გაბრიელ გარსია მარკესი, “მარტოობის ასი წელიწადი”. მთარგმნელი ელზა ახვლედიანი. თბ. “სიესტა”, 2007 (მესამე გამოცემა).
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ნობელის პრემიით აღნიშნული აღტაცება, კოლუმბიელი მწერლის მიერ დახატული სოფელი მაკონდო, ბუენდიების დინასტია და თაობიდან თაობას გადაცემული მარტოობის სევდა; არარეალური სამყარო, რომელშიც თითოეული ჩვენგანი რეალურად ვცხოვრობთ. წიგნი ქართველმა მკითხველმა პირველი გამოცემისთანავე შეიყვარა და ეს სიყვარული დღემდე არ განელებულა. “მარტოობის ასი წელიწადის” ახალი გამოცემა მარკესის მოყვარულებს უკვე კარგად ნაცნობ პერონაჟებსა და გარემოს გაახსენეს, მათ კი, ვისაც ეს წიგნი ჯერ არ წაუკითხავთ, წინ პირველად წაკითხვის სიამოვნება ელით.
ფრედერიკ ბეგდებერი, “ექსტაზი”, კაიფში დაწერილი ნოველები. ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა, რედაქტორი მალხაზ ხარბედია. თბ. “არეტე”, 2006.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნარკოტიკულმა საშუალებებმა ლიტერატურაში მყარად დაიმკვიდრეს თავი. ალბათ, ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – რამდენად საჭიროა ინექცია ან კაფსულა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება სრულიად უცნობ ადამიანებს უამბო, მით უმეტეს, როცა ნებისმიერი ნარკოტიკი ჯანმრთელობას ვნებს და, ფიზიოლოგიური დარღვევებიდან დაწყებული ფსიკიკური მოშლილობით დამთავრებული, ათას უბედურებას გმართებს. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეგიძლიათ, ფრედერიკ ბეგდებერის კაიფში დაწერილი ნოველები წაიკითხოთ – მარტივად მიხვდებით, რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ექსტაზით გაბრუებული ავანტიურისტი მწერლის მონათხრობი და გონების მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი ფხიზელი ავტორების ტექსტები. “ექსტაზი” ფრედერიკ ბეგდებერის პირველი წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.
გიორგი ეკიზაშვილი, “ბილიკები”, ლექსები, თბ. “აგორა”, 2006.
რას განიცდის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ბავშვობა ხის დამპალი ტოტივით მოიკვეთა, რომელიც ათასის სევდას ატარებს, რომელსაც სხვებთან ერთად მარტო ყოფნა სურს და რომლის ჩაქოლვაც ასობით დუჟმომდგარს განუზრახავს? რას ხედავენ ასეთი ადამიანები სიზმრად, გარდა ტრამალებისა, ან, ვის თანაუგრძნობენ ცხოვრებაში მშიშარა და გაქცეული კურდღლების მეტს? ამ და კიდევ არაერთ კითხვაზე პასუხს გიორგი ეკიზაშვლის ახალ წიგნში იპოვით, რომელსაც ავტორმა “ბილიკები” დაარქვა და რომელიც მისი ლექსებისა და პოეტური თარგმანების მეორე კრებულია. ქართველი მკითხველი ავტორს მოლიერის, ჟან-პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, გიიომ აპილინერისა და სხვა ფრანგი ავტორების თარგმანებიდან იცნობს. 2001 წელს კი საფრანგეთის მთავრობამ გიორგი ეკიზაშვილს “აკადემიური პალმის რტოს” ორდენის ოფიცრის წოდება მიანიჭა.
ზაზა აბზიანიძე, “წითელკუდა”, ზღაპრები. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.
თუ აქამდე წითელკუდა თაგვები თავიანთი გამორჩეულობის შესახებ სიამაყით გიამბობდნენ და თქვენც მათი ტრაბახის გულუბრყვილოდ გჯეროდათ, ახლა უკვე გეცოდინებათ, რატომ შეუღებეს მინდვრის თაგვს, ხვიჩას, კუდი. აქვე წაიკითხავთ ჩემპიონი კალიას – კოსტა-ბრავოს სევდიან ისტორიას, გაიცნობთ ტყის მელამთავარს – დე ლა მელას და უფრო მეტს გაიგებთ კეთილი არსებების – ბასუნსულების შესახებ. ზაზა აბზიანიძის ზღაპრები ბავშვებს სიკეთეზე, სამართლიანობასა და ერთგულებაზე უამბობს, საინტერესო ამბები არა მარტო პატარებს, მათ მშობლებსაც გაახალისებს. წიგნი ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც ბავშვებს ზღაპრების უკეთ აღქმაში დაეხმარებათ.
ამინ მაალუფი, ,,დამღუპველი იდენტობები”, ესსე. მთარგმანელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია. თბ. “იმპრესი”, 2007.
ისეთ რთულ ისტორიულ ვითარებაში, როგორიცაა გლობალიზაცია, მისი თანამდევი ცვლილებების თავბრუდამხვევი პროცესი არაერთ კითხვას და ამოცანას ბადებს. მათ შორის ყველაზე საჭირბოროტო საკითხია, თუ როგორ უნდა შეძლონ სხვადასხვა ერებმა კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნება და მოდერნიზება თავიანთი იდენტობის დაუკარგავად. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და ესეისტი, ამინ მაალუფი, სწორედ ამ პრობლემის თავისებურად გადაჭრას გვთავაზობს; მიზნად ისახავს, გააანალიზოს და გვიჩვენოს, თუ რა ესახება მას ამ რთული ვითარებიდან თავის დახსნის სწორ და გონივრულ გზად. მაალუფი ათზე მეტი წიგნის ავტორია, მისი რომანები და ესსეები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. “დამღუპველ იდენტობებში” დასმული საკითხები ჩვენთვისაც აქტუალურია და მათი გადაჭრის მაალუფისეული გზები საინტერესოა ქართველი მკითხველისთვის.
ლიტერატურულ-თეორული ჟურნალი “სჯანი”, № 7. თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი”, 2006.
მათთვის, ვისაც ლიტერატურის თეორია აინტერესებს და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებს, ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი “სჯანი” სასიხარულო მოვლენაა. ჟურნალში თავმოყრილია კომპენტენტური და საინტერესო ავტორების ესეები და კრიტიკული წერილები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკის მიხედვითაა გადანაწილებული – ლიტერატურის თეორიის პრობლემები, პოეტიკური პრაქტიკები, ფოლკლორისტიკა, თარგმანის თეორია, კულტურული პარადიგმები და სხვა. გარდა ამისა, აქვე იხილავთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამოცემული უახლესი წიგნების მომიხილვას. ჟურნალში დაბეჭდილ ყველა წერილს ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
© ”ცხელი შოკოლადი”