რეცენზია

ეკა ცხადაძე – ფრანგული ძღვენი

 

ჟორჟ ფედო. ეჭვის ჭია. ფრანგულიდან თარგმნა ირინა ღოღობერიძემ. თბ. “სანი”, 2003.

მარი დარიესი. ტრუიზმები. ფრანგულიდან თარგმნეს თამუნა ლომიძემ, შორენა ნინიაშვილმა. თბ. “სანი”, 2003.
ბერნარ მარი კოლტესი. უდაბნოში დაბრუნება. ფრანგულიდან თარგმნა ეკა ენუქიძემ. თბ. “სანი”, 2003.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურული ცენტრი განაგრძობს ფრანგი მწერლების მხატვრული ტექსტების თარგმნისა და გამოცემის აქტიურ პროცესს. ამჯერად ჩვენ ვეცნობით ჟორჟ ფედოს “ეჭვის ჭიას”, ბერნარ-მარი კულტესის “უდაბნოში დაბრუნებას” და მარი დარიესეკის “ტრუიზმებს”.
ჟორჟ ფედოს “ეჭვის ჭია” ფრანგულიდან თარგმნა ირინა ღოღობერიძემ და ძირითად ტექსტს წარუმძღვარა საგანგებო წერილი ავტორის შესახებ, საიდანაც ცხადი ხდება, თუ რატომ მოსწონთ დღესაც თეატრალებს XIX საუკუნეში დაბადებული და XX საუკუნის 20-იან წლებში ფსიქიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი დრამატურგის პიესები. ირინა ღოღობერიძე დაწვრილებით ჩამოთვლის იმ თეატრებს, სადაც დღემდე იდგმება ჟორჟ ფედოს პიესები, გვამცნობს იმ მიზეზებს და შემოქმედებით თავისებურებებს, რამაც ასე სიცოცხლისუნარიანი გახადა ჟორჟ ფედოს დრამატურგია.
ძალიან იშვიათია, როცა დრამატული ნაწარმოები ისევე პოპულარული იყოს, როგორც რომანი ან სხვა ჟანრის მხატვრული ტექსტი. დრამები თავიანთი სპეციფიკური ხასიათის გამო ნაკლებ იმსახურებენ მკითხველის ყურადღებას, მათ სიამოვნებით უყურებენ თეატრის სცენაზე, მოსწონთ ან არ მოსწონთ, მაგრამ დრამების წაკითხვას მაინც ძალდატანების გარკვეული წილი ახლავს. ჟორჟ ფედოს “ეჭვის ჭია” სცენაზე განხორციელებული მართლაც საინტერესო იქნება, მაგრამ კითხვისას რემარკის სირთულის გამო შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი გვეჩვენოს.
ჟორჟ ფედო ქალების დიდი მოტრფიალე ყოფილა, ფრანგული ბოჰემის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მსუბუქი ირონიით და სილაღით გაჯერებული დრამების ავტორი. ირინა ღოღობერიძემ რამდენიმე სერიოზული მიზეზის გამო აირჩია ჟორჟ ფედოს პიესა, რომლის არც ერთი ტექსტი არასოდეს თარგმნილა ყოფილ საბჭოთა სივრცეში და, ბუნებრივია, საქართველოშიც. ჟან-პოლ ბელმონდო ფედოს პიესებში დროგამოშვებით თამაშობს – “ფორმაში რომ ვიყო, ორ-სამ წელიწადში ერთხელ ფედოს გმირი უნდა ვითამაშო” – უთქვამს მსახიობს. მთარგმნელს მიაჩნია, რომ დადგა ჟამი, ჩვენმა თეატრებმაც მიაქციონ ყურადღება ჟორჟ ფედოს და გაახაროს მსუბუქ კომედიას დანატრებული ქართველი მაყურებელი.
“ეჭვის ჭია” ფრანგი ბურჟუების ყოფას ასახავს. ავტორმა კარგად იცის ამ საზოგადოების მორალი, მათი ქცევის მაპროვოცირებელი განცდები და გრძნობების სიმსუბუქე. ეს პიესა ფედოს ერთ-ერთი ტექსტია, მას ორმოცამდე ვოდევილი ჰქონია, სადაც ადიულტერს “აშკარად ფრანგული სუნამოს სურნელი ასდის”. ამ ავტორთან თვალსაჩინოა რიტმისა და სპეცეფექტების სიუხვე, სადაც მახვილგონივრულობა პირველივე სცენიდან ხდება მისი ინდივიდუალობის დასტური.
ბატონების და მსახურთა წყვილი, ოჯახის მეგობრები და პიკანტური სასტუმროს ბინადარნი მხიარულ, ლაღ და მსუყე გარემოს ქმნის ფედოს პიესაში. მასში უხვად არის გაუგებრობანი, ჩაშლილი პაემნები, ორეულის მოულოდნელი გამოჩენა და პერსონაჟთა არევა… შანდებიზს და პოშს ერთი მსახიობი უნდა თამაშობდეს, რემარკაში დაწვრილებით არის მითითებული, როგორ უნდა გავიდეს ან შემოვიდეს პოშად გარდაქმნილი შანდებიზი, როგორ და რანაირად უნდა გამოიცვალოს სამოსი და წარუდგეს მაყურებელს, რა ადგილას უნდა აღმოჩნდეს და ა.შ.
“ეჭვის ჭია” ცოლ-ქმარს შორის გაჩენილ უნდობლობაზეა შექმნილი, მათ პარიზულ “ფათერაკებზე”, რომლის ბოლო კეთილია. ჩვენ მოწმენი ვხდებით XX საუკუნის დასაწყისის ფრანგული ბურჟუების ოჯახის ბედნიერების. ეჭვის გაჩენა, მისი გაძლიერება და გაქარწყლება ფრანგული სიმსუბუქით და სილაღით გადმოგვცა ჟორჟ ფედომ.
ბერნარ-მარი კოლტესის “უდაბნოში დაბრუნება” ფრანგულიდან ეკა ენუქიძემ თარგმნა, ესეც დრამატურგიული ნაწარმოებია, ოღონდ რადიკალურად განსხვავდება ფედოს ლაღი პიესისგან. ბერნარ-მარი კოლტესი XX საუკუნის სამოციანი წლების პროვინციულ ქალაქზე გვიამბობს, ერთი ოჯახის ისტორიას ჰყვება, სადაც მოქმედება ტრაგედიის ზღვარზეა.
ადრიან სურპენუაზის, მისი დის მატილდას და მათი შვილების ცხოვრების ფონზე კარგად იკითხება წინააღმდეგობრივი და მოუწესრიგებელი გარემოს სურათი. გმირები აშკარად გაურბიან სრულფასოვან ცხოვრებას, ბოლომდე არ ხარჯავენ ენერგიას და ცდილობენ საკუთარი ცხოვრება ისე მოაწყონ, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ. და-ძმის დაძაბული ურთიერთობა, მათი ცდა რესპექტაბელურობის შენარჩუნებისა, გარეგნული პეწის დაცვისა, კრახის მთავრდება.
XX საუკუნის 60-იანი წლები საფრანგეთისთვის დიდი ძვრების პერიოდია, ქვეყანა ცდილობს ევროპაში დომინირებას, სურს თავი აარიდოს ოკეანის გაღმიდან მსოფლიოსთვის შემოთავაზებულ პოლიტიკას და კვლავ იქცეს ანგარიშგასაწევ ძალად. ასეთი ფონი არ არის მკაფიოდ მოცემული ბერნარ-მარი კოლტესის ტექსტში, მაგრამ პროვინციული ქალაქი გრძნობს უჩვეულო ბიძგებს, მის ყოფაშიც იჭრებიან გაუცხოებული სუბიექტები, საზოგადოება მოუსვენარი და მომლოდინეა…
ადრიან სურპენაუზი ერთადერთ ვაჟს განსაკუთრებით უფრთხილდება, სურს მანაც მამასავით მყუდრო ცხოვრება მოიწყოს, რიგითი ბურჟუის ცხოვრებით იცხოვროს. ადრიანის უშფოთველ ყოფას მატილდა და მისი შვილები არღვევენ, რადგან მატილდა თავიდანვე ძმისგან განსხვავებული ხასიათისა იყო. ადრიანი ეწინააღმდეგება თავის დას, ბოლომდე ცდილობს საკუთარი ცხოვრების წესის დაცვას და არაფერი გამოსდის. როდესაც მდორე, მყუდრო გარემოში იჭრება გარე, აგრესიული და აქტიური ძალა, რომელიც ყოველივეს შეცვლის მოსურნეა, სრულიად ბუნებრივია, რომ ეს ძალა იმარჯვებს. ადრიანს ბოლოს მაინც მოუწევს შეჩვეულის დათმობა, შეგუებულის მიტოვება, ყველაფრის დავიწყება და ახლიდან დაწყება.
ბერნარ-მარი კოლტესის პიესაში ფრანგი ქალიშვილი თავის უკანონო შავკანიან ტყუპებს რემუსსა და რომულუსს არქმევს. ამ ბავშვების დაბადებით სრულდება რესპექტაბელური ოჯახის ისტორია და იწყება ახალი, ფაქტობრივად ახალი ერა, იქმნება ახალი პროვინცია, ახალი ქალაქი, ახალი საფრანგეთი. ძველი ქვეყანა აღესრულა და წარიხოცა ძველი, შეჩვეული, ძვირფასი, კეთილშობილების გარსის მქონე, მაგრამ აშკარად მოძველებული და განწირული.
ბერნარ-მარი კოლტესის “უდაბნოში დაბრუნება” საგულისხმო ტექსტია, მასში მრავალი დეტალი იქცევს ყურადღებას, თანაც ეს პიესა კარგად არის განტოტვილი და იმავდროულად მთლიანობაში მოქცეული.
სამწუხაროა, რომ ბერნარ-მარი კოლტესის შესახებ ცნობები არ არის მოწოდებული, ისე საინტერესოა, როგორ არის წარმოდგენილი თავისი ქვეყნის მწერლურ სივრცეში.
ეკა ენუქიძის თარგმანის გაცნობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა, მთარგმნელმა ალბათ საგანგებოდ შემოგვთავაზა “უდაბნოში დაბრუნება”, რაც ჩვენი თეატრებისთვის მართლაც შეიძლება ახალი მუხტის მომცემი შეიქნას.
მარი დარიესეკის “ტრუიზმები” თარგმნეს თამუნა ლომიძემ და შორენა ნინიაშვილმა. სათაური ასეა განმარტებული: “სათაურში სიტყვათა თამაშია: ტრუიზმი გაცვეთილი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ფრანგულად “truie” ნეზვს, დედა ღორს ნიშნავს. ასე რომ, “truisme” შეიძლებოდა გვეთარგმნა, როგორც – გაღორება.”
“ტრუიზმებში” პირველ პირშია მოთხრობილი ადამიანის გაღორება-განეზვების ამბავი. ოდესღაც ამას “მეტამორფოზებს” დაარქმევდნენ, მთავარ გმირს რომელიმე ცხოველად აქცევდნენ, მაგალითად, “ოქროს ვირად” და ნაირგვარი პიკანტური სცენებით გააჯერებდნენ. მარი დარიესეკმაც მეტამორფოზა შემოგვთავაზა, ოღონდ უახლესი გარემოსთვის შესაფერი ატრიბუტებით გაჯერებული. ამ ერთი ტექსტითაც შეიძლება ავტორზე მსჯელობა და თუ ამ კონკრეტული “ტრუიზმით” შემოვიფარგლებით, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მარი დარიესეკი კარგი მწერალია. მან ეს “განეზვება” ხელშესახები ნატურალიზმით გადმოსცა და ამაზრზენი ნიუანსები კარგად წარმოაჩინა. “ტრუიზმები” კაციჭამიობის ეკვივალენტურია, ანუ “განეზვება” არის კანიბალიზმის თანასწორი მოვლენა, რომელსაც ფრანგი მწერალი თანამედროვე მეტამორფოზებით გვაწვდის.
დიუმას ცენტრის მიერ მოწოდებული “ძღვენი” ნამდვილად დასაფასებელია, მით უფრო, რომ დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება იგი. გვჭირდება, რათა ისევე გავიგოთ და შევიყვაროთ უახლესი ფრანგული მწერლობა, როგორც გვიყვარს მისი ბრწყინვალე XIX და XX საუკუნეების კლასიკა.

© “წიგნებ – 24 საათი”

Facebook Comments Box