რეცენზია

თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან“ – ორი ტყუილი ერთ სიმართლეში

ავტორი: თაკო წულაია

თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“, გამომცემლობა ინტელექტი

„მაშინ რომ მეცვა ის ფეხსაცმელები იმავე ზაფხულს დაიხა,

მაისურმა წელი ძლივს გაძლო,

ქვედაკაბა შარშან გადავაგდე…

ამბავი კი ისეთი ახალი და ცხადია,

თითქოს ახლახანს მოხდა კი არა,

ჯერ არც მომხდარა“

თეა თოფურია

ერთხელაც ვეებერთელა გოლიათმა სამყაროს ზურგი შეაქცია და ასე დაღამდა პირველად. გოლიათი შეყვარებული იყო და დიდხანს, ნაღვლიანად იჯდა ერთ ადგილას. ვინ იცის, რამდენი დრო გავიდა, სანამ ადამიანებიდან ერთ-ერთმა ნადირობისას შემთხვევით გოლიათს არ მოარტყა შუბი. შუბმა გოლიათს ბეჭი გაუხვრიტა. გოლიათმა შუბი ამოიძრო და გახვრეტილი ბეჭიდან სამყაროში სინათლე შემოიჭრა.

ამ თქმულებით იწყება თეა თოფურიას ახალი რომანი „იაკობის ჭასთან“. წიგნში, ტექსტთან ერთად, თაკო ბაქრაძის ილუსტრაციებიც გვხვდება და ასე, სიტყვებითა და გამოსახულებებით, იქმნება მაგიურ რეალიზმში მოგზაურობის მარშრუტი. გზა მოკლეა და ოღროჩოღრო, მკითხველის თანამგზავრი კი ყოვლისმცოდნე მთხრობელია, რომელიც თავიდანვე გვაფრთხილებს, ამბავს, რომელსაც მე მოგიყვებით, არც დასასრული აქვს და არც დასაწყისი, ვინც წაიკითხავთ, თქვენს ჭკუაზე დაიწყეთ და დაამთავრეთ, მე შუას მოვყვებიო. ეს „შუა“ კი არის კოკისპირული წვიმა, რომლის ხმაც წიგნის „ფონური მუსიკაა“.

ერთი ძველი და ძალიან კარგი სერიალის ყოველი ეპიზოდი დაახლოებით ასეთი მონოლოგით იწყებოდა ხოლმე: თქვენ იმოგზაურებთ სხვა განზომილებაში. ისეთ ადგილას, რომლის საზღვრებიც წარმოსახვითია. მის კარს წარმოსახვის გასაღებით გააღებთ და გადახვალთ ჩრდილებისა და სუბსტანციების, საგნებისა და იდეების სამყაროში. ეს განზომილება ადამიანური ცოდნის მიღმაა; ისეთივე დიდია, როგორიც სივრცე და ისეთივე მარადიული, როგორიც უსასრულობა. „იაკობის ჭასთან“ ამ სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის სცენარი რომ ყოფილიყო, არ გამიკვირდებოდა, რადგან თეა თოფურიას მიერ აგებული სამყარო (რომელიც ორ სივრცედ არის დაყოფილი) სწორედ ხსენებული განზომილების კანონებს ემორჩილება. აქ რეალობა და სიმართლე ნებდება ტყუილისა და გამონაგონის წინაშე. დროთა განმავლობაში კი თავად გამონაგონი და ტყუილი იქცევა ერთადერთ რეალობად. ადგილების ასეთი გაცვლა კი თითქოს კონკრეტული პერსონაჟების ჩაურევლად, გაუგებარი კანონზომიერების მიხედვით ხდება. აქ ღმერთი და ადამიანი დებენ გარიგებას, რომლის თანახმადაც, ადამიანი-იოაბი ორ ტყუილს უცვლის ღმერთს ერთ სიმართლეში. სწორედ ეს გაცვლა მგონია ტექსტის ქვაკუთხედი.

რაც შეეხება ძირითად სიუჟეტურ ხაზს: ოდესღაც იყო პატარა ერი, რომელსაც ურდო შეესია. პატარა ერის ზოგიერთი შვილი იქვე დარჩა, დაემონა მოულოდნელად გამოჩენილ მტერს; ნაწილი გადაიხვეწა და ახალ ადგილას დასახლდა. მათი ცხოვრება, რა თქმა უნდა, განსხვავებულად წარიმართა. თან ისე, რომ დიდ ველზე დარჩენილებმა გადასახლებულებზე არაფერი იციან, ხოლო გადასახლებულებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება დიდ ველზე. მაგრამ მათ აერთიანებთ მნიშვნელოვანი რამ – გეოგრაფიული სივრცეების სხვადასხვაობის მიუხედავად, მათი სააზროვნო სივრცის საზღვრები ერთმანეთს ჰგავს, უფრო ზუსტად, ერთნაირად უსაზღვროა, რადგან პერსონაჟები არ ცნობენ განსხვავებას შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს კატეგორიები მათთვის უქმდება კიდეც და რჩება მხოლოდ მაგია, აზრისა და ფიქრის ყოვლისშემძლეობა, რომლითაც გაჟღენთილია ყოფითი ამბები.

როგორც მთხრობელი გვეუბნება, „ტყუილ-მართალს ამ ნათქვამში მაშინაც კი ვერ არჩევდნენ, თუ ეს ტყუილი მათივე მოგონილი იყო“. რაც იმით აიხსნება, რომ „იაკობის ჭასთან“ ისეთი სამყაროს შესახებ დაწერილი წიგნია, რომელშიც ამბებს აქვთ შეუზღუდავი ძალაუფლება ადამიანებზე. აქ ადამიანები კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ამბები და ერთმანეთიც ამბებს უყვარდებათ და არა ადამიანებს. ასე ხვდებიან ერთმანეთს, მაგალითად, თამარისა და იოაბის ამბები. ამიტომაც ათი წლის წინ დაქორწინებული წყვილი, რომელიც ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, უფრო რეალურია, ვიდრე აკლდამაში გარდაცვლილი ქალი და ბოძზე მიბმული კაცი. რადგან ისინი, მოკვდავები, დროის დინებას ემორჩილებიან, კონკრეტულ ადგილებსა და სინამდვილეებზე არიან მიჯაჭვულნი, ხოლო ამბები არ ცნობენ დროით თუ სივრცით საზღვრებს და განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით (შეიძლება ითქვას, უკვდავებასთან მიახლოებულით) გამოირჩევიან.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ რომანში აღწერილი ადგილები მეტისმეტად ჰერმეტულია. კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მხოლოდ ძაღლისხევი და დიდი ველი არსებობს და მათ მიღმა ყველაფერი გაუჩინარებულია. ამიტომაც, მხოლოდ საკუთარი თავის ამარა დარჩენილებმა, თავად უნდა გამოიგონ იმ კითხვების პასუხები, რომლებთანაც მარტო, დამოუკიდებლად უწევთ გამკლავება. მათ სჭირდებათ საკუთარი მითოსი, საკუთარი ისტორია და რელიგია, რათა დანარჩენი სამყაროს არარსებობით გამოწვეული დანაკლისი შეავსონ. მე მგონია, ამ ამოცანას მშვენივრად ართმევენ თავს – იმდენად ივსება მათი პატარა სოფლები ერთმანეთით და ერთმანეთის თავს გადამხდარი ამბებით, რომ სხვების ადგილი აღარ რჩება.

მიუხედავად მთხრობლის გაფრთხილებისა, რომ შუას მოჰყვებოდა და ამბავი თავად უნდა დამეწყო-დამემთავრებინა, დასასრულს მაინც ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ავტორმა წერა მოულოდნელად შეწყვიტა და თხრობის დასასრულებლად ყველაზე იოლ ხერხს მიმართა. რატომ გამოჩნდა, საერთოდ, ურდო? რისთვის მოჰყვა მთხრობელმა ეს ყველაფერი, ნუთუ მხოლოდ იმისთვის, უკანასკნელ აბზაცში გაკვრით რომ ეხსენებინა/შეეჯამებინა? ტექსტიდან გამომდინარე, საფლავიდან მკვდრების წამოდგომა უფრო დამაჯერებლად მეჩვენება, ვიდრე ურდოს წასვლა და ორი წლის შემდეგ ძაღლისხეველების დიდ ველზე მშვიდად დაბრუნება.

მაგრამ დასასრული, რომელიც მივიღეთ, ასეთია და ვერ შევცვლით. ურდო ისე უეცრად უჩინარდება, როგორც გამოჩნდა. ფურისულები ზამთარშიც ყვავილობენ. ჭიდან სიცილი ისმის.

© არილი

Facebook Comments Box