ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
ხელოვანთა ოჯახში დავიბადე და, აი, მეც ხელოვნებით ვცხოვრობ. ეს ნამდვილად არ ყოფილა ამბოხი. ისე გამოვიდა, თითქოს ბენზინგასამართი სადგური მივიღე მემკვიდრეობით. ყველა ჩემი წინაპარი ხელოვანი იყო, ასე რომ, დღიურ ლუკმას ოჯახური ტრადიციის გზით ვშოულობ. თუმცა მამაჩემი, მხატვარი და არქიტექტორი, იმდენად გააწამა დეპრესიამ, როცა ოჯახის რჩენა არ შეეძლო, რომ ერთხანს იმასაც ფიქრობდა, თითქოს ხელოვნებასთან არაფერი მესაქმებოდა. მაფრთხილებდა და მთხოვდა, ამ ყველაფრისგან შორს ვყოფილიყავი, რადგან ხელოვნება ფულის შოვნის ცუდ საშუალებად მიაჩნდა. მეუბნებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიშვებ კოლეჯში, თუ რაიმე სერიოზულს და პრაქტიკულს ისწავლიო.
ე. წ. სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი მაშინ გავხდი, როცა ვიღაცამ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლად გამომაცხადა. არ მინდოდა ამ კატეგორიაში მოხვედრა და დავინტერესდი, განა რა დავაშავე ამისთანა, სერიოზული მწერლის რეპუტაციას რომ ვერ ვეღირსები-მეთქი. მივხვდი – ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ტექნოლოგიის შესახებ ვწერდი და გამორჩეული ამერიკელი მწერლების უმრავლესობამ ტექნოლოგიის შესახებ არაფერი იცის.
* * *
1968 წელს, როცა “სასაკლაო №5” დავწერე, უკვე საკმაოდ მომწიფებული ვიყავი იმისთვის, რომ დრეზდენის დაბომბვის შესახებ მომეთხრო. ეს უდიდესი ჟლეტა იყო ევროპის ისტორიაში. რა თქმა უნდა, აუშვიცის ამბებიც ვიცი, მაგრამ ჟლეტა რაღაც ისეთია, რაც უცებ ხდება და ძალიან მოკლე დროში უამრავი ადამიანი იღუპება. დრეზდენში, 1945 წლის 13 თებერვალს, ბრიტანელების მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ დაახლოებით 135 ათასი ადამიანი შეიწირა ერთ ღამეში.
ეს სრული სისულელე, უაზრო ნგრევა იყო. მთელი ქალაქი დაიწვა და ამერიკელები კი არა, ბრიტანელები მოიქცნენ ასე მხეცურად.
რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც სამხედრო ტყვეები, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით, როცა მკვდარი გერმანელებისთვის ადგილის გამონახვა ხდებოდა საჭირო. გვამები სარდაფებიდან ამოგვქონდა: ადამიანები იქ იგუდებოდნენ, მერე კი ჩვენ უზარმაზარ კოცონთან მივათრევდით.
მე და ჩემთან ერთად მყოფი სხვა სამხედრო ტყვეები რატომ არ დაგვხოცეს, დღემდე ვერ ვხვდები.
1968 წელს უკვე მწერალი ვიყავი – ნამდვილი ყალთაბანდი. ფულის გულისთვის რას არ დავწერდი. ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ეს ყველაფერი ხომ საკუთარ თავზე გადავიტანე. ჰოდა, ვაპირებდი, ერთი მიფუჩეჩებული წიგნი დრეზედენის შესახებაც დამეწერა. დაახლოებით ისეთი, მერე ფილმად რომ გადაიღებდენ, სადაც დინ მარტინი, ფრენკ სინატრა და სხვები ჩვენს როლებს შეასრულებდნენ. ამის დაწერა ვცადე, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. უაზროდ ვცოდვილობდი.
წავედი და ჩემს საუკეთესო მეგობარს, ბერნი ო’ ჰარას მივადექი. იმ პერიოდის სასაცილო ამბებს ვიხსენებდით, როცა დრეზდენში სამხედრო ტყვეები ვიყავით, მაშინდელ დაძაბულ საუბრებს და ასეთ რამეებს, მოკლედ, მასალას, რისგანაც შესანიშნავი ფილმი გამოვიდოდა ომზე. მისი ცოლი კი, მერი ო’ ჰარა, უცებ გაცხარდა და გვითხრა: “იმ დროს თქვენ მთლად ბავშვები იყავით”.
ეს არის სიმართლე ჯარისკაცებზე. სინამდვილეში, ისინი ბავშვები არიან და არა კინო-ვარსკვლავები. არცერთი არ არის დიუკ ვეინი. ამის გააზრებამ გზა გამიხსნა და სიმართლის სათქმელად საბოლოოდ გამათავისუფლა. ჩვენ ბავშვები ვიყავით, “სასაკლაო №5”-ს კი ქვესათაურად “ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა” შევურჩიე.
რატომ დამჭირდა 23 წელი იმისათვის, რომ დამეწრა, რაც დრეზდენში გამოვცადე? ყველანი საკუთარი ისტორიებით დავბრუნდით სამშობლოში და, ასე თუ ისე, ყველას გვინდოდა მათი გამოყენება. რასაც მერი ო’ ჰარა ამბობდა, სინამდვილეში ამას ნიშნავდა: “რატომ არ ამბობთ სიმართლეს, თუნდაც მრავალფეროვნებისთვის?”
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერნესტ ჰემინგუეიმ მოთხრობა “მშვიდობით, იარაღო!” დაწერა იმის შესახებ, თუ როგორი სიბრიყვეა, როცა შინ მობრუნებულ ჯარისკაცს ეკითხები, ომში რა ნახა. ძალიან ბევრი ადამიანი – მათ შორის, მეც – პირში წყალს ვიგუბებდით, როცა ბრძოლების, ომის შესახებ რამეს გვეკითხებოდნენ. მაშინ ეს მოდაში იყო. არადა, ომის ამბების თხრობის ყველაზე შთამბეჭდავი ფორმაა, როცა მათ მოყოლაზე საერთოდ უარს ამბობ. მაშინ მოქალაქეები ყველანაირ გმირობას თვითონ წარმოიდგენენ.
და მაინც, ვთვლი, რომ მე და სხვა მწერლები ვიეტნამის ომმა საბოლოოდ გაგვათავისუფლა, რადგან ჩვენი ლიდერობაც და მოტივაციაც მთლიანად ყალბი და უაზრო გახადა. როგორც იქნა, ჩვენც შევძელით იმ ცუდზე გვესაუბრა, წარმოუდგენლად ზნედაცემულ ადამიანებს, ნაცისტებს რომ გავუკეთეთ.
რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ომზე ლაპარაკს გაურბიან, ის არის, რომ მის შესახებ საუბარი შეუძლებელია.
* * *
ახლა კი წერის გაკვეთილს ჩაგიტარებთ.
პირველი წესი: არ გამოიყენოთ წერტილ-მძიმეები. ისინი ტრანსვესტიტი ჰერმაფროდიტები არიან და არაფერს არ წარმოადგენენ. მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ოდესღაც კოლეჯში სწავლობდით.
ვხვდები, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება იმის გამოცნობა გაუჭირდეს, ვხუმრობ თუ არა. ასე რომ, ამის მერე გეტყვით, როცა ვიხუმრებ.
მაგალითად, შედით ეროვნულ გვარდიაში ან საზღვაო ფლოტში და ასწავლეთ დემოკრატია. ვხუმრობ.
სადაცაა ალ-ქაიდას მორიგი შეტევა დაიწყება. აქნიეთ დროშები, თუ კი გაქვთ. ეს მათ ყოველთვის აფრთხობთ. ვხუმრობ.
თუ გინდათ, მშობლებს ნამდვილად მოუკლათ გული და არც გამბედაობა გყოფნით იმისათვის, რომ ჰომოსექსუალისტი იყოთ, შეგიძლიათ, ხელოვნებაში თავით გადაეშვათ. არ ვხუმრობ. ხელოვნება ფულის შოვნის საშუალება არ არის. ეს ყველაზე ჰუმანური გზაა, რომელიც ცხოვრებას ოდნავ ასატანს ხდის. თუ ხელოვნებას მიჰყვებით – მნიშვნელობა არა აქვს, ცუდად გამოგივათ თუ კარგად – ღმერთო ჩემო, სულიერად ხომ მაინც გაიზრდებით! იმღერეთ შხაპის ქვეშ. იცეკვეთ რადიოს ხმაზე. მოყევით სხვადასხვა ამბები. მისწერეთ მეგობარს წერილი, თუნდაც ერთი ქეციანი ლექსი. გააკეთეთ ეს ისე, როგორც შეგიძლიათ. უზარმაზარ ჯილდოს მიიღებთ – უკვე რაღაც გექნებათ შექმნილი.
სულაც არ მინდა, რომ დაგაფრთხოთ, მაგრამ კორნელის უნივერსიტეტში სტუდენტ-ქიმიკოსად ნამყოფმა ომის შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ანთროპოლოგია შევისწავლე და ბოლოს, მაგისტრის ხარისხიც მივიღე ამ სფეროში. სოლ ბელოუ იმავე კათედრაზე იყო. არცერთი ჩვენგანი მასალის შესაგროვებლად არასდროს გამგზავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ, წარმოსახვაში ამას უდავოდ ვახორციელებდით. მე ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული ეთნოგრაფების, მისიონერებისა და მკვლევარების – ამ იმპერიალისტების – მოხსენებების მოსაძებნად და იმის გასაგებად, თუ რა სახის ისტორიები შეაგროვეს პრიმიტიულ ხალხში. ანთროპოლოგიაში ხარისხის დაცვა მაინც ჩემი დიდი შეცდომა იყო, რადგან პრიმიტიულ ხალხს ვერ ვიტან – შტერები და სულელები არიან. პრიმიტიული ხალხი, იმ თავისი ქეციანი ამბებით, გადაშენებას იმსახურებს. ისინი ნამდვილად ჩამორჩენილები არიან.
* * *
მასაჩუსეტის შტატში, უესტ ბარნსტეიბლში, იმ საავტომობილო სააგენტოს მფლობელი და მენეჯერი ვიყავი, რომელსაც “სააბ კეიპ კოდი” ერქვა. მეც და ეს სააგენტოც ბიზნესს 33 წლის წინ შევეშვით. ისევე, როგორც ახლა, “სააბი” მაშინაც შვედური მანქანა იყო და, მჯერა, რომ ამ პროფესიაში ჩემი წლებისწინანდელი წარუმატებლობა იოლად ხსნის იმას, რაც სხვა შემთხვევაში ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩებოდა: რატომ არ მომცეს შვედებმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია. ძველი ნორვეგიული ანდაზაა: “შვედებს პატარა სირები აქვთ, მაგრამ დიდი მეხსიერება”.
მომისმინეთ: მაშინ “სააბს” მხოლოდ ერთი მოდელი ჰქონდა, “ფოლკსვაგენის” მსგავსი დეფექტით – ორკარიანი სედანი, რომლის ძრავაც წინ იყო მოთავსებული. ჰაერის ნაკადის ზემოქმედების შედეგად ორივე კარი ისე იოლად იღებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში სასიკვდილო ნახტომისთვის მზად უნდა ყოფილიყავით. ყველა სხვა ავტომობილისგან განსხვავებით, მაგრამ თქვენი გაზონის საკრეჭი მანქანისა და მოტორიანი ნავის მსგავსად, ორტაქტიანი ძრავა ჰქონდა და არა ოთხტაქტიანი. ასე რომ, როცა ავზს ბენზინით ავსებდით, ერთი ბიდონი მანქანის ზეთიც უნდა მიგეყოლებინათ. არცერთ შემთხვევაში წესიერი ქალი ამის გაკეთებას არ მოისურვებდა.
მთავარი, რის გამოც “სააბს” ყიდულობდნენ, ის იყო, რომ მას “ფოლკსვაგენისთვის” ოდნავ გასწრება შეეძლო – მხოლოდ წითელ შუქზე. მაგრამ თქვენ ან თქვენთვის მნიშვნელოვან არსებას ბენზინის ავზში ზეთის ჩამატება თუ დაგავიწყდებოდათ, მაშინ თქვენ და თქვენი მანქანა ნამდვილ ფეიერვერკს მოაწყობდით.
ბევრი ცუდი ვილაპარაკე შვედური მანქანათმშენებლობის შესახებ და ამიტომ ვერ ვეღირსე ნობელის პრემიას.
* * *
ძნელია, ნამდვილად ენამოსწრებულად იხუმროთ.
რადიოში კომედიებს დღესაც ვუსმენ და უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში არც ისე ბევრი კარგი კომედიაა. ამ ჟანრთან ყველაზე ახლოს მაინც გრუჩო მარქსის ვიქტორინა “ფსონად – შენი სიცოცხლე” რჩება. მე ბევრ მხიარულ მწერალს ვიცნობ, რომლებიც აღარ ხუმრობენ და დასერიოზულდნენ, რის გამოც რაიმე სასაცილოს მოფიქრებას ვეღარ ახერხებენ. მახსენდება ბრიტანელი ავტორი, მაიკლ ფრეინი, “კალის ადამიანი” რომ დაწერა. ის ძალიან სერიოზული გახდა. მის თავში ნამდვილად რაღაც მოხდა.
როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ცხოვრება, იუმორი თავდაცვის კარგი საშუალებაა. საბოლოოდ, მაინც იღლებით, უფრო და უფრო თავზარდამცემი ამბები გესმით და იუმორი ვეღარ გშველით. მარკ ტვენს ემსგავსებით, რომელიც ფიქრობდა, რომ ცხოვრება საშინელი იყო, მაგრამ ხუმრობის და ასეთი რამეების დახმარებით ამ საშინელებას გულთან ახლოს არ უშვებდა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო. მისი ცოლი, საუკეთესო მეგობარი და ორი ქალიშვილი გარდაიცვალნენ. თუ საკმაოდ დიდხანს იცოცხლებთ, ბევრი თქვენი ახლობელი მოკვდება.
სავსებით შესაძლებელია, რომ მეც ვეღარ ვხუმრობდე – დღეს იუმორი თავდაცვის საიმედო მექანიზმად აღარ ჩაითვლება. ზოგიერთი ადამიანი მხიარულია, ზოგი – არა. მეც მხიარული ვიყავი, მაგრამ ალბათ აღარ ვარ. იმდენი დარტყმა და იმედგაცრუება გვხვდება ცხოვრებაში, რომ იუმორის თავდაცვითი ფუნქცია ვერაფერს ხდება. შეიძლება პირქუში გავხდი, რადგან ბევრი ისეთი რამ ვნახე, რამაც შეურაცხყოფა მომაყენა და რასაც სასაცილო სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
იქნებ ასეც მოხდა. ნამდვილად არ ვიცი, ამის შემდეგ როგორი ვიქნები. უბრალოდ, დინებას მივყვები და ვნახავ, ჩემს სხეულსა და ტვინს რაც მოუვა. თავზარს მცემს ის ფაქტი, რომ მწერალი გავხდი. არა მგონია, ჩემი ცხოვრების ან ჩემი ნაწერის კონტროლი შემეძლოს. ნებისმიერი სხვა მწერალი, ვისაც ვიცნობ, გრძნობს, რომ საკუთარ თავს კარგად მართავს. მე კი ეს შეგრძნება არა მაქვს. ასე ვერაფერს ვაკონტროლებ. უბრალოდ, ვბერდები.
ერთადერთი, რაც ნამდვილად მინდოდა, ხალხისთვის სიცილით შვების მოგვრა იყო. ასპირინის აბის მსგავსად, იუმორიც შეიძლება შვებისმომგვრელი აღმოჩნდეს. რომ ვიცოდე, ასი წლის შემდეგ ადამიანები ისევ იცინებენ, ამ ამბით ნამდვილად კმაყოფილი ვიქნებოდი.
* * *
ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ჩემი შვილიშვილების თანატოლები ხართ. ბევრი თქვენგანი ამ სტრიქონების კითხვისას ალბათ სწორედ მათი ასაკის იქნება.
როცა ბავშვი ვიყავი, ოჯახის უმცროს წევრად ვითვლებოდი, ყველაზე უმცროსი კი ნებისმიერ ოჯახში მასხარაა, რადგან ხუმრობა და მასხრობა ერთადერთი გზაა, რომლითაც მას უფროსთა საუბარში ჩართვა შეუძლია. და ხუთი წლით უფროსი იყო ჩემზე, ძმა – ცხრა წლით, ხოლო მშობლები, ერთიც და მეორეც, ენაწყლიანი მოსაუბრეები იყვნენ. პატარაობისას ყველა ამ ადამიანისთვის მომაბეზრებელი ვიყავი, განსაკუთრებით სადილობის დროს. არ უნდოდათ ჩემი სულელური, ბავშვური ამბების მოსმენა. მათ ნამდვილად მნიშვნელოვან თემებზე სურდათ საუბარი – იმაზე, რაც სკოლაში, კოლეჯში ან სამსახურში ხდებოდა. ასე რომ, ერთადერთი გზა, რომლითაც საუბარში ჩართვა შემეძლო, რაიმე სასაცილოს თქმა იყო.
მე იმ დროს ვიზრდებოდი, როცა ამერიკაში ბრწყინვალე კომედიებს დგამდნენ – ეს დიდი დეპრესიის ხანა იყო. რადიოში საკმაოდ მაღალი დონის კომიკოსები მოღვაწეობდნენ და ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, მათგან ბევრს ვსწავლობდი. მოზარდობის პერიოდში, სულ ცოტა, ღამეში ერთი საათის განმავლობაში მაინც ვუსმენდი კომედიებს და ძალიან დავინტერესდი, რა იყო ხუმრობა და როგორ უნდა მეხუმრა.
როცა ვხუმრობ, ვცდილობ, რომ შეურაცხყოფა არავის მივაყენო. არა მგონია, მართლაც საშინელ გემოვნებაზე მიუთითებდეს ის, რაც აქამდე ჩავიდინე. ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში არც ისე ბევრი ადამიანი შემიწუხებია ან ნაწყენი დამიტოვებია. ერთადერთი შოკი, რომელსაც მივმართავ, იშვიათად გამოყენებული უხამსი სიტყვებია. ზოგიერთი რამ კი ნამდვილად არ არის სასაცილო. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია იუმორისტული წიგნი ან სკეტჩი აუშვიცის შესახებ. ასევე შეუძლებელია, ჯონ კენედის ან მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილზე ვიხუმრო. სხვა შემთხვევებში, საერთოდ არ ვფიქრობ იმ თემაზე, რომელსაც ყოველთვის თავს ავარიდებდი იმის გამო, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა. როგორც ვოლტერმა გვიჩვენა, ტოტალური კატასტროფები საშინლად თავშესაქცევი რამაა. ლისაბონის მიწისძვრაც ხომ სასაცილოდ ჩანს!
მე დრეზდენის ნგრევას შევესწარი. ქალაქი მანამდეც ვნახე და საჰაერო დაბომბვის შემდეგაც, როცა თავშესაფრიდან გამოვედი. რა თქმა უნდა, სიცილი ერთადერთი პასუხი იყო ამ ყველაფრისადმი. უფალმა უწყის, რომ სული მუდამ შვებას ეძებს.
ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს სიცილის საგნად და სავარაუდოდ, საშინლად შემზარავი სიცილი აუშვიცის მსხვერპლთა შორისაც გაისმოდა.
იუმორი შიშით გამოწვეული ფიზიოლოგიური საპასუხო რეაქციაა. ფროიდი ამბობდა, რომ იმედგაცრუებისას იუმორი ერთ-ერთი შესაძლო პასუხია. მისი თქმით, ჭიშკართან მყოფი ძაღლი, რომელიც გარეთ გასვლას ვერ ახერხებს, მიწის ფხოჭნას, თხრას, უაზრო მოქმედებების შესრულებას დაიწყებს, ალბათ, ღრენას ან რამე ასეთსაც წამოიწყებს, რათა იმედგაცრუებას, გაკვირვებას ან შიშს გაუმკლავდეს.
უმეტესწილად, სიცილს შიში იწვევს. წლების წინ ერთ იუმორისტულ სატელევიზიო სერიალზე ვმუშაობდი. მაშინ ვცდილობდით, შოუ ისე გაგვეკეთებინა, რომ თითოეულ ეპიზოდში სიკვდილის ხსენება ძირითად პრინციპად დარჩენილიყო. ეს კომპონენტი სიცილს უფრო გააღრმავებდა, მაყურებელი კი ვერც მიხვდებოდა, მის გადაბჟირებას როგორ ვახერხებდით.
არსებობს ზედაპირული სიცილიც. ამის მაგალითი ბობ ჰოუპია, რომელიც ნამდვილი იუმორისტი არც ყოფილა. ის უბრალო კომიკოსი იყო, საკმაოდ მწირი მასალა ჰქონდა და რაიმე შემაძრწუნებელს არასდროს ახსენებდა. სამაგიეროდ, გიჟივით ვიცინოდი “ლორელი და ჰარდი”-ს ყურებისას. რაც არ უნდა ვთქვათ, იქ მაინც ჩანს ტრაგედია. ეს ადამიანები საკმაოდ სათუთები არიან იმისთვის, რომ ამ სამყაროში გადარჩნენ და ამის გამო მუდამ საშინელ საფრთხეში არიან. ისინი ძალიან იოლად შეიძლება მოკლან.
* * *
უმარტივესი ხუმრობებიც კი შიშის და ტკივილის უმცირეს ელემენტებს შეიცავს. ასეთია შეკითხვა: “რა მოჩანს თეთრად ჩიტის უკანალში?” სკოლის მოსწავლესავით დამფრთხალი მსმენელი მაშინვე იბნევა და ეშინია, რაიმე სისულელე არ თქვას. როცა ის პასუხს გაიგებს: “რა თქმა უნდა, ჩიტის უკანალი,” – ავტომატურ შიშს სიცილით გაფანტავს. ბოლოს და ბოლოს, გამოცდაზე ხომ არ იყო!
“რატომ იკეთებენ მეხანძრეები წითელ აჭიმებს?” ან “რატომ დამარხეს ჯორჯ ვაშინგტონი მთის ფერდობზე?” და ასე შემდეგ.
ნაკლებად მხიარული ხუმრობებიც არსებობს, რასაც ფროიდი სახრჩობელას იუმორს უწოდებდა. ისეთი უიმედო ცხოვრებისეული სიტუაციებიც გვხვდება, როცა ნებისმიერი სახის შვება წარმოუდგენლად მოჩანს.
დრეზდენს რომ ბომბავდნენ, სარდაფში ვისხედით და თავზე ხელებს ვიფარებდით – გვეშინოდა, ჭერი არ ჩამოქცეულიყო. ამ დროს, თითქოს ცივ და წვიმიან ღამით დიდ სახლში გამოკეტილი ჰერცოგის ასული გახლდათ, ერთმა ჯარისკაცმა თქვა: “ნეტა ამაღამ ღარიბები რას აკეთებენ?” არავის გასცინებია, მაგრამ ამის მოსმენა ყველას გაგვიხარდა. ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით! მან კი ეს დაამტკიცა.
ნაწყვეტი წიგნიდან “უსამშობლო კაცი: ჯორჯ ბუშის ამერიკაში ცხოვრების მემუარები”, 2005
© ”ცხელი შოკოლადი”