გაისმა ურდულის მჭახე ხმა და ნაცნობი ბრახუნი. ეს არ იყო კარმუშკა. ეს კარის ხმა იყო. როტვეილერსიფათა ზედამხედველი პაშა, მისთვის ჩვეული დაუდევრობით უხეშად აღებდა კარს.
– ისევ ტენიან! – ჩაიბურტყუნა ვიღაცამ.
– რას იზამ, – ზამთარი მოდის და იჭერენ უსახლკაროებს! – გაეპასუხა ამ ვიღაცას ვიღაც მეორე.
კარი მალე გაიღო და საკანში ერთი აჩაჩულ-დაჩაჩული კაფანდარა კაცი შემოვიდა. მას ცალ ხელში პატარა ტომარა (ტორბა) ეჭირა, ხოლო მეორეში შპალიერის რულონივით დახვეული სიფრიფანა ლოგინი. პატიმრის ტომარა ზომითა და მოცულობით დიდ ქისას უფრო გავდა, თამბაქოს შესანახს, ხოლო ლოგინი წარმოადგენდა წებოვან ადიალას, თხელ ლეიბს და სუნიან ბალიშს. ამ არასასიამოვნო რულეტის შუაგულიდან მოჩანდა, აგრეთვე, გაყვითლებული ვაფლის პირსახოცი, ალუმინის უყურო, ჭვარტლით გაშავებული საეტაპო კრუშკა და ალუმინისვე კოვზი, გალესილი დაბრეცილი ტარით.
– სტარშოი, რა არის, რა ამბავია, – შესჩივლა ვიღაცამ ზედამხედველს, – აქ ოცი ადგილია, თქვენ კი უკვე ოცდამერვეს ტენით!
– არა უშავს, უფრო თბილად იქნებით! – წაექილიკა ზედამხედველი მომჩივანს.
-გამოუძახე დეპეენკას, – გაგულისდა პატიმარი, – შენ რა გენაღვლება, დადიხარ და აკუებ არხეინად მთელი დღე დერეფანში!
ზედამხედველმა კისერი მოიქექა. ის მართლაც ხშირად აფრქვევდა ხოლმე მავნე გაზებს მორიგეობის დროს. რასაც თან ერთვოდა მისი ხმამაღალი ყროყინისებური სიცილიც.
მე სახელმწიფო სამსახურში ვარ და ამიტომ ვალდებული ვარ ომახიანად გავაკუო! – ახსნა თავისი საქციელი პაშამ, – ეს იმას ნიშნავს, რომ პოსტზე არ მძინავს! აი, თქვენ კი, შეგიძლიათ მუჭში ჩააკუოთ!
პაშა საგრძნობლად გახალისდა, რადგანაც საუბარმა მისთვის სასურველი ფორმა მიიღო და უსუფთაო ლაზღანდარობად იქცა.
– ისე კარგად კი გამოგდის პაშკო, ალბათ ძალიან მხნედა ხარ?!
– ნუ-უ, ზამთარს გამოვიზამთრებ!
ამგვარი ლაპარაკები ხშირად იმართებოდა პაშას მორიგეობის დროს. მას უყვარდა პატიმრებთან შეღრენ-შეყეფვით ქილიკობა და სიამოვნებით ტკბებოდა ამით. პატიმრებმა ეს იცოდნენ და ცდილობდნენ კარგ განწყობილებაში ყოლოდათ ჭირვეული ზედამხედველი – როტვეილერსიფათა პაშა-ადამიანი, რომელიც მხოლოდ მაშინ გრძნობდა თავს კარგად, როცა ლანძღავდნენ და რასაკვირველია, თვითონაც ლანძღავდა და აგინებდა ვინმეს. ადმინისტრაციის თანამშრომლებიც კი, რომელთა უმრავლესობაც არ გამოირჩეოდა დიდი კულტურულობით, პაშას დებოშიორად და ხულიგნად თვლიდნენ. ამ ზედამხედველის მორიგეობის დროს ხშირად ისმოდა ღვარძლიანი გადაძახილი და ბილწი ხუმრობა. ენაკვიმატი პატიმრები უწყალოდ თათხავდნენ პაშას. პაშა კი თავის მხრივ თათხავდა მათ. პაშა ხშირად რამდენიმე საკანს ერთდროულად უმკლავდებოდა სიტყვიერ პაექრობაში.
– პაშა, მიდი რა, მართლა გამოუძახე დეპეენკას, შეეხვეწა გამხიარულებულ პაშას ერთ-ერთი პატიმარი, – მიდი, თორემ ეგენი სულ გაგიჟდნენ!
– არა, დეპეენკას ვერ გამოვუძახებ ბიჭებო, მით უმეტეს, ახლა მალე პერესმენკაა, – გაიმართლა თავი პაშამ, – აი ივანიჩია აქ და თუ გინდათ, მაგას დაელაპარაკეთ.
სამმა თუ ოთხმა პატიმარმა პაშას ღონიერი მკლავის ქვეშიდან და ზევიდან ერთდროულად გაყვეს თავები და კორპუსის უფროსს გასძახეს.- ივანიჩი მოვიდა.
– “ზდაროვა ხლოპცი”, – წარმოთქვა მან მხნედ.
– ივანიჩ! ივანიჩ! – აწუწუნდნენ პატიმრები. – რა არის ეს, ივანიჩ! უკვე ოცდამერვე რომ შემოტენეთ, რა ამბავია, რა, თქვენ ეს კამერა ბეზრაზმერნი ხომ არ გგონიათ?! თქვენ აქ მალე თაროებსაც ჩამოკიდებთ!
– თუ საჭირო გახდება, თაროებსაც ჩამოვკიდებთ! – განაცხადა კორპუსნოიმ, – და ყველაზე ყბედებს იმ თაროებში ჩავსხამთ!
– ვერ ჩასხამთ, ივანიჩ, ის დრო აღარ არის, ახლა დემოკრატიაა! და ჩვენც საჩივარს დავწერთ გაეროში!
გაეროშიც მისწერეთ და სპორტლოტოშიც იჩივლეთ, – ულაპარაკოდ დათანხმდა კორპუსნოი, – ოღონდ რომის პაპთან არ იჩივლოთ!
– რატომ, ივანიჩ, რომის პაპთან რატომ არ უნდა ვიჩივლოთ?
– რა ვიცი, მაინც ხნიერი კაცია, ხომ იცით, – დაუდევრად უპასუხა ივანიჩმა, – ერთი მაგისი დედაც! – თან კართოტეკებს ჩაჰკირკიტებდა.
– მკრეხელობ ივანიჩ, რომის პაპს აგინებ?!
– ხლოპცი, არ მცალია სალაზღანდაროდ!
კორპუსის უფროსს მართლაც არ ეცალა. არ ეცალა, იმიტომ, რომ ახალი ხალხი ყავდა საკნებში განსათავსებელი და ამას გარდა, ერთ საათში ცვლაც უნდა ჩაებარებინა. რაც შეეხება დეპეენკას გამოძახებას, არც ამას მოითხოვდნენ პატიმრები მაინცდამაინც დაჟინებით, რადგანაც იცოდნენ, რომ ეს არ უშველიდათ: იყო გვიანი შემოდგომა და ციხეებიც ხალხით ივსებოდა, იმ ხალხით, რომლებსაც ტრუბალიოტები ჰქვიათ, რომლებიც ზამთრობით ციხეში იზამთრებენ მაწანწალობის მუხლით, დაახლოებით, ექვსი თვით, ხოლო ზაფხულობით ლაღად დახეტიალობენ ამ უკიდეგანო მიწაზე.
კორპუსნოი დერეფანში გავიდა, პაშამ კარი ჯახუნით ჩაკეტა. საკანი დაშოშმინდა.
– გამარჯობათ ბიჭებო! – წარმოთქვა ახალმოსულმა საკმაოდ თამამად და ამავდროს რაღაცნაირი გაუბედავი, დაბნეული ლუღლუღით.
– გაგიმარჯოს! – გაეპასუხნენ მას ზოგიერთები უხასიათოდ და ცალყბად.
– როგორ არის საქმეები?! – იკითხა ახალმა ისევ ისე, საკმაოდ თამამად და ამავდროს თითქოს გაუბედავი ლუღლუღით.
პატიმრებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს.
– საქმეები პროკურორთანაა, – გასცა პასუხი ერთ-ერთმა, ჩვენთან კი საქმიკოებია!
– უხ, ეგ საძაგელი, ეგ ტუტუცი, – აფხუკუნდა ახალი, – უდისციპლინო!
– ვის ლანძღავ, გაკვირვებით და ერთგვარი კმაყოფილებით კითხეს მას პატიმრებმა.
– როგორ თუ ვის, როგორ თუ ვის, – გაიკვირვა თავის მხრივ ახალმა, – რა თქმა უნდა, პროკურორს და ამას კითხვა რად უნდა?!
პროკურორის ლანძღვა-გინება პატიმრებს რასაკვირველია უყვართ, მაგრამ ახალი კაცის მოჩვენებითმა გაწიწმატებამ კარგ ხასიათზე დააყენა კამერის ბინადართა დიდი ნაწილი.
უნდა ითქვას, რომ ეს კაცი ეშმაკს გავდა: იყო კაფანდარა, მეჩხერკბილება, მკერდჩავარდნილი, ყვითელთვალება და ცხვირმონგრეული – ერთი სიტყვით ეშმაკი – ეშმაკუნა. მისი ანთებული სანთლისებრი თვალები მართალია ტემპერატურას არ გამოყოფდნენ, მაგრამ მაინც თითქოს სწვავდნენ ყველაფერს თავიანთი არაჯანსაღი, შიზოფრენიული ცეცხლით. ყველაფერს, თვით ამ კაცის უიერო სახესაც. მას თითქოს დამწვარი ქონდა წარბები, გუგები და ცხვირ-პირი თავისივე თვალების არაჯანმრთელი, შიზოფრენიული ცეცხლით.
მომხდურს გამოჰკითხეს ვინაობა, სადაურობა, ის თუ რა დანაშაულისათვის იყო თავისუფლებააღკვეთილი და გამოუყვეს არაპრესტიჟული ადგილი სადღაც პარაშასთან ახლოს, რადგანაც დაასკვნეს, რომ ეს იყო ასე ვთქვათ “ჩორტ ზაკატაი ვატუ”, თანაც დასტვენილი, რომელსაც ერთი ვალეტი აშკარად სადღაც დაჰკარგვოდა.
ეს სამი რუსული სიტყვა “ჩორტ ზაკატაი ვატუ” პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც “ეშმაკო გადაახვიე ბამბა”. ამას სჭირდება განმარტება: საქმე იმაშია, რომ ციხის დაუწერელი წესით, პატიმრები არ არიან თანასწორუფლებიანნი, ისინი იყოფიან მასტებად, ანუ კატეგორიებად. ჩორტები, ესე იგი, ეშმაკები, ითვლებიან დაბალი კატეგორიის ხალხად. ეს ის ხალხია, რომლებსაც ციხეში ავიწროებენ, ატყუებენ, დასცინიან და შეძლებისდაგვარად უწევენ ექსპლუატაციას. რაც შეეხება ბამბის გადახვევას – როგორც ცნობილია კარცერებში, საჯარიმო იზოლატორებსა და ზოგიერთ ციხის ლაზარეთებში მოწევა აკრძალულია. პატიმრებს თამბაქოსა და ასანთის ღერებს ართმევენ, ამიტომ ისინი ასანთის უქონლობისას სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ: მაგალითად უკიდებენ ანთებული ნათურიდან, ან აკეთებენ პატარა მოკლე ჩართვას ელ.გაყვანილობაში. მაგრამ თუ ნათურა მინის პლაფონშია მოქცეული, ხოლო მავთულები საიმედოდაა კედელში იზოლირებული, მაშინ მიმართავენ ცეცხლის მოპოვების ყველაზე უფრო რთულ მეთოდს – ბამბის, ასე ვთქვათ, ახვევა-აკატავებას. ეს მეთოდი ძალიან ჰგავს პირველყოფილი ადამიანების მეთოდს: ლეიბიდან ან ბალიშიდან იღებენ ცოტაოდენ ბამბას, ახვევენ მას ოდნავ, დებენ მაგიდის გლუვ ზედაპირზე და ფიცრით, ფანერით, ჭადრაკის დაფით ან წიგნით, ასე ვთქვათ, გააკატავებენ, დაახლოებით ისე, როგორც ლითონის მილების დამზადებისას. ამ მარტივი პროცესის სიტყვით აღწერა ძნელია თუ ნანახი არა აქვს კაცს. ცეცხლი ბამბას არ ეკიდება პირველივე ცდისთანავე. ეს მომქანცველი საქმეა და საჭიროებს სიმარჯვეს, მოთმინებას და გამოცდილებას. ბამბის ახვევა-აკატავებას ავალებენ ეგრეთ წოდებულ ჩორტებს, უფრო სწორად კი ჩორტებს შორის ყველაზე უფრო დაბეჩავებულებს და დამყოლებს, იმათ, ვინც, როგორც წესი, გვის და ალაგებს საკანს, გააქვს ნაგავი და აგროვებს წყალს, ეფარება გლაზოკს, როდესაც სხვები თამაშობენ კარტს, ან აკეთებენ რაიმე ისეთს, რაც არ უნდა დაინახოს დერეფანში მყოფმა ზედამხედველმა. თვით ეს ფრაზა “ჩორტ ზაკატაი ვატუ” ალბათ ცოცხალი ფრაზაა, ანუ ის ცხოვრებიდან უნდა იყოს აღებული. წარმოვიდგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაქვემდებარებული პატარა საავადმყოფო, მაგალითად ფსიქიატრიული, ცივი პალატა რამდენიმე უბედურით მასში, რომლებსაც არაფერი არ აცვიათ, საავადმყოფოს თეთრი საცვლების გარდა, რომლებიც შეყუჟულან სიფრიფანა საბნების ქვეშ და თვითონაც უზომოდ დაბეჩავებულები, დღეში ხუთჯერ მაინც დამცინავად და აბუჩად აგდებით ითხოვენ-მოითხოვენ-ბრძანებენ – “ჩორტ ზაკატაი ვატუ!” – “ჩორტი” კი – ერთი ვიღაც საწყალი, შპრიცით უწყალოდ საჯდომდაჩხვლეტილი, ნახევრადშეშლილი ავადმყოფი, გაცხარებით აკატავებს ბამბას, თან გლაზოკისკენ იყურება, რომ ზედამხედველმა ან სანიტარმა არ დაინახოს, რადგანაც თუ “დაიწვა”, მას ელის სასჯელი – სულფაზინი, ამინაზინი ან ალაპირიდოლი გასამმაგებული დოზით.
ეშმაკუნას პროტესტი არ გამოუთქვამს არაპრესტიჟული ადგილის გამო, ის სადღაც პარაშის სიახლოვეს განთავსდა თავისნაირ ეშმაკებს შორის, მეორე იარუსზე აძვრა და თავისებური ფუსფუსი დაიწყო: ტომრიდან ამოიღო პატარა ქუდი, იქიდანვე ამოიღო რაღაც ფუნჯის მაგვარი და ნახვრეტში, რომელიც ქუდში იყო დატანებული, გაუყარა, შემდეგ ეს ქუდი თავზე დაიხურა და გამოუვიდა რაღაც ანტენის მაგვარი რამ. დაჯდა ასე ლოგინზე და უცნაური ფრაზების ბუტბუტს მოჰყვა. “მორდა, მორდა, კირპიჩი ვარ, გიახლოვდები მორდა!” – ჩასძახოდა ის პირთან მიტანილ ასანთის კოლოფს, – “მორდა, მორდა, გესმის ჩემი, მორდა!”.
პატიმრები ალმაცერად გაჰყურებდნენ კიდევ ერთ დამთხვეულს, რომელიც, როგორც თითქმის ყველა დამთხვეული, მაწანწალობის მუხლით იჯდა, ადგილს ტყუილად იკავებდა, სუნთქავდა დეფიციტური ჟანგბადით და იყო კამერისათვის არასასურველი, რადგან არ იყო ის არაფრის კარგის მომტანი, აქედან გამომდინარე, უკვე ავტომატურად ხდებოდა ცუდი.
საკანში მოვლენები თავისი ჩვეული ტემპით ვითარდებოდნენ, ყველა თავისთვის ფუსფუსებდა და დერეფნიდანაც აღარ ისმოდა ჩოჩქოლი. კორპუსის უფროსმა ახლები საკნებში განათავსა, შნირები წაიყვანა და წავიდა. დერეფანში როტვეილერსიფათა პაშა დარჩა მარტო. პერესმენკამდე კიდევ ერთი საათი იყო და ამიტომაც პაშა თავისი საყვარელი გართობით – ნაგვის ყუთით ფეხბურთის თამაშით იყო გართული. ის მთელი ძალით ურტყამდა კაპრონის ურნას წიხლს და ურნაც ჭურვივით დაფრინავდა ცარიელ დერეფანში. ის ეხეთქებოდა კედლებს, საკანთა კარებს, დერეფნის ბოლოში დატანებულ ფანჯრის გისოსებს და გამოსცემდა ერთობ არასასიამოვნო ხმებს. ამას ერთვოდა პაშას ქოშინი და მისი მძიმე, სამხედრო-საველე ფეხსაცმელების ბრახაბრუხი. პაშას ასეთი ქცევა ბევრს აღიზიანებდა, ზოგს ალბათ ჭკუიდან შლიდა, ისინი, განსაკუთრებით ახლები, პროტესტს გამოთქვამდნენ და ზოგჯერ ჩიოდნენ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყნად არ მოიძებნებოდა ისეთი ძალა, რომელიც შესძლებდა დაეოკებინა პაშა ცარიელ დერეფანში, როდესაც სრულიად მარტონი რჩებოდნენ იზოლირებულ სივრცეში ის და ურნა. ამ დროს პაშას აღარაფერი ახსოვდა – მხოლოდ ფეხბურთი.
პაშამ ურნა მოხერხებულ ადგილას დადგა, გარბენი აიღო, მარჯვედ დაარტყა და რომ იტყვიან გოლი გაიტანა, ურნა ფანჯრის გისოსებს დამიზნებულ ადგილში მოხვდა და პაშამაც გამარჯვების ნიშნად ძლევამოსილად გამოსცრა ქარი, ხოლო ამ ყველაფერს თან დაურთო ახლა უკვე ხორხისმიერი – “უ-უ-ხ!”
ეს ყველაფერი ზემოთხსენებული საკნის სიახლოვეს ხდებოდა და რამდენიმე ენაკვიმატმა უკვე დააღო პირი მომხდარ ფაქტთან თავიანთი კომენტარის გასაკეთებლად, მაგრამ მოულოდნელად ახალმა ყველას დაასწრო და თავისი განსხვავებული, სპეციფიური ხმით თამამად და ამავდროს როგორღაც გაუბედავი ლუღლუღით, საკმაოდ ხმამაღლა, იმდენად, რომ გარეთ ზედამხედველისთვის გასაგონი ყოფილიყო – გასძახა:
– შეუბღალავი საჯდომი ასე არ მოჯვავს! – მერე გაიტრუნა, გაიცინა, მოჩვენებითად დასერიოზულდა და დაამატა, – ჰო, ალბათ შებღალულია! – ისევ გაიტრუნა, ისევ ეშმაკურად გაიცინა, ისევ მოჩვენებითად დასერიოზულდა და ისევ დაუმატა – ალბათ კი არა ნამდვილად შებღალულია!
დერეფანი წამით გაირინდა, უფრო სწორად, დერეფანი კი არა ეს პაშა გაირინდა დერეფანში. მას უცნობი ხმა ჩაესმა ყურში. ეს არ იყო მისი ტრადიციული პაექარი, ანუ ის, ვისაც იგი ლანძღავდა და ვისგანაც ღებულობდა ლანძღვას. ეს ვიღაც სხვა იყო – ახალი. პაშა ურნას შეეშვა, საკანს ფეხაკრეფით მიეპარა, გლაზოკის შალითა გადასწია და წარმოთქვა ურცხვი სიტყვები:
– ნუ იჟიმავებ და შენც ასეთი საჯდომი გექნება!
ეშმაკუნამ სახე კამერისაკენ მოაბრუნა და კმაყოფილებით მოჰყვა ხითხითს, მან არაფერი უპასუხა პაშას.
პაშა წავიდა და ფეხბურთის თამაშის გაგრძელება სცადა, მაგრამ არ დასცალდა.
– კი, ნამდვილად შებღალულია! – გაისმა მოპირდაპირე საკნიდან ბოხი, უხეში ხმა, – ვაა-ხა-ხა-ხაა! – ეს სანიოკი იყო პაშას ტრადიციული პაექარი, ზორბა და ტლანქი რეგვენი – ხასიათით დაახლოებით ისეთივე, როგორიც პაშა.
– ნეტავი შენ ვინღა გხმარობს, – გასძახა პაშამ ახლა სანიოკს, – ყველაფერში ბოზი ქალივით რომ ეჩრები?!
– ვაა-ხა-ხა-ხაა!!! – გადაიხარხარა სანიოკმა.
პაშამ ისევ სცადა ფეხბურთის თამაშის გაგრძელება, მაგრამ ამჯერადაც არ დასცალდა.
– ვიწიოკ! ვიწიოკ! – გაეხმიანა სანიოკი თავის მეგობარს, რომლის საკანიც, დერეფნის თითქმის მეორე ბოლოში იყო განლაგებული.
– ჰო, რა იყო! – გაეპასუხა თითქოსდა ნამძინარევი ვიწიოკი დერეფნის ბოლოდან.
– ვიწიოკ, შენ როგორ ფიქრობ, შებღალული აქვს პაშკას საჯდომი?!
– ვის, ჩვენ პაშკას?! რას ამბობ, სანიოკ?! – გაეპასუხა ვიწიოკი, – პაშკა რომ ეგეთი იყოს, პოსტზე ვინ დააყენებდა!
– რა ვიცი აბა, იქნებ პარტიამ უპატაკა! – არ დაეთანხმა სანიოკი.
– ხო, ეგ შესაძლებელია, შეიძლება მართლა უპატაკა, ან შეუპატაკა! – დაეთანხმა ვიწიოკი, – ამბობენ, ჟანდარმერიაში ახლა ნახმარებსაც ღებულობენო!
– აბა, ენები ჩაიგდეთ ძაღლიშვილებო, – აყვირდა პაშა, – ჩემზე რაც გინდათ, ის თქვით, პარტიას და ჟანდარმერიას კი თავი დაანებეთ!
– ერთი უყურე, უყურე როგორ ალაპარაკდა მლიქვნელი, ალბათ მართლაც შებღალულია და ახლა ცდილობს ხელმძღვანელობის გული მოიგოს პოპულისტური განცხადებებით! ალბათ პოპულისტია!
– პოპულისტი კი არა, პიდარასტია!
– გაჩუმდით ქათმებო, თქვენი კაკანი არ გავიგონო!
– ისე, – არ ცხრებოდა სანიოკი, – შენ მაინც რა აზრისა ხარ ვიწიოკ, ნახმარია თუ არა ეს ჩვენი პაშა?!
– რა ვიცი, აბა სანიოკ, ხმაზე მიჭირს მაგის განსაზღვრა, ხოლო სუნს ჩემამდე ჯერ არ მოუღწევია, აი ცოტახანში სუნი რომ მოვა, მერე გეტყვი ზუსტ პასუხს!
ცოტა ხანში მზად იყო ზუსტი პასუხი:
– კი, ნახმარია! შეუბღალავ საჯდომს ასეთი სუნი არ ექნება.
– თან მავნე გაზებთან ერთად ტუბერკულიოზის ჩხირებსაც ავრცელებს! – ჩაერთო ამჯერად ლანძღვა-თათხვაში ეშმაკუნა, – ალბათ კავერნა აქვს!
– ვაა-ხა-ხა-ხა! – გაისმა სანიოკის როხროხა სიცილი.
– ვუუ-ხა-ხა-ხაა! – გაიცინა პაშამაც და ხალისიანად დაურტყა თერთმეტმეტრიანი პენალტი ურნით. – დღეს დილით მე ორი იხვი შევჭამე ბიჭებო!!!
– ხოო, აბა თუ ორი იხვი შეჭამე, მაშინ გეპატიება პაშკო! – კეთილგანწყობით დაუყვავა პაშას სანიოკმა, – ჩვენ კი სულ სხვა რამ გვეგონა! შენ რას იტყვი ზემლიაკ, გესმის ახალო!
ეს მიმართვა უკვე ეშმაკუნას ეკუთვნოდა. ეშმაკუნამ ეშმაკურად გაიღიმა და გაეხმიანა:
– რა ვიცი აბა სანიოკ, მე მაინც ცოტათი როგორღაც ეჭვი მეპარება, ხომ იცი, ახალი კაცი ვარ, ამიტომ ერთხელ კიდევ რომ ექნა მოქალაქე ზედამხედველს, მაშინ ალბათ განვსაზღვრავდი, ახლა კი მიჭირს ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.
– მერე ვთხოვოთ უფროსს და კიდევ ერთხელ იზამს, – დაიროხროხა სანიოკმა, – პან პაშკო, აბა ერთი კიდევ ბუთქე პუბლიკის ხათრით!
პაშამ ეჭვების გასაქარწყლებლად ერთხელ კიდევ ბუთქა პუბლიკის ხათრით, რითაც არათუ მხოლოდ თავისი სიტყვიერი პაექრები, არამედ მთელი სართული გაამხიარულა.
– ო-ო-ო-ო, აი ეს მესმის, ვაა-ხა-ხა-ხა-ხაა, კარუზო ხარ პაშკო! ნამდვილი კარუზო! – შეაქო სანიოკმა ზედამხედველი და უწოდა მას კარუზო (ალბათ კეთილხმოვანებისა გამო).
ასე გავიდა დარჩენილი დროც და მოუსვენარი, დებოშიორი პაშა შეცვალა უთქმელმა და აღმასრულებელმა ზედამხედველმა, რომლის ზედმეტი ლაპარაკიც არავის გაეგონა და რომელიც არც სხვებს აძლევდა ლაზღანდარობის ნებას. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს და არასოდეს აკუებდა პოსტზე.
ახალმოსულმა ისევ ჩაყო თავის ტომარაში ხელი, ისევ რაღაცა ამოიღო იქიდან, ისევ რაღაც შეინახა და ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ფუსფუსს, მაგრამ ამჯერად ის ყურადღების ცენტრში მოექცა, რამეთუ თავისი გამოსვლით საერთო ყურადღება მიიპყრო. მას მოაწევინეს სიგარეტი, აჭამეს პატარა ქონის ნაჭერი შავ პურთან და ნიორთან ერთად და შესთავაზეს ცოტათი უფრო კარგ ადგილზე, კამერის სიღრმეში გადაბარგება, მაგრამ ახალმა უარი თქვა ამაზე.
– მე ეშმაკის მოციქული ვარ, ბიჭებო! – განაცხადა მან. – მეტსახელად ეშმაკუნა მქვია და აქ იმიტომ ვარ, რომ სულები მინდა შევისყიდო! ადამიანთა სულები! სულები ზოგიერთი თქვენთაგანისა!
პატიმრებმა გაკვირვებით შეხედეს მომხდურს – ახედ-დახედეს. აწონ-დაწონეს, უნდობლად შეათვალიერეს და მერე კი დაწვრილებით გამოჰკითხეს ყველაფერი.
– ყველაფერი ადვილად ხდება, ძალიან ადვილად. უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ. თქვენს სულებს შეისყიდის ჯოჯოხეთის წარმომადგენელი, ხოლო სანაცვლოდ მოგეცემათ ის, რაც მოლაპარაკებით იქნება გათვალისწინებული. რა არის აქ გაურკვეველი. აქ ხომ ყველაფერი მარტივია და გასაგები. მე გამოვუძახებ ეშმაკს, ჩვენ ერთად გამოვუძახებთ მას, ის შეარჩევს საჭირო სულებს, მოგირიგდებათ ფასზე და ამის შემდგომ იყავით კარგად. ჯოჯოხეთში შევხვდებით! გინდათ?!
– გვინდა!
ბევრს, რა თქმა უნდა, არ უნდოდა და ფიქრადაც არ ჰქონდა სულის გაყიდვა. ზოგს მხოლოდ გაეცინა უცნობის ნათქვამზე, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მართლაც ჭკუაში დაუჯდათ საკუთარი სულების გაყიდვის იდეა.
– რას გვიზამს ეშმაკი, თუ დავუშვათ, იყიდის ჩვენს სულებს? რამდენს გადაგვიხდის? რამდენ ხანში გადაგვიხდის?
– არ ვიცი! მე არაფერი არ ვიცი! მე მხოლოდ შუამავალი ვარ! – უპასუხა ეშმაკუნამ.
და მხოლოდ ერთი პატიმართაგანი იყურებოდა უტიფრად და აბუჩად აგდებით, ის პერიოდულად აფრქვევდა დამცინავ რეპლიკებს და რატომღაც დაჟინებით უშლიდა ხელს ეშმაკუნას.
ეშმაკუნამ მას გამჭოლი მზერა მიაპყრო რამდენჯერმე, მაგრამ არაფერი არ უთქვამს მისთვის.
– ღამის ორზე გამაღვიძეთ და თუკი მართლაც ვინმეს სურვილი გაქვთ სულის გაყიდვისა, ამაში დაგეხმარებით. მე გამოვუძახებ ეშმაკს. – ამ სიტყვებზე ეშმაკუნამ სიფრიფანა ბალიშის ქვეშ თავისი პატარა ტომარა ამოიდო, დაწვა, გადაბრუნდა და დაიძინა.
კამერის ბინადართა შორის მაინცდამაინც დიდი მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია ახალმოსულის უცნაურ სიტყვებს, რადგანაც ციხეში ათას დამთხვეულს შეხვდებით და ყველას თუ ყურადღება მიაქციე, თავად გახდები დამთხვეული.
კამერა თავისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა – მიდიოდა თამაში, ჩაის მოხარშვა და ბაზარ-ვაგზალი. ერთადერთი უმნიშვნელო ინციდენტი, თუ ეს ინციდენტად შეიძლება ჩაითვალოს, იყო ის, რომ ერთ-ერთ პატიმარს, სწორედ იმას, რომელიც შეეცადა დაეცინა ეშმაკუნასთვის, რატომღაც ასტკივდა მარცხენა კვერცხი. პირველი არასასიამოვნო შეგრძნება მას თავიდან კარტის თამაშის დროს დაეუფლა, ეს შეგრძნება არ იყო ტკივილი, იმდენად უმნიშვნელო იყო იგი, მაგრამ მალე ეს შეგრძნება ტკივილში გადაიზარდა. თანაც ისეთ აუტანელში, რომ კაცი იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა და ნარაზე დაწოლილიყო. ცოტა ხანში მას კვერცხი საგრძნობლად დაუსივდა და მალე ის უკვე ყმუოდა ტკივილისაგან. ამის შემხედვარე პატიმრებმა კარზე დააბრახუნეს, რათა ზედამხედველს ფერშალი გამოეძახა. კანონის აღმასრულებელმა ზედამხედველმა უპრობლემოდ გამოუძახა ციხის ფერშალს. ფერშალი მოვიდა. ავადმყოფი დერეფანში გაიყვანეს. ფერშალმა შეათვალიერა მისი დასიებული, ერთისამად გადიდებული კვერცხი. ჩაიწერა გვარი. გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი ნემსი – ანალგინი თუ რაღაც ამდაგვარი სიაფანდობა (რომელმაც აბსოლუტურად არ უშველა ტკივილს) და დაპირდა დილით გამოძახებას ექიმ დერმატოლოგთან. თუ კიდევ ვიღაც “ოლოგთან”, ერთი სიტყვით, იმასთან, ვინც კვერცხებს მკურნალობს. შემდგომ ამისა, ავადმყოფი უკან დააბრუნეს საკანში, ის ბორძიკით მილასლასდა ნარასთან, დაწვა და დილამდე კვნესოდა.
დაახლოებით ღამის ორ საათზე გაიღვიძა ეშმაკუნამ. მან თავისი ბებერი, სოკოსავით ჩამოღვენთილი სიფათი პარაშაზე დამონტაჟებულ ონკანთან კატასავით მოიბანა და მეორე იარუსზე აძვრა.
– რა ვქნათ ძმებო, – დაიძახა მან ხმამაღლა და შემოჰკრა ტაში. – გამოვუძახოთ ეშმაკს თუ არა?!
– გამოვუძახოთ! გამოვუძახოთ! – გაისმა შეძახილები აქეთ-იქიდან. – გამოუძახე მაგის დედაც!
– საქმე იმაშია, რომ – დაიწყო ეშმაკუნამ, – ეს არაა ადვილი საქმე. მე თქვენი დახმარება დამჭირდება. ჩვენ ყველამ ენრთად უნდა დავუძახოთ ეშმაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.
– მერედა როგორ?! მერედა როგორ?! – ყვიროდნენ პატიმრები?
– როგორ და, ჯერ ერთი, ყველამ უნდა მოიხსნათ ჯვრები, ვისაც კი გიკეთიათ! შემდგომ ამისა, ჩვენ ყველანი დავწვებით ნარებზე და ჩუმად, ჩვენს გონებაში გამოვუძახებთ ეშმაკს! ვთხოვთ მას მობრძანებას! გაწყობთ?!
– გვაწყობს! გვაწყობს!
მართლაც მოიქცნენ ისე, როგორც თქვა ეშმაკუნამ – ყველამ, ვისაც კი ჯვრები ეკეთათ, მოიხსნეს და ნარებზე დაწვნენ, მხოლოდ ერთადერთი პატიმარი დარჩა ჯვრიანი. მას ამ დროს ეძინა და მისი ჯვარი უბრალოდ არავის გახსენებია. საკანში ახლა სიჩუმეს მხოლოდ კვერცხდასიებულის კვნესაღა არღვევდა. ყველამ საკუთარ გონებაში დაუწყო ეშმაკს გამოძახება. მოულოდნელად მძინარე, სწორედ ის, რომელსაც კისერზე ჯვარი ეკიდა, ძილში აბორგდა, ძაფს, რომელზედააც ჯვარი ეკიდა, ხელი წაატანა და ჩამოგლეჯვა სცადა. კაპრონის მაგარი ძაფი არ დაემორჩილა მას, კისერი ატკინა და გამოაღვიძა.
– რა ხდება?! – იკითხა მან ნამძინარევმა და შეშფოთებულმა.
თანაკამერელებმა აუხსნეს მას, რაც ხდებოდა და მანაც, ისევე როგორც სხვებმა, ჯვარი მოიხსნა და ხალისით შეუდგა ეშმაკის გამოძახებას. ახლა უკვე კვერცხდასიებულის ხმადაბალი გმინვაღა არღვევდა გამეფებულ ავისმომასწავებელ სიჩუმეს. ავისმომასწავებელს, რადგანაც დაისადგურა რაღაცნაირმა შიშმა. თუმცა საკანში 28 ადამიანი იყო და ენთო დიდი, 250-ვატიანი ნათურა, იქ მყოფებმა თავები რატომღაც მარტოდ იგრძნეს და არცერთ მათგანს აღარ ჰქონდა ვინმეს იმედი. ისინიც კი, რომლებიც უფრო სეირის საყურებლად დათანხმდნენ ეშმაკის გამოძახების რიტუალში მონაწილეობის მიღებას, ახლა დასერიოზულდნენ და ცოტათი შეშინდნენ.
მალე კვერცხდასიებულმა ბორგვას უმატა და საშინლად აყვირდა. მას კვერცხი იმდენად დაუსივდა, რომ უკვე შარვლის ტოტშიც აღარ ეტეოდა. ბოლოს უეცრად ჩაჩუმდა, ტკივილისაგან გონი დაკარგა. დერეფანში კი ამასობაში გაისმა სართულის კარზე დამონტაჟებული ელექტროსაკეტის ნერვიული, მომთხოვნი ჩხაკუნი, კარი გაიღო და დერეფანში ვიღაც შემოვიდა. შემდეგ პატიმრებმა გაიგონეს ტლანქი, რკინით შეჭედილი ჩექმების ბრახუნი, რომელიც მოახლოვდა და ზედ საკნის ზღურბლთან შეწყდა. ვიღაცის უხეშმა ხელმა გლაზოკის შალითა გადასწია. მერე ისევ გადმოსწია. გაისმა კარმუშკის კლიტის ჯაჯგური და მალე კარმუშკა ბრახუნით გაიღო, ხოლო გაღებულ კარმუშკაში სრულიად უცხო ზედამხედველის ჯერარნახული სახე გამოიკვეთა.
– რა გაღრიალებთ!!! – დაიღრიალა მან, – რას ყვირიხართ?! თქვენ რა დღე და ღამე არ იცით?! მთელ ციხეს ესმის თქვენი ღრიალი!!!
ყველანი დაიბნენ, რადგანაც არ მოელოდნენ ამგვარ საყვედურს უფროსისაგან. პირიქით, საკანი ხომ ისე დუმდა, როგორც არასდროს.
– ჩვენ არ გვიყვირია უფროსო! – წაილუღლუღა ვიღაცამ გაუბედავად.
– რაო, არ გიყვირიათ?! – კოპი კიდევ უფრო შეიკრა უფროსმა, – მთელ ციხეს ესმის თქვენი ღრიალი! კარზე რაღას აბრახუნებდით?! წიხლებს ურტყამდით კარს?! აბა, მაშ გამოვიძახებ ახლა მე ბუცკამანდას და გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა წიხლების რტყმა!!!
ამგვარი პერსპექტივა კარგს არაფერს უქადდა საკანს. ეგრეთწოდებული ბუცკამანდა, იყო სპეციალური, დაახლოებით 15-კაციანი რაზმი, რომელიც შედგებოდა ჯანმაგარი და უხეში ახალგაზრდა ჟანდარმებისაგან, რომელთაც ადვილად შეეძლოთ იმ გაკვეთილის ჩატარება, რომლის შესახებაც ნიშნისმოგებით ლაპარაკობდა გაბრაზებული ზედამხედველი.
– უფროსო, უფროსო, – შემრიგებლური კუდის ქიცინით მიეახლა ზედამხედველს ეშმაკუნა, – უფროსო, ნუ გაგვიჯავრდები, ჩვენ გვინდოდა… – და ამ სიტყვებზე ეშმაკუნა უკვე ჩურჩულზე გადავიდა.
კამერის ბინადართ აღარ ესმოდათ, თუ რაზე საუბრობდნენ მოსაუბრენი.
ცოტა ხნის შემდეგ ეშმაკუნა საკანს მოუტრიალდა და დაიძახა:
– აბა, გამოდით სულის გამყიდველებო!!!
ნარებიდან ნელ-ნელა ერთმანეთის მიყოლებით წამოდგა რამდენიმე პატიმარი. ისინი გაუბედავად წარდგნენ ჯერ არნახული ზედამხედველის წინაშე. ზედამხედველმა მათ გამჭრიახი მზერა მიაპყრო, ეს მზერა ერთ-ერთ მათგანზე შეაჩერა და მერე ისევ ეშმაკუნას მოუხმო. ცოტაოდენი ჩურჩულის შემდეგ ეშმაკუნა კარმუშკას მოსცილდა, შერჩეულ პატიმარს მიეახლა ცუნცულით და ხმადაბალი, აღტაცებული ჭყლოპინით შეეკითხა:
– რას ითხოვ სანაცვლოდ უფროსისაგან?!
– თავისუფლებას! – იყო ხმამაღალი პასუხი.
– თავისუფლებას! თავისუფლებას! თავისუფლებას! – ჭყლოპინით გაცუნცულდა ეშმაკუნა ეშმაკისაკენ. – თავისუფლებას! – ჩაუჟღურტულა მან მბრძანებელს ყურში. თუმც ამ უკანასკნელმა ისედაც მშვენივრად გაიგონა პატიმრის ნათქვამი. ზედამხედველმა, თავისი მძლავრი ტორით თავიდან მოიშორა აბეზარი ეშმაკუნა და “თავისუფლებისმოყვარე” პატიმარს ერთხელ კიდევ მიაპყრო გამჭრიახი მზერა. ამის შემდეგ მოუხმო ეშმაკუნას და ერთხანს კიდევ ეჩურჩულებოდა მას. მერე კარმუშკა ჩაკეტა და წავიდა.
ეშმაკუნა ცუნცულით მიეახლა ახლადსულგაყიდულ პატიმარს, ხელი მოწიწებით ჩამოართვა, აღტაცებით ჩახედა თვალებში და გულწრფელი, არამოჩვენებითი სიხარულით სხაპასხუპით ახარა:
– შენ მიიღებ თავისუფლებას! ჯოჯოხეთში შევხვდებით! გილოცავ!
– ჩვენ, ჩვენ, ჩვენზე რაღა თქვა! – აჩოჩქოლდნენ სულის გაყიდვის დანარჩენი მსურველები.
– თქვენი სულების ყიდვა მან არ ისურვა, რადგანაც თქვა, რომ ისინი ისედაც მას ეკუთვნიან.
– როგორ?! საიდან?! – აყვირდნენ პატიმრები, – ჩვენ არასოდეს გაგვიყიდია ჩვენი სულები!
– მე არაფერი ვიცი! – ხელები დაიბანა ეშმაკუნამ.
– მოვიდეს, დაგველაპარაკოს! – ყვიროდნენ გაგულისებული პატიმრები, – აბა ერთი გვითხრას, თუ როდის მივყიდეთ ჩვენ მაგას სულები! უუხ, მაგის დედა!
– ცოტა იაფად მაინც აეღო! ერთი-ორი პაჩკა ჩაი და სიგარეტი მაინც მოეცა! – ყვიროდა ერთი გაგულისებული მოხუცი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობდა. – უფროსო! უფროსო! სტარშოი! – გაჰყვიროდა ის, – გესმის, არ წახვიდე! მოდი რა, მოდი! ერთი-ორი კოლოფი ჩაი და სიგარეტი მაინც მოგვეცი, ხომ ხედავ, არაფერი არ გვაქვს! მოდი რა, მოდი, იაფად მოგცემთ სულებს!
ზედამხედველი მართლაც მობრუნდა, კარმუშკა ხელმეორედ გააღო და დამცინავი მედიდურობით ზევიდან ქვევით დახედა მოხუცი პატიმრის ნაცრისფერ სახეს.
– რა გაყვირებს ბებერო? – ჰკითხა მას.
– უფროსო, – მუდარით მიმართა მოხუცმა ზედამხედველს, – თუ ჩემი სული მართლა შენ გეკუთვნის, მაშინ ერთი-ორი პაჩკა ჩაი და სიგარეტი მაინც მაჩუქე, თორემ ლამის არის, ყურები დამისივდეს!
ზედამხედველმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და რამდენიმე ღერი სიგარეტი მოხუც პატიმარს ზედ მიაყარა, კარმუშკა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საბოლოოდ ჩაკეტა და, რომ იტყვიან, მოუსვლელში წავიდა. მოხუცმა ორი ღერი სიგარეტი ჰაერშივე დაიჭირა, ხოლო ძირსგაფანტული ღერების ასაკრეფად მას ოთხ ფეხზე გართხმა მოუხდა. ასე აგროვებდა დაფანტულ სიგარეტებს ოთხზე გართხმული და იატაკიდან აკრეფილ განძს ყურებსუკან ინახავდა. თან დროდადრო თანაკამერელებს ახედავდა ხოლმე კმაყოფილი, აღტაცებული უკბილო ღიმილით.
მეორე დღე ჩვეულებრივი იყო. ჩვეულებრივ ვითარდებოდნენ მოვლენებიც. ბევრს არ სჯეროდა გუშინდელი ამბისა, უფრო სწორად კი იმისა, რომ ეს უცხო ზედამხედველი მართლაც ეშმაკი იყო, თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი დამთხვევა იყო და მეტი არაფერი. სხვათა შორის, კვერცხდასიებულსაც დაუცხრა კვერცხი. ასე იყო საღამომდე, საღამოს კი სმენა შეიცვალა და მორიგედ ისევ როტვეილერსიფათა პაშა დადგა, პერესმენკის დამთავრებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, კარსმიღმა გამოაცხადეს სულგაყიდული პატიმრის გვარი:
– ნაზრაძე!
– არის ასეთი! – გაეხმიანა სულგაყიდული.
– მოემზადე ნივთებით!
© ”არილი”