ახალი ამბები

კორმაკ მაკარტი გარდაიცვალა – „თუ ვინმე სხვა დაწერდა ამ წიგნებს, მე გოლფის სათამაშოდ წასვლას შევძლებდი”

კორმაკ მაკარტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, ჯონ მაკარტი ადასტურებს.

„კორმაკ მაკარტი – ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე დიდი ამერიკელი მწერალი – გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. დიდი ხანი იცოცხლა და ბევრი რამეც შექმნა, მაგრამ მაინც ვწუხვარ მის გამო“ – წერს სტივენ კინგი.

კორმაკ მაკარტის განსაკუთრებულ ადგილს ლიტერატურაში ხშირად უსვამდნენ ხაზს მის გარდაცვალებამდეც. მაგალითად, ჯონ ბენვილისთვის მაკარტი იყო ექსტრაორდინარული მწერალი, ერთ-ერთი საუკეთესო თავის საქმეში ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ. კრიტიკოსი ჰაროლდ ბლუმი მაკარტს თავისი დროის ოთხ უდიდეს ამერიკელ მწერალს შორის ასახელებდა (ფილიპ როთთან, დონ დელილოსა და თომას პინჩონთან ერთად). მაკარტის „სისხლიან მერიდიანს“ კი დასავლეთის ცუდ სიზმარს, ფოლკნერის რომანის „სული რომ ამომდიოდა“ შემდეგ უდიდეს ამერიკულ რომანს უწოდებდა.

კორმაკ მაკარტის პირველი წიგნი 1965 წელს გამოიცა. როგორც ამბობდა, იმ ერთადერთ გამომცემლობას გაუგზავნა თავისი ტექსტი, რომლის შესახებაც სმენოდა. ეს იყო რომანი, რომელსაც წერდა ავტომექანიკოსად მუშაობისას, სიღარიბეში. კრიტიკოსების აღიარება, პირველ ყოვლისა, სისხლიან მერიდიანს უკავშირდება. 1985 წელს მაკარტმა გამოსცა რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული წიგნი, რომელიც 14 წლის ბიჭის ამბავს გვიყვება. როგორც The New York Times-მა შეაფასა, ეს იყო „ალბათ ყველაზე სისხლიანი წიგნი ილიადას შემდეგ“.

მაკარტის სტილი თავიდანვე გამორჩეული და ადვილად ამოსაცნობი იყო. თავად მელვილის, დოსტოევსკისა და ფოლკნერის გავლენას ანიშნავდა, განსაკუთრებით აფასებდა მწერლებს, რომლებსაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე წერის არ ეშინოდათ. ამიტომაც ამბობდა, მაგალითად, პრუსტსა და ჰენრი ჯეიმზე: „მათი არ მესმის. ჩემთვის ეს არ არის ლიტერატურა. ბევრი მწერალი, სხვებს რომ კარგ მწერლებად მიაჩნიათ, მე უცნაური მეჩვენება“.

მაკარტს არ აკლდა აღიარება: 2007 წელს მისი რომანი „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ იქცა ფილმად, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა. 2006 წელს პულიცერის პრიზი მიიღო რომანისთვის „გზა“.  ამ რომანზე ლაპარაკისას მაკარტმა აღნიშნა: იმედი მაქვს, მკითხველები გაიგებენ იმას, რისი თქმაც მინდოდა ამ რომანით – რომ ადამიანები უფრო ყურადღებიანები უნდა იყვნენ, ცხოვრება კი საშინლად მშვენიერია, მაშინაც კი, როცა ცუდი გვეჩვენებაო.

მაკარტი სამჯერ იყო დაქორწინებული. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ესპანეთსა და ტეხასში, ვიდრე ნიუ-მექსიკოში არ დასახლდა, სადაც სამი ათწლეული გაატარა.

ანა დელისლი, მისი ცოლი იხსენებდა: „აბსოლუტურ სიღარიბეში ვცხოვრობდით. ვიღაცამ დაურეკა და 2000 დოლარი შესთავაზა, უნივერსიტეტში რომ მისულიყო და თავის წიგნებზე ელაპარაკა. კორმაკმა უთხრა, რომ ყველაფერი, რისი თქმაც უნდოდა, უკვე დაწერა. ასე რომ, შემდეგი კვირის განმავლობაშიც ლობიო უნდა გვეჭამა.“

The New York Times კორმაკ მაკარტს ასე ახასიათებს:

მისი პერსონაჟები აუტსაიდერები იყვნენ, მისნაირები. ჩუმად და ლიტერატურული მეინსტრიმის მიღმა ცხოვრობდა. თომას პინჩონივით განმარტოებული არ ყოფილა, მაგრამ არც საჯაროდ კითხულობდა თავის ტექსტებს, არც ჟურნალისტიკით ყოფილა დაკავებული და ინტერვიუებსაც იშვიათად თანხმდებოდა…

2008 წელს მაკარტმა თავისი არქივი 2 მილიონ დოლარად გაყიდა. წერილებით, ჩანაწერებითა და გამოუქვეყნებელი ნაწერებით სავსე 98 ყუთი ტეხასის უნივერსიტეტმა შეიძინა.

მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შევიტყვეთ, რომ სისხლიანი მერიდიანის კინოადაპტაციის სცენარზე მუშაობდა. რეჟისორი უნდა ყოფილიყო ჯონ ჰილქოუთი, რომელმაც წლების წინ მაკარტის „გზა“ გადაიღო.

ქართულად თარგმნილია კორმაკ მაკარტის „გზა“ და „მოხუცების ადგილი აქ არ არის“.

გზა პოსტაპოკალიფსური რომანია, რომელიც მამა-შვილის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. კატასტროფამ თითქმის ყველაფერი გაანადგურა, ამ განადგურებულ სამყაროში კი გზა უნდა გაიკვალონ გადარჩენილმა პერსონაჟებმა. ცივილიზაციის აღსასრული, გამქრალი სიცოცხლე და ორი მარტოსული მგზავრი, რომლებიც არსაით მიდიან – ასეთია სურათი, რომელსაც მაკარტი გვთავაზობს.

„მოხუცების ადგილი აქ არის“ კი მოდერნიზებული ვესტერნია, რომლის მთავარი გმირი, ვიეტნამის ომის ვეტერანი ლუელინ მოსი, ტეხასის მთებში ანტილოპებზე ნადირობისას გადააწყდება ბანდიტური გარჩევის კვალს – გვამებს, ნარკოტიკებს და კეისს ორი მილიონი დოლარით. იგი ცდუნებას ვერ უძლებს, ფულს იღებს და გარბის. ლუელინს აედევნება დემონური კილერი ჩიგური, ხოლო ამ უკანასკნელს ფეხდაფეხ მისდევს შერიფი ბელი… ესაა ძალადობის, დევნის, გადარჩენისკენ დაუძლეველი ლტოლვის ამბავი, რომელიც, როგორც უკვე ვახსენეთ, მერე ცნობილ ფილმადაც იქცა.

1979

მართალია, არც ისე ბევრი ინტერვიუ ჩაწერეს მასთან, მაგრამ ამ იშვიათ ინტერვიუებშიც კი მრავლადაა დასამახსოვრებელი ფრაზები. სიტყვები, რომლებშიც კარგად ჩანს მაკარტის შეხედულებები ცხოვრებაზე, ლიტერატურასა და საკუთარ თავზე.

„სიკვდილი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სამყაროში. შენთვის, ჩემთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ამის შესახებ ლაპარაკის უუნარობა ძალიან უცნაურია.“

„ბოლო წლებში არაფრის სურვილი არ მქონია, წერისა და ჩემს ვაჟთან ყოფნის გარდა. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ადამიანები შვებულებაზე ან რაღაც მსგავსზე და ვფიქრობდი, რა საჭიროა? არანაირი სურვილი არ მაქვს სამოგზაუროდ წასვლის. ჩემი იდეალური დღე ოთახში, ცარიელი ფურცლის წინ ჯდომაა. ესაა ჩემი სამოთხე. ესაა ძვირფასი და სხვა ყველაფერი დროის ფლანგვაა მხოლოდ.“

„ბევრი არაფრის გაკეთება შეგიძლია, ბავშვი იმად რომ აქციო, რაც ის არ არის. მაგრამ როგორიც უნდა იყოს, დარწმუნებული იყავი, რომ შეგიძლია მისი განადგურება. იყავი ბოროტი მის მიმართ და საუკეთესო ადამიანის განადგურებასაც შეძლებ.“

„წერა ქვეცნობიერი პროცესია და უკანასკნელი რამე, რისი გაკეთებაც მინდა, წერაზე ფიქრია.“

„კონკრეტული აუდიტორიისთვის არ ვწერ. მკითხველი, რომელიც ჩემს გონებაშია, თავად ვარ. თუ ვინმე სხვა დაწერდა ამ წიგნებს, მე გოლფის სათამაშოდ წასვლას შევძლებდი.“

„ვიღაცამ ჰკითხა ფლენერი ო’კონორს, რატომ წერდა. მან კი უპასუხა: „იმიტომ, რომ კარგად გამომდის“. ვფიქრობ, სწორი პასუხია. თუ რაღაც კარგად გამოგდის, ძნელია, არ აკეთო.“

© არილი

Facebook Comments Box