ლექსების ციკლის მესამე ნაწილი
10.
დამაჯერებელი კრძალავს.
დამაჯერებლობის
ნაკრძალში
ნუ შეხვალ,
მანდ არ ინადირო,
მოგინადირებენ, რადგან
მანდ ბინადრობენ
რელიგიები და მათი ტაძრები
და ტრადიციები
და კიდევ
იდეოლოგიები.
სუპერმარკეტში ძეხვის საჭრელი
მანქანა თლის,
როგორც გამყიდველს სთხოვ,
სქელ, საშუალო ან თხელ ნაჭრებს.
და რომ არ აკრძალოს,
დამაჯერებელი ვერ იქნება,
არ გამოდგება სარწმუნოდ.
ქუჩაში ვიარე,
ვეძებდი საკბილოს
და თუ შენც გაივლი ქუჩაში,
ნახავ რომ ხალხი გახელილი
თვალებით დადის
და მაინც თვლემს,
თვლემს,
თვლემს.
ჩემთვის უთქვამთ, რომ
ძილში ვლაპარაკობ.
ესენი მთვლემარე სიარულში
ამბობენ სიტყვებს,
რომლებს შორისაც არ ურევია
არც „საორჭოფო“,
არც „საჭოჭმანო“
და არც „სათუო“,
ხოლო „ყოყმანი“
და „სავარაუდო“ ხომ არც კი
გაუგონიათ ალბათ.
ადამიანი თითქმის წმინდანია
და ეს ენაა, ენაა, რომელიც ირყვნება
და მაღალფარდოვნება ანუ პათეტიკა
არის ენის გარყვნილება
და რადგან
აქ, ამ ქუჩაზე,
და სხვაგანაც
ხმამაღლა მოსიარულე
ქართველებს, უგონო გინების გარდა,
თუ რამე მოსწონთ და ხიბლავთ,
იზიდავთ,
მაღალფარდოვანი
ანუ
პათეტიკური რამერუმეები
და ვერბალური ზიზილ-პაპილოებია,
ამიტომ თვითონაც ასე ირყვნებიან
და სხვა გარყვნილება
არც არსებობს
და ქართველები გარყვნილი ხალხია.
შენ მაგათ არ ჰგავხარ,
რადგან ზუსტად ნათქვამი სიტყვა
ის მტკაველია, რომელიც
შენი ფეხის ცერებიდან
ჯერ შენს ქუსლებამდე
და მერე შენს
შუბლიან კეფამდე
უსასრულოდ იმიტომ ივლის,
რომ ვერ ელევა შენი სხეულის
ვერცერთ მტკაველს
და ისევ უნდა მიუბრუნდეს
ხოლმე თითოეულ მათგანს
და ყველაფერი,
რაც ჩვენ შორის შეიძლება
ითქვას და მოხდეს და დაიღვაროს,
მხოლოდ სათუო და საორჭოფო
და საჭოჭმანო და სადავოა
და ვერასოდეს ვერ იქნება
იგი სარწმუნო და დამაჯერებელი,
რადგან ჩვენთვის
ჩვეულებრივი არაფერია.
მას კი სხვანაირად
არ შეუძლია,
რომ იარსებოს:
დამაჯერებელი კრძალავს.
11.
და როცა ტროტუარის მძაღე სახეებს
აღმართში მიმავალი ეს ღამე
ადამიანებად ასაღებს,
მანქანის უკანა სკამის
მღვრიე სიბნელეში მას
წინა სკამიდან მივუბრუნდი
და, მგონი,
ვუთხარი,
თქვენი
მოკრძალებული სიჩუმეც კი
სასიამოვნოდ ისმის-მეთქი.
მას კი რა უნდა ეპასუხა,
რომ ბარიბარში ვყოფილიყავით?
ერთ სტანდარტულ ფრაზაში ჩაკეცილი
„კომპლიმენტი“ და „მადლობა“ კი არა,
არამედ რა უნდა ეთქვა და ეპასუხა?
მე ვუახლოვდები სინათლის სიჩქარეს
და ფიზიკის კანონებთან სრული თანხმობით,
მათთვის ისე მოჩანს,
რომ ჩემი დრო შენელებულია,
თითქმის უსასრულოდ შენელებულია,
თუმცა აქ უკვე პოეზიის კანონები
ერთვება საქმეში,
რაკი არა ფიზიკა,
არამედ პოეზია იცნობს
ისეთ შენელებას,
რომელიც შეჩერებასაც გასცდება.
შეჩერება იმათ თავისკენ მოიკითხონ,
იმათ, ვისთვისაც
ჩემი დრო მათ დროსთან შედარებით
ისე შენელდა,
რომ დღეს ოდესღაც ათასჯერ გავლილ ქუჩებს
და
გზას რომ მივუყვებოდი,
იქაურობას თითქმის საერთოდ ვერ ვცნობდი,
ამასობაში იმდენი რამე აუშენებიათ,
აუნთიათ და დროს აყოლილებს
ისე უჩქარიათ.
როცა შენ შენი დროით ცხოვრობ
და გზას მიიკვლევ სხვების დროში,
რომ არ წაიქცე,
მოაჯირი გჭირდება.
ლონდონში დასაბრუნებლად
მალე მიმავალმა მეგობარმა
ორიოდე დღის წინ,
როცა ჩემთან ვისხედით
და მის მოტანილ ლუდს ვსვამდით სიამოვნებით,
მითხრა,
მივდივარ, რადგან
ყველას თავისი ხელმოსაჭიდი სჭირდებაო.
მოაჯირი-მეთქი,
ყველას თავისი
მოაჯირი სჭირდება-მეთქი.
მოაჯირი, რომელიც
არსებობასა და არარსებობას შორის
წასაშლელ საზღვარს მიუყვება.
ოღონდ ეს მხოლოდ ვიგულისხმე
და აღარ მითქვამს,
მართლა ყველაფერს ხომ არ დააზუსტებ,
ცხოვრებაა და არა ლექსი.
მანქანიდან როცა ჩამოვედი,
იქვე მივაგენი ლუდს,
რომელსაც ვეძებდი,
და ერთის მაგივრად ორი ქილა ვიყიდე,
თუმცა იქ, თაროებს შორის
ლუდის ქილები მოაჯირად ელაგა.
და ვიდრე სავსე მილაგია,
ეს ლუდის ქილები
შენი მკერდის წონაა
და როცა იცლება,
ორივე თითქმის ისეთი მსუბუქია,
რომ სიმსუბუქით ეწევა
შენს ღიმილს ისეთ სიბნელეში,
რომელშიც არაფერი არ მოჩანს
და მე შენს სუნთქვას
თანდათან
ვაგნებ.
მას კი ალბათ ეს უნდა ეთქვა და ეპასუხა:
– ეგ შენი
არარსებობაც კი
საკმაოდ მკაფიოდ მოჩანს.
და ვიქნებოდით ასე ბარიბარში.
12.
უბრალო ქალი ალბათ არ არსებობს
და მაინც
შენ არ ხარ უბრალო ქალი,
შენ ქალი კენტავრი ხარ,
წელზემოთ მუზა და
წელქვემოთ პეგასუსი,
ფრთოსანი ცხენი.
და რომ დავბრუნდი,
სახლში არ დამხვდი
და შუშაბანდის ორივე კარი ღია კი იყო,
ოღონდ ორივეს თავი ისე ეჭირა,
თითქოს მე დავტოვე ასე,
რომ ოთახში კვამლიანი ჰაერი გაწმენდილიყო,
ოღონდ მე ხომ ვიცი,
რომ ეგ შენ ქენი.
ერთს, რა თქმა უნდა, ვერ იკმარებდი
და ორივე კარიდან
სადღაც წასულხარ.
რადგან შემოგვაკლდა,
ალბათ წახვედი კარგი კანაფის
საშოვნელად, მოსაპოვებლად და მოსატანად,
რომ ერთად მოვწიოთ
და ჩვენი შეხვედრის და ერთად ყოფნის
ადგილები
ერთდროულად მრავალგან გვქონდეს,
თორემ ეს და ნებისმიერიც სხვა ოთახი
ზედმეტად ერთი ცალია ჩვენთვის.
მსგავსი მსგავსისკენ მიისწრაფვისო,
კი ამბობს მაისტერ ეკჰარტი,
ეტყობა, ცდება მისტიკოსი,
რადგან როცა ქუჩაზე გადავდიოდი
და ფეხი ღამეში უკვე ეძებდა ტროტუარს,
იმან გამაჩერა,
რომელიც არ მგავდა
და მას სრულებით სხვანაირადაც ეცვა:
კაპიუშონი გადმოფარებული
მას ჰქონდა
დახრილ თავზე,
მე კი თავი მქონდა ჰუდში,
და მას წარბებზე ჩამოფხატული
შავად ნაქსოვი ქუდიც ეხურა,
დაახლოებით ისეთი,
მე რომ ჩემი კარადის თაროზე მხვდება ხოლმე,
მე კი ჰუდის ქვეშ
ჩემი ლურჯი ველვეტის უკვდავი კეპით გამოვირჩეოდი.
მან გამაჩერა
და შიზოფრენიით შეპყრობილის
კლასიკური ფრაზით დაიწყო:
– ჩემი პირი თავისით იღება
და ჩემი ენა თვითონ ამბობს,
ამბობს ისე, რომ
მე არაფერ შუაში არ ვარ,
ამბობს კი აი, ამას:
შენ ხარ ძალიან რთულის,
ოღონდ თითქმის არანაკლებ ძალიან
გამარტივების შედეგი
და შენ მანამდე ხარ და იქნები, ვიდრე
ეგ გამარტივება გრძელდება,
ოღონდ შენ რომ რამე მოგეთხოვებოდეს
და არ იყო
უფურცლო პოეტი,
შენი
მოვალეობა ის იქნებოდა,
რომ გევლო უკან,
სიმარტივიდან სირთულისაკენ,
რომ არ დაემსგავსო
ამათ შენ გარშემო
და იმათ შენ ირგვლივ,
რომლებიც ერთმანეთის წამხედურობით
და თანაც თავისი სიამოვნებისთვის
თვითონ განაგრძობენ
გამარტივების ისე მიყოლას,
რომ არ უწყიან,
ან ივიწყებენ,
რომ გადაჭარბებულ გამარტივებას
გზა თუ მიეცი,
მისი შედეგი იქნება,
თითქმის უკვდავი პრიმიტიულობა
და ეს სამყარო ისეა მოწყობილი,
რომ ვერაფერი მასში ვერასოდეს
ვერ შეჩერდება,
თავს ვერ შეიმაგრებს ვერცერთ ზღურბლზე
და სიმარტივეშიც თავს ვერავინ შეინარჩუნებს,
არამედ ან უნდა უკან მიბრუნდეს,
უკან წავიდეს, დაიძრას,
შეუდგეს აღმართს
სირთულისაკენ,
გართულებისკენ,
ან მიჰყვეს გამარტივებას,
რომელიც, გითხარი,
თუ რაშიც გადაიზრდება
და საით მიექანება.
და მანქანების ერთმა ტალღამ რომ ჩაიარა,
ის არც კი დამემშვიდობა
და ღამის ნაწვიმარ ასფალტზე
ფარებისა და ფარნების და აბრების
ანარეკლები რომ ტივტივებდა,
სწორედ იმათში გადაეშვა
და სადღაც გაცურა.
აი, კიდევ ერთი აშკარა განსხვავება,
რომელიც ჩვენ შორის იყო:
მე ცურვა არ ვიცი,
ვერ მოვასწარი, აღარ დამცალდა
ცურვის სწავლა
შავი ზღვის იმ სანაპიროზე,
რომელზეც მაშინ
სიკვდილის ქაფიანი ზღურბლი
ცხოვრების გარდიგარდმო
იწვა და ფშვინავდა.
13.
სიცოცხლემ სიკვდილი დაიზეპირა
„ყველაფერი შემთხვევით იწყება
და აუცილებლად მთავრდება.“
ეს ორაზროვანი წარწერა,
რუხ და ხორკლიან ზედაპირზე
კიდევ შერჩენილი,
ვნახე ერთ საფლავის ქვაზე,
როცა ვიყავი ბოლოს
იმ სოფლის ძველ
და მიტოვებულ სასაფლაოზე,
რომლის თითქმის ხრიოკი მიწის
მწირი მოსავალი
საძოვრად და საკენკად გაეხადა
იქვე, ხევში შეყუჟული კომლების
ფრინველს და წვრილფეხა საქონელს.
ორაზროვანი კი იმიტომ იყო ეგ სიტყვები,
რომ გნებავს ასე მათ გაიგებდი:
„ყველაფერი იწყება შემთხვევით
და მთავრდება უკვე
აუცილებელ რამედ
გადაქცეული.“
ანდა ეგ ეპიტაფია
ნიშნავდა ფუტურო ცხოვრების გამხელას:
„ყველაფერი იწყება შემთხვევით,
ოღონდ იმავე ყველაფრის დასრულება
აუცილებელი რამეა,
ისეთი რამეა,
რასაც თავიდან ვერ აიცილებს
ვერც ვერავინ და ვერც ვერაფერი.“
კვირადღე დამხვდა
და ქუჩას შიშველი ჰქონდა ტანი,
ქუჩას გაეხადა
მანქანებისგან ნაქსოვი კაბა,
რომლის ძაფები,
მსხვილი და წვრილი,
აქა-იქ შერჩენოდა მხრებსა და ბარძაყებზე.
ორი ასეთი შედარებით მსხვილი ძაფით,
რომელსაც ჰქვია ავტობუსი,
ვიმგზავრე იქით,
გასვენებისკენ მიმავალმა.
კი, გადაჯდომა დამჭირდა,
გზის კარგად გაგნება
ისევ არ გამომდის,
თუკი შემთხვევით არ გამიმართლა.
თუმცა არ ვჩივი,
მაინც მივდივარ ხოლმე,
ბოლოს მაინც მივდივარ ხოლმე
და სადაც ვაპირებ ხოლმე მისვლას,
იქ მაინც მივდივარ ხოლმე,
მივდივარ აუცილებლად.
ოღონდ, ცხადია, აუცილებელ ვინმედ
კი არ მივდივარ,
არამედ აუცილებლად ხდება ხოლმე ის,
რომ მივალ ხოლმე და მივაღწევ.
ჩემი სიკვდილი შენი შიშველი ტანის წინათგრძნობაა
და ეს ნათქვამიც ორაზროვანი გამომივიდა
და მას ან ასე გაიგებ:
შენი შიშველი ტანი წინასწარ გრძნობს ჩემს სიკვდილს;
ან ასე გაიგებ:
ჩემი სიკვდილი, რომელიც
მე სულ თან დამაქვს,
იქნება,
ან უკვე არის
ის, რაც შენს ტანს
წინასწარ გრძნობს.
ასე ამყვა და დამჩემდა, ამეკვიატა
ორაზროვან ეპიტაფიად ცხოვრება.
თუმცა ბიოლოგიასა და ევოლუციაში
ცოტა სხვანაირად ხდება
და ყველაფერი იწყება შემთხვევით
და თუ აღმოჩნდა სასარგებლო,
მას სიცოცხლის ხარბი მეხსიერება
იმეორებს, ამოწმებს და ისე იზეპირებს
და მხოლოდ თავისთვის
აუცილებელ რამედ ინახავს და ინარჩუნებს.
ოდესღაც სიკვდილიც ასე შემთხვევით დაიწყო
და რადგან აღმოჩნდა სიცოცხლისთვის სასარგებლო,
ამიტომ იქცა დამახსოვრებულ
და
აუცილებელ რამედ.
სიცოცხლემ სიკვდილი დაიზეპირა.
ნაქსოვი კაბა ან რამე ეგეთი
შიშველ ტანზე ოდესმე
გცმია?
და თუ გეცვა,
ისევ ჩაიცვამ?
და თუ ჩაიცვამ,
ჩემი კვირადღე იქნები.
სიკვდილი არის სიცოცხლის ნიჭი-მეთქი,
სადღაც დავწერე
და გულუხვად მოეწონა იმ კაცს,
რომლის გასვენებაც
დღეს იყო,
მე კი დავეჭვდი,
რომ გადავაჭარბე
და იმ ჩემს ფრაზაში ჩემდა უნებურად გამოსჭვიოდა
მიდრეკილება მაღალფარდოვნებისკენ,
პათეტიკისკენ ანუ რელიგიისკენ,
რომელიც თავშესაფრად უსარგებლოა ჩვენთვის
და ჩვენ ის თავის შესაფარებლად არ გამოგვადგება.
ჩვენ არ გვჭირდება თავშესაფარი
და არც შენს მენჯს და
არც ლავიწებს არ სჭირდებათ
ზედ ნაქსოვი რამე ტანსაცმელი
და თუ მას გაიხდი,
შენს კანზე დაკარგულ ძაფებს
სულ სიტყვასიტყვით ავკრეფ.
14.
ხშირად რომ ვაკლებ ხოლმე სათქმელს,
იმიტომ ალბათ არ დავამთავრე
არც გუშინ ნათქვამი:
„სიცოცხლემ სიკვდილი დაიზეპირა“.
დღეს დავასრულებ:
სიცოცხლემ სიკვდილი დაიზეპირა
და სხაპასხუპით მას იმეორებს.
საქართველოში დროს სჭირს ანორექსია
და ეს ფსიქიკური აშლილობა
მას აიძულებს,
რომ ეგონოს,
რომ შემაწუხებლად,
მტანჯველად უფრო მეტია,
ვიდრე არის სინამდვილეში
და რომ მტანჯველად და შემაწუხებლად
უფრო მეტი აქვს ტანი,
ვიდრე აქვს სინამდვილეში
და ამიტომ უნდა კიდევ გაიფლანგოს,
რაც შეიძლება მეტად.
თუმცა დროს ვინ ჩივის,
როცა იგივე სჭირს თვითონ სინამდვილეს
ანუ რეალობას,
რომელსაც რადგან თავი ჰგონია
მოჩვენებითად მეტი ვიდრეა
და ამიტომ ცდილობს შეივსოს
ეგ მოჩვენებითი თავისი სიჭარბე
და დაასახლოს ის ფანტასტიკური არსებებით,
ღმერთებით, დემონებით, ანგელოზებით,
მკვდრეთით აღმდგარი ვირიშვილებით
და დევებით და სულებით,
მკვდარი და ცოცხალი
ადამიანების სულებით.
მე ასე ვიცი ხოლმე,
რომ თავს დავიღლი გამწარებამდე
და დღესაც ასე დამემართა,
დავეხეტებოდი.
შენ კი იქნებ ცოტა დაისვენო,
მე დავიღლები
ხოლმე შენ მაგივრად.
ცელოფნის პარკში ორი პურია
და ერთს დღეს მოვუღებ ბოლოს.
აი, მავიწყდება შენი სახელი,
მოდი, გამახსენე
და ნუ გეგონება,
რომ დრო მართლა
უფრო მეტია.
თვისება რაა, რომ თვისების თვისება
იყოს რამე?!
შენ შენი სხეულის თვისება ხარ
და დროა შენი თვისება
და ქუჩა მოირჩენს შენს თხელ ნაკვალევს.
ქვეყანას თავის დრო აქვს.
ხმელთაშუა ზღვა ხომ გაგიგონია,
ანუ ზღვა, რომელიც
არაერთ ხმელეთს შორის ღელავს
და ხომ გსმენია მესოპოტამია
ანუ შუამდინარეთი,
ანუ ქვეყანა, ხმელეთი, რომელიც
ორ მდინარეს შორის
იკლაკნება,
ადამიანიც ასეა,
ადამიანიც „ბრბოთაშუა“ ვინმეა
ანუ
არაერთ ბრბოს შორის ღელავს
და ადამიანი არის „შუაბრბოეთი“,
ანუ ბრბოებს შორის ის იკლაკნება
და ეს ითქმება არა ვინმე რჩეულებზე,
არამედ ნებისმიერზე,
რომელიც არ უნდა ამოკრიფო
ბრბოს თუნდაც შუაგულიდან.
გაძვალტყავებული დროა საქართველოში
და ჩვენ მაინც ნუ გვეგონება,
რომ მეტი დრო გვაქვს,
ვიდრე დაგვრჩენია
და რაც დაგვრჩენია,
ეს დრო ვიხელთოთ,
რომ იღელვოს ჩვენს სხეულებს
შორის,
რომ იკლაკნებოდეს
ჩვენს ტანებს შორის.
ძეხორციელის სუნი მცემსო,
იტყოდა ხოლმე ჩვენზე დაგეშილი დევი ზღაპარში.
ძეხორციელი შეხებით ცხოვრობს,
სულდგმულობს და იკვებება
და მერე რა მოხდა, რომ
დრო ამ ქვეყანაში ასე აშლილია,
გაძვალტყავებული დრო.
ვეწევი დღეს ნაყიდ
გასახვევ თამბაქოს,
რომელსაც ასე სასაცილოდ
ჰქვია „ხეოფსი“.
კარგი,
მე ფარაონი ვიქნები,
შენ თუ გახდები ჩემი პირამიდა.
© არილი