2007 წლიდან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ლიეტუვაში იმართებოდა პოეტთა და მხატვართა საერთაშორისო სემინარები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ლატვიელი, ესტონელი, უკრაინელი, ბელორუსი, პოლონელი და მოლდოველი მწერლები და მხატვრები. 2009 წლიდან ამ სემინარებს შეუერთდნენ ქართველი შემოქმედებიც. 2010 წელს სემინარი დაეთმო ლიეტუველ და ქართველ მწერალ ქალებს. თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა და ვერ მოხერხდა იმ ალმანახის გამოცემა, რომელიც ერთგვარად შეაჯამებდა სემინარის შედეგებს. ასე დაიბადა იდეა, სემინარის მონაწილე ქალების პროზა გამოცემულიყო წიგნად და, სემინარის მონაწილეთა გარდა, მკითხველებისთვის გაეცნოთ სხვა შემოქმედნიც. ეს იდეა განხორციელდა და 2021 წელს ლიეტუვაში გამოიცა „ქართველ ქალთა მცირე ანთოლოგია“, საერთო სათაურით – „მთვარის მშრალი მხარე“. კრებულში წარმოდგენილია ოცი ქართველი ავტორი (თამრი ფხაკაძე, ირმა ტაველიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ნატო დავითაშვილი, მარიამ წიკლაური, სალომე ბენიძე, ნინო სადღობელაშვილი, ლელა კოდალაშვილი, მაკა ლდოკონენი, ნათია როსტიაშვილი, ნინო ტეფნაძე, თეა თოფურია, ირმა მალაციძე, მარი ბექაური, ლელა ცუცქირიძე, ინა არჩუაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, მაკა ცხვედიანი, თამთა მელაშვილი, ცირა ყურაშვილი).
2022 წლის ბოლოს საქართველოშიც გამოიცა ლიეტუველ მწერალ ქალთა ანთოლოგია (ამჯერად 20 ლიეტუველი ავტორის ტექსტებით), საერთო სათაურით – „ტექსტის ხიბლი“ (გიედრა რადვილავიჩუტეს ამავე სახელწოდების ესეს მიხედვით). წიგნი გამოვიდა საქართველოს მწერალთა სახლის, ლიეტუვის კულტურის ინსტიტუტისა და ლიეტუვის მწერალთა სახლის თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით და გამოსცა საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ („საგა“).
რის წაკითხვას შეძლებთ „ტექსტის ხიბლში“?
წიგნის სარჩევი ასეთია: ადომაიტიტე გინტარე – ამბავი ერთი ლეგენდისა (თარგმნა მაია ჯორჯაძემ); იაუტაკე ონა- ადმუსი – ეგზისტენციური შფოთი (თარგმნა ინა არჩუაშვილმა); იონუშკაიტე ბირუტე – აღარსაყვარელი ანდა აღარ, საყვარელო (თარგმნა ნანა დევიძემ); კავალაუსკაიტე აკვილე – შიგნით. პლაჟზე (თარგმნა მარიამ წიკლაურმა); კალინაუსკაიტე დანუტე – ნივთები (თარგმნა გიორგი კაკაბაძემ); კლიუკაიტე ნიიოლე – ცრემლება (თარგმნა მაკა ლდოკონენმა); ლატვინაიტე რიტა – ყვირილი (თარგმნა მაკა ლდოკონენმა); ოპოლსკაიტე დიანა – ჯადოსნური კაცი (თარგმნა მირიან რჩეულიშვილმა); პოისონი სარა – ალკოჰოლი. წვივები (თარგმნა ლელა კოდალაშვილმა); ჟასინაიტე იურგა – ლიანდაგზე ველოსიპედი მიდიოდა, ალადინის ფეხსაცმელი (თარგმნა ირმა მალაციძემ); რადვილავიჩუტე გიედრა – ტექსტის ხიბლი. ჩემი ამერიკული ბიოგრაფია (თარგმნა ნანა დევიძემ); რაიჟიტე ნიიოლე – უცნობი ქალი ფოტოზე (თარგმნა თეონა დოლენჯაშვილმა); სიმანაიტიტე სონდრა – სარძევეკბილებიანი ანკარა (თარგმნა ნინია სადღობელაშვილმა); სიმუტიტე ლინა – ჰაბლის კანონი (თარგმნა ნანა დევიძემ); სურვილაიტე იანინა – ინტელიგენტი (თარგმნა მარი ბექაურმა); ტუმასონიტე იურგა – მათი თვალების მუსიკა (თარგმნა მირიან რჩეულიშვილმა); შერელიტე რენატა – სხვადასხვანაირი მარტოობა (თარგმნა დიანა ანფიმიადიმ); შობლინსკაიტე ვიოლეტა – სუსხიანი კვირადღე. მოგზაურობა საწყისისაკენ (თარგმნა ლელა ცუცქირიძემ); ჩერნიაუსკაიტე ლაურა – ყვავილების გამყიდველი (თარგმნა მარი ბექაურმა); ნაწყვეტი რომანიდან „სულჩადგმული მარმარილო“ (თარგმნა ნანა დევიძემ); კაზიევაიტე კაზიმიერა – ნაწყვეტი რომანიდან „მეშვიდე თაობა“ (თარგმნა ნანა დევიძემ).
წელს საქართველოს სწორედ ამ კრებულში დაბეჭდილი ტექსტების ავტორები ესტუმრებიან. 16 მაისს, 18 საათზე მწერალთა სახლში (ი. მაჩაბლის N13) მკითხველები შეხვდებიან ადომაიტიტე გინტარეს, იონუშკაიტე ბირუტეს, კალინაუსკაიტე დანუტეს, სიმუტიტე ლინას, ჩერნიაუსკაიტე ლაურასა და კაზიევაიტე კაზიმიერას.
არილი კრებულის შესახებ ნანა დევიძეს ესაუბრა:
„სანამ წიგნების გამოცემას შევეხებოდეთ, უნდა ვისაუბროთ იმ წინაპირობაზე, რაც ამ წიგნების გამოცემას უძღოდა წინ. საქმე ისაა, რომ 2007 წლიდან ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ლიეტუვის მწერალთა კავშირი ატარებდა ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარებს. ამ სემინარებში თავდაპირველად ჩართული იყვნენ ლიეტუვის ახლო მეზობელი ქვეყნებისა და ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების შემოქმედნი. 2009 წლიდან მათ ქართველებიც შეუერთდნენ. სემინარის კურატორი იყო მაშინ მწერალთა კავშირის მდივანი, ახლა კი თავმჯდომარე, ქართველების დიდი მეგობარი, ქალბატონი ბირუტე იონუშკაიტე. ყოველი სემინარის მერე გამოდიოდა ალმანახი. ეს იყო ერთგვარი ანგარიში გაწეული სამუშაოსი. აქ ორიგინალის ენაზე იბეჭდებოდა ლექსები და მერე ამ ლექსების თარგმანები იმ ენებზე, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას სემინარში. თავდაპირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს პოეტები და მხატვრები. მოგვიანებით, დაიბადა იდეა, პროზაიკოსებიც ჩართულიყვნენ. 2011 წელს სემინარის საერთო სათაური იყო „მცირე პროზა“. ამჯერად ერთმანეთს შეხვდნენ და თავიანთი შემოქმედება გააცნეს ლიეტუველმა და ქართველმა პროზაიკოსმა ქალებმა. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ალმანახის გამოცემა ვერც 2011 წელს და ვერც 2014-ში. ამასობაში სემინარების დაფინანსებაც შეწყდა. გაჩნდა იმედი, რომ სემინარები განახლდებოდა, მაგრამ ჯერ კოვიდმა შეუშალა ხელი ამ იდეის განხორციელებას და შემდეგ მიმდინარე პოლიტიკურმა სიტუაციამ. ჯერ კიდევ 2011 წელს დაიბადა იდეა, რაკი ვერ ხერხდებოდა ალმანახის გამოცემა, ხოლო ქართველ ქალთა პროზამ ინტერესი გამოიწვია, დაგვეწყო ფიქრი ქალთა პროზის კრებულზე, რომელშიც შევიდოდა სემინარში მონაწილეთა და დაგეგმილი, მაგრამ განუხორციელებელი, მორიგი სემინარის პოტენციურ მონაწილეთა ნაწარმოებები. რა თქმა უნდა, ლიეტუველებმა დაგვასწრეს და 2021 წლის 26 მაისს გვიძღვნეს საჩუქარი ქართველ ქალთა პროზაული კრებულის სახით, საერთო სათაურით „მთვარის მშრალი სახე“, რომელმაც 20 ქართველი ავტორის ნაწარმოები მოიცვა. ჩვენ კიდევ, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ წელს გამოვეცით 20 ლიეტუველი პროზაიკოსი ქალის მოთხრობათა კრებული სათაურით „ტექსტის ხიბლი“, რომლის წარდგენაც შედგება ამა წლის 16 მაისს „მწერალთა სახლში“. გვეყოლებიან სტუმრები ლიეტუვიდან. ამ ღონისძიების წარმართვაში მხარში გვიდგას ლიეტუვის საელჩო საქართველოში და ელჩი, ბატონი ანდრიუს კალინდრა.
პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: ჯერ ერთი, სემინარის მონაწილენი ეცნობოდნენ ერთიმეორის შემოქმედებას. იმართებოდა საუბრები მათი ქვეყნების ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე და მეორე, აქტიურდებოდა პირადი კონტაქტები, რასაც არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს საკუთარი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.“ – ამბობს ის არილთან საუბრისას.
წიგნის წინასიტყვაობაში კი ლელა კოდალაშვილი აღნიშნავს, რომ „მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ლიტერატუროცენტრიზმი მოისპო, მწერლობა ცენზურისგან გათავისუფლდა და ახალი პირველყოფილება შეიძინა. მან თავისებურად აიწყვიტა თავი და შეუერთდა იმ დიდ ქაოსს, რასაც ჰქვია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა, სადაც წაშლილი თუ გამქრქალებული საზღვრების წყალობით ყველა რაღაცით ერთმანეთს დაემსგავსა და ამავდროულად თითოეულმა მკვეთრი ინდივიდუალურობაც მოიპოვა. მწერალი, რომელიც წლების მანძილზე ქაოტურ მოვლენებში იყო ჩართული, ძნელად არჩევდა, სად იწყებოდა ლიტერატურა და სად — ცხოვრება, როგორც იქნა, გარდატეხის პერიოდი დაასრულა და 21-ე საუკუნეში გადმობიჯებულმა ნელ-ნელა გაიაზრა, რომ ისტორიის, კულტურის, სტილის, მიმდინარეობების, პათოსის და ე.წ. ავტორის სიკვდილმაც კი განაპირობა ახალი გზების ძიება, ახალი პოსტმოდერნული რეალიზმის დაბადება, ლიბერალების და კონსერვატორების მონაცვლეობა ერთ კულტურულ სივრცეში.
დღეს ეს რევოლუციური გარდატეხა ჩამცხრალია, ქაოსი ხელოვნების სივრცეში – დალაგებული და დამშვიდებული. ლიტერატურული ტექსტი, ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგების ნიმუშები, თავისუფლების ხარისხით, გადმოცემის ინდივიდუალური სტილით ფასდება და მწერალიც უკვე აძლევს თავს უფლებას, შექმნას ის, რაც ნამდვილად მასშია, რაც ინდივიდუალურია და არ არის სოციუმის წნეხის შედეგად ნაკარნახები. რადგან თანამედროვე სამყაროში ისე ხდება, რომ ერების კულტურები ერთმანეთისგან ითვისებენ სწორედ იმ სასარგებლო ჩვევებს, რამაც ისინი უნდა გააერთიანოს და ამავდროულად ინარჩუნებენ იმ ტრადიციებს, რაც მათი ქვეყნებისთვისაა ნიშანდობლივი. გლობალური პროცესების ფონზე, რომელიც აქტიურად ახდენს ჩვენზე ზეწოლას, თანამედროვე მწერალი მაინც ახერხებს, ჩაიბრუნოს მზერა შიგნით და მხოლოდ შინაგანი კარნახით წეროს. სწორედ ამ პროცესების აღწერის ერთგვარი ფართომასშტაბიანი ნიმუშია ქართველი და ლიეტუველი მწერალი ქალების მცირე ანთოლოგიები“.
© არილი