პოეზია

ბელა ჩეკურიშვილი – მამას

bela chekurishvili 23

ტრიპტიქი

 

I.

 

ჩემთან ეძებდი,

 

რაც ვერ გითხრეს სატრფომ და ცოლმა,

 

რაც დაგიმალა დედაშენმა

 

და მეზობლის ქალს არ გაემეტა,

 

ჩემთან ეძებდი,

 

რაც ვერ მოგცა ვერც რძემ, ვერც ღვინომ,

 

ვერ მიუხვდი წყალსა და მიწას,

 

ჩემთან ეძებდი,

 

გჯეროდა რომ მე გაგიმხელდი,

 

ან უნებლიედ წამომცდებოდა

 

და იმედით შემომყურებდი,

 

როგორც მდინარეებში ჩაფენილ ტყავებს შეჰყურებდნენ

 

ძველი კოლხები

 

და ზედ დალექილ ქვიშის ნამცეცებს

 

მისხალ-მისხალ ართმევდნენ ოქროს,

 

გჯეროდა,

 

მამის სიყვარული ის ძალაა,

 

ნათელისგან ბნელს რომ გამიჯნავს,

 

რაც ქალიშვილებს აქეზებს, რომ

 

აკრძალული ხილი მოწყვიტონ,

 

რაც წარღვნის მერე კიდობნიდან გაშვებულ მტრედებს

 

ზეთისხილის რტოს აპოვნინებს,

 

გჯეროდა,

 

რომ საკუთარი სისხლი გეტყოდა იმ საიდუმლოს,

 

სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს

 

ქალებმა კაცებს

 

და მელოდი,

 

ღამეს მითევდი,

 

მხრებზე მისვამდი

 

და ნაძვის ხეების დახატვაშიც მეხმარებოდი,

 

ნებას მაძლევდი, შენს ძვლებზე მევლო

 

და საქანელად

 

შენი გული გადამერწია,

 

არ იშურებდი,

 

რაც დააკელ სატრფოს და დედას,

 

რაც დაგავიწყდა ცოლისთვის და

 

არ არგუნე მეზობლის კახპას,

 

ფრთებს მისწორებდი აფრენის წინ და

 

ნუგბარი რომ მომაკლდებოდა,

 

საკუთარი ხორცით მკვებავდი,

 

იცდიდი.

 

მაგრამ დაგავიწყდა,

 

რომ შვილები

 

პირველ რიგში მშობლებისგან გარბიან ხოლმე,

 

გარბიან, რადგან მათი სიყვარული

 

ნელ-ნელა ყელზე გამობმული ქვასავით მძიმდება და

 

ცურვისას ფსკერისკენ მიათრევს,

 

რომ ქალიშვილებს

 

მისჯილი აქვთ უცხო მამრების კვალზე წანწალი,

 

რომ ეშინიათ,

 

სიყვარული მამებსაც რომ გაუნაწილონ,

 

სამსხვერპლო კოცონს მხურვალება დაეკარგება,

 

რომ ისინი

 

არასოდეს არ ამხელენ იმ საიდუმლოს,

 

სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს

 

ქალებმა კაცებს.

 

 

 

II.

 

მისხნიდი, რომ ეს ყინულის ლოლოები,

 

გველეშაპის კბილებია,

 

ზამთრობით რომ ჩვენს ეზოში სახლობს.

 

მიხსნიდი, რომ თუ დავხატავ

 

ნაძვებს, ფერადმძივებიანს,

 

თოვლის კაციც მივუხატო ახლოს.

 

რომ პატარა ქალბატონი,

 

თუ იქნება ხუთოსანი,

 

მამის გულში მას ვერავინ შეცვლის,

 

რომ ხოჭოებს სიბნელეში

 

ზურგები აქვთ უთოსავით

 

და ძალიან ეშინიათ ცეცხლის.

 

მიხსნიდი, რომ თუ იადონს

 

გამოვუშვებთ გალიიდან,

 

ბევრი ფრენით ეტკინება ფრთები,

 

რომ ზღაპრული დევის გვერდით

 

მუდამ დევის ქალი იდგა,

 

დევგმირებს კი ზოგჯერ დღესაც ვხვდებით.

 

მიხსნიდი, რომ სადედოფლო კოშკს და მიწას,

 

უცხო მოყმე მოადგება ბევრჯერ,

 

რომ ათასგზის დამიდებენ

 

ზავს და ნიძლავს

 

და თუ მინდა გამარჯვება შევძლო,

 

ნუ გავყვები ლაბირინთში

 

ძაფის გორგალს,

 

ნუ გავამხელ მამისეულ ანდერძს.

 

მიხსნიდი, რომ

 

ქმარი ხეებს ასხამს ფოთლად,

 

მაგრამ მამას ღმერთი ერთხელ გვაძლევს.

 

 

 

III.

 

როცა მითხარი,

 

აყვავებულ ალუბალზე მშვენიერი იქნები და

 

ბაობაბის ხეზე ძლიერიო,

 

დაგიჯერე.

 

წყალში რა გინდა,

 

თევზზე უფრო ელასტიურ სხეულს მოგცემ და

 

ის სახლი, შენ რომ აგიშენებენ,

 

მარჯნებზე მტკიცე იქნებაო,

 

დაგიჯერე.

 

ცას რას შესცქერი,

 

შენი თვალები ფრინველის ფრთებზე სწრაფი იქნება და

 

მზეც თვითონ მოვა შენთანო,

 

რომ მეუბნებოდი,

 

დაგიჯერე.

 

წამოდი,

 

ფუტკრებს ან ისეთი ერთგულება სად შეუძლიათ,

 

ან იმგვარი თავისგანწირვა,

 

როგორც იმ თიხას,

 

კაცის ფორმა რომ მივეცი და

 

წყვილს რომ ნატრობსო,

 

დაგიჯერე

 

და წამოგყევი.

 

შენ კი ის თიხა ჩემზე მეტად გიყვარდა მაინც,

 

რადგან პირველქმნილებას

 

სხვა ხიბლი და სიხარული ახლავს ყოველთვის,

 

ამიტომ აღარ გამიმხილე,

 

რომ ერთხელაც შემრცხვებოდა და

 

ტანს ფოთლებით დავიფარავდი,

 

არ გამიმხილე,

 

რომ ცოლობის გარდა,

 

ჩემგან დედობასაც მოითხოვდნენ,

 

ვიღაცის შვილი მეც ვიქნებოდი

 

და ყველა მამრი,

 

ვისაც კი სისხლით ვაზიარებდი ფეხადგმულ მზეს და

 

აყვავებულ ალუბლის ხეებს,

 

მოისურვებდა,

 

რომ მხოლოდ მისი ყოფილიყო

 

ეს ვარდისფერი ნათებაც და

 

ეს ოქროსფერი მხურვალებაც,

 

მოისურვებდა,

 

გამემხილა ის საიდულო,

 

სამოთხიდან განდევნის დღეს რომ ყურში მითხარი,

 

რომ მამა, ქმარი,

 

ძმა, შვილი და მისი ბადიშიც,

 

ერთმანეთის ქიშპით და ბოღმით,

 

ნაწილ-ნაწილ ისე დამშლიდნენ,

 

ჩემი პირველი საწყისიდან

 

მხოლოდ სახელის ასოები გადარჩებოდა…

 

 

 

 

 

გზავნილი წარსულში

 

 

 

ბესოს, რომელმაც წასვლა მირჩია

 

და

 

შორენას, რომელსაც უდაბნოს ნახვა უნდოდა

 

 

 

 

 

დაივიწყე და წამოდი-მეთქი.

 

 

 

ერთად დავთვალოთ უდაბნოს ქვიშა,

 

ერთად ვუთიოთ ქარავანს ღამე,

 

ერთად ავუგოთ ბავშვობას წესი,

 

უნდა მოვძებნოთ სემი და ქამი,

 

გამოვაღვიძოთ დაღლილი ნოე,

 

უცხო მიწაზე ვისწავლოთ თესვა,

 

აქ სხვა სურნელი ასდის ღვინოებს

 

და სულ სხვაგვარი ჩრდილი აქვს მზესაც,…

 

თმა შეიკარ და წამოდი-მეთქი.

 

 

 

ისე დაბერდნენ ძველი ღმერთები,

 

სიტყვის უთქმელად გარდაიცვალნენ.

 

როგორც თოვლისგან მიწა თეთრდება,

 

როგორც გაზაფხულს უხმობს მერცხალი,

 

ისე ცხადია ჩემი ეჭვები,

 

აღარ სჭირდება ნიშნებს შესწავლა,

 

ცის თაღს შევუდგეთ სუსტი ბეჭებით,

 

ქორონიკონიც უნდა შევცვალოთ,

 

გზას გახედე და წამოდი-მეთქი.

 

 

 

ცეცხლი ანთია მაყვლის ბუჩქებზე,

 

შეძახილისგან ლეღვის ხეც გახმა,

 

მომწყვდეულია სული მუჭებში

 

და მალე ვიღაც გამოჰკრავს ჩახმახს,

 

ცას შეასკდება პირველი ლოცვა

 

და სინანული – ლოცვას რომ ახლავს.

 

პასუხი ყველა კითხვაზე მოგვცეს,

 

სასანთლეებში ზეთს უნდა ჩასხმა,

 

დრო აღნიშნე და წამოდი-მეთქი.

 

 

 

* * *

 

წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი”

 

ჩენდლერი

 

 

 

მთელ დღეს ქალაქში უნდა გეძებო და მერე ბოღმად გადმოვიღვარო

 

და განწირული უიმედობით მოვაპირკეთო სულის წიაღი

 

და დამავიწყდეს აკაციების გადარეული სუნის სიმწიფე,

 

გაშიშვლებული ჩემი მკლავების საგაზაფხულო მზის დაწაფება

 

და გადავყლაპო შენი დუმილი, როგორც სიცხის დროს ხსნადი აბები

 

და შევაფასო ჩვენი შეხვედრა დამთავრება და როგორც წაგება,

 

ჩემი ჯიუტი ექსპრესცოდვები მომავალიდან გამოვითხოვო

 

და შემოდგომას ვუთხრა უარი ვიდრე თანხმობას თვითონ მკითხავდეს

 

და მარტოობის მთელი სიმართლე ვერცხლისფერ ზიზღად ამოვარწიო,

 

და გადავმალო შენი პერანგი მწარე ტუჩებით ვიდრე დაგწყევლი

 

და შემეცოდოს ჩემი ბავშვობა, ავსლუკუნდე და ისევ მომინდე,

 

გამოვამტვრიო ცხრაკლიტურები, დავიჩოქო და უფალს მივენდო

 

და მეამბოხე კაბის კალთები ლოცვების განრიგს დავუმორჩილო,

 

და შემიწუხდეს ფრთხილი სინდისი, განსაზღვრული და ასე ნარჩევი

 

და ვიბარბაცო ხელის ცეცებით და დავივიწყო რომ ვერ მიშველე

 

და გაპატიო როგორ შემკრავენ და ნაწილ-ნაწილ როგორ დამშლიან

 

და გაგიხსენო, როცა იწვიმებს, საწვეთურები ჩამოვიარო,

 

შუაღამისას დავბრუნდე სახლში გალუმპული და თითქმის მტირალი,

 

ვერ მოვინელო შენი ხელები, ჟამიდან ჟამზე ისევ ამტკივდე

 

გამოგიგონო და უსახელოდ ჩემს დღიურებში ჩუმად ჩაგკეტო

 

და ვიმეორო მარადისობის და ერთგულების უშნო სიმღერა,

 

მთელ დღეს ქალაქში ისევ გეძებო და მერე ბოღმად გადმოვიღვარო. . .

 

 

 

 

 

© “ცხელი შოკოლადი”

 

Facebook Comments Box