძლია, პირდაპირ მერსიეს ფრაზითაც დავასრულოთ, როცა თავის მეგობარს აზრების თავმოყრისკენ მიუთითებს: ,,შევაჯეროთ აზრები ჰორიზონტების დასაპყრობად“- მაგრამ თუ ჰორიზონტებს ვერ დავიპყრობთ, იმას მაინც შევძლებთ, რომ ჩვენივე მსჯელობით უფრო შორს არ წავიდეთ და შევჩერდეთ იქ, სადაც აზრი მაინც აგრძელებს განვითარებას.
© არილი