ესაუბრა მალხაზ ხარბედია
– ბატონო გუერა, თქვენს ერთ ლექსში გერმანული ტყვეობიდან გათავისუფლების მომენტს იხსენებთ და ამბობთ, “ვიდექი და ვუცქერდი პეპელას შეჭმის სურვილის გარეშეო”. მოდით, თქვენი პირველი ლიტერატურული ცდების შესახებ ვისაუბროთ, როგორ დაიწყეთ წერა?
– ეს დაიწყო ტყვედ ყოფნისას, მაშინ, როცა ყველანი ერთ დიდ ოთახში ვცხოვრობდით. ისინი ყოველ საღამოს მთხოვდნენ რაღაც ამბავი მომეთხრო და რადგან არც ფანქარი მქონდა და არც ფურცელი, იძულებული ვხდებოდი, ზეპირად მცოდნოდა ყველაფერი ის, რასაც ვყვებოდი ხოლმე. მაგრამ ერთხელაც, ძალზე უცნაური რამ მოხდა, საშობაოდ საჭმელი არ მოიტანეს ბანაკში და დამშეულმა ტყვეებმა მთხოვეს მაკარონის კერძი აღმეწერა. მეც ნელ-ნელა დავიწყე ამაზე ლაპარაკი, შევყევი, სიტყვით მოვხარშე ეს ტალიატელები და ბოლოს, გემრიელი, ცხარე სოუსით შეკმაზული საჭმელი თეფშებზე ჩამოვურიგე იქ მყოფთ; ზოგმა ყველიანი მაკარონი მოინდომა, ბევრმა კი “რეპეტეც” მოითხოვა…
– თქვენ ერთ-ერთი პოეტური კრებული ეზრა პაუნდს მიუძღვენით, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უცნაურ პოეტს. მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ ძალზე საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანისადმი, იგი დიდხანს ცხოვრობდა იტალიაში და თქვენი თაობის ადამიანებს, შესაძლოა მისი ანტისემიტური რადიოგამოსვლებიც ახსოვდეს.
– მართლაც, ეზრა პაუნდი ამ საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტია. იგი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული რიმინელი დიდგვაროვნების, მალატესტების ოჯახით, უფრო კონკრეტულად კი პრინც სიგიზმუნდო მალატესტათი. არადა, მალატესტები წარმოშობით პენაბილიდან იყვნენ, იმ სოფლიდან, სადაც ახლა მე ვცხოვრობ. ბოლო დროს ძალიან ბევრს ვკითხულობ პაუნდს, ამ შესანიშნავ პოეტს, რამდენიმე ლექსი ვთარგმნე კიდეც.
– რობერტო ბენინის უთქვამს, ფელინის გარდაცვალება დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც, ვთქვათ, ზეთის გარდაცვალებაო. მისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო სამყარო ფელინის გარეშე, ისევე, როგორც შეუძლებელია წარმოვიდგინოთ იგი ზეთის, ან ვთქვათ, პურის გარეშე. მე მინდა თქვენი მეგობრები გაიხსენოთ, ის ადამიანები, ვინც აღარ არიან ცოცხალი…
– ფელინის გარდაცვალება ჩემთვის ვეებერთელა დანაკლისია, ესაა ტოტალური მონატრება. მისი წასვლით არამხოლოდ ჩემი ფანტაზია შემცირდა, არამედ სამყაროსაც მოაკლდა ფანტაზია. თითქოს აღარავინ დარჩა ისეთი, ვინც ბავშვური თვალებით შეხედავდა ქვეყანას. მასტროიანისთან ერთად სითბო და სიტკბოება გაქრა. ეს იყო შესანიშნავი ადამიანი, შესანიშნავი შვილი, საყვარელი, მამა და ბაბუა. კარგი სმა-ჭამის მოყვარული. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ჩემთან, მშობლიურ სანტ-არქანჯელოში, რომ ჩვენებური, სახელგანთქმული ტალიატელები ეჭამა; გაგიჟებით უყვარდა სპაგეტი და ლობიო.
– თქვენ ერთხელ თქვით, რომ არ გიყვართ, როცა მაყურებელი ტურისტად გრძნობს თავს ხელოვნების ნაწარმოების წინაშე. და საერთოდაც, თქვენი აზრით, ევროპული მხატვრული კულტურა საბოლოოდ დაშორდა ილუსტრატიულობას…
– ჩემი მოგზაურობის მიზანი არასდროს ყოფილა რაიმე დიდი, გიგანტური ძეგლების მოხილვა, ეს სიდიადე მე, როგორც წესი, არ მხიბლავს (მნიშვნელობა არა აქვს, ნოტრდამი იქნება ეს, თუ ეგვიპტური პირამიდები). რაც უფრო დიდია ეს ძეგლი, მით უფრო ვშორდები მას. გაცილებით უფრო საინტერესოა ის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ხელოვნების ნიმუშს ჩემი თანამონაწილეობა, ჩემი სიმპათია სჭირდება. და ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ვეძებ ისეთ ხელოვნების ნაწარმოებს, ადგილს ან სულაც საგანს, რომელიც საკუთარ თავს მაგრძნობინებს, ჩემს არსებას მაპოვნინებს. გუშინ ვიყავით სადღაც შორს, მონასტერში, არ მახსოვს, რა ჰქვია…
– ბეთანია?
– ბეთანია… ბეთანია… საოცარი სიამოვნება მივიღე იქ, იმ ადგილებში, და მივხვდი, რომ ასეთ ღარიბ, მაგრამ სულიერებით აღსავსე ადგილებში უფრო ადვილია და ბუნებრივი სიკვდილზე ფიქრი.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ დავიწყებული, გადაშენებული ჯიშის ხეების ბაღი გააშენეთ პენაბილიში.
– ჰო, დავიწყებული, გადაშენებული ხილის ბაღი გავაშენე, ჩემივე ხელით მოვხატე იქაურობა, შადრევნები და ა.შ. ადრე თქვენთანაც მინდოდა იგივე გამეკეთებინა და მაშინ, მახსოვს, მოვაგროვე ეს ჯიშები, მაგრამ მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც თქვენებური ხილი ისეთივეა, როგორიც დიდი ხნის წინ იყო, იგი ისეთივე ძველია.
© 2000, “არილი”