„რუსთაველი არის ჩვენი დანტე, გომერი, ვირგილი, გიოტე, შილერი, მილტონი, ბაირონი… ჩვენ კი გვმართებს ძეგლი ავუგოთ, ქუდმოხდილი ვიდგეთ მის წინაშე“
ა. სავანელი, გაზ. „დროება“, 1880 წ.
„ერთ დღეს დედა დილიდანვე სადღაც წავიდა. ვისარგებლე მარტოობით, ეზოდან ბუხრის საშენი წითელი თიხა ამოვიტანე, სასტუმრო ოთახში შევზიდე და ერთდროულად ორი ქანდაკების ძერწვა დავიწყე: იესო ქრისტესი და შოთა რუსთაველის. ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე შოთას ქანდაკებას გავაკეთებდი; და, მართლაც, ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე ვცადე შოთას გამოძერწვა; ალბათ ჩემი ბოლო ქანდაკებაც შოთა იქნება“
იაკობ ნიკოლაძე.
„მონუმენტები, მემორიალები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ გარემოს, არამედ ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ისინი შემოდიან სივრცეში, რომელიც ხალხს და ქვეყანას ეკუთვნის. ისინი ცვლიან გარემოს, ქალაქის პეიზაჟს, ახალ შინაარსსა და ხასიათს ანიჭებენ. ურბანულ სივრცეში შემოსვლა უდიდესი გამოცდაა, ითხოვს მოწიწებას და სიფრთხილეს. ერთ უტაქტო ნაბიჯს შეუძლია დაარღვიოს წესრიგი, ჰარმონია“
ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი.
თბილისის ურბანული ლანდშაფტი წარმოუდგენელია რუსთაველის ძეგლის გარეშე ისევე, როგორც წარმოუდგენელია ქართული კულტურა და მწერლობა ურუსთაველოდ, არადა შოთა რუსთაველის ძეგლი დედაქალაქის მთავარ გამზირზე სულ რაღაც 80 წლის წინ დაიდგა და ეს მაშინ, როცა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორისათვის ძეგლის აღმართვის იდეა ბევრად ადრე, XIX საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა.
ძეგლები აფიქსირებენ წარსულის გარკვეულ ხედვას, იდეალს, რომელმაც გაიმარჯვა, აღიარება მოიპოვა მოცემულ საზოგადოებაში და მისი კულტურული და ისტორიული ნარატივის ნაწილად იქცა, მაგრამ, როცა საზოგადოებას თავისი თავი თავადვე არ ეყუდნის, ასეთი საზოგადოება ვერ ახერხებს მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პერსონაჟების გამოხმობას წარსულიდან და წამძღვარებას მომავალში მათთვის ძეგლების დადგმის სახით, რადგან ყოველი ასეთი მცდელობა ეწინააღმდეგება დამპყრობლის იდეალებსა და წარმოებულ პოლიტიკას. ამიტომ იყო, რომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას თბილისში მხოლოდ რუსი მთავარმართებლისა და მწერლების ძეგლები დაიდგა, ხოლო 1921 წლის შემდეგ, როცა საქართველოზეც გავრცელდა 1918 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებული რუსეთის სახკომსაბჭოს დეკრეტი „პროლეტარული რევოლუციის იდეების მონუმენტური ხელოვნების საშუალებით პროპაგანდის შესახებ”, დაიწყო მეფეებისა და მეფისნაცვლების ძეგლების პროლეტარიატის ბელადებით ჩანაცვლება.
ძეგლი, გარკვეული გაგებით, წარსულის ფიქსაციაა, რომელსაც მხარს უჭერს ძალაუფლების მატარებელი პირი ან ინსტიტუცია. 1934 წელს გამართულმა საბჭოთა მწერალთა პირველმა საკავშირო ყრილობამ, ცხადია სტალინის გადაწყვეტილებით, სოციალისტურ ქვეყანაში დააბრუნა მანამდე კლასობრივად მიუღებელი (ფეოდალიზმისა და კაპიტალიზმის მომღერალი) კლასიკოსი მწერლები და მათ შორის რუსთაველიც. ბელადმა გადაწყვიტა თავისი იმპერია ეროვნულ-ეთნიკურ პრინციპებზე დაეფუძნებინა.
„რუსთაველის იუბილე სოციალიზმის ქვეყნის ძლიერების ბრწყინვალე დემონსტრაციაა. ეს არის ლენინურ-სტალინური ნაციონალური პოლიტიკის გამარჯვების დღესასწაული. ჩვენი მრავალრიცხოვანი ხალხები ერთად, მწყობრად, ერთი დროშის ქვეშ ცხოვრობენ, აშენებენ, ჰქმნიან და ანვითარებენ თავის კულტურას – ფორმით ნაციონალურს, შინაარსით სოციალისტურს“, – ვკითხულობთ 1937 წლის 26 დეკემბრის „პრავდის“ მოწინავეში.
სტალინისა და ქართველი ბოლშევიკების გადაწყვეტილება შოთა რუსთაველისათვის თბილისში ძეგლის აღმართვის შესახებ დაემთხვა ქართველი ხალხისა და მისი გამორჩეული შვილების საუკუნოვან ოცნებას. ამიტომაც იყო, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და რეჟიმის ლეგიტიმაცია შეიცვალა, იმ ადამიანების უმეტესობამ, რომლებსაც ძეგლს უდგამდნენ მთელი 70 წლის განმავლობაში, ასევე დაკარგა ლეგიტიმაცია ახალი თაობების თვალში და, შედეგად, თავი ვეღარ შეიმაგრა მკვიდრად ნაგებ კვარცხლბეკზე (მსგავსი ბედი გაიზიარა მოქანდაკე კონსტანტინე (კოტე) მერაბიშვილის რამდენიმე ნამუშევარმაც), მაგრამ, ცხადია, არა შოთა რუსთაველმა – საქართველოს კულტურული ლანდშაფტის მთავარმა ფიგურამ, რომელიც აგერ უკვე 80 წელია, განსაკუთრებული შინაარსით ავსებს თბილისის ურბანულ ლანდშაფტსაც.
***
1942 წლის 23 მაისს, როცა მეორე მსოფლიო ომი საქართველოს უღელტეხილებამდე იყო მოსული, სრულიად არასაზეიმო ვითარებაში თბილისში გაიხსნა შოთა რუსთაველის ძეგლი, რის შესახებაც მცირე ზომის მოკრძალებული ცნობა გამოაქვეყნა გაზეთმა „კომუნისტმა“.
„დამთავრდა უდიდესი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლის აწევა და კვარცხლბეკზე დადგმა. ქანდაკების აწევისა და დადგმის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ ამიერკავკასიის კანტორის „ჰიდრომონტაჟის“ ინჟინრები ამხანაგები პეტრენკო და ბიუროკოვი, – წერდა გაზეთი, – უახლოეს ხანში დაიწყება მუშაობა ძეგლისა და მისი მომიჯნავე ფასადების ტერიტორიების გასაფორმებლად. ძეგლის გარშემო ბაღი გაშენდება. ძეგლის წინ მოაჯირის ორივე ფრთაზე დაიდგმება ვეფხვის ქანდაკებები.“
რომ არა მძიმე ვითარება ფრონტზე, შოთა რუსთაველის ძეგლის აღმართვა, ცხადია, ასე უღიმღამოდ არ ჩაივლიდა. საქართველოს უმთავრესი პოეტისათვის დედაქალაქში ძეგლის დადგმის იდეა ხომ ლამის ასი წელი ტრიალებდა ჰაერში. 1913 წლის „კლდის“ 24 მარტის ნომერში დავით კასრაძე წერდა, რომ ძეგლის დადგმის საკითხზე ჯერ კიდევ „ჩვენი მესამოცე და მეოთხმოცე წლების მოღვაწენი“ ზრუნავდნენ.
„გრიგოლ ორბელიანმა, მელიქიშვილმა და მათი წრის ხალხმა თხოვნით მიჰმართა ვორონცოვს, რომ ნება დაერთო მას შოთას ძეგლის აგებისა. ვორონცოვი სიხარულით დასთანხმდა და დახმარებაც აღუთქვა. ამისათვის საგანგებო კომიტეტიც შესდგა, რომელსაც ფულის მოკრეფა დაევალა. მეტი არ იქნება გავიხსენოთ, რომ ძეგლის დადგმა სურდათ იქ, სადაც ახლა ვორონცოვის მონუმენტია ამართული. სამწუხაროდ, სწორედ ამავე წელს ვორონცოვი გადაყვანილი იქმნა და დაწყებული საქმეც სულ ერთიანად ჩაიშალა. აღსანიშნავია მეორე ხანაც, სახელდობრ ილ. ჭავჭავაძის ეპოქა, როდესაც ქართველიშვილის თაოსნობით გამოცემული იქნა ვეფხვის ტყაოსნის სურათებიანი ძვირფასი გამოცემა. ამ გამოცემასთან ერთად ქართველიშვილს სურდა ძეგლი აღემართად თბილისის ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე. შესდგა ახალი კომისია, სადაც მოდიოდნენ ჩვენი მოღვაწენი და ლიტერატორნი. როგორც მაგალითად, თვითონ ქართველიშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე, ივ. მაჩაბელი და სხვები. თუმცა ეს განზრახვა მხოლოდ განზრახვად დარჩა, ეს იმიტომ, რომ მთავრობამ ნება მისცა, ყოველ მოღვაწეს მხოლოდ იქ დაედგას ძეგლი, სადაც დაიბადაო. ვგონებ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ჩვენმა მეოთხმოცე წლის მოღვაწეებმა გულში ჩაიკლეს შოთას ძეგლის დადგმის სურვილი“.
თუმცა ძეგლის დადგმა ვერც სოფელ რუსთავში მოხერხდა. დავით კასრაძე იხსენებს ალექსანდრე ფრონელის მიერ 1902 წლის „მოამბის” III ნომერში გამოქვეყნებულ „დიდებულ მესხეთსა“ და მასში გამოთქმულ აზრს, „შევწიროთ ისტორიის სიყვარულს მცირედი მსხვერპლი და ავუგოთ შოთას რუსთავის ლამაზ ველზე პატარა ობელისკი მაინც“-ო.
„რუსთავის პატარა ველზე ერთადერთი პატარა გორაკია, თითქოს განგებ აქ მიწა დაუყრიათ. სიმაღლით ორი-სამი საჟენი იქნება. სწორედ ზედ გამოჭრილი ბექია ძეგლისთვის. აქ რომ შოთა რუსთაველის ძეგლი ან ობელისკი დაიდგას, მშვენიერება იქნება. ბექი მტკვარს ზედ თავზე დასცქერს, იქვე შარა გზაა, შოსე; გამვლელ-გამომვლელი თვალს ვერ აარიდებს ძეგლსა, ისიამოვნებს იმ ფიქრით, რომ შვილნი უმადურად არ მოჰქცევიან სახელოვან მამას და იმასაც ხომ გაივლებს გულში, რომ გავერანებული მესხეთი ოდესმე ბედნიერი ყოფილაო…“ – წერდა ალექსანდრე ფრონელი.
***
XIX საუკუნის საქართველოში ძეგლის დასადგმელად აუცილებელი იყო მეფის ადმინისტრაციის ნებართვა, რომლის მიღების შემდეგ ადგილობრივი საზოგადოება იწყებდა შემოწირულებების შეგროვებას. როგორც წესი, გარკვეულ თანხას ხელისუფლებაც გაიღებდა ხოლმე. თბილისში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ძეგლის დადგმა 30 ათას რუბლზე მეტი დაჯდა: 26 104 რუბლი შემოწირულების სახით შეგროვდა, რასაც დაემატა იმპერატორისა და ტახტის მემკვიდრის სახელზე გამოყოფილი 5 ათასი რუბლი.
ძეგლის დადგმასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს 1903 წლის 18 ივნისის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ცნობა თბილისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე ხმოსან ბ. პ. ვესელოვზოროვის მიერ წამოჭრილი საკითხის შესახებ. საუბარია დიდი მთავრის მეუღლის, ოლღა თევდორეს ასულის ხსოვნის უკვდავყოფაზე („ქალაქმა კარგად იცის, რამდენი ღვაწლი მიუძღვის დიდის მთავრის მეუღლეს ჩვენის ქვეყნის წინაშე…“).
„ხელის მოწერით შეიკრიბოს ფული დიდის მთავრინასათვის ძეგლის ასაგებად, ქალაქმა კი ამისათვის 200 თუმანი გადასდოს, – წერდა „ცნობის ფურცელი“, – შარშან მხატვარ-მექანდაკეს ბატონ ხოდოროვიჩს ცნობები წარუდგენია ქალაქისათვის, რომ დიდი ძეგლი 52 275 მანეთი დაჯდებაო“.
ცნობაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ადგილი, სადაც ძეგლი უნდა გამართულიყო („სასახლის წინ, დედათა I გიმნაზიის გალავნის წინ“), სივიწროვის გამო დიდი ძეგლის აგების საშუალებას არ იძლეოდა და ამიტომ, მხოლოდ ბრინჯაოსგან გაკეთებული ბიუსტის („2-2,5 არშინის სიმაღლისა ქვის დასადგმელზედ“) აგება გადაწყდაო, რაც, ბატონ ხოდოროვიჩის გამოანგარიშებით, 10-12 ათასი მანეთი დაჯდებაო.
1852 წელს მტკვარზე გადებული მნაცაკანოვის ხიდის მშენებლობა 25 ათასი მანეთი დაჯდა, 1885 წელს გახსნილი ვერის ოთხმალიანი ხიდისა კი – 180 ათასი მანეთი. 1913 წელს რუსეთის იმპერიაში საშუალო ხელფასი 24,2 რუბლი იყო. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ჯამაგირი 350 რუბლს შეადგენდა, გიმნაზიის მასწავლებლისა კი – 80-106 რუბლს (უფრო ადრე, როგორც გალაკტიონი წერს უბის წიგნაკში, როცა ნიკოლოზ ბარათაშვილი სტოლინაჩალნიკად მსახურობდა, მისი თვიური ჯამაგირი 5 მანეთი ყოფილა), თუმცა ფულზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციის თანხმობა.
როგორი დამოკიდებულება ჰქონდა რუსულ ადმინისტრაციას?
რუსეთის იმპერია ისე დაიშალა, რომ თბილისში არცერთ ქართველ მოღვაწეს საჯარო სივრცეში ძეგლი არ ღირსებია. თუ ეკატერინე გაბაშვილს დავუჯერებთ, მეფის რუსეთში მიზანმიმართულად იდევნებოდა ადგილობრივი მოღვაწეების, მათ შორის შოთა რუსთაველის ხსოვნის უკვდავყოფის ყველა მცდელობა, რაც ბუნებრივი იყო რუსეთის იმპერიის პოლიტიკის, ძალაუფლების ტიპისა და ღირებულებების გათვალისწინებით.
86 წლის ეკატერინე გაბაშვილი ემოციურად გამოეხმაურა 1937 წლის 27 ნოემბრის (N28) „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცნობას, საქართველოს სამხატვრო საწარმოო კომბინატის მუშაობის შესახებ:
„სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული რუსთაველის პორტრეტი გადაეცა საიუბილეო კომიტეტს დასამტკიცებლად. პორტრეტი მასობრივი ტირაჟით გამოვა. მასობრივი ტირაჟით დამზადებულია ბიუსტები, ქანდაკებები და ბარელიეფები სახალხო მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის, კოტე მერაბიშვილის და სერგო ქობულაძის ნამუშევართა მიხედვით. ქანდაკებები დამზადებულია სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა სახისა“.
„კითხულობ და არა გჯერა, რომ ეს ოცნება არ არის. ოცნება მიუღწეველი, საზღაპრო… – წერდა ეკატერინე გაბაშვილი ერთი თვის შემდეგ, 26 დეკემბერს ასევე „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში, – კარგად მახსოვს, ოთხი-ხუთი ათეული წლის წინად, როგორ შემოიჭრა ერთ დღეს სახლში გაფითრებული ჩემი ქმარი, სანდრო გაბაშვილი, მუდამ მშვიდი და დარბაისელი კაცი, როგორ შევარდა სასტუმრო ოთახში, როგორ აიტაცა ბუხრის რაფაზე, კედლის საათის გვერდით მარცხნივ და მარჯვნივ დალაგებული ნახევარი ციდის ზომის გიპსის ბიუსტები რუსთაველისა, როგორ შეყარა ისინი ანთებულ ბუხარში და ცეცხლის საჩხრეკით ნაღვერდალი წააყარა.
„რა იყო, კაცო?!“ – შევეკითხე შეშინებული და გაკვირვებით ჩავაშტერდი თვალებში, თან კანკალმა ამიტანა: ნუ თუ გონება შეერყა, ნუთუ ოჯახი დამექცა?!
როდის-როდის დამშვიდდა და ამიხსნა თავისი გიჟური საქციელი:
„ამ წამში ქუჩაში საშინელ სურათს წავაწყდი. გახსოვს, ამ სამი-ოთხი თვის წინად ეზოში რომ შემოვიდა ვიღაც მოქანდაკე, ხელში უშველებელი კალათა ეჭირა, რომელიც ამ პატარა ბიუსტებით ჰქონდა სავსე, და ჰყვიროდა: „რუსთაველ, რუსთაველ, შოთა რუსთაველ“. გახსოვს, როგორ გვიკვირდა, რომ ეს უბრალო მუშა კაცი ჰყიდდა ჩვენი სანატრელი ადამიანის გამოსახულებას?..
„მერ, მერე?!“ – ძრწოლით მივმართე.
„მერე ის, რომ ხუთი წამის წინად გოლოვინის პროსპექტზე ის კაცი თავისი უშველებელი კალათიდან, რუსთაველის ლამაზი ბიუსტებით სავსე კალათიდან ურიგებდა მყიდველებს ამ ბიუსტებს და სამაგიეროდ სიხარულით და კმაყოფილებით ფულს ჯიბეში ილაგებდა.
„მერე, მერე?“ – არ მითმენდა გული: „ჩვენმა ბიუსტებმა რა დააშავეს?!“
„უცებ ერთი უშველებელი პოლიციელი დაეტაკა, გამოგლიჯა ხელიდან კალათა, დაახეთქა ტროტუარის ქვაფენილზე და მტვრად აქცია. მერე გაშტერებულ გამყიდველს სთხლიშა ცხვირ-პირში და გაქცეულს მიაძახა, შენი ფეხი ხვალიდან ქალაქში აღარ იყვესო, თორემ…
„მერე, შენ ხმა არ ამოიღე, მყიდველებმა პროტესტი არ განუცხადეს?!“
„რას ამბობ, რას?!“ – ახლა იმან დამიყვირა, – „არ გესმის, არ გესმის, რომ რუსთაველის ბიუსტების გავრცელება აკრძალულია… არ გესმის, რომ შეიძლება სახლშიაც შემოგვეჭრან… მე კი ჩინოვნიკი ვარ… რუსის მთავრობის…“
***
1880 წელს გაზეთ „დროების“ 241-ე ნომერში (15 ნოემბერი) გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილისა და იონა მეუნარგიას ხელმოწერილი ვრცელი განცხადება სათაურით „ვეფხვის ტყაოსნის რედაქცია“, რომლიდანაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ „შემდგარა განსაკუთრებული რედაქცია უკვდავის „ვეფხვის ტყაოსნის“ შეცდომათა შესასწორებლად“. წერილის ავტორები თხოვნით მიმართავდნენ თბილისში მყოფ ამ საქმის თანამგრძნობლებს, მიბრძანდით „ქვემოთ დანიშნულს დროს“ (24 ნოემბერი, საღამოს 6 საათი), ხსენებულ საზოგადოების („წერა-კითხვის საზოგადოება“, საპერნაია N41) კანცელარიაში და მიიღეთ მონაწილეობა რედაქციის შრომაშიო.
„ყოველ შემთხვევაში, მობრძანდებიან თუ არა, ჩვენ ვსთხოვთ ამ რედაქციაში მონაწილეობა მიიღონ გ.დ. ორბელიანმა, დ.ი. ყიფიანმა, გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსმა, ი.გ. ჭავჭავაძემ, აკ.რ. წერეთელმა, ვ.ვ. ორბელიანმა, გ.ე. წერეთელმა, ს.ს. მესხმა, პ.ი. უმიკაშვილმა, ნ.ტ. დადიანმა, დ.გ. ერისთავმა და სხვ.“
მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყო ვეფხისტყაოსნის როგორც ხელნაწერების მოძიება და რედაქციაში გაგზავნა, ასევე ტექსტის დადგენის ურთულესი სამუშაო.
“ბევრი თავში ცემა უნდა. ხელახალი რედაქცია სჭირდება ნიშნებისა და ორთოგრაფიის მხრივ: შეგებრალები, რომ ნახო ჩემი სიტყვების სია, სად, რა, როგორ უნდა იწერებოდეს: შექმნა თუ შეჰქმნა, სდის თუ დის, სულთქმა თუ სულ-თქმა და სხვა ამისთანა დავიდარაბა. მგონი რუსთაველს ფეხებზე ეკიდა ამისთანა ორთოგრაფია და იქნება ამ საგნის მასწავლებელს “ორი” შინაურად დაესვა მისთვის და ჩვენ კი თვალსა გულს ვიწყალებთ” – წერდა ვანო მაჩაბელი იონა მეუნარგიას.
თუმცა რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილისა და იონა მეუნარგიას წერილსა და ინიციატივას სულ სხვა სახის გამოხმაურებაც მოჰყვა. „დროების“ 1880 წლის 252-ე ნომერში (29 ნოემბერი) გამოქვეყნებულ წერილში ა. სავანელმა გამოთქვა აზრი, რომ „მისს [შოთა რუსთაველის] შთამომავალთ გვმართებს გადუხადოთ სიყვარული, ერთგულება და მადლობა ამისთანა ქმნილებისთვის“ და, რომ ეს არის შთამომავალთა „სამღვთო ვალი“-ო.
სავანელმა მოიშველია მარი ბროსეს აზრი რუსთაველის პოემის – „შთამომავალთათვის დატევებული ხელთუქმნელი ძეგლის“ შესახებ:
„ამისთანა პოემა ყველა ხალხს არა აქვს; იშვიათია თვით ევროპაშიო, სწერს წარჩინებული მწერალი მარი ბროსეტი, ტომით ფრანცუზი, რომელშიაც პირფერობას, თავის მოწონებას და პატრიოტობას ალაგი არა ჰქონდა და არც ექნებოდა… ეს ხელთუქმნელი ძეგლი დაუტევა შოთა რუსთაველმა შთამომავალთა და ამით გადუხადა სიყვარული, ერთგულობა და მადლობა მშობელსა თვისსა საქართველოს. ნუ თუ ჩვენ, მისს შთამომავალთ არა გვმართებს გადუხადოთ სიყვარული, ერთგულება და მადლობა ამისთანა ქმნილებისთვის? უეჭველია, აუცილებელია, რომ გვმართებს და არის ჩვენი სამღვთო ვალი“.
სავანელის თქმით, პასუხი კითხვაზე, რით და როგორ უნდა გადაუხადოს შთამომავლობამ ვალი დიდ წინაპარს, დიდი ხნის გადაწყვეტილია და მის არაღსრულება სუყველგან საკიცხავიაო.
„მაშ სად არის საქართველოში შოთა რუსთაველის ძეგლი, წინაშე რომლისა ქუდ-მოხდილნი ვიდგეთ და მით პატივს ვცემდეთ ჩვენს დიდსა პოეტსა, ლიტერატურის გმირსა და მამასა? – კითხულობდა ა. სავანელი, – აბა, გადავავლოთ თვალი სხვა ქვეყნებს და ვნახამთ იქ აღმართულთ ამისთან წარჩინებული მწერლებთათვის ძეგლებსა, თუ არა? ყველგან სდგანან უმშვენიერესნი ძეგლები და ხალხი შეჰყურებს სიხარულით და სასიამოვნოთ, ვითარცა საკუთარსა წმინდასა, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ვერ ვპოვებთ შოთა რუსთაველის ძეგლსა, ამგვარ დამტკიცებასა ჩვენის სიყვარულისა, მადლობისა და მოგონებისა… ამ ჩემს ფიქრს და აზრს გამოვაცხადებთ საქვეყნოდ და ვგონებ, დრო იყოს აღსრულებისა, დავსდგათ ძეგლი შოთა რუსთაველისა საჩინო ალაგას ჩვენს დედა-ქალაქს თბილისს, სადაც ჰსცხოვრებდა ჩვენი დიდი პოეტი – გენიოსი და სადაც უმღერდა და უძღვნა თვისი პოემა დიდსა მეფესა თამარსა… დარწმუნებული უნდა ვიყვნეთ, რომ ყველა, ვისაც კი უდგა სული ქართველისა, დიდი თუ პატარა, მდიდარი თუ გლახაკი, მსწავლული თუ უსწავლელი, იქმნებიან თანაზიარი ამ ჩვენის აზრისა და ფიქრისა. შოთა რუსთაველის ძეგლის აღმართვა ყველასათვის იქნება სასიქადულო და სასიხარულო. ამას ეჭვი არა აქვს. მხოლოდ საჭიროა, მთავრობის ნება დართვით, გაიხსნას კომიტეტი თბილისს, ქუთაისს, და ყველა მაზრის ქალაქებში შესაწირავის ფულის შესაგროვებლად, და რომელი ქართველი არ შესწირავს თავის შეძლების-და-გვარად ამ წმინდა საგანზედ!“
თუმცა სავანელის იმედები არ გამართლდა. 1893 წლის 24 ივნისის (N132) „ივერიის“ რუბრიკაში „ახალი ამბავი“ გამოქვეყნდა მოკლე ცნობა იმის შესახებ, რომ გაზეთის რედაქციამ ბ-ნ ალექსანდრ ფონ-კოცებუსგან მიიღო 3 მანეთი შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებად, რასაც მომდევნო ნომერში მოჰყვა ვრცელი წერილი სათაურით „დავიწყებული ძეგლი“. სტატია იწყებოდა საუბრით პუშკინის ძეგლზე, რომელიც თბილისში 1892 წელს დაიდგა.
„ეს მეორე ძეგლია, რომელიც ამშვენებს და ამკობს ჩვენს მოხუცებულ ქალაქს… ძეგლის აგება იმის ნიშანია, რომ ერი აფასებს ქვეყნისთვის მშრომელთ და აგვირგვინებს მათ მოღვაწეობას ჩამომავალთა საყურადღებოდ. რამდენადაც ერი მეტად არის განათლებული, იმდენად მეტის პატივისცემით ეპყრობა ნიჭით აღჭურვილ თვისს შვილებს… საქართველოში ერთ პოეტს ეკუთვნის პატივისცემა და დიდება, ვიდრე აქამდი მას წილად ჰხვედრია. მე მოგახსენებთ „ვეფხისტყაოსნის“ დამწერზედ – შოთა რუსთაველზედ… ამისთანა დიდს პოეტს აქამდე არ უდგია ძეგლი იმ ერის ქალაქში, რომლის დიდებასაც იგი მგოსანი შეადგენს და რომელსაც შესძლებია დააფასოს უცხო ქვეყნის მწერალი და მოღვაწე. ჩვენი ხელმოკლეობა პირველი და უმთავრესი მიზეზია ამგვარის პოეტის დაუმსახურებელის მივიწყებისა…“
შემდეგ წერილის ავტორი, ალექსანდრე ხახანაშვილი ჩამოთვლის ქართული საზოგადოების მიერ „კეთილი საქმისთვის“ დაარსებული ფონდების, მათ შორის „წერა-კითხვის საზოგადოების“ გაძლიერებისთვის გაწეულ დახმარებებს და იმედიანად დაასკვნის, „ჩვენი ერი არ დაივიწყებს გაიღოს წვლილი იმ კაცის სახელობაზედაც, რომელიც შეადგენს მის სიქადულსა და დიდებას, ჩვენი იმედი მარტო ოცნება კი არ არის, მას აფრთოვანებს ბევრგან გამოთქმული სურვილი, აეგოს ძეგლი რუსთაველისა“-ო.
ალექსანდრე ხახანაშვილის თქმით, ასეთი სურვილი გამოუთქვამთ „ერევანში გადახვეწილს ქართველებს“, რომლებსაც 5 თუმანი შეუკრებიათ.
„ეხლა უნდა შესდგეს ტფილისში პოეტის თაყვანისმცემელთა კომისია, რომელიც გამოიტანს მთავრობისგან ნებას ხელის მოწერა გამართოს თანხის შესაყენებლად. დარწმუნებულნი ვართ, რომ დიდი და პატარა, შეძლებისამებრ, შეიტანს წვლილს პოეტის ძეგლის ასაგებად და მით დაამტკიცებს მის სიტყვების შეგნებას: რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, – წერდა „ივერია“ 1893 წელს, თუმცა „თანხის შეყენების“ მცდელობა ისევე, როგორც, მთლიანობაში, რუსთაველის ძეგლის აგებისა, უშედეგოდ დასრულდა.
1912 წლის „სახალხო გაზეთის“ სურათებიან დამატებაში (N96) დაიბეჭდა ნახატი – ესკიზი გ. მესხისა „რუსთაველის ძეგლი“, რომლის გარშემო ქართველი საზოგადო მოღვაწეების მთელი დასი შეკრებილა.
ქართველ მოღვაწეთა ბიუსტები (იაკობ ნიკოლაძის აკაკი და ეგნატე ნინოშვილი) თბილისის საჯარო სივრცეებში მხოლოდ 1922 წლიდან გამოჩნდნენ.
***
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე შეუცვალა სახელი ქვეყნის მთავარ გამზირს, რომელიც კავკასიის მთავარმართებლის, ევგენი გოლოვინის სახელს ატარებდა. გაზეთი „სახალხო საქმე“ 1918 წლის 28 მაისის ნომერში (N242) ასე აღწერს 26 მაისის კულმინაციას:
„კაკი წერეთელი სასახლის აივანზე გადის და მშვენიერი სიტყვით მიმართავს მომლოდინე ხალხს. წერეთლის შემდეგ ხალხს მიმართავს იუსტიციის მინისტრი შალვა მესხიშვილი… ლაპარაკობენ აგრეთვე სხვანიც: კარლო ჩხეიძე, ივ. როსტომაშვილი, შ. ქარუმიძე და იაშვილი, რომელიც თითქოს აკანონებსო, ამბობს თავის სიტყვის დასასრულს, დღეიდან გოლოვინის პროსპექტის „რუსთაველის ქუჩა“ ეწოდებაო!“
1917 წლის ოქტომბერში ჩატარდა ქართველ მწერალთა პირველი ყრილობა, რომელმაც დააფუძნა „ქართველ მწერალთა კავშირი“ (თავმ. კოტე მაყაშვილი, მდივანი კონსტ. გამსახურდია) და რომელზეც პაოლო იაშვილმა წამოაყენა წინადადება, თბილისში აგებულიყო შოთა რუსთაველის ძეგლი.
პირველი რესპუბლიკის სულისკვეთების ინერციით 1921 წლის ნოემბერში არტისტული საზოგადოების სახლს მიენიჭა რუსთაველის სახელი, არასრულ ერთ წელიწადში კი იაკობ ნიკოლაძემ შოთა რუსთაველის ბიუსტი დაამზადა.
„ქართულ დრამის თეატრისთვის, რომელსაც მიეცა რუსთაველის სახელი, მოქანდაკე ნიკოლაძემ დაამზადა შოთა რუსთაველის ბიუსტი. იგი უეჭველად უნდა ჩაითვალოს თვალსაჩინო მიღწევად შოთას სახის საიდუმლოების ძიებაში, რომელიც ამ ბოლო დროს აწუხებს მოქანდაკის ფანტაზიას. დიდი სიხარული მოელის ქართულ ხელოვნებას, თუ ნიკოლაძე მოსტაცებს ბედს და თავის ნიჭს ამ დიდ გამოცანას და როგორც მისმა მასწავლებელმა როდენმა ბალზაკს, დაუდგას შოთას მარმარილოს ქანდაკებას“, – წერდა 1922 წლის იანვარში ცისფერყანწელთა გაზეთი „ბარრიკარდი“ (N4).
ამავე 1922 წლის 3 მარტს საქართველოს რევკომის ორგანომ, გაზეთმა „კომუნისტმა“ გამოაქვეყნა მცირე, მაგრამ მეტად საყურადღებო ცნობა:
„28 თებერვალს შესრულდა 750 წელი საქართველოს უდიდესი პოეტის შოთა რუსთაველის დაბადების დღიდან. ეს დატა აღებულია პირობით საქართველოს ისტორიკოს სახოკიას წინადადებით. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი დროის დიდი პიროვნებების დაბადების დატას იღებენ ყოველთვის პირობით. შოთა რუსთაველი დაიბადა 1172 წელს დაბა რუსთავში, ახალციხის მახლობლად. რუსთაველის მთელი მოღვაწეობა ეკუთვნის ე.წ. „ოქროს ხანას“, როდესაც ის ითვლებოდა თამარ მეფის მინისტრათ, მის მიჯნურათ და პოეტათ“.
წესით, ამ ცნობას უნდა მოჰყოლოდა მთელი რიგი საიუბილეო ღონისძიებებისა, მათ შორის ძეგლის ან ბიუსტის გახსნა, მაგრამ დაპყრობისა და ანექსიის შემდეგ საქართველოზეც გავრცელდა რუსეთში მოქმედი ე.წ. „მონუმენტური პროპაგანდის ლენინისეული გეგმა“, რომელიც ითვალისწინებდა „მეფეებისა და მათი მსახურების“ ძეგლების დამხობას და მათ ნაცვლად ქუჩა-მოედნების გაფორმებას რევოლუციის ბელადებისა და ბოლშევიკური თემატიკის ქანდაკებებით, დეკორატიული პანოებითა და მემორიალური დაფებით. შესაბამისად, შოთა რუსთაველის ძეგლის დასადგმელად კომისია მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეიქმნა, რის შესახებაც გაზეთი „კომუნისტი“ (აწ უკვე როგორც საქ. კომპარტიის ცენტრალური და საქ. აღმასრულებელი კომიტეტების ორგანო) წერდა 1927 წლის 17 აპრილს:
„იქმნება სპეციალური კომისია რუსთაველის ძეგლის თბილისში დადგმასთან დაკავშირებით. კომისიას განათლების სახალხო კომისარი დ. კანდელაკი ხელმძღვანელობს. კომისიაში შედიან: ივ. ჯავახიშვილი, ნ. ნიკოლაძე, კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, დ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე, პ. იაშვაილი, ნ. მიწიშვილი და სხვა. გადაწყდა (15 არილს გამართული სხდომა), რომ ძეგლი გაიხსნება 1929 წელს, ქართული წიგნის დაბეჭდვიდან სამასი წლის იუბილეზე“.
თუმცა იუბილემ ძეგლის აღმართვის გარეშე ჩაიარა. საბჭოთა საქართველოში შოთა რუსთაველისადმი დამოკიდებულებას მთელი 13 წლის განმავლობაში განსაზღვრავდა ფილიპე მახარაძის, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსა და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ნეგატიური შეხედულება „ვეფხისტყაოსანზე“. ფილიპე მახარაძე და ბევრი სხვა ქართველი ბოლშევიკი „ვეფხისტყაოსანს“ იდეოლოგიურად მიუღებელ ნაწარმოებად მიიჩნევდა.
„მონური წესწყობილებისა და მონური ცხოვრების განმადიდებელი და აღმოსავლეთის კილოზე შექმნილი ნაწარმოები… რუსთაველი არ გადმოგვცემს ხალხის სულისკვეთებას და მის მისწრაფებებს. „ვეფხისტყაოსანში“ არ ჩანს ხალხის ცხოვრება. პოემა მხოლოდ იმ ადამიანთა ინტერესების საგნად შეიძლება იქცეს, რომლებიც ასე უქმად და უდარდელად ატარებენ დროს და სხვის ნაოფლარით ცხოვრობენ… ასეთი ნაწარმოები არასოდეს არ შეიძლება გახდეს რომელიმე ნაყოფიერი მოძრაობის ან მოვლენის სათავეთ“, – წერდა ფილიპე მახარაძე 1926 წელს.
საბჭოთა საქართველოში „ვეფხისტყაოსნისა“ და მის ავტორისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა 1934 წელს, საბჭოთა მწერალთა პირველ ყრილობაზე, რომელსაც 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე კრემლის კავშირების სვეტებიანმა დარბაზმა უმასპინძლა.
20 აგვისტოს, ყრილობის მსვლელობისას, სიტყვით გამოვიდა ცნობილი ქართველი ბოლშევიკი და საქართველოს მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე, რომლის მოხსენების ტექსტი დიდწილად სტალინისა და ქართველი მეცნიერების კარნახით იყო დაწერილი.
„კლასიკოსები დაბრუნდნენ“, – ასე შეაფასა წლების შემდეგ საბჭოთა მწერალთა პირველი ყრილობის შედეგები პოეტმა ირაკლი აბაშიძემ. და მართლაც, მალაქია ტოროშელიძის მოხსენების სრული ტექსტი, რომელიც 1934 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა ქართულ პრესაში, გაფორმებული იყო ქართველი მწერლების (შოთადან დავით კლდიაშვილამდე) პორტრეტებითა და მსხვილი წარწერით: ქართული ლიტერატურის კლასიკოსები.
„თანამედროვე ქართული ლიტერატურის გასაგებად საჭიროა მისი სათავეების ცოდნა… ეს მით უფრო აუცილებელია, რომ იმ განკერძოებისა გამო, რომელიც არსებობდა კავშირის ხალხთა შორის ცარიზმის ეპოქაში და იმ მედიდური უგულებელყოფის მეოხებით, რომელსაც იჩენდნენ „ინოროდცების“ ლიტერატურის მიმართ, ქართულ ლიტერატურას ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოებრიობა“, – ასე იწყებდა მალაქია ტოროშელიძე თავის მოხსენებას, რომლის რუსთაველისადმი მიძღვნილი ნაწილი მთავრდებოდა დასკვნით:
„რუსთაველმა გადალახა საშუალო საუკუნეთა რელიგიური განკერძოება, იგი აღწევს მსოფლმხედველობისა და თავისუფალი აზროვნების ამ სფეროებს, რომლისთვისაც არ მიუღწევია საშუალო საუკუნეთა დასავლეთის არც ერთ პოეტს თვით აღორძინების ეპოქამდე“.
პროფესორ ავთანდილ ნიკოლაიშვილის თქმით, სტალინს აუცილებლად სჭირდებოდა იმის დემონსტრირება, რომ დიდი და სახელოვანი ისტორიის, დიდი სულიერი და მატერიალური კულტურის მემკვიდრე ერის შვილი იყო.
„ყოველივე ეს უნდა წარმოჩენილიყო დიდი ოსტატობით, დამაჯერებლად. საჭირო იყო რამდენიმე კარგად გააზრებული ღონისძიება, რომელიც ეფექტს მოახდენდა საბჭოთა კავშირშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. ასე ჩაიფიქრა და განახორციელა იოსებ სტალინმა ოთხი დიდი ღონისძიება: საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პირველი ყრილობა; ქართული კულტურის დეკადა მოსკოვში; შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” დაწერიდან 750 წლისთავი; ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავი“ („საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობა და „ვეფხისტყაოსანი“).
„ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავი 1937 წლის ოქტომბერში აღინიშნა, თუმცა სამზადისი სამი წლით ადრე დაიწყო, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმაც შესაბამისი 15 პუნქტიანი დადგენილება („მთელს საქართველოში მოეწყოს საყოველთაო სახალხო ზეიმი…“) სწორედ მალაქია ტოროშელიძის სიტყვით გამოსვლის დღეს, 1934 წლის 20 აგვისტოს მიიღო.
„თბილისში აღიმართოს შოთა რუსთაველის ძეგლი“, – ვკითხულობთ დადგენილების მე-2 პუნქტში, რომელსაც მოსდევს ზეიმის მოსამზადებელ სამუშაოთა მოსაწყობად და ძეგლის დადგმაზე კონკურსის ჩასატარებლად სახკომსაბჭოსთან შექმნილი კომისიის შთამბეჭდავი შემადგენლობა:
გერმანე მგალობლიშვილი (თავმჯდომარე), ლ. ბერია, მაქსიმე გორკი, ფილიპე მახარაძე, პ. აღნიაშვილი, კ. ორაგველიძე, მალაქია ტოროშელიძე, ა. თათარაშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ვ. ბაქრაძე, გ. არუთუნოვი, გ. სტურუა, გ. ყურულაშვილი, გ. გიორგობიანი, ე. ბედია, ა. დუდუჩავა, ბ. ბიბინეიშვილი, ს. თოდრია, ლ. აღნიაშვილი, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, კორენლი კეკელიძე, სახალხო მწერალი გ. ტაბიძე, სახალხო მოქანდაკე ი. ნიკოლაძე, სახალხო არტისტი ა. ახმეტელი, ჩარენცი, რ. ახუნდოვი, პ. იაშვილი, ა. ეული, კ. ჭიჭინაძე, პ. ინგოროყვა, კ. გამსახურდია, ლ. გუდიაშვილი, ა. თითბერიძე, ა. შანშიაშვილი, არაყიშვილი, ს. ჩიქოვანი, მ. ჯიქია, გერონტი ქიქოძე.
***
XX საუკუნის 30-იანი წლების თბილისი ჯერ ისევ უკაცრიელი ქალაქი იყო მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით. ქუჩებში, ხიდებზე, მოედნებსა და ბაღებში თითქმის ვერ შეხვდებოდით ძეგლებს, ქანდაკებებსა და მემორიალურ დაფებს.
„სადგურთან, მოედანზე, ვეებერთელა ადგილი სრულიად თავისუფალია. რატომ არ შეიძლება მოედნის დანიშნულების შესატყვისი ქანდაკების დადგმა? სადგურიდან თავისუფლების მოედნამდე ვერ შეხვდებით ვერც ერთ ძეგლს და ქანდაკებას. ხელზე ჩამოსათვლელი ძეგლებია: აკაკი წერეთლის, ეგნატე ნინოშვილის, კამოსი და ბორის ძნელაძის“, – ვკითხულობთ 1933 წლის „სალიტერატურო გაზეთში“ (N12).
ასეთ ვითარებაში გასაკვირი არაა, რომ 1934 წლის 20 აგვისტოს დადგენილების გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა დისკუსია ძეგლისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევის გამო. ინჟინერ გიორგი ბეჟანიშვილის თქმით (1934 წლის 4 სექტემბერი), „მსოფლიო მწერლის ძეგლს ხელს უნდა უწყობდეს ადგილმდებარეობა, ძეგლის გარემო უნდა ბადავდეს პოეტურ და მხატვრულ გრძნობებს, ძეგლის გარეგნობა – ჩუქურთმა, კომპოზიცია უნდა იძლეოდეს უმშვენიერეს ქანდაკების და ხუროთმოძღვრების იშვიათ ნიმუშებს“.
სად უნდა დაიდგას ძეგლი?
ამ კითხვის პასუხად ინჟინერი ბეჟანიშვილი ამბობდა, თავისთავად ცხადია, რუსთაველის პროსპექტზეო.
რომელი ადგილის გამოყენება შეიძლება ამ დანიშნულებისთვის?
„ძეგლისთვის შესაფერისად შეიძლება ჩაითვალოს ორი ადგილი: I – ყოფილი სამხედრო მუზეუმი, შემდეგ გადაკეთებული ნაციონალურ გალერეად. II – რუსთაველის ბოლოში არსებული ძველი მახინჯი ფოსტის შენობა, რომელიც უნდა მოიხსნას და მის ადგილას აღიმართოს შოთას ძეგლი. ქალაქის შინაარსიანი მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, ამ ადგილს უპირატესობა უნდა მიეცეს. მაშინ ქალაქის გადაგეგმარებით გათვალისწინებულ უნდა იქნას ამ ადგილზე რუსთაველის მოედნის მოწყობა, რუსთაველის პროსპექტის უშუალოდ ელბაქიძის დაღმართთან შეერთება, რასაც იშვიათი სილამაზე ექნება. მომავალში როდესაც კომინტერნის ქუჩა გაფართოვდება და თავისუფლების მოედანს შეუერთდება, რუსთაველის პროსპექტი შემკული იქნება ორი უმშვენიერესი ძეგლით: აღმოსავლეთის მხრით ლენინი, დასავლეთის მხრით – შოთა“, – ასკვნიდა გიორგი ბეჟანიშვილი.
„შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტის კონკურსის პირობებს ამუშავებს მხატვართა კავშირი. ძეგლისთვის ადგილის შერჩევა, საკონკურსო პირობები და სხვა წინასწარი მუშაობა ჩატარებული იქნება ყველა მხატვარს შორის. ამ საკითხზე გაიმართება მოხსენებები და დისპუტები. საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალები განხილული იქნება მუშათა და სხვადასხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლების თანდასწრებით“, – „ლიტერატურული გაზეთი“, 1934 წ. N18
ადგილის შერჩევას რამდენიმე თვე დასჭირდა. საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ყოველთვიურმა ჟურნალმა „ჩვენმა თაობამ“ 1935 წლის აგვისტოს II ნომერში გამოაქვეყნა შოთა რუსთაველის საიუბილეო კომიტეტის პლენარული სხდომის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „შოთა რუსთაველის ძეგლი აღმართული იქნება როზა ლუქსემბურგის სკვერში (რუსთაველის პროსპექტის თავში)“.
ამავე დადგენილებით გამოცხადდა კონკურსის პირობები:
- ძეგლი უნდა წარმოადგენდეს რუსთაველის პორტრეტულ ქანდაკებას, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედვას პოეტის არსებული უძველესი პორტრეტი; აგრეთვე მასალად უნდა გამოყენებულ იქნეს შოთა რუსთაველის მხატვრული დოკუმენტები
- გარდა პორტრეტული ქანდაკებისა, ძეგლში მოცემული უნდა იქნეს „ვეფხის-ტყაოსნის“ იდეების, მოტივებისა და პერსონაჟების განსახიერება ბარელიეფებისა და ფიგურების სახით
- რუსთაველის ძეგლთან ერთად უნდა გაფორმდეს არქიტექტურულად თვით სკვერიც, საქართველოში არსებული ქვების მასალების გამოყენებით
- ძეგლის სიმაღლე, კვარცხლბეკითურთ, მიწის ზედაპირიდან უნდა იყოს არა უმეტეს 10 მეტრისა
- ძეგლის მასალად გამოყენებულ უნდა იქნეს მარმარილო და გრანიტი
- ძეგლის პროექტი უნდა წარმოდგენილ იქნეს 1936 წლის 1 აპრილისათვის, ძეგლის აგება კი დამთავრებულ იქნება 1937 წლის 1 ოქტომბრისთვის
- ძეგლის საუკეთესო პროექტისათვის დამტკიცებულია სამი პრემია: I – 30 000 მან, II – 20 000 მან, III – 10 000 მან.
შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტების განმხილველი ჟიურის დადგენილებით, რომელიც საიუბილეო კომიტეტმა დაამტკიცა, I ჯილდო (30 ათასი მანეთი) მიენიჭა პროექტს დევიზით „პოეზია“ (მოქანდაკე კოტე მერაბიშვილი), II პრემია (20 ათასი მანეთი) – პროექტს დევიზით „ვ“ (მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძე) და III პრემია (10 ათასი მანეთი) – პროექტს დევიზით „საქართველოს სსრ-ის 15 წელი“ (სახალხო მოქანდაკე-ორდენოსანი იაკობ ნიკოლაძე).
ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ (1936 წ. N4-5), სადაც დადგენილება გამოქვეყნდა, ასევე წერდა, რომ იმ პროექტის ავტორს, რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო – მოქანდაკე კ. მერაბიშვილს „წინადადება მიეცა ერთი თვის განმავლობაში შეიტანოს პროექტში კომიტეტის მიერ მითითებული ცვლილებანი და წარადგინოს ძეგლის საბოლოო მაკეტი“-ო.
“მითითებული ცვლილებები”, შესაძლოა, დაკავშირებული იყო შოთა რუსთაველის სკულპტურულ (მხატვრულ) პორტრეტთან, რომლის გარშემო ასევე დიდი პოლემიკა იყო გამართული.
„ის პორტრეტი, რომელიც დღეს შოთა რუსთაველის გამოხატულებადაა აღიარებული, ნამდვილად მომდინარეობს უცნობი მხატვრის მინიატიურიდან, რომელიც XVII საუკუნეშია დახატული და „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ იმდროინდელ ხელნაწერს ამკობდა, – წერდა გერონტი ქიქოძე, – XVII საუკუნეში კი საქართველო ირანის ვასალური სახელმწიფო იყო, თბილისში ტახტზე გამაჰმადიანებული ბაგრატიონები ისხდნენ. მთელი ქართული კულტურა, ყოფაცხოვრება, ზნე-ჩვეულება, მხატვრული მწერლობა, მუსიკა, ფერწერა ირანის კულტურის ზეგავლენას დაექვემდებარა… ის, რასაც ზოგიერთი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი შოთა რუსთაველის პორტრეტად ასაღებს, ბიზანტიური ფრესკის და ირანული მინიატიურის არაბუნებრივი შეუღლების ნაყოფს წარმოადგენს… ჩვენმა ძველმა მხატვრებმა, ფრესკის და მინიატიურის ოსტატებმა, საუცხოო ინდივიდუალური გამოხატულებანი დაგვიტოვეს ჩვენი ისტორიის კლასიკური ეპოქიდან. ისინი, ალბათ, გაოცდებოდნენ, ჩვენ რომ მათთვის ჩვენი ფანტაზიის მიერ შექმნილი შოთა რუსთაველი წარგვედგინა. თანამედროვე ქართველი მოქანდაკეების და მხატვრების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შექმნან შოთა რუსთაველის პორტრეტი, რომელიც თავისი გამომეტყველებით, მოძრაობით, ჩაცმა-დახურვით შეეფერებოდეს XII საუკუნის ფეოდალურ საზოგადოებას“.
კოტე მერაბიშვილის, ვალენტინ თოფურიძისა და იაკობ ნიკოლაძის გარდა, საკონკურსოდ შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტები წარადგინეს მოქანდაკეებმა: რ. თავაძემ, სილ. კაკაბაძემ, ნ. კანდელაკმა, შ. მიქატაძემ და ვ. გრიგოლიამ (თანაავტორები), გ. სესიაშვილმა.
***
შოთა რუსთაველის ძეგლის მშენებლობა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე საიუბილეო და საკონკურსო კომისიების წევრები ვარაუდობდნენ. 1937 წლის 30 ივნისს, საიუბილეო ღონისძიებების დაწყებამდე სამი თვით ადრე, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ წერდა, რომ რუსთაველის ძეგლი შენდებოდა ქალაქის ცენტრში, როზა ლუქსემბურგის სახელობის ყოფილ ბაღში და რომ მიმდინარე წელს დაიდგმებოდა მხოლოდ „პოსტამენტი“, ფიგურა კი მომავალ წელს აღიმართებოდა.
პუბლიკაციიდან ასევე ირკვევა, რომ შეიცვალა ძეგლის სიმაღლე, რომელიც, კონკურსის პირობების მიხედვით, 10 მეტრი უნდა ყოფილიყო, საბოლოო ვარიანტში კი ძეგლის სიმაღლედ 17 მეტრი (12,5 მეტრი კვარცხლბეკი, 4,5 მეტრი ფიგურა) ჩაიწერა.
„ფიგურა გამოკვეთილი იქნება თეთრი მარმარილოს მთლიანი ლოდისგან, პოსტამენტი კი აიგება საქართველოს სხვადასხვა ფერის მარმარილოსა ფერადი ქვებისგან. ძეგლის მშენებლობაზე გადადებულია 1 600 000 მანეთი“, – წერდა გამოცემა.
კონკურსში გამარჯვებული პროექტი შეაფასა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ (1935-1948) ნიკოლოზ სევეროვმა, რომელმაც დაასკვნა:
- პროექტისთვის გამოყოფილი მოედანი მცირეა და არ უპასუხებს ნაგებობის მასშტაბს
- ძეგლის ადგილას ქაოსური მშენებლობის გამო აქაური ქუჩები და სკვერები ასევე არ უპასუხებენ დაპროექტებული მონუმენტის მასშტაბს. აუცილებელია მთელი რაიონის ხელახალი დაგეგმვა ძეგლის გათვალისწინებით
- ავტორის იდეა – მიეცეს ძეგლს არქიტექტურული ფონი – უნდა ჩაითვალოს სწორად. ამავე დროს ასეთი ფონი შეიძლება იყოს არა დეკორატიული ნაგებობა, როგორც დაპროექტებული კოლონადაა, არამედ ქართული კულტურის რომელიმე შენობა, მაგალითად რუსთაველის ინსტიტუტი: მაღალი სტილის შენობა, შეთანხმებული ერთ მხატვრულ ანსამბლში ძეგლთან ერთად, უნდა გაჭიმული იყოს ფართოდ, ერთი ფრთით უნდა გადიოდეს ლენინის პროსპექტზე, მეორით კი მოსკოვის ქუჩაზე
- ძეგლი იდგმება რუსთაველის გაფართოებული პროექტის ღერძზე და გათვლილია ძირითადად ამ მთავარი მიმართულებით დასათვალიერებლად. ეს გადაწყვეტა სწორია. მეორე მიმართულებაა ელბაქიძის დაღმართი. სასურველი იქნებოდა ძეგლის წამოწევა ტროტუარისკენ. ავტორმა გასწია ძეგლი სიღრმეში, გადაანაცვლა იგი ამ მიმართულებით და მოამრგვალა სახლის კუთხე, რომელიც ლენინისა და ელბაქიძის ქუჩების კუთხეშია
- ძეგლის დასადგმელი ცოკოლის დამუშავება წყაროების სახით მიმაჩნია კარგად
კოტე მერაბიშვილის ძეგლის კომპოზიცია, პროექტის მიხედვით, წარმოადგენდა არქიტექტურულ ანსამბლს, რომლის ცენტრშიც იდგა შოთა რუსთაველის ქანდაკება.
„ძეგლი, რომელიც დღეს დგას, თავდაპირველი პროექტის მხოლოდ ნაწილია. მთლიანად უფრო რთულ ანსამბლს წარმოადგენდა (არქ. შ. თულაშვილი), – წერდა ხელოვნებათმცოდნე ლელა შანიძე 1975 წელს გამოცემულ „ქართულ საბჭოთა ქანდაკებაში“, – იმ დროს, როცა პროექტი გაკეთდა, ძეგლის უკან, სადაც დღეს მეტროს სადგურია, იყო მაღალი შვეული ფერდობი. ამ ფერდობს, ავტორის აზრით, დაფარავდა მწვანე ნარგაობათა ორი სართული. ერთი თაღი ლენინის (კოსტავას) ქუჩაზე უნდა გამოსულიყო, მეორე თაღის ქვეშ კი დღევანდელი ჯავახიშვილის ქუჩა უნდა გასულიყო. ძეგლი ამ კოლონადის ცენტრში იყო. თვით ძეგლიც უფრო მეტად იყო დატვირთული, ვიდრე შემდეგში განხორციელდა… პროექტით დასახული ქუჩების რეკონსტრუქცია ვერ მოხერხდა, რადგან ამისთვის საჭირო იყო არსებული შენობების აღება, საქმე გაჭიანურდა, შემდეგ მოუსწრო ომმა და პროექტი მიტოვებულ იქნა, ძეგლი კი დაიდგა უკოლონადოდ“.
შოთა რუსთაველის ძეგლი 1942 წლის 23 მაისს გაიხსნა. ძეგლის ქვესადგამი შემკული იყო „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტების მიხედვით გაკეთებული რელიეფებით, გვერდებიდან კიბეები ეშვებოდა, წინ კი თაღოვანი ფორმის წყარო იყო, თუმცა კონსტანტინე მერაბიშვილი, რომელსაც ნამუშევრისთვის სტალინური პრემია მიენიჭა, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ძეგლის დასრულებაზე.
„ანტიკური ქმნილებებით, ანატომიური მოდელებით, ძველი და ახალი ესკიზებით, ეტიუდებით, თიხაში გამოძერწილი და თაბაშირში ჩამოსხმული პორტრეტებით მოფენილ სახელოსნოს შუაგულში დგას ვეფხვის ვეებერთელა ფიგურა, – წერდა ლადო ავალიანი „ლიტერატურულ საქართველოში“ (N10) 1943 წელს, – ნახევრად წამომდგარ ვეფხვს თავი მედიდურად აუწევია, პირი ფართოდ გაუღია. მძლავრი წინა კბილები და განსაკუთრებით რისხვით სავსე თვალები კარგად გამოჰხატავენ ამ მხეცის ბუნებას. მარჯვენა ტორი გარეული თხის მოგლეჯილ თავზე, რქებს შორის, დაუდვია, მარცხენა კი მიწაზე ღონივრად დაუბიჯებია და შეშფოთებული მხეცი თითქოს საცაა წამოიწევსო ხიფათის მოლოდინში. ვეფხვის ფიგურა ოსტატურად არის გამოძერწილი და თაბაშირში ჩამოსხმული. მისი ხერხემლისა და ცალკეული ნაკვთების მოძრაობაში კარგად იგრძნობა ამ მხეცისათვის დამახასიათებელი სიმძლავრე და მოქნილობა“.
ესკიზის მიხედვით, ვეფხვის ფიგურები რუსთაველის ძეგლის დეტალებს წარმოადგენდნენ. ვეფხვები უნდა განთავსებულიყვნენ კვარცხლბეკის წინ, იმ ბაქნის კიდეებზე, რომლის ფასადზე მხატვრულად გაფორმებული – თაღოვანი და ლომისთავიანი წყაროებია ჩამწკრივებული. კოტე მერაბიშვილს ასევე განზრახული ჰქონდა ავთანდილის და ტარიელის ფიგურების დამატება, რის შემდეგაც ძეგლი „უთუოდ უფრო მთლიან და დასრულებულ სახეს მიიღებდა, გაწონასწორდებოდა ფიგურის, კვარცხლბეკის, ბაქნის ფასადის წყაროთა ფერები და პროპორციები“.
თუმცა ძეგლის გახსნიდან სამი წლის შემდეგაც (1945 წ) „ლიტერატურა და ხელოვნება“ წერდა, რომ თბილისის შუაგულში რუსთაველისადმი აღმართული მონუმენტი დამთავრებული არ არისო, რომ ორი ვეფხვი და რამდენიმე ბარელიეფი ჯერ კიდევ მისამატებელიაო.
ძეგლის გაფორმება და მისი არქიტექტურული ნაწილი წლების განმავლობაში იცვლებოდა. ცნობილია ქვისმთლელების ვინაობა, რომლებმაც გამოკვეთეს კვარცხლბეკი და ლომის თავები, წყალი რომ გადმოსჩქეფთ პირიდან. ვლადიმერ გიორგობიანისა და თომა მაისაშვილის საჭრეთლებს ასევე ეკუთვნით ჩუქურთმები მეცნიერებათა აკადემიის, პარლამენტის, ფუნიკულიორის ზედა სადგურისა და რუსთაველის თეატრის (აღდგენილი შენობის) შენობების ფასადებზე.
1969 წლის 28 აპრილს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება N227 შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტის გამოსავლენად ახალი კონკურსის მოწყობის შესახებ, თუმცა არსებითი ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ 1989 წელს, როცა ძეგლი ჩამოისხა ბრინჯაოში და ჩატარდა არქიტექტურული ნაწილის რეკონსტრუქცია. 1942 წელს დადგმული ქვის შოთა რუსთაველი ქალაქ რუსთავში გადაიტანეს, მისი ადგილი კი უფრო გამძლე მასალისგან გაკეთებულმა, ბრინჯაოს რუსთაველმა დაიკავა.
***
ცხადია, ვერც ქვა და ვერც ბრინჯაო ახლოს ვერ მივა იმ მასალის სიმტკიცესთან, რომლისგანაც თვითონ რუსთაველმა აიგო ძეგლი. ჰორაციუსის მსგავსად, შოთასაც შეეძლო ეთქვა:
„ძეგლი ავიგე ბრინჯაოზე უფრო მაგარი,
პირამიდების ქვაზე გამძლე, მარადიული,
და მას ვერც დელგმა, ვერც მქუხარი აქვილიონი
ვერას დააკლებს, ვერ დაამხობს მას ჟამთა სრბოლა“. („ძეგლი“, ჰორაციუსი. თარგ. თამაზ ჩხენკელისა)
შოთა რუსთაველის ძეგლი დიდი ხანია არ ასახავს მხოლოდ რომელიმე ერთ, კონკრეტულ ეპოქას, რის გამოც მომდევნო ეპოქებმა შეიძლება აიღონ ან შეცვალონ ახალი კერპით. შოთა რუსთაველის გარეშე წარმოუდგენელია როგორც საქართველოს წარსული და აწმყო, ასევე მომავალი, თუნდაც ძალიან შორეული მომავალი. რუსთაველის ძეგლი უთუოდ გაუძლებს რაგინდარა ხანგრძლივ „ჟამთა სრბოლას“, არასოდეს შეიცვლის შინაარსს და ბოლომდე დარჩება თბილისის ურბანული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად.
© არილი