რეცენზია

ზურა ჯიშკარიანი – „მე ვწუხვარ ბაღზე”

პოეტური რეცენზია მარიამ ნატროშვილის ვენეციის ბიენალეში წარმოდგენილ ინტერაქციულ პროექტზე

„ონტოლოგიური პოლიტიკურია!” – აცხადებს ჩემი უსაყვარლესი თანამედროვე ეკოლოგისტ-ფილოსოფოსი და რომანტიკული პოეზიის ექსპერტი თიმოთი მორტონი.

ის ასე განმარტავს ამ ფრაზას ჩვენს ინტერვიუში:

„ონტოლოგია – ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ არსებობენ საგნები. ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ ნება მეცნიერებას, მოგვიყვეს იმის შესახებ, თუ რა არსებობს, მაგრამ საკითხი ასე დგას: როგორ არსებობს ის, რაც არსებობს? თეთრი მედასავლეთეების იდეა ის არის, რომ საგნები არსებობენ როგორც სტაბილური სიგნალები, რომლებიც თანმიმდევრულად გრძელდებიან, სანამ არ შეწყვეტენ არსებობას. საბოლოო ბრტყელი ხაზი ასეთ იდეოლოგიაში არის ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთი. დღეს ამას ჰქვია გუგლი. „ოღონდ არ იყო ბოროტი“ – ასე ეუბნებიან თავიანთ თავს ფსიქოპათები. დიახ, ონტოლოგია პოლიტიკურია, ხოლო პოლიტიკა თავის არსში — ეს არის ონტოლოგიური ომი ყოფიერების ფსონებზე“.

„მე ვწუხვარ ბაღზე“ ჩემთვის ონტოლოგიური პოეზიაა, განუყოფელი პლანეტარული პოლიტიკისგან და ის ვერ და არც უნდა დავიყვანოთ მხოლოდ ვირტუალური რეალობის ხელოვნებამდე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მარიამ ნატროშვილი პროექტის კვლევის ფაზაში დაუკავშირდა მეცნიერს, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ყვავილებსა და მცენარეებს იკვლევს, მომავალი ვირტუალური გამოცდილების საწყისები სწორედ ამ პოეტურ აქტშია ჩასახული.

წუხილი ბაღზე, რომელიც კვდება ანთროპოცენის ტოტალურობაში, პლანეტაზე რიგით მეექვსე მასობრივი გადაშენების პირას (რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ხდება) – ეს ამ აპოკალიფსის თანამონაწილეობის, თანაშემოქმედებისა და ტოტალური უძლურების თანაგრძნობაა.

შემოქმედების ის სუბლიმაციური ძალა, რომელსაც შეუძლია ეს „წუხილი“ ვირტუალურ რეალობაში – თანამედროვეობის მაღალი ტექნოლოგიის კიბერსივრცეში გადაიტანოს — და ტექნოკულტურაში აღზრდილი ხალხი „დააინფიციროს“ ახალი საზრისებით, ჩუმი და უტყვი აპოკალიფსის მოახლოებით (რაღა მოახლოებით, უკვე შემდგარით) — დეთუ ჯინჭარაძის და მარიამ ნატროშვილის უნიკალური მიგნებაა.

იმისთვის, რომ რეფლექსია მოვახდინო იმაზე, თუ რა ხდება ამ ვირტუალურ რეალობაში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ტრანსჰუმანიზმი და პოსტჰუმანიზმი.

 ტრანსჰუმანიზმი განმანათლებლობისა და ლოგოცენტრიზმის იდეებიდან იღებს სათავეს და იმდენად ფაშისტურად ანთროპოცენტრულია, რომ სამყაროს ცენტრში ადამიანს, ანუ, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ახლო მომავლის ტექნოლოგიურ აფგრეიდად წარმიდგენს, რომელიც ბუნებისა და კოსმოსის ინჟინერი იქნება, მაშინ, როცა პოსტჰუმანიზმი უფრო პოსტსტრუქტურალიზმისა და პოსტმოდერნის იდეებით იკვებება და აღიარებს, რომ ჩვენ — ქალებმა, კიბორგებმა, მცენარეებმა და გორილებმა — უნდა ვისწავლოთ ჰარმონიული თანაცხოვრება.

„მე ვწუხვარ ბაღზე“ პოსტჰუმანისტური პროექტია, ოღონდ სავსე იმ ტრაგიზმით, რომ ამ სამყაროში არც ქალები და არც გორილები არ არსებობენ, ისევე როგორც „თამაშში“, თითქოს არ არსებობენ სიტყვები ამ შინაარსების გადმოსაცემად — ვირტუალური რეალობის გამოცდილებაში, რომელსაც გამოფენისას ეზიარებით — თქვენ ნახავთ კორპუსების, ოფისებისა და გზაჯვარედინების უსასრულო წყებას, სადაც ცოცხალი არსებები საერთოდ არ ფიგურირებენ (სპორტულ დარბაზში მოგროვილი ხოჭოების გარდა). ეს სამყაროა ადამიანების გარეშე, ცივი, შემზარავი პეიზაჟები, სადაც მხოლოდ კორპორაციული შენობები და ღვთის მარადიული დუმილი გელოდებათ ჩვენს ასევე მარადიულ ეგზისტენციალურ კითხვებზე.

ასეთი მიდგომა/მიგნება პლანეტარული კატასტროფის ონლაინ ეთერში, ხშირ შემთხვევაში, თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ, რაც ამ ნამუშევრის დიდი პლუსია და არა მინუსი.

„თამაშის“ ბოლოსკენ ხისგან დამზადებული სკამები და ავეჯი ტოტალურ დეკონსტრუქციასა და ანიჰილაციას განიცდიან და ისევ გადაიქცევიან იმ გადაშენების პირას მყოფ ყვავილებად და მცენარეებად, რაც შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც მათი დაბრუნება ანთროპოცენში.

ჩვენ გვჭირდება ისინი, ჩვენ გვაკლია ისინი. და მათაც, შესაძლოა, „ვჭირდებით“ ჩვენ.

„ობიექტზე-ორიენტირებულ ონტოლოგიაში“ ყველა საგანს: ყვავილს, ადამიანს, გორილასა თუ პლანეტა იუპიტერს თანაბარი ონტოლოგიური სტატუსი აქვთ, არცერთია მეორეზე მეტი ან ნაკლები.

„მე ვწუხვარ ბაღზე“, ამ გაგებით, ასევე გველაპარაკება კიბერნეტიკული თუ ველის ყვავილებისა და ადამიანების თანაცხოვრებაზე ერთმანეთის განადგურების გარეშე, რაც ჩემთვის განწირული სილამაზე და უტოპიური პროექტია.

© არილი

Facebook Comments Box