ახალი ამბები,  ხსოვნა

მილან კუნდერა გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მწერალი მილან კუნდერა 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წარმოშობით ჩეხმა მწერალმა სამშობლო დიდი ხნის წინ დატოვა, 1975 წელს საფრანგეთში დასახლდა, 1981 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეც გახდა, თუმცა, როგორც ერთხელ ინტერვიუში თქვა, წასვლისას თავისი პრაღა თან წაიღო, მისი სურნელით, გემოთი, ენით, პეიზაჟებითა და კულტურით.

მისი დებიუტი შედგა 1953 წელს, როცა პოეტური კრებული გამოაქვეყნა. პირველი რომანი – „ხუმრობა“ – კი 1967 წელს დაწერა. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი, ყოფის აუტანელი სიმსუბუქე 1984 წელს გამოიცა, მსოფლიო ბესტსელერი გახდა და კუნდერა ვარსკვლავად აქცია. მალევე გადაიღეს მისი კინოადაპტაცია, რომელიც წიგნზე არანაკლებ წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა. 1990 წელს გამოქვეყნებული „უკვდავებაც“ იქცა არაერთი მკითხველისთვის საყვარელ წიგნად, თუმცა კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევდა, რომ კუნდერას ბოლო რომანები მეტისმეტად ფილოსოფიური და ესეისტური იყო.

კუნდერას განსაკუთრებით მოსწონდა ნიცშე, კაფკა, რობერტ მუზილი, ჰერმან ბროხი… როგორც ბროხი, ისიც ამბობდა, რომ მისი მიზანი იმის აღმოჩენა იყო, რისი აღმოჩენაც მხოლოდ რომანს შეუძლია, მათ შორის იმის, რასაც იგი დაურწმუნებლობის, დაეჭვების ჭეშმარიტებას ეძახდა.

რას გულისხმობდა ამ ჭეშმარიტებაში, ამის გაგებაში მისი ინტერვიუ გვეხმარება (მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუებს და ამბობდა, რომ მწერალს თავისი ტექსტებით უნდა ელაპარაკა) –  ფილიპ როთთან საუბრისას კუნდერამ თქვა: „რომანი მოკვდება სამყაროში, რომელიც ეჭვშეუტანელ ჭეშმარიტებებზეა აგებული. ტოტალიტარული სამყარო, შექმნილი მარქსის, ისლამის თუ სხვა რამის მიხედვით, პასუხების სამყარო უფროა, ვიდრე შეკითხვების. იქ რომანის ადგილი არაა. ასე მგონია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ადამიანებს გაგებას განსჯა ურჩევნიათ, შეკითხვის დასმას – პასუხის გაცემა, ამიტომაც ძლივს თუ გაიგონებ ადამიანების სულელური თავდაჯერების ხმაურში რომანის ხმას“.

ქართულად გამოცემულია მილან კუნდერას რომანები: „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, „უკვდავება“, “უმნიშვნელობის ზეიმი”, „შეუცნობელი“, „გამოსათხოვარი ვალსი“.

© არილი

Facebook Comments Box