28 მაისს 19 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ჩვენ მიერ გამოცემული ვალტერ ბენიამინის რჩეული ესეების კრებულის პრეზენტაცია.
ესეები გერმანულიდან ანა ცქიტიშვილმა თარგმნა. წიგნის რედაქტორები არიან: გიორგი მაისურაძე, ლექსო დორეული და მალხაზ ხარბედია. პრეზენტაციაზე წიგნს სწორედ ისინი, მთარგმნელი და რედაქტორები წარადგენენ. პრეზენტაციის შემდეგ კი “არილის” ძველი და ახალი ნომრები გაიყიდება.
მისამართი: მწერალთა სახლი, მაჩაბლის 13. დასწრება თავისუფალია.
ვიდრე პრეზენტაციაზე შევხვდებით, გიზიარებთ ვალტერ ბენიამინის “რჩეული ესეების” წინასიტყვაობას, რომლის ავტორი მთარგმნელი ანა ცქიტიშვილია:
„ებრაული წარმოშობის გერმანელი ავტორი, ვალტერ ბენიამინი (1892-1940), მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევა. შეგვიძლია, ვცადოთ და მისი საქმიანობის სფეროთა ჩამოთვლას მივყვეთ, თუმცა ეს სია საბოლოოდ მაინც არასრულყოფილი აღმოჩნდება – რთულად თუ მოიძებნება ისეთი დარგი, ბენიამინს, თავისი მეტად ორიგინალური ნააზრევით, მასზე წარუშლელი კვალი რომ არ ჰქონდეს დატოვებული.
ვალტერ ბენიამინის მრავალფეროვანი ინტერესები უპირველესად მისსავე ნაშრომებში ვლინდება. აქ შევხვდებით რომანტიზმის, გერმანული იდეალიზმის, მარქსიზმისა და, იმავდროულად, ებრაული მისტიციზმის ელემენტებს. თეოდორ ადორნოსთან მრავალწლიანი მეგობრობის გამო მის სახელს ხშირად ფრანკფურტის სკოლას უკავშირებენ. ცხადია, ის ნამდვილად მოიაზრება ფრანკფურტის სკოლის ადრეული პერიოდის წარმომადგენლად, თუმცა ბენიამინის რანგის მოაზროვნის ასე გადაჭრით მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებასთან თუ მიმდინარეობასთან ასოცირება სწორი ნამდვილად არ იქნება. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ის ყოველთვის აფართოებდა საკუთარი ინტერესების სფეროს და, შესაბამისად, შეხედულებებსაც ხშირად იცვლიდა. დიდი მეგობრობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აკავშირებდა ისეთ ფიგურებთან, როგორებიც იყვნენ: ბერტოლდ ბრეხტი, კაბალიზმის მოწინავე მკვლევარი გერშომ შოლემი, ჰანა არენდტი, ჰერმან ჰესე და სხვანი.
კულტურის თეორიისა და ლიტერატურის კრიტიკისთვის ფუნდამენტური ნაშრომების ავტორმა, ბალზაკის, ბოდლერისა და პრუსტის მთარგმნელმა, კაფკას უბადლო ინტერპრეტატორმა, ვალტერ ბენიამინმა, სიცოცხლეში მაინც ვერ მიაღწია იმას, რაც ასე ძალიან სურდა. ეს იყო კარიერა აკადემიურ სივრცეში. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრამ მისი თეზისი არ მიიღო – ოღონდ შინაარსის კი არა, თავად ბენიამინის ,,აკადემიურ სივრცესთან შეუსაბამო’’ ცხოვრებისა და მუშაობის სტილის გამო. ბენიამინმა ჰაბილიტაცია ვერ გაიარა და უნივერსიტეტის გარეთ დარჩა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტმა მასზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული იქცა ბენიამინი დამოუკიდებელ, თავისუფალ მოაზროვნედ და ბრწყინვალე ესეისტად, რომელმაც კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურას (და არამარტო ლიტერატურას) არაერთი ისეთი ნაშრომი მიუძღვნა, რომელიც დარგისთვის დღემდე სტანდარტია და რომლის სამეცნიერო ღირებულებაც, სიმართლე რომ ითქვას, ბევრ აკადემიურ სივრცეში მოღვაწეს იმ პერიოდში (ახლა ხომ მით უმეტეს) არც კი დაესიზმრებოდა.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბენიამინი სხვათათვის სრულიად ამოუცნობი ფიგურა, შეიძლება ითქვას, ერთგვარი აუტსაიდერიც კი იყო. მისი შემოქმედების აღმოჩენა 1940 წლიდან იწყება. სწორედ 1940 წელს, 48 წლის ასაკში, ვალტერ ბენიამინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს მოხდა პორტბოუში, საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვართან, როდესაც ბენიამინი, როგორც დისიდენტი, ცდილობდა, გესტაპოს ხელიდან დასხლტომოდა. ამ დღიდან მოყოლებული, ბენიამინის ნაშრომები ათწლეულების განმავლობაში იყო, და დღესაც არის ფილოსოფიური, ლიტერატურული და აკადემიური დისკუსიების შეუცვლელი საგანი.
სამწუხაროდ, ქართველი მკითხველი ამ უდიდეს გერმანელ მოაზროვნეს ნაკლებად იცნობს. დაახლოებით ათი წლის წინ ,,სა.გამ’’ ბენიამინის ორი ფუნდამენტური ნაშრომი, ,,ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში’’ (1935-1936) და ,,ისტორიის ცნების შესახებ’’ (1940) ქართულ ენაზე გამოსცა, რაც, ცხადია, ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი საქმეა. ამისდა მიუხედავად, ქართველი მკითხველისთვის კვლავ უცნობად დარჩა ბენიამინის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი – მისი ესეები ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ.
2021 წელს ,,არილში’’ პირველად დაიბეჭდა ბენიამინის ორი ესეი კაფკას შესახებ. ეს იყო მცირე ნაწილი ციკლიდან ,,ფრანც კაფკა: მისი გარდაცვალებიდან მეათე წლისთავზე’’. ამის შემდგომ გაჩნდა იდეა და სურვილი, რომ ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველისთვის ბენიამინის ქართულ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიგვეცა. ამჯერად ამ სურვილს უკვე ,,არილის’’ გამომცემლობამ შეასხა ხორცი.
წინამდებარე ნაკრები სწორედ ბენიამინის რჩეულ ესეებს მოიცავს. ბუნებრივია, სელექცია სუბიექტურია. მკვლევრები მისი შემოქმედების ეტაპებს ადრეულ, შუა და გვიანდელ პერიოდებად ყოფენ. ქართულ ენაზე სათარგმნად, ძირითადად, ადრეული და შუა პერიოდის ნააზრევი შეირჩა. ადრეული პერიოდიდან გამორჩეულია ბენიამინის ,,მთარგმნელის ამოცანა’’ (1921), რომელიც თარგმანის თეორიისთვის უმნიშვნელოვანესი ნაშრომია და რომელიც წიგნის ბოლოს გამიზნულად მოხვდა. შუა პერიოდიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,სიურრეალიზმი” (1929) – აქ, როგორც ესეის ქვესათაური გვატყობინებს, ბენიამინი იმდროინდელ ევროპულ ინტელიგენციას ფირზე აღბეჭდავს და სრულიად ცოცხლად წარმოგვიდგენს; ,,პრუსტის სახე” (1929), ,,ფოტოგრაფიის მცირე ისტორია’’ (1931) და, რასაკვირველია, აწ უკვე ნახსენები ,,ფრანც კაფკა: მისი გარდაცვალებიდან მეათე წლისთავზე’’ (1934). იშვიათად, რომ ავტორს შეეძლოს რომელიმე დარგისა თუ მიმართულების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ ისტორიებს ზუსტად ისე შთამბეჭდავად მოჰყვეს, როგორც ის ცალკეული ავტორების პორტრეტების გამოსახვას ახერხებს. ეს ორი რამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ბენიამინი ორივეგან მოწოდების სიმაღლეზე დგას.
ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ესეები და ესთეტიკური ფრაგმენტები ნაკლებ ყურადღებას იმსახურებენ. უბრალოდ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბენიამინის ექსპერიმენტებითა და იმპროვიზაციებით გაჯერებული ენა, მისეული სინტაქსის ლაბირინთები (იქ დაკარგვაზე სასიამოვნო ხომ არაფერია) ყველაზე მეტად თვალსაჩინო და ხილული სწორედ ზემოჩამოთვლილ ნააზრევშია. მავანს ნუ გაუკვირდება (განსაკუთრებით მაშინ, როცა ბენიამინის ნაშრომებს პირველად ეცნობა), თუკი კითხვისას ეჭვი შეეპარება, რომ აზრთა ამ ,,ნატეხებისგან’’ საერთო სურათის აწყობა შესაძლებელია. ეს სრულიად ბუნებრივი მომენტია, ასე ვთქვათ, ბენიამინისეული სტილი, რომელიც, ცხადია, დედნისეულ ტექსტში კიდევ უფრო გამძაფრებულია. მისთვის ენას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – არც ერთი სიტყვა თუ სასვენი ნიშანი (რაც არ უნდა უჩვეულოდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ჟღერდეს) აქ შემთხვევითი არაა. როგორც მისი მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ, ბენიამინი ის ავტორია, რომლის არათუ ცალკეული წინადადება, არამედ თითოეული სიტყვა უნდა შეიგრძნო, თუკი, რასაკვირველია, გსურს, რომ ზემოხსენებული ენობრივი ლაბირინთებიდან ხელცარიელმა არ გამოაღწიო.
,,ნამდვილი თარგმანი გამჭვირვალეა – ის არ ფარავს ორიგინალს, მისეულ შუქს არ აქრობს, მაგრამ, იმავდროულად, თითქოს საკუთარი მედიუმით გაძლიერებული, უფლებას აძლევს წმინდა ენას, დედანი კიდევ უფრო ძლიერად გაანათოს’’ – წერს ვალტერ ბენიამინი. როგორც მთარგმნელი, ვისურვებდი, რომ, ამ წიგნით, როგორც მინიმუმ, ბენიამინისეული ორიგინალი ტექსტის შუქი არ ჩამქრალიყოს. დანარჩენს კი უკვე თავად მკითხველი შეაფასებს და გადაწყვეტს.”
© არილი