თომას პინჩონი ანტიპოდია თანამედროვე ავტორებისა, რომლებიც ავტოფიქციას წერენ, საკუთარი თავის პოპულარიზაციით არიან დაკავებულნი და არაფერი აქვთ საჯაროობის საწინააღმდეგო. არანაირი ფოტოები, ინტერვიუები, მხოლოდ და მხოლოდ ტექსტები – ასეთია თომას პინჩონის გადაწყვეტილება.
ამგვარი მოუხელთებლობისა და იმის მიუხედავად, რომ წლების მანძილზე მისი არქივის კვალიც ისეთივე უჩინარი იყო, როგორიც თავად ავტორი, პინჩონმა ცოტა ხნის წინ ჰანტინგტონის ბიბლიოთეკას თავისი ჩანაწერები, ჩანახატები და წერილები გადასცა.
პინჩონის ფოტოები, რომელთა არსებობაც და ნამდვილობაც დადასტურებულია, თითზე ჩამოსათვლელია. როცა მისი წერილები მოულოდნელად და ირეგულარულად ვრცელდებოდა, ავტორის პროტესტის გამო სწრაფადვე უჩინარდებოდა ხოლმე საჯარო არქივებიდან. ასე მოახერხა პინჩონმა, რომ გასაიდუმლოებულ ავტორად დარჩენილიყო.
მაგრამ ახლა ხსენებულმა ბიბლიოთეკამ მიიღო პინჩონის ლიტერატურული არქივი, იმ იმედით, რომ ეს იქნება ღია ფანჯარა ავტორის გონებაში და იმ მწერლურ მეთოდში, რომლითაც ჭკვიანური, გონებამახვილური და პოსტმოდერნისტული რომანები შექმნა.
არქივი 48 ყუთს მოიცავს – ნივთებს, რომლებიც გვიანი 1950-ანი წლებიდან 2020 წლამდე თარიღდება. აქაა 1963 წლიდან 2013 წლამდე გამოქვეყნებული ყველა მისი წიგნის ხელნაწერი. აქვეა მისი ჩანაწერები არაერთ მნიშვნელოვან თემაზე. გარდა ამისა, არის წერილები, რომლებიც საგამომცემლო პროცესებს ეხება, მაგრამ იქ ვერ ნახავთ პირად წერილებს ან სხვა პირად ნივთებს. სამწუხაროდ, ვერც მის ფოტოებს.
ბიბლიოთეკის კურატორის განმარტებით, არქივი ასახავს პინჩონის შეხედულებებს საკუთარ კარიერაზე. მან ყველაფერი გააკეთა თავისი ცხოვრების მანძილზე იმისათვის, რომ მხოლოდ მის შემოქმედებაზე ვყოფილიყავით ფოკუსირებულები და თავისი პიროვნება უკანა პლანზე გადაწია. პინჩონის ხელნაწერებში ჩანს ისიც, რამდენად რთული იყო თავდაპირველად მისი რომანები და რამდენი დრო დასჭირდა, რომ ეს სირთულეები დაძლეულიყო.
ჰანტინგტონი, რომელსაც უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი კოლექცია აქვს, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, უარს ამბობს შეძენილი ნივთების ღირებულების დაკონკრეტებაზე და არც ფოტოებს ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ისინი არც კონკრეტულ ნივთებს აღწერენ და არც იმის გამხელას აპირებენ, რაზე ისაუბრეს პირადად ავტორთან. ხოლო არქივი, რომელიც მიიღეს, ძირითადად, პროფესიონალი მკვლევრებისთვისაა გათვლილი და არა ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის.
ჯექსონ პინჩონი, მწერლის შვილი, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჰანტინგტონის დამოუკიდებელი კვლევებისა და პროგრამების მასშტაბების შესახებ შეიტყო, დარწმუნდნენ, რომ თომას პინჩონის არქივმა თავისი კუთვნილი ადგილი იპოვა.
1998 წელს, მორგანის ბიბლიოთეკამ, ნიუ-იორკში, მოიპოვა 120-ზე მეტი წერილი, რომლებიც პინჩონმა თავის პირველ აგენტს, კანდიდა დონადიოს მისწერა 1063-1982 წლებში, იმ პერიოდში, როცა მექსიკიდან კალიფორნიაში, ტეხასიდან ლონდონში გადადიოდა და ანონიმურად დარჩენასა და განმარტოებას ცდილობდა. The New York Times-ში წერილების არსებობის გამჟღავნებას პინჩონის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მორგანის ბიბლიოთეკამ განაცხადა, რომ პინჩონის სიკვდილამდე წერილები დალუქული დარჩებოდა.
ჰანტინგტონის ბიბლიოთეკის პრეზიდენტის, კარენ ლორენსის თქმით, ისეთი მწერლის კოლექციის შეძენა, როგორიცაა პინჩონი, გამოხატავს მათ ინვესტიციას ამერიკის ისტორიასა და კულტურაში და ხაზს უსვამს მეოცე საუკუნისა და თანამედროვე ლიტერატურის პროცესებში მათ ჩართულობას.
თავად ავტორს, თომას პინჩონს, არაფერი უთქვამს ამ სიახლის შესახებ. საზოგადოებისთვის ახალი არაა ის ფაქტი, რომ პინჩონს იშვიათად აქვს კომუნიკაცია მედიასთან და საჯაროობა მისთვის სრულიად უცხოა, ამიტომაც არც ამ შემთხვევაშია მისი დუმილი გასაკვირი.
რას გამოამჟღავნებს (ან არა) არქივი, მთლიანად მკვლევრებზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც ამბობენ, თვალის სწრაფი გადავლებითაც იგრძნობა პინჩონის თავბრუდამხვევი სამყაროს ჩახლართული მექანიზმები; ის, რაც ავტორის ინდივიდუალიზმს განსაზღვრავს და მის შემოქმედებას უნიკალურად აქცევს. ამბობენ იმასაც, რომ არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი პინჩონის სიცოცხლეშივე გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, მათი შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, ავტორის სიკვდილამდე არქივის რა ნაწილი დარჩება დალუქული და რა – არა.
არქივი დაახლოებით ერთ წელიწადში გაიხსნება კვალიფიციური მკვლევრებისთვის.
© არილი