პორტრეტი

საიდან დავიწყოთ – იენ მაკიუენი

წაიკითხეთ სტატია იენ მაკიუენის წიგნების შესახებ, რომლებიც ავტორის გაცნობაში დაგეხმარებათ:

ცემენტის ბაღი

ცემენტის ბაღი იენ მაკიუენის პირველი რომანია, რომელიც 1978 წელს გამოიცა.

„მამაჩემი მე არ მომიკლავს, მაგრამ ზოგჯერ მიფიქრია, იქნებ ხელი მეც შევუწყვე-მეთქი“ – რას უნდა ველოდოთ რომანისგან, რომელიც ასე იწყება?

„გვიანი 70-იანები წლები იყო. ყველა შეიპყრო განცდამ, რომ დასასრულთან ახლოს ვიყავით, რომ ყველაფერი ინგრეოდა. ლონდონი ჭუჭყიანი იყო და ძლივსღა ფუნქციონირებდა. ტელეფონები კარგად არ მუშაობდა, მაგრამ ამაზე არავინ წუწუნებდა.“ – ასე აღწერა მაკიუენმა გარემო, რომელმაც ცემენტის ბაღის დაწერისკენ უბიძგა.

როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ცემენტის ბაღმა „ბნელი სივრცეები“ გააშუქა, თუმცა თავად ავტორმა, ამ შეფასების საპასუხოდ, აღნიშნა, რომ არ ესმის, რას ნიშნავს „ბნელი“ და რაც დაწერა, მხიარულ ამბადაც კი ეჩვენება.

რაც შეეხება რომანის სიუჟეტს: მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბავშვები მარტო რჩებიან და ცდილობენ, ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძონ. მთხრობელი ჯეკია (თხრობის დასაწყისში 14 წლის) – იგი გულწრფელად აწერს ყველაფერს, მათ შორის, იმ „ბავშვურ თამაშებს“, რომლებიც არღვევს დაშვებულისა და დაუშვებლის საზღვრებს. ეს საზღვრები კი საბოლოოდ მაშინ უქმდება, როცა ჯეკი და მისი უფროსი და „დედისა“ და „მამის“ როლების მორგებას გადაწყვეტენ… ასე გადაიქცევა ზრდასრულების როლის თამაში შემზარავ ამბად.

მონანიება

მონანიება სამი ადამიანის საბედისწერო, ტრაგიკული კავშირის შესახებაა. ბრაიონი, სესილია და რობი რომანის მთავარი გმირები არიან. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რომანს კიდევ ერთი პროტაგონისტი ჰყავს – ესაა ბრაიონის შეცდომა, რომელიც დამანგრევლად ზემოქმედებს მათ ცხოვრებაზე და სამუდამოდ ცვლის თითოეული მათგანის მომავალს. სწორედ ესაა რომანში გარდამტეხი მომენტი: ბრაიონი უდანაშაულო ადამიანს სდებს ბრალს და ამით ბედნიერებას ართმევს არა მარტო მას, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამ შეცდომის გაცნობიერების შემდეგ ბრაიონს სინანულის აუტანელ განცდასთან უწევს თანაცხოვრება.

მონანიებას ხშირად ასახელებენ ხოლმე იენ მაკიუენის საუკეთესო რომანად და აღნიშნავენ, რომ ამ წიგნით ახალი ერა დაიწყო მის შემოქმედებაში. წიგნმა რეჟისორის, ჯო რაიტის ყურადღებაც მიიპყრო: „მონანიების“ ეკრანიზაცია 2007 წელს გამოჩნდა კინოეკრანებზე.

ფილმის დასაწყისში მკაფიოდ ისმის საბეჭდ მანქანაზე კაკუნის ხმა, ისე, თითქოს პერსონაჟის გულისცემას ვუსმენდეთ და ეს ის ხმაა, რომელიც რომანის კითხვისასაც ჩაგვესმის: ბრაიონი ბავშვობიდან წერს და მისი ფანტაზია, რომელიც, ერთი მხრივ, წყვილის ბედნიერებას ანგრევს, მეორე მხრივ, უბრუნებს კიდეც მათ ამ ბედნიერებას. მაგრამ რისი შეცვლა შეუძლია მონანიებას?

მკითხველი დიდხანს ვერ დაივიწყებს სესილია ტალისისა და რობი ტერნერის სიყვარულის ამბავს. ისევე, როგორც ვერ დაივიწყებს პატარა გოგონას, რომელიც ფანჯარასთან დგას და ხედავს სცენას, რომლის მნიშვნელობის გასაგებად წლები დასჭირდება.

ქვიან სანაპიროზე

„ქვიან სანაპიროზე“ პატარა რომანია, რომელიც ახლად დაქორწინებული ედუარდისა და ფლორენსის შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება XX საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში ვითარდება, დორსეტში, სადაც ისინი თაფლობის თვის გასატარებლად ჩადიან.

„ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო – განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე ხმას რომ ვერ ამოიღებდი“ – ასე იწყება „ქვიან სანაპიროზე“ და, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, სანამ მკითხველი არ აღმოაჩენს პრობლემებს, რომლებიც წყვილის უნაკლო ურთიერთობის მიღმა იმალება. მალე მათი ქორწინების ღამე მტანჯველ გამოცდილებად იქცევა, ხოლო იდეალური ურთიერთობა არც ისეთი იდეალური აღმოჩნდება, როგორიც მანამდე ჩანდა.

2017 წელს ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარი როლი სირშა რონანმა შეასრულა. სწორედ იმ მსახიობმა, რომელიც „მონანიებაში“ ბრაიონის როლს ასრულებს.

შაბათი

შაბათი 2005 წელსაა გამოცემული. მოქმედების ადგილი ლონდონია, დრო – 15 თებერვალი, 2003 წელი. მთავარი გმირი კი 48 წლის ნეიროქირურგი ჰენრია. ჰენრი წარმატებული ადამიანია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ აღმოუჩენია ცხოვრების აზრი. მისი ფიქციური ცხოვრების მაგალითიდან გამომდინარე, ავტორი გვიჩვენებს თანამედროვე ადამიანის ადგილსა და როლს სამყაროში. რაციონალურად მოაზროვნე პროტაგონისტი სამედიცინო ტერმინოლოგიით ცდილობს ყოფითი ამბების ახსნას და აწუხებს, რომ ასეთი მცირე და უმნიშვნელოა ადამიანის გავლენა ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე.

აღსანიშნავია, რომ წიგნზე მუშაობის პარალელურად მაკიუენმა ორი წელი გაატარა ლონდონის ერთ-ერთი კლინიკის ნეიროქირურგთან. ასევე, ელაპარაკა რამდენიმე ქირურგს წიგნში აღწერილი სცენების სიზუსტის შესამოწმებლად და შესწორებებიც შეიტანა ტექსტში მათი შენიშვნების გათვალისწინებით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შაბათში ავტობიოგრაფიული ელემენტებიც გვხვდება: მთავარი პერსონაჟი იმ ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც ოდესღაც თავად მაკიუენი ცხოვრობდა. ხოლო მწერლის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, პროტაგონისტის მშობლები და შვილები ძალიან ჰგვანან მწერლის ოჯახის წევრებს.

კადრი ფილმიდან “მონანიება”
კადრი ფილმიდან “ქვიან სანაპიროზე”

© არილი

Facebook Comments Box