თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ იენ მაკიუენთან – საკუთარი თავის მიღმა

HBR

თქვენს წიგნში არის ერთი ეპიზოდი, სადაც პროტაგონისტი, ნეიროქირურგი, მოქმედებს იმ მდგომარეობაში, რომელსაც ფსიქოლოგები „დინებას“ უწოდებენ. როგორ აღწევთ ამას თქვენს საქმიანობაში?

ეს არარეგულარულად მემართება და შემთხვევითია ხოლმე. არ შემიძლია, დავგეგმო, მაგრამ დროდადრო ასეც ხდება: ყველა ბარიერი უჩინარდება და საკუთარი თავის მიღმა გავდივარ, მავიწყდება სად ვარ, სრულიად შევიგრძნობ მომენტს, დროის შეგრძნება, სურვილები, ემოციები და სხვა ყველაფერი კი – ქრება. ჩვეულებრივ, ეს მემართება მაშინ, როცა რაღაც რთულს ვუპირისპირდები, თავს ძალას ვატან, პრობლემების მოგვარებას ვცდილობ. ვფიქრობ, ადამიანური ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული გამოვლინებაა. ის არ მოითხოვს რაღაცის ქონას, სიმდიდრეს ან წარმატებულობას. ესაა სრული უანგარობის მდგომარეობა – ტოტალური შთანთქმა იმაში, რაც გაინტერესებს და გაფორიაქებს. ვფიქრობ, ამ შეგრძნებას უფრო აშკარა რაღაცებს, სექსს, ციგურაობას ან რამე მსგავს უკავშირებენ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს კმაყოფილების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვის. თანაც ყველას აქვს ასეთი მომენტების განცდის პოტენციალი. არ ვარ დარწმუნებული, რომ მომწონს ეს სიტყვა – „დინება“. არ მგონია, რომ ზუსტად გამოხატავს.

როგორ იწყებთ წერას?

დიდი, მწვანე წიგნაკი მაქვს – საგანგებოდ დიდი, ამიტომ თან არ დამაქვს ხოლმე – რომელიც ჩემს მაგიდაზე დევს და რომელშიც ვაკეთებ ხოლმე ჩანახატებს. ჩემი აზრით, რომანის დაწყებამდე მასში უნდა იყოს რაღაც (ან ერთდროულად რამდენიმე რამ), რაც მაწუხებს. შეიძლება, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ფრაგმენტები ან სულაც ერთი მთლიანობის ნაწილი. თუ მუშაობის დასრულების შემდეგ ამ ჩანახატებს დავხედავ, ვამჩნევ, რომ დასრულებულმა ნამუშევარმა ყველაფერი მოიცვა, მაგრამ ჩემთვისვე მოულოდნელი ფორმით. არის ასეთი სიტყვები – „განსაზღვრული ბურანი“ – რომლებიც ინგლისელმა კრიტიკოსმა და მოთხრობების ავტორმა, პრიტჩეტმა გამოიყენა. ეს აუცილებელია რომანისთვისაც. გჭირდება სიჩუმე და თავისუფალი გონება, რომელშიც რაღაცები თვითონ დაიწყებს ფორმირებას. ასეთ დროს პერსონაჟები თითქოს ნისლიდან გამოდიან. ზოგიერთი ფრაზა კი განვრცობას მოითხოვს. ხანდახან, მაგალითად, ვწერ პირველ აბზაცს, რომელსაც ვიცი, არასოდეს დავასრულებ, მაგრამ იმის ცოდნა, რომ იძულებული არ ვარ, გავაგრძელო, მათავისუფლებს. ამ გზით ვაწერინებ ჩემს თავს 500 ან 600 სიტყვას. მერე ვფიქრობ, რომ იქ დარჩა რაღაც, რასაც უკან ვუბრუნდები და მერე უფრო მეტს ვწერ. ამგვარად, ეს რაღაცები გონების სიღრმეში მაქვს, მათ შორის ის აზრიც, რომ რაღაც დაფარულია, ისეთი, რასაც დაკვირვება სჭირდება და შემდეგ უეცრად ვაცნობიერებ, რომ უკვე ვწერ – დაწყებული მაქვს სამუშაო, რომლის დასრულებასაც ორი ან სამი წელი დასჭირდება. ყოველთვის მხიბლავს ეს პროცესი. ზოგადად, მგონია, რომ ტექსტი, რომლის დაწერასაც ვაპირებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როცა 20 000 სიტყვა მაინც მაქვს დაწერილი და კვლავ საინტერესოდ მეჩვენება. მერე კი უკვე ნამდვილად მზად ვარ და უკან დასახევი გზაც აღარაა.

წავიკითხე, რომ ძალიან დისციპლინირებული და ზუსტი ხართ მუშაობისას.

დიახ, თუკი დავიწყებ მუშაობას, კარგი დღე ნიშნავს სადღაც 700-1000 სიტყვას. ვფიქრობ, შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ყოყმანის ღირებულების გაცნობიერება. არ უნდა იჩქარო, უკან უნდა დაბრუნდე და შეჩერდე – ოღონდ იმიტომ კი არა, რომ კრიზისი გაქვს ან არ იცი, როგორ მოიქცე, არამედ იმიტომ, რომ რაღაცებს თავისთავად განვითარების საშუალება მისცე. საქმეს მაშინ მოვწყდები ხოლმე, როცა მგონია, რომ ზუსტად ვიცი, რა უნდა ვქნა, მაგრამ ბოლომდე არ მჯერა ამის. ასე რომ, სანამ საქმეში მთელ გულს ჩავდებ, ჯერ თავს ვიკავებ და მერე ვუბრუნდები უკან. არ მჯერა ფუჭად გარჯის. ჯობია, თავიდანვე მაქსიმალურად ზუსტად გააკეთო ყველაფერი.

როგორც თქვით, მარტოობა გიყვართ.

მარტოობა ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი პრივილეგიაა. მასიურად არ მჭირდება; უბრალოდ, დღის განმავლობაშია საჭირო. ერთხელ კრისტოფერ ჰიტჩენსმა მითხრა, რომ მისთვის ბედნიერება არის მთელი დღის განმავლობაში წერა და იმის ცოდნა, რომ საინტერესო მეგობართან ერთად უნდა გაატაროს საღამო. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამოხატავს ბედნიერების არსს. იდეალურია. თუ დილის ცხრა საათიდან შვიდ საათამდე დღე მთლიანად შენია, შემდეგ კი შხაპს იღებ და ქალაქში გადიხარ, სადაც საჭმელთან და კარგ ღვინოსთან ერთად მაცოცხლებელი საუბარიც გელოდება, ესე იგი, ცივილიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო ტალღას მიჰყვები.

საიდან იცით, რომ წიგნი დასრულდა?

სინამდვილეში, არასდროს იცი. შეიძლება, გეგონოს, რომ დაასრულე, მაგრამ ახალი რაღაც მოხდეს. მაგრამ, მოდი ასე ვთქვათ: როცა პირველ სამუშაო ვერსიას ვასრულებ, ჭიქას ვწევ – შამპანურის ჭიქას – რადგან ამ წერტილის მერე წინ საინტერესო და, ამავე დროს, ტექნიკური სამუშაო მელოდება – კიდევ ექვსი თვის ან მთელი წლის საქმე.

და როდის წყვეტთ ტექსტის დამუშავებას?

ხანდახან წიგნს რედაქტორს ვაძლევ და ვამბობ: „ეს ბოლოსწინა ვერსიაა. თუ რაიმე შენიშვნა გაქვს, გამიზიარე“. ასევე ვაჩვენებ ჩემს ცოლს, რომელიც ძალიან კარგი რედაქტორია და, შესაძლოა, ერთ-ორ მეგობარსაც. მერე კი ვუსმენ, რას იტყვიან. კარგი შენიშვნა ისაა, რომელსაც მაშინვე ვეთანხმები, თითქოს მეც სწორედ ასე ვფიქრობდი, სანამ მეტყოდნენ. თუ ვიღაც ისეთ რამეს მეუბნება, რაც დიდხანს ფიქრს მაიძულებს, საბოლოოდ ვხვდები, რომ უბრალოდ ისე უნდა დავტოვო, როგორც არის.

ცნობილია, რომ საკითხს საფუძვლიანად იკვლევთ, რათა თქვენი ნაწერები თითქმის მეცნიერულად ზუსტი გახდეს. ასე რატომ იქცევით?

მე ვფიქრობ, რომ გონების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ცნობისმოყვარეობაა. თუ დაინტერესებული ვარ, მინდა მეტი გავიგო და რაღაც ვისწავლო. რთული არ არის. ასეთი რამეების ძიება დაბრკოლება და დავალება კი არა, სიამოვნებაა. როცა გიქრება ინტერესი სამყაროს მიმართ, თითქოს კვდები.

[…]

© არილი

Facebook Comments Box