ციკლიდან “წუთისოფლისანი”
* * *
ჩვენ არყოფნიდან მოვედით
და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ-წყალი, უკან მეწყერი,
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა,
სიცოცხლე – დედინაცვალი.
* * *
ვარ ძველი ციხის ნაშალი,
ჩემში გადიან ღრუბლები,
ქარაფზე ვდგევარ და კლდეებს,
ცალპირად ვესაუბრები.
არ მპასუხობენ კლდეები,
თავ-თავის წესად უბრები?!
მაგრამ ვგრძნობ, ქარი რომ დაჰბერს,
ცად მიაქვს ეს საუბრები.
* * *
საწუთრო შემომეძენძა
როგორც მათხოვრის ხალათი,
ბედნიერების ჩანჩქერებს
ჩემს წილს სულ წვეთ-წვეთ ვძალავდი,
ათასგვარ ჭირსა და ვარამს
გავუძელ ძალის-ძალათი,
ერთიღა მრჩება ნუგეშად –
მიწამ არ იცის ღალატი,
ის გვამს თუ ევიწროვება,
ძვლებისთვის ხდება ხალვათი.
* * *
რაც მოხდა, ჩემზე ახია,
ჯავრი ვიღაზე ვიყარო?!
ბედმა უკუღმა დამხია,
აღარ მამღერა “წინ წყარო”.
ნეტავ რამ გაგაძლებინა
ჩემს სულში, ცეცხლო ცინცხალო?!
რა უცებ შემომაღამდი,
გაუთენარო ცისკარო?!
* * *
მოვიდა სიტყვა და გულზე
მახვილი დამაღერინა,
არც პურმარილი შემარგო,
არც მასვა, არც მამღერინა,
კალამზე ჩამომეღვენთა
და ლექსად დამეწერინა.
* * *
შენ, ჩემო დაბადების დღევ,
სიკვდილის თავსაფრიანო,
ვაებისაკენ სულმსწრაფო,
სიხარულისთვის გვიანო,
ვითომ ამქვეყნად სწერიხარ,
ვითომ სიცოცხლე გქვიანო.
სიკვდილო, შვებად მეგულვი,
მოდი, არ დაიგვიანო!
* * *
მოდი, სადა ხარ, სიკვდილო,
ამხსენ სიცოცხლის ბაწარი,
გადამავიწყე ვარამი
ამქვეყნიური რაც არი.
საწუთროს ამაოების
არ მაქექინო ნაცარი
და თავზე არ დამაქციო
ცოდვით ნაგები ტაძარი.
როდემდე უნდა ღვიოდეს
სულში ამქვეყნის ღადარი?!
ან რაღად მინდა სიცოცხლე
დედის სიკვდილად დამჯდარი?!
* * *
გადამეშალა სივრცე
ახალ მწვერვალზე ასულს,
სული არ მინდა, მივცე
სატანასა და ავსულს,
ყოფნა არ მიღირს ყოფად
ლამის მიღმეთში გასულს,
არად ვინაღვლი მყოფადს,
მაგრამ რა ვუყო წარსულს?!
* * *
სულ დიოგენედ ვიქეცი,
არ ვცვლი ცხოვრების წესს,
ის, რაც თქვენ ქვენა გგონიათ,
მე იმაში ვჭვრეტ ზეს.
ამ კასრში, ჩემო მპოვნელო,
ნუ გაგაოცებს ეს.
გაიწი, მაკედონელო,
ნუ დამიჩრდილავ მზეს!
* * *
ამის თქმას არა სჭირდება
“ვინმე მელექსე მესხი.”
დრო-ჟამის უკმარობაა
ცხოვრების მთელი ეშხი,
ხილივით მოვილიენით
სიცოცხლის ხეს რომ ვესხით.
წუთისოფელი ყოფილა
მარადისობის სესხი.
* * *
მე მგონი არაფერია
გასაოცარი ამაში
რომ მაინც ხარობს ლექსის ხე
ჩვენი დროების გვალვაში.
ამომეყრება ლექსები,
როგორც თონიდან ლავაში,
ვარ როგორც ჰერკულანუმი
ლექსის ვულკანის ლავაში.
* * *
ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ,
როგორც ბორბალში ციყვები,
ან როგორც წყალში ნაფოტი,
დროის დინებას მივყვებით.
შხამა სოკოებს ვაწყდებით,
მაგრამ გვგონია ნიყვები,
ეს ან ქალების ბრალია,
ან კაცები ვართ ბრიყვები?!
* * *
თუმც ცალუღელა ვიყავი
ჩვენს გაუასაძლის დროში,
მაინც სულ ხალხში ვერიე
და არა უბირ ბრბოში.
ხანდახან დარიც მიგრძვნია,
უფრო – ყინვა და თოში,
მაინც კი ისე ვიცხოვრე,
როგორიც მქონდა ხოში.
* * *
თუ გიდგას ღვინო ხელადით,
განსაკუთრებით – “პინო”,
გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი,
დუდუკით მოილხინო,
თუ აგიკრძალეს ქალები,
თუ აგიკრძალეს ღვინო,
რა ჭირად გინდა დუდუკი,
ან რა გაქვს საღიღინო?!
ჩვენს ახალგაზრდებს
არ მიწერია სონეტები, ტრიოლეტები,
ჭიუხებიდან მე მონბლანებს არ ვებღოტები,
ქართული ლექსის კალაპოტშიც კარგად ვეტევი
და სიმღერისთვის არ მჭირდება უცხო ნოტები.
თუკი გსმენიათ თქვენ ოდესმე ლექსი ქართული,
გულიდან სიტყვის ამოფრქვევას ყურს თუ მოკრავდით,
იგრძნობდით, ჩვენში თვით მწყემსიც კი, ლექსით გართული,
პოეტია და არის სულით არისტოკრატი.
თუნდ იფიქროთ, რომ ჩემი ქება საზღვრებს გადადის,
თუნდ დამაბრალოთ ამბიცია და ირონია,
მე ვთვლი, რომ მთქმელი “ვეხვისა და მოყმის ბალადის”
ბრძენია, თანაც – გოეთე და ბაირონია!
მე არ გეგონოთ ვინმე უტუ, “ურა ქართველი”,
რომელსაც უყვარს სამშობლოზე ენის ტარტალი,
ჩვენს ხალხურ ლექსებს თავზე ადგას უფლის ნათელი,
ვამბობ და ვიცი, რომ ეს სიტყვა არის მართალი!
იქნებ ჩვენ თქვენზე ადრე ვცნობდით ლორკებს, თაგორებს,
ლი-ბოებსა თუ ხაიამებს, რილკეს, ელიოტს,
მათი წიგნები თარგმანებად ავამთაგორეთ,
მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს, რომ შეველიოთ
შოთა რუსთაველს, გურამიშვილს, ვაჟას თუ ტატოს,
აკაკისა თუ გალაკტიონს, ან დიდ ილიას,
მე მათი სიბრძნის ტალანებში სრულიად მარტოს
ფეხაკრეფით და მოწიწებით წლობით მივლია.
კარგია ყველა უცხო ენა, ეს უთქვამთ ადრეც:
რამდენი ენაც იცი, ხარო იმდენი კაცი,
მაგრამ ინგლისურს რომ “პარუსკობთ” და იცვლით “ადრესს”,
ქართულს რატომღა ეფშლიკებით ისე, ვით ვაცი?!
მე შეგახსენებთ გალაკტიონს ალალ-მართლურად,
პირდაპირ გეტყვით, არ დაგიწყებთ იგავ-არაკებს:
“ლაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ ოღონდ ქართულად,
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!”
* * *
ასე ყოფილა, დაწყებული ძველი ელადით,
და, სამწუხაროდ, ამ აზრს არ აქვს სხვა რამ საქცევი,
რომ ქვეყნად ყველა დიქტატორი, ყველა ბელადი
ყოველთვის არის ბრძენი ხალხის ბრბოდ გადამქცევი.
იცოდეთ ერთი, მე მონობას არ ვარ ნაჩვევი,
ვამაყობ ერისშვილობით და ჩემი ღირსებით.
თქვენ შეგიძლიათ მომკლათ, მომსპოთ, ვით მამაჩემი,
მაგრამ ვერასდროს ჩემს მონობას ვერ ეღირსებით.
ჩემს პოლონელ წინაპრებს
მუდამ გგრძნობთ ჩემში, ტვინს ფიქრით ვიღლი,
რომ ყოველივე ქვეყნად ბედია.
ჩემში ჩქეფს ცხელი ქართული სისხლი,
თქვენი კი მხოლოდ მეოთხედია.
თქვენი ცისფერი სისხლის წიაღში
მაინც ქართულმა გენმა იმშვილდა,
დილევსკებისა თითქმის მიახშო
და მთლად გავახტანგკოტეტიშვილდა.
დავშტერებივარ გაცრეცილ ალბომს,
და თქვენს დახვეწილ უზადო იერს,
გულს სევდიანი ფიქრები ალბობს
და ვგრძნობ სინანულს უთქმელს და ძლიერს.
ეს სურათები უნდა მახსოვდეს,
ჩვენი კავშირი მხოლოდ ეს არი,
არ მინახიხართ თქვენ არასოდეს,
დედის ნახვასაც ვერ მოვესწარი.
ვერ ავიპრიხე თქვენებრ ულვაში,
ვერ წავიმახე თქვენსავით წვერი,
რატომ დამტოვეთ ასეთ ურვაში?!
რად დამაფინეთ გულს თალხი ფერი?!
მაგრამ მე ვთვლი, რომ მწყალობს უფალი
ეს ნაკლი მაინც გახადა სრული,
ჩემში გამთელდა თავისუფალი
პოლონური და ქართული სული.
ჩემს ქართველ მამა-პაპასაც ჰგავდით
და ამიტომაც თქვენც მინდა გბაძოთ,
და იმისთვის, რომ ოდესღაც მყავდით:
დიდი მადლობა! “ჯინკუე ბარძო!” *
* პოლონურად: დიდი მადლობა.
ციკლიდან “ქალაქის სურათები”
თბილისის ცირკთან
ფერუმარილით ნაფერმკრთალები
ქუჩაში დაძრწის ბედი წყეული,
თბილისის ცირკთან დგანან ქალები
და ქუჩის დახლზე უდევთ სხეული,
რომელიც თვალწინ ეღვრებათ ოფლად,
მაინც დგანან და მუშტარს ელიან.
ძნელია მურდალ მუშტართან ყოფნა,
უმუშტრობა კი უფრო ძნელია.
ქართველი, რუსი, სომეხი, ოსი
კლიენტს ღიმილით ეგებებიან.
იმათგან ბევრი არც არის ბოზი:
ზოგი დედაა, ზოგიც ბებია.
მათ სახელმწიფო ბეგრავს ყადაღით,
თუმცა ეს, მართლაც, საოცარია.
კლიენტებში კი ბევრი ჩათლახი,
ქურდი ან ძველი ნაბოზარია.
დარში, ავდარში აკანკალებით
ქუჩაში დგომა მართლაც ძნელია.
ცირკის მახლობლად დგანან ქალები
და კლიენტებად ბოზებს ელიან.
მშრალ ხიდთან
რაღას არ ნახავს აქ კაცის თვალი,
გასაოცარი, მართლაც ბევრია,
მშრალი ხიდი ქვეშ არ არის წყალი,
სამაგიეროდ ყველაფერია.
დრო იზლაზვნება ნელი ზმორებით,
და გაოცება უფრო დიდია,
როცა ხედავ, რომ პროფესორები
წლობით ნაგროვებ წიგნებს ჰყიდიან.
იქ რაც ვიხილე, მე სახტად დავშთი,
აქ ყველაფერი დროთ უარია,
ძველი დიდების ნამსხვრევთა ნაშთი
დახლად ქცეული ტროტუარია.
და იმის ქიმზე მსხდომთა თვალები
შემოგყურებენ თითქოს ვედრებით,
იქნებ იყიდო ფერნამკრთალები
ღილები, ანდა ძველი მედლები.
და აღარ იცი, რითი აიხსნას,
ეს ვაება რომ მაინც გიზიდავს,
რას აღარ ნახავ: ფინჯანს, ყაისნაღს,
დაბინდულ სარკეს, შუბლის ქინძისთავს.
გზას გავუყვები ტაატ-ტაატით
და გულში ლახვრის დარად ისობა,
აქ უისროა ყველა საათი,
რათა აღნიშნოს მარადისობა.
უმოწყალობა აქ სპექლტაკს აწყობს,
მშრალი ხიდიც ხომ უწყლო ხიდია.
არავის აწყობს უწყალო აწმყო,
და მომავლისთვის წარსულს ჰყიდიან.
ციკლიდან “ეროტი”
* * *
შენს დანახვაზე მე ფაფარს ავშლი,
ძარღვებში სისხლი იფეთქებს ცხელი,
და შენი ძუძუ, ვით ევას ვაშლი
გამომეწვდება მაცდური ხელით.
შემომერღვევა ზნეობის რვალი.
შემომერყევა რწმენის გოდოლი
და შენ შეამჩნევ ქალური თვალით,
როგორ მომწყდება ლეღვის ფოთოლი.
* * *
საწოლზე ლოგინს აწეწს ეროტი,
და ორსახოვან ნიღბებით ირთვის,
მამაკაცია ოდნავ მელოტი,
ქალი – ახლახანს გაშლილი კვირტი.
მამაკაცია ვიღაცის ქმარი,
ქალი კი ალბათ ვიღაცის ცოლი.
ლტოლვა უძღები და არა მკმარი
არის მიზნისკენ მსხლტომი და მჭოლი.
ჩანაოჭდება წიაღის ფარდა,
ბნელში ჩასახვას ლამობს ნაყოფი,
და ეჩვენებათ, რომ იმათ გარდა,
იქ ჯერ არავინ არის ნამყოფი.
ბოლოს კვლავ ნიღაბს მოირგებს ვნება,
რომ არ შეიცნოს ქვეყნად არავინ
და სადღაც ჩუმი სიამით დნება
ცოდვა მალული და ნაპარავი.
* * *
სანამ ჩვენს შორის ჩადგებოდა უცხო ეროტი
ირონიული სახით, თითქმის უიეროთი,
როგორ მიყვარდი, როგორ გგრძნობდი, მწამდი, მჯეროდი,
ჩემი მეგონე საიმიერ-ამიეროთი . . .
და როცა საფრთხეს არსაიდან აღარ ველოდი,
თურმე თვალებზე ჩრდილს მაფენდი წამწამთ ჩეროთი.
თურმე ჩვენს შორის უკვე იდგა უცხო ეროტი
და მიხუთავდა სულს ჰაერით უეთეროთი.
მაინც მიყვარდი, მაინც მწამდი, მაინც მჯეროდი . . . ……
* * *
ზოგჯერ ალალი ხდება არამი,
ამქვეყნად თურმე ესეც ბედია.
უზარმაზარი სევდა-ვარამი
სულის ღრიჭოში შემოეტია.
რა ვქნა? რა ვუყო? სად მოვათავსო?
სად ამოვგმანო? სად ჩავატიო?
არა მკმაროდა დარდი ათასი,
ეხლა კი ამას სად უნდა ვდიო?
ვფიქრობდი, ქვეყნის ხლართებს შევეშვი
და ამაქვეყნად ქედს არვის ვუხრი,
ახლა კი სულის საგოდებელში
გადამეღლიტა ხოხვისგან მუხლი.
ვგრძნობ, რომ ჩემნაირ დაწყევლილ ბედის
ქვეყნად არიან, მართლაც, ცოტანი.
ღმერთო, რა გთხოვო ამაზე მეტი,
კვლავ მე მომკითხე სხვათა ცოდვანი.
* * *
აღარ ველოდი ამნაირ შედეგს,
რომ ცრემლებს კიდევ რამე მადენდა,
მაგრამ რატომღაც წუხანდლის შემდეგ
დღეს, ჩვეულებრივ, უსევ გათენდა.
ისევ გაისმა “რძე” და “მაწონი”,
ხმები, სიცოცხლით ანაბორგალი,.
გულიდან ტვინში გადანაწონი
ღამენათევი ფიქრის გორგალი.
დამაძლევინეს ბალღამის ყანწი,
რომლის შესმა და დაცლა არ მსურდა,
სულიერების ნანატრი განძი
უცებ გაქრა და გაუფასურდა.
თუკი გვირგვინი მომერგო ეკლის,
აღარ მსურს, ყალბად რომ ვიბჟუტურო,
არ მინდა, ვიყო უბრალოდ ძეგლი –
გარეთ სავსე და შიგნით ფუტურო.
სიცოცხლეს ვუძლებ ძალის-ძალათი,
ქვეყანა მიჩანს სამსხვერპლო ცეცხლად
და ვგრძნობ, რომ წმინდა სულის ღალატი
ისევე ფასობს ოცდაათ ვერცხლად.
* * *
ძნელია, როცა შენგან მიდიან,
არანაკლები – შენ თუ მიდიხარ.
ის ვიღაც შენზე მეტი რითია,
ან შენ ნაკლები სხვაზე რითი ხარ?!
ეს სიყვარული თურმე მითია
არც შენ არსებობ და შენც მითი ხარ,
შენი იერი თითქოს მშვიდია,
მაგრამ გრძნობ, გზიდან ანარიდი ხარ.
ცხოვრების ტვირთი ფეხზე გკიდია
და არსაითის გზაზე მიდიხარ
© “ცხელი შოკოლადი”