ინტერვიუ

ჰანს ციმერი – პრუსტის კითხვარი

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

ჩემს სტუდიაში დაკვრა, ახალი იდეების პოტენციალის აღმოჩენა.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

მეცნიერების უარმყოფელი ბრბოს მიერ დანგრეული სამყარო.

რომელ ცოცხალ ადამიანს აღმერთებთ?

სერ დევიდ ატენბოროს, ჯონ პრენდერგასტს.

საკუთარ თავში რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ჩემს თავში დაეჭვება.

სხვა ადამიანებში რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

რწმენის ფაქტებზე მაღლა დაყენება.

თქვენი საყვარელი მოგზაურობა რომელია?

მოგზაურობა მუსიკაში, პირველი ნოტიდან უკანასკნელამდე.

რა შემთხვევაში იტყუებით?

თუ ტყუილი ჩემი იდეების კვლევისთვის დროს მომაგებინებს.

თქვენს გარეგნობაში რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

ის, რადაც ბევრმა გემრიელმა საჭმელმა გადამაქცია.

რომელი ცოცხალი ადამიანი გეზიზღებათ ყველაზე მეტად?

დღევანდელ პოლიტიკურ სამყაროში მეტისმეტად დიდი არჩევანია.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

საკმარისად რომ არ მყვარებია.

ვინ ან რა არის თქვენი უდიდესი სიყვარული?

მუსიკა

სად და როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

დაკვრისას და შეყვარებული.

რისი ნიჭი გსურთ რომ გქონდეთ?

საკუთარი თავის დარწმუნების ნიჭი, რომ ყველაფერი ძალიან მარტივი იქნება.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს თავში, რას შეცვლიდით?

ცოტა მეტი თავდაჯერება არ მაწყენდა.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ოჯახში, რას შეცვლიდით?

იმ შეხედულებას, რომ თერმობირთვული ომის ხსენება სოციალურად მისაღები გზაა სასადილო მაგიდასთან საუბრის წამოსაწყებად.

რა არის თქვენი უდიდესი მიღწევა?

ოჯახური შეკრებების კამათის გარეშე გატარება.

სიკვდილის შემდეგ რომელიმე ადამიანად ან საგნად რომ დაბრუნებულიყავით უკან, რა იქნებოდა ის საგანი/ადამიანი?

არ მენდომებოდა დაბრუნება. ერთხელ დაბადება სრულიად საკმარისია ჩემთვისაც და ყველასთვისაც!

და არჩევა რომ შეგეძლოთ, რად დაბრუნდებოდით?

ხახვს ავირჩევდი. ხახვი ადამიანს გულწრფელად, არასენტიმენტალურად ატირებს.

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

იაფფასიანი საათი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა.

რა მიგაჩნიათ უბედურების უკიდურეს ფსკერად?

შთაგონების ნაკლებობა.

სად იცხოვრებდით?

საყვარელი ადამიანის გულში.

თქვენი საყვარელი საქმიანობა?

შემოქმედებითი ქაოსის შექმნა.

რა არის თქვენი ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი?

ყველაფერში დაეჭვება. ყოველთვის.

რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

როცა მათ დაცინვაშიც კი სიბრძნე და ერთგულება იგრძნობა.

თქვენი საყვარელი მწერლები ვინ არიან?

ბევრნი არიან. ახლა ბობ დილანი, ჯონ ლე კარე, ჯონ ლოუტონი, შტეფან ცვაიგი, გოეთე, ერიხ კესტნერი — თუმცა მისი თარგმნა ინგლისურად შეუძლებელია.

მაგრამ თუ დიადი ამბავი გინდათ, გაიხედეთ სიტყვებს მიღმა: ბახი, ბეთჰოვენი, შილე, გერჰარდ რიხტერი, ფრენკ გერი, სტივენ ჰოკინგი.

ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

ნელი, მტკივნეული სიკვდილი… და აპათია.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

სცენაზე, აპლოდისმენტებისა და სიცილის ფონზე.

რა არის თქვენი დევიზი?

„ყოველთვის უნაკლოდ მიჰყევი გეგმა ბეს.“

© არილი

Facebook Comments Box