ინტერვიუ

ნინო დარბაისელი სტრონი – ჩემი ცხოვრების წიგნები

ნინო დარბაისელი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

მე კითხვაზე ადრე  წერა ვისწავლე, ალბათ ყველა ადამიანი ასეა, მოზრდილობაში  ბავშვობას თუ გაიხსენებს და მოგონებას დაუკვირდება. ნახატებში თან რაღაც ასოები გამომყავდა ფანქრით, თან აქა-იქ ზიგზაგებსაც ვურევდი, ვითომ, როგორც უფროსები წერდნენ, გაკვრით, ჩემიც ისეთია-მეთქი, თან  სულ მაინტერესებდა, რა დავწერე,   ფურცლით დავდევდი მშობლებს, ხმამაღლა წამიკითხეთ, რაც მანდ მიწერია-მეთქი.

მჯეროდა, ადამიანი წერისას რასაც ფიქრობ და გრძნობ, ფურცელს რომ ფანქრით შეეხები, ის თავისით იწერება და, უბრალოდ, უფროსებმა ან სწორად კითხვა არ იციან, ან ეზარებათ, ან არ სცალიათ და ვერ მივხვდიო, მარტივად გიშორებენ თავიდან.

უნდა გაევლო მთელს ცხოვრებას, რომ მივმხვდარიყავი, რა ძნელია, რასაც ფიქრობ,  განიცდი, ის რომ  უმარტივეს ტექსტად მაინც აქციო. დაწერო.  

რამდენი საფეხურია გასავლელი! (აქ თეორეტიზირებისგან თავს ვიკავებ, მე ხომ  ვცდილობ, „არილის“ მკითხველებს მოვაწონო თავი, მათთვის ვიყო ადვილად გასაგები.)

კითხვა კი „სერიოზულად“ ასე დავიწყე. ძალიან რომ შევაწუხე უფროსები „აქ რა დავწერე, იქ რა დავწერეთი“, პაპაჩემმა საკუთარი ჟურნალი გამომიწერა, „დილა“!!!    

ხუთი წლისა ვიქნებოდი, ჩემზე ცოტა დიდ ამხანაგებს უკვე მისდიოდათ, კითხულობდნენ, იქ დაწერილ ლექსებზე ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან,  დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, იმათ ჰქონდათ, მე კი – არა. ერთ დღესაც რომ  დამიძახეს ჩვენებმა, შენი ,,დილა“ მოვიდაო, იცით, ეს რა იყო? ისე გავიქეცი, ისე გავიქეცი, აფრენამდე ფეხი დამიცდა და ორივე მუხლი კარგად, სისხლმდინარედ  გადავიტყავე. ეტყობა იმ მომენტიდან დაუკავშირდა ჩემს ქვეცნობიერში კითხვა და იოდის აუცილებელი, მაგრამ მწველი სუნი. ახალ წიგნს ხელში რომ ავიღებ, შუაში ვშლი, შიგ ცხვირს ვყოფ და სულ იმ სუნს ვეძებ.

რა კარგი იყო ის „დილები“, მსხვილი, გემრიელი ასოებით, ფერადი ნახატებით. შეიძლება ვთქვათ, რომ  ჩემი პირველი ბიბლიოთეკის საძირკველში ჟურნალი  „დილა“ დევს. მოხდა ისე, რომ საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნა ნულიდან  ცხოვრებაში არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ ხუთჯერ (!!!) მომიხდა, ამ არცთუ მხიარულ ამბავს სხვა დროს სადმე აუცილებლად, გულწრფელად მოვყვები, რომ ამ ინტერვიუს ფორმატს ძალიან არ ავცდე. აქ მარტო მოკლედ ვიტყვი, რომ იქიდან  სამ ბიბლიოთეკას – არ ვნანობ. ,,თოფი  – მეთოფეს და მეთოფე- სოფელსო“!

ბავშვობის საყვარელი წიგნი

აქ დაფიქრებაც არ მჭირდება, ეს იყო „ქართული ხალხური ზღაპრების“ ერთი, ფურცლებშემოცვეთილი და ისედაც დაფურცლული გამოცემა, ბაღის ელენე  მასწავლებელს რომ ეკუთვნოდა. იგივე წიგნი, ახალთახალი, თაროზე გვედო სახლში, გადმოიღებდა ბებიაჩემი ანიკო და ყოველ საღამოს გვიკითხავდა დებს. ვერ ვიტანდი იმ დროებს. ვუსმენდი და თანდათან  ვრწმუნდებოდი, რომ ერთი და იგივე წიგნში, ბევრიც რომ იყოს, კი ერთი და იგივე წერია, მაგრამ  სულ სხვა გემოსია, იმის მიხედვით, როგორ გამოიყურება, სად და ვის ხელშია.

გამოიცანით, რას ვიზამდი! ანიკო რომ სახლში არ იყო, გადმოვიღე ის მოვლილი წიგნი, მოვიტანე მაკრატელი და გვერდები სულ სათითაოდ შემოვუნაკუწე, დავაძველე, ჩემი აზრით. სულაც არ ვუცემივარ, არც კუთხეში დავუყენებივარ მერე ორი საათი, არც იქ ჩამძინებია და არც მძინარე გადავუყვანივარ ვიღაცას საწოლში, იმ ღამეს სიცხეც არ მოუცია… აქ საშუალება რომ იყოს, მოწყალედ გაღიმების „სმაილს“ დავსვამდი.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ეს იყო ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ჩემს უფროსკლასელობაში ,,ცისკარში“ იბეჭდებოდა და მთელს ჩემს თაობას, კითხვა ვისაც უყვარდა, დიდი კვალი დააჩნია.  ლამის ზეპირად ვიცოდით.

ვერ ვიტყოდი, რომ მისი გავლენა ერთმნიშვნელოვნად დადებითი იყო მოზარდებზე, ღირებულებითი ორიენტაცია პირადად მე მაგრად ამირია. და საერთოდ,  გულწრფელად ვიტყვი, რომ პიროვნულად ჯერ ჩამოუყალიბებელ მოზარდს უფროსებმა უნდა მოარიდონ ეს წიგნი. შეიძლება, მე მქონდა მაშინ განვითარებაში რაღაც პრობლემა. ცალკეულ ამბებს ვხედავდი და მთლიან სურათს ვერ ვიქცევდი მხედველობის არეში. მერე, დიდობისას რამდენჯერმე კიდევ წავიკითხე და, ცხადია, ისე აღარ უმოქმედია. კარგი წიგნია, დიდი. მე ხომ პროზის სპეციალისტი არა ვარ და დიდი პასუხისმგებლობა არ მეკისრება ნათქვამის გამო? ჰოდა, ვიტყვი. რაკი მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში ჩვენდამი ინტერესი ძირითადად ეგზოტიკურობის მოლოდინს გულისხმობს, ეს ის წიგნია, რომელიც გზას გაგვიჭრის საერთო კულტურულ სივრცეში ინტეგრირებისათვის. ჯავახიშვილზე ვგიჟდები, ძალიან ადრე წავიკითხე პირველად და მერეც ბევრჯერ დავუბრუნდი, მაგრამ იმ ტომეულებიდან ავანტიურული კვაჭი – შეიძლება და  ჯაყო- მეეჭვება „გარეთ“  გამოდგეს. რატომ? შესაფერისი კულტურული კონტექსტი, რა ხანია, აღარ არსებობს. პატარ-პატარა მოთხრობებიდან რაღაცების ამორჩევა შეიძლება, „მუსუსი“, „მართალი აბდულაჰ“ და ასე… (ისევ ეგზოტიკურობის ნიშნით?)

გურამ დოჩანაშვილი ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მგონია, თარგმანში გაამართლოს, რადგან მისი სტილისთვის დამახასიათებელი ენობრივი თამაშები და ნიუანსები  მთლიანად ქართულ ენაში „ზის“ და თვით საუკეთესო თარგმანში მეათედიც ვერ გადავა.

კონსტანტინე გამსახურდია მიყვარს, მაგრამ მისი ორნამენტული სტილი, რომელიც ქართველებს ძალიან გვხიბლავს, მაინც მოსაწყენი მგონია თანამედროვე დასავლელი მკითხველისათვის. მისას „მთვარის მოტაცებას“ ვთარგმნიდი.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ეს ერთდროულად მწერალიც იყო/არის და უახლოესი მეგობარიც. ვგულისხმობ ნაირა გელაშვილს.

ჩვიდმეტი წლისა ვიყავი, მისი სტუდენტი, ჩვენი მეგობრობა რომ დაიწყო და კარგა ხანს საკუთარი აზრი არც არაფერზე გამაჩნდა, მისი თვალებით ვხედავდი სამყაროს, მისი ღირებულებითი სასწორის პინაზე ვდებდი ყველაფერს. ხომ არ აკლია არანაირი აღიარება, არა?! მაინც მგონია, რომ როგორც შემოქმედი, სულ იჩრდილება თავისივე  სხვა უნარების, ნიჭების, საქმიანობების გამო, ბევრ რამეში იხარჯება ირგვლივ, თან უშურველად, ადამიანის რესურსი კი ამოუწურავი სულაც არაა.

ვიცი, ამ ინტერვიუს აუცილებლად წაიკითხავს ნაირა, ეს ოცდაათზე მეტი წლის წინანდელი ჩემი ლექსია მასზე, უყვარს და გაუხარდება, რომ ნახავს:

ნაი!

ნაირა გელაშვილს

საღამოს ფინჯან ყავაზე გეწვევი,

დიდხანს ვიყუჩებთ და

ერთერთი დაიწყებს:

– ხედავ? დაგვიზამთრდა.

– გაჭირდა ცხოვრება,

– მდაა!

როგორც კოვზიდან

კაკლის მურაბის ჩამოგორება,

ეგ შემოხედვა,

ზანტი,  კრიალა და უეცარი.

ჩემს ყელში,

სადაც ჩუმი ცრემლის სავსე ჟამია,

ააწკრიალებს ძველ მელოდიას:

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი!

ეს მელოდია ისმოდა ჩემში,

მაშინ,როდესაც

ჩახვეულები ცივ საბანში

ვიწექით ერთად,

თავფეხშექცევით

და სიზმრებს

დურად ვინაწილებდით:

მაშინაც,

როცა გაბუტული სანაპიროზე,

ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი

ქვიშის სამარეს.

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი!!! 

ყველაფერს გადავდებ,

ყველას დავივიწყებ,

ჯანდაბას ყინვა თუ თოვა!

ან ფინჯან ყავაზე,

ან ჭიქა ჩაიზე

საღამოს მე შენთან მოვალ!

1990

იგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

საერთოდ, წერის სურვილი მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყოდი. მე უფრო სხვების დაწერილის კითხვა მირჩევნია. ლექსებისაც კი. ხშირად მიფიქრია, რატომ არის ჩემი ცხოვრება ასე უცნაურად მოწყობილი. ყველაზე ძალიან წერა მიჭირს… კარგი, ე. წ. „რბილი ენის“( the soft language) წესებს შევეშვები და პირდაპირ ვიტყვი, – მეჯავრება და მაინცადამაინც წერა მიწევს. ისე, კაცმა რომ თქვას, ახლა მაინც ვინ რას მაძალებს, რატომ ვწერ… ჩანს, რაღაცას ვერ ვიაზრებ სწორად. ისე, ბორხესის კითხვისას მქონდა ფიქრი, ნეტა ასე მაწერინა-მეთქი, მაგრამ არ მგონია, ამ მხრივ დიდად ორიგინალური ვიყო. ისეთი ავტორია, ყველა მკითხველს წერას მოანდომებს.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

სულ ბიბლია-ბიბლია რომ არ ვიმეორო, ასეთ სამ ქართულ წიგნს დავასახელებ. წიგნები მძიმეა სამგზავროდ, ამიტომ ჩემი აქაური ქართული ბიბლიოთეკა – მწირია.  ამერიკაში საბოლოდ გამომგზავრებამდე აუცილებლად ჩავთვალე წამომეღო „განმარტებითები“, სულხან-საბა, დოჩანაშვილი და ლეონიძის „ნატვრის ხე“.  ქართულს, რომელსაც ცუდად სულაც არ ვფლობდი ადრე, თანდათან რომ არ გავუუცხოვდე, „ნატვრის ხეს“ დაგემოვნებით, ხშირად ვკითხულობ, თითქმის ზეპირად ვიცი. რა ლექსიკაა, რა ფრაზეოლოგია, რა ხასიათები, რა სიბრძნე, რა კომპოზიციური შინაგანი ბმები ამბებს შორის!

შედევრია ეს წიგნი, ჩემი ფიქრით. არ ვიცი, რამდენი ადამიანი ფიქრობს მანდ ჩემსავით. გამიხარდება, თუ ჩემი აღტაცება მთლად ქართული ძირების მონატრების ბრალი არაა.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

 არავითარ შემთხვევაში აღარ დავუბრუნდები დოსტოევსკის, სადღა მაქვს მაგისი ნერვი! ის ანეკდოტი გახსოვთ, მიხო „კაკლიძირში“ წამოწოლილი,  წიგნს რომ ჩასჩერებია:

 –  „მიხო, შენა კიდე ო ‘ჰენრისა ჰკითხულობ?

–  არა ბიჭო და, კაფკაი დავაგლეჯინებ ნერვებსა“.

მე ცხოვრებაში იმდენი სისულელე მაქვს ნაკითხი, ვფიქრობ, სიბერეში მაინც, მოპოვებული მაქვს უფლება, მხოლოდ ის ვიკითხო, რაც მესიამოვნება. კათარსისის განცდა და ეგეთი ამბები, მწარეფინალიანი წიგნების წაკითხვამ რომ უნდა გამოიწვიოს ჩემში, როგორც მკითხველში, – აღარ მინდა!

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

აი, აქ კი ორი ბიბლია რომ არ ვახსენო, არ შეიძლება.

ერთი ქართულია, ანუ ვეფხისტყაოსანი, რომელიც ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირია   და დღემდე ვერ გავუგე თავი და ბოლო.

მეორე საყოველთაო ბიბლიაა, ანუ „წმინდა წერილი“.  ყოველდღე, ხმამაღლა ვკითხულობ სპეციალური წლიური გეგმის მიხედვით. რამდენჯერ მაქვს წაკითხული ინგლისურად, თავიდან ბოლომდე? ასე, თოთხმეტჯერ, თან  სხვადასხვა თარგმანი, უამრავია. ქართულისა და რუსულის წაკითხვის „რამდენობა“ ითვლება?

სულ მეჩვენება, რომ რაღაც ახალია, განსხვავებულია ამა თუ იმ თარგმანში ჩამატებული. თუ იქ იყო აქამდე, როგორ ვერ შევნიშნავდი-მეთქი, შევამოწმებ და იგივეა!

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ეგეთი – ერთი პერსონაჟი ნამდვილად არა მყავს, არც მყოლია, კარგი კი იქნებოდა,  მით უმეტეს ადრეულ ასაკში. პიროვნულ თვითპროექტირებას, თვითაგებას გამიადვილებდა. ისე კი, როცა რამეს ვკითხულობ, რაღაცნაირად თვითიდენტიფიცირებას ვახდენ ლამის ყველა პერსონაჟთან, თუნდაც ოქროს ვირი იყოს ან პერსონაჟები ერთმანეთთან კონფლიქტშიც იყვნენ. მნიშვნელობა არა აქვს, როგორია პერსონაჟი, კეთილი თუ ბოროტი, მოკეთილ-მობოროტო თუ რა. ყველა მე ვარ, ქამელეონი! ამიტომ ვფიქრობ, რომ  ჩემისთანა მკითხველმა, მაგალითად,   მარკიზ დე სადი არ უნდა იკითხოს. არც ოკულტისტური ლიტერატურა. „თხა და გიგო“ – შეიძლება!

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

ეგეთი ალბათ სკოლის  – ქართულის გარჩევის წიგნი შემიძლია გავიხსენო. სხვაფრივ, გულგრილობა უფრო დაერქმეოდა დამოკიდებულებას, რომელიც მიყალიბდება ხოლმე რომელიმე წიგნის მიმართ.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ყველა წიგნს დავასრულებ, რასაც ახლა ვკითხულობ, სავარაუდოდ – 27 სექტემბრამდე. რატომ მაინცადამაინც მაგ თარიღამდე, საიდუმლო იყოს! დაუმთავრებელი წიგნი კი ბევრი მაქვს. მაგალითად, ვერაფრით ვაიძულე თავი, ბოლომდე წამეკითხა… მოდით, უცხოელი ავტორი იყოს, შინაურებს გავუფრთხილდეთ… ტოლკინი. არადა, აქ ლამის ბავშვობაში აქვს წაკითხული ყველას. „ჰობიტს“ – საჩემოდ არა უშავს, როლშიც ვყოფილვარ სამოყვარულო სცენაზე და ამ „ბეჭდების მბრძანებელმა“ მომკლა, აღარ დამთავრდა და აღარ, თან რამოდენაა!

კიდევ გამტანჯა „ულისემ“. ქართულად ვკითხულობდი და გადმოცემით ვიცი, რომ საუკეთესო თარგმანია. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ვაიძულე თავი და ჩავაღწიე ბოლომდე. ინგლისურად – მე ამისი წამკითხავი არა ვარ! ჯოისის სხვა, მოკლე-მოკლე რაღაცები – რუსულად რაც მაქვს ნაკითხი – ინგლისურადაც – კი ბატონო! ახლა მგონი ქართულადაც იქნება, მაგრამ დაზუსტებას რა აზრი აქვს, მე ხომ ხელი მაინც არ მიმიწვდება მხედველობის გამო.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

რა გამახსენდა ამ კითხვაზე! ერთი ჩემი მეგობარი, ქართული სტანდარტებით ძალზე ერუდირებული, ერთ ქვეყანაში წავიდა ამ ათი წლის წინ ბედის საძებნელად. ერთ ოჯახშია სტუმრად. ლიტერატურაზე საუბარი ჩამოვარდა თუ არა, არავის არაფერში ჩამორჩა. უყურებს გახარებული მასპინძელი და ეუბნება, მივხვდი, რა გზას უნდა დავადგეთ შენთან დაკავშირებით, წიგნების შესახებ იმდენი ინფორმაცია გქონია,   წიგნის მაღაზიაში კონსულტანტად – კარგი იქნებიო.

რაკი აქაურებისაგან განსხვავებით, მე ბესტსელერებზე არ ვგიჟდები, წიგნის ყიდვა აქ ჩემთვის ძალიან ხელმისაწვდომია. დაწყებული ანტიკური მწერლებიდან,  ფილოსოფოსებიდან და ისტორიკოსებიდან – შედარებით ბოლოდროინდელამდე –  კლასიკადქცეულ ევრო-ამერიკულ ლიტერატურამდე, ამას დაუმატეთ აღმოსავლურიდან თარგმანები. საშუალო ფასი ასე, ხუთი დოლარია. თავიდან ვყიდულობდი და ვყიდულობდი, აი, მშიერი რომ სუფრაზე მოხვდება და ყველაფერს რომ პირში იყრის უაზროდ, ისე, მერე ძალიან რომ გავივსე, მისაყვედურეს ჩემებმა, რა ამბავიაო და ერთ დღესაც გავცალე თაროები. არ უყვართ აქ ბევრი წიგნი შინ, მით უფრო ახალგაზრდა თაობას. მეცნიერთა ოჯახებია, საკუთარი დარგის წიგნებსაც ვერ უპოვით შინ.

საქმესთან ახლო!

ჯერ ხომ ამდენი ვილაპარაკე, მე ბესტსელერებს არ ვყიდულობ-მეთქი და ახლა  დასახელება რომ მომინდა, დავხედე და ზედ ბესტსელერიო აწერია, ეტყობა, ჩამოფასებული ჰქონდათ, შვიდ დოლარად მიყიდია – ტამერა ალექსანდერის „შობა კარნტონში“ (Tamera Alexander ‘’Chistmas at Carnton). მგონი, ესაა ბოლო.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

განა არ ვიცი, რომ ეს – შესაძლებელია, დაჯდე, დაიდო რაიმე ერთი, ერთადერთი წიგნი, წაიკითხო თავიდან ბოლომდე, ადამიანურად და ვიდრე ამ წიგნით ხარ დაკავებული, სხვას არაფერს ახლო ხელი. მე ბევრჯერ ვცადე ცხოვრებაში და არ გამომდის. იმდენ წიგნს ვკითხულობ ხოლმე ერთდროულად (თან დაწოლილს მიყვარს კითხვა, დაჩვეული ვარ, ჩვენი, ქართული, ცივი და გაუთბობელი ზამთრის გადამკიდე), რომ წიგნების სიმრავლეში ჩემი ადგილი აღარ რჩება ხოლმე. როდის რას ვამთავრებ, ვინ უწყის… თუმცა, როგორ არა, მაქვს რამდენიმე დროითი ნიშნული, როცა საჭიროა, თაროები დალაგდეს სტუმრობის დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით, დაბადების დღეა, ახალი წელი ან რამე ასეთი.

ახლა რომ ჩამოვთვალო ისინი, რეებსაც საძინებელში ვკითხულობ, ალბათ, მოსაწყენი იქნება. სამზარეულოს მაგიდაზე რასაც ამწუთას ვხედავ, იმას ვიტყვი…  ეჰ, როგორ მინდოდა, კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა მკითხველზე და სულ ლექსმცოდნეობის რაღაცები და იუმორისტული წიგნები მდებია, ასევე სახალისო ფსიქოლოგიური გამოცემები და ამ ტიპის მსუბუქი საკითხავი, ეს რატომ მიდევს თანატოპოესისის შესახებ დარდიანი წიგნი, ჯინ რაიტის „ბოლო გზა“, აზრზე არა ვარ. ალბათ, ვინმემ ნათხოვარი დამიბრუნა, აქ  დადო, დარჩა და დარჩა.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ალბათ მოსალოდნელია, რომ აქ რაიმეს, მაგალითად, მხატვრულ პროზას დავასახელებ. ამ დროს კი ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება ბევრი სახელმძღვანელო ითარგმნოს.  გამოტეხვით ვიტყვი, არა ვარ პროზის დიდი მოყვარული, მით უმეტეს,  თანამედროვისა. ჩემი სფეროს – ლექსის გარდა, სადაც სულ სიახლეს ვეძებ, სხვა ყველაფერი – კლასიკური მირჩევნია. ამ მხრივ, ჩემზეა ზედგამოჭრილი სხვადასხვა მოდიფიკაციით ნათქვამი მოარული აზრი – ხანდაზმული ორთოდოქსი კონსერვატორები –  ეს ის ადამიანები არიან, ახალგაზრდობაში მეამბოხენი  რომ იყვნენო.

საქმესთან ახლო!

ლექსმცოდნეობის, თხზვის შესახებ ერთმანეთზე უკეთესი სახელმძღვანელოებია ნებისმიერი ასაკისა და დონის მკითხველისათვის აქაც და ევროპაშიც…

არ არის საკვირველი?! – საქართველოში, რომელსაც ფიგურატიულად, რახანია,  მგოსანთა მხარეს უწოდებენ, ტერმინოლოგიურადაც კი არა ვართ ამ მხრივ წელში გამართულები. დღემდე მეცხრამეტე საუკუნის გერმანული ლექსმცოდნეობის რუსულად გადაღებისა და მერე იქიდან გადმოქართულებული ტერმინოლოგიის ტრიალია, ამას ზედ ბოლო წლებში შემოსული ინგლისურენოვანი ტერმინოლოგია  მექანიკურად შეერია და ერთი დიდი გაუგებრობაა. ახლა ნათქვამი ისე გამომივიდა, თითქოს პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ობიექტურობის გრძნობა დამეკარგოს და  რუსულ სკოლას ამ მხრივ რამეს ვუწუნებდე. გამოკვეთით ვიტყვი,  ლექსმცოდნეობის რუსული სკოლა – დღემდე უძლიერესია. ისე კი, არ არის ეს ადვილი სფერო. კაკო გაწერელიას უყვარდა გამეორება, „ლექსმცოდნეობაში მუშაობა – ეს დიდი ფუფუნებააო!“

უფრო ახალგაზრდობაში მიფიქრია, მე ხომ არ მოვკიდო ხელი ლექსმცოდნეობითი ლიტერატურის ინგლისურიდან თარგმნის საქმეს-მეთქი, მაგრამ დამზარებია. ახლა დროდადრო კი ვთარგმნი რაღაცებს აქა-იქიდან და ქართულ მასალას ვუსადაგებ, რაც არ იძებნება, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ, საილუსტრაციოდაც თვითონვე ვთხზავ ხოლმე ქართულ ნიმუშებს. ეს ისეთი რამეა, ხან გამოგივა კარგი, ხან – არა.  ბევრ რამეს გააჩნია.

ამ ყველაფერს, ძირითადად, ინტერნეტში ვდებ, იმ იმედით, რომ ვინმე დაინტერესებულს შეხვდება და გამოადგება. ჯერ ერთი, არ მგონია, დღესდღეობით ქართული წიგნის მარკეტს ამისთვის ნიშა ჰქონდეს და ბეჭდურ წიგნად გამოცემის ინიციატორი რომც გამოჩნდეს, მე ამ გაბნეული მასალების მომძებნი აღარა ვარ, არანაირი დაინტერესების ფასად. ეს ზოგადი წუწუნი მოვილიეთ, ახლა – კონკრეტულად! განსაკუთრებით საჭირო მგონია ამ წიგნის თარგმნა, რომელზეც ამწუთას ხელი მიდევს, რომ იტყვიან, სამაგიდოა, გვერდიდან არ ვიცილებ… ინგლისურად დავწერ სათაურს  – Poet’s companion: a quide to the pleasures of writing poetry by kim Addornizio and Dorianne Laux. უადვილესი ენითაა ახსნილი ყველაფერი.
ამ ინტერვიუს ფოტოები ალბათ ვერ დაერთვის და ცალკე გადმოგიგდებთ ფოტოს, რა ვიცი, იქნებ მე ვცდები და მეტისმეტს ვიღებ თავზე. ამ დროს კი მანდ ვინმე თარგმანით დაინტერესდეს. ოღონდ ერთი არცთუ კარგი განცდა გრჩება ამ ტიპის წიგნების კითხვისას: მწირად გეჩვენება თემატურად და გამომსახველობითი თვალსაზრისით, განწყობილებებით და ა. შ. თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე ქართული პოეზია. თითქოს დაკარგულ ან უგრძნობ სატრფოსა და უიღბლოდ ჩავლილ სიყვარულზე მეტი არაფერი ხდება პოეტურ სამყაროში. ბესიკ ხარანაული ამ მხრივ გამონაკლისია, მაგრამ, როგორც იტყვიან, გამონაკლისის არსებობა წესს ადასტურებს.

აქ ცოტათი დავაზუსტებ, სიყვარული პოეზიაში ძალიან მნიშვნელოვანი რამაა,  ზოგადად აქსისია, ღერძია, მაგრამ მაინც არ მგონია სწორი, ყოფილ ან უიღბლო სიყვარულზე საჯარო კრუსუნმა სხვა ყველაფერი უნდა გადაფაროს.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

თუ უცხო ენაზე კითხულობს, ბიბლიას ვურჩევდი, მე რასაც ვიცნობ ქართულ თარგმანებს, მეეჭვება, მათზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. მე ხომ ყველაფერს არ ვიცნობ და არც მომეთხოვება. ამიტომ თუ ვცდები, მეპატიოს.

ხომ შეიძლება, ქართულებიდან ისეთი რამე ვურჩიო, მე თვითონ რომ მეოცნებება წაკითხვა? ძალიან აქებენ ზაირა არსენიშვილს. გული მწყდება, რომ თავის დროზე გადაჭარბებად მომეჩვენა ბატონი ემზარ კვიტაიშვილის აღფრთოვანება და არ დავინტერესდი მისი რეკომენდაციით. ხომ ბეჭდურად მექნებოდა წაკითხული. მეტყვით ალბათ, ინტერნეტის ეპოქაში, ელექტრონული წიგნების ამ ბუმში, როგორ ვერ მოძებნე, იქნება სადმეო და აქ ჩემი კერძო პრობლემაა. ეკრანზე მცირე პროზა შემიძლია ვიკითხო მხოლოდ.

ზოგადად კი, კლასიკის და  სხვადასხვა ხასიათის საცნობარო ლიტერატურის კითხვას ვურჩევდი, ასევე დოკუმენტურ პროზასა და გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებებს, – ანუ რისი დიდი ტრფიალიც თავად ვარ.

და, რაც მთავარია, გალაკტიონის „არტისტული ყვავილებს“ – თუნდაც  ათასმეერთედ!

© არილი

Facebook Comments Box