თარგმნა ზაზა თვარაძემ
სადგურ კონსტიტუსიონზე, საგაზეთო კიოსკთან (იმხანად იქ რიგიანი წიგნის იდვა შეიძლებოდა გზაში თავშესაქცევად) ჩემს ყოფილ მეგობარს, გრევეს შევეჩეხე. მარტოხელა კაცი იყო, უცოლშვილო. მკითხა, აქ რას აკეთებო.
– ლას ფლორესში მივემგზავრები. მაგრამ უაზრო შემთხვევის გამო მატარებლის გასვლამდე ხუთი საათით ადრე მოვხვდი აქ.
– მეც მაგ დღეში ვარ, – თქვა მან, – კორონელ პრინგლესში ვაპირებ გამგზავრებას, მაგრამ უაზრო შემთხვევამ ორმოცი წუთით ადრე მომიყვანა სადგურზე. კაფეში ხომ არ შევსულიყავით?
კაფეში შევედით. რაღაც შევუკვეთეთ და მე ვთქვი:
– შემიმჩნევია, ცხოვრებაში ერთ პერიოდს მეორე ენაცვლება. დღეს ჩვენ ფუჭი დამთხვევების პერიოდში ვართ.
– ფუჭი დამთხვევების? – ჩამეკითხა გრევე.
– ფუჭი იმ გაგებით, – მივუგე სწრაფად, რათა არაფერი სწყენოდა, – რომ ეს დამთხვევები არაფერს მოასწავებენ.
– ამაში დარწმუნებული არა ვარ.
– იმაში, რომ არაფერს მოასწავებენ. არასოდეს.
პაუზის შემდეგ წარმოთქმული ეს “არასოდეს” განმარტებას ჰგავდა. უფრო სწორად – ბუნდოვან განმარტებას, რომელიც ჩემს კიდევ ერთ შეკითხვას და გრევეს საპასუხო განმარტებას ითვალისწინებდა. ვითარების ასეთმა სირთულემ შემაშფოთა, რადგან მინდოდა მხოლოდ ერთ რამეში დამერწმუნებინა მეგობარი – როდესაც დღევანდელ დამთხვევას ფუჭი ვუწოდე, სულაც არ მიგულისხმია ჩვენი შეხვედრა – მხოლოდ ამიტომ მოვუყევი ძველი ამბავი სომერსეტ მოემის გაორებაზე. შესაძლოა, ეს ამბავი იმიტომაც მოვუყევი, რომ მუდამ იმედი მაქვს, იქნებ ოდესმე მაინც რომელიმე თანამოსაუბრემ მისთვის ლიტერატურული ფორმა მომაძებნინოს. და შესაძლოა, იმიტომაც, რომ მისი გამეორება, უბრალოდ, ჩვეულებად მექცა.
– ეს ამბავი ასე მოხდა, – დავიწყე მე, – “კუნარდის” კომპანიის გემით ნიუ-იორკიდან საუთჰემპტონში მივცურავდი. გემის რესტორანში ჩემს მაგიდასთან აღმოჩნდა მგზავთაგან ერთადერთი ჩვენი თანამემამულე – ენერგიული, ძლიერი ხასიათის ხანდაზმული სენიორა, რომელსაც მეტად დავუმეგობრდი.
მახსოვს, იმ საღამოს მგზავრთა სიები ჩამოგვირიგეს. ყველამ თავისი გვარის ძებნა დაიწყო. აღელვებული – თითქოს და იმ სიიდან გამორჩენა უბილეთო მგზავრად მაქცევდა – ვერა და ვერ ვპოულობდი სამ მაგიურ სიტყვას.
“დაწყნარდი! – შევუძახე საკუთარ თავს, – ყველაფერი გაირკვევა!”
უეცრად გონება გამინათდა: ეტყობა ამ ბრიყვებმა “ბ”-ზე კი არა “კ”-ზე ჩააკვეტეს ჩემი გვარი. და მართლაც, სიაში ფიგურირებდა ვინმე მისტერ კესარესი, ადოლფო ბ. რომელშიც მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ საკუთარი თავი ამოვიცანი. ჩემი მეგობარი ქალბატონი ამგვარ სიძნელეს გადაურჩა, თუმცა მაინც კარგა ხანს ჩაჰკირკიტებდა სიას, და ბოლოს დიდის ამბით მიმითითა უშეცდომოდ დაბეჭდილ თავის გვარზე. მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო სიაში მის წინ დასმულმა გვარმა და ხმამაღლა წავიკითხე: “მისტერ მოემი, უილიამ სომერსეტ”. ჩემი შეცდომის გასასწორებლად სენიორამ ხმას აუწია და უფრო მკაფიოდ წაიკითხა ისევ საკუთარი გვარი.
– არა, სენიორა. თქვენი გვარი ხომ უკვე ვიცი, – მივუგე, – უბრალოდ გამიკვირდა, სიაში ცნობილ რომანისტს, სომერსეტ მოემს რომ წავაწყდი.
ქალს თვალები გაუბრწყინდა და მივხვდი – ეს სახელი მისთვის უცხო არ იყო. ჩვენი ახლანდელი ქალიშვილები რას შეედრებიან ძველი თაობის არგენტინელ ქალბატონებს. სადღა აქვთ იმათნაირი კულტურა და სიდარბაისლე:
– სომერსეტ მოემი! – გაიმეორა სენიორამ, – აჰ, რა თქმა უნდა! მისი ერთი რომანი წაკითხული მაქვს. მოქმედება წყნარ ოკეანეში ხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მუდამ მხიბლავდა ეს აღმოსავლური თავგადასავლები.
მერე მკითხა, სახით თუ ვიცნობდი მოემს და ამჟამად აქ, რესტორანში თუ იმყოფებოდა.
– დიახ. მინახავს მისი სურათები, – მოვუგე, – მაგრამ ახლა აქ არ უნდა იყოს.
ალბათ ძალიან გამიმართლა, მოემი რესტორანში რომ არ აღმოჩნდა, რადგან სენიორამ განაცხადა:
– გამოჩნდება თუ არა, მივალ და ვეტყვი, არგენტინელი მწერალი უნდა გაგაცნოთ-მეთქი. აბა რა გგონიათ, – ვეტყვი, რომ დიდი მწერალი ხართ.
– რას ბრძანებთ, – წავიბუტბუტე.
– უბედურება ის არის, – მომიჭრა მან, – რომ ჩვენ, არგენტინელები, გადამეტებულ თავმდაბლობას ვიჩენთ!
– თავმდაბლობაში არ არის საქმე. უბრალოდ არ მინდა ისე გამოგვივიდეს, თითქოს ძალათი ვეტმასნებით.
– აი, ხომ ხედავთ! – ბავშვებს რომ მიმართავენ, იმგვარი ტონით მითხრა სენიორამ – მოჩვენებითი თავმდაბლობა და სიამაყე, – მუდამ ამ წრეზე ვტრიალებთ. ეს არის არგენტინელთა სენი.
მეორე დღეს, სენიორას განზრახვით შეშინებული, ყველნაირად ვერიდებოდი მასთან შეხვედრას. მაგრამ სიფრთხილე ზედმეტი იყო – სომერსეტ მოემი არსად გამოჩნდა. თითქოს კაიუტაში გამოკეტილი მოგზაურობდა.
საუთჰემპტონში ჩასვლის წინადღეს ჩემს თანამემამულეს გემის საპოლიციო პუნქტში და მაღაზიაში წავყევი. ბერიქალი არ სცნობდა დაღლას. დავქროდით ზევით-ქვევით კიბეებზე, ლიფტის უარმყოფელნი. შუაგემბანზე, მიყრუებულ კუთხეში, პორტში შესვლისას ვესტიბულად რომ უნდა ქცეულიყო, და სიცოცხლით აზრიალებულიყო, შემდეგი სურათი ვიხილეთ: ტყავის სავარძელში, ბრიტანეთის სამეფო სახლის მცირეწლოვან შთამომავალთა ფოტოპორტრეტის ქვეშ განმარტოებით მიმჯდარიყო ჩაფიქრებული მოხუცი, რომელიც ისე შეფუთნულიყო, როგორც ფილეას ფოგი მსოფლიოს გარშემო ოთხმოცდღიანი მოგზაურობის წინადღეს. წამში ვიცანი სომერსეტ მოემი. ეტყობა მოსალოდნელი გაცნობა ჩემს შეგნებაში განურჩეველი და შეუძლებელიც კი გამხდარიყო (მართლაც, უკვე მერამდენედ გადაიდო). ასეა თუ ისე, დავიჩურჩულე, ან იქნებ წამოვიყვირე კიდეც, რადგან სენიორას ყურთ აკლდა – “ის არის!”
სჯობდა კრინტი არ დამეძრა. ჩემი მეგობარი ქალი დროშასავით მოფრიალე სამგზავრო ლაბადით, წამსვე შეტევაზე გადავიდა. “ჯერ კიდევ ცოცხლობს მხედრული სული ჩვენი ძველი მეომრებისა, რომლებიც მაიპუსთან, ნავაროსთან და ლა-ვერდესთან იბრძოდნენ”, – გავიფიქრე მე.
სენიორა არც დაფიქრებულა, ისე უთავბოლოდ მიაყარა თავისი ჩიქორთული ინგლისურით:
– ჩვენ თქვენი გაცნობა გვინდოდა, ეს ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, სენიორი არგენტინელი მწერალი გახლავთ, ორივენი აღტაცებულნი ვართ თქვენით.
ჩაფიქრებული მოხუცი გამოერკვა.
– ნება მიბოძეთ, ვიკითხო, რატომ ხართ ჩემით აღტაცებული? – იკითხა დარბაისლური თავაზიანობით და მისთვის ჩვეული მედიდურობით შეგვათვალიერა.
მუდამ მოუსვენარმა და დაეჭვებულმა სენიორამ პატრიოტული სიტყვით მიმართა მოემს: – რომ არგენტინელი სულაც არ არის ფრთებგარჭობილი ინდიელი, თუმცა მისი გარეგნობა ამას არ ადასტურებს და რომ რომანები ბუენოს აირესამდეც აღწევს… თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა:
– ხომ დამეთანხმებით, მისტერ სომერსეტ, რომ აღმოსავლელი მომხიბვლელ საიდუმლოს ფარავს?- პატივმოყვარეობამ მიბიძგა, საუბარში ჩავრეულიყავი.
“Cakesandlale” საუცხოო რომანია, რიხიანად წამოვიწყე, – ასევე აღტაცებული ვარ თქვენი ბოლოდროინდელი ნაწარმოებით “AWriter‘sNotebook“.
ინგლისელმა რაღაც წაიდუდუნა და იძულებული გავხდი, მეთხოვა ნათქვამი გაიმეორეთ-მეთქი (თითქოს ჩემი თანამემამულეს სიყრუე გადმომდებოდეს). მაშინ მოხუცი სენიორას მიუბრუნდა და ქედმაღლურად განმარტა: – თქვენ ვიღაცაში გეშლებით, მე არავითარი რომანები არ დამიწერია, გადამდგარი პოლკოვნიკი ვარ…
– გვასულელებს? – გადმომილაპარაკა ჩემმა მეგობარმა ქალმა. ორივენი აღშფოთებულები ვიყავით. მე ცივად წარმოვთქვი სათანადო საბოდიშო სიტყვები და ჩვენ იქაურობას გავეცალეთ.
– ჰმ, პოლკოვნიკს დამიხედეთ! – წამოიძახა სენიორამ, – რაღას არ მოიგონებენ, მაგრამ მე ვერ გამაცურებს, ჩემი გვარი ჯერ კიდევ განმათავისუფლებელი ომის დროიდან იღებს სათავეს.
– ცდებით, ჩვენ გასულელებას სულაც არ აპირებდა, პირიქით, – მივუგე მისი უაზრო სიტყვებით გაღიზიანებულმა.
მეორე დილით შერბურის რეიდზე ბაქნიდან ვუცქეროდით, როგორ გადადიოდნენ მგზავრები საბუქსირო კატარღაზე, რომელსაც ისინი ნაპირზე უნდა გადაეყვანა. სენიორამ ქვემოთ ბუქსირის გემბანისკენ მიმითითა და თქვა:
– აი ისიც!
მე კი მოპირდაპირე გემბანზე მივანიშნე: – არა, მოემი იქ არის…
– აქაც არის და იქაც, – ნაღვლიანად გაიღიმა სენიორამ.
და მართლაც, წყლიდან თითქოს განსაცვიფრებელი მირაჟი ამოიმართაო, საბუქსირო გემზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორი მოემი დავინახეთ.
– ორივე ერთნაირია, – დაბნეულად წამოვიძახე.
– განსხვავებულად აცვიათ, – შემისწორა სენიორამ.
ჩემი ლაპარაკის დროს გრევეს სიცარიელისთვის მიეპყრო მზერა და წააგავდა პირუთვნელ მოსამართლეს, რომლის განაჩენზე გავლენას ვერ მოახდენს ვერავითარი მტკიცება თუ პირადი სიმპათიები. მისი დუმილი ერთობ ხანგრძლივი მეჩვენა და ვთქვი! – დიახ, ასე იყო, სულ ეს არის…
– მართალი ხარ, დამეთანხმა ბოლოს და ბოლოს, – ნამდვილად ფუჭი დამთხვევაა. მაგრამ ეგ ამბავი ოდნავადაც არ ჰფენს შუქს ჩემს შემთხვევას. მხოლოდ იმას თუ ამტკიცებს, რომ არის მომენტები, როდესაც ყველაფერი შესაძლებელია.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა, – ალბათ, ასეა, – დავეთანხმე ბოლოს.
– ეს მომენტები განუმეორებელია, – განაგრძო გრევემ, – რადგან იმწამსვე წარსულს ერწყმიან, მაგრამ რეალურნი არიან და წარმოქმნიან განსაკუთრებულ, ამოუხსნელ რეალობას, რომელიც არ ექვემდებარება ბუნების კანონებს.
– შენ მითხარი, “ჩემი შემთხვევაო” – შევაწყვეტინე მსჯელობა.
– დიახ, ერთი ამბავი გადამხდა თავს, შენი საუბრისას რაღაც იმედი აღმეძრა, – განმიმარტა გრევემ.
– გული ხომ არ გატკინე, რამე საიდუმლოს ამოხსნას ხომ არ ელოდი?
– არ ვიცი, რას ველოდი… ეგება ამოსაცნობიც არაფერია, უცნაურია, მაგრამ ძალზე ესადაგება ღრმა რწმენას, უაზრო გულდაჯერებას, რასაც ყოველი ჩვენგანი სულის სიღრმეში გრძნობს. კარმენ სილვეირა თუ გახსოვს?
– რა თქმა უნდა, სიცოცხლით სავსე იყო, საბრალო, მე მას…
მინდოდა მეთქვა, კარმენს ლუიზა ბრუკეს ვამსგავსებდი-მეთქი. ბრუკე კინომსახიობი იყო, ყმაწვილკაცობაში ვგიჟდებოდი მასზე. თვალწინ დამიდგა ორივე ქალის ოვალური სახე, თეთრი კანი, მუქი თვალები, ამავე ფერის თმა და საფეთქლებთან პაწია კულულები.
– შენ სიტყვა არ დაგიმთავრებია, რაღაცას მეუბნებოდი, – მითხრა გრევემ რაღაცნაირი თრთოლვით.
– უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ საოცრად მომხიბლავი და ახალგაზრდა იყო.
– მოხარული ვარ, რომ მოგწონდა, – თქვა გრევემ და სწრაფად დასძინა:
– მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევ, კარმენს ვუყვარდი, მეც მიყვარდა, მაგრამ ქვეშეცნეულად. რა ბრიყვი ვიყავი! ერთს კი ვაცნობიერებდი, – მასთან არასოდეს მწყინდებოდა. ქალების ამბავი ხომ იცი. კარმენი მუდამ პოულობდა, უფრო სწორად, გამოძებნიდა ხოლმე საშუალებას შინიდან თავი დაგვეძვრინა და სადმე გავმგზავრებულიყავი, თუმცა ჩვენს გარემოებაში არ ივარგებდა, ვინმეს ერთად ვენახეთ.
– მარადიული გარემოებები! ყოველ ქალს შეიძლება შეექმნას ისეთი გარემოება, რომელიც მისგან სიფრთხილეს მოითხოვს. ან, უკეთ რომ ვთქვა – რისკს.
მე ხმამაღლა გავიცინე, საკუთარმა ეპიგრამამ გამამხნევა, გრევეს კი, როგორც ეტყობოდა, ნაღველი შემოაწვა.
– ამას ვერ ვითვალისწინებდი, ეტყობა, სხვებზე უფრო გულუბრყვილო ვარ, კარმენის ოჯახურ პირობებს ანგარიშს ვუწევდი. ბევრჯერ გადავათქმევინე ჩანაფიქრი, მაგარმ ზოგჯერ ნებაზე მივყვებოდი და ეს სანანებლად არასოდეს დამრჩენია. ამ ქალს საოცრად უყვარდა ცხოვრება, სადაც უნდა გავყოლოდი, რესტორანში, ნავით სასეირნოდ თუ სასტუმროში უიკ-ენდების დროს, წინდაწინ ვგრძნობდით, რომ უდიდესი სიამოვნება გველოდა. ამ სიამოვნებათა ულევი მარაგი გვქონდა და, სურვილისამებრ, მუდამ ვპოულობდით. ერთ-ერთი ამგვარი გასხლტომა მარ-დელ-პლატაში მოვაწყვეთ: სწორედ იმ ხანებში მანქანა გავყიდე და გამგზავრება მატარებლით მოგვიხდა. ეს ერთგვარ რისკთან იყო დაკავშირებული. ვინ იცის, ამხელა გზაზე ვის გადავეყრებოდით. ვაგონში ჩვენს პირდაპირ ახალგაზრდა ქალი იჯდა, როგორც შემდგომ გაირკვა, – კბილის ექიმი. გაუჩერებლად ლაპარაკობდა. კარმენმა ხმადაბლა გამაფრთხილა, თავი შეიკავე, არ გამოელაპარაკო, თორემ წუთიერი სისუსტე და ხუთსაათიანი მაღალფარდოვანი საუბარი არ აგვცდებაო.
იგი მალე დარწმუნდა, რომ მთელ მატარებელში ერთადერთი სახიფათო არსება ჩვენს პირდაპირ იჯდა.
– სახიფათო სულაც არ არის, – მივუგე, – ცოტა მოსაწყენი და თავმომაბეზრებელია, ეს არის და ეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ სხვა ვაგონებში.
– იქ არავინ იქნება, – დამარწმუნა კარმენმა, – იგი გულისხმობდა, ჩვენი ნაცნობები სხვაგან არ იქნებიანო.
– რომელ სასტუმროში გავჩერდეთ? – ვკითხე.
ნომრის დაჯავშნა ვერ მოვასწარი, გამგზავრება დღისით, სადილობის ხანს გადავწყვიტეთ, ორივენი შინისკენ გავეშურეთ ჩემოდნების წამოსაღებად და დავთქვით, რომ ერთმანეთს ხუთ საათზე, სადგურ კონსტიტუსიონზე შევხვდებოდით. ბოლო წუთს კარმენს გაახსენდა, რომ შაბათს და კვირას საქველმოქმედო საღამოზე უნდა გამოსულიყო. სასწრაფოდ ტელეფონისკენ გავქანდით. კარმენმა შეძლო მოლაპარაკება და ბოდიშის მოხდა. შემდეგ მითხრა: “ძალიან გამიმართლა, ვშიშობდი, რომ დამელაპარაკებოდა თავმჯდომარე, მკაცრი და რესპექტაბელური ბებრუხანა, მას მთელი ბუენოს-აირესი იცნობს, მაგრამ ტელეფონთან მისი მდივანი, სასიამოვნო ქალბატონი მოვიდა, ვუთხარი ავად ვარ, წამოდგომა არ შემიძლია-მეთქი. აბა, თუ გამოიცნობ რა მითხრა? ბებრუხანაც ავად გახდა და ჩაწვაო. ერთი სიტყვით, ყველაფერი რიგზეა”.
ჩემს კითხვაზე, რომელ სასტუმროს აირჩევ-მეთქი, მიპასუხა: – “პროვინსიალზე” რა აზრისა ხარ?
– ხომ არ შეიშალე, – მივუგე პასუხად, – უფრო მყუდრო ადგილი უნდა მოვძებნოთ.
ახლა მგონია, შეშლილი ის კი არა, მე ვიყავი. სიფრთხილის გამო, უბადრუკი მანიაკივით მუდამ რომ ვბორკავდი მის სურვილებს და მისწრაფებებს.
– რა მოსაწყენია ეს ყველაფერი, – მითხრა პასუხად კარმენმა, – შენ მგონი ლეონის სასტუმრო ახსენე, გათბობა და კარგი სამზარეულო აქვთო.
– ყველანი იქ ჩერდებიან.
– ამ სიცივეში იმ სასტუმროში ვინ წავა?
დავდუმდი. ასე მეგონა, მაწავლებელი ვიყავი და მოწაფეს ვტუქსავდი; ისიც ვიცოდი, რომ ამ ქალის სიყვარული დიდი ფუფუნება იყო. უკვე მაშინვე მხიბლავდა მისი თავდაჭერილობა.
ზემოაღწერილი საუბარი ჩვენი გასავლელი გზის პირველ მონაკვეთში ხდებოდა. ნუ მკითხავ, რა იყო შემდეგ, მაგრამ გეტყვი, რომ მარ-დელ-პლატასთან მიახლოებისას ჩვენმა თანამგზავრმა ქალმა გაბედულება მოიკრიბა და გვირჩია, ოტელ “კეკენში” გავჩერებულიყავით, სადაც, ჩვეულებრივ, თვითონ ჩერდებოდა ხოლმე და გვაცნობა სპეციალისტი ვარო (უბრალოდ თქვა, სპეციალისტიო, თითქოს ეს ერთი სიტყვა ყველაფერს განსაზღვრავდა). ოდნავ მოგვიანებით კი დააზუსტა – “სტომატოლოგიო”. ამას მოჰყვა ისეთი სცენა, სიზმრადაც რომ არ მომელანდებოდა. საკმარისია გავიხსენო, როგორ მოიჭრა ჩვენთან, პირი დაგვაღებინა და საფუძვლიანად გამოგვიკვლია. კარმენმა ღირსეულად გაუძლო გამოცდას, მე კი, თუმცა მძიმე ბრალდებები არ ამკიდეს, მაგრამ კარგა მაგრად შემარცხვინეს. ჩემმა მავედრებელმა მზერამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა და იძულებული გავხდი, მეყვირა – კარგი, რა საჭიროა ეს სიზუსტე და წვრილმანები-მეთქი.
მივხვდი, საკადრისი მომეზღო. ქალი ხომ ჩვენს საუბარში ადრევე ჩაერთო, ამასთან, ამაში მეც წავეხმარე, მამაკაცს ახასიათებს მანკიერი სულმოკლეობა – უცხოთა გულის მოგება საყვარელი ადამიანის განაწყენების ფასად.
მატარებლიდან გადმოსულები ღამის ცივ წყვდიადში ჩავყურყუმელავდით. ღია ცის ქვეშ, ტაქსის გაჩერებასთან, გრძელი რიგი იყო გაჭიმული. ჩვენ დანტისტ ქალთან ერთად ვიდექით. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავის ოტელში წავეყვანეთ. მე დავემორჩილე და მზად ვიყავი, კარმენიც დამეყოლიებინა. უეცრად ხელზე ხელის მოჭერა ვიგრძენი და ბრძანება შემომესმა, წავედით!
კარმენი წინ მექაჩებოდა. მალე ორივენი ლუროს გამზირის შუაგულში აღმოვჩნდით. სიბნელეში აქეთ-იქით ფარებანთებული მანქანები მიმოქროდნენ. ახლაც ჩამესმის კარმენის მოგუდული სიცილი. მან ხელის აწევით მოუხმო ტაქსისტს.
– კი მაგრამ, რიგი ხომ უნდა დავიცვათ, – საყვედურით ვუთხარი.
მძღოლი გვერდის ავლას აპირებდა, მაგრამ კარმენის დანახვაზე შეჩერდა, სხვანაირად არც შეეძლო, ის ხომ ისეთი ახალგაზრდა და მომხიბლავი იყო.
– სად მივდივართ? – ვიკითხე.
– შენი ლეონის სასტუმროში, – მითხრა და როდესაც მძღოლს მისამართი ვუთხარი, მომიჭრა, “კეკენ პალასი!” ნურას უკაცრავად, ჯერ კიდევ არ გავგიჟებულვარ. ასეთი სახელწოდების ოტელი, ისიც მარ-დელ-პლატაში, იცი, რა პრეტენზიული იქნება?
მართალი რომ გითხრა, გუნება გამიფუჭდა. ჩემს მდგომარეობაში მყოფისათვის სასტუმროს ადმინისტრაციასთან ნაცნობობა არც ისე მომგებიანი მეჩვენა… ალბათ არ დაიჯერებ – როცა ვამბობ, ჩემს მდგომარეობაში მყოფს-მეთქი, კარმენს ვგულისხმობ. რატომღაც თავს მოვალედ ვთვლიდი, თავი მემართლებინა, რაღაც განმემარტა, ეს მაშინ, როცა მასთან ერთად ყოფნით უნდა მეამაყა.
სასტუმროში შესვლა ვერც კი მოვასწარით, რომ მოგვახარეს, ღუმელებს ვცვლით, ამიტომ ვახშამს ვერ მოგართმევთ, ამასთან, თბოგაყვანილობაც დაზიანებულიაო. შუაღამისას, თანაც ასეთ სიცივეში, სხვა სასტუმროს ძებნა დაგვეზარა და იქვე დავრჩით. ოთახში ელექტროღუმელი დაგვიდგეს. საკმაოდ მალე ვიაზრეთ, რომ უნდა აგვერჩია ორში ერთი – ღუმელს ოდნავ დავშორებოდით და გავთოშილიყავით, ან რაც შეიძლება, ახლოს მივჩოჩებოდით და დავხრუკულიყავით. რაღა გაეწყობოდა, დამატებით მოვატანინეთ საბნები და ტანგაუხდელნი საწოლში ჩავწექით. კარმენმა გასათბობად თავზე პირსახოცის ჩალმა შემოიხვია. მისმა სილამაზემ ლამის დამაბრმავა.
მეორე დღეს მზემ მკრთალად რომ გამოანათა, პლაჟზე გავედით, რომელიღაც სახლის უკან ბრეზენტზე დავსხედით და საკმაოდ შევთბით. სასიამოვნო დილა გავატარეთ, ზღვას გავცქეროდით და მოგზაურობებზე ვლაპარაკობდით. მოგვიანებით პლაჟზე შეხნიერებული წყვილი გამოჩნდა; ქარისგან წელში მოხრილნი ნაპირს მიუყვებოდნენ, ქვიშას მკაფიოდ აჩნდებოდა მათი ნაფეხურები. კარმენმა თქვა, წელიწადის ამ დროს ნებისმიერი კურორტი პოეტური გრძნობების აღმძვრელიაო.
საღამოს ჩაის ვსვამდით სანტიაგო დელ-ესტეროსა და სან-მარტინის ქუჩების კუთხესთან მდებარე საკონდიტროში, ეს შენობა მოგვიანებით დაანგრიეს.
დარბაზში ხშირ-ხშირად შემოდიოდა ან გადიოდა ხალხი და ყოველთვის, როცა კი უზარმაზარი მინის კარი იღებოდა, გვეჩვენებოდა, რომ ჩვენსკენ უზარმაზარი აისბერგი მოცურავდა. სიცივისაგან გატანჯულნი თვალს ვეღარ ვაცილებდით იმ კარს, თითქოს გვინდოდა ჩვენი მაგიური მზერით გაგვეშეშებინა ადამიანები, კარის გაღება რომ ვეღარ შეძლებოდათ.
– ოჰ, ღმერთო! – დაიჩურჩულა უცებ კარმენმა. დარბაზში ზღვის ლომის მედიდურობით ვიღაც ზონზროხა ქალბატონი მოალაჯებდა.
– ნამდვილი დრაკონია, – დავასკვენი მე.
– ის არის, – დააზუსტა კარმენმა.
– ვინ ის?
– მისი უდიდებულოსობა თავმჯდომარე.
– ეგებ ვერ დაგინახოს.
– სიტყვაც არ მქონდა დასრულებული, რომ სენიორა შეჩერდა და თვალები ჩვენ მაგიდას დაასო. მერე დავინახე მაღლა აწეული საჩვენებელი თითი, მეგონა, მელოდრამა გათამაშდებოდა. მსახვრალი ხელი კარმენზე მიანიშნებდა, გავშეშდი, დავიძაგრე. ამასობაში სენიორამ აბზეკილი საჩვენებელი თითი ორჯერ მიიდო ტუჩებზე. კარმენმა მოგვიანებით მითხრა, თვალიც ჩამიკრაო, მაგრამ ამის მტკიცება ან უარყოფა არ შემიძლია. დავსძენ მხოლოდ, რომ უეცრად დავინახე, როგორ გამოსხლტა წინ ცხვირწითელა სველულვაშა, ჩია ბერიკაცი, აქამდე სენიორას უზარმაზარი სხეული რომ ფარავდა. კაცს საოცრად გულგრილი, ყველაფრის მიმართ განურჩეველი სახე ჰქონდა.
– მართლა მანიშნა, ჩუმად იყავიო, თუ ჭკუიდან გადავედი? – წამჩურჩულა კარმენმა და იმწამსვე მხიარულად დასძინა: – ჩემსავით მოიავადმყოფა თავი და ჩვენსავით მარ-დელ-პლატაში ჩამოვიდა!
– იმ განსხვავებით, რომ მისი ბერიკაცი გაციებულია.
ამ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. ეს მოულოდნელი კარიკატურული სცენა შეფორიაქებული ბებერი ქალის მონაწილეობით დამეხმარა, თავი დამეღწია გამუდმებული სიფრთხილისა და უნიათობის საზიზღარი გრძნობისათვის და ერთიანად მივნდობოდი ჩვენს ბედნიერ ვარსკვლავს. შემიძლია დავიფიცო, რომ იმ საღამოსვე სიცივემ იკლო, ყოველ შემთხვევაში, მახსოვს, რომ საწოლში ტანგახდილი ჩავწექი და თუ მაინც ოდნავ შემცივდებოდა, სითბოს კარმენის სიახლოვეს ვეძებდი.
იმ დღის შემდეგ ბებერი ქალის ჟესტის პაროდირება ჩვენი ოხუნჯობის საგნად იქცა. როდესაც გველაპარაკებოდნენ ან გვთხოვდნენ, ნათქვამი საიდუმლოდ შეგვენახა, ჩვენ, იმ ქალბატონის მიბაძვით, თითი ტუჩებთან მიგვქონდა. შესაძლოა, ამგვარი ხუმრობა ცოტა სულელურიც კი ჩანდა, მაგრამ ჩვენთვის რაღაცას ნიშნავდა, რადგან მარ-დელ-პლატაში გატარებულ უკეთეს დღეებს გვაგონებდა. ადამიანს ხშირად ბევრი რამ ავიწყდება, მაგრამ თუ მოვლენებს თანმიმდევრულად გაიხსენებს, შეძლებს დიდი ხნის წინათ მივიწყებული ამბების გაცოცხლებას. კარგად მახსოვდა, რომ პირველ საათზე მატარებელში ჩავსხედით, მაგრამ სრულებით გადამავიწყდა კარმენის თხოვნა, შინ უფრო მოგვიანებით დავბრუნებულიყავით. ახლაც ნათლად ვხედავ, როგორ იწვა საწოლზე ბალიშში თავჩამხობილი. საკოცნელად თავი რომ ავუწიე, არც კი გაუცინია.
– დავრჩეთ, – მითხრა სერიოზულად. თან ათრთოლებული შემომყურებდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. სწორედ იმ თრთოლის გამო აღმეძრა წინააღმდეგობის გრძნობა.
– ყველასათვის ცნობილია, რომ ქალი შედგება პერიოდებისა და ციკლებისაგან, – ვუთხარი, – ტყუილად ხომ არ ადარებენ მას მთვარეს, მაგრამ მამაკაცი, რომელსაც ეს არ ავიწყდება და ტირილის მიზეზს ნერვების სისუსტეს ან ჯირკვლების ზემოქმედებას მიაწერს, უგულო კაცად მიაჩნიათ. ის კი, ვინც ეს დაივიწყა, როცა საბოლოოდ მიატოვებენ, დაე ნუ წამოიძახებს: “ასეა თუ ისე, შენ ჩემთვის ტიროდი”, რადგან პასუხად მიიღებს, ეს, ალბათ დაგესიზმრაო.
– საძაგელო! – ღიმილით დაიჩურჩულა კარმენმა.
– მაინც ხომ უნდა გავემგზავროთ, მაშ, რაღა საჭიროა ტრაგედიის გათამაშება?
– მაშინ სამუდამოდ დავრჩეთ აქ, – მითხრა კარმენმა.
პასუხის ნაცვლად, ჩემოდნის ჩალაგებას შევუდექი, რადგან არ მიყვარს გადაწყვეტილების შეცვლა, ეს საკუთარ ღირსებად მიმაჩნია და ამით ხშირად ვამაყობ კიდეც.
რამდენიმე დღის შემდეგ ბუენოს-აირესში უეცრად აღმოვაჩინე, რომ გული მწყდებოდა ჩვენს ცხოვრებაზე მარ-დელ-პლატაში. კარმენი, თუმცა ადრინდელივით ნაზი და მგრძნობიარე იყო, ჩემს მიმართ როგორღაც გაცივდა. იგი ხშირად სტუმრობდა ჩემთან, ვსეირნობდით, ვმხიარულობდით, ვიხსენებდით ბებერი ქალის ჟესტს, ყველაფერი გვართობდა და გვამხიარულებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდოდა მეკითხა, ჩემზე გული ხომ არ გაგიცივდა-მეთქი, რაც ადრე აზრად არასოდეს მომსვლია.
გაზაფხულზე მეგობრებმა უშუაიაში გამგზავრება შემომთავაზეს. ცეცხლოვანი მიწა მუდამ მიზიდავდა და შემთხვევის ხელიდან გაშვება არ მინდოდა, ერთადერთი დაბრკოლება კარმენი იყო. ჩვენი ერთად წასვლა მისთვის უხერხული იქნებოდა, მაგრამ მარტოს სად გამიშვებდა. საქმე აღარ გავართულე და მასთან დაუმშვიდობებლად წავედი.
სამხრეთიდან საღამო ხანს დავბრუნდი და სახლის ზღურბლთან ორი მამაკაცი დავინახე. საინტერესოა, მაგრამ ეს ადამიანები ჩემთვის სამუდამოდ უსახონი დარჩნენ. მათი არც სიმაღლე მახსოვს და არც რაიმე განსაკუთრებული ნიშნები. დამამახსოვრდა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და გამაოგნებელი ელდა. მამაკაცები გულის გამაწყალებლად ჩამჩიჩინებდნენ რაღაცას ვიღაც მოსამსახურე ქალზე, რომელიც გაუგებარი მიზეზის გამო, უარს ამბობდა წაჰყოლოდა მათ გვამის ამოსაცნობად, მე კი ცხელ აბაზანაზე და წუთიერ სიმშვიდეზე ვოცნებობდი.
– რა ჩემი საქმეა ეს ყველაფერი? – აღვშფოთდი.
ისინი კვლავ დაჟინებით მიხსნიდნენ, თუ რა მოხდა. ბოლოს, როგორც იქნა, ვძლიე დაღლილობას და გავარჩიე, რომ უბედურ შემთხვევაზე მელაპარაკებოდნენ. ჩამესმა სიტყვა “დაღუპული” და კიდევ მომდევნო ორი სიტყვა გულგრილად თქმული. ხმა მონოტონურად განაგრძობდა: კარმენ სილვეირა. მოსამსახურე ქალი, ვისაც პროზექტურაში წაყოლა სთხოვეს, ოთახში ჩაიკეტა. ვის გულისხმობდნენ? იმ ქალს ხომ არა, დილდილობით კარმენის ოთახის დასალაგებლად რომ მოდიოდა? ცხედრის ამოცნობა შემომთავაზეს, შემინდოს ღმერთმა, თუმცა გული დარდით მქონდა გასენილი, მაინც რაღაცნაირი სიამაყე ვიგრძენი.
– მე გნახე მიცვალებულთან ღამის თევისას, – ვუთხარი.
– იმ ღამიდან თითქმის არაფერი მახსოვს, – მომიგო ლუის გრევემ.
– ალბათ, თავზარი დაგცა კარმენის სიკვდილმა, – თანაგრძნობით ვუთხარი, – ის ხომ ისეთი მშვენიერი იყო, განა შეიძლებოდა მისი დაღუპვა?
– მინდოდა მეთქვა, განადგურებული ვიყავი-მეთქი, მაგრამ ახლა შემიძლია ზუსტად გამოვხატო ჩემი მაშინდელი განცდები, ის, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი და დღემდე განვიცდი. გულხელდაკრეფილი რომ დავინახე, შევძრწუნდი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მანამდე უფრო ვიტანჯებოდი. მზარავდა ფიქრი იმაზე, რომ ამიერიდან ვერასოდეს ვნახავდი, სიკვდილში ყველაზე საშინელი ის არის, რომ ადამიანები ქრებიან.
– ზოგი ადამიანის სიკვდილი წარმოსადგენია, – დავეთანხმე, – ასეთ დროს ძნელი არ არის, ცრუმორწმუნე გახდე, ან თავი დამნაშავედ იგრძნო. რაც მოხდა, საშინელებაა, მაგრამ თავს ვერაფერში დაიდანაშაულებ.
– ამაში მთლად დარწმუნებული არა ვარ, – მომიგო მან, – სხვა რაღა გითხრა? ჩემი ცხოვრება თითქმის არ შეცვლილა, არ გეგონოს, კარმენი დავივიწყე. პირიქით, დღისით გამუდმებით თვალწინ მედგა, ღამე სიზმრებში ვხედავდი, მაგრამ წარსული თანდათან გაფერმკრთალდა. მე შემიყვარდა სოფელი, უფრო ხშირად ჩავდიოდი და დიდხნობით ვრჩებოდი პრინგლესში, ერთხელ იქით მიმავალმა გავიცანი სენიორი, რომელმაც მოგზაურობაზე დამიყოლია. რაკი ეს სენიორი ტურისტული სააგენტოს მენეჯერი გახლდათ, ბილეთის შოვნა არ გამჭირვებია. კარმენის სიკვდილის შემდეგ ადგილსამყოფელს ისედაც ხშირად ვიცვლიდი. ერთხელ ჩვენი თვითმფრინავი ზღვის თავზე რომ მიფრინავდა, მივხვდი ჩემს შეცდომას. სამყარო საოცარია, მაგრამ მე არაფერი მახალისებდა. არ გეგონოს, რომ დარდი მკლავდა. ყველაფერი გულგრილობის ბრალი იყო. მოგზაურობა და ხეტიალი რომ აინტერესებდეს, ტურისტს რაღაც ილუზიები მაინც უნდა ჰქონდეს. ბოლო დროს ერთ ადგილას არსად ვჩერდებოდი და ადგილზე ჩასული, პირველივე თვითმფრინავით განვაგრძობდი გზას. დღეში რამდენჯერმე მიხდებოდა საათის ისრების გადაწევ-გადმოწევა. დროში განსხვავებამ და დაღლილობამ დროისა და საკუთარი თავის მიმართ არარეალურობის გრძნობა აღმიძრა. ერთხელ ბომბეიდან ორლიში ჩავფრინდი, ერთხანს აეროდრომზე ვიხეტიალე. და შემდეგ ბუენოს-აირესისკენ გავემგზავრე. ვგონებ, გამთენიისას დაკარში შევისვენეთ. თვლემას თავი რომ გავართვი, რაღაცნაირი სისუსტე ვიგრძენი, შეუძლოდ შევიქენი. მახსოვს, სწორედ იქ, ან შესაძლოა, უფრო მოგვიანებითაც, საათის ისრები უკან გადავწიეთ. მგზავრებს თვითმფრინავიდან გადასვლა გვთხოვეს: ჩვენ ჩავყევით ხის ღობურებს, საქონლის გრძელი სადგომებივით ერთიმეორის გასწვრივ რომ იყო ჩამწკრივებული და შევედით ბარში, რომელსაც ზანგები ემსახურებოდნენ. შესვლისთანავე შემოგვესმა ხმა, კეიპტაუნში მიმავალ მგზავრებს თვითმფრინავისკენ რომ უხმობდა და გავუსწორდი ბარიდან აეროდრომისკენ მიმავალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს პარალელურად, ღობურის გასწვრივ მოძრაობდნენ. ხალხის ამ ნაკადში უეცრად შევნიშნე, ვიღაც მიმალვას ცდილობდა. მზერა იქით გამექცა. როდესაც მიხვდა, დამინახესო, ქალმა გადაწყვიტა, თავის დაკვრით მომსალმებოდა. იმწამსვე ვიცანი – კარმენი იყო, არ შეიძლებოდა, ვინმეში შემშლოდა. მან ორჯერ ასწია ხელი და ტუჩებთან მიიტანა საჩვენებელი თითი ჩვენი ძველი ნაცნობი მოხუცი ქალის მსგავსად, რომელიც მარ-დელ-პლატაში შეგვხვდა. ამით უსიტყვოდ მთხოვა, მისი საიდუმლო არ გამემჟღავნებინა. მე დავიბენი. კარმენი თავის ჯგუფს გაჰყვა კეიპტაუნის თვითმფრინავისკენ.
მე კი იქ დავრჩი.
© ”არილი”