HBR-ის ინტერვიუ
როგორ ხვდებით, რომ ახალი წიგნის დასაწყებად მზად ხართ?
რუშდი: ჩვეულებრივ, იდეას ვერ ვიგდებ ხოლმე გონებიდან. ზოგჯერ გყავს ადამიანი, ვისზეც გინდა წერა, ზოგჯერ კი რაღაც ამბავია, რომლის კვლევასაც აპირებ. ჯოზეფ ჰელერმა თქვა, რომ მისი ყველა რომანი იწყება წინადადებით – ერთი წინადადება თუ მოაფიქრდება, უკვე იცის, რომ მას კიდევ ბევრი მოჰყვება… თუ იდეა არ მტოვებს, ისევ საინტერესოდ მეჩვენება, გაღვიძებისთანავე თავს მახსენებს – ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყურადღების მიქცევაა საჭირო. და ხანდახან ამას წლები სჭირდება. ვიდრე ფლორენციელ ჯადოქარს დავწერდი, ათწლეულები ვფიქრობდი იმპერატორსა და ნიკოლო მაკიაველიზე. ვფიქრობდი, აუცილებლად დავწერ მათზე ოდესმე-მეთქი, მაგრამ არასოდეს წარმომედგინა, რომ ორივენი ერთ რომანში აღმოჩნდებოდნენ. თუმცა რაღაც ეტაპზე ერთმანეთთან ლაპარაკი დაიწყეს და მივხვდი, რომ ეს წიგნი იყო.
როგორ მუშაობთ? და თუ შეიცვალეთ ამ მხრივ წლების მანძილზე?
ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ისე მოიქეცი, თითქოს ცხრიდან ხუთამდე სამსახურია-მეთქი. უბრალოდ, ასე უნდა ქნა. მნიშვნელობა არ აქვს, დღეს კარგად გრძნობ თუ არა თავს. არ მგონია, რომ მწერლებს ან მხატვრებს ჰქონდეთ „შემოქმედებითი ტემპერამენტის“ ქონის ფუფუნება ან დრო – შთაგონებისთვის მოსაცდელად. უბრალოდ, უნდა დაჯდე და თავს აიძულო. წლების განმავლობაში დისციპლინა ნამდვილად განმივითარდა. შემიძლია, დავჯდე მაგიდასთან ყოველდღე და ჩემი საქმე ვაკეთო, არასოდეს ვაძლევ ჩემს თავს სხვაგვარად მოქცევის ნებას. როცა შენი გონება მიხვდება, რომ სხვა გზა არა აქვს, შესანიშნავია ის, თუ როგორ დაიწყებს დამორჩილებას. შესაძლოა, უცნაური ვარ მწერალთა შორის, რადგან განმარტოებით არ ვცხოვრობ. მწერლები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღრმად არიან ჩართული წერის პროცესში, დისტანცირდებიან სამყაროსგან. მე აღმოვაჩინე, რომ გარე სამყაროს საქმეებში ჩართვით ვსაზრდოობ – იმ ადამიანებთან ყოფნით, ვინც მიყვარს; იმის კეთებით, რაც მომწონს; ეს მაცოცხლებს და ენერგიას მიბრუნებს, საშუალებას მაძლევს, მომდევნო დღეს განახლებული დავუბრუნდე სამუშაოს. რაც შეიცვალა წერის დაწყების შემდეგ, ისაა, რომ ადრე ბევრად მეტს ვწერდი ყოველდღიურად, ვიდრე ახლა – ოთხ-ხუთ გვერდს. ამჟამად 400 ან 500 სიტყვას ვწერ. განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ტექსტს მეტად სჭირდებოდა გადახედვა. ახლა უფრო ცოტას ვწერ, მაგრამ საბოლოო ვერსიასთან მეტად ახლოსაა ხოლმე ჩემი ნაწერი. ასევე, სანამ წერას დავიწყებდი, სტრუქტურის კარგად გაცნობიერება მჭირდებოდა. ასაკის მატებასთან ერთად – ალბათ ადამიანი უფრო მამაცი ხდება ამ დროს – ვხვდები, რომ უკვე ყველაფრის დაგეგმვის გარეშე დაწყებას ვამჯობინებ. ხშირად ამბავი, რომელიც დავასრულე, სულაც არ ჰგავს იმ ამბავს, რომლის დაწერაც მქონდა ჩაფიქრებული. წერა აღმოჩენის პროცესი ხდება.
თქვენი უნარი, უკეთ წეროთ პირველივე ჯერზე, ვარჯიშის დამსახურებაა თუ დისციპლინის?
ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, რაც ვარჯიშთან ერთად უმჯობესდება. მაგრამ არის კიდევ რაღაც: არის წერტილი, როცა იწყებ იმის მიხვედრას, ვინ ხარ და რა მიმართულებით გინდა განვითარდეს შენი შემოქმედება, რაც მეტ თავდაჯერებულობასა და სიცხადეს გძენს, ამიტომაც პირველივე ცდაზე აღწევ სიზუსტეს.
როგორ ხვდებით, რომ წიგნი დასრულდა?
დაღლილობით. ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად ვიღლები, ჩემი წარმოსახვა იღლება. ამ დროს იცი, რომ ვეღარ აუმჯობესებ ტექსტს, მხოლოდ ცვლი. კარგად უნდა გამოგდიოდეს ამ წერტილის ამოცნობა. ჰემინგუეის ცნობილი სიტყვებია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მწერალს სჭირდება, არის ძალიან კარგი, უკაცრავად ამ სიტყვებისთვის, „shit detector“. და მგონია, რომ მართალია – გჭირდება უნარი, იცოდე, როდისაა კარგი, როდის არ არის და როდისაა დასრულებული.
უკუკავშირს ითხოვთ ხოლმე?
მუშაობისას ტექსტს არ ვუზიარებ არავის, რადგან ძალიან მყიფეა. თუ სასაცილო სცენას ვწერ, გაჩვენებ და შენ არ გაგეცინება, დავსევდიანდები, თავდაჯერებას დავკარგავ. ამიტომაც, რაც შეიძლება გვიან ვაჩვენებ სხვებს, მაგრამ შემდეგ ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან მეგობრები და გამომცემლები. კარგია, თუ მოსწონთ, მაგრამ ამის აუცილებლობა არაა. მე ის მინდა, მითხრან, სადაა პრობლემები. ჩვეულებრივ, ექვს ადამიანს ვაჩვენებ ხოლმე წიგნს, როცა მზადაა – გამომცემლებსა და მეგობრებს.
ბევრ მწერალთან ხართ ახლოს. როგორ უჭერ მხარს და შთააგონებთ ერთმანეთს?
არ იქნებოდა სიმართლე, თუ გეტყოდით, რომ ვიკრიბებით და ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ. სხვა ყველაფერზე ვსაუბრობთ თითქმის. მაგრამ ინსტინქტურად გვესმის ერთმანეთის, რადგან ერთსა და იმავე რამეს ვაკეთებთ. ასევე, ისიც ღირებულია, რომ შენზე ახალგაზრდა მწერლებს იცნობდე. ტენდენციაა, შენს თაობასთან იყო ახლოს და წინა თაობები შთაგაგონებდეს (ან ეკამათებოდე მათ). ადვილია იმ თაობის დავიწყება, რომელიც შენ შემდეგ მოდის. მაგრამ ახალგაზრდა მწერლები ისე გეხმარებიან, როგორც ძველი მეგობრები. გაცოცხლებენ და ხელს გიწყობენ, დაინახო – რას ფიქრობენ და აკეთებენ ადამიანები, რომლებიც სხვა დროიდან არიან და განსხვავებულ სამყაროში გაიზარდნენ.
რა არის თქვენი საქმის ყველაზე რთული ნაწილი?
სამყაროს გაგება ძალიან რთული რამეა. ფურცელზე გააცოცხლო ადამიანები – ესეც ძალიან რთულია. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მწერლებს იმ ენასთანაც უნდა დაემყარებინათ კავშირი, რომელიც სულ იცვლება – ახალი ხმები, ახალი სტილი, ახალი მანერები – ეს მიმდინარე ბრძოლაა. მაგრამ ყველაზე ძნელი ისაა, რომ მკითხველი ვერ უნდა გრძნობდეს ამ სირთულეს. ახლა ისე ვლაპარაკობ, თითქოს ეს მხოლოდ მძიმე შრომაა. არა, სინამდვილეში ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რაც შეიძლება გავაკეთო. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ვწერ და ვგრძნობ, რომ გამომდის. ძალიან ამაღელვებელია – უფრო მეტად, ვიდრე წიგნის გამოცემა. რეალურად, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეშინია წიგნის გამოცემის.
რატომ? საჯარო ღონისძიებების გამო?
დიახ, ნაწილობრივ იმის გამო, რასაც შენგან ელიან. მაგრამ, გარდა ამისა, დაუცველობის გამოც. როცა წერ, თავს იტყუებ და ფიქრობ, რომ კერძო აქტია. ოთახში მარტო ხარ. არავინ კითხულობს. მხოლოდ შენ ხარ და ფურცელი და ცდილობ, რომ რაღაც გამოგივიდეს. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს; სამჯერ ხუთი წელი დამჭირდა წიგნის დასაწერად. ასე რომ, ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ შენია ეს რაღაც და სხვა არავისი. და მერე იწყება გამოქვეყნება და იძულებული ხარ, მიიღო, რომ უკიდურესად საჯარო აქტია. თავს შიშვლად გრძნობ, ისე, თითქოს საჯაროდ გაგაშიშვლეს. არც ის გინდა, წინასწარ წარუდგინო წიგნი ხალხს, უთხრა, რაზეა და როგორ წაიკითხონ. გინდა, რომ თავიანთი წარმოსახვა გამოიყენონ. მარკეტინგის მეთოდები ჩემს ინსტინქტებს ეწინააღმდეგება. თუ მე-18 საუკუნეს გადახედავთ (ინგლისური ლიტერატურისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს), აღმოაჩენთ -სრულიად შესაძლებელი იყო, წიგნი ისე გამხდარიყო წარმოუდგენლად პოპულარული, რომ მისი ავტორი მეტ-ნაკლებად უცნობი დარჩენილიყო. გაიხსენეთ გულივერს მოგზაურობა, რობინზონ კრუზო, ტრისტრამ შენდი. ცნობილი წიგნები იყო, მაგრამ მათ ავტორებს არაფერი გაუკეთებიათ მათი რეკლამირებისთვის.
[…]
© არილი