28 მაისს მწერალთა სახლში გაიმართა არილის მიერ გამოცემული ვალტერ ბენიამინის რჩეული ესეების კრებულის პრეზენტაცია.
წიგნი წარადგინეს მთარგმნელმა ანა ცქიტიშვილმა და რედაქტორებმა, გიორგი მაისურაძემ და მალხაზ ხარბედიამ.
ანი ცქიტიშვილის თარგმანი არილში პირველად 2021 წელს გამოქვეყნდა. ეს გახლდათ ბენიამინის ორი ესე კაფკას შესახებ. წიგნიც სწორედ კაფკაზე დაწერილი ესეებით იწყება. კაფკასთან ერთად, წიგნში შესულია პოლ ვალერის, პრუსტის, სოკრატეს, შექსპირისა და სხვა ავტორების შესახებ დაწერილი ტექსტებიც. როგორც პრეზენტაციისას აღნიშნა მთარგმნელმა, შეარჩიეს, ძირითადად, ის ტექსტები, რომლებიც ლიტერატურას ეხებოდა (წინასიტყვაობაშიც ნახსენებია, რომ “წინამდებარე ნაკრები სწორედ ბენიამინის რჩეულ ესეებს მოიცავს. ბუნებრივია, სელექცია სუბიექტურია. მკვლევრები მისი შემოქმედების ეტაპებს ადრეულ, შუა და გვიანდელ პერიოდებად ყოფენ. ქართულ ენაზე სათარგმნად, ძირითადად, ადრეული და შუა პერიოდის ნააზრევი შეირჩა”).
პრეზენტაციაზე რედაქტორებმა ისტორიული კონტექსტი და ამ კონტექსტში ვალტერ ბენიამინის მნიშვნელობა განიხილეს.
„უნდა გავითვალისწინოთ, რა ეპოქაა: დიდი კრიზისების, ინფლაციის, ამბოხების, რევოლუციების, ეკონომიკური პრობლემების… ესაა ეპოქა, რომელმაც შვა ერთდროულად მოღვაწე უზარმაზარი ფიგურები. მათ შორისა კაფკა, ბენიამინის უახლოესი მეგობარი შოლემი…
გიგანტების ეპოქაში გამოვიდა ასპარეზზე ვალტერ ბენიამინი. ის ბერლინელია, ბერლინში ცხოვრობდა. ბენიამინმა მემკვიდრეობით მიიღო სახლი და ქონება. ღარიბი არ ყოფილა, ამან შეუწყო ხელი, რომ დრო ლიტერატურული მუშაობისთვის დაეთმო და არ ყოფილიყო მოხელე. მაგრამ არც ეს ქონება იყო ამოუწურავი. რაც კი შემოსავალი ჰქონდა, წიგნებზე ხარჯავდა. ერთი და იგივე წიგნი ჰქონდა სხვადასხვა გამოცემების. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსონალური ტრაგედია ის იყო, რომ იძულებული გახდა, პარიზში გაქცეულიყო და თან ვერ წაიღო თავისი წიგნები. ამან გული მოუკლა. წერილებში მოთქვამს ამის შესახებ, რომ წიგნები ბერლინში დატოვა.“ – აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.
მანვე გაუსვა ხაზი ბენიამინის კავშირს კაფკასთან:
„უწოდებენ მოწამეს, ტრაგიკულ ფიგურას… რაც განსაკუთრებულია, ალბათ, ესაა ბედისწერის თამაში. ბენიამინი არ უნდა ყოფილიყო აკადემიურ სფეროში სიცოცხლეში მიღებული, მას უნდა ჰქონოდა მუდმივი, გადაულახავი წინააღმდეგობები. ამ თვალსაზრისით, არ იყო ალბათ შემთხვევითი მისი კავშირი კაფკას ტექსტებთან. ის, რომ მკითხველ საზოგადოებას დაანახა, ვისთან და რა მასშტაბის მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, რა თქმა უნდა, ბენიამინის დიდი დამსახურებაა. გასაოცარია, როგორ ზუსტად შენიშნა იმ ეპოქაში ფაქტობრივად სრულიად უცნობი ავტორი. მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის ნაცნობ მწერალში დაინახა ეპოქალური და ისტორიული მოვლენა“.
შეგახსენებთ, რომ ვალტერ ბენიამინის რჩეული ესეების კრებულის შეძენა შეგიძლიათ სანტა ესპერანსას მაღაზიათა ქსელსა და ლიგამუსში.
© არილი