მარტოობის ჰერცოგი
ქუჩების გასწვრივ, მიღმა ტროტუარების,
ბორდიურებს შორის გამყოფ სივრცეში
დგას ძველი ხის ბოძი, ორ ბეტონს შუა,
მიგდებულ ძაღლივით მიბმული
და გადახრილი –
უკიდურესობამდე…
ბოლომდე შეჭმული ხის ჭიით,
სულ დახვრეტილი, სიკვდილმისჯილი ტუსაღივით,
მთელ სიგრძეზე;
მისი კენწერო კი, ელვისგან, თუ მოკლე ჩართვებისგან,
ერთიანად დანახშირებულია…
– ადრე რკინიგზის შპალების სუნი ასდიოდა,
რომელიც ას მეტრში უკვე მცემდა ხოლმე
და მიზიდავდა, როგორც ნარკომანს…
დღეს კი მხოლოდ მიტოვებული, სკლეროზიანი
მოხუცის სუნი ასდის, რომელსაც ქვეშ
შარდი გასდის –
უნებლიედ…
მას ქუჩის ძაღლები აფსამენ და ძირს ულპობენ
ნელ-ნელა…
მაგრამ ბებერი ხის ბოძის წაქცევა
არაა ასეთი იოლი!
არც მარტივი!
არც ადვილი…
ის 99 წლისაა უკვე და მაინც დგას მყარად,
მიუხედავად ასეთი თავმდაბლური დახრილობისა…
მასზე ფაიფურის, მავთულ-საჭერი, თეთრი
ჭიქები, ისე სხედან, როგორც ტოტებზე
გალუმპული ჩიტები…
ზოგიც გატეხილია, ზოგიც საერთოდ
მომძვრალა და დაკარგულა!
ბებერ ბოძს, სადღაც შუა ტანზე, ჯერ კიდევ
მიჭედილი აქვს, დაჟანგულ ჟესტზე
გამოსახული თავის ქალა,
მასში შემავალი წითელი ისრებით
და ოთხი ძვლით…
იქვე გაფრთხილებით: -„Смертельно!!“;
ზუსტად ამ შესაზარი აბრით,
ის დღემდე იგერიებს საკუთარ მტრებს!
– ბოროტ და ტოქსიკურ
ადამიანებს, ვისაც მისი,
რახანია შეშად წამსერება უნდათ!
მათ ჰგონიათ, რომ მაღალ ძაბვას
ისევ ატარებს! რადგანაც ჯერ კიდევ
სისხლძარღვებივით, შერჩენია ძველთაძველი
სპილენძის კაბელები,
იმ თეთრ ფაიფურებზე
შემოოჭვილნი, შხამიანი გველების მსგავსად!…
ის ყველას ხელს უშლის,
ყველას აღიზიანებს
და ყველას წყრომას იწვევს, ჩემს გარდა!
– განსაკუთრებით კი მძღოლთა და მეეზოვეთა…
მე კი ალალად მიხარია, რომ ჯერ კიდევ არ ჰყრის
ფარ-ხმალს!!
ჩემი უბნის მთელი ისტორია, შავ-თეთრ კადრებად,
ზედ აწერია…
ბებერი ხის ბოძი! იგია ბოლო მოჰიკანი
ჩემი საუკუნოვანი, გამქრალი ქუჩისა…
და ის ორი ბეტონის დიდრონი სვეტი,
რომელთა შორის, ძაღლივითაა მიბმული,
სქელი ნახევრადდაშლილი „კატანკებით“-
– არის მისი, ბოძის, ფეხები, ჩაქვავებულნი
17 ფენა ასფალტში, სადაც პირველ ფენასაც კი აღწევენ
და იქ აქვთ მოკიდებული, მაგრად,
ფუძე თუ ფესვი!..
– ბებერი ხის ბოძი,
მოხუცი და მიტოვებული გუშაგი,
ჩემი ასწლოვანი უბნის, გაცრეცილი
ქუჩის ამაყი დარაჯი –
ისაა მთელი ჩემი ბავშვობის მემატიანე,
მამის, პაპის ბავშვობის ასევე…
მე მას შევარქვი – მარტოობის ჰერცოგი!…
– აღარც ქუჩა იქნება მალე, აღარც ქალაქი…
მაგრამ ის იქვე იდგება მაინც და თავს,
სადაცაა შეახებს ასფალტის
მე-17 ფენას, ნაზად, ამბორის,
თუ მადლიერების ნიშნად…
და მეც იქ და მაშინ დავსრულდები,
სადაც და როდესაც მას მოჭრიან…
უცხო
ნიშნების ზემოდან წაკითხვას ვცდილობდი,
ვფიქრობდი საზრისის კროსვორდი ამეხსნა…
ნირვანის ცენტრისკენ ამაოდ ვილტვოდი –
რღვევისგან სხეული როგორმე დამეხსნა…
ბუნების ლაბირინთს არ უჩანს სასრული,
ჩარხივით ბზრიალებს სანსარის ბორბალი…
უეცრად მომართვეს ფინიშის საგზური
– მზადყოფნით ვერ დავხვდი, ყელს მადგა გორგალი.
კოსმიურ გზებიდან აღმგავეს, გამხიზნეს,
ეს ჩემი ჯახირიც – ტრივიალურია!..
– მე მაინც მივაღწევ სანუკვარ სამიზნეს,
განღმრთობა რადგანაც მშია და მწყურია!
წარსულის ქურდი
ბათქაშის კედლებს მიღმა,
მიღმა ფანერის და შიფერის,
მიღმა სიძველის თუ სიშტერის…
დაბზარულ შუშებს მიღმა,
არტახებს, საბელებს მიღმა
იჭყიტება მორცხვად
ჩემი ქათქათა ბავშვობა,
ის მითვალთვალებს ფარული ღიმილით…
მიამიტური სიფრთხილით…
თითქოს მამხელს იმაში
რომ ვცდილობ წარსულის მოპარვას…
მე კი მერიდება დავენახო,
ასე დაშლილი და დაოთხილი
ტკივილებისგან!
გარდაუვალი სიბერისგან!
შინაგანი სიმძიმისაგან…
ამიტომაც მივიპარები,
კვალს არ ვტოვებ, ისე!
დაუდგენელი ქურდივით…
და სულელივით მავიწყდება,
რომ საკუთარ თავს ვერსად დავემალები…
სიფაქიზის Фანტასმაგორია!
ეძღვნება ჩემი სიყრმის უახლოეს მეგობარს, უნიჭიერეს პოეტსა და უიშვიათესი სულის ადამიანს – მაიკო სარიშვილს!
ცისსარტყელა, გამოკეტილი საკუთარ პალიტრაში,
ცაში ნამგალა;
მიწაზე ჭუპრი…
ალმაცერად რომ იყურება ნაჭუჭიდან –
სხივი-ალმასი!
ჟონავს დაისი და მით გითბობს გამომზრალ ხელებს…
და ახველებს, და ახელებს ხველებით ხეებს…
რტოებს და ყლორტებს, გამოპრანჭულთ სიოთა თქეშით,
სინოპტიკური მარტოობა! –
ამშობიარებს იადონებს მწევრული გეშით!
და მის ფიქრებში ძლივს თავსდება სამყაროს სევდა,
იცის მან ფასი მარადისობის…
დედა!
თუ ბნედა!…
რადგან სიყვარულს დაატარებს მისტიურ ელდად!
ლურჯი ყარყატი, დაკონკილი თევზის თვალებით…
ვერ ბორკავს გრძნობას, ნაფერმკრთალი სულის გისოსი;
კენტავრული იდუმალებით…
ვერშემდგარი გენერაცია
იმ გაურკვეველ სახეობას განვეკუთვნები, რომლის კლასიФიკაცია
და აბსორბცია, სამყაროს მხრიდან, ჯერ უცნობია;
ჯერ არ მომხდარა ჩემნაირთა სელექციური თვლა და შერჩევა,
– გალაქტიკურ განზომილებაში!
თუმცა ფორმას და სახელს „ჰომო საპიენსის“ მაინც ვატარებ…
მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ბუკვალურად!
ან და, იმ ქვე-სახეობას განვეკუთვნები, –
რომლის თანა-მსგავსთა, თანა-არსთა გენერაცია ჯერ არ შემდგარა…
რომელთა ფუნქცია ჯერ არ გამოკვლეულა…
მაგრამ ვის უნდა გამოეკვლია?
თუმცა ვიცი!..
და ამ გაურკვეველ ვითარებაში, ამ სრულიად არაპოეტურ
და ვირტუალურ ქაოსში,
მიწევს ჩემი არეალის დაცვა-შენარჩუნება, კონკრეტულ მოხაზულობასა
და სივრცეში!
დადგენილ გეომეტრიულ კონსტრუქციაში,
სადაც ვმყოფობ მატერიალურ წერტილის მსგავსად…
სადაც ვავსებ ან ვწნეხავ და ვდევნი ატმოსფეროს
ჩემი ხვედრითი წონით, ჩემდაუნებურად და უსურველად…
მე არ მესმის და ვერ აღვიქვამ – იმ საწყისის და იმ Фინიშის,
რომელიც იყო და რომელიც მოვა!
მე ვერ ვხედავ ისტორიის ზიგზაგებს ამ ვიწრო
ალგორითმში, რაც მომაკუთვნეს!
არამკითხედ და დანაშაულებრივად, ალბათ…
ყველა ათვლის წერტილი გამოანგარიშებულია,
ალგებრული ჭეშმარიტების უპრეცენდენტო რღვევით!
ყველა ხილული თუ უხილავი ტრაექტორია
გადაზნექილი და ჩამსხვრეულია – ჩემში და ჩემგან…
სივრცე იკლაკნება, რომელშიც ვჩანვარ
არაФოკუსირებად, ნახევრად მიმქრალ ჰოლოგრამად!
და ვიცი, რომ კოსმოსი მითვალთვალებს, როგორც საცდელ ობიექტს,
გადაშვებულს პირაღმა, ამ პლასტელინის დედამიწიდან
– პლაცენტური ცილის უსასრულობაში,
– რომლიდანაც ხელმეორედ უნდა ვიშვა…
მე რომ ვიყო კონфორმისტი…
მე რომ კონфორმისტად დავბადებულიყავი
და რიგითი, უპრეტენზიო მედროვის ტყავი მრგებოდა წილად,
ყველას და ყველაფერს დავლოცავდი ირგვლივ!
– შევაქებდი!
– ხოტბას შევასხამდი!
– განვადიდებდი და მაღალფარდოვან
დითირამბებს მივუძღვნიდი
– მავანთ!..
რადგანაც ეს ძალზედ მარტივი საქმე იქნებოდა,
ხუთშაბათობით, დაძინებამდე
და ერთშაბათობით, სამსახურამდე…
ყველა და ყველაფერი ხომ მშვენიერი, სწორი და მართალი იქნებოდა ჩემს ირგვლივ!..
ესოდენ გაწონასწორებული, ურყევი და საიმედო!
საუცხოო პერსპექტივების მომასწავებელი, ტკბილი, საამური მომავლით!
– მე რომ კონфორმისტად ჩავესახე მამას
და კონфორმისტად ჩამოვეყალიბე დედის საშვილოსნოს…
მერე, 9 თვის თავზე, კონфორმისტად მოვვლენილიყავი სამყაროს,
– ეს ალბად აღარასოდეს შეიცვლებოდა!
და ბედნიერი ვიქნებოდი საკუთარი მუდმივი კმაყოფილებით…
ვერასოდეს გავიგებდი სიტყვა-პროტესტის,
ან ანარქიის მნიშვნელობას!
– ამას უბრალოდ ვერავინ გამაგებინებდა და ამიხსნიდა,
იმიტომ რომ, ჩემი ტვინის ხვეულები
გადაკეტილი იქნებოდა სამაგისოდ…
– ვერ წავიკითხავდი ჰუგო ბალს, ბრეტონს და
გრიგოლ ცეცხლაძეს…
ვერ მოვუსმენდი მიკ ჯაგერს,
ბიბი კინგს, фრენკ ზაპპას და
ლუი არმსტრონგს!..
– მე რო კონфორმისტად აღვზრდილიყავი,
ასეთივე გაქანების ოჯახში,
ეზოში,
ქუჩაში,
უბანში…
დღეს ამაყად ვიტყოდი,
რომ მგზნებარე პატრიოტი ვარ!!
– რომ არ მჯერა American Dream-ის!
მეყვარებოდა ჩემი სამშობლოს ყველა ჰიმნი!!
– ვიქნებოდი გულანთებული მედროშე
ჩემი პარტიისა და ქვეყნის!!
თავის დროზე ჯარშიც წავიდოდი!
თუნდაც ავღანეთში!
ყველა ომშიც ვიომებდი!…
არაერთ ჯილდოს მომანიჭებდნენ ალბათ,
მათ ავიბზვინვარებდი გარუჯულ მკერდზე,
მედიდურად და ხიბლით!
ძალოვან სტრუქტურებში აურაცხელად შემოთავაზებულ თანამდებობებზე
როდი ვიტყოდი უარს…
და რაღათქმაუნდა, არასოდეს ვიქნებოდი ხელმოცარული!!!
ის კი არა და
მინიმუმ 2-3 მოწვევის პარლამენტშიც ამოვყოფდი თავს!
ბრტყელ-ბრტყელ და გაფუყულ ფრაზებს
მეც დავუყრიდი ერს სამადლო საკენკად,
ათასგვარი ცრუ დაპირებების საკაზმით შეზავებულთ!..
მეყოლებოდა ძლიერი და
ერთმუშტად შეკრული ამომრჩეველი!
ვიქნებოდი დიდი ქველმოქმედი!
მეყოლებოდა არაერთი ავტომობილი, სამსახურეობრივი თუ პირადი!
მეყოლებოდა ჩამშვები მძღოლები და
„ელიტნი პუტანკებიც“, ოხრად!
– წმ. სინოდის უმეტესი წევრი
ჩემი განუყრელი ძმაკაცები იქნებოდნენ
და პატრიარქთან, ნებისმიერ დროს,
უპრობლემოდ შემეძლებოდა შესვლა…
შორენას ვიზის გარეშე!
– მე რომ კონфორმისტად მიმეღწია ამ ასაკისათვის,
გადამებიჯა ნახევარი საუკუნისათვის და
კონфორმისტად წავსულიყავი წყნარი, უდარდელი სიბერისაკენ,
აქამდე უეჭველი მექნებოდა 5 აგარაკი სხვადასხვა фეშენებელურ ტურისტულ ზონაში!
მინიმუმ 6 ვილა, ზღვაზე, მთაში და ტბებზე…
თავისთავად, ეს ყველაფერი-უცხოეთშიც!
შვეიცარიის ბანკებში და ოფშორში
ანგარიშები…
მეყოლებოდა – ბიგლი, фერარი, იაგუარი და პრადო – რომლებიც სათამაშოები იქნებოდა ჩემი შვილებისათვის!
– მათ ხომ თვითმფრინავები ეყოლებოდათ უკვე საკუთარი!
მე კი თვითსავსე, გაბადრული, ჭარმაგი და ნებიერი,
ვიჯდებოდი ჩემს 7000 ევროიან პენსიაზე
და უზრუნველად გავაბოლებდი
სამემუარო ყალიონს…
– მე რომ კონфორმისტად ჩავძაღლებულიყავი…
გამომასვენებდნენ სამების ტაძრიდან!
პანაშვიდს გადამიხდიდნენ ჩემი ყოფილი „ბრატები“
წმ. სინოდიდან და
წესს ამიგებდა თავად უწმინდესი!
უეჭველი დამკრძალავდნენ მინიმუმ დიდუბის და
მაქსიმუმ მთაწმინდის პანთეონში,
გალაკტიონის, ან ილიას გვერდით!
თუნდაც წმინდა ექვთიმესთან ახლოს…
და გულზე დამადებდნენ 8 ტონიან, საბერძნეთიდან სპეც-რეისით ჩამოტანილ, თეთრ მარმარილოს ქვას,
წარწერით:
– ის დაიბადა, იცხოვრა, იმუშავა, იღვაწა, იქველმოქმედა და ჩაძაღლდა კონфორმისტად!
– ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე!..
– ის იყო გმირი!..
და როდესაც იქ, ზემოთ, კონфორმიზმის ტყავში გახვეული, ჩემი სული, მიეახლებოდა ღმერთს,
დიდ სამსჯავროზე,
მას კითხავდნენ ანგელოსები:
– გარდა კონфორმიზმისა, რა გიკეთებია ძმობილო,
მედროვეთა ბელადო, „სკომოროხო“ და პატრიოტო??
მათ ხელში ეჭირებოდათ ცარიელი
თეთრი დავთრები,
რომლებსაც, იქვე ჩაცუცქული
ცბიერი ლუციфერი
ჩუმად, პარვით და მალვით აავსებდა ჩემი სანიმუშო და მოქალაქეობრივად ყოვლად აღმატებულ-გამართლებული ცოდვებით…
– მერე აუცილებლად დიდ, მგზნებარე კონфორმისტად დავამახსოვრდებოდი ერსა და ბერს!
– და ჩემზე სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, ვიკიპედიაშიც ერთი და იმავე ინფორმაციას ჩაწერდნენ, ბაჯაღლოს ასოებით…
– დედა ისტორიას, დედა სამშობლოს და ჩვენს დიად,
მრავალ ომ და გაჭირვება გამოვლილ ერს
აუცილებლად ექნებოდა ჩემზე შეთხზული,
1-2 დიდსულოვანი, ამაჩუყებელი ხსოვნის სადღეგრძელოც, მხოლოდ განსხვავებულით!!
– მაგრამ საუბედუროდ მე არ დავბადებულვარ კონфორმისტად!!
– მე გავჩნდი ღატაკ პოეტად!
– უხასიათო ადამიანად და სენტიმენტალურ მაწანწალად…
– მე გავჩნდი ბომჟად, საკუთარ სამშობლოში!
– უქონელ, უმუშევარ ავაზაკად, თაღლითად, კახპად და ქურდად…
– ლოთად, ნარკომანად, ყაჩაღად!
– მე გავჩნდი წმინდა ჩვილად!
– კეთილშობილ ყრმად!..
– გავიზარდე პარაზიტად!
– ჩამოვყალიბდი შეურიგებელ, ბუნტარ ხელოვანად და დესტრუქციულ ელემენტად!
– მე გავჩნდი კვაზიმოდოდ და თეთრ ყვავად!
– მე გავჩნდი ლექსად და რითმად,
– ამ უსასრულო, დაჭაობებულ, ბუტაфორიულ ვაკუუმში!..
– მე გავჩნდი სტალინის ობსერვატორიაში, პაპაჩემის ტექნიკუმში, პირველ რკინიგზის სკოლაში, არტოს ბაღში, ცარიელ მუზეუმებსა და გასუსულ აუდიტორიებში…
– დაკეტილ სასაფლაოებსა და
– ქუჩის საპირფარეშოებში…
– დედაჩემი იყო ფიზიკოსი და მამაჩემი ინჟინერი…
– მე გავჩნდი პლეხანოვის გულში
და
უპატრონო ძაღლივით
სულს ვღაფავ თემქაზე…
– მე დავიბადე სხვა დროს და სხვაგან…
– იქ, რომელ ადგილსაც და სივრცეს არ გააჩნია ლოკაცია…
– და დღეს ჩემზე ყველა ინფორმაცია არის წაშლილი…
© არილი