წაიკითხეთ სტატია ჯორჯ ორუელის წიგნების შესახებ, რომლებიც ავტორის გაცნობაში დაგეხმარებათ:
ბირმული დღეები
ბირმული დღეები პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა, 1934 წელს, მოგვიანებით კი – დიდ ბრიტანეთშიც. ეს ორუელის პირველი რომანია, რომლის მოქმედება 1920-იანი წლების ბირმაში (ახლანდელ მიანმაში) მიმდინარეობს, სადაც ორუელი რამდენიმე წლის განმავლობაში (1922-1927 წლებში) ცხოვრობდა, ადგილობრივ პოლიციაში მსახურებისას. ის კარგად იცნობს ამ ქვეყანას და გვიამბობს სამშობლოდან კოლონიაში გადმოხვეწილი მარტოსული ინგლისელის – ჯონ ფლორის ისტორიას. ჯონს გულით უყვარს ეს სამოთხის დარი ქვეყანა, რომელიც იმპერიალიზმის, კორუფციისა და სიღატაკის მსხვერპლია. იგი გაუბედავად, მაგრამ მაინც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ, იმპერიალისტური და მომხვეჭელური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს და, ამ ბრძოლით უზომოდ დაღლილი, ეძებს გულის სწორს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს.
ორუელმა რომანის წერა პარიზში ცხოვრებისას დაიწყო და 1934 წელს დაასრულა. ინგლისელმა გამომცემელმა გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რადგან აშკარა იყო, რომ ორუელი ფიქციურ ქალაქში, რომელსაც რომანში აღწერდა, გულისხმობდა რეალურ ქალაქს, რომელშიც თავად იმყოფებოდა რამდენიმე წლის წინ. გარდა ამისა, გამომცემელი შეაშინა პერსონაჟების მსგავსებამ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ორუელი სინამდვილეში შეხვდა. ორუელმა რომანი სხვა გამომცემლებსაც შესთავაზა, საბოლოოდ კი ერთ-ერთი ამერიკული გამომცემლობა დათანხმდა.
ცხოველების ფერმა
1944 წელს ჯორჯ ორუელმა თითქმის დაკარგა ცხოველების ფერმის ორიგინალი ხელნაწერი. საქმე ისაა, რომ დასრულებული ხელნაწერი ინახებოდა ორუელის სახლში, რომელიც ბომბმა დაანგრია.
ორუელის ვაჟმა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ორუელი საათების განმავლობაში ეძებდა ხელნაწერს ნანგრევებში და, საბედნიეროდ, იპოვა.
ცხოველების ფერმა 1943-44 წლებში იწერებოდა, როცა უკვე ჰქონდა ორუელს ესპანეთის სამოქალაქო ომის გამოცდილება და იცნობდა სტალინის მმართველობასაც.
ცხოველების ფერმაში ცხოველები, ღორების მეთაურობით, ადამიანების წინააღმდეგ ჯანყდებიან, შემდეგ კი თავად ხდებიან არანაკლებ უსამართლო და ავტორიტარი მმართველები. რაც დრო გადის, ღორები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ადამიანებს. ხდებიან ისინი, ვის წინააღმდეგაც ადრე თავად აჯანყდნენ.
ტოტალიტარიზმის ეს ალეგორია დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რასაც მთელ მსოფლიოში გაყიდული ეგზემპლარების სიმრავლე და არაერთი ხელახალი გამოცემა ადასტურებს.
პატივი კატალონიას
1938 წელს გამოცემული პატივი კატალონიას ორუელის მოგონებებს ეფუძნება. ორუელი მოხალისე ჯარისკაცი იყო ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას. წიგნიც სწორედ ამ მოვლენების ემოციური და ცოცხალი სურათია, რომელიც შემზარავ სინამდვილეს ასახავს. ეს წიგნი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კარგად ჩანს ორუელის მზარდი იმედგაცრუება კომუნიზმით, ასევე მისი დამოკიდებულება ტოტალიტარული და რეპრესიული რეჟიმებისადმი. აქ იმ იდეების ჩანასახებია, რომლებიც შემდეგ ორუელმა ცხოველების ფერმასა და 1984-ში განავითარა.
მიუხედავად ამისა, წიგნის შეფასებისას აღნიშნავენ, რომ ორუელს საკმარისი დრო არ გაუტარებია ესპანეთში, შესაბამისად, ვერ შეძლო, სწორად და სრულყოფილად გაეანალიზებინა ომის მიზეზები და შედეგები და არც სოციალური კრიზისის წარმოშობის შესახებ ჰქონდა მართებული წარმოდგენა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ეს წიგნი მათ შესახებაც არის, ვინც ამ ომს შეეწირა და გვაცნობს ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება შესწირეს იდეებს, რომელთა ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არ ეპარებოდათ.
1984
1984 მოგვითხრობს უინსტონ სმიტის შესახებ, რომელიც ტოტალიტარულ სისტემასა და დიდ ძმას უპირისპირდება. შემაშინებელ სისტემას, რომელსაც ორუელი აღწერს, თითოეული ადამიანის ქმედების, ფიქრისა და გადაწყვეტილების კონტროლი სურს და ულმობლად უსწორდება ყველას, ვისაც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აქვს. დიდი ძმა უკვე უნივერსალურ მეტაფორადაა ქცეული, წიგნი კი გაფრთხილებაა, სად შეიძლება მიიყვანოს კაცობრიობა მორჩილებამ და სისტემურმა კონტროლმა.
„ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან… გიცქერდა და ჩაგძახოდა – ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში – მას ვერსად გაექცეოდი“.
ომი მშვიდობაა.
მონობა თავისუფლებაა.
უმეცრება ძალაა.
აქ პარტია წყვეტს, რა უნდა წაიკითხო, რა უნდა თქვა და იფიქრო და მხოლოდ მომავალს კი არ აკონტროლებს, არამედ შორეულ წარსულსა და ისტორიულ სინამდვილეშიც ერევა.
ორუელი არა მარტო ტოტალიტარიზმის, არამედ მასმედიის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ფუნქციებსა და გავლენებსაც იკვლევს და აანალიზებს, როგორ მანიპულირებენ დიქტატორები გამოგონილი „ფაქტებით“ და როგორ ამახინჯებენ “რეალობას”.
რატომ ვწერ
„ადრეული ასაკიდან, დაახლოებით ხუთი ან ექვსი წლიდან, ვიცოდი, რომ როცა გავიზრდებოდი, მწერალი გავხდებოდი. 17-დან 24 წლამდე ვცდილობდი, ეს იდეა უკუმეგდო, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ ჩემს ნამდვილ ბუნებას ვუპირისპირდებოდი; ადრე თუ გვიან უნდა დავმჯდარიყავი და წიგნების წერა დამეწყო“ – წერს ჯორჯ ორუელი.
„წერა არის საშინელი, დამღლელი ბრძოლა, რომელიმე მტკივნეული ავადმყოფობის გადატანის მსგავსი. ასეთ რამეს არავინ წამოიწყებს, თუკი რომელიმე ისეთი დემონი არ მართავს, რომელსაც ვერც გაუგებ და ვერც შეეწინააღმდეგები“.
ესეიში ორუელი ასახელებს ოთხ მთავარ მოტივს, რომლებიც ადამიანებს წერისკენ უბიძგებს. მისი აზრით, ოთხივე არსებობს მწერლებში, თუმცა განსხვავებული ხარისხით და მათი პროპორციები დროსა და გარემოზეა დამოკიდებული. მოტივების სია ასეთია: ეგოიზმი (ადამიანის სურვილი, აღიქმებოდეს ჭკვიანად; სურვილი, რომ მის შესახებ საუბრობდნენ, დაიმახსოვრონ სიკვდილის შემდეგ და ა. შ); ესთეტიკური ენთუზიაზმი (კარგი ტექსტით მოგვრილი სიამოვნების განცდის სურვილი, მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილებების გაზიარებისკენ სწრაფვა); ისტორიული იმპულსი (საგნების ნამდვილი ბუნების, ფაქტების ჭეშმარიტების გარკვევისა და დადგენის სურვილი); პოლიტიკური მიზნები (პოლიტიკური – ფართო მნიშვნელობით. იგულისხმება სურვილი, დაუპირისპირდე სხვების იდეებს და საკუთარი იდეების უპირატესობა დაუმტკიცო სხვებს).
ეს ესეი ორუელმა 1946 წელს დაწერა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთვის, ვინც წერს (ან აპირებს, რომ წერა დაიწყოს), „რატომ ვწერ“ არა მარტო სასიამოვნო საკითხავი იქნება, არამედ ერთგვარი გზამკვლევიც.
© არილი