წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე იყო. სტატიაში სწორედ ამ ბაზრობების და მათ ფარგლებში გამართული ღონისძიებების შესახებ მოგიყვებით:
ლონდონის წიგნის ბაზრობა 1971 წლიდან იმართება და ფრანკფურტის შემდეგ წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობად ითვლება. ის აერთიანებს 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს და ხელს უწყობს საგამომცემლო სფეროს განვითარებას, საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის პროცესს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურების დაახლოებასა და ინტეგრაციას.
18-20 აპრილს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოც წარდგა. საქართველოს ეროვნულ სტენდზე დამთვალიერებელს შეეძლო ახალი ქართული გამოცემების, თარგმანებისა და მრავალფეროვანი კატალოგების ნახვა.
20 აპრილს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა ინტელექტმა, მწერალთა სახლთან და ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიასთან თანამშრომლობით, გამართა ღონისძიება: „აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაცია: თარგმანში ნაპოვნი“, რომელსაც, სხვა ქვეყნების პენ ცენტრების წევრებთან ერთად, გაუძღვა ივა ფეზუაშვილიც, საქართველოს პენ ცენტრის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო უკვე მეცხრედ იყო წარდგენილი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე.
ქართული სტენდი გაიხსნა ბუენოს-აირესის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, ესპანურენოვანი ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით, კოლექტიურ სტენდზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდი, სლოგანით – „ევროპული ამბები“.
„ევროპული ამბების“ თაროებზე განთავსდა ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე და მწერალთა სახლის მიერ მომზადებული კატალოგები ქართველი მწერლების შესახებ.
ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა ამ ღონისძიებაზე ქართული ლიტერატურა იყო წარმოდგენილი.
მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა და გამომცემლობა სულაკაურის დირექტორმა, თინა მამულაშვილმა პანელურ დისკუსიებშიც მიიღეს მონაწილეობა (ნატა ლომოურმა არგენტინის მთარგმნელებისა და თარჯიმნების ასოციაციის ლიტერატურული თარგმანის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე (VIII Jornadas de Traducción Editorial AATI ) მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამა წარადგინა, თინა მამულაშვილი კი ჩაერთო დისკუსიაში “მრგვალი მაგიდა: ინვესტიცია წიგნის დისტრიბუციის და რესურსების მდგრადი ათვისების პროცესში” და საგამომცემლო სფეროს სხვადასხვა ასპექტის მდგრადობაზე ისაუბრა).
მრავალფეროვანი იყო საქართველოს პროგრამა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე.
გერმანულ-რუმინულ-ქართული ლიტერატურული შეხვედრა, „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – ისტორიები კავკასიიდან, Transformations global გამომცემლობა „კლაკის“ ავტორები და ახალი წიგნები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებშიც ქართველი მწერლები მონაწილეობდნენ.
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. წელს ბაზრობა 27-30 აპრილს ჩატარდა.
4-7 მაისს საქართველომ მეორედ მიიღო მონაწილეობა თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე. მწერალთა სახლის ორგანიზებით თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ქართველი ავტორების ბერძნულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები შედგა (გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „მეტყველი მარმარილოები“ – ესეების კრებული ქართულ-ბერძნული ურთიერთობების შესახებ, მედეა აბულაშვილის და ეკა ჭყოიძის ავტორობით, ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ (World Books), დიანა ანფიმიადი – თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია (Vakxikon Publications).
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ბერძნულად მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული მთარგმნელობითი სემინარის ფარგლებში ითარგმნა და მიმდინარე წელს მას ბერძნული გამომცემლობა გამოსცემს. წიგნის თარგმანზე ერთობლივად იმუშავეს ბერძენმა მწერალმა და ენათმეცნიერმა დიმიტრის ცეკურასმა და ქართველმა ელინისტებმა: ანინა გოგოხიამ, თამარ ალავერდაშვილმა, ანი უძილაურმა, ვერიკო მგელაძემ, ეკა ჯანაშიამ და მარი სალაღაიამ.
6 მაისს თანამედროვე ქართველი პოეტების ანთოლოგია თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგინა დიანა ანფიმიადმა (კრებულში შესულია თანამედროვე ქართველი პოეტების კრებულში შესულია გიორგი არაბულის, ნინი ელიაშვილის, გიორგი კეკელიძის, ზაზა კოშკაძის, ნიკა ლაშხიას, ლია ლიქოკელის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, სალომე ბენიძის, ერეკლე დეისაძის, პაატა შამუგიას და სხვების ლექსები).
© არილი